QronikaPlus
„რიყის“ დაზარალებულები ხელისუფლებას თავს ახსენებენ!

„რიყის“ დაზარალებულები ხელისუფლებას თავს ახსენებენ!

2016-07-23 10:07:49

ყოფილი ხელისუფლების დროს რიყის ტერიტორიაზე დანგრეული შენობების პატრონებს სამართალი დღემდე ვერ უპოვიათ. ადვოკატი, რომელიც ამ ტერიტორიაზე ერთ-ერთი დანგრეული რესტორნის მეპატრონის ინტერესებს იცავს, „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ მან პროკურატურას, პრაქტიკულად, გამოძიებული მასალა ჩააბარა, თუმცა დღემდე საქმე არ იძვრის. მისი თქმით, ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაული სახეზეა, მატერიალურ ზიანზე კი სახელმწიფოა პასუხისმგებელი. სწორედ ეს არის გამოძიების გაჩერების მიზეზი, რადგან მოქმედ ხელისუფლებას ფულადი კომპენსაციის გადახდა არ უნდა.   „ქრონიკა+“-ს ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრება: _ საკითხი ეხება 2005-2007 წლებში რიყის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და რესტორნების ქსელის დემონტაჟის საქმეს. ცნობილი ფაქტია, რომ ამ წლებში რიყის ტერიტორიაზე მოხდა ამ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. აღნიშნული უძრავი ქონება ეკუთვნოდა სხვადასხვა პირს. ერთ-ერთი ასეთი პირი არის ჩემი მარწმუნებელი სს „გურჯაანი 1929“, რომლის საკუთრებაში იყო რესტორანი „საჭაშნიკე“ და აღნიშნული ქონების დემონტაჟი მოხდა. რა თქმა უნდა, იმ პერიოდში რესტორნის მეპატრონეებმა შესაბამის ორგანოებს მიმართეს, მაგრამ ვერც პოლიციიდან და ვერც პროკურატურიდან პასუხი ვერ მიიღეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როგორც ვიცით, საქართელოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი. როგორც მთავარი პროკურატურა აანონსებდა, მის მოვალეობას შეადგენდა წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების უკან დაბრუნება, ან კომპენსაციის გადახდა. ამ მიზნით უნდა მომხდარიყო კონკრეტული საქმეების გამოძიება. უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებათა რიცხვში შედიოდა რიყის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიც. კონკრეტულად ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, მოწმის სახით დაიკითხა სს „გურჯაანი 1929“-ის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მის მიერ წარდგენილია უამრავი მტკიცებულება, რომ ეს ქონება ნამდვილად მას ეკუთვნოდა, სასამართლო დავაც იყო 2005 წლამდე ამ უძრავ ქონებაზე და ფირმამ მოიგო. ამაზე სასამართლოს გადაწყვეტლებაც არის. ეს სხვა საკითხია, იმიტომ ვახსენე, რომ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს, _ სასამართლომ ეს საკუთრება ამათ მიაკუთვნა. როგორც აღვნიშნე, გამოძიების ეტაპზე დაიკითხა სს „გურჯაანი 1929“-ის დირექტორი კობა კობახიძე, მან ამ საქმის ირგვლივ წარადგინა სხვადასხვა სახის მტკიცებულება, მითითებულია იმ პირების სახელები და გვარები, რომლებიც რესტორნის ნგრევის პროცესს ესწრებოდნენ. ეს მოხდა გასული წლის ზაფხულში და მას შემდეგ, როდესაც შეიძლებოდა, რომ პროკურატურას დაჩქარებულ ვადაში თუ არა, გონივრულ ვადაში მაინც მიეღო გადაწყვეტილება მინიშნებული მოწმეების დაკითხვებთან დაკავშირებით და მუნიციპალიტეტიდან გამოეთხოვა შესაბამისი დოკუმენტები. პირიქით, საქმე გააჩერა. ტელევიზიებში ამის თაობაზე ვიდეოჩანაწერები არსებობს და ამ საქმეზე ნიადაგი იმისთვის იყო მომზადებული, რომ გამოძიებას შემდგომი ეტაპები გაევლო, ანუ დამნაშავეთა ვინაობის გამოვლენის თვალსაზრისით, გარკვეული პირობები იყო საჭირო, ჩიხში არ შესულიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა და უკვე რამდენი ხანია, ეს საქმე გაჩერებულია. პროკურატურის მიერ შესაბამისი ღონისძიებები არ გატარებულა. რატომ? ამის თაობაზე რა თქმა უნდა, კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია. _ თქვენ რით ხსნით, რატომ არ მიჰყავს ბოლომდე პროკურატურას, როგორც თქვენ ამბობთ, პრაქტიკულად გამოძიებული საქმე? _ ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ თუ გამოვლინდება ყოფილი ხელისუფლების კონკრეტული თანამდებობის პირების, თუნდაც მერიის თანამშრომლების დანაშაული, რომლებმაც უკანონოდ გასცეს ბრძანება რიყის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების ნგრევის თაობაზე, ზეპირად თუ წერილობით, მაშინ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებულ მატერიალურ ზიანზე, კანონის მიხედვით, პასუხისმგებელია სახელმწიფო. როგორც ვიცით, წერილობითი მასალა ამის თაობაზე არ ინახება, ამის შესახებ პროკურატურამ გვითხრა. ქონების დაბრუნება უკვე შეუძლებელია, რადგან დანგრეულია. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს დაეკისრება ფულადი ანაზღაურება. მატერიალურ ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო და ეს დიდ თანხას შეადგენს, ასი ათასობით ლარი იქნება გადასახდელი და ამ შემთხვევაში ფულადი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისრება. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი ეს არის. გაურკვეველია, სხვა რა მიზეზი შეიძლება იყოს? როგორც ჩანს, ეს დეპარტამენტი ფიქტიურად შეიქმნა და ამ საქმეების გამოძიებისა და ბოლომდე მიყვანის ინტერესი თავიდანვე არ ჰქონდათ. თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართავ მთავარ პროკურატურას, გაგრძელდეს გამოძიება! როგორც ადვოკატი, ვესწრებოდი კობახიძის  დაკითხვას. საქმის ირგვლივ არსებულ გარემოებებზე შესაბამისი მტკიცებულებებია წარდგენილი. წარდგენილი გვაქვს ასევე ვიდეომასალა, სადაც ავტომანქანები, მძღოლები, თანამდებობის პირების გამოსვლები, სხვა მიმდებარე ქონებათა პატრონების საუბარი, დაახლოებით ასამდე პირის კადრია ასახული ავტომანქანების ნომრებით და აქედან გამომდინარე, ვინაობის დადგენა ძალიან მარტივია. პრაქტიკულად, ჩვენ პროკურატურას გამოძიებული მასალა ჩავაბარეთ. პროკურატურა გამოძიების ჩიხში არ არის შესული და მოვუწოდებ, ჭეშმარიტების დასადგენად დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები!   ,,ქრონიკა+“ ინფორმაციის გადამოწმებას მთავარ პროკურატარასთან შეეცადა, ელ.ფოსტაზე კითხვებიც გავუგზავნეთ, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

                                                                                                             თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება