QronikaPlus
რატომ გააჩერა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ პოლიეთილენის პარკების ჩანაცვლების პროცესი?!

რატომ გააჩერა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ პოლიეთილენის პარკების ჩანაცვლების პროცესი?!

2016-07-09 07:58:33

საქართველოში ერთი მოსახლე წელიწადში, საშუალოდ, 525 ერთჯერად პოლიეთილენის პარკს მოიხმარს, მაშინ როცა ევროკავშირში ეს მაჩვენებელი ერთ ადამიანზე 200 პარკია. გადაყრილი პოლიეთილენი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, თუმცა დღემდე პოლიეთილენის გამოყენებასა და მისი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაცია არ არსებობს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება, ასევე საუბარი იყო მის სრულიად აკრძალვაზე, თუმცა ეს პროცესი დაიწყო და არ გაგრძელებულა. კვლევამ, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების გამოყენებასთან დაკავშირებით UშAID-ის პროგრამის „წყალშემკრები აუზების მართვის“ ტექნიკური დახმარებით ჩაატარა, აჩვენა, რომ საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე აღემატება ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებელს: მაგალითად, პორტუგალიაში, სლოვაკეთსა და პოლონეთში ერთი მოსახლე წელიწადში, საშუალოდ, 466 ერთჯერად პოლიეთილენის პარკს იყენებს.   ცნობილია, რომ თავისი ქიმიური შემადგენლობის გამო პოლიეთილენი ასეული წლების განმავლობაში რჩება გარემოში, არ არის ბიოდეგრადირებადი და რთულად იშლება. ასეულობით წლის შემდეგ, დაშლის დროს, ის ტოქსინების სახით ხვდება გარემოში, რაც ჰაერის, ნიადაგის, წყლის დაბინძურების მიზეზია. დაშლამდე პოლიეთილენი დიდ ზიანს აყენებს ცოცხალ ბუნებას _ მოეფინება ხეებზე, მდელოებზე, ხდება ცხოველების დაღუპვის მიზეზი, ან საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. მსოფლიოში აღიარებული პრობლემაა ერთჯერადი პოლიეთილენის მოხვედრა მდინარეებში, ტბებში, ზღვებსა და ოკეანეებში _ მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის გამო. ევროპარლამენტის მიერ მიღებული დირექტივის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებული არიან, 2019 წლისთვის 80 პროცენტით შეამცირონ 0,5 მიკროზე თხელი პოლიეთილენის პარკების მოხმარება. სხვა მიდგომები, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნები მიმართავენ, არის პოლიეთილენის პარკების მრავალჯერ გამოყენების წახალისება და მათზე გადასახადების დაწესება. საქართველოსთვის იმედის მომცემია ის გარემოება, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა გარემოს დაცვის ნაწილს, რომელშიც, თავის მხრივ, სამი ძირითადი დირექტივაა ნარჩენებზე. თუმცა საქართველოს დღემდე არ აქვს კანონი ნარჩენების მართვის შესახებ, შესაბამისად, არც პოლიეთილენის მოხმარებასთან დაკავშირებით არსებობს რამე რეგულაცია. ნარჩენების მართვის სფერო არის ერთადერთი, რომელშიც კანონმდებლობა ძალიან ფრაგმენტული და ზოგადია. საქართველოში გარემოსდამცველი ორგანიზაციები ამ პრობლემიდან გამოსავალს ხედავენ, პირველ რიგში, ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შექმნაში. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება, ასევე საუბარი იყო მის სრულიად აკრძალვაზე, თუმცა ეს პროცესი დაიწყო და არ გაგრძელებულა. საკითხის მნიშვნელოვან ასპექტებზე „ქრონიკა+“ გარემოსდამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა.   ნინო ჩხობაძე _ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა _ დედამიწის მეგობრები“: _ ეს ვალდებულება საქართველოს 2017 წლიდან აქვს. მანამდე, 2015 წლიდან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ექსპერიმენტული მოძრაობა დაიწყო _ პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადით ჩანაცვლება. შემდეგ ეს პროცესი გაჩერდა. როგორც  ბიოდეგრადირებადი პარკების შემომტანებმა მითხრეს, დოლარის კურსის აწევასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამას სჭირდება, ჯერჯერობით, არ მომხდარა, შესაბამისად, ეს პროცესი ვერ გაგრძელდება. პარლამენტში არც საკანონმდებლო ინიციატივაა შესული, იმიტომ, რომ გეგმის მიხედვით ამაზე გადასვლა ასე სწრაფად არ უნდა მომხდარიყო. ეს იყო, უბრალოდ, პრობირება და ერთჯერადი შესაძლებლობა. ზოგიერთი მსხვილი კომპანია პირდაპირ გადავიდა ბიოდეგრადირებად პარკებზე, მაგრამ, მთლიანობაში, ჯერჯერობით, ჩანაცვლებული არ არის. ეს ყველაფერი ნაწილობრივ დამოკიდებულია ფინანსებზე და კიდევ ვიმეორებ, უნდა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილება. 2017 წლის შემდეგ ველოდებით, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდება. პოლიეთილენის პარკების ჩანაცვლება ძალიან მიშვნელოვანია გარემოსთვის, განსაკუთრებით ის, რომ აღარ გამოუშვან თხელი პარკები. ამ მხრივ უნდა მომზადდეს ბაზარი და დაიგეგმოს კონკრეტული ვადები, როდის უნდა ამოიღონ მთლიანად პოლიეთილენის პარკები. ამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი სწორედ ეს გახლავთ.   ქეთი გუჯარაიძე _ „მწვანე ალტერნატივა“: _ პოლიეთილენის გადაჭარბებული მოხმარებისა და ამ გზით გარემოს დაბინძურების პრობლემა დიდი ხანია, არსებობს. ერთჯერად პოლიეთილენის პარკებს მოვიხმართ და მერე ვაგდებთ. იმ ქვეყნებში, სადაც შეგროვებისა და გადამუშავების სისტემა არსებობს, პოლიეთილენი გადამუშავდება, სხვა პროდუქტის ფორმას იღებს და აგრძელებს სიცოცხლეს. სადაც ეს გადამამუშავებელი და შემგროვებელი სისტემები ნორმალურად არ არის განვითარებული, იქ პოლიეთილენი პირდაპირ გარემოში ხვდება და ეს, რა თქმა უნდა, გარემოს დაბინძურების საბაბია. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს გაკეთებული ნარჩენების გრადაცია მისი სახეების მიხედვით. არ არის განსაზღვრული, ვინ რომელი სახის ნარჩენზეა პასუხისმგებელი და როგორ უნდა განთავსდეს ეს ნარჩენები ისე, რომ არ დაბინძურდეს, ან ნაკლებად დაბინძურდეს გარემო. ფუნდამენტურ პრობლემებთან გვაქვს საქმე. ფაქტობრივად, ნარჩენების მართვის სფერო უსისტემოდ არის მიტოვებული.    

                                                                                                           თამარ ბატიაშვილი

         

გაზიარება