QronikaPlus
საფრანგეთის „ბარი” - რომელ გახმაურებულ სასამართლო პროცესებს დაესწრებიან ფრანგი ადვოკატები?

საფრანგეთის „ბარი” - რომელ გახმაურებულ სასამართლო პროცესებს დაესწრებიან ფრანგი ადვოკატები?

2016-07-04 11:59:38

გასულ კვირას, საფრანგეთიდან საქართველოში პარიზის ადვოკატთა ასოციაციის 12 ახალგაზრდა ადვოკატი ჩამოვიდა. ჩვენს ქვეყანაში მათი ვიზიტის მიზანი იყო იმ გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ მიეღოთ ინფორმაციები, რომლებიც პოლიტიკურ ჭრილში განიხილება. ამ ვიზიტით ისინი გამოეხმაურნენ ქართველ კოლეგებზე ზეწოლის ფაქტებსაც. ფრანგი ადვოკატები იყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შემდეგ კი „მრგვალი მაგიდა“ მოეწყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან, სადაც ხელისუფლების ზეწოლის მსხვერპლი ქართველი უფლებადამცველებიც მიიწვიეს: დიანა მარტიაშვილი, ლალი ბინტური, ლიკა ბითაძე, გოგა ონიანი, ფრიდონ სიხუაშვილი, მუხრან ღურწკაია, ბესარიონ ბოჭორიშვილი და გიორგი მდინარაძე. ფრანგმა კოლეგებმა თითოეულ მათგანს ყურადღებით მოუსმინეს.   საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ხელისუფლების სტრუქტურების მხრიდან  ადვოკატების უფლებების დარღვევის შესახებ ამ შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა და ფრანგ კოლეგებს ის მიღწევებიც გააცნო, რაც ქართველმა ადვოკატებმა დაუღალავი ბრძოლით მოიპოვეს: „ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა ერთმანეთის უფლებები დავიცვათ. მზად ვარ, ნებისმიერი ქვეყნის საელჩოსთან დავდგე, ვიშიმშილო, თუკი შევიტყობ, რომ იმ კონკრეტულ ქვეყანაში ადვოკატთა უფლებები ირღვევა. საჭიროა შევქმნათ სპეციალური გაერთიანება, რათა ერთმანეთი დავიცვათ. მე მომწონს თქვენი „12 მდივნის კონფერენციის“ ჯგუფი, რომელიც იმ ქვეყანაში ჩადის, სადაც არა მარტო ადვოკატების, სხვა ადამიანების უფლებებიც ირღვევა. მზად ვარ, თქვენთან ვითანამშრომლო, რადგან პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ვის როდის მოუნდება ადვოკატის დაპატიმრება, არავინ უწყის“, _ განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.   „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად მიეცა საშუალება, პარიზის ადვოკატთა ასოციაციის (ბარი) „12 მდივნის კონფერენციის“ ადვოკატებს გასაუბრებოდა და საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზნები და ამ ვიზიტის მოსალოდნელი შედეგებიც უკეთ გაერკვია. განცალკევებით 5 მათგანს შევხვდით: მარგო პუგლეზის, ლეა დორდილის, მერაბ მურღულიას (ჯგუფში საფრანგეთში მცხოვრები, წარმოშობით ქართველიც აღმოჩნდა), ნიკოლა ფერეროს და მარტენ დერუს. მერაბ მურღულიას გარდა ყველა მათგანი საქართველოში პირველად იმყოფებოდა. ისინი ჩვენი ქვეყნის სილამაზით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მათ საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ, ამიტომ კითხვებს ისინი უფრო ხშირად სვამდნენ, ვიდრე _ მე. აინტერესებდათ, _ მოსამართლეებს, პროკურორებს და ადვოკატებს სასამართლო დარბაზში ეცვათ თუ არა მანტიები? არ მოეწონათ, როცა გაიგეს, რომ სასამართლო სხდომებზე მხოლოდ მოსამართლეები იყვნენ მანტიებში გამოწყობილნი და ადვოკატების მანტიის საკითხმა, გარკვეული მიზეზების გამო, 2 წლით გადაიწია. ისინი მიიჩნევენ, რომ ვიზუალური თანასწორობა სასამართლო დარბაზში, სამართლიანი სასამართლოს არსებობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ინტერვიუ კი, ორივე მხარისთვის, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად, შემეცნებითი ხასიათის აღმოჩნდა...   _ გამარჯობა, მე გახლავართ გაზეთქრონიკა+“-ის ჟურნალისტი. ჩვენს გაზეთში სისტემატურად შუქდება სამართლებრივი საკითხები: ვეხებით ყველა სფეროს წარმომადგენლის, რიგითი ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებს. ჩვენი გაზეთი, ამ მხრივ, ძალიან სკანდალურია... პირველ რიგში, თქვენი საქართველოში ვიზიტის კონკრეტული დეტალები მაინტერესებს. როგორცმრგვალი მაგიდისმიმდინარეობისას ითქვა, თქვენ ჩადიხართ იმ ქვეყნებში, სადაც სამართალი და სამართლიანობაპურს ვერ ჭამს“, ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები. რადგან თქვენ აქ ხართ, . . საქართველოსაც ასეთ ქვეყნად მიიჩნევთ? _ მე ვარ მარგო პუგლიეზი, „12 ადვოკატის კონფერენციის“ პირველი მდივანი. „12 ადვოკატის კონფერენცია“ გახლავთ 2 საუკუნის ინსტიტუცია. მასში ირჩევენ პარიზის საუკეთესო ადვოკატებს, რომლებიც, ერთი წლის განმავლობაში, გახმაურებულ საქმეების ბრალდებულებს სახაზინო წესით იცავენ. 12-ვე მორიგეობით დავდივართ ასეთ სასამართლო პროცესებზე. ამ კონფერენციის მდივნობა საფრანგეთში ძალიან პრესტიჟული თანამდებობაა. ჩვენ ვმონაწილეობთ საქმეებში, რომელიც ეხება მკვლელობებს, ტერორიზმს, ნარკოტიკს, გაუპატიურებას... საქმეები, რომელთა კვალიფიკაციაც, მინიმუმ, 10-წლიან სასჯელს ითვალისწინებს. იმ საქმეებს, რომლებშიც ჩვენ ვმონაწილეობთ, სასამართლოს მსაჯულები წყვეტენ. ასეთი პროცესების ბრალდებულებს ხშირად არ ჰყავთ ადვოკატები, რადგან თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნიათ, ან, უბრალოდ, ადვოკატის აყვანა არ სურთ, ამიტომ ამ საქმეს ჩვენ ვახორციელებთ. საფრანგეთის „ბარი“ მათ დასაცავად გვიშვებს. „12 ადვოკატის კონფერენციის“ მისია ასევე გახლავთ საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის (ბარი) წარდგენა საზღვარგარეთ; ასევე მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს უცხოელ კოლეგებს, რომელთა უფლებებიც ირღვევა. რომელი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციებიც გვატყობინებენ, რომ მათზე ხელისუფლების ზეწოლა ხორციელდება, ყოველთვის ადგილზე ჩავდივართ. მაგალითად, სტამბულის ადვოკატთა ასოციაციამ გვთხოვა და ჩავედით. ადვოკატები დააკავეს და სასამართლო პროცესებზე ჩვენი ყოფნა იქ შექმნილ მდგომარეობას აბალანსებდა. ხელისუფლება და სასამართლო, ხელისუფლება და მოსამართლეები სადაც ერთად არიან, ის ქვეყნები სამართლებრივი კუთხით მოიკოჭლებენ, ამიტომ ჩვენ ვერევით, რათა მდგომარეობა დაბალანსდეს. სტამბულში ადვოკატები 14 თვე ჰყავდათ ციხეში გამოკეტილები, რადგან ისინი პოლიტიკურ პირებს, ოჯალანის ხალხს იცავდნენ. ამ პროცესებს დღემდე მივყვებით და ყოველი დეტალით ვინტერესდებით. ეს არის ჩვენი მისიაც, რომ კოლეგები დავიცვათ არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, როცა მათზე დევნა უსამართლოდ ხორციელდება. _ ჩვენს ქვეყანასაც სამართლებრივად მოუწესრიგებლად მიიჩნევთ და ამიტომ გვესტუმრეთ? _ მე ვარ ლეა დორდილი, „12 ადვოკატის კონფერენციის“ ერთ-ერთი მდივანი. ამ ორგანიზაციის აქ ჩამოსვლა ჩვენი ქართველი წევრის, მერაბ მურღულიას დამსახურებაა. ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენს უფლებაშელახულ კოლეგებს გვერდში ამოვუდგეთ და  დავეხმაროთ. აქ მოძიებულ ყველა ინფორმაციას პარიზში ჩავიტანთ და ჩვენს ხელმძღვანელობას გავაცნობთ, რათა უფრო მაღალ დონეზე განვახორციელოთ მათი მხარდაჭერა. საქართველოს შესახებ, ბევრი არაფერი ვიცოდით და აქ შევიტყვეთ. როცა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს მოვუსმინეთ, ასევე, თავად უფლებაშელახულ ადვოკატებს, მათი მდგომარეობა გულზე მოგვხვდა. ზოგიერთმა ფაქტმა შოკშიც კი ჩაგვაგდო. ძნელია, რომელიმეს გამორჩევა, მაგრამ განსაკუთრებით აღგვაშფოთა ადვოკატ გიორგი ონიანის ფაქტმა, რომელიც ყოფილ მინისტრებს იცავდა და ამის გამო რაღაცები ამოუქექეს. ასევე საშინელი იყო, როცა შევიტყვეთ, რომ ადვოკატი პროკურორმა გამოაგდო და უთხრა, _ კიდევ ვერ ისწავლე ჭკუაო? გამომძიებელმა რომ ხელი დაარტყა ადვოკატს, მდინარაძის შემთხვევა და ა. შ. ყველა ეს ფაქტი შემაშფოთებელია. თურქეთშიც შევხვდით ადვოკატებზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტებს, თუმცა იქ მხოლოდ პოლიცია სჩადის მსგავს დანაშაულს და არა პროკურორები და მოსამართლეები. თურქეთში ყოფნისას, როცა სასამართლო პროცესიდან გამოვედით, ერთმა ადგილობრივმა ადვოკატმა პრესას ორიოდე სიტყვა უთხრა, მაგრამ პოლიციელები იმ წუთში მივარდნენ მას და ცემა დაუწყეს. როცა გაიგეს, რომ ჩვენც იქ ვიყავით, სიტუაცია ცოტა დაწყნარდა და პოლიციამ უკან დაიხია. თურქეთში ხელისუფლებისა და მოსამართლეების კავშირები და პოლიციის აგრესიაა გამოკვეთილი. მოსამართლეები ხელისუფლებისგან მართულნი არიან. _ რადგან მე და თქვენი კოლეგა, ადვოკატი მამუკა ნოზაძე, თითქმის ერთი წელია, გაზეთის ყოველ ნომერში ვწერთ წერილებს სასამართლოში არსებულ მდგომარეობაზე, უფლება მაქვს გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო დიდი ხანია, არ არის დამოუკიდებელი და სამართლიანი. ეს გამოჩნდა კიდეც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო გადაწყვეტილების დროს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი. ევროსასამართლომ ყოფილი შს მინისტრი, ამჟამად პატიმარი ვანო მერაბიშვილი ორ პუნქტში გაამართლა და ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორად მიიჩნია. ეს ხომ მიუთითებს იმაზე, რომ სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს? _ ამ საქმეზე ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაგვაჩნია. _ უახლეს საქმეზეც გეტყვით, რომელიც, ჯერ კიდევ, ქართულ სასამართლოშია და საკმაოდ სკანდალურად მიმდინარეობს. საქმე ეხებარუსთავი 2“-ზე, ანუ მედიაზე ზეწოლას ხელისუფლებისგან კონკრეტული მოსამართლეების მეშვეობით. მოსამართლეების მოქმედებებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებით ნათლად ჩანს, რომ ისინი ერთად ებრძვიან კონკრეტულ მედიასაშუალებას. ამ საქმით დაინტერესებას თუ აპირებთ? _ ჩვენ ხვალ მივდივართ „რუსთავი 2“-ში და კონკრეტულად უნდა გავეცნოთ, რაც იქ ხდება. _ სასამართლოს თემას გავაგრძელებ: ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი და სხვა უფლებადამცველები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ აქციებს აწყობდნენ და მოსამართლე ლევან მურუსიძის დასჯას ითხოვდნენ, რადგან ის იმ გახმაურებული საქმეების მოსამართლე იყო, რომლებზეც ევროსასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ სასამართლომ ჩაიდინა დარღვევები და უკანონობები. მიუხედავად ამისა, მურუსიძე, სამოსამართლეო ვადის გასვლის შემდგომ კვლავ აირჩიეს მოსამართლედ და დღეს ის სააპელაციო სასამართლოში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეა. ამ ფაქტს როგორ შეაფასებთ? _ მე ვარ ნიკოლა ფერერო, „12 ადვოკატის კონფერენციის“ წევრი. ჩვენ ყველა ისეთი ფაქტით დაინტერესებას ვაპირებთ, სადაც ადამიანის მთავარი უფლებები ირღვევა. ის, რაც თქვენც ჩამოთვალეთ, დარღვევებია და, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დეკლარაცია ყველა ქვეყანაში დაცული უნდა იყოს. ყველა საქმით დავინტერესდებით. მოვიძიებთ ამ კონკრეტული საქმეების ქეისებს, ჩავიტანთ პარიზში და ყველას გავაცნობთ, თუ რა ხდება აქ სამართლებრივი კუთხით. _ ის კონკრეტული ადამიანები, რომელთა მიმართაც უსამართლობა განხორციელდა, თქვენი დახმარების შედეგებს როდის უნდა ელოდონ? _ სანამ კონკრეტულ შედეგს დავინახავთ, მანამდეც მათ გვერდით ვიქნებით. დავესწრებით სასამართლო პროცესებს, მივცემთ რჩევებს ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე ჩვენი ვიზიტი სამდღიანია, თუმცა მოვილაპარაკებთ და ეს ვიზიტები გაგრძელდება, გახშირდება. ყველა უფლებაშელახული ადვოკატის, ყოფილი მაღალჩინოსნისა თუ მედიასაშუალების ხმას გავაგონებთ პარიზს, იქ მყოფ კომპეტენტურ პირებს და საზოგადოებას. _ როგორია თქვენი საქმიანობის გარე პრაქტიკა? _ გამარჯობა, მე ვარ მარტენ დერუ _ „12 ადვოკატის კონფერენციის“ მდივანი. საფრანგეთში ჩვენი 12-ვე წევრი ძალიან ვართ დაკავებულები, თუმცა ქვეყნის გარეთ ჩვენი საქმიანობის პრაქტიკა ასეთია: ჯერ ჩავდივართ კონკრეტულ ქვეყანაში და ვეცნობით იქაურობას, ვიღებთ ზოგად ინფორმაციებს. საქართველოში ჩვენ გვაქვს პირველი ვიზიტი, პირველი შეხვედრები. დროთა განმავლობაში აუცილებლად დავამყარებთ მჭიდრო კონტაქტებს და იმ გახმაურებულ სასამართლო პროცესებსაც დავესწრებით, სადაც ჩნდება ეჭვი, რომ მოსამართლეები ხელისუფლებასთან არიან კავშირში და მათ დავალებას ასრულებენ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან პირველად საქართველოში ჩამოვედით, სხვაგან ჯერ არ ჩავსულვართ. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩვენი ვიზიტიც შთამბეჭდავი იყო, ერთმანეთს გავეცანით და ჩვენ შორის საინტერესო საუბრებიც შედგა. ხვალ რუსთავის ციხეში მივდივართ, რადგან გვაინტერესებს პატიმრების მდგომარეობა, მათი პირობები. ასევე შევხვდებით „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას და კოლექტივს. ხვალ საღამოს დავბრუნდებით პარიზში, თუმცა ჩვენ კვლავ ჩამოვალთ უფრო კონკრეტული დავალებებით და კითხვებით, რომელთა პასუხების მოძიებასაც აქვე შევეცდებით. _ როგორც ვიცი, საქართველო ძალიან მოგეწონათ. კონკრეტულად, რამ მოგხიბლათ? _ ორი დღე დავყავით საქართველოში და უკვე თავგადასავლით მივდივართ (იცინის). დარიალის ხეობაში სწორედ იმ დროს ვიყავით, როცა მთაზე მეწყერი ჩამოწვა. ღამე მონასტერში გავატარეთ. _ რას ამბობთ?! გადარჩენას გილოცავთ... _ დიახ, გერგეთის სამება ვნახეთ, საქართველო-რუსეთის საზღვრამდე მივედით, საოცარი ადგილები იყო. უკვე მოვდიოდით, როცა ერთი ამბავი ატყდა, წამით გამოვასწარით მეწყერს. საკუთარი თვალით ვნახეთ ეს ყველაფერი. მაშინვე მამათა მონასტერში ავვარდით და ღამე იქ გავათიეთ, დილით კი თბილისში თვითმფრინავით გადმოგვიყვანეს. ასე რომ, ჩვენი კავშირები შედგა, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.   ფრანგი ადვოკატები შეგვპირდნენ, რომ ჩვენს გაზეთთანაც ექნებათ კონტაქტი და ყოველი მათი ჩამოსვლის დროს ექსკლუზიურ ინტერვიუებს არ დაიზარებენ.  

                                                                            ნელი ვარდიაშვილი

გაზიარება