QronikaPlus
გოჩა ჯოჯუა: ,,ივანიშვილმა „ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს გადააყოლა თავისი რეიტინგი!“

გოჩა ჯოჯუა: ,,ივანიშვილმა „ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს გადააყოლა თავისი რეიტინგი!“

2016-07-11 14:20:19

„ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ საპარლამენტო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსთან“ და სხვა ძალებთან ერთად პოლიტიკური ბლოკის სახით მონაწილეობს. პარტიის ლიდერი გოჩა ჯოჯუა აცხადებს, რომ გაერთიანებას არა მარტო საარჩევნო, არამედ მთლიანად პოლიტიკური გარემოს შეცვლა შეუძლია. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი _ გოჩა ჯოჯუა: _ ბატონო გოჩა, როგორ შეაფასებთ ბოლო სოციოლოგიური გამოკვლევების შედეგებს, რამდენად ასახავს იგი არსებულ რეალობას? _ ზუსტი მეცნიერება სოციოლოგია ჩვენს ქვეყანაში პროპაგანდის იარაღად იქცა. ამით მან რეალური ფუნქცია დაკარგა. ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც, „ქოცებთანაც“ და „ნაცებთანაც“, ვნახეთ, რომ ორივე მაქსიმალურად მოსახლეობაზე ზემოქმედებას ცდილობს. მიზანმიმართულად მხოლოდ ეს ორი ძალაა წინა პლანზე წარმოდგენილი. დანარჩენი პოლიტიკური ძალების არსებობაც კი მათ მიერ დახატულ პოლიტიკურ ლანდშაფტს არ ცვლის. ორივე შემთხვევაში ეს პარტიები იძულებული არიან აღიარონ, რომ ჯამურად ჩვენი მოსახლეობის 50% მათ მხარს არ უჭერს. რეალურად, იმასაც ვხედავთ, რომ „ოცნების“ ბოლო კვლევით, მოსახლეობის მხოლოდ ერთი მესამედი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. ამიტომ მათი განაცხადი, რომ ერთი მესამედის მხარდაჭერით ჩვენ სრული და საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა ავიღოთო, ეს ნიშნავს, რომ მათი დამოკიდებულება, რბილად რომ ვთვათ, მორალურად მცდარია. ერთი მესამედით გსურს გააკონტროლო პარლამენტის ორი მესამედი? ეს ხომ მოსახლეობის განწყობის ადეკვატური ასახვა ნამდვილად არ იქნება. ფაქტობრივად, ასეთივე განაცხადი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც, თავის მხრივ, ამბობს, რომ წარმოადგენს ძალას, რომელიც ხელისუფლებაში უნდა მობრუნდეს. მაგრამ მათი კვლევებიც გვაჩვენებს, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული არიან, რომ მეორე ადგილი, ანუ რეალური ოპოზიციური ფრთა მათი უნდა იყოს. დანარჩენში ორივეს შუა გაკრეფის პრინციპის გამეორება სურს, რაც 2012 წლის არჩევნებში მოხდა. ეს მათი ამოცანაა და ეს კვლევა სწორედ ამის განაცხადი შეიძლება იყოს. ამ ფონზე, ჩვენ ისევ იმ მდგომარეობში აღმოვჩნდით, როცა სოციოლოგიური კვლევის ველი, ფაქტობრივად, ისევ დაზიანებულია. გულწრფელობა ისევ სადღაც გადაკარგულშია. ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ პროპაგანდისტულად დაანახვოს ამომრჩეველს, მხოლოდ და მხოლოდ, ის ამოცანები, რაც კონკრეტულად მან დასახა და არა ის, რომ სოციოლოგიურმა კვლევამ რეალური სურათი მოგვცეს, იმის გათვალისწინებით, რომ ისევ მახინჯ საარჩევნო გარემოში გვიწევს მუშაობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი, ვინც ხელისუფლებას ხმას აძლევს, ისევ და ისევ, მოტყუებულია. მათი ხმის მიტაცება ნებისმიერ იმ ხელისუფლებას სურს, რომელიც ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს. ამიტომ ამ ქვეყანაში არავის სურს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. უკვე ამ ტრადიციის ნაწილია ისიც, რომ შემდგომ მივმართავთ ხოლმე პროგრესულ საზოგადოებას, რომ აქ არ არის სამართლიანი არჩევნები. შემდეგ ისინი არბიტრის როლში გვევლინებიან. ოღონდ აქ განსხვავება ის არის, რომ დღეს ამ არბიტრსაც მოსახლეობა თუნდაც შეფასებებში უკვე მაღალ სტანდარტებს სთხოვს. თუ მსაჯული ხარ, მაშინ თავად შენც განგსჯიან. საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური კულტურა იმდენად გაზრდილია, რომ ისინი მსაჯულებს (ამ შემთხვევაში, ევროპას) გაცილებით დიდ მოთხონებს უყენებს. მოგეხსენებათ, თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იმართება, რაც მნიშვნელოვანი და ეპოქალური მოვლენაა. კერძოდ ის, რომ ეუთოს ასამბლეა ჩვენთან სწორედ არჩევნების წინ ტარდება. იმასაც ვფიქრობ, რომ შედეგი იქნება _ მოსახლეობა გამოვა, იაქტიურებს და ყველას დაანახვებს, რომ ჩვენ ცივილიზებული საარჩევნო გზით გვსურს ხელისუფლების შეცვლა. ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს. თავის მხრივ, ევროპელმა კოლეგებმაც თავიანთი ინსტრუმენტებით გავლენა უნდა მოახდინონ ამ ორ პოლიტიკურ ძალაზე. ისინი დომინანტურად და ყოველგვარი სამართლის ნორმების დარღვევით ცდილობენ მიზნების მიღწევას. აი, ეს მოცემულობა და ფორმატი უნდა დაირღვეს, თუკი გვინდა, რომ პროგრესის გზით ვიაროთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. _ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის. უფრო მეტი უარყოფითი მაჩვენებელი „ენდიაისა“ და „აირაის“ კვლევებში გამოვლინდა. ეს განწყობა რაზე მეტყველებს? _ პოლიტიკურ კულტურაზე ვსაუბრობდით და მოსახლეობის რეაქცია სავსებით გასაგებია. საერთო ჯამში, ჩვენი მოსახლეობა ხედავს, რომ მისი ინტერესები არ ტარდება, პრიორიტეტები მართებულად გამოკვეთილი არ არის. ამ დროს მონაცემების უტრირება ხდება და აქცენტი მხოლოდ პოლიტიკურ ვექტორზე გადააქვთ ხოლმე. ანუ ერთი მხარე ამბობს, _ ხედავთ, ჩვენი ორიენტაცია, ევროპული გზა, მოსახლეობის შეფასებაში ასახულიაო. აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ ჩვენი მოსახლეობის 51% დასავლეთისკენ, ევროპისკენ სწრაფვას აფასებს. რეალურად, ის აფასებს იმას, თუ შედეგად რა გვაქვს ქვეყანაში. ჩვენ შიგნით არასწორად რომ ვვითარდებით, მოსახლეობა, უპირველესად, ამას ხედავს და ქვეცნობიერად გრძნობს, რომ ეს ცუდი პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ამიტომ ეს 51% იმას კი არ ამბობს, რომ დასავლური განვითარების მიმართულება ცუდია, რადგან ყველას სურს დაბანილ, დავარცხნილ და სამართლებრივ სივრცეში სახელმწიფოს არსებობა. საუბარია იმაზე, რომ აქ ეს ყველაფერი არასწორად მიჰყავთ, რაც ამ გზაზე რეალურად უნდა გააკეთონ. ასევე ჩვენს ქვეყანაში ხომ ასე მიღებულია დაყოფა, _ პროდასავლელი და პრორუსი. სხვა არ არსებობს, ორად გაყვეს, შავად და თეთრად და არავის აწყობს, რომ ქართული სახელმწიფო შუაში არსებობდეს, სადაც მოსახლეობა თავად განსაზღვრავს, როგორ უნდა მოაწყოს ეს ქვეყანა. მახსოვს, ერთი პერიოდი, ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროს, ვიღაცები ამბობდნენ, თუ ქართველი ხარ, ე. ი. შენ ამერიკელი ხარ, რადგან ეს ნიშნავს, რომ სსრკ-ს დაშლის მომხრე ხარო. ახლა, როცა ამბობ, რომ ქართველი ხარ, აჰა, შენ ესე იგი რუსი ხარ და ა. შ. ეს არის ავადმყოფური წარმოდგენა ქართული პოლიტიკური პროცესის განვითარებაზე. _ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ღია წერილი რამდენად ასახავს ქვეყნის დღევანდელ რეალობას? _ ვფიქრობ, ეს ადამიანი, გარკვეულწილად, პროფესიონალების შეფასებებს ეყრდნობოდა. მისი პირადი შეგრძნებების გამოხატვის ინსტრუმენტებად ის ადამიანები იყვნენ გამოყენებული, რომლებმაც ბევრ საკითხში არასწორი დიაგნოზები დაუსვეს. ამის შედეგია ის, რომ ივანიშვილი აცდენილია იმ რეალობას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ეს იმ ადამიანების, მრჩევლების პოლიტიკური გონების ნაჟურია, რამაც ის საერთოდ ააცილა სივრცეს, რომელიც ჩვენს რეალობაში არსებობს. თავისი ცხოვრების წესიდან, სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, რასაკვირველია, ის საზოგადოების ფართო ფენებს ვერ ეხება. ამიტომ ივანიშვილი ილუზიაშია და საკუთარი წარმოდგენებით ხედავს მოსახლეობის სოციალურ და ქვეყნის განვითარების დონეს. _ ივანიშვილის აქტიური მონაწილეობა წინასაარჩევნო პროცესში „ქართულ ოცნებას“ რა შედეგს მოუტანს? _ ეს ბოლო სამაშველო რგოლია. ივანიშვილს მიაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი ფორმით თუ შეძლებს „ოცნების“ მიწასთან გასწორებული, დავარდნილი რეიტინგის გადარჩენას. ამიტომ ის თავად მონაწილეობს პროცესში. ეს თვითონ ივანიშვილისთვის საზიანოა, რასაკვირველია, ქართულ „ოცნებას“ წაადგება. მაგრამ ის პერსონალურ მსხვერპლს იღებს იმისთვის, რომ „ოცნება“ გადაარჩინოს. მას ნამდვილად შეეძლო ქართულ ისტორიაში სრულიად სხვა ლიდერად, პიროვნებად დარჩენილიყო. ფაქტობრივად, „ოცნებას“, პოლიტიკურ გუნდს გადააყოლა თავისი რეიტინგი. _ „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორია? _ ობიექტური სივრცე არ ნიშნავს, რომ ეს ობიექტურობა ნებისმიერ მედიასაშუალებას უნდა მოვთხოვოთ. სივრცის ობიექტურობას განსხვავებული არხების არსებობა ქმნის და არა რომელიმე ტელევიზია. „რუსთავი 2“ ჩემთვის ტენდენციური, პროპაგანდისტული მანქანაა, მაგრამ მისი არსებობა მედიასივრცეში აუცილებელია. მერე ჩემი გადასაწყვეტია, „რუსთავი 2“-ს ვუყურებ, „ობიექტივს“, „იბერიას“ თუ „იმედს“. როდესაც ქვეყანაში, თანაც არჩევნების წინ, პროპაგანდისტულ მანქანას ხელისუფლება ასეთი ფორმით ებრძვის, ეჭვი მიჩნდება, რომ ეს, ერთი ვერსიით, წინასწარ დაგეგმილია, რომ ხელისუფლება სწორედ „ქოცებმა“ და „ნაცებმა“ გაიყონ. ამასთან, „რუსთავი 2“-თან ბრძოლა „ნაცმოძრაობასთან“ ბრძოლას ნიშნავს, თანაც არჩევნების წინ, რომელიც უფრო მეტად ქვეყანას აზარალებს. ასე რომ, ეს არ არის სახელმწიფოებრივი ხედვა და ქმედება. _ ქვეყანაში წინასაარჩევნო რელობა შევაფასოთ, პრემიერმა პარტიებს ქცევის კოდექსის ხელმოწერისკენ მოუწოდა, თქვენი პოზიცია როგორია? _ პრემიერის იმედი გვქონდა, მის დაპირებებს და ურთიერთობებს თუ გავითვალისწინებთ. ვფიქრობდით, რომ ცივილიზებულ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებასთან გვქონდა საქმე. რეალურად, აღმოჩნდა, რომ მას ენერგია, უნარი არ ეყო და ვერ შეძლო, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეეცვალა. რაღაც მეორად ქცევის კოდექსებზე, რაღაც ფორმებზე შეთანხმების მცდელობა იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში საქმე კარგად ვერ არის, თორემ იმას ხელმოწერა არ სჭირდება, რაზედაც ადამიანებს ელემენტარული მორალური კანონი აქვთ. იძულებული არიან, კორცხელი რომ არ განმეორდეს, რაღაც ვალდებულებები ავიღოთ და რაღაცას ხელი მოვაწეროთ. ეს არის იაფფასიანი, პროპაგანდისტული ქმედება. _ რატომ გადაწყვიტეთ იმ გაერთიანებაში მონაწილეობა, სადაც ახლა ხართ, _ „პატრიოტთა ალიანსთან“ და სხვა პოლიტიკურ ძალებთან? _ ერთადერთი კვალიფიციური პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰქონდა და ახლაც მზარდი რეიტინგი აქვს, ეს არის „პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც რეალურად შეაფასა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და პოლიტიკურ ძალებს გაერთიანება შესთავაზა. ასეთ წინადადებაზე არც ერთ პოლიტიკურ ძალას პასუხისმგებლობა არ აუღია. ამიტომ სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან გამომდინარე მივიჩნიეთ, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ გვერდით უნდა დავდგომოდით. შეიძლება მოეჩვენოთ, რომ ჩვენ რაღაც ნაწილში განსხვავებული ხედვები გვქონდა, მაგრამ მთავარ ფასეულობებში ერთად ვართ, რასაც საქართველოში ქართული პოლიტიკის წარმოება ჰქვია. დანარჩენი, ზოგი თავს პრორუსს უწოდებს და ზოგი პროამერიკელს, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული სახელმწიფოს ბედი საქართველოში უნდა წყდებოდეს. თბილისი უნდა იყოს განმსაზღვრელი, რა უნდა ვილაპარაკოთ ბრიუსელში, მოსკოვსა თუ ვაშინგტონში. _ რა შედეგს ელოდებით არჩევნებზე? _ ვფიქრობთ, რეალური შანსი გვაქვს, არჩევნები ისე გადავტეხოთ, რომ ჩვენ ვიყოთ ის ძალა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკის შეცვლას შეძლებს. ასე რომ, ჩვენ გამარჯვებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ბლოკი ვართ.  

                                                                                             გელა მამულაშვილი

 

გაზიარება