QronikaPlus
მიხეილ მაჭავარიანი: „ივანიშვილი აცნობიერებს, რომ არჩევნებში წააგებს“

მიხეილ მაჭავარიანი: „ივანიშვილი აცნობიერებს, რომ არჩევნებში წააგებს“

2016-07-02 07:28:01

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ამ პერსპექტივის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს არ სჯერა. მისივე შეფასებით, ივანიშვილის კალენდარში „რუსთავი 2“-ის გარეშე საარჩევნო კამპანიის წარმართვაა, რასაც ის ვერ მიაღწევს. „ქრონიკა+“-ს მიხეილ მაჭავარიანი ესაუბრება: _ პირველ რიგში, შევაფასოთ „რუსთავი-2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესები, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და შემდგომი ამბები... _ ეს ჩემთვის გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკასავითაა. ივანიშვილმა ნოემბერში ვერ შეძლო, ხელში ჩაეგდო „რუსთავი 2“. შეგახსენებთ, რომ მაშინ მმართველიც კი დაანიშნინა მოსამართლე ურთმელიძეს, რომელიც ახლა იუსტიციის საბჭოში მივიდა, რათა მოსამართლედ გადაინიშნოს. დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედი იუსტიციის საბჭო მას მხარს დაუჭერს, რადგან მის დავალებას ასრულებდა. ურთმელიძემ ჩვენს მართლმსაჯულებაში პრეცედენტი შემოიტანა, რომ დედა ოჯახის წევრი არ არის, რომ დედის დანაშაულის შესახებ მან იქ შემთხვევით გაიგო. მიუთითა მუხლი, რომ, თითქოსდა, ძალადობით დაათმობინეს ტელევიზია ხალვაშს, მაგრამ ჩვენებაში და საქმეში არანაირი დეტალი არ დევს, თუ რა იყო ეს ძალადობა, ეს არსად წერია. გერმანულ კანონმდებლობაზე მოსაუბრემ, როგორც აღმოჩნდა, არც გერმანული იცის და არც ინგლისური, ეს ყველაფერი ლექსიკონით წაუკითხავს, სადღაც ამოუკითხავს. ამიტომ მე ვიცი, სადაც დაიწერა ეს გადაწყვეტილება... შემდეგ მეორე ნაბიჯი სააპელაციო სასამართლო იყო. იქაც განსაკუთრებით გუჯაბიძეს გამოვყოფდი, რომელიც ბინას თაღლითური გზით ქირაობდა და სახელმწიფოს 500 ლარს აწერდა, რომ დედამისის ბინაში ეცხოვრა.  აღსანიშნავია მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის, თავმჯდომარის როლი. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არც ერთი ჩვენების ფურცელი არ დევს, სადაც ძალადობის შემცველ ქმედებაზე იქნება საუბარი, ასე აიღეს და მიაკუთვნეს. ფაქტია, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს. ვიცი, იქაც მსჯელობენ, რომ მოსამართლეებს გადაწყვეტილება დააგვიანებინონ. ამის ნათელი მაგალითია ტურავა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნა სასამართლოში. ტურავამ ისარგებლა, რომ მარგველაშვილმა პლენუმის საკითხზე ვეტო არ გამოიყენა. ამ ყველაფრის კალენდარი ბიძინა ივანიშვილმა შეადგინა. ამიტომ უნდოდათ სასწრაფოდ ჩაებარებინათ დოკუმენტი, რომ რაც შეიძლება შეუმცირონ ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს. იციან, რომ იქ მოსამართლეებზე დიდი ზეწოლა მიდის და, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ივანიშვილის მიზანია, რომ „რუსთავი 2“-ს არჩევნებამდე შეეცვალოს მფლობელი და მისი მესაკუთრე გახდეს პირადად ივანიშვილი, რადგან ქიბარ ხალვაში არასოდეს ყოფილა ამ ტელევიზიის რეალური მფლობელი. მან იმიტომ დათმო ასე ადვილად ტელევიზია (თუ რამე ახსოვთ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს, ან იქ მომუშავე პერსონალს), რომ უაზროდ ერეოდა სარედაქციო პოლიტიკაში. ამიტომ ეს არის გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა და მე, უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მაშინ, ნოემბერში არ გამოუვიდათ, ისევე არ გამოუვათ დღესაც. _ ივანიშვილის კალენდარი ახსენეთ, რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი არჩევნებზე და, საერთოდ, ქვეყნის განვითარებაზე? _ პირველ რიგში, ქვეყნის სწორი გზით განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს. ჩვენ ახლა გველაპარაკებიან, ბიზნესს როგორ იცავენ, სფერო როგორი ხელშეუვალია და ა. შ., მაგრამ ეს ნათელი მაგალითია, როგორ ართმევენ ბიზნესმენს. იგივე გია და ლევან ყარამანიშვილებს ამხელა ბიზნესს ართმევენ. ეს ერთ-ერთი საქმეა, რასაც ჩვენ ვხედავთ. კიდევ უამრავია, სადაც ჩვენ კიდევ არ ვიცით, რა ხდება, ან რა გარიგებები და შერიგებები, ან მორიგებები მიდის. ამიტომ ეს პროცესი ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ქვეყნის იმიჯზე და, რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესი აბსოლუტურად სხვანაირად წარიმართება. მაგრამ მაინც მგონია, რომ ამას ვერ გააკეთებენ. _ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილება როგორ უნდა აღსრულდეს? თქვენი პოზიცია როგორია? _ „ქოცებმა“ და ივანიშვილმა რაც არ უნდა ილაპარაკონ, ფაქტია, რომ მე-18 მუხლით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თავის განაჩენში სულ სამი პოლიტიკოსი ჰყავს მოხსენიებული: ტიმოშენკო, ლუცენკო და მერაბიშვილი (პოლიტიკური პატიმრები). იანუკოვიჩი იძულებული გახდა, ლუცენკო იმ წუთშივე გამოეშვა, როგორც კი ეს გადაწყვეტილება გამოიცა; ტიმოშენკოზე რაც მოხდა, თქვენც კარგად იცით; ამიტომ მერაბიშვილის მიმართ ხელისუფლება რაც უფრო დააგვიანებს, საქართველოს იმიჯი მით უფრო დაზარალდება. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ არ ადარდებთ იმიჯი. _ მერაბიშვილის შემთხვევა, „რუსთავი 2“-ის პროცესები რამდენად მოქმედებს ვიზალიბერალიზაციაზე? _ ვიზალიბერალიზაციის პროცესზე უფრო ჩვენი მთავრობის უნიათობამ იმოქმედა. ახლა ამაზე დეტალურად მინდა გითხრათ: როდესაც მოლდოვამ ვიზალიბერალიზაცია 2015 წლის აპრილში მიიღო, მაშინ არც მიგრანტების კრიზისი იყო და არც სხვა პრობლემები. კარი გაიხსნა და ჩვენმა მთავრობამ მაშინ არაფერი გააკეთა, რომ პროცესი იმ კარში შესულიყო. ამას დაემატა პრობლემები, რომელიც სახეზეა. ერთხელ ვთქვი და ვიმეორებ: თქვენ როგორ ფიქრობთ, როცა ევროპარლამენტარები სტრასბურგის გადაწყვეტილებას (მერაბიშვილზე) იგებენ, კორცხელის დარბევას უყურებენ, კითხულობენ, რომ ერთ-ერთ დამოუკიდებელ ტელევიზიას ყოველგვარი კანონების გარეშე ხელისუფლება და ოლიგარქი ივანიშვილი ითრევს... ახლა, ეს რომ ხელს არ შეუწყობდა ამ ინტეგრაციის პროცესს, ხომ ნათელია? ისევე, როგორც მთავრობამ, თავის დროზე, ვერ მოძებნა მომენტი, მიეღო ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს. _ ამ კონტექსტში ივანიშვილის ბოლო ღია წერილი შევაფასოთ, რას გამოყოფდით, რამდენად ასახავს ის რეალობას? _ ეს კაცი რეალობას კი არ არის მოწყვეტილი, უნდა, რომ ასეთი რეალობა იყოს. გაიხსენეთ მისი ნათქვამი, რომ ჩვენ ბანკირები უნდა დავიქირავოთ, რათა ეკონომიკურ პრობლემებში არ ჩავვარდეთ; გაიხსენეთ მისი ნათქვამი, როდესაც მეოთხე საუკეთესო წელიწადმა 2030 წლისთვის გადაიწია; გაიხსენეთ, რომ ის მოენატრება ხალხს; ის ტყუილები, რაც იმ წერილში ეკონომიკასთან არის დაკავშირებული და ა. შ. ვფიქრობ, ივანიშვილი ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ პრობლემები აქვს და არჩევნებში წააგებს. ამიტომ არის ახლა გადმომდგარი და ყველა ტელევიზიას აძლევს ინტერვიუს, თუ როგორი საამურია ცხოვრება... რა თქმა უნდა, ეს არავის სჯერა იმ რამდენიმე ბიზნესმენის გარდა, რომელმაც უფასო და იაფი კრედიტი მიიღო. მე და თქვენ ვიხდით, სხვათა შორის, იმ კრედიტის პროცენტს. ამიტომ ზღაპრების უკვე არავის სჯერა. ვიმეორებ: საუბარია რამდენიმე ბიზნესმენზე, რომელიც ღიად ეპირფერება. ახლა, თქვენ რომ მოგცენ ათმილიონიანი კრედიტი (10 მილიონი რომ ანგარიშზე გაქვთ) და კრედიტის მინიმალურ პროცენტს სახელმწიფო იხდიდეს (ანუ მე და ვიღაცები ვიხდიდეთ თქვენს კრედიტს), თქვენ რა დამოკიდებულება გექნებოდათ ამ მთავრობასთან? კარის ბიზნესმენებიც ასე იქცევიან. რამდენიმე ბიზნესმენს, ვინც დითირამბები მიუძღვნა მთავრობას, შეხედეთ, დასაქმების პროგრამაში რამდენი მილიონი კრედიტი აქვს აღებული სახელმწიფოს ხარჯზე. ისინი ბანკირები არიან. მე და თქვენ რომ მივიდეთ ბანკში, რა კრედიტს მოგვცემენ? აბა, ნახეთ და დარწმუნდებით. სამაგიეროდ, მათ იაფი კრედიტი აქვთ და მე და თქვენ ვიხდით მათი მომსახურების ფულს. შეაქებს, აბა, რა იქნება? მაგრამ ვიმეორებ: მხოლოდ რამდენიმეა ასეთი, რადგან ბიზნესმენების უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, როგორ მძიმედ არის საქმე საქართველოში. გუშინ ვუსმენდი, ბანკების ასოციაციის წარმომადგენელი საუბრობდა, რომ ადრე ბიზნესზე დიქტატი იყო და თავისუფალ გარემოზე ახლა გადავედითო. რა დიქტატი იყო?! ჩახედოს და ნახოს, როგორ გაიზარდა, რამდენჯერ გაიზარდა 2003 წელთან შედარებით საბანკო სექტორი და ეკონომიკა. თითო ბოთლ კონტრაბანდულ ბორჯომს და ღვინოს დავდევდით, რომ ბიზნესი განვითარებულიყო. როგორ არ რცხვენიათ? მაგრამ ეს ხალხი იგივეს ლაპარაკობდა შევარდნაძის დროს, მერე მიშასაც ასე ეპირფერებოდა და ახლა იგივეს აგრძელებს. ახალი მთავრობა რომ მოვა, ისევ გააგრძელებს ჩვეულ სტილში ერთი და იგივე ხალხი. ყველაზე არ ვლაპარაკობ, რამდენიმეა ასეთი და მათი ცხოვრება, რა თქმა უნდა, უკეთესი ყოფისკენ შეიცვალა და შეუძლიათ, ივანიშვილს დითირამბები მიუძღვნან. მაგრამ ეკონომიკაში სტაგნაციაა, ეკონომიკური ზრდა შენელებულია, უმუშევრობა იზრდება, ლარი უფასურდება... _ რამდენიმე ბიზნესმენი ახსენეთ. შეგიძლიათ, ისინი დაასახელოთ? _ წამკითხავი გაიგებს, ერთ-ერთზე ვიტყვი: თვალში და ყურში მომხვდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმის გამონათქვამები. მისი ძმა რომ იყო პრემიერი, მაშინ იჩაგრებოდა ბიზნესი? არ ვიცი, ჩემი ძმა არ ყოფილა პრემიერ-მინისტრი და... ალბათ, მიხვდით, ვისზეც არის საუბარი. ოჯახში ეჩხუბა იმ გილაურისთვის, თუ რამე არ მოსწონდა, რამის თქმა აკრძალული ჰქონდა? გილაური ისეთი პრემიერი იყო, რომ ხელით ეჭირა, ამაზე ოჯახში არ მითხრათო? ახლა ამოისუნთქა? მე 20 წელია, პოლიტიკაში ვარ, არ მიკვირს. პირიქით, გამიკვირდა, უფრო მეტად როგორ არ დაუტკბნენ. კომუნისტების დროს მიხაკო ორაგველიძე იყო კოლმეურნეობის თავმჯდომარე და მისი ცნობილი გამოთქმაა: შევარდნაძე რომ დანიშნეს ცეკაში და ჯუმბერ პატიაშვილი პირველ მდივნად დაინიშნა, მიხაკო ორაგველიძემ უთხრა, _ შევარდნაძის წასვლა თქვენმა მოსვლამ გადამატანინა, ბატონო ჯუმბერო... პატარა ხალხია, ცოტაა, მაგრამ გამოჩნდნენ, თავისი თავი გამოაჩინეს. _ ივანიშვილის კიდევ ერთხელ ჩართვა საარჩევნო პროცესში „ოცნებას“ რას მოუტანს? _ იცით, რა, ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არის „ოცნება“ და ივანიშვილი. თავის დროზე, ხალხს არ აურჩევია არც ღარიბაშვილი და არც კვირიკაშვილი. ისევე, როგორც კაცმა არ იცის, როდის გაუშვებს კვირიკაშვილს ივანიშვილი. ერთხელ მივიდა ღარიბაშვილი და ჰკითხა, _ წავიდე თუ არაო? და, _  არაო, _ უთხრა. მეორეჯერ მივიდა და ჰკითხა, _ წავიდე თუ არაო? და, _ ისევ არაო. როგორც აღმოჩნდა, ექვს თვეში ერთხელ უსვამენ ამ კითხვას. და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მივიდეს კვირიკაშვილი და უთხრას, _ ჰო, ის დროა, რომ წახვიდეო. როგორ ფიქრობთ, ჩვენი მოსახლეობა პასუხისმგებლობას ვის დააკისრებს? ცუდად რომ არის საქმე ვისი ბრალია? კვირიკაშვილის თუ ივანიშვილის? პასუხისმგებელი ყოველთვის რეალური მმართველია და რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა. ამიტომ ჩვენი მოსახლეობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. _ პრემიერი კვირიკაშვილი ახსენეთ, მან მოწოდება გააკეთა, რომ ყველამ კოდექსს მოაწეროს ხელი საარჩევნოდ ქცევის წესებზე, ამაზე თქვენი პოზიცია როგორია? _ თვალში ნაცრის შეყრაა. უამრავი ფაქტი გვაქვს შერჩევითი მართლმსაჯულების. მაგალითად, პირდაპირ ეთერში დეპუტატს ხელი დაარტყეს, ღვინიაშვილზე ვსაუბრობ; თავდასხმა იყო დეპუტატებზე, წიკლაურზე; იყო კორცხელის დარბევა. რა სასჯელია, როდესაც დეპუტატის პიჯაკის დაზიანების მცდელობისთვის პატიმრობაში ისხდნენ ჩვენი ბიჭები? არც ერთ კონკრეტულ საქმეს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. მაგალითად, იყო თემა, რომ ეს „კანონიერი ქურდი“ ოდესელმა და „ნაციონალებმა“ ჩაგვიდესო. „რემენა“ შემოიყვანეს (რომან ბარბაქაძე) და მას არც მეტი, არც ნაკლები, აეროპორტში დახვდა ცე-კლასის „მერსედესი“, ზქზ-222, რომელიც მაშინ კეჭაყმაძის, ენერგეტიკის მინისტრის უახლოესი მეგობრის მეუღლეზე იყო გაფორმებული. მინდია გორაძე შემოიყვანეს და მერე რაც მოხდა, თქვენც კარგად იცით. ასევე გიორგი ჯანელიძე (გიორგი პიტერსკი), რუსეთიდან დეპორტაცია მოხდა 2014 წლის 23 მარტს. ეს კაცი საზღვარზე რომ გადმოვიდა, იქ არ დაფიქსირებულა. სამაგიეროდ, 14 ოქტომბერს დაფიქსირდა, როცა საქართველო დატოვა. ამიტომ ხომ წარმოგიდგენიათ, რეებზე მიდიან, რომ სხვას გადააბრალონ. _ ეს პროცესი რაზე მიანიშნებს? _ ე. წ. ქურდულ ავტორიტეტებს ამუშავებენ. თქვენ რა გგონიათ, კორცხელში რაც მოხდა (დარბევა), ამ ბიჭებს საიდან გაახსენდათ, რომ უნდა ევარჯიშათ? ან რატომ უნდა უქირავო? ამ დაქირავებაში გარეულია მერია და კალაძის ცოლისძმა არეშიძე. ამიტომ რას გველაპარაკება პრემიერი, ვინ „ბოლდება“ ამით? მართლა ჰგონიათ, რომ ხალხი ვერ ხვდება ვერაფერს? მაშინ თქვას, რომ მე არ მაქვს ამაზე პასუხისმგებლობაო. ეს უფრო გასაგები იქნებოდა. ახლა კიდევ კალაძის შტაბის უფროსად დანიშვნა, რომელზედაც ეჭვი გვაქვს, რომ ამაში მონაწილეობდა, ეს რა სიგნალია? ამის შემდეგ ერთ კვირაში გამოდის და სიძულვილის ენით არ ვილაპარაკოთო... და ვინ ლაპარაკობს სიძულვილის ენით? ისევ ხელისუფლების წარმომადგენლები. _ არსებული საარჩევნო გარემო როგორ შეიძლება, შევაფასოთ? _ მხოლოდ ციტატებს მოგიყვანთ ეუთოსა და „ენდიაის“ წინასწარი დოკუმენტებიდან. გარემო ფასდება, როგორც საკმაოდ რთული. დღეს გავრცელდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 45 წევრის (სხვადასხვა ქვეყნიდან და ფრაქციიდან) განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდებენ, რომ ქვეყანაში საკმაოდ რთული გარემოა, ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობაა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა, მერაბიშვილის მიმართ აღნიშნული განაჩენი არის და გარეთ არ უშვებენ... მოუწოდებენ, რომ საქართველოს მთავრობამ ადეკვატური ზომები მიიღოს. ახლა მეტი რა უნდა ვთქვა, როცა ეუთო, „ენდიაი“ ამაზე საუბრობს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 45 დეპუტატი ამას აწერს ხელს. _ როგორი კამპანიის წარმართვას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ და რა შედეგს ელოდებით 8 ოქტომბერს? _ ჩვენ იმ პრობლემებზე საუბარს ვაპირებთ (გამოსავლის გზებზე), რაც ეკონომიკაშია. არ მოგვწონს ეკონომიკური მდგომარეობა, არ მოგვწონს, რომ პენსია 50 ლარით არ იზრდება, არ მოგვწონს, რომ მოგების გადასახადი არ შემცირდა, როგორც უნდა შემცირებულიყო და, ფაქტობრივად, მის გაუქმებას ვითხოვდით. ჩვენ არ მოგვწონს, რომ საშემოსავლო არ შემცირდა, არ მოგვწონს, რომ არ ხორციელდება დასაქმების კონკრეტული პროგრამები ინფრასტრუქტურის მიმართულებით. საქართველო უნიკალური ქვეყანა გახდა 2003 წლის მერე. რეალურად, ენერგოდეფიციტური ქვეყანა იყო და 2007 წელს ელექტროენერგიას ვყიდდით. შანსი ახლაც გვაქვს. ჩვენ არ გაგვაჩნია ნავთობი, არ გვყავს დიასპორა, მაგრამ გვაქვს ჭარბი ელექტროენერგია. ამაზე აღარ ფიქრობენ. თქვენ თუ შეხედავთ, როგორ ჩერდება ენერგეტიკაში ინვესტიციები და როგორ უნდოდათ კალაძეს და ივანიშვილს ჩვენთვის თავზე მოეხვიათ „გაზპრომი“, ნათელი ხდება ყველაფერი. _ რა შედეგებს ელოდებით არჩევნებზე? _ გამარჯვებისთვის ვემზადებით. ყველა შანსი გვაქვს, მათ შორის, ამაზე მეტყველებს „ენდიაისა“ და „აირაის“ კვლევები, რომლისაც ბიძინა ივანიშვილს არ სჯერა...  

                                                                                            გელა მამულაშვილი

 

გაზიარება