QronikaPlus
გაამართლა თუ არა ვარშავის სამიტმა საქართველოს მოლოდინი?!

გაამართლა თუ არა ვარშავის სამიტმა საქართველოს მოლოდინი?!

2016-07-16 12:21:30

ვარშავაში, ნატოს რიგით 27-ე სამიტმა მუშაობა დაასრულა, სადაც მთელი მსოფლიოდან 58 დელეგაცია იყო ჩასული. ორდღიან შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზეც იმსჯელეს. სამიტის ფარგლებში ჩატარდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც. რას ელოდა საქართველო ვარშავის სამიტიდან და გამართლდა თუ არა მოლოდინები? ამ საკითხზე „ქრონიკა+“-თან საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტებმა ისაუბრეს. კახა გოგოლაშვილი: _ ვარშავის სამიტზე დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭრა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ხელშესახები ფაქტორია. მეორე ფაქტორი გახლავთ უფრო ზოგადი, მაგრამ, ამავე დროს, აშკარად გამოხატული და ჩამოყალიბებული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ვარშვის სამიტზე გამოჩნდა, რომ საქართველო ასპირანტ ქვეყნებს შორის ნატოსთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სულ სამი ასპირანტი ქვეყანაა: საქართველო, მაკედონია და ბოსნია, მათ შორის, საქართველო პირველი იყო დასახელებული. საქართველოზე მეტია ნალაპარაკები, მეტი ღვაწლია დაფასებული, მეტი პროგრესია და ა. შ. ამდენი საუბარი ვარშავაში სხვა ქვეყნებზე არ ყოფილა. ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აშკარად გამოჩნდა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები, თითქოს, თავის მართლების პოზიციაში არიან, რომ საქართველოს, ჯერჯერობით, მაპს არ აძლევენ, მაგრამ, ამავე დროს, სრული პასუხისმგებლობით აცხადებენ, რომ მაპი აქვს თუ არა საქართველოს, ეს არსებითად მნიშვნელოვანი არ არის. პრაქტიკულად, საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს და ისინი მას გააძლიერებენ, გნებავთ არსებითი პაკეტი, სწავლების ცენტრი და ა. შ. რაც მთავარია, პირველ რიგში, თავდაცვის უნარიანობაზე იყო გაცხადებული. კონკრეტული დაპირებებია საქართველოს საჰაერო და საზღვაო თავდაცვის დაკვირვებისა და დაზვერვის სისტემების მიმართულებით, რომ ნატოს წევრი ქვეყნები გააძლიერებენ საქართველოს საჰაერო და საზღვაო თავდაცვას, ხელს შეუწყობენ ნატოს შავი ზღვის ოპერაციებში საქართველოსა და უკრაინის ჩართვას. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო, პრაქტიკულად, მიუახლოვდა იმ ზღვარს, რომ ძალიან მარტივია ნატოში გაწვერიანება, როგორც კი ცოტა შერბილდება ხელის შემშლელი პირობები, მაგალითად, საფრთხე, რომელიც მოდის რუსეთიდან. მაპის მინიჭება უფრო სარისკოა, ვიდრე ის გზა, რომელიც ახლა ავირჩიეთ. მაგალითად, 1999 წელს მაკედონიას მაპი მიანიჭეს და დღემდე არ არის ნატოს წევრი, 2010 წელს ბოსნიას მიანიჭეს და ჯერაც არ არის მოწვეული. რაც შეეხება მონტენეგროს, სწრაფად მისცეს მაპი და გააწევრიანეს კიდეც, ანუ ეს დამოკიდებულია სხვა რაღაცაზე _ რამხელაა ინტერესი, ქვეყნის მზადყოფნა და რამდენად დაბალია ის რისკები, რომელიც საჭიროა ნატოში გასაწევრიანებლად. ამ კონტექსტში საქართველოსთან, ერთადერთი, ეს რისკებია შემაფერხებელი. ვთქვათ, მიანიჭეს მაპი, მაგრამ სანამ მე-5 მუხლს მიეცემა მსვლელობა, ამ პერიოდში შეიძლება რუსეთმა პროვოკაციები მოაწყოს აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს გამყოფ ზოლზე და საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიოს. ეს რისკები რომ არსებობს, ამიტომ იკავებენ თავს. ყოველ შემთხვევაში, სამიტის დოკუმენტები, რომელიც უკვე გამოვიდა, აჩვენებს: როცა ქვეყანასთან ასეთი ინტენსიური ურთიერთობები აქვთ, ალოგიკურია მისთვის მაპის საკითხის დაუყენებლობა, მაგრამ, ამავე დროს, ლოგიკურია იმიტომ, რომ ასეთი რისკები არც ერთ ქვეყანაში არ აქვთ, უკრაინასთანაც კი. უკრაინა საომარ ურთიერთობაშია რუსეთთან, მაგრამ, როგორც ვხედავთ, უკრაინის ომი რუსეთთან, რაღაცნაირად, პროგნოზირებადი ომია, ანუ ვიცით, რომ რუსეთი უკრაინას ვერ დაიპყრობს და ვერ დააკარგვინებს დამოუკიდებლობას. საქართველოს შემთხვევაში პირიქით არის, პროგნოზირებადია, მაგრამ უარყოფით კონტექსტში, რუსეთთან ომი რომ მოხდეს, ის მარტივად დააკარგვინებს საქართველოს დამოუკიდებლობას. ამიტომ მიდის ეს პროცესი ასეთი გზით, სადაც საქართველოს ნატოს წევრობისთვის ამზადებენ. როგორც კი განაცხადებენ, რომ საქართველო მოწვეულია ალიანსში, ძალიან მალე მოხდება მისი გაწევრიანება. ამ პერიოდში, საქართველოსთვის და ნატოსთვის მთავარი ამოცანებია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. რისკები რომ შემცირდეს, პირველ რიგში, საქართველო უნდა გახდეს ნაკლებად მოწყვლადი ქვეყანა, მარტივი არ უნდა იყოს საქართველოს საზღვრებში შემოჭრა და მისი ოკუპირება, თუ გნებავთ, ანექსირება, ხელისუფლების დამხობა და ა. შ. ამ ყველა რისკის წინაშე საქართველო უნდა იყოს მდგრადი, ეს არის მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, მთლიანობაში ქვეყნის გაძლიერება, კრიზისების მართვის სფეროს გაძლიერება, სამოქალაქო კომპონენტები, რომელიც საომარ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, სატრანსპორტო ქსელის განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ეს ყველაფერი ომის დროს უმნიშვნელოვანესია. ამის განვითარება არის ერთ-ერთი გზა, რომ რისკები შეამცირო. ქვეყანას არ უნდა მოუნდეს შენთან ომი, იმიტომ, რომ ძვირად დაუჯდება. მეორეა თვითონ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები, რომელიც ასუსტებს საგარეო პოლიტიკურ მისწარფებებს; რუსეთთან მოლაპარაკებები, მასთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე საუბარი, რუსეთთან ნორმალიზაციის მიღწევის მცდელობა და სხვ. ამ გზებით უნდა მოხდეს რისკების შემცირება. როგორც კი რისკები შემცირდება, საქართველო ძალიან სწრაფად გაწევრიანდება ნატოში.   ვაჟა ბერიძე: _ ვარშავის სამიტმა მოიტანა ის შედეგები, რაც მოსალოდნელი იყო. დაფიქსირდა, რომ დასავლეთი მხარს უჭერს ჩვენს სწრაფვას ნატოსკენ, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის, ეს საკმარისი არ არის. ის შედეგები, რაც სამიტის შემდეგ დადგა, თავისთავად ლოგიკურია, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რუსეთს მოუწოდეს ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლად ცნობაზე და აღიარებაზე უარის თქმა, ეს უბრალო ჟესტი არ არის, ეს ნიშნავს, რომ ნატოს წევრი ყველა ქვეყანა ცალსახად, კიდევ ერთხელ აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. სხვა საკითხები, რაც სამიტზე დაისვა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო: რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას ჯერ საქართველოში, ხოლო შემდგომ უკრაინაში, აღმოსავლეთიდან უნდა მოჰყოლოდა ადეკვატური ნაბიჯები. ჯერჯერობით, ეს არის უფრო პოლიტიკური ხასიათის, ვიდრე სამხედრო, მაგრამ ორმხრივი ბატალიონების განთავსების შესახებ აღმოსავლეთ ევროპაში მაინც საკმაოდ სერიოზული გზავნილია რუსეთის მთავრობის მიმართ. შავ ზღვაში მრავალეროვნული ძალების ყოფნის თაობაზე ესეც სერიოზული გზავნილია რუსეთის მიმართ. დასავლეთი დეკლარაციებიდან შეიძლება ქმედებაზე გადავიდეს და აგრესიას ძალის გამოყენებით უპასუხოს, რაც სამწუხაროა ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის, მაგრამ მისასალმებელია რუსული პოლიტიკის პრევენციისთვის და შესაჩერებლად. თუმცა ვფიქრობ, რომ ნატოს ამ სამიტზე შესაბამისი ყურადღება არ დაეთმო სხვა გამოწვევას. მაგალითად, რადიკალური ისლამის დაპირისპირებას დასავლურ ცივილიზაციასთან. ახალი არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ ძლიერი მხარდაჭერის მისია დასტურდება და საქართველომაც, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს გლობალური უსაფრთხოების ღონისძიებებში და ისევ იქნება მრავალეროვნული ძალების შემადგენლობაში. ვფიქრობ, რომ ამ თემას უფრო სერიოზული მიდგომა სჭირდება და უფრო მკაფიო, შეთანხმებული მოქმედებების დემონსტრირება, ისეთი სამხედრო ბლოკის შეკრება უმაღლეს დონეზე, როგორც ვარშავაში შედგა. ამ საკითხზე ცოტა სუსტი იყო სამიტის მიზანდასახულობა. რაც მთავარია, არ ჩანდა სამიტზე, რომ ბლექსიტის გაკვეთილებს ევროპა სათანადოდ აფასებს. ბუნებრივია, აქ იგულისხმება შეერთებული შტატებიც. ვფიქრობ, არ აწყენდა ევროპას ამ საკითხზე ჩაღრმავება, რომლის ნაწილადაც ჩვენ თავს მივიჩნევთ და ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, როდის მიგიღებენ ნატოში თუ ევროკავშირში. ფაქტობრივად, ჩვენ მის ნაწილად ვგრძნობთ თავს, მივიღეთ გადაწყვეტლება და ასე არ იცვლება ასეთი გადაწყვეტილებები, მით უმეტეს, ნატოსკენ სვლის ალტერნატივა. ჩვენი ხმაც უნდა ისმოდეს ევროკავშირის პროცესებში. აქ ისეთი განწყობაა, თითქოს დანარჩენი მსოფლიო სჯიდეს ბრიტანეთს იმისთვის, რომ მან ევროკავშირიდან გასვლა გადაწყვიტა და უხარია ის ეკონომიკური სიძნელეები, რომელიც იქ ბუნებრივად წარმოიშვა. ამ დროს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დე გოლის ისტორია და 50-იანი წლების ბოლოდან დაწყებული პროცესი, რომელიც 1966 წელს ნატოდან საფრანგეთის გასვლით დამთავრდა. ამან დასავლეთის სამხედრო ძლიერება და თავდაცვისუნარიანობა არანაირად არ შეასუსტა; XXI საუკუნის დასაწყისში დაიწყო ისევ საფრანგეთის ნატოსთან დაახლოება და ისევ დაბრუნდა ამ კავშირში. ამიტომ გასვლა და შესვლა ევროკავშირისთვის არ უნდა იყოს დამანგრეველი ხასიათის. თუ ევროკავშირი ისეთი რამეა, სადაც შესვლა შეიძლება და გამოსვლა არა, მაშინ სსრ კავშირს მაგონებს. ამიტომ აქ საფუძვლიანი ანალიზია საჭირო იმ მიზეზებისა, რამაც აიძულა ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობა, გასვლას დასთანხმებოდა. თუ ეს მიზეზები წინა პლანზე იქნება წამოწეული, შეიძლება უახლოეს მომავალში, ან ახლო პერსპექტივაში ბრიტანეთი ისევ შეუერთდეს ევროკავშირს. მით უმეტეს, ნატოს წევრად რჩება, მაგრამ აქ უკვე ნატოს ხმა ვარშავაში არ ისმოდა, არადა, დიდი ბრიტანეთი ალიანსის ერთ-ერთი საკვანძო და დიდი ფიგურაა, ყველა ოპერაციაში, განსაკუთრებით, ადრინდელებში აქტიურად მონაწილეობდა. ამ პროცესზეც თვალია მისადევნებელი და არ იყო ამ ფორუმზე გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის წარმომადგენლების ცალსახად მხარდაჭერილი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. რუსეთი იყო გასაფრთხილებელი, მის მიმართ იყო გასატარებელი პრაქტიკული ნაბიჯები სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით და ვარშავაში ეს ღიად დაფიქსირდა. საქართველოსთან მიმართებით არ იყო მოლოდინი, რომ რამე უკეთესს მივიღებდით, ვიდრე მაპია და ვერც მივიღეთ. ჩვენ არ ვართ ისეთი გულუბრყვილო ადამიანები, ჩავთვალოთ, რომ თუ აქამდე მოვიხსენიებოდით როგორც ასპირანტი ქვეყანა, დღეს მოგვიხსენიეს, როგორც კანდიდატი. ასპირანტობასა და კანდიდატობას შორის თუ ვინმე სხვაობას ხედავს, ძალიან მახვილი წარმოსახვა აქვს. ეს ყველაფერი იყო ის, რაც ჩვენ გვინდოდა. ამ სამიტზე მოსალოდნელი ფორუმი შედგა, ამ გადაწყვეტილებებმა ჩვენთვის ბევრი არაფერი შეცვალა, მაგრამ პოზიტიური იმპულსები მივიღეთ. ახლა ეს იმპულსები უნდა გამოვიყენოთ და თან რეალური დიალოგი ვაწარმოოთ რუსეთთან, თან გვაქვს დასავლეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა, რასაც ბოლო პერიოდში ვგრძნობთ, დაწყებული საქართველოში კერის ვიზიტიდან. 2012 წლის შემდეგ აქ სახელმწიფო მდივანი არ ყოფილა, იმ დროს, როცა კონდოლიზა რაისი და ქალბატონი კლინტონი ხშირად სტუმრობდნენ საქართველოს წინა ხელისუფლების პერიოდში. დასავლეთმა მიგვანიშნა, რომ ნდობის დეფიციტი, რაც ახალი ხელისუფლების მიმართ ჰქონდათ, ამოიწურა. ისინი არჩევნებამდე 3 თვით ადრე იყვნენ საქართველოში. ეს არსებული სიტუაციის ცნობას ნიშნავს. ფორუმზეც საკმაოდ აქტუალურნი ვიყავით. ეს არის მხარდაჭერის გაგრძლება. ამის მეტის მოლოდინი ამ ეტაპზე არც არსებობდა. ახლა ჩვენ ეს მოლოდინები უნდა გამოვიყენოთ, ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვადევნოთ თვალი ჩვენი ქვეყნის დიდი მეზობლების ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებს და მათი პოლიტიკური ხელმძღვანელების ქმედებებს, ვგულისხმობ რუსეთსა და თურქეთს. ამას სჭირდება გამჭრიახი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელსაც იმედია, ამჟამინდელი და მომავალი ხელისუფლება გამოავლენს.   პეტრე მამრაძე: _ საქართველომ მიიღო დემონსტრირება იმისა, რომ ნატო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მის დემოკრატიულ განვითარებას, მისი თავდაცვისუნარიანობის განვითარებას და ამისათვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. ამის ვალდებულებას საკუთარ თავზე იღებს. ამავდროულად, ნატო არ ატყუებს საქართველოს, არც ადრე ატყუებდა და არც ახლა, და არც საკუთარ თავზე იღებს იმას, რაც არ შეუძლია, ანუ საქართველოს სრულ უსაფრთხოებას. საქართველო არ არის ნატოს წევრი და ვარშავის სამიტზე საერთოდ არ დამდგარა დღის წესრიგში თუნდაც გაწევრიანების გეგმის _ მაპის მიცემა. გაწევრიანებაზე ამ ეტაპზე ლაპარაკიც კი არ არის, მაგრამ შეგახსენებთ, ამერიკის ელჩი წერს: ჩვენ ვუფრთხილდებით საქართველოს, ვინაიდან გვახსოვს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება როგორი იყო 2008 წელს: საქართველო გახდება ნატოს წევრი. და რა მოხდა ამავე წლის აგვისტოში, ისიც გვახსოვს, ჩვენ ამის გამეორება არ გვინდაო. ასეთი ფრთხილი, აწონ-დაწონილი და მოზომილი დამოკიდებულება აქვს ნატოს საქართველოს მიმართ _ დაეხმაროს, ოღონდ ისე დაეხმაროს, რომ ამ დახმარებით საქართველო მეტი საფრთხის წინაშე არ დადგეს.   სოსო ცისკარიშვილი: _ უნდა ვისაუბროთ იმ მაქსიმუმ შედეგზე, ამ შემთხვევაში რაც შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოსთვის. მოლოდინი იმისა, რომ რაიმე სახით გაწევრიანება მოხდებოდა ვარშავაში, ცხადია, უსაფუძვლო ოპტიმიზმი იქნებოდა. ფაქტია, რომ საქართველო შავი ზღვისპირეთის ქვეყნების როგორც სრულუფლებიანი წევრი, სრულიად მკაფიოდ არის დახასიათებული. 6 ქვეყანაა შავი ზღვის პირას განლაგებული, აქედან 3 უკვე ნატოს წევრია: თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი; 3 ევროკვშირის წევრია; 2 სახელმწიფო უკვე ასოცირებულია ევროკავშირთან _ უკრაინა და საქართველო. ერთადერთი, სრულიად მიუღებელი სუბიექტი ამ ვითარებაში გახლავთ რუსეთი. თუმცა ეს არ არის რაიმე ქილიკის თემა, რუსეთის გავლენა ყველა საერთაშორისო პროცესებზე მაღალია. როდესაც საუბარია, რომ ნატო საქართველოს ცნობს, როგორც პარტნიორ ქვეყანას და იმ სუბიექტს, რომელიც განიხილება როგორც შემდგომი წევრი ნატოსი, ეს გზავნილიც, ჩემი აზრით, უფრო მოსკოვისკენ არის მიმართული, ვიდრე თბილისისკენ, რადგან თბილისს ეჭვი არ ეპარება საკუთარ პოლიტიკურ ვექტორზე და მიმართულებაზე. ის დეტალები, რომელშიც საქართველოა მოხსენიებული ამ საბოლოო დოკუმენტში, გვაძლევს სრულ უფლებას იმისას, რომ დავამშვიდოთ ბატონი მეჭიაური, რომლის უთავბოლო ნიჰილიზმი ნატოს მიმართ საფუძველი გახდა იმისა, რომ საჩუქრად მიეღო საკუთარი პოლიტიკური პარტია. ასე რომ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მოხარული ვარ, რომ არ მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ შეუქმნიდა საფრთხეს საქართველოს. ნელ-ნელა არა მხოლოდ საქართველო, არამედ რუსეთიც უნდა შეაჩვიოს არსებულ რეალობას. ამ შემთხვევაში, თავშეკავებულია თავად ნატოც და ურყევია მიზანი როგორც ნატოსი, ისე საქართველოსი, როგორი გულის დასაწყვეტიც არ უნდა იყოს ეს ამხანაგ მეჭიაურისთვის. ასეთი ერთიანობა შენარჩუნდება და უფრო მაღალი ხარისხის დონეზე იქნება დამყარებული, თუნდაც, 2 ან 3 წლის შემდეგ.  

                                                                                                             თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება