QronikaPlus
ახალი პოლიტიკური ძალა რუსეთის ახალი საყრდენი?

ახალი პოლიტიკური ძალა რუსეთის ახალი საყრდენი?

2016-07-22 09:47:18

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ სიტუაცია ჯერ მშვიდია, მაგრამ ექსპერტები ცხელ შემოდგომას წინასწარმეტყველებენ. გაზრდილი რუსული გავლენების ფონზე, გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ დასავლურ და პრორუსულ ძალებს შორის გაიმართება. პროვოკაციების საფრთხე მუდმივად არსებობს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ოკუპირებული ტერიტორიების საზღვართან. სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“-ს ალექსანდრე ჭაჭიას შვილი, სანდრო ჭაჭია, კიდევ ერთხელ, საინტერესო ინტერვიუს აძლევს: _ სანდრო, საპარლამენტო არჩევნებამდე არცთუ დიდი დრო დარჩა. სამეგრელოს რეგიონში რა ხდება? რამდენადაა მოსალოდნელი მეგრული სეპარატიზმის გააქტიურება? _ არც ისე დიდი ხნის წინათ, თქვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, სამეგრელოში მოსკოვიდან მართულ პროცესებზე ვისაუბრე, კერძოდ, მეგრული სეპარატიზმის გაღვივებაზე და ამის მაგალითად არაერთი ფაქტი მოვიყვანე. სამწუხაროდ, ამას არ მოჰყოლია სათანადო რეაქცია არც პოლიტიკური პარტიებისა და არც, ზოგადად, საზოგადოების მხრიდან. სამაგიეროდ, ამას მოჰყვა სხვადასხვა გაზეთსა და ასევე ინტერნეტსივრცეში ჩემი ლანძღვა-გინება იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ადამიანების მხრიდან, რომლებიც მე ვახსენე.  დამადანაშაულეს მეგრელებისადმი უპატივცემულობაში, მეგრელოფობიაში, ხოლო მამაჩემთან, ალექსანდრე ჭაჭიასთან ჩემი იდეოლოგიური დაპირისპირება გადაიყვანეს პირადი ინტერესების გამო კონფლიქტის ჭრილში და სწორედ ამაზე გააკეთეს ძირითადი აქცენტი. სწორედ თქვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩემი და მამაჩემის დაპირისპირების მიზეზები ავხსენი. მინდა, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩემსა და ალექსანდრე ჭაჭიას შორის დაპირისპირების მიზეზი არა განსხვავებული პოლიტიკური ხედვაა, არამედ სხვა რამ, ჩამოვთვალო მხოლოდ რამდენიმე იმ მიზეზთაგანი, რამაც, ეტაპობრივად, წლების განმავლობაში, ჩვენ შორის ურთიერთობის გაცივება და დაძაბვა გამოიწვია. ამ ადამიანებმა თავად გასცენ პასუხი საკუთარ თავს, თუ როგორ მოიქცეოდენ ისინი ჩემს ადგილზე: პირველი კონფლიქტის მიზეზი ჩემსა და ალექსანდრე ჭაჭიას შორის იყო ასლან აბაშიძის ფიგურა. ის მას დღემდე მიიჩნევს თავის მეგობრად. მეუბნებოდა, რომ ასლან აბაშიძე არის ჭეშმარიტი ქართველი, თავისი ქვეყნის პატრიოტი, კარგი მმართველი, აჭარაში მშვიდობისა და აჭარელი ხალხის კეთილდღეობის გარანტი. ცხადია, მამაჩემი მას მოსკოვიდან მხარდაჭერის გაძლიერებაში ეხმარებოდა, ხოლო მე მიმაჩნდა, რომ ასლან აბაშიძე იყო ბოღმით და კომპლექსებით სავსე პატარა დიქტატორი, რომელიც სისხლს სწოვდა აჭარას, სადაც ფულის გაკეთების საშუალება ჰქონდა მხოლოდ მის კლანს და დიდძალი თანხა, სავარაუდოდ, ნარკოტრაფიკიდან და იარაღის ვაჭრობიდან შესდიოდა. მე ასე ვფიქრობდი და ამას ხმამაღლა ვამბობდი. ცხადია, მამაჩემს ეს არ მოსწონდა. ასევე ჩვენი დაპირისპირების მიზეზი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი. ომამდე ერთი კვირით ადრე ის პუტინმა ორდენით დააჯილდოვა და ამის შემდეგ თბილისში გამოემგზავრა. როდესაც ომი დაიწყო, პუტინს მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი ჰქონდა: ერთ-ერთი სცენარის მიხედვით რუსები უნდა შემოსულიყვნენ თბილისში, დაეპატიმრებინათ ხელისუფლება, პრორუსული ოპოზიციური ძალებიდან შეექმნათ დროებითი მთავრობა და დაენიშნათ არჩევნები. სწორედ ამ დროებითი ხელისუფლების ერთ-ერთ ლიდერად მოისაზრებოდა ალექსანდრე ჭაჭია. მაგრამ 2008 წელს პუტინი არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც ყირიმის ანექსიისას, როდესაც მან, მსოფლიოს წინააღმდეგობის მიუხედავად, ორ დღეში მოახერხა ყირიმის ანექსია. 2008 წელს ის ვერ დაუპირისპირდა საქართველოს მიმართ ძლიერ საერთაშორისო მხარდაჭერას და ვერ გაბედა თბილისში შემოსვლა, რითაც გამოიწვია როგორც ალექსანდრე ჭაჭიას, ასევე რუსეთში მოღვაწე ბევრი ქართველის განაწყენება. ცხადია, მამაჩემი იძულებული იყო, ორ-სამ დღეში საქართველო დაეტოვებინა. ის საქართველოში 2012 წლის ხელისუფლების შეცვლამდე არ ჩამოსულა. მან არაერთ ინტერვიუში დაადანაშულა საქართველო ომის დაწყებაში და განაცხადა, რომ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოში ჯარის შეყვანის შესახებ სწორი იყო. ჩემი ისედაც ნეგატიური დამოკიდებულება პუტინისა და კრემლის პოლიტიკის მიმართ 2008 წლის ომის შემდეგ გაასმაგდა და ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო სერიოზული კონფლიქტისა ჩემსა და ალექსანდრე ჭაჭიას შორის. ამავე დროს, ურთიერთობა დაიძაბა ჩემსა და ახლა უკვე ჩემს ყოფილ სიმამრ ოთარ არშბას შორის, რომელმაც, როგორც რუსეთის დუმის წევრმა, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მისცა ხმა. ამ ყველაფერს დაემატა ჩემი აღშფოთება და პროტესტი მისი ქმედებების გამო სამეგრელოში. _ სად ჩანს სამეგრელოში მისი ინტერესების გააქტიურება? _ ალექსანდრე ჭაჭიას დაარსებულია სახალხო მოძრაობა „სამეგრელო“. სწორედ ეს ორგანიზაცია აღვივებს მეგრულ სეპარატიზმს. მისი მიზანია სამეგრელოში დესტაბილიზაციის მოწყობა და დაპირისპირება ცენტრალურ ხელისუფლებასთან. თქვენთვის მოცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ამაზე ვრცლად ვისაუბრე. იმ ინტერვიუში ჩამოთვლილ ფაქტებს მინდა, ერთი ფაქტიც მივუმატო: ცოტა ხნის წინათ მეგრულ ენაზე „დედაენა“ დაიბეჭდა. სახალხო მოძრაობა „სამეგრელომ“ მოსახლეობას მიმართა, რომ მათ სამეგრელოს სკოლებში მოითხოვონ მეგრული „დედაენის“ სასწავლო პროგრამაში შეტანა. ვფიქრობ, სწორედ მსგავსი მოთხოვნებით დაიწყება თავის დროზე გამოსვლები სამეგრელოში და ამას მოჰყვება სიტუაციის დაძაბვა. სამეგრელოში სიტუაციის არევისა და მისი საქართველოდან გამოყოფის გეგმა მოსკოვში დიდი ხანია, არსებობს და ეს თითქმის განხორციელდა კიდეც 1993 წელს. სწორედ ალექსანდრე ჭაჭია მოისაზრება სამეგრელოს ლიდერად მსგავსი სცენარის განხორციელების შემთხვევაში. ასე რომ, მე აღმოვჩნდი სიტუაციაში, როდესაც ერთი მხრიდან არის პუტინის ახლო მეგობარი მამა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევრაზიული კავშირის წევრი, ან, მინიმუმ, სამეგრელო უნდა გამოეყოს საქართველოს და, სამომავლოდ, აფხაზეთთან ერთად შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში, როგორც რუსეთის ფედერაციის სუბიექტი; და, მეორე მხრივ, პუტინის გუნდის წევრია ყოფილი სიმამრი ოთარ არშბა, რომელმაც აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მისცა ხმა. იგი სამართლიანად მიიჩნევს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.  ჩემთვის საკმაოდ რთულ სიტუაციაში მე მოვიქეცი სწორედ ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი თავმოყვარე ქართველი, რომელიც საკუთარ თავსა და საკუთარ ქვეყანას პატივს სცემს და თავისი სამშობლო უყვარს! _ მე წამოვედი რუსეთიდან. როგორც ჩანს, ბევრს ჰგონია, რომ პატრიოტობა მარტო ჩოხით სიარული, გალობის ფონზე ლექსების წარმოთქმა და საქართველოს სადღეგრძელოს დიდი ყანწით დალევაა. ჩემი აზრით, პატრიოტობა საკუთარ კომფორტზე, ფულსა და თანამდებობებზე მაღლა საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაყენებაა. სამწუხაროა, რომ ბევრს ეს არ ესმის. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე შემექმნა ანტირუსული მოძრაობა, სადაც გაწევრიანდებოდნენ მხოლოდ ახალგაზრდები. როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ორგანიზაციის მთავარი მიზანი იქნებოდა ახალგაზრდობასთან მუშაობა და მათთვის ახსნა, თუ რატომ არის საქართველოსთვის დამღუპველი გზა რუსეთისკენ და რატომ არის ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი საშუალება ევროპული კურსი. როგორც კი ჩემი გეგმები ალექსანდრე ჭაჭიასთვის და ოთარ არშბასთვის ცნობილი გახდა, ცხადია, ისინი განრისხდნენ და მაშინვე შეჩერდა ჩემი კუთვნილი ბიზნესწილების გადმოფორმების პროცესი, რათა მე არ მქონოდა შემოსავალი და, შესაბამისად, ანტირუსული მოძრაობა ვერ შემექმნა. _ სანდრო, დავა სასამართლოში ისევ გრძელდება? _ უკვე თითქმის 2 წელია, სასამართლო პროცესი ბათუმში გრძელდება, რათა ჩემი კუთვნილი ბიზნესწილები დავიბრუნო. მიუხედავად ოთარ არშბას მცდელობებისა, გავლენა იქონიოს სასამართლოზე, იმედი მაქვს, რომ მოსამართლე ლევან მიქაბერიძე სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს და ეს გაწელილი პროცესი მალე დამთავრდება. ცხადია, სასამართლოს პარალელურად ჩემზე ბინძური კამპანია ააგორეს. გარდა ამისა, მემუქრებიან როგორც მე, ასევე ჩემთვის ძვირფას ადამიანებს და პერიოდულად ეს გრძელდება, მაგრამ ამით ვერც აზრს შემაცვლევინებენ და ვერც უკან დამახევინებენ. ბოლოს, მინდა, ორი სიტყვით მომავალ არჩევნებსაც შევეხო: პუტინისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ივანიშვილი იქნება საქართველოს მმართველი, თუ ვინმე სხვა, მისთვის მთავარია, საქართველოს მმართველმა პუტინისთვის სასურველი პოლიტიკა გაატაროს, ამიტომ კრემლი საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ძალას მხარს უჭერს. მაგრამ მკაფიოდ პრორუსული, ან მეტ-ნაკლებად პრორუსული ძალების გარდა, მას კარგად შენიღბული ძალაც ესაჭიროება და იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩევლის საკმაოდ დიდმა ნაწილმა ჯერ არ იცის, ვის მისცეს ხმა, ან საერთოდ არ აპირებს არავისთვის ხმის მიცემას, სწორედ მათი ხმების მოპოვებისთვის, ჩემი ინფორმაციით, შესაძლოა, ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნას, რომელშიც, გარდა პოლიტიკოსებისა, ასევე გაწევრიანდებიან საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები. ამ ძალას ასევე მხარს დაუჭერს მრავალი სასულიერო პირი. მისი მთავარი ლოზუნგები იქნება ქართული ტრადიციებისადმი და მართლმადიდებლობისადმი ერთგულება, არც პრორუსული და არც პროდასავლური, არამედ „პროქართული“ პოლიტიკის გატარება, მაგრამ, რეალურად, ამ „ქართულად“ შეფუთული ძალის უკან იდგება მოსკოვი! სწორედ ამიტომ ჩვენი ამომრჩეველი კარგად უნდა დაფიქრდეს, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას აძლევს ის ხმას და, რეალურად, ვინ დგას ამ ძალების უკან!  

                                                                                                          მარიამ ბალანჩივაძე

 

გაზიარება