QronikaPlus
გაყიდული შირაქი და „დამნაშავე“ მოსახლეობა

გაყიდული შირაქი და „დამნაშავე“ მოსახლეობა

2016-07-31 07:31:58

ასეულობით ჰექტარზე გადაჭიმულ შირაქის ველს წლების წინათ საქართველოს პურის ბეღელს უწოდებდნენ, ზამთრის საძოვრებად იყენებდნენ და საუკეთესო ჯიშის ყურძენიც მოჰყავდათ. შირაქის ველი ახლაც უზარმაზარ ყვითელ და შავ კვადრატებად არის დაყოფილი და ალოობაც უკვე დაწყებულია, მაგრამ მიწა ჩვენი აღარ არის. როგორც დედოფლისწყაროში გვითხრეს, შირაქის ველის ნაყოფიერი მიწების დიდი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებას კარგა ხანია, აღარ წარმოადგენს და არაბების, ინდოელებისა და ჩინელების მფლობელობაშია გადასული.   _ ჯერ ერთ ლარად მიჰყიდეს ვიღაც-ვიღაცებს. ისინი ადგნენ და ფული იშოვეს, დოლარებზე მიჰყიდეს არაბებს და ინდოელებს. ამას წინათ გავიგეთ, ჩინელებსაც დაუწყიათ მიწების შეძენა. ჩვენთვის აღარაფერი დარჩა, შვილო. გლეხი ამ სახელმწიფოში აღარავის სჭირდება და აღარავის უნდა, _ 70 წელს მიღწეულმა არხილოსკალოელმა ხელი ჩაიქნია და დანანებით ამოიოხრა. საუბარში შუახნის მამაკაცი ჩაერია. _ ვისაც დარჩა, მერე რა, რო? აბა, გადი და კომბაინი დაიქირავე, რა ღირს. ყოველ წელს ერთი და იგივე პრობლემაა! ჯერ რა წვალებით მოჰყავს გლეხს მოსავალი, რაც მოჰყავს, მერე  იმის საშუალება არ გააჩნია, მოსავალი აიღოს. გასაღებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. _ რატომ? სახელმწიფომ ხომ შეიმუშავა ხელშემწყობი პროგრამები? სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროექტებსაც აფინანსებს. _ საიდან ჩამოხვედი? _ მეკითხება არხილოსკალოელი. _ თბილისიდან. _ ვინ დაგიფინანსებს, შვილო? სად ცხოვრობ? თუ ნაცნობი არ გყავს, ვინ დაგიფინანსებს პროექტს? _ ხომ აფინანსებენ? _ ჰოდა, გაიკითხე, ვის უფინანსებენ და მერე ილაპარაკე, ყოფილი პრემიერისა და მათი მინისტრების ნათესავებს ალბათ, უფინანსებენ, ჩვენ იქ ვინ მიგვიშვებს?! _ ხელი ჩაიქნია და შებრუნდა. ეტყობა, გადაწყვიტა, რომ ჩემთან საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. მეორემ თვალი ღიმილით გააყოლა და მერე მე მომიბრუნდა: _ გადი სოფლებში და გაიკითხე, როგორ ცხოვრობს ხალხი. არჩევნების წინ გაახსენდებათ ყველა. ჩამოირბენენ, ტკბილად დაელაპარაკებიან, ერთს გაუღიმებენ, ბევრს დაჰპირდებიან და ოთხი წლით დაიკარგებიან. მერე მიდი და სდიე. თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, ჟურნალისტებსაც არ გავახსენდებით, აქეთ არავინ იხედება. სოფლის პრობლემებზე ვინ ლაპარაკობს? აქ ჩამოვიდნენ, აქ ნახონ, რა ხდება. ეს საუბარი დედოფლისწყაროს ბაზარში შედგა. მაღაროს მერე სოფელი გამარჯვებაა, მერე _ თავწყარო... ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაიონში ძირითადი გზები დაგებული და მოასფალტებულია; ზემო ქედში, არხილოსკალოში, ქვემო ქედში შიდა გზის მოწყობაზე კი სახელმწიფო არც ფიქრობს. როგორც საქართველოს ყველა რაიონში, აქაც არ არის სასმელი წყალი, გაზიფიცირება კი სულ რამდენიმე თვის წინათ დაიწყეს. _ ერთი კვირაა, წყალი არ მოსულა. მანამდე გრაფიკით მაინც გვქონდა. არც ვიცით, როდის მოვა. წვიმის იმედზე ვართ, მაგრამ სასმელი წყალი ხომ მაინც უნდა გვქონდეს?! _ წუხან სოფელ გამარჯვების ხევსურების უბანში. აქ ჯერ არც გაზიფიცირებას მოუღწევია და არც ასფალტს. არადა, შიდა უბნების გზის სიგრძე ზოგან ორ კილომეტრსაც აღწევს. _ შენ შემოდგომაზე უნდა ჩამოხვიდე, წვიმების დროს, აქ ვერც გაივლი, იმხელა ტალახია. სახელმწიფოს უჭირსო, რა ვიცი, ჯიპებში, სახლებსა და აგარაკებში ფული არ ენანებათ და როგორ უჭირს, ვეღარ გავიგეთ. დავიღალეთ ამდენი ტყუილით. შევარდნაძის დროიდან ტყუილით მოვდივართ, არადა, რომ აღარც ვტყუვდებით?! _ ნაღვლიანად გაიღიმა ხევსურების უბნელმა წიკლაურმა და სკამზე ჩაიჩოჩა. ჩამოვჯექი. მზე ისე აჭერს, გგონია, ჰაერიც მოძრაობს. _ რომელი სჯობია, რომ აღარ ტყუვდებით, თუ რომ ტყუვდებოდით? _ ვეკითხები და ვცდილობ, კაკლის ხის ჩრდილისკენ ჩავიწიო. _ ხალხი დაიღალა, ყველაფრით დაიღალა, გესმის? ქალაქში კიდევ იოლია, აქ არაფერი ხდება. წლებია, არაფერი ხდება. თაობა სოფელში ისე გაიზარდა, კინო არ ღირსებია. გაიარე, ნახევარზე მეტი სახლები გამოკეტილია. ზოგი აღარც ჩამოდის. ვერც სახლს ყიდის, ინგრევა და ცარიელდება სოფელი. რას ელოდებით, რა დაგხვდებათ ამ სოფელში? _ ძირითადად, მოხუცები არიან, _ შევნიშნე. _ ახალგაზრდობა აქ გაჩერდება? უმაღლეს დამთავრებულები ძროხებს მოუვლიან და მიწას დაამუშავებენ? შეიძლება, გააკეთონ კიდეც, პირობები მაინც რომ იყოს, ცხოვრების  ელემენტარული პირობები. ქალაქში გარბიან, ქირით ცხოვრობენ ერთ ოთახში გამოკეტილები და აქ სახლები ენგრევათ, მაინც მიდიან, იქ წყალი და გაზი, შუქი მაინც აქვთ. ქუჩაში დგანან და ვაჭრობენ, მაინც იქ ურჩევნიათ. სოფელს თუ არ მიხედა მთავრობამ, მალე სოფელი აღარ დარჩება და ქართველებს მიწა აღარ შეგვრჩება. არაბებმა და ინდოელებმა დაინაწილეს შირაქის ველი. ყურადღება მოგვაქციონ. _ თქვენ არ აპირებთ ქალაქში გადასახლებას? _ ვეკითხები. _ არა, მოხუცი დედა მყავს და ვერ დავტოვებ, _ მოკლედ მიპასუხა და სახლში შევიდა. დედოფლისწყაროში ბევრია ხევსურეთიდან, ფშავიდან და მთიულეთიდან ჩასახლებული. ისინი თითქმის ყველა სოფელში ცხოვრობენ. დედოფლისწყაროს ხევსურების უბანსაც არ აქვს წყალი. მიხვეულ-მოხვეულ გზებზე უკვე აღებული, გასაშრობად გაფენილი ქერი და სიმინდია ალაგ-ალაგ გაშლილი. _ შვილო, ვისაც ჭა აქვს საკუთარ ეზოში, იმათ რა უჭირთ? მარტოხელა ვარ და მეზობლებს მოაქვთ წყალი, _ მეუბნება სომეხი ეროვნების თამარა დეიდა. ამ უბანში ბევრი სომეხი ცხოვრობს, ქუჩის ბოლომდე, ქვედა ქუჩაზეც. იქით სახლები გამოკეტილია. გინდა, ცივი წყალი? მადლობას ვუხდი და უარს ვეუბნები. წყალი იქვე, მაღაზიაში ვიყიდე. _ თამარა დეიდა, გაზი გაქვთ? _ გაზი არა, შვილო. იმედი გვქონდა, არჩევნებამდე შემოიყვანდნენ, მაგრამ... _ ხელები გაშალა და უკბილოდ გამიღიმა. _ გაზი ზემო ქედამდე მოიყვანეს. მერე გაჩერდნენ. ჩვენ რა, გაზი არ გვინდა, თუ მილების ფული არ ეყოთ?! _ ბრაზობენ ქვემო ქედში, _ წინა მთავრობას აქაურობა და ხალხი არ აინტერესებდა. ივანიშვილის იმედი გვქონდა და იმათაც გაგვიცრუს, ესენიც მარტო საკუთარ თავზე ფიქრობენ. სულ აღარ წავალთ არჩევნებზე და ეგ იქნება. 2002 წლის აღწერით ამ სოფელში 1900-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს ნახევარზე მეტი სოფელი დაცლილია. გამოკეტილი სახლები სოფლის შესასვლელიდანვე გეცემა თვალში. ეს სურათია არხილოსკალოშიც, სადაც, განსაკუთრებული კლიმატის გამო, ერთ დროს, ბავშვთა ნეფროლოგიური კურორტი ფუნქციონირებდა. ზემო ქედში, არბოშიკში, დედოფლისწყაროში, ძირითადად, მარცვლეულის მოყვანით არიან დაკავებული. ხეხილი მხოლოდ ბაღებშია, ისიც ცოტა. _ ქვეწარმავლებია ბევრი, სულ ვწამლავთ და  ბალახს ვტრუსავთ, მაინც ფრთხილად იყავი, ბალახებს ერიდე. ამ სოფელშიც ბევრია XIX-XX საუკუნის დასაწყისიდან გადმოსახლებული ფშაველები, მთიულები და ხევსურები.  სოფლების მცხოვრებთა ნახევარზე მეტი სოციალურად დაუცველთა სიაშია მოხვედრილი. უჭირთ სოფლებში, ძალიან უჭირთ. ქედს გადაღმა აზერბაიჯანია, ყოფილი ჰერეთის მიწები. _ იმათ რა უჭირთ, ისინი უკეთესად ცხოვრობენ, სოციალურ დახმარებებს ქათმებისა და ტელევიზორის გამო არ უხსნიან და პენსიაც ნორმალური აქვთ. ჩვენნაირად პენსია მარტო წამლებში კი არ ჰყოფნით. რით ვერ გვეღირსა ნორმალური ცხოვრება? ვისზე ნაკლები ვართ, შვილო? რაღა დავაშავეთ? _ გალეულმა მოხუცმა ქალმა ხელები წინსაფარზე შეიწმინდა და ქვემოდან ამომხედა, _ ან მიწებს ვინ გაყიდინებს, შვილო, შირაქის ველი აღარ შეგვარჩინეს. მიწებსა და სტრატეგიულ ობიექტებს არც იჯარით გასცემენ, არც ნაღდი ფულით და არც ერთ ლარად ყიდიან, ყოველ შემთხვევაში, იმ ქვეყნებში მაინც, ვისზეც სწორება გვაქვს. ჩამობნელდა. გზა სწრაფად იკეცება. შირაქზე ღრუბლები შეგროვდა და მალე იწვიმებს ველზე, რომელიც დიდი ხანია, ჩვენი აღარ არის.  

                                                                                                              ეკა ბუჩუკური

 

გაზიარება