90 წლის ეთერ ჯოგლიძეს ქუთაისის მერია 2 წელია, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთს ედავება. ჯოგლიძეების ოჯახი ნინოშვილის 23 ნომერში 100 წელზე მეტია, ცხოვრობს. სახლი და ეზო დღესაც იმ საზღვრებშია მოქცეული, რომელსაც გასული საუკუნის დასაწყისში ქალბატონი ეთერის მამამთილი ფლობდა.
ეთერ ჯოგლიძე:
_ ჩემი ოჯახი აღნიშნულ მიწას საუკუნეზე მეტია, ფლობს. უბრალოდ, ისე, როგორც ბევრს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ გვქონდა. გასული წლის ბოლოს წერილი მივიღეთ, რომ თითქოს მიწა მიტაცებული მქონია.
ქალბატონმა ეთერმა საკუთარი უფლებების დაცვა სამართლებრივად სცადა.
ნორა მურღულია _ ჯოგლიძეების ადვოკატი:
_ მერიამ ოჯახთან დავა 55 კვ.მ. მუხლით დაიწყო, რაც სახელმწიფო მიწის ნაკვეთის მიტაცებას გულისხმობს. სასამართლოს არქივში დაცული ის აზომვითი ნახაზი წარვუდგინე, რომელიც იმ კონფიგურაციის იდენტურია, რა მოცემულობაც დღეს არსებობს და რომელიც ადასტურებს, რომ ეზოს თვითნებური გაფართოება არ მომხდარა. მერიის მოთხოვნა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და დავა ჯოგლიძეების სასარგებლოდ დაასრულა. 2015 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით იგივე პოზიცია დაიკავა სააპელაციო სასამართლომაც, რომლის შემდეგაც ჯოგლიძეებმა საკუთარი სახლი და ეზო საჯარო რეესტრში უპრობლემოდ დაარეგისტრირეს.
როგორც ირკვევა, დავაში შესვლისთვის მერიის ინსპირირების საშუალება ქალბატონი ალერა ინჯიას საჩივარი გამხდარა, რომელიც ნინოშვილის 21 ნომერში ჯოგლიძეების სახლის უკანა ტერიტორიაზე ცხოვრობს. ალერა ინჯიას საცხოვრებელი სახლი ადრე საერთო სარგებლობის ეზოში იდგა, დღეს კი იქ მისვლა ჩიხითაა შესაძლებელი _ მეზობლებისგან აბსოლუტურად იზოლირებულად; ინჯიას სახლის გვერდით კი მეორე სახლი დგას, რომელიც 1977 წელს მამუკა ფერაძემ შეიძინა.
მამუკა ფერაძე:
_ რაც აქ ვცხოვრობ, ჯოგლიძეების ეზო არ შეცვლილა. მე და ალერას ერთი საერთო ეზო და ჭიშკარი გვქონდა. შემდეგ საჩივრები დაიწყო ეზოს გაყოფაზე. 2006 წლისთვის მერიამ სასამართლოს დავალებით დავის აღსაკვეთად 25 ათასი ლარი გამოყო, ღობე რომ გაეკეთებინათ. საერთო მიწა თანაბრად გაყვეს და რაც მეტობაში აღმოჩნდა, სკვერად გადააკეთეს. ინჯიას სიმშვიდისთვის მერიამ ასევე რამდენიმე ათასი ლარი გადაიხადა, რომ ეზოს ერთ ნაწილში არსებული ცალკე მდგომი და მისი მზერის არეალში მოხვედრილი ჩემი სამზარეულო დაენგრია და ახალი, კაპიტალური ნაგებობა ჩემივე სახლის გვერდით აეშენებინათ. წლებია, საბიუჯეტო სახსრები იხარჯება ამ ქალბატონის სურვილების დასაკმაყოფილებლად! ახლა მისი მიზანია ჩიხის დასაკუთრება. გაჭირვეული ადამიანი მერიაში რომ მივიდეს დახმარების თხოვნით, მისთვის 200 ლარი არ გააჩნიათ და იმის გამო, რომ ალერა გაჩუმებულიყო, 70 ათასი ლარი დახარჯეს. ახლა ჩემთან სადავო რომ გამოელია, მეზობლებზე გადაინაცვლა. ისე, ჩვენი ეზოს გაყოფის დროს ეს ჩიხიც ალერა ინჯიას მითითებით და სურვილითაა გაკეთებული.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ ეთერ ჯოგლიძის მიმართ მერიის პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნია, ოჯახმა მალევე ახალი სამართალდარღვევის ოქმი მიიღო, რომლითაც ირკვევა, რომ მერიამ მიდგომა შეცვალა და ჯოგლიძეებს ამჯერად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155 კვ.მ. მუხლით გამოუცხადა დავა, რაც საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვას გულისხმობს. ეს მუხლი სასამართლოსთვის უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა და ორივე ინსტანციამ გადაწყვეტილება მერიის სასარგებლოდ გამოიტანა.
ნორა მურღულია _ ჯოგლიძეების ადვოკატი:
_ როცა მერიას ვეკითხები, გამარკვიეთ, რა დაირღვა-მეთქი?! ვერ გვპასუხობს. ოქმში არ არის მითითებული, როდის დაირღვა რამე. არ იციან. მე ვეუბნები, რომ შემიდგინეთ ადმინისტრაციული ოქმი, განმიმარტეთ, რა ფართობით, რამდენი კვადრატით გადმოვიდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი-მეთქი? ვერ მპასუხობენ. სასამართლოში როცა მიჩივი, ხომ უნდა დამიდასტურო, რას მედავები, _ 10, 15 თუ 20 კვ.მ.-ს? მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით ხელი უნდა შეუწყოს მართლმსაჯულების განხორციელებას არა მესაკუთრის ინტერესების შელახვით, არამედ სამართლიანობის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით პროკურატურაში უჩივლებს.
ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 3 ივნისის წერილი 90 წლის ეთერ ჯოგლიძეს სასამართლოს გადაწყვეტილებას ახსენებს და მისი აღსრულებისკენ მოუწოდებს, რომლის იგნორირებაც პენსიონერს 500 ლარი დაუჯდება, დარღვევის არგამოსწორების შემთხვევაში კი თანხა 3000 ლარამდე გაიზრდება.
კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, ბაქარ ჭეიშვილს დაუკავშირდა, რომლის განცხადებით პრობლემა ის არის, რომ, თავის დროზე, მერიამ „ჯიპიესი“ არ გამოიყენა, გზა არასწორად დააგო და ჯოგლიძეებს ღობის გადაწევა არ მოეთხოვა:
ბაქარ ჭეიშვილი:
_ ჩიხის სიგანე, რომელიც საერთო სარგებლობის ეზოს გამოეყო, თუ თავის დროზე მერიის შეცდომის გამო არასწორად განისაზღვრა, რას ერჩით კერძო მესაკუთრეს, რომელსაც არანაირი ბრალი არ მიუძღვის და კონკრეტულ ნაკვეთს 100 წელზე მეტი ხანია, ფლობს?
_ მერიის შეცდომა არ არის. ყველა ცდილობს, რომ თავისი მიწა 20 სანტიმეტრით მაინც გადმოწიოს წინ. ვფიქრობ, რომ გადმოწეული აქვთ. ეს სასამართლომ დაადგინა და მე უფლება არ მაქვს, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანო.
_ კი მაგრამ, იქ დღესაც შემორჩენილია ძველი ბორდიურის კვალი. არის სატელეფონო ბოძი, რომელიც ათეული წელია, იქ დგას...
_ ვერ ამტკიცებენ, რომ არ არის გადმოწეული.
_ რატომ მოხდა ისე, რომ თავდაპირველად სხვა მუხლით ედავებოდით ჯოგლიძეებს, ამ საქმის წაგების შემდეგ კი სხვა მუხლით განაახლეთ დავა? ხომ არ აჯობებდა, მერიის იურისტებს კარგად შეესწავლათ საქმე?
_ არ არის ეს მერიის იურისტების შეცდომა. სამართალდარღვევათა ადმინისტრაციული ოქმი დგება, მიდის სასამართლოში; სასამართლოს შეუძლია, გაათავისუფლოს, გაფრთხილება მისცეს, ან გაამართლოს. სასამართლომ მიგვანიშნა, რომ ეს სახელმწიფო მიწაა და დააჯარიმეთო. ჩვენ არაერთი წერილით მივმართეთ, გადაეწიათ ღობე, საერთოდ არ გვინდოდა დაჯარიმება. შევთავაზეთ, თავადაც მოეყვანათ „ჯიპიესი“ და ნახავდნენ, რომ ჩიხის ტერიტორიაზე არიან გადმოსული.
მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განმარტება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არასაკმარისია.
შესაბამისად, „ქრონიკა+“ ალერა ინჯიასაც დაუკავშირდა, რომლის განცხდების საფუძველზეც მერია და ჯოგლიძეები ერთმანეთთან სასამართლო დავაში შევიდნენ.
ალერა ინჯია:
_ ქალბატონო ალერა, რამდენი წელია, რაც დავა გრძელდება?
_ 34 წელი. როგორც მოქალაქემ, შემიძლია გითხრათ, რომ კომუნისტური რეჟიმიდან არაფერი შეცვლილა და ჩემი მშობლიური ხელისუფლება, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური, დღემდე მეთამაშება კატა-თაგვობანას მოქალაქეს, გადამხდელს, ამომრჩეველს. ეს აქვს ჩვენს ხელისუფლებას საამაყოდ. მტერს ვერ ხედავს და საკუთარ მოქალაქეებს გადაჰკიდებენ ერთმანეთს.
_ თქვენი მეზობლის, ეთერ ჯოგლიძის ღობე რამდენი ხანია, რაც აღნიშნული ფორმით არსებობს?
_ ააა, ე. ი. აქედან ხართ თქვენ? არ ვიცი. მცოცავი ანექსიაა. მე ხანდახან გავდივარ ხოლმე ქალაქიდან რამდენიმე ხნით.
_ მაგრამ თქვენ აქ ათეულობით წელია, ცხოვრობთ და ეს ღობე როდიდან არსებობს, არ იცით?
_ არ ვიცი, მანამდე მანქანა შემოდიოდა და ყველაფერი.
_ ვიზუალურად არ გახსოვთ?
_ ვერ გეტყვით. მანამდე ხის ღობე იყო, მაგრამ რამდენად არის წამოწეული აქეთ და გადმოადგილებული, არ დავკვირვებივარ.
_ ასეთ შემთხვევაში, რა დააშავა თქვენმა მეზობელმა, რომლის კერძო საკუთრებას საფრთხე ემუქრება?
_ არაა ეს მეზობლის ხარჯზე. თქვენ რატომ არ მისმენთ ბოლომდე?!
_ მე კითხვებით მოგმართავთ...
_ მერე, როცა კითხვას მისვამთ, მაცადეთ პასუხის გაცემა ბოლომდე. ინგა გრიგოლიას შოუ კი არ არის აქ!
ალერა ინჯიას განმარტებით, როცა მან საჯარო რეესტრის საინფორმაციო ბაზიდან დოკუმენტაცია მოიპოვა, აღმოაჩინა, რომ გადაფარვა ფიქსირდება. სწორედ ამის შემდეგ მიმართა მერიას საკუთარი უფლებების დაცვის მოტივით და ჩიხის გაფართოება მოითხოვა. იმ ჩიხს, რომელიც ადრე არ არსებობდა, ჯოგლიძეების ნაკვეთთან არანაირი შეხება არ ჰქონია და წლების წინათ სწორედ ქალბატონი ალერას მოთხოვნით, საერთო სარგებლობის ეზოდან, ცალკე გამოიყო. როგორც ინჯია აცხადებს, ჩიხის სიგანე 3 მეტრი და 30 სანტიმეტრი უნდა იყოს, რაც დარღვეულია და მის სახლამდე მანქანას მისვლა უჭირს. მეტიც, საკუთარ სახლში აღებული ინტერვიუს მეორე დღეს მერიის დერეფანში გამოჩენილმა და საკითხის წამოწევით გაღიზიანებულმა ალერა ინჯიამ ფანტაზიები მოიშველია და თემაზე მუშაობა „ქრონიკა+“-ის რედაქტორის პირად ინტერესებს დაუკავშირა...
_ რატომ გგონიათ, რომ გაზეთის რედაქტორის ინტერესის გამო ვმუშაობთ აღნიშნულ თემაზე?
_ არ ვიცი, ახლა. რედაქტორის დაინტერესებაა. ესენი თავიანთს ვერ აღწევენ. სასამართლომ არ მიიღო, როგორც მტკიცებულება, დაჯარიმებულები არიან და ამიტომ მოგაკითხეს თქვენ. „ქრონიკა+“-ის რედაქტორი არის ფერაძეების საახლობლო. არა მარტო 2-მა მეზობელმა, არამედ იქ 9 ქალმა დაწერა საწინააღმდეგო პასკვილი და ამ საქმეზე მიმაკერეს, მაშინ, როცა საქმეზე არსებობს ოფიციალური დოკუმენტაცია, სასამართლოს გადაწყვეტილებები და ყველაფერი.
_ აღნიშნეთ, რომ მასალის გაზეთში გამოქვეყნების შემთხვევაში „ქრონიკა+“-ის რედაქტორთან დაკავშირებით საქმეებს წამოწევთ. რა საქმეები უნდა წამოწიოთ?
_ თუ რამე რაღაცა გაუშვა ისეთი... თქვენი რედაქტორი ამ წუთში ძალიან კარგად გამოიყურება, ამხელს რაღაც-რაღაცებს, რომელსაც ბიუროკრატია სჩადის და მე მას შევადარებდი ინფორმაციებით დახუნძლულ, ოკეანეში მცურავ და ვეშაპებზე მონადირე ქალბატონს. მე რომ მოვსულიყავი თქვენთან ჩემი პრობლემებით, დარწმუნებული ვარ, არც მიმიღებდით, არც მომისმენდით!
_ რატომ გგონიათ?
_ რატომ მგონია და ასე აკეთებს პრესა! ასეთი დონის გაზეთი ამით არ უნდა დაინტერესდეს, ამიტომ აქ რაღაც დევს. ეს ჩემი ეჭვებია.
ქალბატონ ალერას დაავიწყდა, რომ არსებობს თავისუფალი პრესა, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის ინტერესების დამცველი უნდა იყოს. „ქრონიკა+“-ის დაინტერესება თემით, მხოლოდ და მხოლოდ, 90 წლის ქალბატონის პრობლემას უკავშირდება, რომელიც მერიის მსხვერპლად მიიჩნევს თავს და მედიას დახმარებას სთხოვს. აქედან გამომდინარე, რედაქცია ვალდებულია, საქმის ვითარებაში გაერკვეს და ყველა მხარეს მოუსმინოს, მტყუან-მართლის გარკვევა კი შესაბამისი ორგანოების პრეროგატივაა, რომლებიც, იმედია, აღნიშნულ საქმეს მიუბრუნდებიან და კიდევ უფრო დაწვრილებით შეისწავლიან მას. ჩვენ კი, დაუზუსტებელი ინფორმაციის გამო, ქალბატონ ალერასგან განსხვავებით, არ ვსაუბრობთ იმ თემებზე, რომლებზედაც მისი მეზობლები ამახვილებენ ყურადღებას და რომელთა მიხედვითაც მას დავაში მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ქალბატონი უმაგრებს ზურგს...
ხვიჩა ვაშაყმაძე