QronikaPlus
,,აჭარაბეთის“ ახალი კორუფციული სკანდალი?!

,,აჭარაბეთის“ ახალი კორუფციული სკანდალი?!

2016-07-29 07:49:11

თამარფხოველიშვილი: ,,არჩილცაბუტაშვილიდავითშავლიაშვილისაგანწინასწარიყოინფორმირებულირომსაქმეძიებაშიუნდაგადაეცათ. მეგამწირეს

წყალმომარაგების კომპანია რომ ე.წ. კახური კლანის კორუფციული სქემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ამაზე „ქრონიკა+“ უკვე წერდა. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, საზოგადოებაში მოლოდინი გაჩნდა, რომ კორუმპირებული ჩინოვნიკები დაისჯებოდნენ, მაგრამ ეს გამოძიებაც, ისევე როგორც ბევრი სხვა, ბიძინა ივანიშვილსა და კახელების კლანს შორის პოლიტიკური ვაჭრობისა და გარიგების თემად იქცა. საბოლოოდ, როგორც არჩილ ცაბუტაშვილი, ისე ზვიად ჯანყარაშვილი, თავისუფლებაზე დარჩნენ, წყალმომარაგებაში გაფლანგულ მილიონებზე კი კომპანიის მთავარი ბუღალტერი, თამარ ფხოველიშვილი და მისი მეუღლე დააკავეს. ორივე მათგანს „ობიექტურმა“ სასამართლომ ათ-ათი წელი მიუსაჯა.   სკანდალური ინტერვიუ თამარ ფხოველიშვილთან „ქრონიკა+“-მა საპყრობილეში ჩაწერა: _ თამარ, რამდენი ხანი იცნობდით არჩილ ცაბუტაშვილს და ზვიად ჯანყარაშვილს მანამ, სანამ წყალმომარაგების კომპანიაში მიხვიდოდით სამუშაოდ? _ ორივე მათგანთან 30-წლიანი მეგობრობა მაკავშირებს. სიღნაღის რაიონის სოფელ წნორში ბებია ცხოვრობს და ბავშვობაში არდადეგებს სწორედ მასთან ვატარებდი. აქედან იწყება ჩვენი მეგობრობა. არჩილ ცაბუტაშვილის ნათესავი, გოგი ალადაშვილი, ჩემი ნათლიაა. აქედან გამომდინარე, თბილისშიც ხშირად გვიწევდა ერთმანეთთან შეხვედრა და ურთიერთობა. არჩილი 1993 წლიდან კიევში სწავლობდა და მას, ძირითადად, ზაფხულობით ვნახულობდი. 2001-2004 წლებში იგი თბილისში იყო, სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა და, შესაბამისად, ხშირი ურთიერთობა გვქონდა. 2008 წლიდან ისევ უკრაინაში წავიდა და ჩვენი მეგობრობა უკვე სოციალურ ქსელებში გაგრძელდა. ზვიად ჯანყარაშვილს 2008 წლამდე ხშირად ვნახულობდი. მომდევნო წლებში უფრო იშვიათად, ძირითადად, რომელიმე საერთო მეგობრის დაბადების დღეზე. 2012 წლის დეკემბერში არჩილი უკრაინიდან დაბრუნდა. მან უკვე იცოდა, რომ თანამდებობაზე უნდა დანიშნულიყო. თავდაპირველად გადასაწყვეტი იყო, რომელი კომპანიის დირექტორად დაინიშნებოდა, _ წყალმომარაგების თუ საქართველოს რკინიგზის, მაგრამ რკინიგზაში არაფერი გამოუვიდათ და 5 დეკემბერს, საბოლოო გადაწყვეტილებით, იგი წყალმომარაგების კომპანიის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. 2012 წლიდან, სამსახურიდან გამომდინარე, არჩილთან უკვე ინტენსიური ურთიერთობა მქონდა. ასევე დავმეგობრდით ოჯახებით და სუფრებზეც ხშირად ვიყავით ერთმანეთთან. ზვიად ჯანყარაშვილი მეუღლით, დით, სიძით, რომლებიც ასევე ჩვენი მეგობრები არიან, წყალმომარაგების კომპანიის კორპორაციულ ბანკეტზეც იმყოფებოდა. _ როდის შემოგთავაზათ არჩილ ცაბუტაშვილმა თანამშრომლობა? _ პირველ რიგში, მოგახსენებთ, თუ როგორ დავიწყე მუშაობა წყალმომარაგების კომპანიაში მთავარ ბუღალტრად: 2012 წელს მე და ჩემს მეუღლეს რესტორანი გვქონდა, სადაც მეგობრები ხშირად გვსტუმრობდნენ, მათ შორის, გოგი ალადაშვილიც, ჩემი ნათლია და არჩილ ცაბუტაშვილის ახლო მეგობარიც. 2012 წლის 16 დეკემბერს იგი კვლავ მოვიდა რესტორანში და მითხრა, რომ არჩილი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დაინიშნა და ჩემთან შეხვედრა უნდოდა. ისიც მაცნობა, რომ შეხვედრა ეხებოდა სამსახურის შემოთავაზებას. ჩემი და არჩილის შეხვედრა მეორე დღესვე შედგა, რა დროსაც მან მთავარი ბუღალტრის პოსტი შემომთავაზა, რადგან, ჯერ ერთი, ის კომპანიას თავისი გუნდით აკომპლექტებდა და მეორეც, ორ კვირაში იმ დროისათვის მოქმედი მთავარი ბუღალტერი დეკრეტში გადიოდა. ამ შემოთავაზებას დავთანხმდი და იმ დღესვე გამაფორმეს მთავარი ბუღალტრის მოადგილედ, ხოლო სამ კვირაში უკვე მთავარ ბუღალტრად დავინიშნე. არჩილ ცაბუტაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თითქოს, მე მივედი მასთან და სამსახურის დაწყება ვთხოვე. ეს სრული სიცრუეა, რადგან კონკრეტულ პერიოდში ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, მოქმედი რესტორანი მქონდა და მატერიალურად არ მიჭირდა. ასევე, 1998 წლიდან არაერთ დიდ ორგანიზაციაში ვმუშაობდი და მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ 18-წლიანი სამუშაო სტაჟის განმავლობაში მუდმივად სამსახურების არჩევაში ვიყავი და არა ძებნაში. რაც შეეხება თანამშრომლობას კორუფციულ სქემაში, ეს მოხდა შემდეგნაირად: 2013 წლის იანვარში, არჩილ ცაბუტაშვილის გადაწყვეტილებით, კომპანიაში უახლესი, ინტეგრირებული პროგრამის დანერგვა შეწყდა. თებერვლის დასაწყისში არჩილმა კაბინეტში დამიბარა და კორუფციული სქემის შესახებ მითხრა. აქვე გეტყვით, რომ სქემა შეიმუშავა ფინანსურმა დირექტორმა კახაბერ სოლოლაშვილმა, რომელიც 2010-2012 წლებში წყალმომარაგების აუდიტი იყო და ფინანსურ დეტალებში საკმაოდ კარგად ერკვეოდა. არ მინდოდა, უკანონო ქმედებებში გავრეულიყავი. ვუთხარი კიდეც არჩილს, რომ ეს ძალიან სარისკო იყო, თუმცა მან მითხრა, რომ არ უნდა მქონოდა შიშის საფუძველი, რადგან ზვიადისგან ყველანაირი გარანტიები ჰქონდა. ჩემგან უარი მან უნდობლობად მიიღო, რადგან იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ უკვე ბევრი რამ ვიცოდი კომპანიის შესახებ და ჩემი იქიდან წასვლა მათში ეჭვებს გააჩენდა. ამ მიმართულებით საუბარი თითქმის სამი დღე გაგრძელდა. საბოლოოდ, მეგობრების მიმართ ნდობამ გადაწონა და შემოთავაზებას დავთანხმდი. _ თამარ, პოკერების ცნობილი სქემის დეტალები მოგვიყევით. იყო თუ არა ონლაინ კაზინო „აჭარაბეთი“? _ პოკერების თემა არჩილ ცაბუტაშვილის დავალება იყო, რომლის მიხედვითაც მე „აჭარაბეთის“ საიტზე უნდა შევსულიყავი და იმ იუზერებთან მეთამაშა, რომლებიც თავიანთ „ნიკებს“ მანამდე სკაიპში მწერდნენ, ან თვითონ „აჭარაბეთის“ „ჩათში“. მე თამაშის დროს შეგნებულად ვაგებდი, ანუ მოწინააღმდეგეებს ვნებდებოდი, რის შემდეგაც ჩემს იუზერზე არსებული თანხა მოწინააღმდეგეებთან გადადიოდა. ეს იყო თანხის ცაბუტაშვილზე გადაცემის ერთ-ერთი გზა. არასოდეს მიკითხავს, რა გზით უბრუნდებოდა თანხა მას, თუმცა არსებობს ორი გზა: მას ეს თანხა უბრუნდებოდა ქეშით, ან ვიღაცის საბანკო ანგარიშზე, ან იგი შემდგომ თავად აგრძელებდა თამაშს რომელიმე იმ იუზერის სახელით, რომელთანაც ფორმალურად ვაგებდი თანხებს. პროკურატურამ „აჭარაბეთზე“ გადარიცხული თანხები ჩემს აზარტულობად მიიჩნია და საქმეში ჩემ წინააღმდეგ გამოიყენა, თუმცა „აჭარაბეთზე“ ჩატარებულ გამოძიებაში უამრავი კითხვა გაჩნდა, რომელიც ობიექტურობის პირობებში გამოააშკარავებდა არა ფხოველიშვილის აზარტულობას, არამედ იმას, რომ ეს სწორედ ვიღაცის ინტერესებში არსებული თამაში იყო. 2015 წლის 19 თებერვალს პირველად დამკითხეს, რომელიც ათ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გამომძიებლებს მაგიდაზე ჩემი საბანკო ამონაწერები ედოთ, სადაც ნათლად ჩანდა „აჭარაბეთზე“ გადარიცხული თანხები, თუმცა ამის თაობაზე მათ ჩემთვის საერთოდ არ დაუსვამთ კითხვა. სამაგიეროდ, თავად გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლებელი იყო, ამ თამაშების მიღმა სხვა ინტერესები მდგარიყო და ამიტომ ყველა ის პირი დაკითხეს, ვისთანაც ფორმალური თამაში მიწევდა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო 8-10-კაციანი ჯგუფი, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობდა და თითოეულს 50-100 იუზერი ჰქონდა გახსნილი არარსებულ პირად ნომრებზე. გამოძიებამ მათ კითხვა დაუსვა, იცნობდნენ თუ არა ფხოველიშვილს, ან ცაბუტაშვილს და ასევე ხომ არ იყო ეს გარიგებული თამაში, რაზედაც პასუხად უარი მიიღეს. საბოლოოდ, პროკურატურამ „უტყუარი“ დასკვნა მიიღო, რომ ეს იყო ფხოველიშვილის აზარტულობა. სასამართლო პროცესზე ამ ჯგუფიდან ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ პირადად ფხოველიშვილთან 100 000 ლარი მოვიგეო, ხოლო ჩვენი ადვოკატების მიერ დასმულ კითვაზე, თუ როგორ შეძლო მან ამ თანხის დათვლა, უპასუხა, რომ პროკურატურამ დათვლილი დაახვედრა. ძალიან საინტერესოა, როგორ დათვალა პროკურატურამ თანხის ოდენობა, როცა საქმეში არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დათვალო კონკრეტულ იუზერთან ჩემ მიერ წაგებული თანხა. _ როდის და რატომ დაიწყო გამოძიება წყალმომარაგების კომპანიაში? _ 2014 წლის პირველ ნოემბერს არჩილ ცაბუტაშვილი გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ გადავიდა და წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად ვლადიმერ ლაზარიშვილი დაინიშნა. ამ პერიოდში მე მივლინებით ვიყავი საზღვარგარეთ, საიდანაც 8 ნოემბერს დავბრუნდი და იმავე დღეს შევხვდი არჩილს. მან მითხრა, რომ ლაზარიშვილთან შეთანხმებით წლის ბოლომდე უნდა გამეგრძელებინა მიმდინარე სქემა და ამ საკითხში არავინ ჩაერეოდა. მართლაც ასე იყო, _ ლაზარიშვილის მოსვლიდან 2 თვე გრძელდებოდა იგივე უკანონო გადარიცხვები, თუმცა არც ლაზარიშვილისგან და არც მის მიერ დანიშნული ფინანსური დირექტორისგან არანაირი ინტერესი და შეკითხვა არ ყოფილა 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მათ ინტერნეტბანკი არ გაუხსნიათ, სადაც გადარიცხვებს გააკონტროლებდნენ. აქვე დავძენ, რომ ამ პერიოდში ვმუშაობდი როგორც წყალმომარაგების კომპანიის მთავარ ბუღალტრად, ისე გარემოს დაცვის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილედ. ფაქტია, რომ არ ყოფილიყო არჩილ ცაბუტაშვილის ჩარევა, ერთდროულად ორ თანამდებობაზე ნამდვილად არ დამტოვებდნენ. ეს სწორედ ცაბუტაშვილის ინტერესებში შედიოდა. 2015 წლის პირველი იანვრიდან წყალმომარაგების კომპანიის მთავარ ბუღალტრად თამარ ცომაია დააბრუნეს, რომელიც აღნიშნულ პოზიციას ჩემამდე იკავებდა. თამარ ცომაია ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ 2014 წლის ფინანსური ანგარიშები მე უნდა გამეკეთებინა, თუმცა მან საუბარში რამდენჯერმე მიმანიშნა, რომ ჩვენს პერიოდში არსებული კორუფციული სქემის შესახებ იცოდა. ამის თაობაზე არაერთგზის ვუთხარი არჩილს. ბოლოს, ამის შესახებ 2015 წლის 2 თებერვალს ვესაუბრე. მისი პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო, _ ნუ ნერვიულობ, საერთოდ ნუ უსმენ ცომაიასო. თუმცა ბოლო საუბრიდან ორ დღეში, 2015 წლის 4 თებერვალს, იმჟამინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით შავლიაშვილის განცხადების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ჩემთვის დღემდე გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა არჩილმა ამ საქმის წამოწევა. უდიდესი ვარაუდით, ალბათ, იმიტომ, რომ ამ საკითხის წამოწევით მათ ის აჟიოტაჟი ჩაფარცხეს, რაც ზუსტად ამ პერიოდში იყო ატეხილი წყალმომარაგებისა და გზების დეპარტამენტის ტენდერებთან დაკავშირებით. ასევე არჩილ ცაბუტაშვილი დავით შავლიაშვილისგან წინასწარ იყო ინფორმირებული, რომ საქმე ძიებაში უნდა გადაეცათ და გამოძიებიდან უწყება მომივიდოდა. ამის შემდეგ არჩილ ცაბუტაშვილმა ჩემთან შეხვედრაც კი არ იკადრა. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩემი გაწირვა მათ თავიდანვე ჰქონდათ ჩაფიქრებული. მან შესანიშნავად იცოდა, რომ საქმე აღიძრა. საგამოძიებო უწყებაში მიბარებდნენ და შეგნებულად აარიდა თავი ჩემთან და ჩემს მეუღლესთან შეხვედრას. _ თამარ, რამდენად რეალურია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წყალმომარაგების კომპანია ჯანყარაშვილ-ცაბუტაშვილის ახლობლების დასაქმების ადგილი იყო? _ ვინც ზვიად ჯანყარაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ქორწილებში იყო ნამყოფი, ყველა წყალმომარაგების კომპანიაში დაასაქმა: გიორგი ქუთათელაძე _ ლექსო თამაზაშვილის ძმაკაცი (პირველი მოადგილე); თემურ ბოგანიშვილი _ თამაზ თამაზაშვილის ძმაკაცი, მოადგილე; მორის მირიანაშვილი _ არჩილ ცაბუტაშვილის მამიდაშვილი, ოდეერი; კახაბერ სოლოლაშვილი _ ბორის მირიანაშვილის ძმაკაცი, ფინანსური დირექტორი; ჯაბა შაყულაშვილი _ შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, ღარიბაშვილის მეჯვარე; გოგი ალადაშვილი _ ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი, ცაბუტაშვილის ახლო ნათესავი; დავით შეხოშვილი _ ადმინისტრაციული დირექტორი, ზვიად ჯანყარაშვილის მეგობარი (მასთან უსიამოვნება მოუვიდა, რადგან ის ერთადერთი პირია, რომელმაც სასამართლოზე სიმართლე ილაპარაკა); გურამ თალაკვაძე _ არჩილ ცაბუტაშვილის ძმაკაცი, მონიტორინგისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი; გურამ ბლიაძე _ ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, კახაბერ სოლოლაშვილის კადრი; არჩილ ცაბუტაშვილისა და მისი პირველი მოადგილის, გიორგი ქუთათელაძის ახლობლები იყვნენ კომპანიის რეგიონული ფილიალების უფროსები (8 რეგიონი და 57 სერვისცენტრი); 200 კაცზე მეტი იყო სხვადასხვა გავლენიანი პირის ახლობელი, რომელთა გამოც ხელოვნურად გაიზარდა შტატი. მაგალითად: ზვიად ჯანყარაშვილის ცოლის დაქალები, ღარიბაშვილის ცოლის მეჯვარე, ცაბუტაშვილის ცოლის მეგობრები და ა. შ. _ თამარ, გარდა ონლაინკაზინოებისა, სხვაგან თუ ირიცხებოდა თანხები და რა მოტივით? _ ონლაინკაზინოში მხოლოდ მითვისებული თანხის ნაწილი ირიცხებოდა, უდიდესი წილი არჩილს პირადად გადავეცი ნაღდის სახით მის კაბინეტში. ძირითადად მისთვის ევროსა და დოლარის მიტანა მიწევდა, რადგან იგი თავად მთხოვდა კონვერტაციის გაკეთებას. თანხების მითვისების სქემისთვის საჭირო იყო შპს-ების ფორმალურად დარეგისტრირება. სწორედ ამ მიზნით დაარსდა შპს „ბიარტი+“ და შპს „ალტგრუპი“. ეს კომპანიები ჩემმა მეუღლემ ჩემი თხოვნით გაახსნევინა მის ორ მეგობარს, თუმცა ჩემმა მეუღლემ ჩემგან არასწორი ინფორმაცია იცოდა, ვითომდა მე და არჩილ ცაბუტაშვილს შპს-ების დარეგისტრირება ბიზნესისთვის გვჭირდებოდა. იგი მე მენდობოდა, ასევე წლების ნაცნობობა ჰქონდა არჩილთან, ამიტომ მას არანაირი ეჭვი არ გასჩენია და ყველანაირად გვეხმარებოდა, რაც, საბოლოოდ, პროკურატურამ მისი ორგანიზებული ჯგუფის წევრობით დაასრულა და 10 წელი მიუსაჯა. თუმცა ჩემი მეუღლე, ზურაბ ნუცუბიძე, არც კომპანიაში მუშაობდა და არც ფინანსური განათლება აქვს. შესაბამისად, ბრმად ასრულებდა ჩემს თხოვნებს. _ გამოძიების მსვლელობის პერიოდში თუ იყო რაიმე ტიპის შემოთავაზება პროკურატურის მხრიდან? _ გამოძიების პერიოდში მყავდა ადვოკატი სულიკო ტიტვიძე, რომელიც შემომთავაზა და ადვოკატად ამაყვანინა ანტიკორუფციული სააგენტოს მაღალჩინოსანმა, ზაზა ჯამასპიშვილმა. პირველივე დღიდან ჩემსა და გამომძიებლებს შორის კორუფციული სქემის დეტალურად გაშიფვრა მიდიოდა. მე მათ დაწვრილებით ავუხსენი ყველა დეტალი და ნიუანსი, რომლითაც წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დირექტორის დანაშაული და მისი როლიც დამტკიცდებოდა, თუმცა ვითომ გამოძიება შეგნებულად ჩაატარეს, რომლის თანახმადაც არათუ სქემაში მონაწილე, სამსახურებრივი გულგრილობითაც არავინ დასჯილა. მთელი გამოძიების პერიოდში, თანამშრომლობის სანაცვლოდ, საპროცესო გარიგებას მპირდებოდნენ. მე სრულად შევასრულე დავალება, მაქსიმალურად ვითანამშრომლე გამოძიებასთან და მას დავეხმარე. თუმცა ეს საპირისპიროდ გამოიყენეს და ყველა ნიუანსი და დეტალი, რაც ამ კორუფციულ სქემაში მნიშვნელოვანი იყო, შეგნებულად დატოვეს უყურადღებოდ. რაც შეეხება პირობას საპროცესოს გაფორმების თაობაზე, გამოძიების დასრულებისას უარი მივიღე. მეტიც: 123-ე მუხლით ბრალი დამიმძიმეს, რომელიც არანაირად ახლოსაც კი არ არის ჩადენილ ქმედებასთან. ფაქტობრივად, გამოძიებამ შემოთავაზებული ადვოკატით ისარგებლა და სულიკოს დახმარებით ბრალდების მხარემ შესანიშნავად შეძლო საქმე ისე დაეხურა, რომ ორგანიზატორიც და შემსრულებელიც მე გამომიყვანა. დღემდე პროკურატურა ერთ მარტივ და პრიმიტიულ მიზეზს იშველიებს, თუ რატომ არ არის ცაბუტაშვილის ბრალეულობა ამ საქმეში და ეს მიზეზია ჩემი მხრიდან არჩილისთვის თანხის გადაცემის საბუთის არარსებობა. თუმცა საიდან აღმოაჩნდა ცაბუტაშვილს ის თანხები, რომელიც მან პრესტიჟულ მაღაზიებში დახარჯა, არავინ დაინტერესებულა! საიდან გაუჩნდა მას დამატებითი შემოსავლები, რომელიც არც ერთ დეკლარაციაში არ აქვს ნაჩვენები?! წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი იყო არჩილ ცაბუტაშვილი, მას მფარველობდნენ ზვიად ჯანყარაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ძმები ჩხენკელებიდან ღარიბაშვილის კანცელარიაში ეკონომიკურ საკითხებზე ვინც მუშაობდა, ის ხშირად დადიოდა კომპანიაში არჩილ ცაბუტაშვილთან და განმარტოებით საუბრობდნენ კაბინეტში. როგორც მე ვიცი, ტენდერების თემებს განიხილავდნენ. ობიექტური გამოძიების პირობებში ყველა ის პირი, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე, დასჯილი უნდა იყოს, მაგრამ „ობიექტურმა“ პროკურატურამ მხოლოდ მე გამომიყვანა დამნაშავედ და კითხვაც კი არ დაუსვამს, ევალებოდა თუ არა კომპანიის დირექტორს მთავარი ბუღალტრის გაკონტროლება.  

ელისოკილაძე

გაზიარება