„ქრონიკა+“ გთავაზობთ კონკრეტულ დოკუმენტებსა და ლაბორატორიული ანალიზების პასუხებს. აღნიშნული კვლევა ჩაატარა საქართველოს „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“.
ლია თოდუა _ „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი:
_ 2016 წლის ივლისში მომხმარებელმა თხოვნით მოგვმართა, მარნეულის წყალი შეგვემოწმებინა. ნიმუშები ავიღეთ სოფელ თაზაქენდის სასმელი წყლიდან. ამ მიზნით, ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის თანამშრომლებმა 2016 წლის 05 ივლისს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე, სასმელი წყლის სინჯი აიღეს ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზისთვის.
_ რა აღმოჩნდა კვლევის შედეგად?
_ ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით სასმელი წყლის ხარისხი, მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით, არ შეესაბამება „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს. დანარჩენი, თუ შეიძლება, დოკუმენტში იხილეთ.
„ქრონიკა+“ წარმოგიდგენთ ამ დოკუმენტს:
„მიღებული შედეგების მიხედვით საკვლევი წყალი მიეკუთვნება მომატებული მინერალიზაციის (893,10 მგ/ლ) ხისტ წყლებს (10,2 მგ.ეკვ/ლ), რაც განპირობებულია კალციუმისა (196,39 მგ/ლ) და მაგნიუმის (4,86 მგ/ლ) სულფატებითა (285,00 მგ/ლ) და ჰიდროკარბონატებით (250,10 მგ/ლ), ხასიათდება ქლორიდების შედარებით დაბალი შემცველობით. მიკრობიოლოგიური მაჩვენებლის მიხედვით დაფიქსირდა მეზოფილური აერობული და ფაკულტატური ანაერობული მიკროორგანიზმების რაოდენობის მატება ორივე ტემპერატურაზე და საერთოდ კოლიფორმული ბაქტერიების 49 კწე/300 მლ, რაც წყლის მიკრობულ დაბინძურებაზე მიუთითებს.
მომატებული მინერალიზაციისა და სიხისტის გამო სასმელ-სამეურნეო მიზნებისთვის ამ წყლის გამოყენებამ შესაძლებელია, გარკვეული პრობლემები შექმნას, ხოლო სასმელად მისი ხანგრძლივად გამოყენება ზრდის დაავადებების (კარდიოვასკულარული, თირკმელ-კენჭოვანი და ა. შ.) განვითარებას. ამრიგად, სასმელი წყლის ხარისხი, მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით, არ შეესაბამება „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #58 დადგენილება) მოთხოვნებს“.
ამ დასკვნას ხელს აწერენ გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „რისკების შეფასებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი“ მარინა ლაშხაური და მისი მოადგილე მანანა გრძელიშვილი.
გვინდა, თქვენი ყურადღება გვამახვილოთ: 2013 წელს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ირაკლი კვაშილავამ, მაშინდელ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, მარნეულის წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გაიცნო. წყალმომარაგების საკითხი მარნეულში წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა იყო. მარნეულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში აშენდა წყლის ერთი სატუმბი სადგური, ხოლო მეორე მშენებლობის პროცესშია. წყლის სათავე ნაგებობაზე მიმდინარეობს სადრენაჟე სისტემის მოწყობა, ასევე 600 კუბმეტრიანი რეზერვუარის მშენებლობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მარნეულის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან წყალს ყოველდღიურად 7-8-საათიანი გრაფიკით მიიღებს. პროექტზე 30-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს უნდა დასრულებულიყო.
როგორც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, მარნეულის წყლით მომარაგების ტექნიკური საკითხი შპს „რუსთავის წყალს“ ეხება. აღნიშნული კომპანიის ტენდერში გამარჯვების საკითხს „ქრონიკა+“ უახლოეს ნომერში შეეხება, მანამდე კი, როგორც „წყალკანალში“ გვითხრეს, სასმელი წყლის ხარისხი, უსაფრთხოება და ვარგისიანობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეხება. სწორედ მას აქვს ლაბორატორიული ზედამხედველობის კონტროლი.
„ქრონიკა+“ სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახურის უფროსს, თეა შველიძეს დაუკავშირდა:
_ 14 ივლისს სტრატეგიული კვლევების ცენტრმა წერილი გადმოგვიგზავნა, სადაც აღნიშნული პრობლემის შესახებ გვამცნო და რომ იგი არ შეესაბამება „სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტს“. ცენტრი გვთხოვდა, რომ ჩვენც ჩაგვეტარებინა ეს ანალიზები და დაუყოვნებელი რეაგირება მოგვეხდინა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეც მოვიქეცით. ნიმუშების პასუხებს უახლოეს მომავალში გაცნობებთ.
თამარ როსტიაშვილი