QronikaPlus
ომალოს განაწყენებული მოსახლეობა და უარი არჩევნებს!

ომალოს განაწყენებული მოსახლეობა და უარი არჩევნებს!

2016-07-09 08:24:04

თეთრი მეჩეთი ჩანს. გზა დასაწყისში მოასფალტებულია, სახლები მოზრდილი ბოსტნებით, ალაგ-ალაგ გამოკეტილი. ასფალტი მალე მთავრდება და სოფლის ჩვეული ორღობე იწყება. 90-იანი წლებიდან მოყოლებული პანკისის ხეობაში, რომელიც „ვაჰაბიტების ბუდედ“ მონათლეს, სიმშვიდეა. მზე აჭერს და თითო-ოროლა კაცი თუ შეგვხვდება გზაზე. შეფარული ინტერესით თვალს გვაყოლებენ, გვზომავენ, არც გვესალმებიან, არც კითხვებს სვამენ. აქ ყველა ახალ შემოსულ კაცს სიფრთხილით ეკიდებიან. სოფლის ორღობეები ატალახებულია, აყრილი. საარჩევნოდ ხელისუფლებამ გაზის შემოყვანა გადაწყვიტა და გზებიც გადათხარა. დუისში, ქვემო და ზემო ხალაწანში წყალი მესამე დღეა, არ არის, ახმეტის რაიონიდან ამოაქვთ. სახლების ნაწილი გამოკეტილია, როგორც გვითხრეს, კაცები, ძირითადად, სამუშაოდ გროზნოში არიან წასული, ქალები სახლიდან იშვიათად გამოდიან. ჭრელ, ლამაზ კაბებში გამოწყობილი, თავშალწაკრული ორი ძალიან ლამაზი ჩეჩენი გოგო შევაჩერე. _ გვეჩქარება, _ გამიცინეს პასუხად და გზა განაგრძეს. „ჟიგულის“ მარკის ავტომობილი შეჩერდა. ორი ახალგაზრდა ჩეჩენი ზის. _ რა გაინტერესებთ? _ შემეკითხნენ. _ მაინტერესებს, როგორ ცხოვრობთ, სოფლის პრობლემები მინდა გავიგო, _ ვუპასუხე. _ ჩვენ ვაჰაბისტები ვართ, _ ხმამაღლა გაიცინეს და გზა განაგრძეს. არ ვიცი, ჩემი ურეაქციო სახის დანახვამ გააკვირვათ თუ დააინტერესათ, მანქანა უკან მოაბრუნეს, ფეხებთან შემიჩერეს. _ მერე? _ შევეკითხე. _ რა მერე? _ კითხვაზე კითხვით მიპასუხეს. _ მერე, რომ ვაჰაბისტები ხართ? რამდენიმე წამი დამაკვირდნენ. _ მერე არაფერი, ჩვენ ქართულ მიწაზე ვცხოვრობთ! _ ბოლო წინადადებაზე მახვილი დასვეს და გზა განაგრძეს. საუბარში თავიდან რთულად მოგყვებიან, მერე ნელ-ნელა შინაურდებიან და თემებიც იხსნება. _ გაჭირვებაა, შვილო, როგორც ყველგან. ყველაზე დიდი გაჭირვება უმუშევრობაა. კაცები, ძირითადად, გროზნოში არიან სამუშაოდ წასულები. აბა, აქ რა უნდა გავაკეთოთ? ოჯახებს ინახავენ. გზა არ გვაქვს და წყალი. ახლა დაიწყეს გაზის გამოყვანა, შუა ზაფხულში, ათხარ-დათხარეს ყველაფერი და გაჩერდნენ. მესამე დღეა, წყალი რაიონიდან ამოგვაქვს, _ ოხრავს მოხუცი ქალბატონი. _ ინფრასტრუქტურა მოსაწყობია, ინტერნეტი ნორმალურად არ მუშაობს და ტელევიზორის იმედად ვართ. ყველაზე რთულად გადასატანი ზამთრის პერიოდია, _ ლაპარაკში ახალგაზრდა გოგო ერევა. _ ყველაზე დიდი პრობლემა ორმაგი მოქალაქეობის მიღებაა, არ გვაძლევენ, _ მომიახლოვდა ახალგაზრდა ბიჭი და გამეცნო, _ ბესლანი. _ რა მიზეზით გეუბნებიან უარს? _ არ ვიცი. საბუთებს შეგვაგროვებინებენ, 500 ლარს ვიხდით და მერე ერთ თვეში უარი მოგვდის. უკვე მესამედ გამიკეთეს. ფულსაც არ მიბრუნებენ. ჩემს წლინახევრის ძმისშვილსაც უარი უთხრეს. _ შესატანი თანხა 250 ლარია თუ 500? ვინ გაგროვებინებს საბუთებს? _ აქაურებიც და სხვებიც, _ მოკლედ მიპასუხა და დამემშვიდობა. როგორც მითხრეს, ამ საქმეში ადგილობრივების გარდა „გაეროს“ ხალხიც აქტიურად ყოფილა ჩართული. ჩემს შეკითხვაზე, _ „სხვებში“ „გაეროს“ წარმომადგენლები იგულისხმებოდნენ თუ არა? _ პირდაპირ პასუხს თავი აარიდეს. _ ჰო, რა ვიცი, ასე ამბობენ, _ გამიღიმა ჭრელთავსაფრიანმა ქალბატონმა და ჭიშკარი მიმიკეტა. ომალოში ავდივართ. ეზოს კარზე მორიდებულად მივაკაკუნე. ჩეჩენი ქალი გრძელ შავ თმას ივარცხნის. სახლში შემიპატიჟა. უარი ვუთხარი. სოციალური პრობლემები მაინტერესებს-მეთქი. _ ჩვენთან მოხუცებს უპატრონოდ არავინ ტოვებს, ეს სირცხვილად ითვლება. ჩვენს მოხუცებს თვითონ ვპატრონობთ, _ მიპასუხა. უხერხულად ვიგრძენი თავი. გამახსენდა ბრეძაში, ბროწლეთში, რუსიანსა და ერთაწმინდაში მიტოვებული, გაჭირვებული მოხუცები, პენსიიდან 120 ლარს წამლებში რომ იხდიან და 60-ლარიან მოხსნილ სოციალურ დახმარებას მისტირიან. კარი გამოვიხურე. კაკლის ძირში ჯოხიანი მოხუცი ზის. გვერდით მივუჯექი. გაბრაზებულია ხელისუფლებაზე. _ წინა მთავრობამ ბიჭები ჩაგვიხოცა, ამათმა მოგვატყუეს, დასაცინად აგვიგდეს, დაპირებები მოგვცეს და ერთხელ არავის მოვუკითხივართ. საარჩევნოდ სიარულს დაიწყებენ. ფეხი არავის უნდა შემოვადგმევინოთ აქ. ხალხისთვის არავინ არის, ჩვენზე არავინ ზრუნავს. _ თურქეთში ბევრი მიდის სამუშაოდ? _ ვეკითხები. მის მაგივრად სხვა მპასუხობს. ჭროღა თვალები და მოკლე წვერი აქვს. 30 წლამდე იქნება. _ რა გაინტერესებს? სირიაში რამდენია წასული? კი, წასულები არიან. ჩვენ აქაურები ვართ, საქართველოს მიწა-წყალზე ვცხოვრობთ. მთავრობა სხვაა და ხალხი _ სხვა, ხალხთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. როგორ გხვდება ხალხი? _ თბილად, _ ვპასუხობ. სიმართლეა _ ყოველ მეორე ოჯახში მეპატიჟებიან და გამასპინძლებას მთავაზობენ, მიუხედავად იმისა, რომ რამაზანია. _ ჰოდა, მაგას ვამბობ, _ გამოსამშვიდობებლად თავი დამიქნია, გამიღიმა და შებრუნდა. მეც გავუღიმე. ესეც მეორე გზავნილი. ქორეთის ატალახებულ აღმართზე მანქანას ასვლა უჭირს. აქ აჭარიდან ჩასახლებული დევნილები ცხოვრობენ. _ თავიდან 35 ოჯახი ვცხოვრობდით, ახლა 17 კომლი თუ დარჩა. ყველა წავიდა, ვისაც წასასვლელი ჰქონდა. უმუშევრობაა და გაჭირვება, შიმშილით ხომ არ დავიხოცებით? არაფერი ჩვენთვის არ არის, გამოკეტილები ვართ, ტელევიზორს შევჩერებივართ დღედაღამ, _ სამი წლის ბავშვს გაუჯავრდა და ეზოს კარი შეიხურა. ორღობეში კაცის ჭაჭანება არ არის. მოსახლეობა ბოსტნებშია გაკრეფილი. ჰაერში ნაკელის სუნი ტრიალებს. ყოველი მეორე სახლი გამოკეტილია. _ სოფელში შემოსასვლელ იმ ხიდს ხედავ? _ ჩრდილს შეფარებული მოხუცი თავიდან ვერც შევამჩნიე, _ ნეტა, ჩაენგრეოდეთ და ჩაცვივდებოდნენ, საარჩევნოდ სიარულს რომ დაიწყებენ. ოთხი წელია, აქ კაციშვილს ფეხი არ ამოუდგამს. მომკითხავიც არ გვყავს, დავრჩით და დავიხოცეთ. მაშ, ხალხი არ ვართ? მთავრობა ჩვენ უნდა გვემსახურებოდეს, თუ თავისი ჯიბეების გასქელებას? დავიღალეთ, შვილო! _ ადგილობრივი დეპუტატი არ გეხმარებათ? პასუხად ჯოხი ჰაერში გაიქნია და კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო. საკობიანოს შესასვლელში გაზის დიდი ყვითელი მილებია დახვეული. მარცხნივ, ხის ჩრდილში, სამი კაცი დომინოს თამაშობს. _ აგე, მილები ამოიტანეს და დაყარეს. ალბათ, არჩევნებამდე გაზს გაიყვანენ, წყალზე არავინ ფიქრობს, _ მეუბნება თამაზა ბიძია, _ გავახსენდით, როგორც იქნა. შვილო, 25 წელია, გვატყუებენ, გვატყუებენ და აღარ დაიღალნენ. ჩვენ პირდაღებულები შევცქერით. აღარავის იმედი აღარ გვაქვს, სულ აღარავის. „ნაციონალები“ ხო თავგასულები იყვნენ და ესენი უარესები აღმოჩნდნენ. _ რა გინდა, რა არ გაკმაყოფილებს? „ნაციონალები“ მოგაშორეს, პენსია მოგიმატეს, დაჭერის აღარ გეშინია, მიწები დაგიხნეს, რით ხარ უკმაყოფილო?! _ ცისფერთვალება, ჩასუქებული მამაკაცი, ეტყობა, მთავრობას უჭერს მხარს. _ კმაყოფილი მე კი არა, შენ უნდა იყო, შვილი დაგისაქმეს. მე რა ვქნა? ჩემმა გოგომ ორი უმაღლესი დაამთავრა და სახლში მიზის, ყურძენს და ატამს შევცქერით და სეტყვა რომ მოვიდა, ანაზღაურებაზეც უარი მითხრეს. ხომ დამპირდნენ? აგე, თებროს დახმარება მოუხსნეს, რა უპოვეს სახლში, მარანში დამალული ოქროები? თებროსნაირი კიდე რამდენია, მატანში მარტო ხუთი მე ვიცი. _ მაიცა, რა, დანახვა არ გინდათ არაფრის! _ ხელი ჩაიქნია ცისფერთვალებამ და გაბრაზებული წამოხტა. 84 წლის თებრო ბებოს სახლს ქუჩის ბოლოს მივაგენი. სახლის კედლები და სახურავი დაზიანებულია, პატარა ეზო მოვლილი, მორყეული ჭიშკრის გვერდით წითელი სამურაბე ვარდი ყვავის. _ ქათმები გიპოვეს და სოციალურიც მაგიტომ მოგიხსნესო, მეზობლებმა მითხრეს. _ მაშ, რა ვჭამო, შვილო, კვერცხს მაინც ვიღებდი. მივაკითხე გამგეობას და უკან გამომიშვეს. რა ვიცი, აბა? ტელევიზორი არ მაქვს და მარტო წიგნებს ვკითხულობ. ცეცხლ-ნავთდამწვარი დედა მყავდა, სკოლაში არ გამიშვა, სახლში მამუშავებდა, მაგრამ კითხვა კი ვისწავლე. ეჰ, ისეთი კარგი წიგნი მქონდა, თამარ მეფის მამიდის, რუსუდანზე იყო, გარეთ დამრჩა და ეტყობა, ვინმემ წაიღო. ნეტავ, დამიბრუნებდნენ, გულს მაგას ვაყოლებდი, _ კაბა გაისწორა და სახლში შემიპატიჟა. _ ბევრი კი არაფერი მაქვს, ბებო, მაგრამ თონის პურს და ატამს გაჭმევ, შემოდი, ჰა? გეშიება, დაღლილი იქნები. აბა, ჩემთვის მთავრობას არ სცალია და დამელაპარკები მაინც. მადლობას ვუხდი და მოვდივარ. სოფლის შესასვლელში გაზის მილები ისევ ყრია, ხის ჩრდილში აღარც დომინოს თამაშობენ და აღარც კამათობენ...  

                                                                                                                     ეკა ბუჩუკური

     

გაზიარება