QronikaPlus
მოქალაქე საპატრულო პოლიციას უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს

მოქალაქე საპატრულო პოლიციას უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს

2016-07-18 10:06:47

ჩვენი რესპონდენტი გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის მკვიდრი, გენადი გელაშვილი, სამართალს ამაოდ ელოდება. მისი თქმით, თავის დროზე პატრულმა ისე დააჯარიმა და დავალიანება 1300 ლარამდე ისე გაუზარდა, რომ კანონის მოთხოვნები დაცული არ ყოფილა. გელაშვილი ასევე უკმაყოფილოა თელეთის პოლიციის მუშაობით, რომელიც შეტანილ საჩივარს ადეკვატურ რეაგირებას არ აძლევს. „ქრონიკა+“ გენადი გელაშვილს ესაუბრება: _ 2012 წლის 27 ოქტომბერს თბილისი-რუსთავის მიმართულებით მანქანით ვმოძრაობდი. გვერდითა მხრიდან დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა დამეჯახა. ბუნებრივია, გავჩერდით. ორი ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა, ყვირილი და ჩხუბი დამიწყო. მაშინვე პატრული გამოვიძახე (18 საათსა და 41 წუთზე). ეს შესაბამის ოქმშიც დაფიქსირებულია. როცა დაინახეს, პატრული გამოვიძახე, ტელეფონი წამართვეს და ჩემზე იწეოდნენ. იქვე არის ვიდეოკამერა და ეს ყველაფერი დაფიქსირებული ექნებოდათ, სხვანაირად გამორიცხულია. მერე მითხრეს, პატრული აგერ არის და ავიდეთო. _ ჩემთვის სულერთია, სადაც გინდათ, იქ მივიდეთ-მეთქი და წავედით. ერთი კილომეტრიც არ გვქონდა გავლილი, პატრული დაინახეს თუ არა, გაზს დააწვნენ და გაიქცნენ. მანქანა პატრულთან მივაყენე და ავუხსენი, ყველაფერი ასე და ასე იყო-მეთქი. ასე იმიტომ გავაკეთე, რომ ვიმეორებ: კამერა იყო ადგილზე და ყველა ვარიანტში დააფიქსირა, რომ საგზაო შემთხვევა მოხდა. მათი შარი არ მინდოდა. ახალი ხელისუფლება მოსული იყო, მაგრამ ჯერ ყველაფერი ძველებურად მიდიოდა. პატრულმა თავისი ხელმძღვანელი გამოიძახა. პირდაპირ თქვეს ჩემზე: ეს კაცი 300 ლარით დააჯარიმეთო. _ თქვენ გიჟები ხომ არ ხართ-მეთქი?! აი, ასე მივუჭმუჭნე და მივუგდე. არადა, ის პატრულები წერენ, რომ ჩემით მივედი მათთან, ყველაფერი ავუხსენი და ა. შ. მაინც დამიწერეს, _ ჩანაწერს გავარკვევთ, იმ მანქანას ვნახავთ და თუ ეს დადასტურდა, ჯარიმა მაინც გაუქმდებაო.  როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ამ ფაქტზე საჩივარი დაგვიანებით შემიტანია. 10 დღეში უნდა გამეკეთებინა და რეალურად, 14 ნოემბერს შევიტანე. ბუნებრივია, ეს არ ვიცი და სასამართლოს ველოდები. ვრეკავ მოსამართლის თანაშემწესთან და მპასუხობს, რომ პროცესი ჯერ ჩანიშნული არ არის. ვარ ჩემთვის წყნარად. _ საჩივარი რომელ სასამართლოში შეიტანეთ? _ რუსთავის სასამართლოში. 2013 წლის 6 იანვარს, დაახლოებით, საღამოს ხუთ საათზე, ნავთლუღის ბაზართან ვდგავარ რაღაც საყიდლებზე. გვერდით პატრულის მანქანა გაჩერდა, _ გადააყენე შენი მანქანაო. _ რატომ უნდა გადავაყენო-მეთქი? ახლა ეს არ ესიამოვნათ. არადა, იქ მანქანები ჩამწკრივებულია, 20 მანქანა მაინც დგას. მაინცდამაინც მე რატომ მომადგნენ? საბუთები მთხოვა, მივეცი, შემიმოწმა, დამიბრუნა და მერე უკვე წყნარად მთხოვა, _ იქნებ, გადაგეყენებინაო. _ კარგი-მეთქი. ეს პატრული წავიდა. მეც წავედი, მათი თავი არ მაქვს-მეთქი და დაბლითა შესასვლელიდან ჩავედი. გავჩერდი, ისევ ბაზარში შევედი და გამოვდივარ, ხელში ცელოფნის პარკები მიჭირავს. ეს მანქანა ისევ ჩემთან მოვიდა, _ საბუთები კიდევ ერთხელ მაჩვენეო. _ რა ხდება-მეთქი? და მივაწოდე. _ თქვენ ავტომანქანის მართვის უფლება ჩამორთმეული გაქვთო. _ რას ჰქვია, ვინ და რატომ ჩამომართვა-მეთქი? _ აი, რუსთავის საპატრულომ 27 დეკემბერს ჩამოგართვათო. _ არ ვიცოდი, წარმოდგენა არ მქონდა-მეთქი. სხვა ეკიპაჟი გამოიძახეს. ამავე დროს ვეუბნები, _ კარგი, ახლა ვიღაცას მოვიყვან, რომ მანქანაზე დაჯდეს, „სითი პარკში“ ჯარიმა აღარ გადამახდევინოთ, ხვალ დასვენების დღეა, 7 იანვარია და ზედმეტი რატომ უნდა ვიხადო-მეთქი? _ არა, ესენი წყვეტენო. პირველი ეკიპაჟი წავიდა. მეორე ეკიპაჟიდან ერთ-ერთი რაღაცას წერს და მეორე მელაპარაკება. ვუხსნი, _ საიდან უნდა ვიცოდე, რომ მართვის უფლება ჩამორთმეული მაქვს-მეთქი? გიჟი ხომ არ ვარ, უფლებაჩამორთმეული ჩამოვიდე და თბილისში ვიარო, ეს ხომ აბსურდია-მეთქი? მერე ქვითარს მაწვდის, _ 200 ლარით დაგაჯარიმეთო. _ რაზე-მეთქი? _ ღერძულა ხაზი გადაკვეთეო. _ შენ გიჟი ხომ ხარ, შვილი, რა ღერძულა ხაზი გადავკვეთე, საიდან და როგორ-მეთქი?! მიხსნის ეს, დაახლოებით, 22 წლის ბიჭი, _ აქ, მეველის ქუჩაზე, ორმაგი ღერძულა ხაზი ივარაუდებაო, _ და უტიფრად იცინის. ვუთხარი, _ შვილო, მაგდენი მაინც უნდა იცოდე, ეს არის ცალმხრივი მოძრაობის გზა და ასეთ გზაზე ორმაგი ღერძული ვერ იქნება, ვერ იარსებებს-მეთქი. მეორე ნორმალური ჩანდა, _ რა ვქნა, რაც უფროსმა დაგვავალა, უნდა შევასრულოთო. _ ვინ უფროსმა დაგავალათ-მეთქი? _ ვინც საბუთები ჩამოგართვა, ჩვენი უფროსიაო. _ ერთი, მომიყვანეთ-მეთქი! არაფერიც. 11 იანვარს საპატრულო პოლიციაში მივედი, საჩივარი შევიტანე, რომ ყველაფერი ასე და ასე იყო-მეთქი. _ რომელ საპატრულოში იყავით? _ ცენტრალურში. ორი თუ სამი დღის შემდეგ დამირეკეს და მივედი. ჩამომართვეს ახნა-განმარტება, ყველაფერი დაწვრილებით ჩამოვაყალიბე. ეს ბოლო, ის რუსთავის ავარიის ეპიზოდიც და ა. შ. მითხრეს, დაგიკავშირდებითო. ამის მერე კვირაში ერთხელ ვრეკავდი. მიმდინარეობს შესწავლა, ჯერ არაფერი, მალე გეცნობებათ და ა.შ. სადღაც 20 თუ 21 მარტს პენსიის ასაღებად წავედი და ყადაღადადებული დამხვდა. სააღსრულებოში მივედი, _ რატომ დამყადაღეთ-მეთქი? _ აი, თქვენი საქმე აღსრულებას გადმოგვიგზავნა საპატრულო პოლიციამო. აღმოჩნდა, რომ ჯარიმის გადაუხდელობის გამო საურავი დამაკისრეს. _ რამდენზე იყო საუბარი? _ ამ დროისთვის უკვე 1300 ლარი გამომივიდა. 500 ლარი იქ, რუსთავის ავარიისთვის, 200 ლარი აგერ 6 იანვარს, კიდევ საურავი და 1300-ზე ავიდა. მივედი მასთან, ვისაც ჩემი საქმე ეწერა, _ ასე რატომ მოხდა, თქვენ ხომ ჩემს საქმეს ჯერ იხილავდით, რატომ მაჯარიმებთ-მეთქი? მპასუხობს, _ ჩვენ 15 თებერვალს გადაწყვეტილება გამოვიტანეთო. _ კი მაგრამ, თუ შუა თებერვალში მიიღეთ გადაწყვეტილება, ახლა მარტია, რატომ არ მაძლევთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას-მეთქი? _ ჰო, აი, ჩვენ ეს გავაგზავნეთო. _ როდის და სად გააგზავნეთ? ჩემი ტელეფონის ნომრები გაქვთ, გირეკავთ და მპასუხობთ, რომ საქმე იხილებაო. თავი მოისაწყლა, ვითომ რაღაც გაუგებრობა მოხდაო. _ მესმის, რომ გაუგებრობა მოხდა, მაგრამ გამოასწორეთ თქვენივე ეს გაუგებრობა-მეთქი. _ მე ვერაფერს ვიზამო. იქაც სასამართლოში შეტანა დამაგვიანდა, მაგრამ კიდევ ვამბობ, ამას არანაირი აზრი არ ჰქონდა. დაგვიანებით შევიტანე და სასამართლომ უარი მითხრა. თუმცა ვერც ერთი იურისტი ამ გადაწყვეტილებას ვერ გაიგებს. კერძოდ: რა განიხილა სასამართლომ? როდის განიხილა? ვის მიმართ გამოიტანა გადაწყვეტილება? ამასაც კი ვერ გაიგებენ. _ რატომ ვერ გაიგებენ? _ იმიტომ, რომ ძალიან ჭკვიანი მოსამართლე ჰყავდათ, ნათია ჯორბენაძე, რომელსაც გადაწყვეტილებები ზეპირად გამოჰქონდა. რომ ნახოთ ეს გადაწყვეტილება, გაოცდებით, ვინ დაწერა საერთოდ. შევხვდი ასევე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანს. მან დაახლოებით ოცწუთიანი ჭკუის დამრიგებლური ახსნა-განმარტება მომცა, რომ მანქანა არ უნდა მიმეტოვებინა და ა. შ. კი არ მისმენს, რომ ეს მაიძულეს. მეც ვიდექი და თავს ვუქნევდი. მერე ვკითხე, _ ხომ დაამთავრეთ-მეთქი? ჯერ ნავთლუღის ბაზართან ჩასახვევზე ვკითხე. _ ჩემი პოლიციელები ტყუილს არ იტყვიანო. _ მჯერა, რომ არ იტყვიან, უბრალოდ, ხომ შეიძლება, ჩავიდეთ ადგილზე და ვნახოთ, არის იქ ჩასახვევი თუ არა-მეთქი? გადაწყვეტლება როდის გამომიტანეთ-მეთქი? _ 27 დეკემბერსო. _ თქვენ იხილავდით ჩემს საჩივარს და საურავს რატომღა მაკისრებდით-მეთქი? _ ჩვენ ვიცოდით, რომ რუსთავის სასამართლომ თქვენი სარჩელი განუხილველად დატოვა, ამიტომ დაგაკისრეთ. ამის შესახებ რომ არ გცოდნოდათ, არც დაგაკისრებდითო. _ როდის გაიგეთ-მეთქი აღნიშნული ამბავი? _ 27 დეკემბრამდე გავიგეთო. ახლავე ვაღიარებ, რომ აქ დიდი სისულელე ჩავიდინე. ვუთხარი, _ შეგიძლიათ ეგ ცნობა მომცეთ, რომ რახან 27 დეკემბრამდე სასამართლო გადაწყვეტილება თქვენთვის ცნობილი გახდა, საურავიც ამიტომ დამეკისრა-მეთქი. _ რად გინდაო? მაშინ კიდევ შევცდი და ვუთხარი, _ აგერ დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ მოსამართლე ეკა პართენიშვილმა სასამართლოს კანცელარიას მხარისთვის გადასაგზავნად გადაწყვეტილება 14 იანვარს ჩააბარა და თქვენ 27 დეკემბერს საიდან გაიგეთ-მეთქი? მანამდე ზის კომპიუტერთან და მაჩვენებს, _ აგერ ჩვენი გადაწყვეტილებაო. ამიტომ არავის არავინ თავისზე უვიცი არ უნდა ეგონოს. მიხსნის რაღაც სისულელეს, რომ, თურმე, 27 დეკემბერს მან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც 14 იანვარს დაიწერა. წარმოგიდგენიათ, ამას დირექტორის მოადგილე გიწერს. მერე აღმოჩნდა, რომ ვინც მე დამაჯარიმა, დირექტორის სახელზე წერს, რომ მას არ უნახავს, მე როგორ დავარღვიე. მას ამის შესახებ ათმეთაურმა, ვინმე შელიამ უთხრა. საიდან გამოძვრა ეს შელია, ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვადასტურებ, ეს რატომ გააკეთეს. ხომ გითხარით, თავიდან ერთი ეკიპაჟი მოვიდა, შემამოწმა და საბუთები დამიბრუნა. მაშინ თუ რამე დავარღვიე, გამიშვებდა? მაგრამ რომ ნახეს, ჩამორთმევა მქონდა, უკვე სხვანაირად მომიდგნენ. რატომ ათასი ლარი არ ჩამიწერეს, ნარკოტიკი არ ჩამიდეს, ეს ხომ ის პოლიციელები არიან? თქვენ ესენი სხვა პოლიციელები ხომ არ გგონიათ? ისინი არიან, იარაღს, ნარკოტიკებს რომ უდებდნენ მოქალაქეებს, ამას პირდაპირ ვეუბნები. ათმეთაური ვინც იყო, დღეს ოცმეთაური გახადეს და ა. შ. ჰოდა, მაჭავარიანმა, _ ერთი სამი დღე მაცალე, საქმეში უფრო კარგად გავერკვევი და ჩამოვყალიბდებითო. _ კი ბატონო-მეთქი. მე და ეს გოგონა გარეთ გამოვედით, _ ხომ ხედავთ, ეს რა იდიოტია-მეთქი. მესმის, რომ უბრალო მძღოლი ვარ, მაგრამ რატომ მატყუებ? ელემენტარულად, რომ მიბარებ, საქმეში ხომ უნდა ჩაიხედო მაინც, სხვანაირად როგორ შეიძლება, ისე მაინც თვალი გადაავლე, რომ წარმოდგენა გქონდეს. სამი დღის მერე მათთან დავბრუნდი. თვითონ მაჭავარიანი აღარ მხვდება და ადგილზე ვინმე კილასონიაა, რომელმაც მითხრა, რომ განყოფილების უფროსია. ავუხსენი მდგომარეობა და მან მოიყვანა ის, ვინც საქმე შეისწავლა. _ აი, ამას მოგიხსნითო, _ კი ბატონო, არაფერს ვდაობ, მომიხსენით, რადგან უკანონოდ დაკისრებული მაქვს-მეთქი. _ კონკრეტულად რის მოხსნაზე იყო საუბარი? _ რუსთავის საგზაო შემთხვევის 500 ლარი რჩებოდა, დანარჩენი საურავები მეხსნებოდა. რადგან როგორც მოგახსენეთ, ჩემთვის შეტყობინება არავის გამოუგზავნია, რომ მართვის უფლება ჩამომართვეს და ა. შ. ეს 11 იანვარს ჩამაბარეს, როდესაც რუსთავის პოლიციაში მივედი. ეს დადასტურებულია. მერე ოთახში შევიდნენ კილასონია და ვინც ეს საქმე შეისწავლა. 2 საათი ველოდე. გამოდიან და... _ სადაც გინდა, იქ იჩივლეო. ვერ მივხვდი, რას აკეთებდნენ. წამოვედი სახალხო დამცველთან, ასე და ასეა-მეთქი. ორი წელი ველოდე. ომბუდსმენმა რეკომენდაცია დაწერა, რომ ჩემ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებები, _ ჯერ უნდა ჩამაბარონ დოკუმენტი და ამის შემდეგ იყოს სხვა რამეზე საუბარი. თქვენ გგონიათ, ამათ კანონმდებლობის ეს ყველა მოთხოვნა არ იციან? ერთი იურისტი მაინც ხომ ჰყავთ? სხვა თუ არაფერი, თალაკვაძე ჰყავთ მოადგილე, ძალიან გამოცდილი იურისტია, სხვებზე არაფერს ვამბობ. კარგად მოეხსენებათ ეს ყველაფერი. ამიტომ სახალხო დამცველმა რეკომენდაცია საპატრულოს დირექტორს მისწერა, რომ ეს უნდა ჩამომეწეროს. _ საპატრულო რას პასუხობს? _ მარტო იმას, თუ რა დამეკისრა, ამის ჩამონათვალია. იმაზე არ მსჯელობს, რომ პოლიცია ვალდებული იყო, ჯერ ის ავარიის საქმე შეესწავლა, გადაწყვეტილებას რასაც გამოიტანდა, ჯერ ჩემთვის უნდა ეცნობებინა და ა. შ. ამაზე საერთოდ არაფერს ამბობენ, აგერ აქ მაქვს ეს პასუხი. ამით დასრულა ეს ყველაფერი. _ სადღეისოდ რა ფაქტობრივი მდგომარეობაა აღნიშნულ საქმეზე? _ ისევ 1300 ლარის ჯარიმა მაქვს დაკისრებული, რომელიც უნდა გადავიხადო. წესიერი სახლი მე არ მაქვს და კარი, რით უნდა გადავიხადო? ამასთან, რის გაზრდაც იყო შესაძლებელი ჯარიმაზე, ყველაფერი გაზარდეს. საშუალება რომ ჰქონოდათ, ვალს მომიმატებდნენ.  ამ სტატიის მერე ვიღაც ერთუჯრედიანი კიდევ ეყოლებათ და მეტი კი არ უნდათ, ისევ რაღაცას დამაკისრებენ. გასაჩივრებას ხომ აზრი არ აქვს, მით უმეტეს, ადმინისტრაციულზე. ზარდონ და ასე იყვნენ, ესაა მათი სამართალი? _ გამოსავალი? _ ერთადერთი გამოსავალია, შიდა მოკვლევა ჩაატარონ, დაადგინონ არა მარტო სამსახურებრივი გულგრილობა, არამედ მისი ბოროტად გამოყენება, ცრუ ჩვენების მიცემა და ა. შ., მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ, რადგან ძნელია იმის აღიარება, რომ შეცდნენ, ეს რბილად რომ ვთქვათ. ...გადავიდეთ მეორე ეპიზოდზე. ძალიან მოკლედ გეტყვით: 2015 წელს ჩემს ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი ავტომანქანა ამავე სოფელში, კრწანისში მცხოვრებ ხვიჩა ვადაჭკორიას მივეცი. მანამდე: ვტაქსაობდი, აბანოებთან „სტაიანშჩიკი“ გამომეცნაურა, _ ეს მანქანა ჩემს სოფელში დგასო. კი ბატონო, იქ ვცხოვრობ-მეთქი. შემდეგ კვირაში, როცა იქ უკვე სხვა მანქანით ვიყავი, შემეკითხა, _ ის მანქანა რა უყავიო? _ იმას ვყიდი, რაღად მინდა-მეთქი? _ იქნებ, მე მომყიდო და ფულს ნელ-ნელა მოგცემო. _ ნელ-ნელა, მაინც, როგორ-მეთქი? _ აი, ათ-ათი ლარობით, თვეში სამას ლარს გადავიხდიო. _ კაი, ბატონო-მეთქი. 7 თებერვალს მოვიდა და ეს მანქანა მივეცი. წაიყვანა. პირველი მარტიდან 300 ლარის გადახდა უნდა დაეწყო. ერთ კვირაში ვადაჭკორია მოვიდა და, _ ცოტა მიჭირს და იქნებ, გადახდა პირველი აპრილიდან დავიწყოო. _ კი, რა პრობლემაა-მეთქი. იქამდე მოდის და, _ კარგი კლიენტი მყავს, მთლიანი ფული რომ მოვიტანო, გადაფორმებაზე პრობლემა ხომ არ იქნებაო? _ რა პრობლემა უნდა იყოს, მანქანა ჩემია, ფული მოიტანე, წავიდეთ და ის კაცი გადაგიფორმებს-მეთქი. მანამდე, _ აი, ახლობლის მანქანით მოვედი, თქვენს ტაქსოკომპანიაში წამიყვანე, მიჭირს და ცოტას ვიმუშავებო. წავიყვანე, 5 დღე იმუშავა და იქიდან წამოვიდა. _ რა ხდება-მეთქი? _ არა, იმ მანქანით ვერ ვმუშაობ, იქნებ, უფროსთან მიმყვე და ტაქსოკომპანიიდან მანქანა მომცესო. _ ვერ მიგყვები, ამის ნერვები არ მაქვს, რომ ვიღაცის „ატვეჩაიში“ ჩავდგე-მეთქი. ამასობაში უკვე მაისი ახლოვდება და _ რას აკეთებ, ხომ იცი, 30-ში მანქანის ფული მაქვს მისაცემი და არ გამიწელო-მეთქი. _ არა, ძმაო, რას ლაპარაკობო? 30 აპრილს ვურეკავ, პასუხი გამცა, დილით მანდ ვარო. პირველში ვრეკავ, პასუხს აღარ მცემს. სამში, _ ათ წუთში მოვალო და აქედან იწყება, რაც იწყება. ათ წუთში მოვალ, თხუთმეტში, საღამოს მანდ ვიქნები, დილით ამოვალ და ა. შ. ბოლოს და ბოლოს, ტელეფონით დავიჭირე და ვეუბნები, მანქანა უკან მოიყვანე, ვერ იხდი და რა პრობლემაა-მეთქი? ამის მერე საერთოდ დაიკარგა, აღარც ტელეფონზე მცემს პასუხს, არც სახლშია და არსადაა. შემდეგ საერთო მეზობლისგან გავიგე, რომ ელოდება, როდის დავადებ ხელს, რომ დამიჭირონ და ა. შ. ეგრე არ უნდა-მეთქი და 27 თუ 28 მაისს ვიღაცები ამ საქმეზე მელაპარაკებიან, _ ჩვენ კაი ბიჭები ვართო. _ ისე თქვენი, თუ თქვენ კაი ბიჭები არ იყოთ, სად გნახოთ, მითხარით-მეთქი? მოკლედ, ეგეთი „კაი ბიჭური“ ლაპარაკი ჩვენში ბევრმა იცის. არ მოვიდნენ, არ მნახეს. 2 ივნისს იძულებული გავხდი და საქმე, საჩივარი თელეთის პოლიციაში შევიტანე. თან ვუთხარი, _ ჯერ ცუდი რა გაგიკეთე, შე არაკაცო და ჩემი თავი რატომ უნდა დააჭერინო-მეთქი? _ სად შეხვდით? _ როცა მივედი, იქ პოლიციაში დამახვედრეს. განცხადება რომ შევიტანე, რამდენიმე დღის მერე მირეკავს პოლიციის უფროსის მოადგილე, ავედით. ვიღაც კაცი დამხვდა, დეიდაშვილი ვარო, ხვიჩა გვერდზე ედგა. იმ კაცმა, _ იქნებ, მოვრიგდეთო. _ ამასთან საქმე არ მაქვს, შენ ხომ კაცი ხარ, არ გიცნობ, არაფერი, მითხარი, რომ შენ გადამიხდი და ხმის ამომღები არ ვარ-მეთქი. _ აუ, მე როგორ უნდა გადაგიხადოო. _ აბა, შენ საკუთარ დეიდაშვილზე „ატვეჩაი“ არ ხარ და მე ამ არაკაცზე როგორ უნდა ვიყო-მეთქი? რატომ აჭერინებ ჩემს თავს, რა დაგიშავე, ცუდი რა გაგიკეთე-მეთქი? თავი ჩაღუნა. დეიდაშვილი კი არა, ვიცი, ვინც ხარ და რაც გინდათ, აქ რატომ მომიყვანეთ-მეთქი?  შევედით პოლიციის უფროსის მოადგილესთან. რაღაც სპექტაკლები ითამაშეს, აი, დაგიჭერთო და ა.შ. ვეუბნები, _ ამ სპექტაკლებს ბევრი წელია, ვუყურე და მეტი არ მაინტერესებს-მეთქი. მე ახლა წავალ, რაც გინდათ ის გიქნიათ, ოღონდ ჩემი მანქანა მოიყვანოს-მეთქი. _ შენ რა გგონია, ჩვენ არ გვინდა დაგეხმაროთო? _ დახმარება რომ გდომებოდათ, აქ კი არ მატარებდით-მეთქი და წამოვედი. ამის მერე წელიწადი გავიდა. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი სულ მეუბნება, _ გამოძიება მიმდინარეობსო. ავიდოდი, პასუხი გეცნობებათო და და, ბოლოს და ბოლოს, პასუხსაც აღარ მცემდნენ. რას ლაპარაკობ, იმდენი საქმე აქვთ, რომ ვერ მოიცალეს. პოლიციის უფროსი შეიცვალა და სხვა მოვიდა. ყველაფერი თავიდან დავიწყეთ. საქმე ახალ გამომძიებელს დაეწერა, გოგონას, რომელიც ზრდილობიანია მაინც. ჩვეულებრივად ახსნა-განმარტება ჩამომართვა, ისიც ისევ მოიყვანეს. ახალმა უფროსმა აღმზრდელობითი სამუშაო ჩამიტარა, რომ მანქანა არ უნდა გამესხვისებინა, თურმე, უფლება არ მქონდა და ა. შ. _ თუ უფლება არ მქონდა, მაშინ საქმე აღძარით, რა პრობლემაა-მეთქი? ეს კაცი ურთიერთობაში ნორმალური ჩანს, ზრდილობიანები მაინც არიან. მანამდე რა უტიფრობაც იყო, წაიშალა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთან მიმართებით ასე არ მოქცეულან. გამოვედი და რამდენიმე დღის მერე ეს გოგონა მეუბნება, რომ პროკურორის გარეშე საქმეს ვერ აღვძრავთო. რუსთავის პროკურორ თეონა წოწკოლაურთან მივედი. ამბობს, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე არ არისო. _ აგაშენათ ღმერთმა, მომეცით ეს პასუხი-მეთქი, _ მოგცემთო. ეს თებერვალში ხდება. ისე წარმოჩენა უნდათ, რომ ის, ვისაც ამ ვადაჭკორიამ მანქანა მიჰყიდა, თითქოს კეთილსინდისიერი შემძენია. იქ შენობაში ასეთი კითხვების დასმა სისულელეა, რადგან დაგიჭერენ. ამიტომ მსურს, პირდაპირ პროკურორ წოწკოლაურს შევეკითხო, _ შე დალოცვილო, შენ დამნიშვნელს ვენაცვალე, მაგრამ კეთილსინდისიერების პრინციპს არც სისხლის სამართლის კოდექსი, არც მისი საპროცესო კოდექსი (ოპერატიული საქმიანობა) არ შეიცავს, ანუ რასთანაც შენ გაქვს შეხება. ერთადერთი ამის განმარტებას სამოქალაქო კოდექსი იძლევა, რომლის აზრზეც არ ხარ. იქ პირდაპირ წერია: კეთილსინდისიერ შემძენად ითვლება ის პირი, თუკი მან იცოდა, რომ მეორე მხარე ნივთის მესაკუთრეა. მანქანაზეა საუბარი, რომელიც სულ სხვა პიროვნებაზე არის გაფორმებული, როგორ მიიჩნეოდა მესაკუთრედ ეს ვადაჭკორია? ეს ხომ ელემენტარული ამბავია? რეალურად, ეს ადეიშვილის მეთოდია, _ ჩვენ ვთქვით და წადით, სადაც გინდათ, იქ იჩივლეთო. ადეიშვილს ცუდი ეს ჰქონდა გაკეთებული. მომეცით ცნობა და წავალ, სამოქალაქო დავით ვიდავებ. მაგრამ ამას ვერ დაწერს. ხომ უნდა ჩაწეროს, რომ ეს ამიტომ და ამიტომ არ არის სისხლის სამართლის საქმე? რაღაც ხომ უნდა მოიგონოს და ამას იმ პროკურორის თავი არ ეყოფა, ცოტა უფრო ჭკვიანი უნდა. იქ ასეთიც ჰყავთ, მაგრამ მან არ დაწერა, ამიტომ მეორეს გადმოეწერა. დღემდე სათანადო პასუხს არ მაძლევენ. მანამდე, ახალი ვადა დამიწესეს, _ ივნისის შუა რიცხვებში მანქანას დავუბრუნებო. ვადაჭკორიას ეს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლისთვის ნათქვამი ჰქონდა. გახსოვთ, პირველ ჩვენებაში ამბობდა, _ მანქანა ვის მივყიდე, არ ვიციო. წელიწადი გავიდა და ახლა ვიღაცას დასჭირდა, რომ საქმე სხვაგვარად ყოფილიყო. დაწერა, რომ უკვე იცის, ვის მიჰყიდა, აბა, როგორ უნდა დამიბრუნოს, თუ არ იცის ეს ამბავი? _ პოლიცია რას ამბობს? _ არაფერსაც არ ამბობს. ბოლოს რომ ვიყავი, _ ჯერ მაგისთვის დრო არ გვაქვსო. ასევე, როგორც ვიცი, წინა პოლიციის უფროსისას ამას ჩემზე პირდაპირ უთხრეს, _ ეს კაცი დაგვაჭერინე და რა გინდა, ის მანქანაც შერჩენილი გექნებაო. ეცადე, როგორმე ხელი დაგადოსო. სოფელში ჩემს სახლთან უნდა გამოიაროს, ისე ქალაქში ვერ წამოვა. ხედავს, მანქანა არ დგას, ე. ი. სახლში არ ვარ. გაჩერდება და ჩემს პატარებს ეუბნება, _ უთხარით, ფული მომზადებული მაქვს და ჩამოვიდესო. ასე ღადავით აივლის, ან გამოივლის და, _ თვის ბოლოს მელოდოს, მოვალო. ხმას არ ვიღებ, რადგან ზემოთ ხომ ვთქვი, უკვე ვიცი, რაც უნდათ. არც ამ საქმეშია რეალური გამოსავალი. ერთადერთი, სამართალდამცველს ღირსება უნდა ჰქონდეს, ფორმას რომ ჩაიცვამს, პროფესიული ღირსება ხომ უნდა აწუხებდეს? უბრალოდ, პოლიციამ უნდა დაადგინოს, ეს საქმე ასე არის თუ არა? ისინი ვერ დაწერენ, რომ ეს საქმე სისხლის სამართლის ნიშნებს არ შეიცავს, ამდენი არც უნარი აქვთ და არც შესაძლებლობა. ამას წერს პროკურორი. უბრალოდ, ეს განცხადება პოლიციის პასუხთან ერთად ისევ პროკურატურაში უნდა შევიტანო, სადაც ეს ჭკვიანი წოწკოლაური ზის. მაინც უნდა შევიტანო, რადგან მისი პასუხი მაინტერესებს, თუ როგორ დაასაბუთებს ამ ყველაფერს. ასევე ვერ გეტყვით, ახალი პოლიციის უფროსი ჩემ დაჭერას აპირებს თუ არა. ყოველ შემთხვევაში, გამოწვევაზე აღარ მოდიან, ეტყობა, რაღაცები მაინც შეიცვალა. ერთადერთი გზა არსებობს, ან მანქანა უნდა დააბრუნონ, ან _ ჩემი კუთვნილი თანხა. საქმე 180-ე მუხლით უნდა აღიძრას. ასევე უნდა აღიძრას მათი მფარველების წინააღმდეგ და ამიტომ ველოდები 8 ოქტომბერს. აუცილებლად სხვები მოვლენ, რომლებიც იტყვიან, რომ ასეთი პოლიციელები არ სჭირდებათ. ასე აღარ შეიძლება. შეგახსენებთ, რომ ერთადერთი კაცი, ვინც მთავრობაში ამნისტიის წინააღმდეგ გამოდიოდა, ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ეს ბევრს არ ახსოვს. ბესელიას ამნისტიის, ლამის, ერთადერთი მოწინააღმდეგე ღარიბაშვილი იყო. ანუ სამინისტროს ისიც ვერ მართავდა, უწყებას ვიღაც სხვა მართავს. როგორ შეიძლება, დღეს ერთ აზრზე იყო და ხვალ _ მეორეზე? ეს ხომ გამორიცხულია? ანუ დაგხვდა ის ხალხი, რომელიც თავიდან ბოლომდე გმართავს. ღარიბაშვილის მერე ვინც მოვიდა, რომელზე იტყვი, რომ ის მინისტრი იყო და მართავდა? ეს ხომ გამორცხულია. გომელაური საერთოდ არ ითვლება, ჭიკაიძე მართავდა სამინისტროს, ან ახლანდელი მართავს? ამიტომ არჩევნებს ველოდები. დამნაშავეზე ხელის დაფარება არ შეიძლება, ეს პოლიციელებშიც დაუწერელი კანონია. პოლიციელი, რომელიც დამნაშავეს ხელს აფარებს, ღირსებადაკარგული პოლიციელია. არის ზღვარი, რომლის გადალახვა არ შეიძლება. რაც ახალი მთავრობა მოვიდა, ახალი გამამართლებელი ლოზუნგი გამოიგონა, _ ბრძანებას ვასრულებთო. ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს. პოლიციელი ბრძანებას არ ასრულებს, ის კანონს აღასრულებს.    "ქრონიკა პლუსი" მოპასუხე მხარეს - ხვიჩა ვადაჭკორიას ვერ დაუკავშირდა, რადგან მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა.             

                                                                                                        გელა მამულაშვილი

 

გაზიარება