ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ მოსახლეობა დოლარის გარეშე ცხოვრებას უნდა შეეჩვიოს და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს. მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც დაბალია ინფლაცია, კურსის ორმხრივი მერყეობა, ფინანსური განვითარების ტემპი, წესით, დოლარიზაციის მაჩვენებელი ასეთი დიდი არ უნდა ყოფილიყო. გვენეტაძის განცხადებით, საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად რთულია ამ სენის მოშორება.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ექსპერტი რომან გოცირიძე:
_ ბატონო რომან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ინტერვიუმ საზოგადოებაში საკმაო გაუგებრობა გამოიწვია. ბევრმა გააკრიტიკა, მთავრობამ კი მხარი დაუჭირა. გვაინტერესებს თქვენი აზრი და ჩვენი საუბარი პირდაპირ მისი გამონათქვამით მინდა დავიწყოთ: „მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტული ქართული ვალუტა უნდა გახდეს“! რას უნდა ნიშნავდეს ეს? გასაგებია, რომ ქართული ვალუტა პრიორიტეტული უნდა იყოს, მაგრამ დოლარის ქონას გვიზღუდავენ? იმის არ იყოს, „ქართველობას გვართმევენო“, დოლარსაც გვართმევენ? გარანტიას თუ გვაძლევენ, რომ ლარში გაკეთებული დანაზოგები ისე არ აგვიორთქლდება, როგორც ახლა მოხდა, როცა ლარი 40 პროცენტით გაუფასურდა? მოკლედ, მეხივით არ დაგვეცა თავს ახალი თავსატეხი?
_ არაფერი სანერვიულო არ არის, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს და მეხამდე ძალიან შორსაა. უბრალოდ, სიტყვა გაექცა. რისი თქმაც უნდოდა, იმას მთლად ზუსტად ვერ ასახავს ეს სიტყვები. ჩემი აზრით, იმაზე მეტი აჟიოტაჟი ატყდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ მიცემული ამ ინტერვუს გამო, ვიდრე საჭირო იყო. დედოლარიზაციის აუცილებლობაზე მრავალი წელია, ყველა ლაპარაკობს. ეს პროცესი ნელ-ნელა მიდიოდა და რომ არა ლარის მკვეთრი გაუფასურება, კიდევ წავიწევდით წინ.
_ ეროვნული ბანკის წინა პრეზიდენტიც ხშირად ხაზს უსვამდა ხოლმე ამ საკითხს...
_ წინაც და იმის წინაც. ერთია, შემცირდეს დოლარიზაციის სიდიდე ბუნებრივად, თანდათანობით, ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური სისტემის სტაბილიზების კვალობაზე და მეორეა, მის დასაჩქარებლად რაღაც ბერკეტები აამოქმედო. არც ეს უკანასკნელია გამორიცხული, მაგრამ გააჩნია, რამდენად დროული და ადეკვატურია. მთავრობას და ეროვნულ ბანკს ბერკეტები ძალიან სუსტი აქვს. აქ მთავარი პრიორიტეტების სწორად დადგენაა.
დღეისთვის იმდენი პრობლემა დაგროვდა, როგორც საშინაო, ასევე საგარეო (აგერ, თურქეთიც დაგვემატა), რომ ამ თემის წინ წამოწევა, თანაც მაპროვოცირებელი ფორმით, აბსოლუტურად უადგილოა. ეროვნული ბანკის პრიორიტეტი არ არის დედოლარიზაცია. მისი მთავარი საზრუნავი ფასების სტაბილურობაა. იქნება სტაბილური ფასები და სტაბილური ეროვნული ვალუტა, არ გაჩნდება ქვეყნის შიგნით უცხოური ვალუტის გამოყენების სურვილი.
_ ბატონო რომან, განა დამაფიქრებლად არ მიგაჩნიათ ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა: „მსესხებლებს, რომლებიც დაუცველნი არიან ვალუტის მერყეობის რისკებისგან, უცხოურ ვალუტაში სესხების თავისუფლად აღების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ“! საითკენ მივდივართ, თურქმენული ეკონომიკური მოდელისაკენ? ან: „დიდი ტრანზაქციის შემთხვევაში, ეს იქნება ავტომობილების გაყიდვა თუ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფასი ლარში უნდა დასახელდეს“! რა, დღემდე ეს ასე არ არის, ვინმემ გააუქმა კანონი? ან კიდევ უფრო „იდეოლოგიური“ ხასიათის ციტატა: „საქართველოს ფინანსურ სისტემაში მთავარი პრობლემა დოლარიზაციის ძალიან დიდი მაჩვენებელია“! სხვა თავსატეხი ნაკლები გვაქვს? გარდა ამისა, რას უნდა მივაწეროთ მთავრობის ასეთი მყისიერი მხარდაჭერა ამ იდეისადმი, თუ შეთანხმებულად არ აპირებენ რაღაც ზომების გატარებას? ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ არ გვინახავს, რომ ეროვნული ბანკის მსგავს, ან სხვა სახის განცხადებას მთავრობის ასეთი მხურვალე მხარდაჭერა მოჰყოლოდა.
_ ესეც ერთ-ერთი მიზეზია საზოგადოებაში ეჭვის გაჩენისა: პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება, რომ დედოლარიზაციას ალტერნატივა არ გააჩნია, ასევე ფინანსთა მინისტრის მსგავსი კომენტარი წინათ არ გვახსოვს. აბსოლუტურად სწორია, რაც მთავრობამ თქვა, მაგრამ აქცენტები ზედმეტად გადაიტანეს ამ საკითხზე. ბევრმა არასწორად გაიგო. ჰგონიათ, რომ შეიძლება ამას რაღაც სახის სვალუტო შეზღუდვები მოჰყვეს. მთავრობის ზედმეტი აქტიურობაც საეჭვოდ მიიჩნიეს. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ რამდენჯერაც მთავრობამ და მისმა მომსახურე ექსპერტებმა რაღაც თქვეს, ყოველთვის უკუღმა ასრულდა, თუნდაც იგივე ლართან დაკავშირებით. გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინათ რომ ამბობდნენ, მალე ლარის კურსი 1,8-1,9 გახდებაო. საიდან ასეთი სიზუსტე? რა იქნება, ეს ხომ არავინ იცის. ჩვენ შეიძლება ტენდენციებზე ვისაუბროთ და არა ზუსტი პროგნოზები ვაკეთოთ, თანაც ისეთ სფეროში, სადაც მარჩიელობა არასერიოზულია.
ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზებაზე აქცენტის გაკეთება ცუდად ენიშნა ხალხს. ამაში ქვეტექსტებიც იკითხებოდა: თურმე, დამნაშავე არის ხალხი, რომ ანაბრების უდიდეს ნაწილს დოლარებში ინახავს, რომ ბანკებიც ცუდია, რადგან სესხებს დოლარებში გასცემს, რომ რაღაც კატეგორიის საქონელს ძველი ინერციით მხოლოდ დოლარზე ყიდიან და ასე შემდეგ. რომ არა სესხების დოლარიზაცია, ლარის გაუფასურება მტკივნეული არც იქნებოდაო, _ უყვართ ხოლმე თქმა. ვის რაში აინტერესებს გაცვლის კურსი, თუ ფასები არ იზრდებაო. დოლარში კრედიტების მომსახურება გაუძვირდათ და ამან შექმნა მძიმე ვითარებაო. ეს სიტყვები ხელისუფლების მხრიდან თავის მართლებაცაა და შეფარული საყვედურიც. სწორია ყველაფერი, მაგრამ არასწორია ვიღაცაზე გადაბრალება. ყველას ახსოვს ივანიშვილის განცხადება, რომ ხალხი ცუდად იქცევა, აჟიოტაჟს აჰყვა, რომ როცა კრედიტებს იღებს და მისი მომსახურება გაუძვირდა, ამაზე ადრე უნდა ეფიქრა, რომ კერძო ბანკირი უნდა აეყვანათ და ასე შემდეგ. აგერ, სულ ახლახან, ეკონომიკის მინისტრის გულუბრყვილო მოწოდება მოვისმინეთ, რომ დოლარი იყიდონ მხოლოდ მაშინ, როცა ეს სჭირდებათ. მაგრამ რა ქნას ადამიანმა, როცა მართლა არ სჭირდება, მაგრამ მაინც რომ ყიდულობს, რათა თავისი ლარში არსებული მწირი დანაზოგები არ გაუფასურდეს?
რა თქმა უნდა, აჟიოტაჟური მოთხოვნა და ვალუტის პანიკური შეძენა ცუდად მოქმედებს ბაზარზე, მკვეთრ რყევებს იწვევს როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით, მაგრამ არასერიოზულია, რომ ხალს უსაყვედურო ამის გამო. ისინი რისკებს ვალუტის შეძენით აზღვევენ, მათ შორის, ხელისუფლებისადმი უნდობლობით გამოწვეულს. ამიტომ მინისტრის მხრიდან ფიზიკური თუ იურიდიული პირების დანამუსება, რომ დოლარები მაშინ შეიძინონ, როცა სჭირდებათ, სერიოზულად არ გამოიყურება. ასეთ ქმედებებს ვერსად გაექცევი, თუ არ არის ნდობა მონეტარული და ფისკალური ხელისუფლებისადმი და სტაბილური გარემო.
_ რატომ გამოიტანა ეს საკითხი პირველ პლანზე ასე ხაზგასმულად ეროვნული ბანკის პრეზიდენმა? ფაქტობრივად, მან მთავარი მიზანი, ფასების სტაბილურობა, დედოლარიზაციის იდეით ჩაანაცვლა. და საერთოდ, იყო თუ არა დროული ეს, როცა სხვა უამრავი პრობლემაა?
_ სამწუხაროდ, პრობლემა ის არის, რომ ეს არ იყო მხოლოდ ზოგადი განცხადება. აქ საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს. მაგალითად, ითქვა, რომ უნდა აიკრძალოს გარკვეული სახის სესხების გაცემა უცხოურ ვალუტაში, რაც თქვენც სწორად შენიშნეთ ზემოთ და რაც არ არის კარგი მესიჯი. მომხმარებლები მიეჩვივნენ არჩევანის თავისუფლებას. სუბიექტურად რომელიღაც სფეროსათვის ან კლიენტებისათვის იმის დადგენა, თუ რომელ ვალუტაში აიღოს სესხი, არასწორია.
_ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამას ურჩევს სავალუტო ფონდიც...
_ დამოუკიდებელი საქართველოს საბანკო პრაქტიკაში არასდროს მომხდარა ასეთი შეზღუდვა და ამას ძალიან ცუდად მიიღებს მომხმარებელი. თანაც, ის, თუ რომელ სფეროს შეეზღუდოს უცხოურ ვალუტაზე წვდომა, ამას ეროვნული ბანკის ან მთავრობის ჩინოვნიკებზე უკეთ ბაზარი განსაზღვრავს. არა მგონია, რომ ეს ფონდის დაჟინებული მოთხოვნა იყოს. საქართველოს ხელისუფლება ფონდის მართლაც კარგი რჩევების იგნორირებას ახდენს და თუ ამ წვრილმანზე თვალს დახუჭავს, არაფერი დაშავდება. აგერ, ფონდის პროგრამის მესამე მიმოხილვისთვის მთავრობას ხელი არ მოუწერია, რაც ევროკავშირის 50 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის შეჩერებას იწვევს და პრობლემებს ქმნის საგარეო დაფინანსების მიღებაშიც. ახლა სწორედ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ მთავრობისა და ივანიშვილის შეთქმულების უარყოფით შედეგს ვიმკით, როცა ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობა ჩამოაცილეს მათი პოლიტიკური მიზნების დასაკმაყოფილებლად. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოშია გაყინული. მთავრობა მიხვდა, რომ არ გაუვიდა ეს ავანტიურა და ახლა თავად ეხვეწება საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ კვლავ დააბრუნოს ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, ანუ არაკონსტიტუციურად იქნას აღიარებული ის, რაც მათი ხელდასხმით საპარლამენტო უმრავლესობამ ჩაიდინა.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ რომ ბინები, მანქანები და სხვა მსხვილი ქონება უნდა გაიყიდოს მხოლოდ ლარში, თქვენვე სწორად შენიშნეთ, რომ ეს ისედაც არის კანონის მოთხოვნა. ლარი ქვეყნის შიგნით ერთადერთი კანონიერი გადახის საშუალებაა. თუ ანგარიშსწორება ორ სუბიექტს შორის ხდება, იქ დღესაც მხოლოდ ლარი მონაწილეობს. სხვა საკითხია, როცა, მაგალითად, მანქანას ნაღდი ფულით ვყიდულობ, კონტრაქტში ვუთითებ ფასს ლარში, ხოლო სინამდვილეში ხელზე ვაძლევ დოლარს. ეს როგორ უნდა აკრძალო? ერთადერთი გზაა, აიკრძალოს რაღაც სახის საქონელზე ნაღდი ფულით ანგარიშსწორება და იგი მოხდეს მხოლოდ ბანკების მეშვეობით. ეს იდეა ოცი წელია, ჰაერში ტრიალებს და კიდევ კარგი, არავის მოუვიდა აზრად მისი ხორცშესხმა. ყოველი მსგავსი სახის შეზღუდვები შავი ბაზრის ეკონომიკისკენ გვაბრუნებს.
_ თქვენ ლამის ეთადერთი იყავით ამ რამდენიმე თვის წინათ, რომელმაც არ მოიწონეთ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის ასეთი მკვეთრი შერბილება და მაშინაც კი, როცა ლარი 2,12-მდე გამყარდა და ყველა მეტს მოელოდა, მისი კვლავ გაუფასურება იწინასწარმეტყველეთ. ეს მოსაზრება ჩვენი გაზეთისათვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუშიც გამოხატეთ. ფაქტობრივად, ის, რაც ჩვენს დიალოგში მაშინ ითქვა, ყველაფერი ახდა. რა გაძლევდათ ამის საფუძველს? იყო თუ არა ლარის გაუფასურებაში ეროვნული ბანკის მაშინ მიღებული გადაწყვეტილებების როლი?
_ ნაწილობრივ კი, მაგრამ არა როგორც ძირითადი მიზეზი. ლარის კურსის ცვლილებაზე მთავარი გავლენა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდამ მოახდინა. ერთ-ერთი, მაგრამ ასევე არამთავარი მიზეზი ბიუჯეტის არათანაბარზომიერი ხარჯვაც იყო. ათი დღის წინათ 309 მილიონ ლარს მიაღწია ძველი ნაშთებიდან დეფიციტურმა ხარჯვამ, ანუ ფული არ შემოდის დროულად დაგეგმილი ოდენობით (მათ შორის, უცხოური წყაროებიდან), გასაცემს კი მაინც გასცემენ. რაც შეეხება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესახებ, მაშინ ეროვნულმა ბანკმა ერთბაშად, ერთ დღეში აამოქმედა თავის არსენალში მყოფი თითქმის ყველა ბერკეტი: რეფინანსირების განაკვეთი 8-დან 7.5%-მდე შეამცირა, ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა 10%-დან 7%-მდე დასწია, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე კი 15%-დან 20%-მდე გაზარდა. გარდა ამისა, ინტენსიურად იყენებდა ინტერვენციებს, ყიდულობდა რა უცხოურ ვალუტას ბირჟაზე.
ბოლო პერიოდში ამ ინსტრუმენტებს ეროვნული ბანკი ძალიან იშვიათად იყენებდა. როგორც წესი, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებით შემოიფარგლებოდა. ასეთი მკვეთრი ცვლილებები მონეტარულ პოლიტიკაში ახალი ცხოვრების დაწყების სიგნალი იყო. ეს ნიშნავდა, რომ დამთავრდა რაღაც პერიოდი და იწყება ახალი. გამოცხადდა, რომ ომი დამთავრდა, მაგრამ დაავიწყდათ ეთქვათ, _ გვეშინოდეს მშვიდობის!
ფაქტობრივად, ეს იყო მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან რბილზე გადასვლა. არადა, მანამდე, სულ ორიოდე თვის წინათ, ლარის კურსი 2.39-დან 2.5-მდე დაეცა და ვერავინ იფიქრებდა, რომ მონეტარული პოლიტიკა უახლოეს მომავალში შემსუბუქდებოდა. უფრო პირიქით ელოდნენ. რა შეიძლებოდა შეცვლილიყო ფუნდამენტურად ამ ორ თვეში? არსებითად არაფერი.
მოკლევადიან პერიოდში დადებითი ძვრები აღინიშნა მიმდინარე ანგარიშის ბალანსში, რამაც ლარი გაამყარა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი პოლიტიკის კორექტირებისათვის. შეიძლებოდა, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ მომხდარიყო, თუნდაც, რეფინანსირების განაკვეთის ნელ-ნელა შემცირებით დაეწყოთ. პარალელურად, მოზომილი ინტერვენციებიც შეიძლებოდა, რადგან ლარმა სწრაფად დაიწყო გამყარება და მკვეთრი ცვლილებები დაბნეულობას იწვევდა ბაზარზე და რაც სწორად გააკეთა მაშინ კიდევაც ეროვნულმა ბანკმა. ეგონათ, რომ ყველა საფრთხემ ჩაიარა. ასე არ იყო და ნაჩქარევად მიმაჩნია ასეთი გადაწყვეტილება.
_ რატომ მიგაჩნიათ, რომ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შეცვლა მისი შერბილების მიმართულებით არადროულია?
_ იმიტომ, რომ რაიმე განსაკუთრებული დადებითი ცვლილებები არ შეიმჩნევა არც საგარეო ვაჭრობაში და არც მიმდინარე ანგარიშის კომპონენტებში. ტურიზმიდან შემოსავალი კი მატულობს, მაგრამ მოსალოდნელზე ნაკლებად. სტაბილიზება მყიფეა. სიფრთხილეა საჭირო. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ცუდ სიგნალს აძლევს მთავრობასაც და ნაცვლად მომჭირნე საბიუჯეტო პოლიტიკის გატარებისა, დეფიციტური ხარჯვის უვნებლობაში აიმედებს. ცოტა ხნის წინათ მთავრობა 300-400 მილიონი ლარის ოდენობის სეკვესტრზე ლაპარაკობდა, ახლა ყველას დაავიწყდა ეს თემა. ვინ შეეხება ხარჯებს წინასაარჩევნოდ?
ეკონომიკური ზრდის წახალისება შემდგომი ეტაპია, რაზედაც ეროვნული ბანკი საუბრობს. ჯერ სტაბილიზაცია _ ფისკალური, მონეტარული და მერე ფიქრი წახალისებაზე, მერე საუბარი დედოლარიზაციაზე და სხვა თემებზე. ბანკების მიერ მოზიდული სახსრების დარეზერვების ნორმებში ცვლილება ეროვნული ბანკის მიერ მაშინ დედოლარიზაციის პროცესის გააქტიურების აუცილებლობით იყო გამოცხადებული. ასე რომ, გვენეტაძის ამასწინანდელი ნათქვამი არ არის მხოლოდ სიტყვა, ეს საქმეში გადაიზარდა.
უკეთესი იყო, როგორც აღვნიშნე, ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით დაეწყო და ამით ზომიერი სიგნალი მიეცა ბაზრისთვის. მაგრამ როცა სერიოზული კორექტირება ხდება მოზიდული სახსრების „გაყინვის“ (უცხოურ ვალუტაში მოზიდულზე) თუ „გალღობის“ (ეროვნულ ვალუტაში მოზიდულზე), დასასაბუთებელია მისი მოსალოდნელი ეფექტი. ამ გადაწყვეტილების მიზანია ლარით დოლარის გარკვეული მოცულობით ჩანაცვლება. ამიტომაა, რომ ლარზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 10-დან 7 პროცენტამდე მცირდება, ხოლო დოლარზე, პირიქით, 15 პროცენტის ნაცვლად მოზიდული თანხის 20 პროცენტი ეყინება. გარდა სხვა შედეგებისა, ეს კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის მოზიდვის ხარჯებს გაუძვირებს, რაც ან სესხის საპროცენტო განაკვეთის ზრდაში აისახება, ან მეანაბრეებისთვის გასაცემი საპროცენტო თანხის შემცირებაში, ან ორივეში ერთად. კომერციულმა ბანკებმა უკვე დაწიეს ანაბარზე დასარიცხი პროცენტი. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე ორიოდე დღის წინათ.
შეიძლება დავასკვნათ, რომ დედოლარიზაცია არის ხანგრძლივი პროცესი. მისი 15 პროცენტით შემცირებას თითქმის 15 წელი მოვანდომეთ. შემდეგ ლარი გაუფასურდა და პროცესი უკუღმა შეტრიალდა. ამჟამად ჩვენ ანაბრების 70 პროცენტს დოლარში ვინახავთ, ბანკები კი სესხების 65 პროცენტს ასევე დოლარში გასცემენ. სასურველ შედეგს მხოლოდ ნორმატივის ცვლილებით, ან ადმინისტრაციული შეზღუდვებით ვერ მიაღწევ.
უცხოური ვალუტის ლარში გადატანისთვის ამჟამად არ არსებობს არც ეკონომიკური და არც ფსიქოლოგიური ფონი. კომერციულ ბანკებს დიდძალი კრედიტი აქვს აღებული საზღვარგარეთიდან და კვლავ დასჭირდება საერთაშორისო ბაზრებიდან რესურსების მოზიდვა. ეს ნაბიჯი ხელს არ შეუწყობს ვალუტის შემოტანას. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული უცხოურ ვალუტაში დარეზერვების ცვლილება ამ ვალის აღების შეზღუდვასაც ემსახურება. ეს ზოგადად კარგია, მაგრამ დღეს სხვა ამოცანის წინაშე ვიმყოფებით. როცა ექსპორტი ერთი მილიარდითაა შემცირებული, ჰაერივით გვჭირდება ინვესტიციები, მათ შორის, საბანკო სფეროში.
დაბოლოს, რადგან მთელი საუბარი ბანკებს შეეხო, არ შემიძლია გულის ტკივილით არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ HSBC-ის შემდეგ საქართველოს ფრანგული „Societe Generale “-ც ტოვებს. ჩვენი საბანკო სისტემა მსოფლიო ბრენდების გარეშე დარჩება. ამაზე ორმაგად მწყდება გული, რადგან ეს ბანკები საქართველოში ჩემი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს შემოვიდა...
გიორგი მეფარიძე