QronikaPlus
მოგების გადასახადის გაუქმება და ბიუჯეტიდან ამოგლეჯილი პოტენციური მილიონები

მოგების გადასახადის გაუქმება და ბიუჯეტიდან ამოგლეჯილი პოტენციური მილიონები

2016-07-22 09:56:02

საქართველოში ბიზნესს დამატებითი შემოსავალი უჩნდება, რაც, რეინვესტირების შემთხვევაში, მოგების გადასახადისგან განთავისუფლებას გულისხმობს. ვარაუდობენ, რომ ეს ბიზნესის გაფართოების, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და, საბოლოოდ, ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი გარანტია. ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტი ინტენსივობით მიმდინარეობს საუბარი მოგების გადასახადის გაუქმებასა და მის გავლენაზე როგორც დიდ, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესზე. ინიციატივა პირველად ამჟამინდელმა პრემიერმა გააჟღერა, როცა იგი ეკონომიკის მინისტრი იყო. აღნიშნული ცვლილება დადებითად შეაფასეს „გადასახადის გადამხდელთა კავშირმა“ და ბიზნესასოციაციებმაც. მოგების გადასახადიდან ბიუჯეტში შემოსული შემოსავალი 900 მილიონ ლარს შეადგენს. მისი ამოგლეჯა ისედაც მწირი ბიუჯეტის მქონე ქვეყნისთვის რამდენად სასარგებლო იქნება, რთული სათქმელია, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული და დეტალურად გაწერილია. თავდაპირველად, კანონპროექტი ახალი სისტემის ამოქმედებას მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ითვალისწინებდა, მაგრამ, საბოლოოდ, ამოქმედების ვადამ 2017 წლის პირველ იანვრამდე გადაიწია. ეს მას შემდეგ, რაც გადავადების თხოვნით მთავრობას ბიზნესასოციაციებმა მიმართეს. რა გახდა ამ თხოვნის საფუძველი და რა დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია როგორც ახალ კანონპროექტს, ისე ვადების გადაწევას მომავალ წლამდე? „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ბიზნესასოციაციის საგადასახადო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე და BDO-ს საქართველოს მმართველი პარტნიორი _ ზურაბ ლალაზაშვილი: _ დღევანდელი მიდგომისგან განსხვავებით, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ვანგარიშობდით, თუ რა მოგება და ხარჯები ჰქონდა კომპანიას, ვანგარიშობდით მოგების 15%-ს და ბიუჯეტში ვიხდიდით, მიუხედავად იმისა, მას პარტნიორებში ვანაწილებდით თუ  რეინვესტირებას ვაპირებდით, მიღებული რეგულაცია გულისხმობს, რომ მოგების გადასახადს გადაიხდი მხოლოდ იმ ნაწილიდან, რასაც გასცემ დამფუძნებლებზე, როგორც დივიდენდებზე. მაგალითად, თუ წლის ბოლოს კომპანიამ, პირობითად, 100 ლარი მიიღო მოგება და გადაწყვიტა, რომ საერთოდ არ გაანაწილოს თავის დამფუძნებლებს შორის ეს თანხა და იგი კომპანიის განვითარებას მოახმაროს, ამ შემთხვევაში მოგების გადასახადს არ გადაიხდის. თუ გადაწყვეტს, რომ ამ თანხის 20% გაანაწილოს სხვა აქტივობაზე, იქიდან გადაიხდის მოგების გადასახადს და პლუს დივიდენდის გადასახადს. შესაბამისად, მოგების გადასახადი იხდება იმ თანხიდან, რაც ნაწილდება დამფუძნებლებს შორის. ეს არის ერთი ნაწილი ამ ახალი მიდგომისა. მეორე ნაწილი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და იგი ყველა ბიზნესს არ ჰქონდა გათვალისწინებული, არის ხარჯების კატეგორია, რაც გაცემის მომენტში არ ითვლება ეკონომიკური სარგებლისთვის გაწეულ ხარჯებად და ასევე უნდა დაბეგრილიყო ამ გადასახადით. მაგალითად, თუ გავცემთ დახმარებას ვინმე პიროვნებაზე, ან ქველმოქმედებას, ან წარმომადგენლობითი და სხვა ნებისმიერი ხარჯი გვექნება, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული, ასეთ შემთხვევაში, ეს ხარჯიც განიხილება, როგორც მოგების გადასახადით დასაბეგრი ობიექტი და იბეგრება შესაბამისად. ასევე მნიშვნელოვანია, როცა ხდება საბაზრო ფასის გამოყენება. როდესაც საბაზროზე დაბალი ფასით მიწოდებაა, განსხვავება შეიძლება ჩავთვალოთ ამ გადასახადით დასაბეგრ ობიექტად, ანუ ამ სტანდარტულის გარდა არის სხვადასხვა შემთხვევა, როცა დაბეგვრა მოქმედებს და უნდა გადაიხადონ, რაც, პრინციპში, საქართველოში დიდი სიახლეა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, თუ ხდება თანხის გადახდა, მაგალითად არაკოოპერირებად ზონებში, ე. წ. ოფშორებში, რაღაც საქონლის ან მომსახურების მიღების სანაცვლოდ, ეს თანხა იბეგრება. ასევეა ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შემთხვევაში, იგი იბეგრება თავიდანვე და დაბრუნებისას, რა თქმა უნდა, ბრუნდება. აქ ბევრი ისეთი შემთხვევაა, რომლის გათვალისწინებაც ბიზნესს ჰმართებს. მიზანიც ის არის, რომ ბიზნესმა ზედმეტი არ გადაიხადოს. ეს არის მთავარი ამ ჩვენს ახალ სქემაში. ეს მოდელი ერთადერთია ესტონეთში, სადაც, დაახლოებით, 15 წლის წინათ მიიღეს. აქედან გამომდინარე, დიდი გამოცდილება არც არის დაგროვილი, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს, ან რა რისკები არსებობს და ასე შემდეგ. _ ამოქმედების ვადის მომავალ წლამდე გადაწევის ძირითადი მიზეზი რა იყო? _ როცა მოგების გადასახადზე ვსაუბრობთ, რომლის წლიური დეკლარირება ყოველთვის ხდებოდა, პირველი იანვრიდან უფრო უპრიანი იქნებოდა მისი შემოღება, ვიდრე შუა წელიწადში, ვინაიდან ასეთ გარდამავალ პერიოდში ყოველთვის არის ხოლმე სიტუაციები, რომლის მარტივად  გაწყვეტა ჩვენ არ შეგვიძლია. ეს იყო ერთი მიზეზი. მეორე: ძალიან მოკლე ვადაა იმისთვის, რომ ბიზნესმა გადაწყობა მოახერხოს და გაიაზროს, რასთან აქვს შეხება. თან შეიძლება, რომ წლის ბოლომდე გარკვეული ტიპის ცვლილებები კიდევ შევიდეს, ვინაიდან, როცა ამ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, ჩვენ ბოლო პერიოდში, ერთ-ორ კვირაში წამოვწიეთ მნიშვნელოვანი თემები, რომელიც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო და არ იყო. თუმცა ეს იმის გამო კი არა, რომ ვიღაცამ ცუდად იმუშავა, უბრალოდ, არ გვაქვს იმის პრაქტიკა, რომ ყველაფერი სწორად გავთვალოთ. _ „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ ინიციატივით მოგების გადასახადი, საბოლოო გაუქმებამდე, ეტაპობრივად უნდა შემცირებულიყო. რა კომენტარს გააკეთებთ? _ თუ სხვა სისტემაზე გადადიხარ, ყველა და ერთდროულად უნდა გადავიდეს, რადგან როცა ვსაუბრობთ ერთიან რეჟიმზე, თანაბარ გარემოში სამართლიანი პრინციპებიდან გამომდინარე, მაშინ ასეც უნდა იყოს. აქ პრინციპულად იცვლება სისტემა, თუ როგორ იბეგრება მოგების გადასახადი. ბიზნესის განვითარება კი მხოლოდ ერთ ფაქტორზე არაა დამოკიდებული, მით უმეტეს, გადასახადებზე, რადგან ჩვენ ისედაც გვაქვს კარგი საგადასახადო გარემო, კანონმდებლობა. ერთადერთი, რაც ყოველთვის პრობლემა ჰქონდა ბიზნესს, ეს იყო არა თვითონ კანონმდებლობა, არამედ ის, თუ როგორ იხილებოდა დავები და მოწმდებოდა. ამიტომ მხოლოდ ამ კანონის ამოქმედებით ვერ ვიტყვით, რომ რაღაც საგრძნობლად გაიზრდება. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ამ თანხებს დათვლი, ეს იწვევს საბიუჯეტო დანაკლისს, რამდენიმე მილიონი დარჩება ბიზნესში და არ წავა ბიუჯეტში. ყველანაირი ლოგიკით, თუ ბიზნესში დამატებითი სახსრებია დატოვებული, რომელიც მას საშუალებას მისცემს, რომ ახალი სერვისები განვითარდეს, პროდუქციის ხაზი გამოუშვას, ობიექტის მშენებლობა დაიწყოს, ლოგიკურად, ეს უნდა იწვევდეს ბიზნესის ზრდას გარკვეული პროცენტით, თუმცა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ვალუტა, საექსპორტო ბაზრების მდგომარეობა და ა. შ. ეს ცვლილება ფულად მოცულობებს ბიზნესში ტოვებს, რაც ჩავთვალოთ, რომ უფასო ფულადი სახსრებია, პროცენტს არ იხდი, უკვე შენზეა დამოკიდებული, სწორად გამოიყენებ თუ არა. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, თუ ბიზნესი გაიზარდა და გაფართოვდა, მისი ერთობლიობა ჩვენს ეკონომიკას ქმნის. შესაძლოა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ გაიზარდოს. ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა ამ ცვლილების. ჯამში, კარგი ცვლილებაა ბიზნესის უმეტესი ნაწილისთვის, თუმცა ამას ვერ ვიტყვით უმრავლესობაზე. შეიძლება იყოს კომპანიები, რომელთაც არსებულ რეჟიმში დარჩენა ურჩევნიათ. მაგალითად, კომპანიები, რომლებიც ინვესტიციებს დებენ და ახლა იწყებენ მუშაობას, ჯერ არ აქვთ მოგება და  რაღაც გარკვეული პერიოდის შემდგომ მათთვის შეიძლება ცუდი იყოს, რადგან საწყის ეტაპზე გარკვეული ტიპის ტრანზაქციები მათთვის დაიბეგრება, როცა წინა რეჟიმით არ დაიბეგრებოდა. არიან კომპანიები, ან არის შემთხვევები, როცა ვიღაც ცუდად სარგებლობს ამ ტიპის ცვლილებით, მერე სახელმწიფო იწყებს ხოლმე რაღაცების შეცვლას, რეგულაციების გამკაცრებას, რაც, საბოლოო ჯამში, ცუდად შემოტრიალდება. იმედი მაქვს, ბიზნესი სწორად გააანალიზებს, შემოსავლების სამსახური სწორად მიუდგება ამ პროცესებს და საბოლოოდ, გაიზრდება როგორც ბიზნესი, ასევე ეკონომიკა, თუმცა არა ყველასთვის.   ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-მა ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი მოიპოვა, სადაც გაწერილია მოლოდინები, კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეები, მხარდამჭერები და ცვლილების შესაძლო შედეგები. გთავაზობთ სამინისტროს ოფიციალურ პასუხს:   „აღნიშნულ რეფორმას ექნება პოზიტიური შედეგები. კერძოდ: • დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა; • გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობა; • გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა; • გაიზრდება ინვესტიციები; • გაიზრდება კაპიტალის მოცულობა; • გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა; • შემცირდება გარე ფინანსური შეზღუდვები; • ბიზნესს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის; • ჩამოყალიბდება კიდევ უფრო მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყებისა და წარმოების კუთხით; • გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საგადასახადო რეფორმაზე მუშაობის პროცესში რამდენიმე ათეული შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციასა და ორგანიზაციასთან. აღნიშნული შეხვედრების დროს ბიზნესის მხრიდან ცალსახად დადებითად შეფასდა რეფორმის განხორციელება საქართველოში. მოგების გადასახადის რეფორმის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. რეფორმის მომზადებაში მონაწილეობდნენ პარტნიორი დონორი ორგანიზაციები, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ექსპერტები, ასევე ესტონელი კოლეგები. შეგახსენებთ, რომ საფინანსო სექტორზე მოგების გადასახადის რეფორმა 2019 წლის პირველი იანვრიდან გავრცელდება. მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები, ასევე, ითვალისწინებს სიახლეებს საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით, რომელიც უკვე ძალაშია: კერძოდ: • საგადასახადო დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება ხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით; • დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი განთავისუფლებულია დღგ-ს თანხის გადახდისგან; • საგადასახადო კონტროლს განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო; • ხორციელდება 100 000-მდე გადამხდელისთვის უიმედო საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა _ 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებებისა და 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციების ჩამოწერა ძირითადი თანხის გადახდის პირობით. აქვე განვმარტავთ, რომ პირები, რომლებსაც კანონის მიხედვით ჩამოეწერებათ საგადასახადო დავალიანება, აღარ ახორციელებენ საგადასახადო ანგარიშგებას, არ ფუნქციონირებენ და მათი საგადასახადო დავალიანების იძულებით გადახდევინების შესაძლებლობა, პრაქტიკულად, ამოწურულია. შესაბამისად, კანონის მიხედვით, ფაქტობრივად, ხორციელდება უიმედო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა. ეს იქნება დამატებითი სტიმული, რათა ასეთი ტიპის კომპანიებმა განაახლონ საქმიანობა. კანონის ეს ნორმა, აგრეთვე, ეხება იმ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც დასახელებული პერიოდიდან შეზღუდული აქვთ საქმიანობა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ანგარიშებზე ადევთ საინკასო დავალიანებები და დაყადაღებული აქვთ საბანკო ანგარიშები, ისინიც შეძლებენ განაახლონ საქმიანობა. კანონის ეს ნორმა არ ეხებათ მოქმედ საწარმოებს“.   აღნიშნულ ცვლილებას დადებითად აფასებენ ექსპერტები და სფეროს სპეციალისტები. გიგა ბედინეიშვილი: _ ნებისმიერი გადასახადის შემცირება არის დადებითი მოვლენა, კონკრეტულად მოგების გადასახადი კი ეს არის გადასახადის ფორმა, რომელიც დაკავშირებულია სამუშაო ადგილებთან. ანუ რაც უფრო მეტი მოგება დარჩება ბიზნესს გადასახადის შემცირებს შედეგად, მით უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელება იქნება შესაძლებელი, რაც, პირდაპირპროპორციულად, სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს. ამიტომ სწორია, რომ ამისკენ მიმართეს ძალისხმევა. თავისთავად ცუდი არ არის, რომ ხელისუფლებაც ამ პოზიციაზე დადგა და ეს დათმობა შესთავაზა ბიზნესს. ბიუჯეტის დანაკლისს რაც შეეხება, ვფიქრობ, უამრავი უაზრო, ზედმეტი და გაბერილი ხარჯია, რომელიც მკვეთრადაა შესამცირებელი და ჩვენ 900 მილიონის კი არა 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი თანხის დაზოგვა შეგვიძლია თავისუფლად, ისე, რომ ამით სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხარჯები არ შევამციროთ.  

                                                                                                                             ნინო ტაბაღუა

გაზიარება