QronikaPlus
მშვიდობით! _ უკან მოხედვა ძნელია...

მშვიდობით! _ უკან მოხედვა ძნელია...

2016-06-25 10:24:07

წინასაარჩევნო პერიოდისთვის მზადება ქართველმა პოლიტიკოსებმა და მათთან დაკავშირებულმა სუბიექტებმა დიდი გადაადგილებებით დაწყეს. შესაბამისად, უკვე გახურებული კამპანიის მიმდინარეობისას, მედიისთვის ერთობ აქტუალური გახდა პოლიტიკურ განქორწინებებზე საუბარი; ვიღაცამ აღმოაჩინა, რომ თანაპარტიელები არ მოსწონს, ვიღაცას სურს, რომ სიის სათავეში ჩასვან და უარის მიღების შემდეგ ახალ ცხოვრებას იწყებს, ზოგიერთი დუმილის უფლებას იყენებს და ყოფილ თანაგუნდელებს თევზებივით უსხლტება ხელიდან, არიან ისეთები, ,,ლიდერს“ საერთოდაც სიურპრიზს რომ უწყობენ და პარტიას პირდაპირ ეთერში ტოვებენ. როგორ იჯახუნებენ კარს ცნობილი მოღვაწეები? ვინ ვის ემშვიდობება, რა სიხშირით და რატომ? წარმოგიდგენთ ჩვენ მიერ შედგენილ _ წასულების ტოპ ხუთეულს. რეიტინგს ვხსნით ერთ დროს ცნობილი აქტივისტის, ,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული გუნდის დამფუძნებლის _ დავით ფაცაციას პერსონით. მის პოლიტიკურ მარშრუტებზე ,,ქრონიკა+“ წინა ნომერში (#21-152) დეტალურად გიამბეთ. მართალია, ფაცაციას სკანდალები არ ხიბლავს, თუმცა დროის მოკლე მონაკვეთებში პლატფორმების ცვლით ის ნამდვილად იმსახურებს, რომ ამ ხუთეულს სათავეში ჩაუდგეს. 32 წლის ასაკში მან სამი პარტიისა და ორი არასამთავრობო ორგანიზაციის გამოცვლა უკვე მოასწრო და ახლა მეჭიაურის გვერდით დაბანაკდა. აღსანიშნავია, რომ პარტიის პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე ის ტელეკომპანია ,,კავკასიის“ ეთერში გამართულ დებატებში ,,ქართული ოცნების“ სახელით მონაწილეობდა. როგორც ჩანს, ახალ გუნდში გადაბარგება სპონტანურად მოხდა. საერთოდაც, ორკვირიან ინტერვალებში მკვეთრი პოლიტიკური მანევრების განხორციელება დავით ფაცაციასთვის არახალია. მეოთხე ადგილი მივაკუთვნეთ ცნობილ ქართველ ფეხბურთელს, მანუჩარ მაჩაიძეს _ ლეგენდარული 7 ნომერი, რომლის სახელიც ქართული ფეხბურთის ყველაზე წარმატებულ პერიოდს უკავშირდება, დღეს პოლიტიკური ტექსტებით გვახსენებს თავს. ერთ დროს თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, საკავშირო მასშტაბის სპორტის დამსახურებული ოსტატი ოსტატურად გაემიჯნა „პატრიოტთა ალიანსს“ _ „პარლამენტარიც იყო და საკრებულოს დეპუტატიც, მაგრამ მაშინაც და ახლაც საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელობა ჰქონდა და აქვს საოცნებოდ“, _ ვკითხულობთ მასზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ბიოგრაფულ სტატიაში. თუმცა ტრენერობაზე მეოცნებე ჭეშმარიტმა „მეოცნებეებმა“ არც სპორტის მიმართულებით დააწინაურეს და არც პოლიტიკურად. ობსაიდში დარჩენილმა კი ინაშვილის გუნდთან განაგრძო თანაცხოვრება, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დროებით. გასულ კვირას მან ერთობ მოულოდნელად შეგვახსენა თავი და საკრებულოში გამართული ბრიფინგი იმ პარტიის კრიტიკით დაიწყო, რომლის წყალობითაც იგი იმავე საკრებულოში შევიდა. ჩვენს რეიტინგში მეოთხე ნომრად განთესილი მაჩაიძე, მართალია, ერთი წელია, ამ ორგანოში მუშაობს, თუმცა მისი ხმა საზოგადოებას არ გაუგია. სამაგიეროდ, გავიგეთ, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების შემდეგ ის წარმომადგენლობით ორგანოში მოღვაწეობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. მესამე ადგილი დაუმადლებლად ეკუთვნის გიორგი ვაშაძეს, რომელიც ამ პოლიტიკური ჩარტის შუაში უყოყმანოდ განვათავსეთ. 1981 წელს დაბადებული ვაშაძე წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საკმაოდ ახალგაზრდა დააწინაურეს სხვადასხვა პოზიციაზე. მის კარიერაში დღემდე დიდ მიღწევად მიიჩნევა იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში მოღვაწეობა. მოგვიანებით, ქუჩაში ყვითელი სკამებით გასულმა ვაშაძემ, სწორედაც რომ, იუსტიციის სახლის წარმატებულ რეფორმებზე საუბრით შეგვახსენა მისი მენეჯერული უნარების შესახებ, თუმცა ოპოზიციის ოპოზიციაში გადაბარგებულმა გამზრდელ პარტიას ლახვარი ისე ჩასცა, რომ თუ კულუარულ ინფორმაციებს დავუჯერებთ, ენმ-ს მთავარი მენეჯერი _ სააკაშვილი, ოდესის ნაპირებთან მიხეთქებული ტალღებივით აღელვებულა. 2016 წლის 5 მაისს პარლამენტის შენობაში გაკეთებული განცხადების შემდეგ იგი თანაგუნდელებს ოფიციალურად გაემიჯნა. მართალია, ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე „ნაცების“ შიდაპარტიული კინკლაობის შესახებ ინფორმაციები გარეთ წვეთ-წვეთად ჟონავდა, ეს განცხადება მაინც მეხის გავარდნის ტოლფასი აღმოჩნდა. წამოსვლის მიზეზად „ნაცების“ საარჩევნო სიის ათეულიდან მისი ჩაჩოჩება დასახელდა. გაბრაზებული ვაშაძე მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის დამოუკიდებელ ლიდერად გამოგვეცხადა. ალბათ მავანი გვკითხავს, თუ რატომ მოხვდა ეს პოლიტიკოსი თქვენ მიერ შედგენილ რეიტინგში _ მან ხომ, სულ რაღაც, ერთი პარტია შეიცვალაო? რაზედაც შემდეგნაირად გიპასუხებთ: განსხვავებით, ვთქვათ, გირჩელებისგან, რომლებიც იმავე ენმ-დან კარსმომდგარ არჩევნებამდე უფრო ადრე წავიდნენ, ვაშაძის გამიჯვნამ ღალატის კვალიფიკაცია შეიძინა. ჯაფარიძე და კამპანია ბევრად გეგმაზომიერად და მშვიდად დასცილდა მშობელ პარტიას, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენი რეიტინგის მესამე ადგილის მფლობელზე. ფაქტი ფაქტად რჩება: თბილისი-ოდესის რეისებზე ფრენაში გადაღლილმა ვაშაძემ, როგორც ჩანს, #1 „ნაციონალის“ დიდი ნდობით მაინც ვერ ისარგებლა, რამეთუ დევნილობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა შავი ზღვის მეორე ნაპირიდან ძველ გვერდიას უერთგულა. არსებულ ვითარებაში პროგნოზების გაკეთება ძნელია _ არჩევნებამდე რამდენიმე თვე დარჩა. ერთად დავაკვირდეთ ვანო ჩარტიშვილის სიძის მაღალ პილოტაჟს. დროა, მესამე ადგილიდან მეორე ადგილისკენ გადმოვინაცვლოთ _ ჟურნალისტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკურად აქტიური ანტინაცი, პიარის მცოდნე, ყოფილი მაღალჩინოსანი, უფლებადამცველი და, უბრალოდ, სკანდალური ქალი _ ლალი მოროშკინა. მისი ბიოგრაფიის შესახებ საზოგადოებამ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ჩვენი რეიტინგის დანარჩენ ოთხ სუბეიქტზე ერთად აღებული. პირველი არხის რუსულენოვან საინფორმაციო გამოშვებებში ფეხადგმულმა ჟურნალისტმა ქართული პოლიტიკის კრიტიკა უკვე მოწიფულ ასაკშიც რუსულ პროპაგანდისტულ პოლიტიკასთან შეახამა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული მოროშკინა იყო სულ და იყო ყველგან, თუმცა ამის მიუხედავად, წლების წინათ ერთ-ერთ გადაცემაში მაინც დაიჩივლა, რომ ქალაქელების ადგილი თბილისში აღარაა, ახალგაზრდები უფუნქციოდ ვრჩებითო. ამ განცხადებამდე კარგა ხნით ადრე ტელევარსკვლავის ფუნქციებში ბევრი რამ შედიოდა: ტელეწამყვანობა, შევარდნაძის დროინდელ აპარატში მუშაობა, არასამთავრობო ორგანიზაციების მართვა, ოპოზიციური განცხადებების გაკეთება, პედაგოგიური საქმიანობა და, მოგვიანებით, პიკანტური ისტორიების ქაღალდზე გადატანაც. ის ხან ალასანიას თანაგუნდელების პიარით იყო დაკავებული, ხანაც _ კონკრეტული ჩინოვნიკების. მოროშკინას დინამიკურ ცხოვრებას თუ თვალს გადავავლებთ, დავრწმუნდებით, რომ ამა თუ იმ პარტიის ლიდერობას ის ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის პიარსამსახურში კულუარულ მოღვაწეობას ამჯობინებდა. წინა ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებებით ცნობილი მოროშკინა გამჭვირვალობას სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების პროექტებში _ გასართობ და რეალითი შოუებში ავლენდა. თუმცა პერიოდულად ოპოზიციურ არხებზე მყოფი არად დაგიდევდათ იმ არხების კრიტიკას, საიდანაც რამდენიმე დღით თუ თვით ადრე საკუთარ პირად ისტორიებს თამამად გვაცნობდა. კითხვაზე, თუ რატომ მოხვდა ჩვენი რეიტინგის მეორე ადგილზე ლალი მოროშკინა? გპასუხობთ, _ ამა წლის 25 მაისს ჟურნალისტმა სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა, საიდანაც გავიგეთ, რომ მან საქართველო დიდი ხნით დატოვა, მეორე კვირის ბოლოს კი მეჭიაურის ახლად დაფუძნებულ პარტიაში მის თანამებრძოლად გამოგვეცხადა. ბოლოსკენ კი ყველაზე გემრიელი ლუკმა შემოვიტოვეთ... მაშ, ასე! საპატიო პირველი ადგილი _ ნინო კუზანოვა (წარსულში ნადირაძე) ცნობილი პლასტიკური ქირურგის, გუგა კუზანოვის მეუღლეა. ბოლო პერიოდში ის ცნობილი მამამთილისა და მეუღლის ჩრდილიდან ეტაპობრივად გამოვიდა და დამოუკიდებელ ფიგურად ჩამოყალიბება დაიწყო. ქართული ბომონდის შედარებით ახალმა სახემ საზოგადოების ყურადღება ნელ-ნელა მიიყპრო. მოროშკინასგან განსხვავებით მას პოლიტიკური წარსული აქამდე არ ჰქონია, მისი ომახიანი განცხადებები ნამდვილად არავის გვახსოვს. რატომ ვერ გაუძლო ცდუნებას პლასტიკური ქირურგების ოჯახის წევრმა და რატომ აირჩია მაინცდამაინც პაატა ბურჭულაძის პარტია? ამ კითხვაზე პასუხმა საზოგადოება ჯერ დაშოკა, შემდეგ კი გაამხიარულა. რეიტინგული ტოქშოუებით ცნობილი ტელეწამყვანის, ინგა გრიგოლიას ერთ თითქოსდა არაფრით გამორჩეულ ეთერში კუზანოვების რძლის განცხადება იმდენად სენსაციური შინაარსის არ ყოფილა, რამდენადაც მოულოდნელი იყო. გაკვირვება გამოიწვია თავად იმ ფაქტმა, რომ ახლად დაფუძნებულ პარტიაში მისვლაც და წამოსვლაც ქართული პოლიტიკური სტანდარტებითაც საკმაოდ მოკლე დროში მოხდა და მთავარი _ „აჯანყებულის“ ზრახვების შესახებ მსოფლიო დონის ბანმა ეთერიდან ერთობ ნარნარა ხმით შეიტყო. ნინო კუზანოვას წამოსვლამ ბურჭულაძის კონკურენტ პარტიებში დიდი მხიარულება გამოიწვია. მის წამოსვლაზე ანეკდოტებიც კი შეიქმნა. ამიტომაც რეიტინგის სათავეში სწორედაც ის მოვაქციეთ. როგორც ვიწრო წრეებში ამბობენ, ანტიკვარიატის და ძვირფასეულობის კოლექციის სიყვარულით ცნობილმა კუზანოვამ პარტიის შეცვლა სამკაულის შეცვლასთან გააიგივა და სწრაფადვე მიღებული გადაწყვეტილება ამავე ტემპში შეცვალა. რაც ყველაზე საინტერესოა, სხვებისგან განსხვავებით, მას არ უპასუხეს. როგორც ამბობენ, კუზანოვების დიასახლისი ბურჭულაძის პარტიაში დეკორაციის ფუნქციას იკავებდა. ზოგადად კი როცა პარტია ე. წ. ფეისებს კარგავს, სახე ეკარგება მათ ყოფილ ლიდერებსაც _ ზოგი საჯაროდ ბრაზდება, ზოგიც კი ცდილობს, გადინება არ შეიმჩნიოს. ასეთ დროს გაცხადებული შაბლონური შინაარსის წინადადებები, _ პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ვიღაცები მიდიან და მოდიან, ხშირად დარჩენილების ერთადერთი ხელჩასაჭიდია   დასასრულისკენ კი ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობას გეტყვით: სადღაც ჩვენ გვესმის თქვენი, ზოგჯერ ხომ უკან მიხედვა მართლაც ძნელია... ამიტომ თქვით, მშვიდობით(!)...  

                                                                                                          ზაზა სვანაძე

     

გაზიარება