დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##21-22.
ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას იმ ხელშეკრულებების შესახებ, რომლებიც დიდი რისკით კორუფციის მატარებელია. ამჯერად, როგორც დაგპირდით, განვიხილავთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაფორმებულ გამარტივებულ (უტენდერო) ხელშეკრულებებს.
მანამდე გვინდა ვუპასუხოთ „ქრონიკა+“-ის წინა ნომერში ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაცემულ პასუხებს. ჩვენ არ დაგვისვამს შეკითხვა, რა უფრო იაფი იყო და რა უფრო ძვირი. ეს ერთი. მეორეც: იმისათვის, რომ გაიგო, იყო თუ არა იაფი ან ძვირი, მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ერთი გაზა, ეს არის ღია, გამჭვირვალე ტენდერის ჩატარება. ჩვენი შეკითხვა იყო მარტივი, ტენდერი არ ჩაატარეს და, მაინცდამაინც, მეორე მინისტრის, სპორტის მინისტრის კომპანიისგან შეიძინეს ავტომობილები. შემდეგ საავადმყოფოების მშენებლობასთან დაკავშირებით სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამშენებლო ტენდერებზე ეკონომია, საშუალოდ, 15%-ს შეადგენს. აქედან არის ციფრი 600 000 ლარი და კიდევ გაზაფხულს ზაფხული მოჰყვება, შემდეგ, ადრე თუ გვიან, ზამთარიც მოდის, ეს სტატისტიკა აღარ არის, ეს რეალობაა. თუ თანხები სამშენებლოდ მერე აღმოაჩინეთ და ტენდერით, თურმე, მშენებლობებს ზამთარში დიდი რისკი ექმნებოდა, ესეც უნიათობაზე და სამინისტროების შეუთანხმებელ მუშაობაზე მეტყველებს.
დაახლოებით იგივე ხდება ყველა უწყებაში, ეს განსაკუთრებით თბილისის მერიას ეხება, ყოველ წელიწადს საახალწლო ღონისძიებების აღსანიშნავად, 26 მაისის, ან ისეთი დღესასწაულების, რომელიც უეჭველად აღინიშნება, ყოველთვის დაგეგმილი ღონისძიებებისთვის ატარებენ შესყიდვებს ტენდერების გარეშე და იმავე მუხლებით „აპრავებენ“.
სისხლის ანალიზს რაც შეეხება, თუ ტენდერებს გამოაცხადებენ, სამედიცინო ბიზნესში მოღვაწე კლინიკები, ნახავენ რა შესაბამის სატენდერო პირობებს, აუცილებელად შეეცდებიან დააკმაყოფილონ პირობები, ტენდერებში მონაწილეობას მიიღებენ და, შესაბამისად, ფასდაკლებებიც იქნება.
ძალიან უსუსური არგუმენტები წარმოადგინეს, რომელზედაც ნამდვილად არ გვინდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება.
განვიხილოთ ეკონომიკის სამინისტროსა და მის მიერ შექმნილი სსიპ-ისა და სახელმწიფო შპს-ის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები.
2014 წლის 3 ოქტომბერს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ (100% სახელმწიფო) ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ვეზირს“, თანხით 4.516.460.12 EUღ, დაახლოებით, 10 000 000 ლარზე, რომელიც დაარსდა 2013 წლის 29 აგვისტოს.
შპს „ვეზირის“ 100%-იანი წილის მფლობელი გახლავთ ფიზიკური პირი, ნოდარ ცინცაძე, რომელმაც ეს ფირმა ბათუმში დაარეგისტრირა. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდიდან ირკვევა, რომ მას ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფო შესყიდვებით, გაფორმებული აქვს შემდეგი ხელშეკრულებები:
დამკვეთი კონტრაქტორი კონტრაქტის თანხა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შპს ვეზირი 3004 აშშ დოლარი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შპს ვეზირი 565 ლარი
საქართველოს ეროვნული არქივი შპს ვეზირი 26 115 ლარი
ფინანსთა სამინისტროს აკადემია შპს ვეზირი 997 ლარი
სოხუმის ი. ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი შპს ვეზირი 405 ლარი
საქართველოს ეროვნული არქივი შპს ვეზირი 4500 ლარი
როგორც ხედავთ, შპს „ვეზირის“ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება შეადგენს, დაახლოებით, 40 000 ლარს. 2014 წლის 3 ოქტომბერს შპს „ვეზირს“ უფორმდება ტენდერის გარეშე ხელშეკრულება 10 000 000 ლარზე, იმ სამუშაოების ჩატარებაზე, რომლის მსგავსი არც თანხით და არც ანალოგიური სამუშაოებით არ გააჩნდა. ახლა ვნახოთ, რა წინაპირობა იყო ამისთვის:
საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ 2015 წლის 17 ივნისამდე ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდოდა. 2014 წლის 10 თებერვლის #206 განკარგულებით გადაწყდა, რომ 2015 წლის 17 მარტიდან შესულიყო ტრანსლაციის რეჟიმში, ხოლო მთავრობის განკარგულება მიღებულია 2014 წლის 14 აპრილს, #689 ხელშეკრულების დადებამდე 5 თვით ადრე.
გარდა იმ ფაქტისა, რომ შესაძლებელი იყო ტენდერის არაერთგზის ჩატარება, შპს „საქართველოს რადიოცენტრმა“ ხელშეკრულება გაუფორმა გამოუცდელ ფირმას. საინტერესოა, რა კრიტერიუმებით შეფასდა, რატომ მოიწვიეს საერთოდ ეს კომპანია და რატომ არ ჩატარდა ღია საერთაშორისო ტენდერი უმცირესი ფასის კომპანიის გამოსავლენად და რომელი კომპანიები იყვნენ მოწვეული შერჩევის დროს?
კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ღია კონკურენციული ტენდერის ჩატარება არ არის თვითმიზანი. თუ გადავხედავთ, რა სამუშაოები არის ჩატარებული ამ ხელშეკრულების მიხედვით, დავრწმუნდებით, რომ საქართველოში უამრავი კომპანია შეძლებდა ამ ხელშეკრულების შესრულებას და ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში რეალურად დაბალ ფასს მივიღებდით.
ეს ერთი; მეორე _ სახელმწიფო შესყიდვების კანონის თანახმად, 4 000 000 ლარზე მეტი სამუშაოებისთვის აუცილებელია საერთაშორისო ტენდერის ჩატარება, ანუ რაც გულისხმობს სატენდერო წინადადებების ინგლისურად თარგმნას და უცხოური კომპანიების მოზიდვას ამ ტენდერისთვის.
ისმის კითხვა, _ თუ გამოიკვლიეს საერთაშორისო ბაზარი, რომელ ჟურნალ-გაზეთებში, ან ელექტრონულ მისამართებზე დაიდო ინფორმაცია ამ ტენდერზე? რა გამოხმაურება მოჰყვა? როგორ შედარდა ფასები? და ა. შ.
საერთაშორისო პრაკტიკაა და ლოგიკურადაც, როდესაც ეკონომიკის სამინისტრო ატარებს თითქმის 10 000 000-იან ტენდერს, იქ პროცესი უნდა იყოს ზედმიწევნით გამჭვირვალე. ამას უნდა აკონტროლებდეს სხვადასხვა უწყება, რომელსაც კანონით ავალია ეს და საბოლოოდ კი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომელიც, მკითხველმა უკვე იცის, რომ ამ კორუფციული კონტრაქტების საბოლოო „გამპრავებელია“.
ამის შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო მოვლენები ვითარდება ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „ციფრული მაუწყებლობის სააგენტოში“: საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის #819 განკარგულების თანახმად, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უნდა შეეძინათ და უფასოდ დაერიგებინათ შეტ-თოპ-ბოხ.
ერთად განვიხილოდ ეს შემთხვევა. თუ რა პარატურა არის საჭირო ეს ცნობილია თავისი სპეციფიკაციებით და ტექნიკური დეტალებით. თუ რამდენი დაუცველი ოჯახია საქართველოში, ესეც ზედმიწევნით ცნობილია, რადგანაც ყოველთვიურად სახელმწიფო ახორციელებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შესაბამისი დახმარების გადახდას. ანუ სატენდეროდ, ფაქტობრივად, ყველაფერი მზად იქნებოდა, მაქსიმუმ, 1 კვირაში. კი ბატონო, მივცეთ 1 თვე, 2 თვე 4 თვე, მაგრამ გადის 7 თვე და მხოლოდ ამის შემდეგ იდება ხელშეკრულება ტენდერის გარეშე და, რა თქმა უნდა, კანონის იმავე მუხლით „გაპრავდა“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ისევ თვალს ხუჭავს ამ ხელშეკრულებაზე.
7 თვის შემდეგ ეს სააგენტო ხელშეკრულებას დებს ჩინურ კომპანიასთან _Shenzhen KONKA Information Network Co. LTD (440301501128442), თანხით 4.185.531 აშშ დოლარზე, დაახლოებით, 9 000 000 ლარზე.
შევაჯამოთ: ე. ი. ისევ და ისევ ამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფოს მხოლოდ ამ ორი ხელშეკრულებით დაუჯდა 19 000 000 მილიონი ლარი. ორივე შემთხვევაში ტენდერები არ ჩატარებულა, მთავრობის განკარგულებები ტენდერის ჩაუტარებლობაზე, ისევ და ისევ, სახელმწიფო შესყიდვების კანონის მე-10 პრიმა მუხლის მე-3 ქვემუხლის „დ“ პუნქტით „გაპრავდა“, რომელიც ჩვენი მკითხველისთვის უკვე ძალიან ცნობილია. სახელმწიფო საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუზღუდულ ვადებში ჩატარებას ითვალისწინებს და სინამდვილეში ხელშეკრულებები იდება 5-7 თვის შემდეგ. მგონი, ნათელია, რომ ხდება ამ მუხლის არაკანონიერი ამოქმედება და მთავრობა სპეციალურად იყენებს კანონს, რათა ხელშეკრულება თავის სასურველ კომპანიებთან გაფორმდეს, რა თქმა უნდა, არაკონკურენტულ ფასად.
სწორედ ეს არის ნათელი მაგალითი სისტემური, ელიტარული კორუფციისა, როდესაც მთავრობის განკარგულება-დადგენილებებით უკანონო გადაწყვეტილება მიიღება, კანონის ძალით შესაბამისი ხელშეკრულებები იდება და ხელი ეწყობა დიდი რისკის მატარებელ კორუფციულ გარიგებებს.
ნახეთ, რა „შეხმატკბილებულად“ მოქმედებს ხელისუფლების სხვადასხვა შტო: ეკონომიკის სამინისტრო უთანხმებს საქართველოს მთავრობას უტენდერო შესყიდვას, მერე ეძებენ ფირმას, რომელიც „კარგ ფასს“ მისცემს თავისი „ატკატებით“, გადის 7 თვე, რა დროშიც 5 ტენდერი მოესწრება და აფორმებენ ხელშეკრულებას. საბოლოოდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ამ ქმედებას თავისი „თვალის დახუჭვით“ „აპრავებს“.
ცალკე განხილვის თემაა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტი, რომელიც საერთოდ წლებია, არ ატარებს ტენდერებს სხვადასხვა ქვეყანაში სარეკლამო კამპანიის განსახორციელებლად.
ამის ნათელი მაგალითია 2015 წლის ხელშეკრულებები: ტენდერები არ ჩატარებულა საქართველოს სარეკლამო კამპანიაზე თურქეთთან, ბელარუსთან, ყაზახეთთან, რუსეთთან, რომელთა ხელშეკრულებები მთავრობის განკარგულებებიდან 3 თვის შემდეგ უტენდეროდ გაფორმდა და რაც მთავარია, მომსახურება მოიცავდა გრძელვადიან პერიოდს. ეს ხელშეკრულებები გაფორმდა შპს "O.K. Media Europe"-თან. კონტრაქტზე ხელისმომწერი ვინმე ოკსანა ჩერნენკოა. ამ კომპანიასთან უტენდეროდ გაფორმდა შემდეგი ხელშეკრულებები:
დამკვეთი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
კონტრაქტის თანხა: 236`000.00 USD
მომსახურება: თურქეთი სარეკლამო კამპანია
კონტრაქტორი: შპს "O.K. Media Europe"
დამკვეთი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
კონტრაქტის თანხა: 354`000.00 USD
მომსახურება: ბელარუსი სარეკლამო კამპანია
კონტრაქტორი: შპს "O.K. Media Europe"
დამკვეთი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
კონტრაქტის თანხა: 708`000.00 USD
მომსახურება: უკრაინაში სარეკლამო კამპანია
კონტრაქტორი: შპს "O.K. Media Europe"
დამკვეთი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
კონტრაქტის თანხა: 590`000.00 USD
მომსახურება: ყაზახეთში სარეკლამო კამპანია
კონტრაქტორი: შპს "O.K. Media Europe"
მარტო 2015 წლის 6 თვის სარეკლამო კამპანიებში უტენდეროდ გაფორმდა 2 000 000 აშშ დოლარის ხელშეკრულებები, აგრეთვე იმავე წლის 24 სექტემბერს, ისევ უტენდეროდ, უკვე ქართულ კომპანია შპს „დიჯითალ ედსთან“ (რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, უკრაინა) _ სარეკლამო კამპანიისათვის, 3 თვეზე 1 203 750 ლარის ხელშეკრულება.
ზოგადად ეს არის ის, რაც უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მთავრობამ ცხოვრება გაიმარტივა. თავისი მართლაც და უკანონო განკარგულებებით არ ატარებენ ტენდერებს, რომელიც იძლევა საშუალებას, ხელშეკრულებები გააფორმო სასურველ კომპანიებთან.
რა თქმა უნდა, ამ დროს გაცილებით მეტ თანხას ვიხდით ამა თუ იმ მომსახურებაში და შედეგად იფლანგება საბიუჯეტო თანხები.
რა მოხდა 2016 წელს? ზუსტად იგივე სქემით, იგივე მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აპრილის #1860 განკარგულებით, ისევ და ისევ, უტენდეროდ გაუფორმდა ხელშეკრულება შპს „დიჯითალ ედსთან“ _ თანხით 4 660 000 ლარზე.
ჯამში: შპს „დიჯითალ ედსს“ 2015-2016 წლებში უტენდეროდ გაუფორმდა, დაახლოებით, 7 000 000 ლარზე მეტი ხელშეკრულება.
დამკვეთი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
კონტრაქტის თანხა: 4 660 000 ლარი
მომსახურება: რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი გაერთიანებულ არაბეთში სარეკლამო კამპანია
კონტრაქტორი: შპს დიჯითალ ედს
დამკვეთი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
კონტრაქტის თანხა: 582 250 ლარი
მომსახურება: უკრაინაში ზამთრის სარეკლამო კამპანია
კონტრაქტორი: შპს დიჯითალ ედს
დამკვეთი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
კონტრაქტის თანხა: 1 203 750 ლარი
მომსახურება: რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, უკრაინა სარეკლამო კამპანია
კონტრაქტორი: შპს დიჯითალ ედს
დამკვეთი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
კონტრაქტის თანხა: 299 184 USD
მომსახურება: რუსეთში სარეკლამო კამპანია
კონტრაქტორი: შპს დიჯითალ ედს
ყველა ეს ხელშეკრულება დადებულია და ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე. ჩვენ გთავაზობთ ამ ხელშეკრულებებისა და კომპანიების ამონაწერებს საწარმოთა რეესტრიდან.
შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი დასანახია, რომ კანონები შეგნებულად ირღვევა და, ისევ და ისევ, ჩვენ ვამბობთ, რომ მთავარი დამნაშავე არის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომელსაც ამ პროცესების მონიტორინგი ავალია და ამ წლების განმავლობაში არათუ რაიმე შენიშვნა მიუციათ შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, არამედ წლიურ ანგარიშებში რეკომენდაციების სახითაც არ არის მოხსენიებული ეს პრობლემები.
რა თქმა უნდა, სახელმწიფომ სარეკლამო კამპანიები უნდა ჩაატაროს, გზები უნდა დააგოს, საავადმყოფოები უნდა ააშენოს და ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს, მაგრამ ეს არ არის კერძო კომპანია და რომელიმე ბიზნესმენის ფული, ეს არის ბიუჯეტის თანხები და ის უნდა დაიხარჯოს ეკონომიურად, ეფექტიანად და რაც მთავარია იმისთვის, რომ მოსახლეობის სხვადასხვა ფენამ იგრძნოს განხორციელებული სიკეთე. საჭიროა, ეს თანხები გადანაწილდეს სამართლიანად და არა მთავრობის რომელიმე, ამათუ იმ გავლენიანი ჩინოვნიკის სასურველ კომპანიაზე.
ეს არის ის სისტემური კორუფცია, როდესაც მთავრობის სხვადასხვა უწყება შეხმატკბილებულად „აპრავებს“ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებს და ამით ფლანგავს და არაეფექტიანად ხარჯავს სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებს.
გიორგი ბაჯელიძე
შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი