QronikaPlus
ზურაბ როსტიაშვილი: ,,ცრუ ჩვენებისათვის უნდა დაისაჯონ პოლიციელებიც!”

ზურაბ როსტიაშვილი: ,,ცრუ ჩვენებისათვის უნდა დაისაჯონ პოლიციელებიც!”

2016-07-30 07:57:54

ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი „ქრონიკა+“-ს დღემდე არსებულ იმ მანკიერ ,,ტრადიციაზე” ესაუბრა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან ამა თუ იმ საქმეში მათი ფიგურანტობას, არც მეტი არც ნაკლები – ცრუ მოწმეობას ეხება. ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომ მოქალქეთა უფლებები დაცული იყოს, როდის დასრულდება პოლიციელების მიერ ცრუ ჩვენებების მიცემა და უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამოკეტვის პროცესი?! ეს არის კითხვები, რომლებზეც შეეცდება ,,ქრონიკა+” ამომწურავი პასუხები გასცეს. ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი იმ საქმეებზე საუბრობს, როცა პოლიციელთა ცრუ ჩვენებების მიუხედავად, ციხეში მყოფი ადამიანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა. ზურაბ როსტიაშვილი: _ მე მოგიყვანთ მაგალითებს, თუ როგორ იძლევიან პოლიციელები ცრუ ჩვენებებს მოქალაქეების წინააღმდეგ, როგორ შეჰყავთ პროკურატურა და სასამართლო შეცდომაში, თუმცა ამისთვის არ ისჯებიან. ეს არის ფაქტები, რომელსაც ვერავინ გაექცევა: ილია ტიმჩენკომ, რომელსაც ბრალი ედებოდა ქურდობაში, 9 თვე საპატიმროში გაატარა, შემდეგ კი გამამართლებელი განაჩენი დადგა და სასამართლომ გაათავისუფლა. საქმე ამჟამად უზენაეს სასამართლოშია. ტიმჩენკო ნასამართლებია და 7 წელი და 3 თვე ჰქონდა მოხდილი. ციხიდან გამოსვლის დროს პოლიციამ გააფრთხილა, რომ საქართველო დაეტოვებინა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ის თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში ცხოვრობს. ამ ამბიდან ძალიან მალე ის კვლავ დააკავეს და ბრალად წაუყენეს, თითქოს, მიკროავტობუსიდან აკუმულატორს იპარავდა. 25-წლიანი სტაჟის პოლიციის ორი თანამშრომელი ჩვენებას იძლეოდა, რომ ილია ტიმჩენკოს ქურდობის დროს თავზე დაადგნენ: ნავთლუღის ტერიტორიაზე ერთ მეტრში დავადექით თავზე, აკუმლატორი ეჭირა ხელშიო. დაკითხვაში მეც ჩავერთე და ჩვენება შეცვალეს, _ შეიძლება, 2 მეტრი იყოო. კიდევ რომ ჩავეძიე, თქვეს, 4 მეტრი იქნებოდაო. სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, რადგან ერთი მეტრიდან, ბოლოს 7 მეტრამდე ავიდნენ. ქურდობის ადგილიდან 19 მეტრში პოლიციელებმა ტიმჩენკოს ტელეფონი იპოვეს, მაგრამ როცა ვკითხე, რატომ არ გამოეკიდნენ, მიპასუხეს, _ არ გვეგონა, ქურდობა თუ ხდებოდა და ვიფიქრეთ, ავტომანქანა ვიღაცამ ათხოვა. როცა ავტომანქანის პატრონმა გვითხრა, რომ ქურდობა იყო, მაშინ მივხვდით ყველაფერსო. ურთიერთგამომრიცხავი და აბსურდული ჩვენებები მისცეს. ქურდობა მართლაც მოხდა ღამის ოთხის ნახევარზე, თუმცა პოლიციელები ამტკიცებდნენ, რომ გამთენიისას, რვა საათისთვის ნახეს შემთხვევა. _ თქვენ ამტკიცებთ, რომ პოლიციელები ტყუილ ჩვენებას აძლევენ და ტიმჩენკოს საერთოდ არ ჩაუდენია ქურდობა?  _ როცა შემთხვევის ადგილი დავათვალიერე, აღმოვაჩინე მოწმე,  რომელმაც განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნულ საქმეზე ისიც დააკავეს. ეს იყო დიმიტრი შლიატნიკოვი. იგი მომიყვა, რომ ღამის ოთხის ნახევარზე სახლიდან სიგარეტის საყიდლად გამოვიდა, ორას-სამას მეტრში შეიძინა და უკან ბრუნდებოდა, როცა პოლიციის თანამშრომლებმა სროლა ატეხეს. ერთი პიროვნება სიბნელეში გარბოდა და მხოლოდ სილუეტი დავინახე, დაბალი ადამიანი იყოო. ტიმჩენკო კი არის, სადღაც, მეტრი და 87-88 სმ და მასზე ვერ ვიტყვით, რომ დაბალია. მოწმის თქმით, პოლიციის თანამშრომელმა, დაახლოებით, 5-ჯერ ესროლა გაქცეულს, ერთი თანამშრომელი გამოეკიდა, ერთმაც მე დამაკავა, ავტომანქანაში ჩამსვა და მეუბნებოდა, _ შენ მისი თანამზრახველი ხარ და აკუმულატორს ერთად იპარავდითო. ვუთხარი, რომ სიგარეტის საყიდლად ვიყავი და სახლში მივდიოდი. ამასობაში ის პოლიციელიც დაბრუნდა, რომელიც გაქცეულს გამოეკიდა და მეორეს დაუდასტურა, ეს ნამდვილად გზაზე მოდიოდაო. ამის შემდეგ გამიშვესო. პოლიციის თანამშრომლების კრიტიკული დაკითხვის შემდგომ მოსამართლე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პოლიციის თანამშრომლები ცრუობდნენ. რაც შეეხება ტიმჩენკოს დაკარგულ ტელეფონს, 4 მოწმე მოვიძიე. ისინი ადასტურებდნენ, რომ ილია ტიმჩენკო იმ დღეს მათთან ერთად იყო გარდაცვლილი მშობლის სასაფლაოზე ბიჭებთან ერთად, მანამდე კი ყველა ერთად ქეიფობდა, რა დროსაც ტელეფონი დაკარგა. პოლიციელებმა შემთხვევის ადგილიდან 19 მეტრში სწორედ ეს ტელეფონი ოპოვეს. არ გამოვრიცხავ, რომ ტელეფონი პოლიციელების კვალის არევის მიზნით დააგდეს, ან არასასურველი დამთხვევა მოხდა და მათ ეს ფაქტი სათავისოდ გამოიყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა მართალია, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, მაგრამ ილია ტიმჩენკოს მაინც მოუწია 9 თვე პატიმრობაში ყოფნა. ახლა კი პროკურატურამ ეს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ილია ტიმჩენკოს ბრალი იყო ისეთი კვალიფიკაციით, რომ მას 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ელოდა, თუმცა პოლიციელთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებმა „უშველა“ და ჩემი დაკითხვის შედეგად მოსამართლემ მათი ნამდვილი სახე დაინახა. ამის შედეგად დადგა გამამართლებელი განაჩენი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მართლა დამნაშავე რომ ყოფილიყო, მოსამართლე ასეთ განაჩენს ხომ არ დააყენებდა? _ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაპატიმრებული ადამიანების უმეტესობა ამბობდა, რომ სასამართლოში მათი დანაშაულის მოწმეებად პოლიციელები მივიდნენ და ცრუ ჩვენებები მისცეს, რის შემდგომაც სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა. „ოცნება“ სწორედ ამ ფაქტებზე აპელირებდა და ხალხს ჰპირდებოდა, რომ მდგომარეობას შეცვლიდა. კვლავ იგივე ხდება?  _ დიახ, ასეა. კიდევ ერთ ფაქტზე მოგახსენებთ: დააკავეს გია ტვილდიანი, რომლის მეუღლემაც განცხადება დაწერა, თითქოს ქმარი დანით დასდევდა. 14 იანვარს ცოლმა კიდევ დაურეკა პოლიციას და უთხრა, რომ მისი ქმარი სახლში მივიდა და დანით დასდევდა. მათ სახლში პოლიციის სამი თანამშრომელი მივიდა. ისინი შემდგომ ამბობდნენ, რომ ტვილდიანი მათაც გამოუვარდა დანით, იარაღს უქნევდა და კინაღამ აჩეხა. ამის გამო შეგვეშინდა, ადამიანებს აღარ ვგავართო. ცხადია, ეს პოლიციელებიც კრიტიკულად დავკითხე და თვალნათელი გავხადე, რომ ტყუოდნენ. ერთ-ერთი პოლიციელი საქართველოს 8 გზის ჩემპიონი აღმოჩნდა კრივში და მას ვკითხე, _ 4 მეტრის მანძილზე დაახლოებით რამდენჯერ მოგიქნია დანა-მეთქი? _ არ ვიცი, ბევრჯერ მოგვიქნია, ჩვენ გავრბოდითო. _ უკან იყურებოდით-მეთქი? _ არა! _ ისე მიპასუხა სამივემ, მივხვდი, რომ დაკითხვის ეშინოდათ. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ დანის მოღერებაში იგულისხმეს მოქნევაც, არადა, სამივე პოლიციის გამომძიებელი იყო. მათ კარგად უნდა სცოდნოდათ, ჩვენების მიცემის დროს თითოეულ სიტყვას რამხელა დატვირთვა აქვს. როცა პოლიცია მივიდა, ტვილდიანების ბავშვებიც სახლში იყვნენ. ერთი 14 წლის არის, მეორე _ 16 წლის. ისინიც დავკითხე და მითხრეს, რომ ტანსაცმელი გავრეცხეთ, დასაფენად მეორე სართულზე ვიყავით ასულები, როცა დავინახეთ, როგორ მიდოდა ქუჩისკენ ორი პოლიციელი და შუაში როგორ მიჰყვებოდა მამაო. ბავშვების თქმით, გია ტვილდიანს მანამდე ეძინა. ქუჩასთან რომ მივიდნენ, 2-მა პოლიციელმა მამამისს მოქაჩვა დაუწყო, თან გამოდი, გამოდიო! _ იძახდნენ, გია კი პასუხობდა, _ ისედაც მოვდივარო. მამა ნასვამიც იყო და ცოტა ჩაიმუხლა, მაგრამ პოლიციელებმა ხელი გადაუტრიალეს, ხელბორკილი დაადეს, ორმა დააკავა, მესამემ კი დანა დაუგდო წინ. მეზობლის ბავშვი სოფიკო ქველაძეც შეესწრო ამ ამბავს. პოლიციელები განმარტავდნენ, რომ დააკაკუნეს და ამ დროს დანით გამოვარდა, აგინა და უთხრა: მოხვედით, ძაღლებო?! სვანი კაცი ვარ და არ გაპატიებთ, აქედან წადით, თორემ დანით დაგჩეხავთო! გოგონამ კი განმარტა, რომ პოლიციას არ დაუკაკუნებია და სახლში ხულიგნებივით შეცვივდა. ქველაძე სასამართლო პროცესზეც მოვიდა, მაგრამ პროკურორმა დაურეკა და ჰკითხა, _ სად ხარო? მოწმემ უთხრა, _ საქალაქო სასამართლოში ვარ მოსულიო. პროკურორი ეუბნება, _ ხომ იცი, რაც უნდა თქვაო? გოგონამ უთხრა, _ კიი, რაც იყო, იმას ვიტყვიო. ამის შემდეგ მოწმეთა სიიდან ამოიღეს და აღარ დაკითხეს. სოფიკო ქველაძემ ასევე თქვა, რომ პოლიციელები პირდაპირ შევიდნენ, გია გააღვიძეს, _ ადექი, უნდა წავიდეთო! ორმა პოლიციელმა შუაში მოიქცია, სახლიდან გამოიყვანა და მესამე პოლიციელი ხელში დანით გამოვიდა. ეს იყო პურის საჭრელი დანა, რომელიც ოჯახში ჰქონდათო. 21-წლამდე ასაკის სამმა ახალგაზრდამ უფრო დამაჯერებელი ჩვენება მისცა, ვიდრე გამოცდილმა პოლიციელებმა, რომელთაგანაც ზოგს იურიდიული განათლება აქვს, ზოგმაც პოლიციის უმაღლესი სკოლა დაამთავრა. ამ შემთხვევაშიც გამოაშკარავდა პოლიციელების სიცრუე და სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დააყენა. ამასობაში კი გია ტვილდიანს პატიმრობაში ყოფნა 4 თვით მოუწია. კიდევ შემიძლია ერთ საქმეზე მოგიყვეთ: გიორგი არახანიას მოსამართლე ლელა შხუბულიანმა დაუსაბუთებელი და ძალიან უკანონო, არაკვალიფიციური განაჩენი გამოუტანა _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. არახანია უკვე ერთი წელია, ქურდობისთვის ზის სწრაფი აპარატის ძარცვისთვის. ამ საქმეშიც სამი პოლიციელია მოწმე. პოლიციელმა ქურდაძემ განმარტა, რომ 80-90 მეტრში დაიძახეს, _ „ძაღლები“ მოდიანო! მათივე თქმით, არახანია შემთხვევის ადგილიდან 5-6 მეტრში დააკავეს. ე. ი. „ძაღლები მოდიან!“ _ დაძახების შემდეგ ის პოლიციელების მიმართულებით წავიდა, ფაქტობრივად, შეეგება და ამიტომ დააკავეს. ამას რატომ გააკეთებდა, ვერ ვხვდები? _ ალბათ გაიქცა, მაგრამ დაეწივნენ და დაიჭირეს, ამ ვერსიას გამორიცხავთ? _ გიორგი არახანია ფეხბურთელია და  თამაშობდა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინის ნაკრებებში. წარმოიდგინეთ, სპორტსმენ ადამიანს, რომელიც 60 კილოგრამია და სწრაფად სირბილიც იცის, 5-6 მეტრში როგორ დაიჭერდნენ 100-120-კილოგრამიანი პოლიციელები? სამივე პოლიციელი სხვადასხვა მანძილს ასახელებდა დიდი ცდომილებებით, საიდანაც თითქოს მათ დაძახების ხმა გაიგონეს, _ „ძაღლები“ მოდიან! ასეთი ჩვენებების გაზიარება არ შეიძლებოდა. სინამდვილეში კი ასეთი რამ მოხდა: გიორგი არახანია მართლაც ქურდობის ადგილიდან 100-120 მეტრში დააკავეს. მან მეგობარი გოგონა გააცილა და სახლში ბრუნდებოდა. მას ფეხებთან პოლიციელებმა ავტომანქანა გაუჩერეს და უბრძანეს, _ დაჯექი, აგერ რომ ქურდავდნენ აპარატს, შენც მათი თანამზრახველი ხარო. მან უთხრა, რომ ქურდობა არ ჩაუდენია, მაგრამ მაინც დააპატიმრეს. სამივე პოლიციელი განმარტავდა, რომ არახანიას დაახლოებით ნახევარი მეტრის სიგრძის რკინის ნაჭერი ჰქონდა, მაგრამ ეს ნივთი სინამდვილეში მას არ აღმოაჩნდა. სამივე პოლიციელი და ერთ-ერთი მოწმე _ აფციაური განმარტავდნენ, რომ მძარცველებს შავი ქუდები თუ ნიღბები ეკეთათ, მარტო თვალები უჩანდათო. მაგრამ არახანიას პოლიცია თუ 5-7 მეტრში დაადგა, მაშინ ნიღაბი სად უნდა გამქრალიყო? გიორგი არახანია შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს და სუნის ნიმუში აუღეს. ერთ-ერთმა პოლიციელმა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე, აპარატთან, ერთი საათის მერე მივედი და იქ 100-120 კაცი შეკრებილიყოო. ღია ადგილას, სადაც ქარი უბერავს და ამდენი ხალხი შეიკრიბა, სუნის ნიმუშის აღება შედეგიანი როგორ იქნებოდა? ეს ყველაფერი სიყალბეა და ასეთ სიყალბეზე მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, აპელაციაში გავასაჩივრეთ. _ პოლიციელებს რა ინტერესი აქვთ, ტყუილი ჩვენებები რომ მისცენ? _ პოლიციელი თავის საქმეს უნდა აკეთებდეს, დანაშაულს აღკვეთდეს, იცავდეს მოქალაქეთა სიმშვიდეს და არა ტყუილი ჩვენებების მიცემით, ადამიანის დაჭერით იყოს დაინტერესებული. ასეთ პოლიციელს მერე ყველა პატივს სცემს და არა მატყუარას და უდანაშაულო ადამიანის დამჭერს. პატივისცემა თვითონ უნდა დაიმსახურონ, მაგრამ მათი საქციელი სულ სხვაგვარ რეაქციას იწვევს მოქალაქეებში. ბევრი კარგი პოლიციელიც გვყავს, თუმცა უმეტესობა დაკისრებულ მოვალეობას ცუდად ასრულებს. ზუსტად ამიტომ ნდობა დაკარგეს. _ ცრუ ჩვენებებს რომ იძლევიან, მათი პასუხისმგებლობის საკითხს რატომ არ აყენებთ? _ ასეთ დროს ის ადამიანი, რომელიც უდანაშაულოა და ტყუილად აბრალებენ, მოტივირებული უნდა იყოს და თვითონაც მოითხოვოს სიცრუის მთესველი პოლიციელების დასჯა. სამწუხაროდ, ასე არ ხდება და ადამიანები მაინც ერიდებიან ძალოვან სტურქტურებთან ჭიდილს. ეს არის საზოგადოების სერიოზული პრობლემა. ისინი ფიქრობენ, რაც არ უნდა იყოს, პოლიცია მაინც ძალაა, თავხედობა აქვს და ასე თუ მოიქცევიან, მერე რაღაცას ჩაუდებენ, კიდევ უფრო საშიშ დანაშაულს დააბრალებენ და გაანადგურებენ. როცა ცრუ ჩვენების მიმცემი, წამლისა თუ იარაღის ჩამდები სამართალდამცველები სათანადოდ დაისჯებიან, ეს დანაშაულიც აღიკვეთება და უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვების შემთხვევებიც იკლებს. როგორც მოქალაქეები ისჯებიან ცრუ ჩვენებისათვის, ისევე უნდა დაისაჯონ პოლიციელებიც და ამის მერე ბევრი რამ მოწესრიგდება.  

                                                                                                               ნელი ვარდიაშვილი

         

გაზიარება