QronikaPlus
განხეთქილება ქუთაისის საკრებულოში – გასხვისებულ მიწების დარდი, თუ წინასაარჩევნო გავლენები?!

განხეთქილება ქუთაისის საკრებულოში – გასხვისებულ მიწების დარდი, თუ წინასაარჩევნო გავლენები?!

2016-07-09 09:31:07

„ეს არის საფრთხის შემცველი კომისია!“ _ ასე შეაფასა ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ამირან ძოწენიძემ, ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება 2006-15 წლებში მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გასხვისების კანონიერების შესწავლის მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით.   ძოწენიძის განცხადებით, დეპუტატებმა საზოგადოებას სიგნალი გაუგზავნეს, რომ ინვესტირების შემთხვევაში შესაძლებელია, რომელიმე კომისიამ ქონების პრივატიზების კანონიერებაზე ეჭვი გამოთქვას, რაც ბიზნესსექტორს დააფრთხობს და საინვესტიციო გარემოს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. მსგავსი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა საკრებულოს რესპუბლიკელ დეპუტატს, ნატო ქათამაძეს ეკუთვნის, რომელსაც, ამავე დროს, პრეტენზია მის ხელმძღვანელობაზეც ჰქონდა. ჯგუფი დაკომპლექტდა, ხოლო ნატო ქათამაძე, საკუთარი სურვილით, მის მიღმა აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ჯგუფის წევრი გახდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია, რომლის ბიზნესინტერესებიც ნატო ქათამაძისთვის მსგავსი ჯგუფის შექმნის ერთ-ერთი მოტივაცია იყო.   ნატო ქათამაძე: _ რატომ გაგიჩნდათ სურვილი შექმნილიყო მსგავსი სამუშაო ჯგუფი და რატომ განაცხადეთ უარი მის წევრობაზე? _ როგორც კი საკრებულოში შევედით, „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად უპირისპირდებოდა ერთმანეთს. როცა „ქართული ოცნება“ ნებართვებს გასცემდა მშენებლობებზე და მოსახლეობა მხოლოდ მაშინ იგებდა მიწების გასხვისების თაობაზე ინფორმაციას, კეთდებოდა განმარტებები, რომ ჩვენ არ გაგვისხვისებიაო. „ნაციონალური მოძრაობა“ კი პასუხობდა, _ ჩვენ კანონის ფარგლებში გავასხვისეთ, მაგრამ ნებართვები რატომ გაეცით, თუკი პრობლემები იყოო? ჩემთან შემოვიდა რამდენიმე განცხადება. ბუხაიძის #18-ის მცხოვრებლები სკვერში სახლის მშენებლობას აპროტესტებდნენ. ასევე იყო ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის განცხადება და ა. შ. მე მიზანშეწონილად მივიჩნიე, ჯგუფის შექმნის საკითხი დამეყენებინა, რომელიც მსგავსი სახის პრობლემებს შეისწავლიდა. მაშინ ჩემი კოლეგებისგან დიდი წინააღმდეგობა იყო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კოალიციის დეპუტაციისგანაც კი. ისინი ვერ ხედავდნენ ამ კომისიის შექმნის აუცილებლობას. მიუხედავად ამისა, ყველა სხდომაზე ვაყენებდი ამ საკითხს და 2016 წლის თებერვალში, როგორც იქნა, დამეთანხმნენ. მომზადდა პროექტი და მე უნდა ვყოფილიყავი ამ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აპრილში გამოვიდა კომისიის შექმნის საკითხი, მაგრამ არ შედგა თავმჯდომარის საკითხი. მაისში კი იმ დეპუტატებმა, რომლებიც  მხარს უჭერდნენ ჩემს თავმჯდომარეობას, გია ქობალიანის კანდიდატურა მიიჩნიეს უფრო მისაღებად, რაც ამ დღეებში გამართულ საკრებულოს სხდომაზე ოფიციალურად გააფორმეს კიდეც. მნიშვნელოვანია ის, რომ გია არ არის ამ საქმის პროფესიონალი. მე მას უდიდეს პატივს ვცემ პიროვნულად, მაგრამ როცა რაღაცას ეძებ, ხომ უნდა იცოდე, სად ეძებ? მას ეს გამოცდილება არ გააჩნია. ამ წლების მანძილზე მსგავს თემებზე მე მისი პოზიცია არ მომისმენია. ჯგუფის რიგით წევრობაზე კი უარი განვაცხადე. რატომ უნდა ვიყო ისეთ ჯგუფში, სადაც გიორგი უკლებაა, რომელიც საკრებულოს სხდომებზე არ დადის? წარმოადგინეს ასევე ლელა ქელბაქიანის კანდიდატურაც, რომელიც ასევე არ დადის სხდომებზე, მაგრამ მან თავადვე თქვა უარი წევრობაზე. ისე, უკლებასგან განსხვავებით, მას საკრებულოში მუდმივად ყოფნა ევალება, ვინაიდან კომისიის თავმჯდომარეა. რაც შეეხება ჯგუფის წევრს, ნიკოლოზ ლატარიას, ყველასთვის ცნობილია, რომ იგი გოჩა თევდორაძის ბიზნესპარტნიორი იყო. საზოგადოება ეჭვობს, რომ იმერეთის სამეფო რეზიდენციასთან, „ოქროს ჩარდახის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გვერდით მშენებარე კაფე „არგო“ სწორედ მის დედას ეკუთვნის. ამბობს, გავასხვისეო, რისიც ნამდვილად არ მჯერა. „არგო“ იყო ერთ-ერთი იმ საქმეთა შორის, რისი შესწავლაც მინდოდა და როგორ ფიქრობთ, ლატარია დედის ბიზნესინტერესებს გამოაჩენს სადმე? გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, რომ ეს მკვდრად შობილი კომისია იქნება, რომელიც ვერაფერს შეისწავლის. სამი თვის შემდეგ, უბრალოდ, იტყვიან, რომ დარღვევები ვერ ვნახეთო. ამ შემთხვევაში ბედნიერი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ უუნაროა, ვინაიდან მან ვერ შეძლო ვერაფრის მოძებნა. მე ქობალიანის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მგონია, რომ გია ვერ მოახერხებს და ვერ გააკეთებს იმას, რისი ჩანაფიქრიც მე მქონდა, როცა ამ კომისიის შექმნას ვითხოვდი. ამიტომ უარი ვთქვი რიგით წევრობაზე, რადგან იმთავითვე წაგებულ პოზიციაში არ მინდოდა ვყოფილიყავი. მე, როგორც ერთ დეპუტატს, ჯგუფი არ მეყოლება, მარტო ვიმუშავებ და ვნახოთ, 6-კაციანი კომისია და ნატო ქათამაძე როგორ შედეგებს დადებენ. მოხარული ვიქნები, თუკი 6 კაცი ერთ ნატო ქათამაძეს მაჯობებს.   ქრონიკა+“ თავად ბატონ ნიკოლოზ ლატარიასთან შეეცადა იმის გარკვევას, თუ რამდენად მიზანშეწონილია მისი პროცესში ჩართვა: _ თქვენი აზრით, რამდენად ქმედითუნარიანი იქნება სამუშაო ჯგუფი და რას ელოდებით, რა შედეგს დადებთ? _ ველოდებით იმას, რომ პასუხი გაეცეს ქალაქში დაგროვილ ბევრ კითხვას სკვერებთან და გასხვისებულ მიწებთან დაკავშირებით. რატომღაც, როცა ძველ გაცემულ მიწებზე მიმდინარეობს მშენებლობები, მოსახლეობას ჰგონია, რომ ჩვენს პერიოდშია გაცემული. გვინდა, მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდოთ, ვინ გაასხვისა და რამდენად სწორად. ერთხელ და სამუდამოდ გავცეთ პასუხი ამ კითხვებს, რომ არ იყოს მუდმივად თუნდაც ნატო ქათამაძის მსგავსი, რომელიც კეკლუცობს და ჰგონია, რომ რაღაც ახალს აღმოაჩენს. არავინ უშლის არც მას და არც არავის, თუნდაც კომისიის გარეშეც ჩაიხედოს და ნახოს, როდის რა გაიცა და ვინ გასცა. ქათამაძე აყენებდა საკითხს, რომ 2013 წლამდე გავაკეთოთო. არა, რატომ? იყოს 2015 წლამდე. ჩემს ინიციატივას კოლეგებმა მხარი დაუჭირეს. _ შესაძლებელია, 2013 წლის შემდგომაც იყოს დარღვევები? _ მეეჭვება. არა მგონია, მაგრამ ამას ხომ იმისთვის ვაკეთებთ, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რა ხდება. _ თავად რატომ გაგიჩნდათ სურვილი, კომისიის წევრი ყოფილიყავით? _ ზუსტად იმიტომ, რომ ნატო ქათამაძე ამბობდა, თქვენ არ გაწყობთ ამ კომისიის შექმნაო. ასეთი არასწორი ბრალდებები მოდიოდა. _ სხვა საკითხია, რამდენად სამართლიანია ბრალდებები, მაგრამ თქვენი მისამართით ისმის გარკვეული შენიშვნები კონკრეტულ ტერიტორიასთან  დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, როცა თქვენი სახელი და გვარი ფიგურირებს და არსებობს კითხვები, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ იყოთ ამ კომისიაში და შეისწავლოთ მსგავსი საკითხები? _ არანაირად არ შეუშლის ხელს. ქათამაძე რაღაც არასწორს მაბრალებს. ნამდვილად არ ვარ იმ ობიექტთან კავშირში. ყველამ იცის ამ ქალაქში, სადაც ბიზნესინტერესი მაქვს და სადაც არ მაქვს. _ ალბათ, აჯობებდა, საკითხი სხვებს შეესწავლათ. არსებობს მორალური მხარე. არ მიგაჩნიათ, რომ ეს დამატებითი ეჭვების საბაბი იქნება? _ რატომ? მე რას ვუშლი ხელს, თუნდაც კონკრეტულად თქვენ რასაც გულისხმობით იმის შესწავლას? _ მაგრამ თქვენ ხართ კომისიის წევრი, რომელმაც ეს საკითხიც უნდა შეისწავლოს. _ კომისიის წევრიც რომ არ ვიყო, ჩვენი კოლეგები არის ის ხალხიც, რომელიც კომისიაშია. კომისიაში რომ ვიყო, ეს რას შეუშლის ხელს? _ იქნებ, თქვენივე ინტერესებიდან გამომდინარე სჯობდა, არ ყოფილიყავით? _ თუ ეს დამატებით კითხვებს დაბადებს, სიამოვნებით დავტოვებ კომისიას. როდესაც საკითხი დადგა, არ გინდათ ამ კომისიის შექმნა და ხელს უშლითო, პირიქით, გაკეთდეს, ძალიან კარგი, მივესალმები და მონაწილეობას მივიღებ ამ კომისიის მუშაობაში-მეთქი. იმ აზრზე ვარ, რომ თუკი ეს რამე კითხვას გააჩენს, იმ დღესვე დავწერ განცხადებას და კომისიიდან გამოვალ. _ ნატო ქათამაძე მიიჩნევს, რომ ეს კომისია ბუტაფორია იქნება და ვერაფერსაც ვერ შეისწავლის. _ იმიტომ, რომ თავად არ არის იქ. თვითონ უნდოდა ეკეკლუცა და ქულები დაეწერა. თუ რამის ნახვა უნდოდა, კომისიის გარეშეც შეეძლო ამ ორი წლის მანძილზე. ისიც კარგად ჩანს, როგორ მუშაობს საკრებულოში. მთელი საკრებულო დალანძღა თავისი აპარატიანად, _ არავინ არ მუშაობთო. ამაზე საკმაოდ კარგი პასუხი გავეცი, რისი ღირსიც იყო და კოლეგებმაც გასცეს პასუხი. ბოდიში აქვს მოსახდელი მაგ თემაზე და იმედია, მოიხდის.   სამუშაო ჯგუფის ეფექტიანობაში ეჭვი არ ეპარება მის თავმჯდომარეს, გია ქობალიანს, რომლის პატიოსნებაშიც, მართალია, დეპუტატ ნატო ქათამაძეს ეჭვი არ შეაქვს, მაგრამ მისი კომპეტენცია კითხვებს უჩენს.   გია ქობალიანი: _ რაც შეეხება კომისიის მუშაობას, ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო. კომპეტენციები და შესაძლებლობები მას შემდეგ გამოჩნდება, რაც კომისია მუშაობას შეუდგება და, ალბათ, იმ დოკუმენტს დადებს, რასაც ხალხი ელოდება. მეეჭვება, რომ იქ რაიმე იურიდიული კაზუსები იყოს. შეიძლება, მორალურ პასუხისმგებლობაზე უფრო ვილაპარაკოთ. არის ადგილები, რომლებიც არ უნდა გასხვისებულიყო, არ უნდა გაყიდულიყო და უნდა დარჩენილიყო ქალაქის საკუთრებაში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სკვერები და ბაღები. არ შეიძლებოდა, იქ შენობები ჩადგმულიყო. ვიმუშავებთ, ვნახავთ და თქვენი მეშვეობით საზოგადოებას ჩვენს დასკვნებს წარვუდგენთ. _ მარტო მორალური პასუხისმგებლობა საკმარისი იქნება? _ რა თქმა უნდა, არა. თუ არის დანაშაულის ელემენტები, ის პროკურატურას გადაეცემა. _ კონკრეტულად, როგორ აპირებთ მუშაობას? _ რამდენიმე განცხადება შემოვიდა და მათზე ვიმსჯელებთ. ალბათ, შევისწავლით, თუ რა სკვერები, ბაღები და ტროტუარები არის გაცემული. რამდენად სწორად მიგაჩნიათ თქვენ, რომ აუქციონი 31 დეკემბერს ან 2008 წლის 7 აგვისტოს გამოცხადდა? ვნახავთ ყველაფერს, რაც ეჭვს ბადებს. _ ნატო ქათამაძემ თქვენი კომისიის თავმჯდომარეობა გააპროტესტა.  _ არ ვიცი, ჩემ მიმართ ნატოს არასოდეს ჰქონია პრეტენზიები. პიროვნულად არასდროს გვქონია დაპირისპირება. ეროვნული მოძრაობიდან მოვდივართ.   „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათ მიწის ნაკვეთები კანონის სრული დაცვით გაასხვისეს და სამუშაო ჯგუფის შექმნა, უბრალოდ, თამაშია. მიუხედავად ამისა, ყოფილი მმართველი გუნდი მასში წარმოდგენილი მაინც იქნება.   ბესიკ ბრეგაძე: _ ის, რაც ამ კომისიამ უნდა გააკეთოს, სამართალდამცველი ორგანოების ფუნქციაა. რა უნდა შეისწავლონ, არ მესმის! მე მგონი, ამ კომისიის მიზანი კონკრეტული სახელებისა და გვარების გაგებაა, მაგრამ ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან ზოგჯერ რეალური მყიდველი სხვა არის და ფაქტობრივი _ სხვა. ცუდია, რომ კომისიას არ ჩამოუყალიბებია, რა მიმართულებით წავიდეს, რაზე უნდა აიღოს აქცენტები, რა უნდა შეამოწმოს. ალბათ, დასკვნა სიმბოლურად დაიდება, რომელიც იტყვის, რომ 2006-დან 2015 წლამდე შესწავლილ იქნა გასხვისებული მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და დარღვევები არ აღმოჩნდა. _ მიუხედავად იმისა, რომ კომისიის ეფექტიანობაში ეჭვი შეგაქვთ, „ნაციონალური მოძრაობა“ მის მუშაობაში მაინც ჩაერთვება. რატომ? _ იმიტომ, რომ ჩვენი მოსაზრებების დაფიქსირებისა და პოზიციების დაცვის საშუალება მოგვეცეს იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უკანონოდ გასხვისდა გარკვეული ქონება. ჩვენი ფრაქციის თითქმის ყველა წევრი, თავის დროზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო და ამიტომ ინტერესთა კონფლიქტი რომ არ ყოფილიყო, უარი განვაცხადეთ შესვლაზე და გია უკლებას მივანიჭეთ ეს ფუნქცია. მოგეხსენებათ, კომისია 2015 წლამდე პერიოდს შეისწავლის. კომისიის შექმნა ძირითადად განაპირობა „ოქროს ჩარდახთან“ მშენებარე კაფე „არგომ“, რომელიც ბატონ ნიკა ლატარიას ოჯახის წევრთან ასოცირდება. ამ დროს ეს ადამიანი თავად აღმოჩნდა კომისიაში. არ ვიცი, რამდენად ობიექტური იქნება ეს ჯგუფი.   დავით დვალი _ საკრებულოს თავმჯდომარე: _ ჩვენ არავისთვის დაგვივალებია არც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობა და არც წევრობა. ეს იყო გამოთქმული ინიციატივა, რაც მათი მუშაობის მარგი ქმედების კოეფიციენტს ძალიან მაღალ სტანდარტს დაუწესებს, რადგან ეს არ არის მათ მიერ იძულებით განსახორციელებელი სამუშაო. ეს არის მათი სურვილი. ისინი ხვალიდანვე უნდა შეუდგნენ მუშაობას, რადგან ჯგუფი შექმნილია სამი თვის ვადით. წინასწარ რთულია თქვა, ჯგუფი რამეს იპოვის თუ არა. _ რამდენად კომპეტენტურია ჯგუფი? _ მათ უფლება აქვთ, ნებისმიერი კვალიფიციური ადამიანი მოიწვიონ გარედან. თუ მუშა ჯგუფი დასკვნას დადებს, რომ დასაბუთებული დარღვევა არსებობს, ვალდებული ვიქნებით, სამართალდამცველ ორგანოებს და კონტროლის პალატას მივმართოთ. საკრებულო არ არის ის ორგანო, რომელიც საბოლოო დასკვნას მიიღებს და სწორედ ამიტომ ჰქვია არა დამდგენი, არამედ გამომკვლევი ჯგუფი. ის დადებს შუალედურ დასკვნას, გამოთქვამს ვარაუდს შესაძლო დარღვევის შესახებ. _ ჯგუფი 2006-2015 წლების პერიოდს შეისწავლის. 2013 წლის შემდეგ გასხვისებულ ქონებაზეც არსებობს ეჭვები? _ არა. ჩემი კოლეგის, ნიკა ლატარიას ინიციატივა იყო, რომ ჩვენი პერიოდიც შეგვეტანა, რადგან ვინმეს განცდა არ გაუჩნდეს, რომ ჩვენ მხოლოდ სხვებს ვამოწმებთ. _ დარწმუნებული ხართ, რომ 2013 წლის შემდეგ არანაირი დარღვევა არ იქნება? _ დარწმუნებული ვარ! ჩვენს დროს საერთოდ არ გასხვისებულა მწვანე ზოლი. ყველა ის ადგილი, სადაც ახლა პროცესები მიმდინარეობს, რომელიც მოსახლეობაში კითხვებს აჩენს, სხვა დროს გაიცა იჯარის წესით. _ რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ, რომ ნიკოლოზ ლატარია კომისიის წევრია? _ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ნებისმიერმა ბოროტმა და არაკომპეტენტურმა ადამიანმა გასვაროს.  შესაბამისად, ამ ადამიანს არანაირი სამსახურებრივი და სამოქალაქო უფლებები არ ეკარგება. ხვალ შეიძლება ვინმემ კომისიის სხვა წევრზე გააკეთოს რამე განცხადება. რა უნდა ვქნათ, ეს ადამიანი უნდა გამოვიდეს კომისიიდან? _ ხომ არ აჯობებდა, საკრებულოს უარი ეთქვა ლატარიას კომისიაში შეყვანაზე და საზოგადოებაში დამატებითი კითხვები არ გაეჩინა? _ „საზოგადოება“ გადაჭარბებული ნათქვამია. მიმაჩნია, რომ არიან უსინდისო ადამიანები, რომლებიც მას ცილს სწამებენ.   ქუთაისის საკრებულოს მიერ შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი რამდენიმე დღეა, მუშაობას შეუდგა. სამი თვის მანძილზე მას გარკვეული დასკვნის დადება მოუწევს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ჯგუფის მუშაობის პერიოდის გახანგრძლივება მხოლოდ ერთხელ, დამატებით სამი თვით შეიძლება. მოახერხებენ თუ არა დეპუტატები ამ ვადაში იპოვონ კანონდარღვევის ფაქტები, ჯერჯერობით, რთული სათქმელია.    

                                                                                       ხვიჩა ვაშაყმაძე

 

გაზიარება