QronikaPlus
დიდი „წმენდა“ სამშობიარო სახლებში - ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეფორმა

დიდი „წმენდა“ სამშობიარო სახლებში - ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეფორმა

2016-07-11 14:34:58

ჯანდაცვის სამინისტროს ხსენებული რეფორმის შესახებ თითქმის არ არის ცნობილი. იგი წინა ნომერში პირველად „ქრონიკა+“-მა გააჟღერა და რაოდენ დიდი იყო ჩვენი გაკვირვება, როდესაც ხსენებულმა უწყებამ ფაქტი დაგვიდასტურა. საუბარია საქართველოს კლინიკების ე. წ. დონეებად დაყოფაზე. აღნიშნული რეფორმა, ამ ეტაპზე, მხოლოდ სამშობიარო სახლებს შეეხო და ინფორმაცია, რომელსაც ამჯერად მოგაწვდით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. კერძოდ: მალე ქალები ნებისმიერ სამშობიაროში ვერ იმშობიარებენ და ვერც ყველა გინეკოლოგიურ კლინიკას მიაკითხავენ. საქმე ეხება დონეებს!   „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე _ ნინო ბერძული: _ ქალბატონო ნინო, როგორც წესი, ყველა მშობიარეს წინასწარ აქვს არჩეული სამშობიაროც და ექიმიც. _ მაგრამ როდესაც ორსულს ნაადრევი მშობიარობა ეწყება, მან არ იცის, რომელ დაწესებულებას მიმართოს. გართულებებზე ვსაუბრობ, რომელიც წინასწარ შესაძლოა, ვერ განსაზღვრო. რეალურად, თბილისში ძალიან ბევრი სამშობიარო სახლია, თუმცა უცნობია, არსებული დაწესებულებებიდან რომელი არის მზად იმისთვის, რომ ნაადრევ მშობიარობასთან დაკავშირებულ გართულებებთან გამკლავება შეძლოს. დღენაკლული ახალშობილების მიღებას სპეციალური გარემო სჭირდება. _ რა არის საჭირო, რომ სამშობიარო სახლი დღენაკლულ ახალშობილებს გაუმკლავდეს? _ საიმისოდ, რომ სამშობიარო სახლი ამგვარ გართულებებს გაუმკლავდეს, ხშირ შემთხვევაში აუცილებელია ჰქონდეს სპეციალური აპარატურა: ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ნაზალური სპა ფოტოთერაპიის აპარატი, პორტატული რენტგენი. ასეთ ახალშობილებს ხშირად აქვთ სუნთქვის დარღვევა და მასთან დაკავშირებული გართულებები. დღენაკლულ ბავშვებს შესაძლოა, ასევე სიყვითლეც დაემართოთ. აუცილებლად უნდა შეფასდეს, ჰყავს თუ არა დაწესებულებას სპეციალურად გაწვრთნილი და გადამზადებული კადრი, რომელიც ასეთი ტიპის გართულებებს გაუმკლავდება? ასევე აქვს თუ არა დაწესებულებას შესაბამისი ლაბორატორიული სერვისები და ა.შ. _ კი მაგრამ, სანამ სამშობიარო სახლებს დონეებად დაყოფდით, როგორ უმკლავდებოდნენ პრობლემებს? როგორ რეგულირდებოდა პაციენტთა მიმართვიანობა? _ ვიდრე ჩვენ ამ რეფორმას დავიწყებდით, არ იყო განსაზღვრული, რა საჭიროებისა და რისკის პაციენტი რომელ დაწესებულებაში უნდა მისულიყო. ვისაც სადაც უნდოდა, იქ მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტმა არ იცოდა, ეს დაწესებულება შეძლებდა თუ არა გამკლავებოდა ახალშობილის, ან მის მდგომარეობას. დაწესებულებაში მისული პაციენტი გარკვეული პერიოდი ადგილზე ყოვნდებოდა და როდესაც დაწესებულება მდგომარეობას ვერ უმკლავდებოდა, რეფერალის წესით გადააგზავნიდნენ სხვა დაწესებულებაში. აქამდე სწორედ რეფერალით რეგულირდებოდა აღნიშნული საკითხი, თუმცა ხშირად დაგვიანებული წესით. ამ უკანასკნელს ჩვენ რეფერალურ დაწესებულებებს ვეძახდით, რომლებიც ორსულთა და ახალშობილთა მაღალი რისკის პროგრამის განხორციელებაში იყვნენ ჩართული და ამ პროგრამის კონტრაქტორ დაწესებულებებში ამგვარი პაციენტები გადაჰყავდათ. თუმცა ამ პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების შეფასებამ გვიჩვენა, რომ ისინიც კი ხშირად ვერ აკმაყოფილებდნენ სტანდარტებს. _ რისი იმედი გაქვთ, როგორ შეიცვლება ვითარება რეფორმების შემდეგ? _ როცა პაციენტს თავიდანვე ეცოდინება, რომელი დაწესებულება რა სტანდარტს აკმაყოფილებს და რომელი დონის არის, გაცილებით ნაკლები პრობლემა შეიქმნება. აღნიშნული ინფორმაცია პაციენტს ორსულთა პატრონაჟის პროცესში მისმა ექიმმა უნდა მიაწოდოს. ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ცოდნის დონე ავამაღლოთ და მოსახლეობას საკმარისი ინფორმაცია მივაწოდოთ.  როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით დაწესებულებებს დონეები მიენიჭება, ხოლო პაციენტებს ეცოდინებათ, თუ კონკრეტულ დაწესებულებას რა დონე აქვს, რა მდგომარეობის გამკლავება შეუძლია და სად უნდა დაგეგმოს მშობიარობა მისი ჯანმრთელობის რისკებიდან გამომდინარე, ეს გაცილებით გაამარტივებს ვითარებას. როცა პაციენტი აპრიორი იმ დაწესებულებას მიმართავს სამშობიაროდ, სადაც ფუნქციურად და ინფრასტრუქტურულად გამართული გარემო დახვდება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობას გააუმჯობესებს. სხვადასხვა ტიპის გართულებული მდგომარეობის მართვა კვალიფიციურად შეუძლია მხოლოდ იმ პერსონალს და დაწესებულებას, რომელიც ასეთი ტიპის გართულებებს ხშირად მართავს და არა წელიწადში ერთხელ. _ რამდენია ასეთი დაწესებულების რიცხვი, რომელთაც გართულებების მართვა შეუძლიათ?.. ამ რიცხვის განსაზღვრა ხომ თავიდანვე შეუძლებელია? _ ყველა სამედიცინო დაწესებულებას ვაფასებთ, რომელიც სამეანო და ნეონატალურ სერვისებს ახორციელებს. შემოწმების შემდეგ ვნახავთ, რამდენი და რომელი დაწესებულება აკმაყოფილებს სხვადასხვა დონეს, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელიც ეხება პერინატალურ რეგიონალიზაციას. _ მაშინ კითხვას ასე დაგისვამთ: რამდენმა კლინიკამ ვერ დააკმაყოფილა სტანდარტი? _ შეფასების პროცესი არ დასრულებულა, მაგრამ წინასწარი შედეგებით 20 შეფასებული დაწესებულებიდან, ანუ დაწესებულებათა ნახევარზე მეტმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტები, მათ შორის, იმ კლინიკებმაც, რომლებიც მაღალი რისკის ორსულებს და ახალშობილებს იღებდნენ. _ მიზეზი რა არის? _ ბრძანებაში განსაზღვრულია გარკვეული კრიტერიუმები, რომელიც ამა თუ იმ დონის კლინიკამ უნდა დააკმაყოფილოს. აღნიშნულ კლინიკებს ან არ გააჩნდათ ის სერვისი, რომელიც მოეთხოვებოდათ, ან გაუმართავი ინფრასტრუქტურა ჰქონდათ და არც შესაბამის აპარატურას ფლობდნენ, ექიმთა კვალიფიკაცია არ იყო სათანადო, ასევე ვერ აკმაყოფილებდნენ სტანდარტით მოთხოვნილ თანაფარდობას ექთანსა და პაციენტს შორის. _ ექთანსა და პაციენტს შორის არსებული თანაფარდობა რა არის?    _ მაგალითად, ახალშობილთა ინტენსიურ განყოფილებაში ერთი ექთანი უნდა ემსახურებოდეს ორ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ახალშობილს და ა. შ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს ჰქონდეს შესაბამისი მოვლა. თუ ექთნისა და პაციენტის თანაფარდობა არ დავიცავით, როგორ იქნება კარგი გამოსავალი. _ ანუ ეს არის გამოსავალი? უცნაურად კი ჟღერს... _ ერთ-ერთი გამოსავალია... ეს კრიტერიუმები და სტანდარტები აქამდე საერთოდ არ იყო შემუშავებული და მოთხოვნილი, შესაბამისად, არც დაწესებულებებს გაუთვალისწინებიათ. ჩვენ შემოვიღეთ და ვნერგავთ ამ სტანდარტებს. _ შემოწმების დასრულების შემდეგ, თქვენი გადმოსახედიდან, რამდენი კლინიკა დააკმაყოფილებს მოთხოვნებს? _ ვინაიდან ეს ახალი რეფორმაა, ჯოხის პრინციპით არ ვმოქმედებთ. პირველ რიგში, საჭიროა განათლება და ინფორმირება. აღნიშნული რეფორმა ახლა ინერგება, ამიტომ როცა დაწესებულებებში შევდივართ, პირველ რიგში, ვაფასებთ ვითარებას, შეფასების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ვაძლევთ წერილობით და დეტალურ რეკომენდაციებს, ვადას ხარვეზების აღმოსაფხვრელად და განმეორებით ვაფასებთ ვადის გასვლის შემდეგ. _ სამშობიაროებს კონკრეტულად ვინ აფასებს? _ დაწესებულებებს აფასებს ექსპერტთა ჯგუფი პროფესიული ასოციაციებიდან. შეფასების ჯგუფში ასევე არიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ჩვენს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა დაწესებულების წარმომადგენელს უთქვამს, რომ გარკვეული ტიპის აპარატურა აქვს, თუმცა როცა აღნიშნული აპარატის ჩართვა და შემოწმება გვითხოვია, აღმოგვიჩენია, რომ არასრულყოფილად მუშაობს, ან სიძველის გამო საერთოდ არ მუშაობს. _ აღჭურვილობასთან დაკავშირებით რა ტიპის რეგულაციები გაქვთ? _ 2004 წლამდე გამოშვებული აპარატურა იკრძალება. თუმცა ზოგიერთ დაწესებულებაში აღმოგვიჩენია ან არამუშა, ან არასრულყოფილ მდგომარეობაში მყოფი სრულიად ახალი აღჭურვილობაც. ყოველივეს სჭირდება სპეციალისტი, რომელიც ღრმად შეისწავლის და შეაფასებს მდგომარეობას. ჩვენ მხოლოდ ვიზუალს არ ვამოწმებთ, მნიშვნელოვანია ფუნქციურობა და გამართულობა. ამის შესამოწმებლად გვჭირდება შესაბამისი სპეციალისტი, მაგალითად ნეონატოლოგი, ამიტომ ნეონატოლოგიური ასოციაციის წარმომადგენელთან ერთად ვმუშაობთ. ასევე ვთანამშრომლობთ მეანგინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციასთან, რომლებიც სამეანო ნაწილს აფასებენ. სისტემის შესაცვლელად საჭიროა გუნდური მიდგომა. _ კლინიკათა შემოწმება დაწყებულია? _ დიახ. იმერეთის რეგიონში მოვრჩით და 16 დაწესებულებას უკვე მივანიჭეთ დონე. _ დონეები როგორ ენიჭება? _ ამისთვის შემდეგი სახის პროცედურას გავდივართ: შევდივართ დაწესებულებაში და ვაფასებთ მდგომარეობას სპეციალურად შემუშავებული ინსტრუმენტის მეშვეობით. დაწესებეულებას ეძლევა შესაბამისი რეკომენდაციები ხარვეზების შესახებ და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებები. შეფასება ეცნობებათ ადგილზე და ასევე ეგზავნებათ წერილობით. დაწესებულების ხელმძღვანელი ხელს აწერს მიღებული შეფასების ანგარიშს იმის ნიშნად, რომ ეთანხმება იმ ხარვეზების არსებობას, რომელიც დაწესებულებაში დაფიქსირდა. ხარვეზების გასასწორებლად მიცემული დროის გასვლის შემდეგ განმეორებით ფასდება და დონე ენიჭება. _ სულ რამდენი დონეა? _ სულ სამი დონის დაწესებულება არსებობს. პირველი დონე ნიშნავს საბაზისოს: პაციენტი, რომელსაც არავითარი თანმხვედრი ქრონიკული პათოლოგია არ აღენიშნება და ორსულობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს, არ აქვს ორსულობის გართულება, ასეთი პაციენტი არის პირველი დონის დაწესებულების პაციენტი. მსოფლიო მასშტაბის მაჩვენებლით, ორსულთა გართულებული მდგომარეობის მაჩვენებელი შეადგენს 10-15%-ს. აღნიშნული სამი დონიდან ყველაზე მაღალ სტანდარტებს მესამე დონის დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს, სადაც უნდა მოხვდნენ მაღალი რისკის მქონე ორსულები და ახალშობილები. ბევრი ქვეყანა მუშაობს ოთხი დონის: A, B, C, D პრინციპით. ამგვარ ქვეყნებში უფრო გართულებულია მუშაობის მიმდინარეობა. ჩვენ მარტივი მექანიზმი შემოვიტანეთ. საქართველოს მოდელის ანალოგიური პრინციპით მუშაობენ ბალტიის ქვეყნები, ასევე ევროპის ბევრი ქვეყანა. ეს პროექტი მომავალზეა ორიენტირებული და საშვილიშვილო საქმეს წარმოადგენს. ლიტვამ, ჩეხეთმა, ისრაელმა, პორტუგალიამ და სხვა ქვეყნებმა ამ რეფორმის განხორციელებიდან ხუთ წელიწადში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა გაანახევრეს. აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს იმას, რომ ორსულმა იცის, სად უნდა მივიდეს, რა დროს რომელ დაწესებულებას მიმართოს. თუნდაც შორს იყოს ის დაწესებულება, ორსული ქალი ამჯობინებს, მეტი მანძილი განვლოს და მეტი დრო დახარჯოს, ვიდრე მეზობელ დაწესებულებაში მივიდეს, სადაც აღმოჩნდება, რომ იქაური პერსონალი ვერ უმკლავდება რისკებს და შემდგომ სხვა დაწესებულებაში გახდეს გადასაყვანი, ამით კი დრო დაიკარგოს. _ დავუშვათ, დაწესებულება ამა თუ იმ დონეს არ აკმაყოფილებს, რას უშვრებით ამის შემდეგ? _ პირველ ეტაპზე დაწესებულებას დონე არ ენიჭება. მას ეძლევა გარკვეული დრო, რათა  დაფიქსირებული ხარვეზები გამოასწოროს. გაითვალისწინოს რეკომენდაციები და შეასრულოს დავალებები, რომელიც სამუშაო გუნდმა დაუტოვა. განმეორებითი შეფასება ტარდება 3-4 თვეში. სწორედ განმეორებითი შეფასების დროს ენიჭება დონე. _ თუ განმეორებითი შეფასების დროს დაწესებულებამ მოთხოვნილი დონე ვერ დააკმაყოფილა? _ ყველა დონეს აქვს თავისი სტანდარტი და მოთხოვნები დონეთა მიხედვით აბსოლუტურად სხვადასხვაა. თუ დაწესებულებას მოთხოვნა აქვს მეორე დონეზე, შეფასება ხდება აღნიშნული დონის სტანდარტების მიხედვით. ვაფასებთ მეორე დონის ინსტრუმენტის მიხედვით, ვაძლევთ რეკომენდაციას და თუ სამ თვეში ხარვეზები ვერ გამოასწორა, პირველი დონე მიეცემა. როდესაც დაწესებულება მზად იქნება და დონის ამაღლების სურვილი გაუჩნდება, კვლავ ვეწვევით და ხელახლა განვიხილავთ დონის მინიჭების საკითხს. _ რეზუს უარყოფითები, შიდსის მატარებელი პაციენტები და ა. შ. მესამე დონეს ეკუთვნის? _ ასეც ვერ ვიტყვით. აივ ინფექციის მქონე პაციენტმა შესაძლოა, პირველ დონეზეც იმშობიაროს. ყველა დაწესებულებამ, დონის მიუხედავად, უნდა გამოიყენოს უნივერსალური თავდაცვის მეთოდი ინფექციებისგან. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ინფექციაზეა ლაპარაკი. თუ აივ ინფიცირებულ პაციენტს ორსულობის არავითარი გართულება არ გააჩნია, შეუძლია პირველ დონეზეც იმშობიაროს. არის სხვადასხვა მწვავე დაავადება, რომელიც შეიძლება განვითარდეს და დაემთხვეს ორსულობასთან ქრონიკულ დაავადებებს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს _ გულის მანკს, ჰიპერტენზიას, დიაბეტს, არაკონტროლირებად ეპილეფსიას, ნევროლოგიურ გართულებებს, თირკმლისმიერ პათოლოგიებს და სხვას, რომლის ფონზეც მიმდინარეობს ორსულობა, ასეთი პაციენტი მიდის მესამე დონეზე. მეორე დონეში ამ ქრონიკული დაავადებების რაღაც ნაწილი შეიძლება მოხვდეს, აქაც კლასების მიხედვითაა დაყოფილი. მაგალითად, პირველი კლასის ჰიპერტენზიული დაავადება შესაძლოა იმართოს მეორე დონეზე. აქამდე ეს ყველაფერი არ იყო ასე მკაფიოდ და მკაცრად გაწერილი. ჩვენ ჩამოვყალიბდით უშუალოდ მდგომარეობებზეც, ანუ პაციენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად გამწესდება თითოეული დონის დაწესებულებაში. _ შესაძლებელია თუ არა, მესამე დონის კლინიკა მოემსახუროს პირველი დონის პაციენტს? _ რა თქმა უნდა, ფიზიოლოგიურად ნორმალურად მიმდინარე მშობიარეს შეუძლია, მოემსახუროს, მაგრამ რატომ უნდა მივიდეს პაციენტი ისეთ დიდ პერინატალურ ცენტრში, სადაც მხოლოდ რთული პაციენტები არიან? ასეთი მესამე დონის დაწესებულება შესაძლებელია მოშორებული იყოს საცხოვრებელი ადგილიდან და რატომ უნდა წავიდეს მესამე დონეზე, როდესაც შესაძლებელია სახლთან ახლოს, პირველი დონის დაწესებულებაში იმშობიაროს გართულებების გარეშე? _ ჩვენ ვისაუბრეთ სამშობიაროებზე, ცვლილებები როგორი იქნება სხვა კლინიკებთან მიმართებით? _ ამ სეგმენტში იმდენად ქაოსური ვითარება იყო, ჩვენ თუ მას დავალაგებთ, ანალოგიური მოდელის დანერგვა სხვა სეგმენტშიც იქნება შესაძლებელი. მაგალითად, ონკოლოგიაში ბევრად უარესი მდგომარეობაა. სერვისები სრულიად ფრაგმენტირებულია. ჩემი პირადი მოსაზრებით და იმ ქვეყების გამოცდილებით, რომლებსაც საუკეთესო ონკოლოგიური სერვისები აქვთ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დაუშვებელია ამ სეგმენტის ფრაგმენტირება. ერთ დაწესებულებაში უნდა იყოს ყველა სერვისი, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტს ესაჭიროება: ქირურგია, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, რადიოთერაპია და სხვ. _ ქალბატონო ნინო, ჩვენს წინა პუბლიკაციაში ვწერდით, რომ მესამე დონის კლინიკას აუცილებლად უნდა ჰქონდეს „კატე“ დიაგნოსტიკური სერვისი. ექვსსართულიან შენობაში განთავსებულ ექვსივე კლინიკას რომ მიენიჭოს მესამე დონე, ეს ნიშნავს, რომ ყველა სართულზე დგას „კატე“. ეს ხომ სერიოზული გამოსხივებაა? _ ასეთი რამ ვერ მოხდება ვერც ფიზიკურად და ვერც თეორიულად. ტიპირების დოკუმენტი შედგენილია, როელიც განსაზღვრავს, რა ტიპის დაწესებულებას რა მოთხოვნები მიესადაგება. აღნიშნულ დოკუმენტში ისეთი სტანდარტებია, გამორიცხულია, ექვსსართულიან შენობაში ექვსი კლინიკა იყოს და ექვსივემ ახალი ბრაძანების შესაბამისი მესამე დონის სტანდარტები დააკმაყოფილოს. _ „კატე“ სამშობიაროშიც ხომ უნდა იდგეს? _ სამშობიაროში არ უნდა იდგეს, მაგრამ როდესაც მესამეულ დონეზე ვლაპარაკობთ, დაწესებულება, რომელიც მესამე დონის სამეანო და ნეონატალურ სერვისს ახორციელებს, აუცილებლად უნდა იყოს მრავალპროფილური, ამდენად, მესამეულ დონეს ასეთი ტიპის დიაგნოსტიკური საშუალებები მოეთხოვება.    

                                                                         თამარ როსტიაშვილი

 

გაზიარება