QronikaPlus
მდინარე გვირაბში - შენელებული მოქმედების ნაღმი?!

მდინარე გვირაბში - შენელებული მოქმედების ნაღმი?!

2016-07-29 05:28:53

სხვადასხვა კვლევის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში, თბილისში ნალექების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა, რომელიც გლობალური დათბობის შედეგია. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ საქართველო ამისთვის ისე უნდა ემზადებოდეს, როგორც განვითარებული სახელმწიფოები იქცევიან. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ლაშა ჩხარტიშვილი: _ ხელისუფლებისთვის ფაქტები ცნობილი იყო, წინასწარ არაფერი შეისწავლა, არ შეცვალა, არ ეცადა წინამორბედი ხელისუფლების დანაშაულის გამოსწორებას, ამ ტრაგედიამდე საკმაოდ დიდი ხნის მოსულები იყვნენ და საკითხზე არც უფიქრიათ. გარდა ამისა, მათ სხვა სახის პრევენციული ღონისძიებების ჩატარების ვალდებულება ჰქონდათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ 4 დღით ადრე შედარებით მცირემასშტაბიანი ტრაგედია დატრიალდა, რომელიც მხოლოდ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს შეეხო, მაშინაც მსგავსი მოვლენები განვითარდა. ეს იყო სიგნალი და ხელისუფლება ვალდებულიც ბრძანდებოდა, რომ ვერის ხეობაში არსებული მდგომარეობა შეესწავლა. მეწყრის ჩამოწოლის პროგნოზირების საშუალებაც ექნებოდა ხელისუფლებას და ადეკვატური რეაგირებისაც, რაც არ გაუკეთებია. მეტიც, არ ყოფილა გაფრთხილება მაღალი ნალექების რაოდენობაზე, რაზედაც, ჩვენი ინფორმაციით, წინასწარ იცოდნენ; არ იყო ზუსტი ლოკალიზებით დადგენის საშუალება, მაგრამ მაინც არსებობდა. ახლანდელი გარემოს დაცვის სააგენტო ამაზე საუბრობს. _ რის გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას? _ პროგნოზის არარსებობა ასევე პასუხისმგებლობის საკითხია იმიტომ, რომ დღემდე არ არსებობს სათანადო აღჭურვილობა და ხელისუფლება ამისათვის რამდენიმე მილიონს ვერ იმეტებს. არადა, საუბარი ეხება გარემოს, ადამიანის სიცოცხლეს, სოფლის მეურნეობას და ა. შ. კონკრეტული უბნების მიხედვით გაკეთებული ამინდის პროგნოზი არ გაგვაჩნია. ვგულისხმობ 2 ძირითად რადარს, რომელზედაც გარემოს დაცვის სააგენტო საუბრობს, დღემდე არ შეუსყიდია ხელისუფლებას და დღემდე ვერ იმეტებს ფულს. მხოლოდ უცხოელების იმედად ტოვებს ისეთ მნიშვნელოვან სფეროს, როგორიც არის გარემოს დაცვა და გრანტების იმედზე არიან. სამაგიეროდ, მილიონები იხარჯება კონცერტებზე. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობას ურჩევნია, საკუთარი სიცოცხლე და მოსავალი გადააჩინოს, ვიდრე კონცერტებს უსმინოს წინასაარჩევნო პერიოდში. მოქმედი ხელისუფლება წინამორბედს ერთი ერთში დაემსგავსა. ჩვენ კამპანია გვქონდა სააკაშვილის წინააღმდეგ და როგორც ჩანს, დროა, კამპანია დავიწყოთ დიქტატორ ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან სხვა პრემიერებს ამ ქვეყანაში არავინ არაფერს ეკითხება. ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი რადარის ისტორია, ეს გახლავთ „დელტას“ რადარი. „დელტა“ თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო ორგანიზაციაა, კომერციული სუბიექტია და, შესაბამისად, მას ბიუჯეტი აფინანსებს. გაურკვეველია, რატომ არ გამოიყენეს ამ ორგანიზაციის განკარგვაში არსებული რადარის მონაცემები პროგნოზირებისთვის?! მე დავუკავშირდი ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურისა და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებს, რომლებიც მემორანდუმის საჭიროებაზე საუბრობენ, რომ ინფორმაცია უნდა გაცვლილიყო გარემოს სააგენტოსა და „დელტას“ შორის. სრულიად გაუგებარია, რატომ არის საჭირო ეს ფორმალობები, როდესაც საუბარია ორ ორგანიზაციაზე, რომელსაც ბიუჯეტი აფინანსებს და თავისი არსით სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენს?! პროგნოზირებისა და გზის შესწავლის საკითხის გარდა არსებობს ძალიან მარტივი და ყველაზე თვალსაჩინო საკითხი _ სიკვდილის ტრასა, ვერის მაგისტრალი, რომელზედაც ადამიანების გადარჩენა უპირობოდ შეიძლებოდა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სვანიძის ქუჩა წყლით ივსებოდა 48 წუთის განმავლობაში და სწორედ ამ პერიოდში დაიღუპნენ იქ ადამიანები. ამ 48 წუთის განმავლობაში ვერის მაგისტრალზე წყალი არ შედიოდა, თამარაშვილის ქუჩის ქვეშ არსებულ გვირაბში საცობი იყო წარმოქმნილი და ამან გამოიწვია ის, რომ სვანიძის ქუჩა წყლით გაივსო, ადამიანები კი დაიხრჩვნენ, მაგრამ ჯერ კიდევ ამ 48 წუთში, სანამ მაგისტრალის მეორე მხარე გაივსებოდა, 48-ჯერ კი არა, 96-ჯერ შეიძლებოდა გადაკეტვა, რომლსაც სულ 2 ავტომანქანა ეყოფოდა. ეს არ მომხდარა და სწორედ ამ სიკვდილის ტრასაზე შედიოდნენ ადამიანები, რომელთაც არ იცოდნენ, რა ხდებოდა რამდენიმე ათეულ მეტრში. მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ვერტმფრენის გამოყენების საჭიროება, რაც არ მომხდრა და ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში არ მოიძებნება პილოტი, რომელსაც სათანადო ინფორმაცია ექნებოდა ქალაქის პირობებში ღამით ფრენის თაობაზე. ამბობენ, რომ სააკაშვილის მიერ საკუთარი სიამოვნებისთვის შეძენილი ვერტმფრენი შეიძლებოდა ამ მიზნებისთვის გამოყენებულიყო, მაგრამ პილოტი არ გვყავდა. ვერტმფრენს არ ვიცი, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში რა ბედი ეწია, მაგრამ ფაქტია, მის გამოყენებაზე არც უფიქრიათ. ერთი სიტყვით, ადამიანების გადარჩენა შეიძლებოდა, თუკი ხელისუფლება ადეკვატურად იმოქმედებდა. არც ახლაა განხორციელებული და ვერის მაგისტრალი სიკვდილის ტრასად რჩება! დღესაც წარმოადგენს შენელებული მოქმედების ნაღმს, რადგან მდინარე გვირაბში მოქცეული რჩება. _ ამ საკითხზე ბევრი სპეციალისტის აზრი მოვისმინეთ... _ დიახ, მდინარის გვირაბში მოქცევა და ვერის ხეობის დაკონსერვება დაუშვებელი იყო, საშიშროება ისევ არსებობს, თუკი გზა ესტაკადად არ გადაკეთდა და ხიმინჯებზე არ დადგა. ფაქტია, რომ წყალს თავისუფალი გადაადგილების საშუალება სჭირდება და როდესაც გასასვლელს ვერ პოულობს, ადრე თუ გვიან, დაანგრევს იმ სივრცეს, სადაც მოქცეულია. რაც შეხება კიდევ ერთ საკითხს ტრაგედიის განმეორების ალბათობაზე: გარემოს დაცვის სააგენტოს დაკვეთით განხორციელებული კვლევის თანახმად, თბილისში, ბოლო წლების განმავლობაში, ნალექების რაოდენობა გაზრდილია 25%-ით. ეს არის გლობალური დათბობის შედეგები და საქართველო ამისთვის ისე უნდა ემზადებოდეს, როგორც განვითარებული სახელმწიფოები, რომ შეარბილოს გლობალური დათბობის გავლენა ადამიანის მსხვერპლზე, გარემოს დაზიანებაზე და სხვა ღირებულებებზე. თუმცა ჩვენთან ამის მზაობა, პრაქტიკულად, არ არსებობს. ერთადერთი, რაც ვერის ხეობაში გაკეთდა, ეს არის წინასწარი შეტყობინების სისტემის დამონტაჟება. ეს ძალიან კარგია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის მცირე დროით ადრე შეიძლება ამოქმედდეს. ტრასა იგივე სახით აღდგა, რისთვისაც დახარჯული ფულიც გადაყრილია. აქ შეიძლებოდა გამოეყენებინათ დროებითი ხიდების სიტემა და არა თავიდანვე კაპიტალურად გაეკეთებინათ გზა, რომელიც აუცილებლად დასანგრევია, რადგან ესტაკადა უნდა გაკეთდეს. გარდა იმისა, ეს სისტემა დამონტაჟდა მხოლოდ ვერის ხეობაში, არ დამონტაჟებულა არც ერთ სხვა მდინარეზე, მაგალითად, არანაკლებ საშიშ დიღმის წყალზე, წავკისის თუ სხვა მდინარეებზე. ანუ სადაც კატასტროფა მოხდება, იქ ამონტაჟებენ. ასე მოხდა თერგის შემთხევვაში, როცა 11 ადამიანი იმსხვერპლა და პასუხი იქაც არავის უგია. დაუსჯელობის სინდრომი ბევრი დანაშაულის საწყისია!  

                                                                                                                  თამარ ბატიაშვილი

   

გაზიარება