QronikaPlus
ბრძოლა უიარაღოდ!

ბრძოლა უიარაღოდ!

2016-07-09 09:40:39

„თავდაცვის მინისტრი მოსულია“, „შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს“, „სუსის უფროსი კომენტარს არ გვაძლევს!“ „სადღაც აფეთქებების ხმა ისმის!“ „სოციალურ ქსელში დაუდასტურებელი ინფორმაციები ვრცელდება“, „ადგილობრივი მოსახლეობა ჩავწეროთ“, _ ასეთი ტიპის ფრაზებს მედიის წარმომადგენლები ყოველდღიური საუბრისას იყენებენ... თუმცა, ამჯერად, ის გარემო, სადაც ჩვენი კოლეგები მათთვის დამახასიათებელი პროფესიული ლექსიკით საუბრობენ, ყოველდღიური ყოფისგან რადიკალურად განსხვავდება. ა. წ. პირველი ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით, საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობაში, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისთვის გაიმართა სწავლება: „ღირსეული პასუხი _ 2016“. კაცობრიობის ისტორია ბრძოლების ისტორიაა. ადამიანები, რეალური ომების პარალელურად, ფსიქოლოგიურ ომებს უხსოვარი დროიდან აწარმოებენ. ასეთ ვითარებაში მოწინააღმდეგის სამიზნე შეიძლება გახდეს მთავრობები, ორგანიზაციები, რელიგიური თუ ფინანსური ჯგუფები, ცალკეული ინდივიდები, ან ყველა მათგანი ერთად. დღეს, XXI საუკუნეში, ფსიქოლოგიური ომის წარმოება წარმოუდგენელია მძლავრი საინფორმაციო საშუალებების გარეშე. თანამედროვე მსოფლიოში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ომისა და ბრძოლის ახალი მეთოდები დაინერგა. შესაბამისად, ქვეყანამ, რომლის ორი რეგიონი ოკუპირებულია, დიდი გათვლები უნდა გააკეთოს, როგორც სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, ასევე საინფორმაციო პოლიტიკის წარმოების მიმართულებით. სწორად ამას ემსახურება, „ღირსეული პასუხი _ 2016“-ის ფარგლებში გამართული მედია სწავლება, რომლის იმიტირებულ ნიუსრუმში ერთობ დაძაბული, მაგრამ საინტერესო გარემოა. როგორ უნდა მოვიქცეთ მასმედიის წარმომადგენლები სამხედრო მოქმედებების დროს? როგორ უნდა გავაშუქოთ მოვლენები ცხელი წერტილებიდან? სად გადის ზღვარი სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ექსკლუზიური ინფორმაციის გავრცელების ცდუნებას შორის? რას ვუპირისპირებთ მტრის პროპაგანდას? _ ამ და სხვა კითხვებზე ჟურნალისტებმა პასუხები არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც მივიღეთ _ რეალობასთან მიახლოებულ გარემოში.   პირველ ივლისს, დედაქალაქის ცენტრში, შეკრება დავიწყეთ. სპეციალურად ჩვენთვის შერჩეული ავტობუსი ვარდების მოედნიდან დილის ცხრა საათისთვის დაიძრა. დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ოცდაათამდე ჟურნალისტი, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სპეციალური მისიით სამეგრელოსკენ გამოვეშურეთ. დღის ორი საათისთვის სენაკის სამხედრო ბაზის შესასვლელში რამდენიმე წუთით შევჩერდით. უცხო გარემოში მყოფი სტუმრების მიმართ მასპინძლებმა, სამხედრო პირებმა აშკარად რბილი ტონი შეარჩიეს, თუმცა დასაწყისშივე განგვიმარტეს, რომ ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდოდით, შესაბამისად, ინდივიდუალურ ქმედებებში, გარკვეულწილად, შეზღუდვები გვექნებოდა. აქვე, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ აღნიშნული სწავლების პერიოდში, დისკომფორტი არც ერთ ჩვენგანს არ უგრძნია. ოფიცრების, ფსიქოლოგების, სამხედრო კორესპონდენტებისა და სხვადასხვა კატეგორიის ტრენერის მიერ განრიგი თანმიმდევრულად იყო გაწერილი. ყოველი საათი თუ წუთი ინფორმაციულად მოცულობითი გახლდათ. ქრონიკა+“, პირველ რიგში, თავდაცვის მინისტრის მრჩევლის მედიის საკითხებში, იმედა დარსალიას კომენტარს შემოგთავაზებთ: _ ამ სწავლების მიზანია, ჟურნალისტების ინფორმირება, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, ან როგორ არ უნდა მოვიქცეთ ომის დროს, როგორ კოორდინაციაში უნდა იყვნენ სამხედროები და მედიის წარმომადგენლები ერთმანეთთან? რას აკეთებს ქართული მედია მაშინ, როცა საინფორმაციო ომი იწყება? როგორ შეიძლება ინფორმაციების გადამოწმება პროპაგანდის ფონზე? ვფიქრობ, აქ არის რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სიტუაციები. ჩვენ შევეცადეთ, ორიგინალური სიურპრიზები და სიმულაციები შემოგვეთავაზებინა თქვენთვის. _ ვის რა წვლილი მიუძღვის ამ პროექტის განხორციელებაში? _ აღნიშნული პროექტი, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, თავდაცვის მინისტრისა და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ერთობლივი იდეის შედეგად განხორციელდა. მსგავსი სწავლება საქართველოში არასოდეს ჩატარებულა. როგორც ჯარში იტყვიან, _ მოტივაცია მაღალია. ჩვენი ნიუსრუმი თითქმის არ განსხვავდება რეალური ნიუსრუმისგან; ჩვენ გვინდა, ქართული მედია და ქართული ჯარი იდენტურ სიტუაციებში კოორდინაციაში იყვნენ ერთმანეთთან, ამიტომ უფრო და უფრო ვამძაფრებთ სიტუაციებს, თუმცა სხვა დეტალების თქმისგან თავს შევიკავებ. იქნება ისეთი სიტუაციები, რომ თავადაც ვნერვიულობ, რამდენად გაუძლებენ სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტები ასეთ დატვირთვას. ბოლო დღეს საომარი სცენების იმიტირებას მასშტაბურად მოვახდენთ. ეს არის პირველი სწავლება, ჩვენ უკვე დავინახეთ ლაფსუსები, რასაც შემდეგი სწავლებების დროს გამოვასწორებთ. _ დასამალი არაა, ჟურნალისტები და პიარსამსახურების წარმომადგენლები ხშირად ვკამათობთ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, თუმცა ამ სწავლების ფარგლებში თქვენ ყურადღებით გისმენდნენ და გემორჩილებოდნენ... _ ძალიან კარგი ნაკადია. მოსმენა იციან და, ამავდროულად, თავიანთი არგუმენტირებული პოზიციები აქვთ. ზოგადად კი ყოველთვის ვეწინააღმდეგები კოლეგების გადაწყვეტილებას, რომლებიც მედიიდან პიარში ინაცვლებენ. ვინც სახელმწიფო უწყებაში მიდის, ვურჩევ, რომ არ წავიდეს, თუ არჩევანი აქვს, ვინაიდან აქ სხვა პასუხისმგებლობაა, დამოუკიდებელ ჟურნალისტს კი თავისი საქმე აქვს, ხოლო პიარმა უწყების პრესტიჟი უნდა დაიცვას. აქვე ექსკლუზიურად გეტყვით: დღეს თუ ხვალ მე მაინც დავბრუნდები მედიაში.   გიორგი მოლოდინი _ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი: _ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი არის პასუხისმგებელი საზოგადოებასთან ჯეროვან კომუნიკაციაზე. ამ გზაზე მედია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებას. თავდაცვის სამინისტრო, მიუხედავად თავისი სპეციფიკურობისა, უნდა დარჩეს ღია და გამჭვირვალე სახელმწიფო ინსტიტუტად. რაც შეეხება მსგავსი ტიპის სწავლებებს, იგი ნატოს წევრ და დასავლეთის სხვა ქვეყნებში უკვე აღარ არის ნოვაცია. საქართველოს უახლესი ისტორიის ზედაპირული ანალიზი არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ კრიზისი ამ ქვეყანაში აღარასდროს იქნება. თავდაცვის სამინისტრო, თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, არის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც მუდამ უნდა იყოს მზად მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის. _ ამ ტრენინგის ფარგლებში რა ნაწილია ადაპტირებული ჩვენს რეალობაზე და რა არის ადგილობრივ დონეზე შემუშავებული? _ საინფორმაციო ომის კომპონენტი, სავარჯიშოები, სცენარის განვითარების ხაზი ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს, ეს ჩვენი ექსკლუზივია; ხოლო საბრძოლო მოქმედებების კომპონენტების მხრივ გერმანიაზე გავაკეთეთ სწორება, სადაც მსგავსი ტიპის სწავლებები ჟურნალისტებისთვის ხშირად ტარდება. _ შეგიძლიათ, მოკლედ გვითხრათ, რა მიზნებს ისახავს სხვადასხვა კატეგორიის საინფორმაციო ომი? _ საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომები და ოპერაციები მთავარ მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედებას და მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას. ტაქტიკურ დონეებზე საინფორმაციო ომი შეიძლება გამოხატული იყოს მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ქცევაზე ზემოქმედებაში და მოსახლეობისთვის სასურველი განწყობების შექმნაში, მათ შორის, მედიის შეცდომაში შეყვანაც იგულისხმება. ჩვენ აქ 2008 წლის მაგალითებიც განვიხილეთ. ინსპირაციისთვის ვიხსენებთ სხვადასხვა დროს წარმოებულ ომებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ნებისმიერი კრიზისის დროს სცენარი ინდივიდუალურია. თანამედროვე საინფორმაციო გარემოში გადამწყვეტი როლი უჭირავს სოციალურ ქსელებს, სადაც მოწინააღმდეგე ყოველდღიურად ცდილობს დახვეწოს თავისი უნარ-ჩვევები. _ აპირებთ თუ არა ამ პროექტის გაგრძელებას? _ „ღირსეული პასუხი 2016“ _ ასე ჰქვია ამ პროექტს, რაც მიუთითებს, რომ ჩვენ გეგმაში გვაქვს „2017-ის“, „2018-ისა“ და ასე შემდეგ ჩატარება, რათა მედიის წარმომადგენლებს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ოფიცრებს შორის იმ ტიპის კომუნიკაცია შედგეს, რომელიც, საერთო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში გააძლიერებს არა ერთ, არამედ ორივე მხარეს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს კოლეგებს ყველას ერთად, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის თავდაცვას აძლიერებთ.   პაატა ჩხაიძე _ ბრიგადის საცეცხლე მხარდაჭერის უფროსი ოფიცერი: _ ბატონო პაატა, თქვენ სწავლების ფარგლებში ჩვენი კოორდინატორიც ხართ, რამდენად რთულია სამოქალაქო ჟურნალისტების მართვა? გულწრფელად რომ გვითხრათ, გაგიჭირდათ ჩვენთან კომუნიკაცია? _ მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სამხედრო გამოცდილება არ გაგაჩნიათ, სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტების კონტინგენტი სწორად რეაგირებთ მითითებებზე და მტკივნეულად არ აღიქვამთ სამხედრო ცხოვრების ელემენტარულ ნორმებზე დამორჩილებას, უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს ნამდვილად ითვალისწინებთ. _ აქამდე თუ გქონდათ ურთიერთობა მედიის წარმომადგენლებთან? _ პრაქტიკულად, არანაირი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საველე სწავლებების დროს, რამდენჯერმე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კორესპონდენტებთან მქონია ურთიერთობა, თუმცა განსხვავებით აქ მოწვეული ჟურნალისტებისგან, ისინი კარგად იცნობენ სამხედრო საქმეს და ბრძოლის ველზე ქცევის წესები იციან. _ თქვენი აზრით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს, რომ ცხელ წერტილში იმოქმედოს? შეიძლება, თქვენ მედიის თავისებურებებში ვერ ერკვევით, თუმცა სამხედრო მოქმედებების თეატრს კარგად იცნობთ და ამიტომაც გისვამთ ამ კითხვას... _ ჟურნალისტი, რომელიც ბრძოლის ველზე იმყოფება, არ უნდა დაითრგუნოს შიშით, რთულ სიტუაციებში არ უნდა მიეცეს პანიკას. ამავე დროს, კრიტიკულ მომენტში ინფორმაცია ისე უნდა მოიპოვოს, რომ ხელი არ შეუშალოს საბრძოლო მოქმედებების წარმოებას, იყოს კავშირში იმ ქვედანაყოფთან, რომელიც უშუალოდ აკონტროლებს აღნიშნულ ტერიტორიას და თავი შეიკავოს ყოველგვარი თვითნებური გადაადგილებისგან ბრძოლის ველზე, რადგან, შესაძლოა, ასეთ დროს ჟურნალისტი ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდეს, რისიც ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. მსოფლოს სხვადასხვა წერტილში წარმოებულ ომებში, ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, არაერთი ჟურნალისტი დაიღუპა... არსებული რისკებიდან გამომდინარე, სამხედრო დანაყოფებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის აუცილებელია ურთიერთკოორდინაცია; მასშტაბური კონფლიქტების გაშუქებისას კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს ჟურნალისტის მიერ თვითნებური მოქმედებები, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების ეგიდით. _ თქვენი აზრით, რას მოგვცემს აღნიშნული ტიპის სწავლებები, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს? _ თანამედროვე ბრძოლებში, როგორც საბრძოლო მოქმედებებს, ასევე საინფორმაციო ომს ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, ურთიერთობა მასმედის წარმომადგენლებსა და სამხედრო მოსამსახურეებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საბრძოლო მოქმედებების დროს არასწორი ინფორმაციები არ გავრცელდეს, რამაც შესაძლოა, არასწორი მოქმედებები გამოიწვიოს და მტრის წისქვილზე დაასხას წყალი. ჩვენ იარაღით უნდა ვიომოთ, თუ ამის საჭიროება იქნება, თქვენ კი საინფორმაციო მინდორზე უნდა იბრძოლოთ.   ლიკა ალელიშვილი _ ტელეკომპანია GDS, 20:30:, ჟურნალისტი: _ პირველ რიგში, მივიღეთ გამოცდილება, როგორ უნდა გავარჩიოთ ინფორმაცია და დეზინფორმაცია ერთმანეთისგან, რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის გადამოწმება, რა საფრთხეს უქმნის გადაუმოწმებელი ინფორმაცია სახელმწიფო ინტერესებს და რაც მთავარია: ჩვენ ომთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ვიმუშავეთ. ყველაფერი ძალიან რთული იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობით პროფესიული უნარები განვავითარეთ. ვინც აქ ვიმყოფებით, ყველამ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ კრიტიკულ სიტუაციებში, ისე რომ სახელმწიფოს ინტერესები არ დავაზარლოთ და ჩვენს ჯარისკაცებს საფრთხე არ შევუქმნათ.   ვახტანგ შამუგია _ გაზეთირეზონანსი“, ჟურნალისტი, კონფლიქტოლოგი: _ ასეთი სწავლება დიდად საჭიროა, განსაკუთრებით იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც ჩვენი ქვეყნის ირგვლივ არის შექმნილი, ვინაიდან ჟურნალისტებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ინფორმაციის მიღება-გადამუშავება-გავრცელების საქმეში. ჩვენი მასალა არ უნდა იქცეს კონფლიქტის ესკალაციის მიზეზად. ეს ტრენინგი მედიის წარმომადგენლებს შესაბამის ცოდნას გვაძლევს, რათა საზოგადოებას გადამოწმებული ინფორმაცია მივაწოდოთ და არ მოვექცეთ გარკვეული ძალების ზეგავლენის ქვეშ. მე პროფესიით კონფლიქტოლოგი ვარ და კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებას ვაშუქებ. ჰიბრიდული ომის პირობებში, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს, ჟურნალისტს განსაკუთრებული სიფრთხილე და პასუხისმგებლობა ჰმართებს. ტრენინგმა ნათლად დაგვანახვა, რომ მსგავსს სიტუაციაში ჟურნალისტმა უნდა გაავრცელოს მრავალგზის გადამოწმებული ინფორმაცია, იყოს ობიექტური და შეეცადოს ცნობების პირველწყაროებიდან მოპოვებას. ამასთან, იყოს მომთხოვნი სახელმწიფო წარმომადგენლებთან და გაფილტროს მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციაც. მასმედიაში მომუშავე ადამიანებს ჩვენი საქმიანობით შეგვიძლია როგორც კონფლიქტის ესკალაცია, ასევე დეესკალაცია. შესაბამისად, ეს ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელმა უნდა გაითავისოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამშობლო კრიტიკულ ვითარებაშია.   დიანა მუსელიანი _ საინფორმაციო სააგენტოაქცენტი“, ჟურნალისტი: _ უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციის გზები შევისწავლე, რომელიც აქამდე, პრაქტიკაში, ნამდვილად უცხო იყო ჩემთვის. გარდა ამისა, ვეცნობი შეიარაღებული ძალების სპეციფიკას. სამომავლოდ კიდევ უფრო დავხვეწ თანამშრომლობის ფორმებს იმ შემთხვევისთვის, როდესაც საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხება. ბუნებრივია, ამ ნიუსრუმში მუშაობა ძალიან რთულია, რადგან რეალურ ცხოვრებაში მუშაობისას შეგიძლია გამოიყენო საკუთარი წყაროები, მოიძიო ან გადაამოწმო ინფორმაცია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი დამოკიდებულები ვართ ჩვენს კოორდინატორებზე, თანაც ინფორმაცია ერთი არხით მოედინება დახურულ ჯგუფში, ყველანი გვერდიგვერდ ვსხედვართ და მუშაობისას, ფაქტობრივად, ექსკლუზივის ხელში ჩაგდების შანსი 0-ს უტოლდება. კარგი იქნებოდა ცალ-ცალკე გვემუშავა. თუ სამომავლოდ ამ პროექტის ავტორები მსგავსს დეტალებს გაითვალისწინებენ, ურიგო არ იქნება.   მირიან გორგოძე _ ტელეკომპანიამაესტრო“, ჟურნალისტი: _ ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანია, იმ მდგომარეობის უკეთ გაცნობა, რასაც თავდაცვის სამინისტრო გვთავაზობს, ამ შემთხვევაში საუბარია, ჩვენი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე კონკრეტულ სიტუაციაში და კონკრეტულ გარემოში. ისეთი რამე არ შემხვედრია, რაზედაც აქამდე წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ყველაფერი _ დაწყებული საინფორმაციო სივრციდან, სადაც ჩვენ სწავლებას გავდივართ, დამთავრებული საომარი მოქმედებების არეალით, ძალიან არის მიახლოებული რეალურ სიტუაციებთან. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მნიშვნელოვანი სიახლის სწრაფად გავრცელებასთან ერთად ასევე უმნიშვნელოვანესია ამ სიახლისა და ინფორმაციის შინაარსობრივი გაფილტვრა, რადგან საომარი მოქმედებებისა და იმიტირებული მოწინააღმდეგის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების პროცესში საჭიროა, თითოეული სიტყვა ზუსტად იყოს მიწოდებული საზოგადოებისთვის. _ რამდენად ხშირად გიწევთ სამხედრო თემებზე მუშაობა? _ სამწუხაოდ, ჩვენთან პროფილური ჟურნალისტიკა ჩამოყალიბებული არ არის, რაც თავისთავად ცუდია, მაგრამ ამას აქვს ობიექტური მიზეზები, პირადად მე მიწევს ხოლმე პერიოდულად თავდაცვის თემატიკაზე სიუჟეტების მომზადება, თუმცა კონკრეტულად საომარი მოქმედებების პროცესი არ გამიშუქებია. ბუნებრივია, ამაში არ ვგულისხმობ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე პროცესების გაშუქებას, მცოცავი ოკუპაცია ომის ერთ-ერთი გამოვლინებაა, შენელებული ნაღმის მოქმედების მსგავსი. კლასიკურ საომარ მოქმედებებში, როგორც მედიის წარმომადგენელს, მონაწილეობა არ მიმიღია და თუნდაც ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც ამ 5 დღის განმავლობაში შევიძინე. ტრენინგზე პერიოდულად იმაზეც მიგვანიშნებენ, რომ ხშირად, კონკრეტულ მედიასაშუალებასთან კონკურენციაზე მაღლა სახელმწიფოებრივი ინტერესები უნდა დავაყენოთ. ეს ორმაგ მნიშვნელობას იძენს საომარი მოქმედებების დროს.   ნუცა ტრაპაიძე _ ტელეკომპანიაიმედი“, ჟურნალისტი: _ საინტერესოა ის, რომ ნიუსრუმში ყოველ წუთს შემოდის ახალ-ახალი ინფორმაცია სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით. გვიწევს ერთი ობიექტიდან მეორეზე გადაადგილება. საზოგადოება შეცდომაში რომ არ შევიდეს, აქვე გეტყვით, რომ თანამდებობის პირების როლებს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ასრულებენ. როგორც რეალურ ყოფაში გვიწევს კიბეებზე სწრაფად არბენა, რესპონდენტისკენ მიმავალ გზაზე და შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად ინფორმაციის საიტზე განთავსება, რათა ყველაზე პირველები ვიყოთ, ასეა აქაც. _ გაგიჭირდათ ამ გარემოსთან ადაპტირება? _ რთულია, იმიტომ რომ ერთ სივრცეში, ერთ ნიუსრუმში სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები ვართ, შესაბამისად, კონკურენციაც იზრდება. პერიოდულად ინდივიდუალურადაც მოგვდის სხვადასხვა წყაროსგან სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია და ვცდილობთ, რომ ისეთი მასალა მოვიპოვოთ, რომელიც სხვას არ აქვს. ხშირად ვახერხებთ, რომ სხვისი ჩაწერის დროს ჩვენც მოვხვდეთ იმ ადგილას და შევეცადოთ, რომ უფრო მალე მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს ხელმძღვანელს. იმედა დარსალია არის კარგი ნიუსრუმის კარგი ხელმძღვანელი, პირველივე დღიდან ასე ჩანს. ის მუდმივად გვახსენებს, რომ გადავამოწმოთ ინფორმაცია, რომელიც ქსელების მეშვეობით ვრცელდება. თუ ანონიმური წყაროს მოწოდებულია, აუცილებლად გადავამოწმოთ შესაბამის უწყებებთან. გვაძლევს მითითებს, რა არის იმ მომენტში მნიშვნელოვანი. ყველაზე მთავარი, რაც ვისწავლე, არის ის, რომ არ შეიძლება მოვლენების ცალმხრივად გაშუქება, არ შეიძლება მოდუნდე, არ უნდა გვძლიოს კრიტიკულ მომენტშიც სტრესმა, იმიტომ რომ ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოებას გადავცემთ, არ უნდა შეიცავდეს პანიკის ელემენტებს.   P. S. სენაკის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე მედიაწვრთნების ფარგლებში ყველაზე ნაკლებად ახსენებდნენ რუსეთს _ მტერი იდენტიფიცირებული არ ყოფილა, კონკრეტული თანამდებობის პირებს კი მოგონილი სახელი და გვარები მივაკუთვნეთ, ცხელ წერტილებსაც პირობითი სახელები შევურჩიეთ. იმედს ვიტოვებთ, რომ 5-დღიანი სწავლების ფარგლებში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება არასდროს დაგვჭირდება.  

                                                                                                                           ზაზა სვანაძე

   

გაზიარება