QronikaPlus
ქუთაისისთვის საარჩევნო ბრძოლა  იწყება?!

ქუთაისისთვის საარჩევნო ბრძოლა იწყება?!

2016-06-26 09:38:07

მართალია, საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში არ შესულა, მაგრამ ქუთაისში მანდატის მოსაპოვებლად პოლიტიკურმა ძალებმა სამზადისი უკვე დაიწყეს. გასული წლებისგან განსხვავებით მომავალი მოწვევის პარლამენტში ქალაქი 3 მაჟორიტარით იქნება წარმოდგენილი. იმის გასარკვევად, თუ როგორია წინასაარჩევნო გარემო, რა მოლოდინები და ხედვები აქვთ საარჩევნო სუბიექტებს, ჯერ კიდევ, საპარლამენტო ქალაქის სატატუსის მატარებელ ქუთაისთან დაკავშირებით, „ქრონიკა+“  პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ლიდერების იმ ერთ ნაწილს გაესაუბრა, რომლებიც მაჟორიტარობის კანდიდატებად მოიაზრებიან. წინასაარჩევნო გარემო ქუთაისში ნატო ქათამაძე _ „რესპუბლიკური პარტია“: _ ჯერჯერობით, ქალაქში განსაკუთრებული არაფერი იგრძნობა. პოლიტიკური პარტიები ჩვეულ რეჟიმში საქმიანობენ, ის ადამიანები კი, რომლებიც კონკრეტული დაპირებებით მივიდნენ ხალხთან, მოსახლეობას არ ხვდებიან. ეს არჩევნები ყველასგან განსხვავებული არჩევნები იქნება. ჯერჯერობით, არანაირი საშიშროება არ ჩანს, რომ შეიძლება რამე ექსცესი მოხდეს. ზეწოლები არ მიმდინარეობს. თუმცა ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეცდება, მაგრამ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ამ ხელისუფლებას ნახევარიც არ ჰყავს თავისი მომხრეები. მართალია, ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე ადამიანების ნაწილი კი დაპორტირდა „ოცნებაში“, მაგრამ სანდონი მაინც არ არიან. „ქართული ოცნებისთვის“ ეს კიდევ ერთი გაკვეთილი იქნება. სამსახურის უფროსები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ, რომ წინა ხელისუფლება ოპოზიციაში გადასულიყო. ქალაქის მერმა ირგვლივ ისეთი ხალხი შემოიკრიბა, რომლებსაც წლების მანძილზე ვებრძოდით. მოსახლეობას ორმაგი იმედგაცრუება დაეუფლა. „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ქალაქში რამე შეცვლილიყო.   გიორგი ჭიღვარია _ „ქართული ოცნება“: _ გარემო იქნება მშვიდი და თანასწორუფლებიანი. ეს დაამტკიცა კიდეც წინა არჩევნებმა. ლოკალური ინციდენტები შეიძლება მოხდეს, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია და პასუხისმგებლობას იღებს, რომ არჩევნები სტაბილურად ჩატარდეს.   თემურ ცამციშვილი _ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“: _ სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი საარჩევნო კოდექსი, რომელიც იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ არჩევნები თანაბარ პირობებში ჩატარდება. ასეთი კოდექსი სახელისუფლებო პარტიას ანიჭებს უპირატესობას. საბედნიეროდ, ქალაქში არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, პოლიტიკური პარტიები და ერთად უნდა შევძლოთ, რომ ამომრჩეველმა მაქსიმალურად დემოკრატიულ ვითარებაში დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. ჯერჯერობით, ქუთაისში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე რამე ინფორმაციას არ ვფლობთ.   გიორგი თევდორაძე _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: _ გულუბრყვილობა იქნებოდა, ნორმალურ საარჩევნო გარემოზე ვისაუბრო იმ პირობებში, როცა ჩემი მეგობრები და თანაგუნდელები, ვგულისხმობ ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძეს და კახა გაბუნიას, _ კიდევ რჩებიან სამართლებრივი დევნის ობიექტებად და ჯერ არ დასრულებულა ის სამარცხვინო სასამართლო პროცესი, რომელიც დეპუტატ ლორთქიფანიძის პიჯაკის სახელით შევიდა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. შეუძლებელია, წინასაარჩევნო გარემოზე დადებითად ვთქვა რამე, როდესაც ჩვენი პარტიული ოფისი იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებიც პარტიული ნიშნით გაათავისუფლეს სამსახურებიდან. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ქუთაისშიც ძალიან ნათელია ნიშნები ივანიშვილის რეჟიმის ავტორიტარული მისწრაფებებისა. თუ გავიხსენებთ კორცხელის ინციდენტს თავისი სისასტიკითა და გაუგონარი თავხედობით, რომელიც, ფაქტობრივად, რეაგირების გარეშე დარჩა ხელისუფლების მხრიდან, ცხადია, სწორედ ასეთ ძალისმიერ მეთოდებზე დაფუძნებით აპირებს ხელისუფლება არჩევნების ჩატარებას. ჩვენ ხელისუფლების ნებისმიერი უნამუსობისთვის მზად ვართ და ვაპირებთ, რომ, მხოლოდ და მხოლოდ, სამართლებრივ ჩარჩოებში გავცეთ შესაბამისი პასუხი.   კობა ჩიხლაძე _ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“: _ წინასაარჩევნო გარემო, ჯერჯერობით, მშვიდია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ურთიერთობას „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოცნებას“ შორის, ყოველივე ეს მნიშვნელოვან თემებს ფარავს. ჩვენ დავდივართ, მოსახლეობას ვხვდებით და, ჯერჯერობით, ხელი არ შეუშლიათ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე კვირის წინათ ქუთაისის მერიამ აპელირება მოახდინა საკითხზე, რომელიც კიბულის ქუჩის #12-ში პაატა ბურჭულაძის საკუთრებაში არსებულ ეზოს ეხება. ხელისუფლება აღნიშნავდა, რომ ეზო არის მოუვლელი და იქ არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. მინდა განვმარტო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს ამ ტერიტორიით, უვლის ეზოს და თითქოს ეს საკითხი ვინმეს აწუხებდა, გამოირიცხა. ეს არის წინასაარჩევნო პირდაპირი თავდასხმა მმართველი გუნდის მხრიდან. თემა წამოსწიეს ჩვენი ყრილობის მეორე დღეს. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი უსუსური ბრალდებები სამომავლოდაც დაფიქსირდეს.   მოლოდინი...   გიორგი ჭიღვარია: _ „ოცნება“ გაიმარჯვებს!   გიორგი თვედორაძე: _ წინასწარ ვთქვათ ის, თუ რა შედეგი გვექნება ქუთაისში, რთულია. ვიბრძოლებთ მხოლოდ გამარჯვებისთვის. შედეგი და პროცენტული მაჩვენებელი იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვენს ოპონენტს წარმოუდგენია. ამისთვის ჩვენს განკარგულებაში და ამუნიციაში არის გამოცდილება, ადამიანური რესურსი და ის არგუმენტაცია, რაც ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს და 2012 წლის შემდეგომ უუნარო ხელისუფლების პირობებში დაგროვდა.   ქუთაისთან დაკავშირებული ხედვები ნატო ქათამაძე: _ მივესალმები ბიძინა ივანიშვილის განცხადებას საუნივერსიტეტო ქალაქთან დაკავშირებით. საპარლამენტო ვერ წარმომიდგენია, რადგან პარლამენტში ვმუშაობდი და ვუყურებდი: როცა მთავრობის წევრი ნახევარსაათიანი მოხსენებისთვის ჩამოდიოდა, ის მთელ დღეს კარგავდა. ფაქტია, რომ არაფერი ხელოვნური არ ვარგა, ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს. როდესაც ინფრასტრუქტურა განვითარდება, შესაბამისად, ინვესტორიც რაღაც პროექტებს განახორციელებს. თუკი ისეთი უწყებები გადმოვა, რომელთა თბილისში ყოფნაც აუცილებელი არ არის, ვფიქრობ, ეს ქალაქს დაეხმარება. გიორგი ჭიღვარია: _ ძალიან ბევრი რამ კეთდება. თუნდაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაანონსება. 250 მილიონი იხარჯება რეგიონში. ეს არ არის უცხოელის მიერ ჩადებული თანხა, როცა რამე გაკეთდება და თანხები ისევ უცხოეთში მიდის. პირიქით, აქ ჩამოვლენ უცხოელები და გარე თანხები შემოედინება. მალე იქნება საარჩევნო პროგრამა და მასში ყველაფერს ვიხილავთ. _ სამწუხაროდ, ქალაქიდან მასობრივად გაედინება მოსახლეობა. _ მოსახლეობის გადინება დღეს არ დაწყებულა. სააკაშვილის რეჟიმის დროს არ იყო გადინება? 2 და 3 წელიწადში რაც არ უნდა რეფორმები გაატარო, შედეგს ვერ მოგცემს. რამდენიმე წელი უნდა, რომ ქვეყნის მშენებლობას რაღაც დაეტყოს. _ კიდევ რამდენი წელი? _ დავით აღმაშენებელი 16 წელი ემზადებოდა იმისთვის, რომ საქართველოს ვინმესთვის პასუხი გაეცა. არ შეხედოთ ამას სამხედრო ჭრილში, თითქოს საქართველო ომისთვის ემზადება. უბრალოდ, როცა რაღაცას აშენებ, ამას დრო უნდა.   თემურ ცამციშვილი: _ კომისიების შექმნა, რაღაც გეგმები, რომლებზედაც ადგილობრივი თვითმმართველობა დიდ თანხებს ხარჯავს, არაფრის მომტანია. ფაქტი სახეზეა და პოლიტიკოსებზე კარგად მოქალაქეები ხედავენ, რომ წინსვლა ქალაქს არ აქვს. ერათადერთი დიდი პლუსი, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა, ეს იყო ქუთაისის ადმინისტრაციულ ცენტრად _ საპარლამენტო ქალაქად გარდაქმნა, მაგრამ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ ქუთაისი ვერ იქნებოდა საპარლამენტო ქალაქი და ინვესტორებზე, რომლებიც მზად იყვნენ ჩაედოთ თანხა, ამან უარყოფითად იმოქმედა. ჩვენ დღესაც მიგვაჩნია, რომ აუცილებელია,  ქუთაისი ადმინისტრაციული ცენტრი იყოს, რაც შემდეგ სხვა სიკეთეებსაც მოგვიტანს: ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებას და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს ისეთი ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელსაც შეუძლია ცალკე, ცენტრალური ხელისუფლების გარეშე განვითარდეს. თუმცა როგორი ცენტრალური ხელისუფლებაც გვაქვს, ისეთივეა ადგილობრივიც. ქალაქს ძალიან კარგი მდებარეობა აქვს, აქ არის საერთაშორისო აეროპორტი და ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ადმინისტრაციული ცენტრის გარდა ტურისტული ჰაბიც გახდეს. რაც შეეხება ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ეს იქნება წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მიერ გასროლილი რამდენიმე მილიონი ლარი, რომელიც რეალურ შედეგს არ მოგვიტანს.   გიორგი თევდორაძე: _ განვითარებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვები კარგად ჩანს ქალაქის საპარლამენტო ფუნქციაში. ქუთაისი უნდა იყოს ქვეყნის ადმინისტრაციული ცენტრი. მხოლოდ საპარლამენტო სტატუსის პირობებში აქვს ქუთაისს რეალური პერსპექტივა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო ჰქონდეს და ადგილზე დავაკავოთ მთავარი სიმდიდრე _ ქალაქის  ინტელექტუალური პოტენციალი. უარგუმენტო წინასაარჩევნო დაპირება საუნივერსიტეტო ქალაქის სადღაც ტყეში აშენების თაობაზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მორიგი მტკნარი სიცრუე. მიუხედავად იმისა, რომ მივესალმები ქუთაისისთვის დახარჯულ ნებისმიერ თეთრს, მით უმეტეს, 250 მილიონს, მგონია, ესეც იმ დაპირებათა რიგში დგას, როგორებიც იყო პენსია, იაფი ფული, იაფი ენერგოტარიფები და ასე შემდეგ. თუ ვინმეს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა ქუთაისში, ალბათ, უპრიანი იქნებოდა, თანხა ჩაედო ჩვენი საუნივერსიტეტო კომპლექსის მოდერნიზებასა და აღჭურვაში   მაჟორიტარობის კანდიდატები   გიორგი ჭიღვარია: _ 25 ივნისიდან, ალბათ, გაირკვევა, ვინ იქნებიან მაჟორიტარობის კანდიდატები „ქართული ოცნებიდან“ ქუთაისში. პირადად ჩვენთან კი, ჯერჯერობით, ამის შესახებ არანაირი კონსულტაცია არ გამართულა. თემურ ცამციშვილი: _ ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა ქუთაისის სამივე მაჟორიტარულ ოლქში. წარმატებული ადამიანები გვეყოლება. ასევე გავაგრძელებთ რაიონული ოფისების გახსნას. იმერეთში სამი უკვე გვაქვს. „გირჩი“ აუცილებლად გახდება საპარლამენტო პარტია. გადაწყვეტილად ვერ გეტყვით, მაგრამ მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად მეც განვიხილები. შერჩეული გვყავს დანარჩენი ორი პიროვნებაც, მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ. გიორგი თევდორაძე: _ არ დავმალავ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემს კანდიდატურას განიხილავს. უპრიანი იქნება, ჩემს თანაგუნდელებს თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენისა და თვითრეალიზების საშუალება მიეცეთ. ვნახოთ, ვის როგორი შანსები ექნება. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ კანდიდატების შერჩევისას ვინც მთავარ სიტყვას იტყვის, ეს იქნება უშუალოდ ქუთაისის ორგანიზაცია.  

                                                                                                        ხვიჩა ვაშაყმაძე

       

გაზიარება