QronikaPlus
ხათუნა ლაგაზიძე: „გამარჯვების შანსი გვაქვს, თუკი ელექტორატში უიმედობის დაძლევას შევძლებთ“

ხათუნა ლაგაზიძე: „გამარჯვების შანსი გვაქვს, თუკი ელექტორატში უიმედობის დაძლევას შევძლებთ“

2016-07-23 10:24:03

პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძვის. პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ამის რეალური შანსი იმ შემთხვევაში იქნება, თუკი პარტია მოსახლეობასთან მაქსიმალურად ბევრ შეხვედრას ჩაატარებს და ქართულ საზოგადოებაში გამეფებული უიმედობის დაძლევას მოახერხებს. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა ლაგაზიძე: _ ქალბატონო ხათუნა, რა ხდება თურქეთში და რა გავლენას ახდენს ეს პროცესები საქართველოზე? _ ის, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან გვქონდა საქმე, ამაზე მთელი მსოფლიო შეჯერებულია. თუმცა ვინ იდგა მის უკან, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს, დღეს ამაზე კონკრეტულად საუბარი ძალიან რთულია. უამრავ ვერსიას ვისმენთ, დაწყებული თვითონ თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური ვერსიიდან, რომ ამის უკან კარგად ცნობილი ფატულა გიულენის (რომელიც კარგა ხანია, ამერიკის შეერთებულ შტატებშია) ოპოზიციური დაჯგუფებაა. ასევე ვნახეთ თურქეთის ოფიციალური სააგენტოს ინფორმაცია, რომ აჯანყებულების მხარეს სამხედრო ოპერაციაში რუსი მფრინავი მონაწილეობდა. თავად თურქეთის ოპოზიციასაც აქვს ვერსია და, ამ შემთხვევაში, ქვეყნის ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს, თითქოსდა, ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ თურქეთის ხელისუფლებაში ავტორიტარული ტენდენციები გაძლიერდეს. ამ გადასახედიდან ძნელია (ეს ყველაფერი ცხელია), რომ რომელიმე ამ ვერსიის, ან სხვა ვერსიების რეალური წონა შევაფასოთ. მაგრამ ფაქტი ერთი გახლავთ: დღეს დასავლეთი საფრთხეს ხედავს, რომ ამ უმძიმესი ტრაგედიის შედეგად, თურქეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, უფრო გაამკაცროს ქვეყანაში არსებული კანონები და შეზღუდოს ის თავისუფლებები, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის გარანტირებული. თუმცა საქართველოსთვის ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის სავარაუდო სცენარი, რომლის ფარგლებშიც თურქეთისა და შეერთებული შტატების ინტერესთა სერიოზული შეჯახება შეიძლება ვიხილოთ. საუბარია იმაზე, რომ თუ თურქეთი მოითხოვს ფატულა გიულენის გადმოცემას და შტატებმა გადმოცემაზე უარი თქვა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება სერიოზულად დაიძაბოს ანკარისა და ვაშინგტონის ურთიერთობები, რამაც, სავარაუდოდ, შეიძლება გამოიწვიოს თურქეთის პოლიტიკურ წრეებში იმ ვერსიის ლობირება, რომ ქვეყანა კვლავ უნდა დაუახლოვდეს რუსეთს. ეს საქართველოსთვის ყველაზე მძიმე სცენარი იქნება. კიდევ ერთი, რაც საქართველოსთვის რისკებს ზრდის, ეს არის თურქეთში შესაძლო არეულობის ფონზე ტერორიზმის საფრთხის ზრდა. მოსაზღვრე ქვეყანაა და იქ ტერორიზმის აფეთქება, თავად განსაჯეთ, რამხელა რისკების შემცველია თავად საქართველოსთვისაც. ამ ეტაპზე საქართველოსთვის, ხელისუფლებისთვის, პოლიტიკური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოს თანამშრომლობა და სტრატეგიული ურთიერთობები თურქეთის ხელისუფლებასთან. ასევე, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, შენარჩუნდეს და გაძლიერდეს აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის კვანძის გავლით არსებული ენერგეტიკული, სატრანზიტო და სხვა სახის ეკონომიკური თუ პოლიტიკური პროექტები, რაც საქართველოს როლსა და ადგილს დასავლეთისთვის მიმზიდველსა და განუმეორებელს ხდის. თუმცა, როგორც გითხარით, განსაკუთრებით ნიშანდობლივია თავად რუსეთის რეაქცია. მოსკოვის რეაქციები გადატრიალების პირველსავე წუთებიდან ადასტურებს, რომ შედგების მაქსიმალურად თავის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცდება. ამ შემთხვევაში, სათავისოდ გამოყენებაში ვგულისხმობ რუსეთ-თურქეთის დაახლოების ახალი ეტაპის გაჩენას, რაც საქართველოს ინტერესებისთვის უკუპროპორციულია. ანუ მთავარი ისაა, რომ აშშ-ს ინტერესების შემცირება (სავარაუდოდ, თუ ასეთი რამ მოხდა რეგიონში) ეს კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის საქართველოს რუსული საფრთხის წინაშე. ამიტომ ჩვენი სასიცოცხლო ინტერესია, რომ ამ გადატრიალების მცდელობას ყველაზე ნაკლებად მოჰყვეს თურქეთისა და აშშ-ს ურთიერთობების გაუარესება. პირიქით, ჩვენთვის იდეალური ვერსია იქნება, თუ ამ გადატრიალების მცდელობის შედეგად თურქეთ-ამერიკის ურთიერთობას ბზარი არ გაუჩნდება. ფაქტი ერთია: დღეს, როდესაც განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთი თურქეთს სტრატეგიულ პარტნიორობას სთავაზობს, საქართველოს, როგორც არასდროს, გონიერი, მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი ხელისუფლება სჭირდება, რომ მინიმუმამდე შევამციროთ ის რისკები და გამოწვევები, რომლებიც სულ უფრო მეტი იქნება და გავზარდოთ საქართველოს როლი დასავლელ მეგობრებთან ურთიერთობაში. _ შიდა პროცესებზე გადავიდეთ. რა დამოკიდებულება გაქვთ ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების („რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჯი-ეფ-კეისა და პარტია „ქართული ოცნების“ შიდა კვლევები) შედეგების, მათ შორის, თქვენი რეიტინგების მიმართ? _ რთულია, სხვადასხვა წყაროთი გამოყენებული კვლევების შეფასება, რადგან ხშირ შემთხვევაში ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, თქვენ მიერ მოყვანილ ორ შემთხვევაზე თუ ვიმსჯელებთ, „რუსთავი 2“-ის დაკვეთილ რეიტინგებში ჩვენ მესამე ადგილზე ვართ. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კვლევებს, ის ჩვენ ოფიციალურად არ გვიხილავს. მაგრამ „ოცნების“ პიარსტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ზურაბ ბიგვავა, გაზეთ „რეზონანსში“ წერდა, რომ მათ ხელთ არსებული ახალი ტენდენციების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილიდან დაბლა ინაცვლებს და ამ ადგილის დაკავების ყველაზე რეალური პრეტენდენტი, სწორედ, პაატა ბურჭულაძის ახალი პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ არისო. ასე რომ, აქაც კი განსხვავებაა ერთი კვირის ინტერვალებით ჩატარებულ კვლევებსა თუ ინფორმაციებში. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი ის განწყობაა, რომელიც ჩვენს ხალხშია. სადღეისოდ, ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ყველაზე ინტენსიურად და ხშირად ხვდება მოსახლეობას მთელი საქართველოს ფარგლებში. და ეს შეხვედრები, იქ დანახული პრობლემები, საზოგადოების განწყობა იმის საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ჩვენთვის ამ არჩევნებზე დაუძლეველი ამოცანა არ არსებობს. ვგულისხმობ, რომ ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული, რადგან ჩვენ მესამე თუ მეორე ადგილიდან კიდევ უფრო ზემოთ აწევის რესურსი გვაქვს. ამის თქმის საფუძველს ორი რამ გვაძლევს: ერთი, საზოგადოების დამოკიდებულება ჩვენი პოლიტიკური ძალისა და, ბუნებრივია, ლიდერის, პაატა ბურჭულაძის მიმართ. და მეორე, _ ის უზარმაზარი ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი, რომლის პროცენტი, სხვადასხვა კლევის მიხედვით, 35-50%-მდე მერყეობს. მათი ჩამოუყალიბებლობის მთავარი მიზეზი არის უიმედობა. და ამ შემთხვევაში ჩვენი პარტიის მთავარი გამოწვევა და მთავარი ოპონენტი სწორედ ეს უიმედობაა. თუ ჩვენ შევძლებთ ამ ნიჰილისტური განწყობის ნიველირებას, ეს ხალხი აუცილებლად ჩვენ დაგვიჭერს მხარს. სხვა პოლიტიკურ ძალებს ამ დიდი ნაწილის მიმხრობის შანსი არ გააჩნიათ. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენთვის ამ არჩევნებზე დაუძლეველი ამოცანა არ არსებობს. _ ბრძანეთ, რომ მოსახლეობას ხვდებით, უიმედობის გარდა კიდევ რას ხედავთ დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში და რას სთავაზობს თქვენი პოლიტიკური მოძრაობა? _ მთავარი პრობლემები უიმედობამ გააჩინა. ეს არის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მთელი რიგი, დაწყებული უმუშევრობიდან, დამთავრებული ეროვნული ვალუტის კრიზისით, სამუშაო ადგილების არარსებობით, ეკონომიკური პერსპექტივის არარსებობით... ხელისუფლებამ დღემდე ვერ მოახერხა საზოგადოებასთან ჩატეხილი ხიდის გამთლიანება. 2012 წლის არჩევნების მერე ხელისუფლებამ თავისივე ხელით ჩატეხა ის ხიდი, რომელიც მას საზოგადოებასთან ჰქონდა გაბმული და რომლის წყალობითაც ის ხელისუფლებაში მოვიდა. ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებასა“ და საზოგადოებას შორის კომუნიკაცია ბოლო წლების განმავლობაში მინიმალური იყო. ხელისუფლებამ ხალხი პროცესებიდან გაიყვანა. უცნაურია, მაგრამ საზოგადოება პროცესებში უფრო ჩართულად და, ზოგადად, მოქალაქე უფრო დაფასებულად გრძნობდა თავს წინა ხელისუფლებისას, ვიდრე ახლა. თვითონ ასე ხსნიან, რომ მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მაინც ბრძოლაში ჩართული ვიყავით და მოქალაქეობრივი ფუნქცია გვქონდაო; ვიღაცას მაინც ვებრძოდით და რაღაცისთვის მაინც ვიბრძოდითო. მეორე ნაწილს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე იყო, იმის განცდა ჰქონდა, რომ შენების პროცესში მონაწილეობდა. დღეს აქედან არც ერთია და არც მეორე. ანუ საზოგადოებას მოქალაქეობრივი ფუნქცია დააკარგვინეს და ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებასა და ფრუსტრაციას იწვევს. უნდობლობა ხელისუფლების მიმართ და იმედგაცრუება საზოგადოებაში ძალიან მაღალია. ეს ძირითადი პრობლემებია. ჩვენ რაც შეგვეხება, ძალიან სერიოზული პროგრამა გვაქვს ყველა მიმართულებით, რა საჭიროებებიც დღეს აქვს ჩვენს ქვეყანას. ეს არის ეკონომიკა, სოციალური სფერო, სამართალი, საგარეო პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა, თავისთავად განათლება, კულტურა და სპორტი, ჯანდაცვა. ბუნებრივია, ცალკე მიმართულებაა ვეტერანები და შშმ პირები. თუ საშუალება გვაქვს, შემიძლია თეზისები ჩამოგიყალიბოთ ძირითად მიმართულებებზე. _ მოკლედ გამოვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი... _ რადენიმე მიმართულებაზე მოგახსენებთ. ჩვენ ქვეყნის სივრცით მოწყობას და ქალაქდაგეგმარებას ვიწყებთ. აქედან გამომდინარე, ქვეყნის სატრანსპორტო კვანძისა და ტრანსპორტის უზრუნველყოფის პრობლემის მოგვარებას; ეკოლოგიური პრობლემის გადაწყვეტას; ქალაქდაგეგმარების პრობლემის მოგვარებას და განაშენიანებას, _ ეს დიდ ქალაქებს რაც შეეხება. ამასთანავე, ქალაქებს შევძენთ ფუნქციას და დემოგრაფიული მიმართულებით ინოვაციური მიდგომები იქნება _ ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი, ისევე როგორც ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს ყველა რეგიონში და თვითმმართველ ქალაქში გადანაწილდება. ჩვენ ამ გეგმას დეტალურად წარმოვადგენთ.შემდეგი მსხვილი მიმართულება ადგილობრივი თვითმმართველობაა. ჩვენ უზრუნველვყოფთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო დამოუკიდებლობას. ამ მხრივ საკანონმდებლო წინადადებით ძალიან მალე გამოვალთ. რაც შეეხება ეკონომიკურ მიმართულებას, აქ სოციალური დახმარების მხრივ ის ნოვაცია გვაქვს, რომ სოციალური დახმარებების დღეს არსებული ცხრილი ოთხი წელი არ გადაიხედება. ანუ დღეს ვისაც აქვს სოცდახმარება, მას ეს ოთხი წლის განმავლობაში მიეცემა და არავინ ჩამოართმევს. გარდა ამისა, აღნიშნული დახმარება გაორმაგდება. ისევე, როგორც პენსია 250 ლარის ოდენობით მოიმატებს. ჯანდაცვის კუთხით ასევე საინტერესო რეფორმები გვაქვს, რაც იმას ითვალისწინებს, რომ მაღალშემოსავლიანმა მოქალაქეემმა აღარ ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმით. დაბალშემოსავლიანი მოქალაქე აღარ დააფინანსებს მაღალშემოსავლიანების საყოველთაო ჯანდაცვას. სამაგიეროდ, აქედან გამოთავისუფლებული ფული, დაახლოებით 70 მილიონი ლარი, მოსახლეობის მოწყვლად თემებს წაადგება. ესენი არიან პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და არასრულწლოვანი ბავშვები. მათ ფინანსურად საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი გაეზრდებათ. მაგრამ ეს დამატებითი თანხა მედიკამენტების უფასო შეძენისკენაც იქნება მიმართული. ესეც ჩვენი ნოვაციაა. ისევე, როგორც სოფლის მეურნეობაში ძალიან ბევრ სიახლეს ვთავაზობთ. მოხდება სოფლებისა და რაიონების უზრუნველყოფა ზოოვეტერინარებით, ქართული ბრენდების ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობის ერთიანი ქართული ბრენდის პოპულარიზაცია. რაც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, აქ ამოსავალი ის იქნება, რომ დღეს თავდაცვის ბიუჯეტის 91% მარტო ჯარის, ანუ პირადი შემადგენლობის შენახვაზეა მიმართული, ხოლო დანარჩენი 9% შეიარაღების შესყიდვაზე, განათლებაზე, პროფესიონალიზმის ამაღლებაზე, სამხედრო მრეწველობაზე და სხვ. ჩვენ ამ დისბალანსს მოვხნსით და თავდაცვის ბიუჯეტის მინიმუმ 25% შეიარაღებაზე წავა. ასევე დიდი პროცენტი განათლებასა და პროფესიული კადრების მომზადებას დაეთმობა, სამხედრო მრეწველობას, გადავალთ პროფესიულ ჯარსა და საყოველთაო რეზერვზე. ისევე, როგორც 1500-დან 500-მდე შევამცირებთ საერთაშორისო მისიებში ქართული ჯარის მონაწილეობას, რაც საერთაშორისო ოპერაციებში ჩვენს წვლილს არ შეამცირებს, სამაგიეროდ, მოსალოდნელ მსხვერპლს შეამცირებს. სასამართლო სისტემის თვალსაზრისით ძალიან სერიოზული რეფორმები გვაქვს დაგეგმილი. განსაკუთრებით იუსტიციის საბჭოს მიმართულებით, რაც ითვალისწინებს დღეს არსებული შემადგენლობის დათხოვნას და სრულიად ახალი ტიპის საბჭოს დაკომპლექტებას. ისევე, როგორც პროკურატურის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით კონკრეტული რეფორმები გვაქვს დაგეგმილი. _ საბოლოოდ გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მარტო მონაწილეობის საკითხი? _ უდავოდ, ეს შემიძლია ერთი სიტყვით დაგიდასტუროთ. _ რა კონკრეტულ შედეგებს ელოდებით 8 ოქტომბერს? _ ამ ეტაპზე დაუძლეველი ბარიერი არ არსებობს. რეალური გამარჯვების შანსი იმ შემთხვევაში გვაქვს, თუკი ამ ჩამოუყალიბებელ ელექტორატში უიმედობის დაძლევას შევძლებთ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. დღეს არსებულ პოლიტიკურ ძალთა შორის გამარჯვების რესურსი თუ ვინმეს აქვს, მათ შორის, სწორედ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი. ყოველ შემთხვევაში, ეს შეგიძლიათ 9 ოქტომბერს გადაამოწმოთ, ჩვენ გარეშე მთავრობის ფორმირება ძალიან გაჭირდება.  

                                                                                                                    გელა მამულაშვილი

 

გაზიარება