ჩვენ ვაგრძელებთ იმ ხელშეკრულებების წარმოდგენას, რაც კორუფციის დიდი რისკის შემცველია და დადებულია სახელმწიფო შესყიდვების კანონის უხეში დარღვევებით. დღეს განვიხილავთ სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ დადებულ ხელშეკრულებებს.
უნდა აღინიშნოს, რომ, ტრადიციულად, მოყოლებული 90-იანი წლებიდან, რკინიგზის მოღვაწეობა ყოველთვის დახურული და ბურუსით მოცული იყო. ეს მართლაც უზარმაზარი სისტემაა, რომელსაც ხშირად სახელმწიფოს სახელმწიფოში უწოდებდნენ. მას აქვს უამრავი ტვირთბრუნვა, თანხა, შესყიდვა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო. ეს შესყიდვები ხასიათდება თავისი სპეციფიკით. მაგალითად, სს „საქართველოს რკინიზაში“ არის რიგი შესყიდვებისა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების კანონს ემორჩილება და არის შესყიდვები, რომელსაც სპეციალური წესი არეგულირებს და ბოლო რედაქციით დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის განკარგულებით (2015 წლის დეკემბერი).
მაგალითად, გახმაურებული, 2-სართულიანი მატარებლების გამარტივებული (უტენდერო) შესყიდვა კომპანია „შტადლერისგან“ განხორციელდა. ჩვენ აუცილებლად დავუთმობთ შემდეგ ნომრებში ამ კონკრეტულ შესყიდვას დროს და დეტალურ ანალიზს შემოგთავაზებთ, თუ რა მოვლენები უსწრებდა წინ ამ შესყიდვას და რა დაუჯდა იგი სახელმწიფოს.
ამჯერად თქვენი ყურადღება გვინდა დავუთმოთ 2 კონკრეტულ შესყიდვას, რომელიც, ტრადიციულად, ძალიან დიდი დარღვევებით მიმდინარეობდა და, რა თქმა უნდა, კორუფციის დიდი რისკის შემცველია.
2015 წლის 22 სექტემბერს შპს „ჯორჯიან ტრანზიტმა“ გააფორმა ხელშეკრულება შპს „ქართულ სალოკომოტივო კომპანიასთან“ თანხით 20 000 000 ლარი. რატომ და როგორ უკავშირდება ეს ხელშეკრულება „საქართველოს რკინიგზას“? საქმე ის არის, რომ შპს „ჯორჯიან ტრანზიტი“ გახლავთ „საქართველოს რკინიგზის“ დაფუძნებული (100%) და ის სპეციალურად ამ და რამდენიმე ხელშეკრულებისთვის შეიქმნა, ხელშეკრულების დადებამდე რამდენიმე დღით ადრე. ანუ „ჯორჯიან ტრანზიტი“ არის იგივე, რაც სს „საქართველოს რკინიგზა“ და ისიც ასევე ექვემდებარება სახელმწიფო შესყიდვების კანონს.
ვინ არის შპს „ქართული სალოკომოტივო კომპანია“? ეს გახლავთ 100%-ით ოფშორულ ზონაში დაფუძნებული კომპანია. მისი დამუძნებელია შპს „აგრესტონ ჰოლდინგი“, კვიპროსი, 259078.
შევაჯამოთ: „საქართველოს რკინიგზამ“ ოფშორულ ზონაში დაფუძნებულ კომპანიას ხელშეკრულება გაუფორმა თანხით 20 000 000 ლარი. ვნახოთ, რა ხელშეკრულებაა ეს? რა მომსახურებას მოიცავს? რა მეთოდით შეისყიდეს? თუ ხელშეკრულებაში ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმებულია გამარტივებული (უტენდერო) შესყიდვის მეთოდით. კერძოდ, გამოყენებულია სახელმწიფო შესყიდვების კანონის მე-10 პრიმა მუხლის, მე-3 პუნქტის „ბ“ ქვემუხლი, რომელიც არის „გადაუდებელი აუცილებლობით“ შესყიდვა.
აქვე გთავაზობთ ამონაწერს სახელმწიფო შესყიდვების კანონიდან:
სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით,
თუ:
ბ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა; ასეთ შემთხვევაში შესასყიდი საქონლის რაოდენობა, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესაბამის ვადებს.
ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია დადგეს ისეთი ვითარება, როდესაც მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომ აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებულად. მიზეზი, _ გადაუდებელი აუცილებლობის მეთოდს იყენებენ სტიქიური უბედურებების, მეწყრის მიწისძვრის დროს და ა. შ. და თუ შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას ექმნება საფრთხე, ამ შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს მხოლოდ იმ ვადით, რა ვადაც სჭირდება ამ კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას.
ჩვენს შემთხვევაში, არ დაიჯერებთ და, ხელშეკრულება გაფორმებულია 2 წლის ვადით.
რა აუცილებლობა იყო ხელშეკრულების 2 წლის ვადით გაფორმებისა? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა და საკითხავია, საერთოდ იდგა კი „გადაუდებელი აუცილებლობა“?
ვნახოთ, რა ხელშეკრულებაა ეს და რას ემსახურება იგი? ხელშეკრულების მიხედვით ეს არის:
მიმწოდებლის, ანუ შპს „ქართული სალოკომოტივო კომპანიის“ მიერ შემსყიდველისათვის სადგურიდან ესტაკადაზე ვაგონ-ცისტერნების მიწოდება-გამოყვანის მომსახურების და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესყიდვის სახელმწიფო ხელშეკრულება.
აგრეთვე, შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე ჩაატაროს ნორმების დაცვით სხვადასხვა მანევრი, ვაგონ-ცისტერნების მიწოდება-გამოყვანის პროცედურები და ა. შ.
როგორც ვხედავთ, ეს არის ყოველდღიური რუტინული მომსახურება, რასაც ჩვეულებრივ რეჟიმში ახორციელებს რკინიგზა, აგერ უკვე, რამდენი ათეული წელია. ამ წლების განმავლობაში ასეთი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. და თუკი ასეთი სიტუაცია დადგა, რომ ვერავინ ასრულებდა მსგავს მომსახურებას, მაშინ, ჯერ ერთი, ეს არის რკინიგზის მენეჯმენტის უუნარო და თავმოუბმელი მუშაობის შედეგი და მეორე, _ ასეთ სიტუაციაში, კანონის მიხედვით, ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს პირველადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ანუ იმ პერიოდზე, რომ არ შეფერხდეს სარკინიგზო გადაზიდვები და ამ დროში შესაძლებელი ყოფილიყო ელექტრონული ტენდერის ჩატარება.
როგორ მოიქცა რკინიგზა, ანუ შპს „ჯორჯიან ტრანზიტი“? მან ყოველგვარი ტენდერის გარეშე და კანონის დარღვევით გააფორმა ხელშეკრულება შპს „ქართულ სალოკომოტივო კომპანიასთან“, რომელიც 100%-ით რეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში. ეს ხელშეკრულება გაფორმებულია 2016 წლის 22 სექტემბერს. სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე, გამარტივებული ხელშეკრულების მოდულში, სადაც ეს ხელშეკრულება იტვირთება, მოცემული უნდა იყოს აგრეთვე გადახდები და ინვოისები.
გაგიკვირდებათ, ალბათ, მაგრამ აქ ატვირთულია მხოლოდ 2015 წლის გადახდები და ინვოისები და არ ჩანს, თუ რა თანხებია გადარიცხული და რა მომსახურება შესრულდა 2016 წლის განმავლობაში. ხელშეკრულების სტატუსია „მიმდინარე ხელშეკრულება“, შესაბამისად, ისმის კითხვა: რატომ იმალება ეს გადახდები და თუ ეს კომპანია ამ მომსახურებას არ ახორციელებს, მაშინ რატომ არ არის ეს ხელშეკრულება დასრულებული, აგერ უკვე, 6 თვეა?
ქვემოთ გთავაზობთ 2015 წლის ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში ამ ხელშეკრულებით გადახდილ თანხებს თვეების მიხედვით:
2015 წლის თვე გადამხდელი: შპს „ჯორჯიან ტრანზიტი“ (100% რკინიგზა)
მიმღები: შპს „ქართ. სალოკომოტ. კომპანია“
100% ოფშორული კომპანია
ოქტომბერი 800 867
ნოემბერი 704 297
დეკემბრის ნახევარი 536 677
რა ხდება ამ ხელშეკრულების გარშემო, ძალიან რთული სათქმელია.
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მთავრობა მალავენ, იპარავენ ხელშეკრულებებს. ამის ბრწყინვალე დადასტურებაა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რომელსაც 4 წლის განმავლობაში არც ერთი ხელშეკრულება არ დაუდევს ვებგვერდის მიხედვით.
ასე რომ, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უბრალოდ არ ხდება ამ გადახდების ატვირთვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინ ახორციელებს დღეს ამ მომსახურებას, რომელიც ასე საჭირო იყო, რომ ის გადაუდებელი აუცილებლობით გაფორმდა?
ჩვენ გადავამოწმეთ სატენდერო მოდულიც და ვაცხადებთ, რომ შპს „ჯორჯიან ტრანზიტს“ არ გამოუცხადებია არც ელექტრონული ტენდერი და არც ელექტრონული პროცედურით უსარგებლია.
რა ხდება დღეს? ვინ ემსახურება რკინიგზას? სად მიდის ბიუჯეტის თანხები? რატომ არ არის ასახული გადახდილი თანხები სისტემაში? რატომ არ ატარებს შპს „ჯორჯიან ტრანზიტი“ ტენდერს?
ეს არის ის შეკითხვები, რომელზედაც, ალბათ, პასუხს ვერ მივიღებთ.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმებულია სახელმწიფო შესყიდვების კანონის დარღვევით, ჩვენი აზრით, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ამ ხელშეკრულებით, მინიმუმ, ბიუჯეტი იზარალებს 2 000 000 ლარს და მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.
შემდეგი საინტერესო შესყიდვა, რომელსაც „საქართველოს რკინიგზა“ ახორციელებს, გახლავთ 45 ელმავლის შესყიდვა. თითო ელმავლის ღირებულება შეადგენს 10 500 000 ლარს და ჯამში 45 ელმავლის ფასი შეადგენს 4 725 000 000 ლარს, თითქმის ნახევარ მილიარდს. ეს საქართველოსთვის ნამდვილად დიდი თანხაა და ვნახოთ, როგორი სერიოზულობით მოეკიდა შემსყიდველი ორგანიზაცია ამ ტენდერს. მივყვეთ თანმიმდევრულად: 2015 წლის 15 დეკემბერს შესყიდვების ვებგვერდზე სს „საქართველოს რკინიგზამ“ ინფორმაცია დადო, რომ ის აცხადებს ინტერესთა გამოხატვას და იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. წინადადებების მიღების ბოლო ვადა არის 30 დეკემბერი(?!!). ხომ კარგი დროა შერჩეული ამ პროცესისთვის?! თუ მოთხოვნილი დოკუმენტაციების ნუსხაში ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ აქ მოთხოვნილია სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტი ბანკებიდან, სარეგისტრაციო მოწმობები და ა. შ. მოგეხსენებათ, ეს პერიოდი ემთხვევა საშობაო და საახალწლო დღესასწაულებს და პრობლემას უქმნის კომპანიებს დოკუმენტაციის შეგროვებაში.
ეს ერთი! მეორე: თქვენ ბევრი გეგულებათ საქართველოში კომპანია, რომელიც ამ ხელშეკრულების შესრულებას შეძლებს? ანუ 45 ახალი ელმავლის წარმოებას? ასეთი არის მხოლოდ ერთი _ სს „ელმავალმშენებელი“ და თუ გავითვალისწინებთ, რომ აქ განსაზღვრულია სასესხო ხელშეკრულებებიც, ეს საკმაოდ ძნელი შესასრულებელი იქნება.
შემდეგი საკითხი: ალბათ, გაგიკვირდებათ და დოკუმენტაცია შედგენილია ქართულ და რუსულ(?!!) ენებზე. საინტერესოა, რატომ?! თუ გავითვალისწინებთ და გავიხსენებთ, ვის ეკუთვნის დღეს „ელმავალმშენებელი“ და ვინ ლობირებს ამ კომპანიებს, ადვილი მისახვედრი იქნება, თუ რატომაც არის დოკუმენტაცია რუსულ ენაზეც.
დოკუმენტაცია, რის საფუზველზედაც უნდა მოხდეს შერჩევა, შეფასება და ხელშეკრულების პირობების ჩამოყალიბება, ვერ წარმოიდგენთ და, სულ 7 გვერდზეა გაწერილი. შედარებისთვის რომ ავიღოთ, ნებისმიერი სამშენებლო, ან საქონლის შესყიდვის 100-50-ათასიანი ტენდერი, მინიმუმ, 20-30 გვერდია თავისი ხელშეკრულების ნიმუშებით, საბანკო გარანტიებითა და ა. შ.
ახლა ვნახოთ, დღეს რა ხდება? დღეის მდგომარეობით, როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ განაცხადეს, მიმდინარეობს მიღებული წინადადებების შეფასება და გამარჯვებული კომპანია ჯერ არ გამოუვლენიათ.
2015 წლის დეკემბრის შემდეგ 7 თვე გავიდა და თუ ეს პროცესი ამდენ ხანს მოითმენდა, საინტერესოა, რატომ იჩქარეს გამოცხადება საახალწლოდ და ვადა 15 დღე მისცეს, როდესაც საერთაშორისო პრაქტიკა ასეთი დიდი თანხების შესყიდვის შემთხვევაში, მინიმუმ, 45 დღეს ითვალისწინებს?
აქ არის კიდევ ერთი ფრიად ყურადსაღები ფაქტორი: რატომ არ არის ჩართული ამ შესყიდვაში ქვეყნის მთავარი მაკონტროლებელი და პოლიტიკის შემმუშავებელი _ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“? რატომ არ არის ღია შეფასების პროცესი? რატომ არ იყო საზოგადოებისთვის ცნობილი ამხელა მოცულობის შესყიდვის შესახებ და რატომ დაიდო ეს 500 000 000-ლარიანი შესყიდვა მხოლოდ ქართულ საიტზე? რატომ არ გამოცხადდა ეს შესყიდვა ევროპისა და მსოფლიოს ცნობილ სატენდერო საიტებზე, სადაც ყველა ევროპული ტენდერია განთავსებული?
რა თქმა უნდა, ეს იყო აშკარა მცდელობა უცებ, ფართხა-ფურთხში, როგორც სჩვევიათ, გაეძვრინათ ეს შესყიდვა, მაგრამ რაღაც ისე არ წავიდა, რაღაცამ ხელი შეუშალა „რკინიგზას“, რომ ამდენი ხანი ვერ აფორმებს ხელშეკრულებას. ალბათ, ისევ სხვადასხვა გავლენის ჭიდილია რუსულ მხარესა და ქართულ მხარეს შორის.
დაველოდოთ შედეგებს და ჩვენს მკითხველს აუცილებლად მივაწოდებთ დამატებით ანალიზს ამ შესყიდვაზე. წინასწარ გეტყვით, რომ ეს შესყიდვაც პირდაპირი, ღია ტენდერის გარეშე მიმდინარეობს.
ახლა შემოგთავაზებთ ერთ მაგალითს, თუ როგორ ატარებს ელექტრონულ ტენდერებს სს „საქართველოს რკინიგზა“.
„საქართველოს რკინიგზის“ ტენდერებს ახორციელებს შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი“, რომელიც ისევ სს „რკინიგზის“ დაფუძნებულია (100%). ეს კონკრეტული შესყიდვა ითვალისწინებდა დასუფთავება მომსახურების შესყიდვას. საწყისი თანხა 180 000 ლარი იყო.
ქვემოთ გთავაზობთ ელექტრონული ტენდერის ვაჭრობის შედეგს:
• #SPA160015486
• დოკუმენტაცია
• შეთავაზებები
• შედეგები
• ხელშეკრულება
გვერდის განახლება გადახდები ტექნიკური დოკუმენტაცია
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 180`000.00
მოწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვე
წინადადებების მიღება დასრულებულია!
პრეტენდენტი „ქარიზმა“
ბოლო შეთავაზება თანხა/დრო 180`000.00 14.06.2016 11:17
პირველი შეთავაზება თანხა/დრო 180`000.00 14.06.2016 11:17
შეთავაზებები [1] ნახვა+
პრეტენდენტი SKY GROUP
ბოლო შეთავაზება თანხა/დრო 160`000.00 14.06.2016 11:36
პირველი შეთავაზება თანხა/დრო 180`000.00 14.06.2016 11:36
შეთავაზებები [2] ნახვა+
პრეტენდენტი „პროგრეს სერვისი“
ბოლო შეთავაზება თანხა/დრო 148`200.00 14.06.2016 10:56
პირველი შეთავაზება თანხა/დრო 155`550.00 13.06.2016 20:37
შეთავაზებები [2] ნახვა+
პრეტენდენტი "დრ. როდგერ კონტრაქტ ქლინინგი"
ბოლო შეთავაზება თანხა/დრო 135`000.00 14.06.2016 10:34
პირველი შეთავაზება თანხა/დრო 178`799.00 13.06.2016 13:01
შეთავაზებები [2] ნახვა+
პრეტენდენტი „ნათია +“
ბოლო შეთავაზება თანხა/დრო 129`000.00 14.06.2016 12:35
პირველი შეთავაზება თანხა/დრო 144`000.00 14.06.2016 11:42
შეთავაზებები [2] ნახვა+
როგორც ხედავთ, ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა შპს „ნათია+“-მა, რომელიც წლებია, უკვე არსებულ ბაზარზეა და საკმარისზე მეტი გამოცდილება აქვს, ასეთი ტიპის ხელშეკრულებები შეასრულოს. სატენდერო კომისიამ მოითხოვა გამოცდილებისა და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვა ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. შპს „ნათია+“-მა ატვირთა გამოცდილების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარების აქტები, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, ინვოისები, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დარწმუნდე, _ კომპანიამ ასეთი ტიპის სამუშაოები შეასრულა, მხოლოდ ვერ მოახერხა ხელშეკრულების ატვირთვა, რომელიც, სხვათა შორის, სახელმწიფო შესყიდვების საიტზეც არის განთავსებული. გარდა ამისა, კომპანიამ ატვირთა ზუსტად იგივე, მსგავსი ტიპის სამუშაოებზე 20%-იანი დაკლების შემთხვევაში, კომპანიის მიერ შესრულებული კონტრაქტიც.
მიუხედავად ამისა, სატენდერო კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო და შპს „ნათია+“-ს დისკვალიფიკაცია მიანიჭა იმ მიზეზით, რომ მან არ ატვირთა ხელშეკრულება.
ამის შემდეგ ნახეთ, რა ხდება? _ შპს „ნათია+“-მა დავების საბჭოში გაასაჩივრა და დავების საბჭოსთან შეხვედრის დროს ის ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, წარადგინა. დავების საბჭომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო და შპს „ნათია+“ ტენდერიდან მოხსნეს. მეორე ადგილზე გასული კომპანიის თანხა 6000 ლარით ძვირია და, შესაბამისად, ბიუჯეტი, მინიმუმ, 6000 ლარს იზარალებს, ისიც თუ კომპანია პირობებს დააკმაყოფილებს.
რატომ მოვიყვანეთ ეს მაგალითი?
შესყიდვის გამოცხადების თარიღი 27.05.2016 18:01;
წინადადებების მიღება იწყება 10.06.2016 00:04;
წინადადებების მიღება მთავრდება 14.06.2016 12:00.
ხედავთ, რომ 180 000-ლარიან შესყიდვაზე ტენდერის ვადა არის 17 დღე, ხოლო 500 000 000-ლარიან შესყიდვაზე (45 ელმავლის) ინტერესთა გამოხატვაზე მიცემულია, როგორც გახსოვთ, 15 დღე.
ნახეთ, რა პრინციპულობას იჩენს სატენდერო კომისია და ზუსტად მიჰყვება ინსტრუქციებს იმის გამო, რომ ხელშეკრულება ვადაში არ აიკრიფა, რომელიც, ფაქტობრივად, არც იყო საჭირო. ამიტომ მისცა დისკვალიფიკაცია კომპანიას და ზევიდან კიდევ „ყოჩაღმა“ „დავების საბჭომ“, რომელმაც ეს უაზრო, მცდარი, მავნებლური გადაწყვეტილება დაუკანონა „რკინიგზას“. გავიხსენოთ: ეს ის „რკინიგზაა“, რომელმაც 20 000 000 ლარი ჰარი-ჰარალეზე გაუფორმა ოფშორულ კომპანიას.
საერთაშორისო პრაქტიკით ასეთი ე. წ. არატვირთვა ხელშეკრულების და/ან დაგვიანებით ატვირთვა, აღიქმება, როგორც არამნიშვნელოვანი და ამის გამო თანხებს არ კარგავენ.
იქნებ, შესყიდვების სააგენტომ ინებოს და გაიღვიძოს, მაგრამ პრობლემა უფრო სხვაგან არის _ ეს სისტემური პრობლებაა, რომლის მოგვარებასაც აღმასრულებელი ხელისუფლება არც ცდილობს და არც აინტერესებს.
აი, ასე იფლანგება ბიუჯეტის ფულები დიდსა თუ პატარა შესყიდვებში.
გიორგი ბაჯელიძე
ა/ო შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი