ადვოკატი მამუკა ნოზაძე აწ გარდაცვლილ სულხან მოლაშვილთან ერთად რამდენიმე წელიწადი იმყოფებოდა საპატიმროში. ისინი სააკაშვილის რეჟიმმა უდანაშაულოდ დააპატიმრა. თუმცა ნოზაძე აცხადებს, რომ მოლაშვილი „ოცნების“ ხელისუფლებამაც არ დაინდო და არანაკლებ აწამა, რადგან მის მიმართ უსამართლობები ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროსაც გაგრძელდა.
მამუკა ნოზაძე:
_ უცნაურ ხალხი ვართ ქართველები _ როდესაც ადამიანი იღუპება, მხოლოდ მაშინ იწყება ცრემლის ღვრა. მანამდე არავის უჩნდებათ პროტესტის გრძობა უსამართლობისა და უკანონობის მიმართ, ყველაფრისადმი შემგუებლები ხდებიან, _ ჩვენი საქმე არ არისო. სულხან მოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბევრმა ისეთმა ადამიანმა დაიწყო ცრემლის ღვრა და საუბარი სულხანზე, რომელსაც მანამდე არანაირი პროტესტი არ გამოუხატავს არც მისი და არც იმ ათასობით ადამიანის მიმართ, რომელიც აწამეს და არაადამიანურად მოეპყრნენ „ნაცმოძრაობის“ 9-წლიანი რეჟიმის დროს. რა თქმა უნდა, სულხან მოლაშვილი იმ რეჟიმის მსხვერპლი იყო, მაგრამ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოსწორებულიყო?! სულხანი ძალიან გულდაწყვეტილი წავიდა ამ ქვეყნიდან, რადგან მის მიმართ უსამართლობა ჩაიდინა არა მხოლოდ სააკაშვილმა, არამედ უკანონო სამართლებრივი დევნა განახორციელა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც მისი დაკავების დროს გენერალური პროკურორი იყო. ყველანაირი მოქმედება, რომელიც ამ პიროვნების მიმართ ხდებოდა, გენერალურ პროკურორთან იყო შეთანხმებული, მაგრამ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ოქრუაშვილი გმირად გამოიყვანა, მის მიმართ „სამართლიანობა აღადგინა“ და ყველა ბრალდება მოუხსნა. სულხანის მიმართ კი, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც 4 მუხლში საქართველოს მთავრობამ აღიარა, რომ ევროპული კონვენციის 4 მუხლი დაირღვა, „ქართული ოცნების“ პერიოდშიც არ აღმდგარა სამართლიანობა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მის მიმართ საქმე იხილებოდა ვითომდა ექიმების მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე. ისიც კი ვერ გააკეთა „ოცნებამ“, რომ ეს საქმე პროკურატურას გაეთხოვა.
_ როგორც ვიცი, სულხან მოლაშვილთან ერთად ციხეში იჯექით, როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს?
_ სულხანთან ერთად ციხეში მართლაც ვიყავი, შემდეგ კი მის ინტერესებს ვიცავდი ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. სულხან მოლაშვილს მსჯავრდადებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ექიმმა ფილაურმა უჩივლა. მისი თქმით, ვითომ მოლაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სააკაშვილის რეჟიმის დროს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013-2014 წლებში განხილვა მიმდინარეობდა. მოსამართლე ნინო ელეიშვილი იყო. მას გარკვეული პერიოდი ვიცავდი, მაგრამ შემდგომ საქმის განხილვა უვადოდ გადაიდო და სულხანსაც ამ საქმისადმი ინტერესი აღარ გამოუხატავს. აუცილებლად მოვკითხავ სასამართლოს და გავარკვევ, რა შედეგით დასრულდა იგი. საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ ბრალდებას დაჟინებით უჭერდა მხარს. ბევრი კუთხით არის ჩადენილი უსამართლობა მოლაშვილის მიმართ. ლევან მურუსიძე, რომელიც სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლე გახლდათ, იმიტომ დაინიშნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა. ერთადერთმა მოსამართლემ _ ნუნუ კვანტალიანმა ჩაწერა სამართლიანი, განსხვავებული აზრი და მოლაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მოითხოვა, რადგან იგი უდანაშაულო იყო. დღეს ლევან მურუსიძე ამბობს, _ მას ახლაც სჯერა, რომ სულხან მოლაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელმაც იცის, ვინ აწამა მოლაშვილი და, შესაბამისად, ვერაფერს მოვიმოქმედებდიო. ლევან მურუსიძე დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენდა და ამის გამო პირველი ინსტანციიდანვე პირდაპირ უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს, რაც დანაშაული იყო. მანამდე კი, პირველ ინსტანციაში, წელიწადი და რამდენიმე თვე მუშაობდა. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მათ შორის, მიქიაშვილის საქმეზე.
რამდენიმე თვის წინათ მანუჩარ კაპანაძე თბილისის სააპელაციო სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ აირჩიეს. მანაც სულხან მოლაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ასეთ ხელისუფლებას რა უნდა ველაპარაკო? დღეს პარლამენტარები ცრემლებს ღვრიან სულხანის ცხედართან. წამება მარტო სიგარეტით ადამიანის დაწვა, ხორცების დაჭრა და ჭრილობაზე მარილის დაყრა არ არის, წამებაა ნებისმიერი მოქმედება, ნებისმიერი უკანონობა, რომელიც პიროვნების წინააღმდეგ არის მიმართული. მანუჩარ კაპანაძის დანიშვნა როგორ შეიძლებოდა! _ ადამიანის, რომელიც რეჟიმის მსახური იყო?! მას სპეციალურად დააწერეს ეს საქმე და გამოიტანა კიდევაც უკანონო განაჩენი. უკვე აღიარა ევროპულმა სასამართლომ და ქართულმა ხელისუფლებამაც, რომ სულხან მოლაშვილის მიმართ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა. მიუხედავად ამისა, ამ საქმის სამივე ინსტანციის მოსამართლეები კვლავ გამწესებულები არიან სასამართლოში. ერთადერთი დარჩა მაია ოშხარელი, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ზაზა მეიშვილთან და რუსუდან ჭანტურიძესთან ერთად, გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დატოვება უზრუნველყო. მაია ოშხარელმაც მიიღო კონკურსში მონაწილეობა, რომელზედაც საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღე-დღეზე გაიმართება კენჭისყრა და, ალბათ, ისევ დანიშნავენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ. ასევეა რუსუდან ჭანტურიძეც, რომელიც ნინო გვენეტაძეს უზენაეს სასამართლოში სასათბურე პირობებში ჰყავს და სოლიდურ ხელფასს იღებს. ისიც მონაწილეობს კონკურსში და გამორიცხული არ არის, რომ იმ პოზიციაზე აირჩევენ, რომელზედაც მან მოთხოვნა შეიტანა. მაია ოშხარელი იმიტომ გადაიყვანა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ზაზა მეიშველთან ერთად, რომ სააპელაციო სასამართლოში სულხან მოლაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა უზრუნველეყოთ. ანუ სახელმწიფო დანაშაულებრივად მოქმედებდა სულხან მოლაშვილის მიმართ და სააკაშვილს უნდოდა, რომ იგი გარანტირებულად ჰყოლოდა პატიმრობაში, რაც აღასრულა კიდეც აღნიშნული მოსამართლეების ხელით.
სულხან მოლაშვილთან მიმართებით არანაირად არ აღმდგარა სამართლიანობა. იგი იმქვეყნად გულნატკენი წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიით გამოდიოდა და ამბობდა, რომ კმაყოფილი იყო. როდესაც ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და მე-4 მუხლში მის მიმართ ევროპული კონვენციის დარღვევა აღიარა, ლევან მურუსიძე რიტორიკული ტონით გამოდიოდა და ამბობდა, მოლაშვილი თუ მართალია, ხომ აღიარა ევროპულმა სასამართლომ მის მიმართ სამართლიანობის დარღვევა, რატომ არ მოდის უზენაეს სასამართლოშიო? ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ახლად გამოვლენილი გარემოებაა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია, სასამართლომ განაჩენი გადასინჯოს. ამ კითხვაზე სულხან მოლაშვილმა ძალიან კარგად უპასუხა, _ ვისთან მივიდე, ზაზა მეიშვილთან და ლევან მურუსიძესთან, მათ მოვთხოვო ჩემი განაჩენის გადასინჯვა?! ეს ხომ ალოგიკურიაო. სულხანიც, ისევე როგორც სხვა ათასობით ადამიანი, ხელისუფლების მხრიდან ელოდებოდა, რომ რეალურად გადაიდგმებოდა ნაბიჯები მათ მიმართ სამართლიანობის აღდგენისკენ. მას რომ ჩვეულებრივად მიემართა სასამართლოსთვის, იგივე მოსამართლეების ხელში მოხვდებოდა და საბოლოოდ მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნებოდა ამ მიმართვას. ისინი იმდენად უტიფარი ადამიანები არიან, რომ ევროპული სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებასაც თავისებურ ინტერპრეტაციას მისცემდნენ. ასეთი მოსამართლეების ხელში არის დღეს საქართველო.
_ ბოლო დროს თუ გქონდათ საუბარი სულხან მოლაშვილთან სამართლიანობის აღდგენაზე?
_ ის საფრანგეთში იყო, მაგრამ მაინც გვქონდა ურთიერთობა. როდესაც ჩამოდიოდა, ვხვდებოდი. მას ამ ხელისუფლების პირველივე წელს გაუცრუვდა იმედი, როდესაც ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინეს. სულხანი უკიდურესად შეშფოთებული იყო ამით და პირდაპირ ამბობდა, რომ გარკვეული პირები მურუსიძეს მფარველობდნენ. სულხანი მწუხარებას გამოხატავდა იმ კუთხითაც, რომ საზოგადოებას მეორედ დაასხეს თავს ლაფი და „ოცნების“ კვოტით არჩეულმა ადამიანებმა მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში გამოსაცდელი ვადით დანიშნეს. ამის მერე მისთვის ყველაფერი იყო ნათელი.
სულხანი გახლდათ ფუნდამენტური განათლების იურისტი. კონტროლის პალატიდან ის ნებაყოფლობით გადადგა, შემდგომ კი, სანამ დააკავებდნენ, მოასწრო და ადვოკატების გამოცდები ჩააბარა. ასეთი ადამიანი გაანადგურა სააკაშვილის რეჟიმმა. მოლაშვილის ცოდნის დონის ადამიანები დღეს რომ იყვნენ სასამართლოებში, საქართველო გადარჩებოდა, რადგან ყველაზე ძნელია განათლებული ადამიანის მართვა. იგი შევარდნაძის პეროდში ასევე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. იუსტიციის საბჭოს საიტზე ყველა იმ ადამიანის გვარია ჩამოთვლილი, ვინც ამ საბჭოში დაარსების დღიდან მოღვაწეობდა და მხოლოდ სულხანია გამოტოვებული. ეს გააკეთა სააკაშვილის შურიმაძიებელმა რეჟიმმა, თუმცა „ოცნებას“ მის მიმართ ამ კუთხითაც არ აღუდგენია სამართლიანობა.
სულხანმა მისი ფიზიკური მწამებლების ვინაობა არაერთ ინტერვიუში დაასახელა. ამავდროულად, არიან მოწმეებიც, რომლებიც ამ ყველაფერს ადასტურებენ. მათ შორის ვარ მეც, რადგან ციხეში, წლების განმავლობაში, სულხანი, შალვა დოლიძე და დავით მირცხულავა ერთი გუნდის წევრები ვიყავით და გუნდურობის პრინციპით ვმოქმედებდით, რათა ხელისუფლებას რაიმე უკანონობა არ ჩაედინა იმ პატიმრების მიმართ, რომელთა საქმეებიც სტრასბურგში იხილებოდა. რა თქმა უნდა, წამებაა, როცა მოსამართლე თვალს ხუჭავს იმ უკანონობებზე, რომელიც იმ მიზნით განხორციელდა, რომ მას დაწინაურება უნდა.
როცა მოლაშვილი ჩამოასვენეს, აეროპორტში პარლამენტის წევრებიც დახვდნენ „ქართული ოცნებიდან“. ეს ის ხალხია, რომელთაც არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანაში მოსახლეობის უფლებები რეალურად ყოფილიყო დაცული. ვინ არიან დღეს პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები? _ ადამიანები, რომლებიც ამ საქმეებში მონაწილებდნენ და წამებებზე თვალს ხუჭავდნენ. მთავრობის წევრები, რომლებიც ახლა ცრემლებს ღვრიან, ხელისუფლებაში სულხანისა და მისი მსგავსი, გახმაურებული თუ გაუხმაურებელი საქმეებით მოვიდნენ, თუმცა არაფერი გააკეთეს და დღესაც მათი სიკვდილით და უბედურებით იკეთებენ პიარს. მათ სხვისი სისხლის, წამებისა და ტკივილის ფასად მიიღეს სკამები და პრივილეგიები, თუმცა არაფერი გამოასწორეს.
ნელი ვარდიაშვილი