QronikaPlus
იოსებ, სპეცჯგუფები გადაყოლებს შენ!

იოსებ, სპეცჯგუფები გადაყოლებს შენ!

2016-07-11 14:44:48

ბოლო დროს, საქართველოში სამწუხარო ტენდენცია მკვიდრდება: ქართულ ენაში ტერმინების _ უშიშროებისა და უსაფრთხოების _ გამოყენების პრობლემის შესახებ. ტრადიციულად, საქართველოში ტერმინი უშიშროება შემდეგ კონტექსტში იხმარებოდა: „ქვეყნის უშიშროება“, „უშიშროების საბჭო“, „სახელმწიფო უშიშროების დაცვა“ და სხვ. ტერმინი „უშიშროება“, ბოლო პერიოდში, რატომღაც, სიტყვა უსაფრთხოებამ ჩაანაცვლა. ჩანაცვლების ერთ-ერთი მიზეზი კი, მაგალითად, სუს-ის, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნაც აღმოჩნდა.  რამდენად ამართლებს ქვეყნის უსაფრთხოებას აღნიშნული სამსახურის შექმნა, ეს მკითხველისთვის მიმინდვია, თუმცა ფაქტია, _ უშიშროების მთავარი როლი სწორედ უსაფრთხოებას უნდა შეეძინა, მაგრამ ამაოდ. ჯერ კიდევ წლების წინათ ერიხ მარია რემარკი თავის ერთ-ერთ რომანში წერდა: „მხოლოდ ოცნება გვაიძულებს, შევურიგდეთ სინამდვილეს“. და რომ არა „ოცნების“ ასეთი ხმამაღალი და ამბიციური დაპირებები სამართლიანობის აღდეგნაზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, ალბათ, არც ამდენი კითხვა ექნებოდა დღეს ამომრჩეველს... 2015 წლიდან პარლამენტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შექმნა... სამსახურის შექმნის ძირითად იდეასა და პრინციპებზე კი მისი დებულება საუბრობს: კანონმდებლობით ვიგებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას. სამსახურის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპებია: კანონიერება; ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა; საქმიანობის ღია და ფარული ფორმების ერთობლიობა;  ერთიანობა და ცენტრალიზაცია;  დისკრიმინაციის დაუშვებლობა; თანაზომიერება და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება;  პოლიტიკური ნეიტრალობა. ერთია, რა გვიწერია კანონში, მეორეა, რას გვეუბნება კანონი და მესამე, _ რამდენად არ სრულდება კანონი... მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ: ხალხის კეთილდღეობა უმაღლესი კანონია და მასზე უზენაესი არაფერი არსებობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ ეს აპოლიტიკური საფუძვლებია. თუმცა ამას რამდენად ამართლებენ ჩვენს სახელმწიფოში თუნდაც ადრე ან დღეს, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. მანამდე კი კიდევ ერთხელ გადავხედოთ კანონს, სადაც გვიწერია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან დაცვა; საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა; ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;  ტერორიზმთან ბრძოლა; სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი შესრულების კონტროლი; ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვა. ალბათ მკითხველს აინტერესებს, რატომ მომიწია ამხელა განმარტებების გაკეთება უსაფრთხოების სამსახურის მიზნებსა და მოვალეობებზე? ამისათვის არსებობს ერთი ადამიანი, რომელსაც რაღაცას მოვუყვები.   კანონი მოკლე უნდა იყოს, რათა უცოდინარმა ადვილად დაიმახსოვროს ჩემო სოსო! თითქმის ყველა კაცს აქვს უნარი, გაუძლოს გასაჭირს, მაგრამ თუ გინდა, რომ კაცის ნამდვილი ხასიათი გამოსცადო, მას ძალაუფლება უნდა მისცე. მრავალი გაჭირვებული წლისა და ვალის შემდეგ შენთვისაც გაისროლა „ავრორამ“ და, შენდა გასაკვირად, სახელმწიფოს მთავარი ღერძი სატრიალებლად ბედმა შენ გარგუნა. მიუხედავად იმისა, რომ ბედისმწერალმა დაგიბარა, როგორ უნდა მოქცეულიყავი, სამწუხაროდ, შენ ყველაფერი აურიე. არ ვიცი, შეიძლება თუ არა შევადარო ერთმანეთს, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოების მართვა ზემო მაჩხაანის კოლმეურნეობის კრების ჩატარებას არაფრით ჰგავს. ამიტომ ერთი კარგი მაგალითი უნდა მოგიყვანო: ლუციუს ანეუს სენეკა, რომაელი ფილოსოფოსი და დრამატურგი, პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, ნერონის აღმზრდელი და სტოიციზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი იყო. მგონია, რომ ეს ბევრს ვერაფერს გეუბნება... მაგრამ მისი ერთ-ერთი ცნობილი ციტატა შენთვის საინტერესო იქნება: სენეკა ამბობდა, _ კანონი მოკლე უნდა იყოს, რათა უცოდინარმა ადვილად დაიმახსოვროს. სახელმწიფოს უსაფრთხოების შესახებ კანონი გრძელი ნამდვილად არ არის, მაგრამ რაც იმ კანონში წერია, შენ ყველაფერს მის საწინააღმდეგოდ აკეთებ, მდინარის საწინააღმდეგოდ კი მხოლოდ თევზები ცურავენ, რომლებიც, ადამიანებისგან განსხვავებით, არ იხრჩობიან. თუ მომედავები, რას ვაკეთებ უკანონოდო, ამას უფრო ქვევით მოგიყვება ჩემთვის და შენთვის ნაცნობი ადამიანი, რომლის ვინაობას მხოლოდ იმიტომ ვერ ვამხელ, რომ მისი უსაფრთხოება დაცული იყოს.   ანონიმურობა დაცულია, ინფორმაცია კი _ საჯარო... _ ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ სუს-მა სპეცჯგუფები შექმნა... _ შექმნა, ოღონდ ორი მიმართულებით: ერთ მიმართულებას გააკონტროლებს ქუჩის „სასტავები“, ხოლო მეორე მიმართულებაზე იმუშავებენ ძალოვნები და სპორტსმენები. _ ვერ გავიგე, ეს ქუჩა ვინაა? _ ახალგაზრდები, რომლებიც ძველბიჭობენ, საკუთარ უბანში სიტყვა ეთქმით. _ მათ რა უნდა გააკეთონ ამ სპეცჯგუფებში? _ მათი დავალება შემდეგია: უბნებზე, სადაც „ქართულ ოცნებას“ ცუდი შედეგი ექნება, უნდა მოხდეს დესტაბილიზაცია, ჩხუბი, აყალამაყალი, ნასვამი ტიპების მისვლა და ამგვარი საქციელი. _ ამით რას იგებს ხელისუფლება? _ მთავარია, არჩევნები იმ უბნებზე ჩატარდეს მშვიდად, სადაც „ოცნებას“ კარგი შედეგი აქვს წინასწარი ანონსით, ხოლო სადაც გასვლა უნდა გაუჭირდეს, სჯობს, იმ უბანზე არჩევნები ჩაიშალოს, ხმაურზე დამკვირვებლები გარეთ გამოცვივდნენ და ასეთი ფორმით... _ ახლა მეორე მიმართულება მაინტერესებს: რა უნდა გააკეთონ სპორტსმენებმა და ძალოვნებმა? _ უბანზე, სადაც დამკვირვებელი მამალი ტიპი იქნება, ან კომისიის წევრი, რომელიც „ოცნებას“ გამარჯვებაში ხელს უშლის, ანუ სხვა ბანაკიდან არის, ყველა ასეთი ადამიანი უნდა შეისწავლონ და ყველა ასეთი ქალის უბნის დატოვების მექნიზმი უნდა დამუშავდეს. არ ვიცი, რა ფორმით: ზოგის ქმარი უნდა გადმოიბირონ, ზოგის თივის ზვინს, ალბათ, ცეცხლი გაუჩნდება, ზოგს მამამთილი გაუხდება ცუდად და ასე შემდეგ... _ ე. ი.? _ არაფერი! ამას ჰქვია არასერიოზული საფრთხეების შექმნა, ყურადღების გადატა და არჩევნების ჩაშლა ზოგიერთ უბანზე. _ ვინ არის ამ ე. წ. პროექტის ავტორი? _ სოსო გოგაშვილი. _ და გჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს მოეწონება? _ არ ვიცი, მე ის ვიცი, რაზედაც მუშაობა მიდის. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რეგიონი, სამცხე-ჯავახეთია სრულად დამუშავებული, დასრულების ეტაპზეა კახეთი, ქართლი და აჭარა. ამბობენ, გოგაშვილს ყველაზე მეტად სამეგრელოში უჭირს სიტუაციის დალაგებაო, ყოველ შემთხვევაში, მე ნაკლებად ვიცი, დასავლეთ საქართველოში რაც ხდება.   დასაწყისში აღვნიშნე უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი პრინციპები: კანონიერება, რომელიც 2012 წლის მერე ვეღარ ვიგრძენით; ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა _ კორცხელის მაგალითი იქნებოდა კარგი; ერთიანობა და ცენტრალიზაცია _ ხელისუფლების ერთობლიობაზე საუბარი სასაცილოა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა სამი სხვადასხვა მდინარის ნაპირზეა; დისკრიმინაციის დაუშვებლობა _ რაც ჩვენს ქვეყანაში ბოლო სამი წელია, ადამიანების დისკრიმინაცია მიმდინარეობს, ხელისუფლების პირების წახალისებით ამაზე საუბარიც ზედმეტია; პოლიტიკური ნეიტრალობა _ ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან სანამდე ძალოვანი სისტემა პოლიტიზებულია, მანამდე ამ ქვეყანაში დემოკრატიაზე საუბარი, უბრალოდ, აბსურდია.   P. S. დაბოლოს, როცა კარგ რამეს ვაკეთებ, თავს კარგად ვგრძნობ, როცა ცუდს, _ ცუდად. ესაა ჩემი რელიგია. მე არც მრევლი ვარ რომელიმე ეკლესიის და ვერც სტიქაროსანი ვიქნები, ჩემი რწმენა კარგისა და ცუდის გარჩევაა. სოსო, ვიცი, რომ ძალიან ცუდი გეგმები გაქვს საარჩევნოდ. ისიც ვიცი, რომ ამ ქვეყნის საზოგადოების აზრი არ გაღელვებს, თუმცა საჯაროდ გეუბნები, _ კანონი შენთვის მოკლე და გასაგები უნდა იყოს, რომ ადვილად დაიმახსოვრო. ის, რასაც წინასაარჩევნოდ სპეცჯგუფებით აპირებ, საერთოდ არ ექვემდებარება სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ არსებულ კანონს, პირიქით, _ სრულ წინააღმდეგობაში მოდის მასთან. ქარაგმებით საუბარი უკვე დაგვიანებულია, სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას: სპეცჯგუფები გადაგიყოლებს, იოსებ!  

                                                                                                               მაკა მოსიაშვილი

 

გაზიარება