QronikaPlus
„კარფური“ ხო იცი, ვისიცაა, იმასთან ხელები ამიწევია და სხვას ყველას ჩაუკაკუნებენ თავში, გინდ გოგოხია იყოს, გინდაც შონია“, _ სკანდალური ჩანაწერი ზუგდიდიდან

„კარფური“ ხო იცი, ვისიცაა, იმასთან ხელები ამიწევია და სხვას ყველას ჩაუკაკუნებენ თავში, გინდ გოგოხია იყოს, გინდაც შონია“, _ სკანდალური ჩანაწერი ზუგდიდიდან

2016-06-26 09:23:32

  სხვადასხვა პოლიტიკური ძალის, ძირითადად, ოპოზიციის მხრიდან ხშირად ისმის ბრალდებები სამეგრელოს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომ ისინი კორუფციულ გარიგებებში არიან ჩაფლული და ამ მხრივ განსაკუთრებულად „მონდომებული“ ლევან შონიაა. შედარებით ნაკლებმასშტაბიან კორუფციულ სქემეებში სახელდება ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხიაც. ჩანაწერი, რომელიც „ქრონიკა+“-ს ჩაუვარდა ხელთ და რომლის ორიგინალი რედაქციაში ინახება, რათა ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, პროკურატურის დაინტერესების შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოებს წარუდგინოს (აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩანაწერის ავთენტურობა კომპეტენტურმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს), სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და კერძო პირის, ბიზნესმენის დავაში ისეთი პირები აფათურებენ ხელებს და ცდილობენ მსუყე ლუკმის დათრევას, რომელთაც, წესით, ბიზნესსაქმიანობასთან და მასთან დაკავშირებულ დავებთან შეხება არ უნდა ჰქონდეთ. ჩვენი ინფორმაციით, ჩანაწერში წარმოდგენილი ერთი მხარე, ქალი _ შპს „აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მანანა მიქავაა, მეორე, მამაკაცი კი სუს-ის თანამშრომელი, ვინმე ვახო ძიძიშვილი, რომელიც ცდილობს, მანანა მიქავას 50 ათასი (ჩანაწერში არ ჩანს, ლარზეა საუბარი თუ დოლარზე, თუმცა ლაპარაკია უცხოელ ინვესტორებზე, რომლებსაც ეს ფული უნდა დაადებინონ და, აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, აშშ დოლარი იგულისხმება) გამოსძალოს, თითქოსდა იმ პირისთვის გადასაცემად, რომელიც თბილისში ჩავა, „იმ კაცს“ შეხვდება და პრობლემას მოაგვარებს. სანამ უშუალოდ ჩანაწერის სტენოგრაფიულ ვარიანტზე გადავალთ, მოკლედ აღგიწერთ, რა პრობლემის წინაშე დგას შპს „აკვაპარკი“ და როგორი შეიძლება იყოს ამ პრობლემების გადაჭრის გზები? საუბარია ზუგდიდის ცენტრში, ნიკოლაძის ქუჩაზე, მდინარე ჩხოუშის სანაპიროზე, რეკრეაციულ ზონაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 8576 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც მანანა მიქავამ 2008 წელს შეიძინა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მას მიწის ნაკვეთზე აკვაპარკი 2012 წლამდე უნდა აეშენებინა და 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო. თუმცა, როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მისი დაპატიმრების გამო ვერ მოახერხა. მიქავა 2010 წლის 26 ნოემბერს თაღლითობის მუხლით დააკავეს. ის სასამართლომ ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვისა და „ლაზიკა კაპიტალისგან“ დიდი ოდენობის თანხის თაღლითური გზით მითვისებისთვის გაასამართლა. ბიზნესმენი პატიმრობიდან 2013 წლის აგვისტოში განთავისუფლდა, თუმცა მის კუთვნილ მიწაზე ნასყიდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის, გამგეობას უკვე ბათილად ჰქონდა ცნობილი. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ ეტაპზე შპს „აკვაპარკი“ დიმიტრი ქვარცხავას სახელზეა რეგისტრირებული, რომელსაც ჩანაწერში ახსენებენ კიდეც. თავად მანანა მიქავა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ. როგორც ჩანაწერიდან ჩანს, საუბარია იმაზე, რომ მიწის ამ ნაკვეთზე მშენებლობისა და ინვესტიციის ჩადების ხელშეკრულება, რომლის ვადა გასული ან შეწყვეტილია, ისევ „აკვაპარკს“ გაუგრძელდეს. ამისთვის საჭიროა, მერიამ, ვის ბალანსზეცაა ეს ნაკვეთი, სასამართლოდან სარჩელი გამოიხმოს, „აკვაპარკს“ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე მოურიგდეს და, შესაბამისად, საჯარო რეესტრში გაკეთდეს ჩანაწერი, რაც ინვესტორებს საშუალებას მისცემს, ფული მშენებლობაში ჩადონ. საქმე ის გახლავთ, რომ საუბარი აღარაა თავად `აკვაპარკის” მშენებლობაზე, როგორც ეს 2008 წელს იყო დაანონსებული. ამჟამად მანანა მიქავამ ინვესტორები იპოვა, რომლებიც, სავარაუდოდ, იქ საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებენ. თუმცა არის ერთი ვარიანტიც, რომელიც მძლეთამძლეს, ანუ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. ჩანაწერში კარგად ჩანს, როგორ ეუბნება მანანა მიქავას სუს-ის თანამშრომელი ვახო: „ერთადერთი, „კარფურმა“ თუ მოინდომა, ხელები ამიწევია. ხომ იცი, „კარფური“ ვისიცაა, თუ არადა, სხვა ვინც გინდა იყოს, იკა გოგოხიას (ქალაქ ზუგდიდის მერი) და ლევან შონიას (სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი) უნდოდეს კი არა, ვისაც გინდა, უნდოდეს...“ სწორედ ამ პროცედურების მოსაგვარებლად ითხოვს მიქავასგან ვინმე ვახო 50 ათასს. თუმცა ამ ალაგ ქართულ, ალაგ მეგრულ ენებზე წარმართულ დიალოგში კიდევ ბევრი რამ იკვეთება: როგორ მოაგვარა ამ ვინმე ვახომ მეგობრების დახმარებით მსგავსი პრობლემა ბათუმში? როგორ გაიგო იმის შესახებ, რომ „აკვაპარკს“ პრობლემები ჰქონდა? როგორ იზღვევს თავს ის იმ შემთხვევისთვის, თუ ეს ტერიტორია „კარფური ხო იცი ვისიცაა“ იმას მოუნდეს?.. და რაც მთავარია, ჩანაწერში ხშირად ნახსენები „ის კაცი“, რომელთანაც უნდა მივიდეს მისივე ახლობელი _ სწორედ ის, ვისაც 50 ათასი უნდა გადაუხადონ. ვინმე ვახო ხაზს უსვამს, რომ ფულს არა „ის კაცი“, არამედ მისივე ახლობელი იღებს, რომელიც „იმ კაცთან“ ახლოსაა და დაელაპარაკება, რის შემდეგაც ქალაქის მერს სხვა გზა არ დარჩება, გარდა სარჩელის გამოტანისა: „თავს ზემოთ ძალა არ არის და ვერც ირაკლი გოგოხია ახტება თავს ზემოთ. ჩაუკაკუნებენ მაგას თავში, ასე (ორჯერ აკაკუნებს მაგიდაზე)“. მოკლედ, საქმე ის გახლავთ, რომ ამ ჩანაწერში ვინმე ვახო, სუს-ის თანამშრომელი, უბრალოდ, თაღლითობს. მან კარგად იცის, რომ იმ ადგილას ბანკ „ქართუს“ ფილიალისა და „კარფურის“ აშენებაა გადაწყვეტილი, თუმცა ცდილობს, მანამდე მოითბოს ხელი, სანამ ეს შპს-ს დამფუძნებლისთვის გახდება ცნობილი, თანაც მოსალოდნელ გართულებებზეც მიანიშნებს იმ შემთხვევაში, თუკი საქმე მოგვარდება, ხოლო დაპირებული 50 ათასი არ ჩაირიცხება: „ერთი და ორი დღე არაა პრობლემა, დაელოდება ის კაცი... მაგრამ აუცილებლად უნდა შესრულდეს. იმ ხალხის გადაგდება თავისთვის ატეხილი შარია და მეტი არაფერი. ყველა შეიძლება გადააგდო, მაგრამ მაგათ ვერავინ ვერ გადააგდებს“, _ ამბობს ვახო.   ახლა კი თავად დიალოგი, საიდანაც კიდევ ბევრი საინტერესო დასკვნის გაკეთება შეიძლება:   მანანა მიქავა: „ის 50 რომ წერს, ეს 50 წინასწარაა საჭირო?“ სუს-ის თანამშრომელი ვახო: „არა, კაცო, არაფერი არაა წინასწარ, შენ რომ მოგიწერს ის ხელს, ყადაღა, ყველაფერი მოეხსნება, საჯარო რეესტრიდან ამონაწერს ამოიღებ, რო გაგრძელებული დროს და მერე“ „რაღაც, არარეალურად მეჩვენება...“ ვახო აგრძელებს მეგრულად: „დაგიბარებენ, ხელს მოგიწერენ ვადის გაგრძელებაზე, ინკასოს მოგიხსნიან და „დალშე“ სხვა რა გინდა?.. წინასწარ იმ კაცს არაფერი არ უნდა, 1 ლარიც კი. ახლა მე სიტყვა უნდა ვუთხრა, რომ ამას რომ გააკეთებს, მერე მიიღებს...“ მანანა მიქავა: „ჩემ ინვესტორს რომ შეხვდეს?“ ვახო: „არა, ეს გამორიცხულია, ის არავის არ შეხვდება. ამ კაცს მე ახლობლობის გამო ვთხოვე, თორე შვიდი კაცი თუ არ მიჰყვება თან, ამის გარეშე არავის არ ხვდება ის“. მანანა მიქავა: „ამიტომ მეჩვენება არარეალურად“. ვახო: „მივლენ იმ ადამიანთან პირადად და ეტყვიან, მე სხვა ურთიერთობები მაქვს იმ ადამიანებთან, ის ხალხი არის ძალიან დიდი ახლობელი ჩემი. მივლენ პირადად, თხოვენ, ის დარეკავს და გააკეთებს. ვის დაურეკავს, რას ეტყვის, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ხელს მოგიწერენ და მორჩა“. მანანა მიქავა: „ჩემთვის მაგას არა აქვს მნიშვნელობა, ჩემთვის იმას აქვს მნიშვნელობა, რომ შენ მეზობელი ხარ და კარგად გახსოვს, ბორკილდადებული როგორ წამიყვანეს და რა გამიკეთეს...“ ვახო: „არაა არანაირი პრობლემა“, _ საუბრობს გაურკვევლად, ახსენებს „როლანდის“ და „ადეიშვილის მართვას“ წარსულ დროში. მანანა მიქავა: „მე ხო იცი, მიმნდობი ვარ. მარტო არ ვარ, ხო იცი, ჩემთან წილში არიან კიდე...“ ვახო: „კი, ვიცი და ერთადერთი, რაც შემეკითხნენ, ის იყო, მიშას „სასტავიდან“, ან „ნაციონალებიდან“ ხომ არ არისო?..“ მანანა მიქავა: „მიშას „სასტავიდან“ რომ ვიყო, ციხეში ჩამსვამდნენ?“ ვახო: „მეც ეგ ვუთხარი, არა, „ბლატნოების“ ამბავია-მეთქი. კაი, მაშინ პრობლემა არააო. გისმენ ახლა, გააგრძელე“. მანანა მიქავა: „მე რა პრობლემა მაქვს, ყველამ იცით: ამ მიწას ჩემი ოჯახი შეეწირა, ჩემი მეუღლის ჯანმრთელობა შეეწირა“. ვახო: „რა შეკითხვა აქვთ, მითხარი და გეტყვი“ მანანა მიქავა: „ეს თანხა... რაღაცნაირად... ჯერ იყო და, 100 ათასი შემომითვალა მე იკამ (სავარაუდოდ, იგულისხმება ირაკლი გოგოხია, ზუგდიდის მერი), ამიტომ 50 ათასი არარეალურად მომეჩვენა, თანაც, ყადაღა დადებულია, სასამართლო მაქვს...“ ვახო: „სასამართლო რას წყვიტავს, არაფერს არ წყვიტავს სასამართლო“. მანანა მიქავა: „ზეგ მაქვს სასამართლო“. ვახო: „კი, მაგრამ არ წყვიტავს, არაფერი არაა“. მანანა მიქავა: „არაფერი არ აინტერესებთ ამათ? არც ჩემი სასამართლო, არც არაფერი?“ ვახო: „სასამართლო არაფერი პრობლემა არაა. მთავარი რა არის: ის კაცი უნდა ჩამოფრინდეს უკვე ხვალ, ოღონდ არ ვიცი, დილის რეისით ჩამოვა თუ საღამოს, რომელს გამოყვება, მაგრამ ხვალ უეჭველი ჩამოფრინდება. ხვალ თუ არა, ზეგ უეჭველი შეხვდებიან, ანუ ზეგ რვა არის უკვე. თუ სასამართლო ზეგ, რვაში გადამწყვეტი სასამართლო არ არის, ანუ თუ არის სხდომა, მაგრამ გადაწყვეტილება თუ არ გამოაქვს, პრობლემა არ არის, რომ დაურეკავენ გოგოხიას (სავარაუდოდ, ირაკლი გოგოხია, ზუგდიდის მერი, _ ავტ.), გოგოხია სარჩელს გამოიტანს სასამართლოდან. ანუ მერია გამოიტანს სარჩელს სასამართლოდან და დაწერს მორიგებას, განცხადებას, რომ მოვრიგდით და გააგრძელებს ვადას. ვახო აგრძელებს მეგრულად: ამას ის ვერ გადაახტება. თავს ზემოთ ვერ ახტები, ძალიანაც რომ მოინდომო, ასე რომ, თავს ზემოთ ვერც ის გოგოხია ახტება. ჩაუკაკუნებენ თავში ასე (მაგიდაზე ორჯერ აკაკუნებს)“. მანანა მიქავა: „მე კიდევ ერთხელ გიმეორებ, ვახო, მე მიმნდობი ვარ, მაგრამ ისინი ბიზნესმენები არიან და წერტილ-მძიმეს უყურებენ, ხუთი წელია, ბრძოლა მიდის...“ ვახო: „არაფერი არ უნდა-თქო წინასწარ: ხელს მოაწერენ-თქო, ამოვიღებთ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, რომ ვადა გაგრძელებულია-თქო და მერეა მისაცემი, წინასწარ არაფერი არ უნდა-თქო. ოღონდ, ეს „ხაია“ (მეგრ.: აცილება _ იხმარება, როცა ფეხბურთელი ბურთს მოქნეულ ფეხს ააცილებს, _ ავტ.) არ უნდა იყოს, თორემ მერე პრობლემა იქნება...“ მანანა მიქავა: „ხაია“ არა... მე ამ საღამოს დავურეკავ და ხვალ გეტყვი პასუხს. შეიძლება, ამ საღამოსაც, კომპიუტერს ჩართავენ და სკაიპით დაველაპარაკები“. ვახო: „არაა პრობლემა“. მანანა მიქავა: „მე მაინც მეშინია. შენ კი ხარ დარწმუნებული შენს თავში, მაგრამ...“ ვახო: „საშიში არაფერი არაა. გოგოხია მოგიწერს ხელს, მერიის ბალანსზეა ქონება. დაგირეკავს, გეტყვის, _ მობრძანდითო, მიხვალ და მანამდე ხელმოწერილს დაგახვედრებს. მერე შენ მოაწერ. ორი მხარე აწერს მაგას ხელს, ვადის გაგრძელებაზე: ერთი მხარე არის მყიდველი, ვინც იყო მესაკუთრე და მეორე მხარე არის გამყიდველი, ანუ ქალაქის მუნიციპალიტეტი. შპს-ზეა ხო? რომელ შპს-ზეა? მანანა მიქავა: „აკვაპარკი“. ვახო: „შპს „აკვაპარკი“, ხო? დირექტორი თქვენ ხართ?“ მანანა მიქავა: „არა, მე ვიყავი დირექტორი, მაგრამ დიმას გადავუფორმე. მქონდა პრობლემები და სამ ნაწილად დავყავი. ყადაღა ედო შპს-ს. მე გაჩუქების უფლებაც მაქვს, სხვათა შორის, იგივე პირობებით და იგივე ვალდებულებით, მაგრამ შემიძლია, ნებისმიერ პირს გადავცე“. ვახო: „სამ პირზეა?“ მანანა მიქავა: „არა, სამ პირზე არის, ორ პირზეა ახლა _ დავით ბებიაზე და დიმიტრი ქვარცხავაზე“. ვახო: „მაგრამ ერთი შპს-ა“ მანანა მიქავა: „კი, ერთი შპს-ა, უბრალოდ, მე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვარ“. პაუზა, ქალის ხმა: „მე ამ საღამოს დაგირეკავ, ან გადმოვალ შენთან“ ვახო: „მე მივდივარ ახლა ბათუმში“ მანანა მიქავა: „დილით ხომ დაბრუნდები? დილით გამომიარე“. ვახო: „კი, ახლა წავალ ბათუმში, მანქანას ველოდები, რაზეც გავაგრძელეთ ვადა, ფირმა ჩამყავს, რომელმაც უნდა ააშენოს...“ მანანა მიქავა: „ბედნიერად გააკეთეთ ყველაფერი, უბრალოდ, მე...“ ვახო აგრძელებს მეგრულად: „არაფერი არ უნდა ამას, წინასწარ არაფერი არაა საჭირო. როცა ხელში გექნება ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, განახლებული ამონაწერი, რომ ვადა გაგრძელებულია, მერე... ბე არაა დასადები და არაფერი, ამაზე უკეთესი რა გითხრა?.. ოღონდ, ხომ გეუბნები, მერე ისინი ისეთი ხალხია, რომ მაგათთან ჭიდილი თავის ტკივილია და სხვა არაფერი... შეიძლება, ყველა გადააგდო, მაგრამ მაგათ ვერ გადააგდებ...“ მანანა მიქავა: „ვინაა ეს?“ ვახო: „დიდი კაცია“. მანანა მიქავა: „ჩვენი გამგებელი ხო არაა?“ ვახო: „არა, კაცო, ის ზუგდიდელი არაა საერთოდ. ის კი არ იღებს ფულს, ვინც მასთან მიდის, ის ახლობელი იღებს და ის ისე აკეთებს, თორე იმას ეს ფული რად უნდა, იმდენი ფული აქვს, შემოგვაყრის და დაგვფარავს (იცინის)“. მანანა მიქავა: „მაინც ეჭვის თვალით ვუყურებ... შენამდე საიდან მოვიდა ეს ამბავი, საერთოდ?“ ვახო: „მე მითხრა ხალხმა, რომ პრობლემა იყო... რამდენიმე ახლობელი იყო, ჩემი ძმაკაცები არიან, ვინც ცდილობდა ამ ამბის მოგვარებას, იკა იყო ჯანაშია, ბათუმის „ენერგო პროშია“, შეხვედრიხართ თქვენ“ მანანა მიქავა: „იკა მე არ მინახია საერთოდ“ ვახო: „ნუ, ვიღაცა იყო თქვენი წრიდან იკასთან, კიდევ გოგა იყო ღურწკაია, ხობის ყოფილი გამგებელი, ვინც ცდილობდა ამ ამბის მოგვარებას... იკა ჯანაშია ჩემი ძმაკაცია, ბათუმის „ენერგო პროში“ შევხვდი მაგას და მთხოვა, ხომ არ შეგიძლია, რამე გამიგოო, ზუგდიდში ანალოგიური პრობლემებია მოსაგვარებელიო. მე ვუთხარი, რომ ჩავალ გავიგებ, თუ მანამდე არ მოაგვარეს-მეთქი. ჩამოვედი და მოვედი აგერ. რა გითხრა მეტი... მე მოვედი აქ 3 თუ 4 რიცხვი იყო, თქვენ არ იყავით. იკა ჩემი ძმაკაცია, ბავშვობის“ მანანა მიქავა: „ხო, იკა მისული იყო გოგოხიასთან“ ვახო: „არ ვიცი, მისული იყო თუ არა, მაგრამ უარი უთხრეს, უარით გაისტუმრეს“. მანანა მიქავა: „აა, იკა გოგოხიამ უთხრა უარი, ხომ? მე მივაგზავნე, მე ვთხოვე მაგ იკა გოგოხიასთან მისვლა, მაგრამ მერე რომ არ მოვიდა ჩემთან, კი გამიკვირდა“ ვახო: „ეტყობა, მოერიდა, უარი რახან უთხრეს, უარით რომ მოსულიყო... ახლა მე მინდა პასტა და ფურცელი, რომ ჩავიწერო მონაცემები, შპს ვისია და დირექტორი ვინაა და ასეთები...“. ჩანაწერში ისმის საყოფაცხოვრებო საუბარი, ქალის ხმა ეძახის ოჯახის წევრს, სავარაუდოდ, ბავშვს და სთხოვს ფურცლის მოტანას. პაუზა. მანანა მიქავა მეგრულად: „მე მეტი არაფერი მინდა, ოღონდ იკა გოგოხიამ დამირეკოს“ ვახო: „დირექტორი ვინცაა, იმას დაურეკავენ. დიმიტრია ხომ დირექტორი? მაშინ დიმიტრის დაურეკავენ... არავითარი პრობლემა არ იქნება... მე ერთ პროცენტს ვიტოვებ, თუ „კარფურის“ თემა გამოიკვეთა, ხომ იცით, „კარფური“ ვისიც არის, მაშინ ბოდიში და, ხელები ამიწევია და სხვა შემთხვევაში, იკა გოგოხია და ლევან შონია (სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, _ ავტ.) კი არა, ვისაც არ უნდა უნდოდეს, დააფშვნიან თავზე ყველაფერს. ოღონდ დეპოზიტი არ ვიცი, მერე უკვე დეპოზიტის თემა შეიძლება, მოსაგვარებელი იყოს...“ ვახო ყვება ანალოგიურ ისტორიას ბათუმში, კონკრეტული დასახელების გარეშე, როგორ მოგვარდა პრობლემა. მანანა მიქავა:  „მე ვარ მიმნდობი და ამან დამღუპა. შენ რომ ჩემს ადგილზე იყო და მე რომ მოვიდე შენთან და ისეთი რამე გითხრა, რასაც შენ მეუბნები, დამიჯერებ?“ ვახო: „არანაირი პრობლემა არაა, მე შენგან ერთი მანეთი არ მინდა წინასწარ _ არც მისასვლელი-მოსასვლელი ფული, არც არაფერი _ ყველაფერი საქმის გაკეთების მერე. ერთი დღე, დღე-ღამე არაფერს არ წყვეტს, ყველაფერი გექნება ხელში და მერე...“ მანანა მიქავა: „ვნახოთ. ამ საღამოს მე დავრეკავ მოსკოვში და მერე დაგირეკავ, ან დილით გამომიარე“. ვახო: „დანარჩენი ახლა, შენ თუ გინდა, ინვესტორებს უთხარი 100 ათასი-თქო და შენ დაიტოვე რაც მეტია, მაგით მე არაფერი“ მანანა მიქავა: „ჩემებს მოვპარო?“ ვახო: „მოპარვაზე არ გეუბნები“ მანანა მიქავა: „არა, არ მინდა, მე ჩემი შემარგოს ღმერთმა და...“ ვახო: „დანარჩენი არაა პრობლემა. ორი საათის მერე იყოს, მეორე დღეს იყოს, მესამე დღეს... ოღონდ ახლა თვეობით არ გვალოდინოს, ეგ არ გამოვა. ვეტყვი იმ კაცს, რომ ორი დღე დასჭირდება და არაა პრობლემა“ მანანა მიქავა: „იმ დღესვე იქნება“ ვახო: „მორჩა, არაა პრობლემა“.   აქ ჩანაწერი წყდება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩანაწერი გრძელდება 29 წუთს, მისი ორიგინალი ინახება „ქრონიკა+“-ის რედაქციაში და მზად ვართ, საგამოძიებო ორგანოებს პიროვნებათა იდენტიფიკაციის მიზნით გადავცეთ.  

                                                                                                                ელისო კილაძე

                                                                                                                ლაშა ბერულავა

 

გაზიარება