თავის დროზე, ამერიკის შეერთებული შტატები „დიდი ოთხეულის“ გამო დიდ კორპორაციულ სკანდალში გაეხვა. კერძოდ, საუბარია აუდიტორული ბაზრის ერთ-ერთ გიგანტზე Ernst & Young-ზე. (საქართველოში იგი წარმოდგენილია როგორც Ernst & Young Georgia ). აშშ-ს ფედერალურმა სამსახურმა სადაზღვევო დეპოზიტების საკითხში კომპანიას 548-მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა და Ernst & Young თაღლითობაში დაადანაშაულა.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აშშ-ს სახელმწიფო ფედერალური სამსახური ადანაშაულებს კომპანიას თაღლითობაში და სარჩელი შეაქვს სასამართლოში ნახევარ მილიარდ დოლარზე.
Ernst & Young სახელმწიფომ დაადანაშაულა ჩიკაგოში Superior Bank -ის კრახში. ბანკი გაკოტრდა იმიტომ, რომ კომპანიის მითითებით არასწორად გასცა მსხვილი კრედიტები. ბანკის გაკოტრებისგან გადასარჩენად ფედერალურმა სისტემამ 750 მილიონი დოლარი დახარჯა (როგორც ბი-ბი-სი თავის დროზე იუწყებოდა).
რაც შეეხება Ernst & Young -ის დანაშაულს, მას ბრალი ედებოდა, რომ ბანკის აქტივები არასწორად დაიანგარიშა და 270 მილიონი დოლართ გადააჭარბა. როდესაც ამ შეცდომას მიხვდნენ, გადაწყვიტეს ბანკის ინვესტორებისთვის დაემალათ. კომპანიამ მოგვიანებით თავისი დანაშაული აღიარა.
ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი, რომ ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ენდრიუ კუომომ მსოფლიო საქმიანი წრეები შეძრა თავისი განცხადებით. მან Ernst & Young Lehman Brothers -თან (აშშ-ს საინვესტიციო ბანკი) კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა.
დღესდღეობით ვერც ერთი მეტ-ნაკლებად სერიოზული ანალიტიკოსი ვერ დადებს თავს Ernst & Young -ის მომავალზე. შეძლებს კი კომპანია გაუძლოს ამხელა დარტყმებს, თუ Arthur Andersen -ის ბედს გაიზიარებს?
(Arthur Andersen _ მსხვილი აუდიტური კომპანია, რომელიც „დიდ ხუთეულში“ შედიოდა. თაღლითურ სქემებში მონაწილეობის გამო გამოეთიშა ამ იერარქიას და „დიდი ხუთეული“ გადაიქცა „დიდ ოთხეულად“).
ფაქტობრივად, თუ იგივე ბედი გაიზიარა Ernst & Young -მა, მაშინ მივიღებთ უკვე „დიდ სამეულს“. არადა, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ფაქტობრივად, ანალოგიური კორუფციული ფაქტები ფიქსირდება „ოთხეულში“ შემავალ კომპანიებში:
Deloitte Touche Tohmatsu -ში, PricewaterhouseCoopers -სა და KPMG-ში.
ახლა კი ყველაზე მთავარი! სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ ნიუ-იორკის მთავარმა პროკურორმა სენსაციური განცხადება გააკეთა, რომელმაც მსოფლიო საქმიანი წრეები შეძრა. ეს გახლდათ „დიდი ხუთეულის“ მიერ „გადაგდებული“ კომპანიები („გადაგდებაში“, ამ შემთხვევაში, თაღლითური სქემები იგულისხმება).
აი, ეს ჩამონათვალიც:
Informix (1996 წელი), Sybase (1997), Cendant (1998), OneTel (2001), AOL (2002), HelthSouth Corp (2002), AngloIrish Bank (2008) Ernst & Young ისტორიაში; MicroStrategy (2000), Bristol-Myers Squibb (2002), Kmart (2002), Tyco (2002), AIG (2004), Satyam Computer Services (2009)? PricewaterhouseCoopers; Adelphia (2002), Duke Energy (2002), El Paso Corp (2002), Merrill Lynch (2002), Reliant Energy (2002), Royal Ahold (2003), Nortel (2003) Deloitte & Touche საქმეში; Computer Associates (2000), Lernout & Hauspie (2000), Xerox (2000), ImClone Systems (2002), Peregrine Systems (2002) KPMG istoriaSi. ისტორიაში.
სკანდალის თავიდან ასაცილებლად, რამდენიმე წლით ადრე, Ernst & Young-მა თავისი კონსალტინგის განყოფილება გაყიდა ფრანგულ აიტი-გიგანტზე Cap Gemini-ზე 11 მილიარდ დოლარად. PricewaterhouseCoopers-მა თავისი Management Consulting Services „ლურჯ გიგანტს“ (IBM) 3,9 მილირად დოლარად მიჰყიდა. KPMG-მა კი თავისი კონსალტინგის სამსახური ბირჟაზე გაიტანა BearingPoint -ის სახელით, ხოლო ბრიტანული და ჰოლანდიური კონსალტინგები ერთი წლის შემდეგ გაყიდა Atos Origin -ზე; Deloitte-მა კი გამოყო თავისგან კონსალტინგის ფრანგული განყოფილება Ineum Consulting -ის სახელით.
რატომ ჩამოვთვალეთ ასე დეტალურად, რომელი აუდიტორული კომპანია რა სკანდალშია გახვეული?! პირველ რიგში, მიზეზი გახლავთ ის, რომ ისინი ქართულ ბაზარზე არიან წარმოდგენილი. საქართველოს მთავრობამ მათ სრული ნდობა გამოუცხადა და მისცა როგორც სახელმწიფო, ისე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კერძო ქონების შემოწმების უფლება.
ახლა კი ყველაზე მთავარი: ჩვენ არ ვიცით, იქ, ზემოთ, ვინ კითხულობს „ქრონიკა+“-ს, მაგრამ ეს გახლავთ ამ სერიიდან მესამე პუბლიკაცია და ის, რაც შევიტყვეთ, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო.
(„ქრონიკა+“-ის იმ მკითხველს, ვინც არ გასცნობია წინა პუბლიკაციებს, მოკლედ შევახსენებთ, რას ეხება საკითხი: სახელმწიფო ქონების ექსპერტიზის, ან აუდიტის ჩატარების უფლება მხოლოდ 14 კომპანიას აქვს. ამ კომპანიების სია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის #360 დადგენილებით არის განსაზღვრული.)
დავუბრუნდეთ მთავარს.
დიანა ლაზიშვილი _ იურიდიული კომპანია „ლალი თევდორაშვილი და პარტნიორის“ დირექტორი:
_ ვიცით, რომ თქვენ წამოიწყეთ ეს თემა და როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, 360-ე დადგენილება უქმდება.
_ როგორ უქმდება? როდის?
_ 2017 წლის პირველი იანვრის შემდეგ.
_ კი მაგრამ, ჩვენ ხომ ამაზე ვწერდით და რეალურად მის გაუქმებას მოვითხოვდით?
_ პარლამენტში მესამედ შევიდა და ამჟამად, მგონი, მიიღეს. ჯერ არ გამოქვეყნებულა. ამაში ჩადებულია ის, რომ ეს დადგენილება გაუქმდება მომავალი წლის პირველი იანვრიდან.
_ ეს იმას ნიშნავს თუ არა, რომ მასში შემავალი კომპანიები აღარ იქნებიან?
_ აღარ იქნებიან. რაც მთავარია, ეს ნიშნავს იმას, რომ მასში შემავალი კომპანიების ჩამონათვალი მთლიანად გადაიხედება.
„ქრონიკა+“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, თამაზ მეჭიაურს დაუკავშირდა:
_ ბატონო თამაზ, 360-ე დადგენილებასთან დაკავშირებით მიღებული კანონი მაინტერესებს, შევიდა ძალაში?
_ 2017 წლიდან შევა, ახლა პრეზიდენტთან არის გადაგზავნილი ხელმოწერაზე, უფრო დეტალურად ამის შესახებ ვინც მაგ კანონზე მუშაობდა, დავით ჭურაძეს დაუკავშირდით.
„ქრონიკა+“ ამავე კომიტეტის აპარატის უფროსს, დავით ჭურაძეს გაესაუბრა:
_ ბატონო დავით, 360-ე დადგენილება პარლამენტმა მართლა გააუქმა?
_ დიახ. ის კომპანიები, რომელთაც სახელმწიფო ქონების შეფასებაში მონაწილოების მიღების სურვილი ექნებათ, მათთვის იარსებებს სპეციალური რეესტრი.
_ ეს რას ნიშნავს?
_ ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა გაიარონ ხარისხის კონტროლი. ხარისხის კონტროლის გავლის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს შეეძლება იქიდან აირჩიოს კომპანიები, რომლებიც მას ესაჭიროება თავიანთი საინვესტიციო პროექტებისთვის. პარალელურად, ეკონომიკის სამინისტროს და მთავრობას შეეძლებათ დამატებითი სახის კრიტერიუმები ჩადონ ისევ და ისევ საინვესტიციო ვალდებულებებთან დაკავშირებით. ასე რომ, როგორც ასეთი, 360-ე დადგენილება უქმდება, იმიტომ რომ ეს არის დისკრიმინაციული. იმიტომ, რომ არიან სხვა აუდიტორური კომპანიები, რომელთაც შეუძლიათ ანალოგიური ქმედებების განხორციელება, მაგრამ არ არიან 360-ე დადგენილებაში.
_ ანუ კრიტერიუმები რომ არ არსებობდა და დღემდე გაურკვეველი იყო, რა პარამეტრებით შევიდა ის 14 კომპანია ამ ნუსხაში, ეს უქმდება?
_ დიახ. იქნება კონკრეტული კრიტერიუმები, გაიწერება და ვინც მას დააკმაყოფილებს, ის შევა ჩამონათვალში.
_ როდის მიიღო პარლამენტმა ეს დადგენილება?
_ წინა პარასკევს
_ გმალდობთ, ბატონო დავით.
ამის შემდეგ ექსპერტი, Morison International-ის წარმომადგენელი საქართველოში, მიშა აბაიაძე ჩავწერეთ:
_ დადგენილება ერთი კვირის წინ მართლა გააუქმა პარლამენტმა მესამე მოსმენის შემდეგ, მაგრამ ბოლომდე არა.
_ რას გულისხმობთ, ბატონო მიშა?
_ სავარაუდოდ კომპანიები, რომლებიც მასში იყვნენ შესული, არავინ იცის, დარჩებიან თუ არა. თუმცა ეს უფრო რთული თემაა და ვინაიდან კანონი ახალი მიღებულია, დაველოდოთ, სანამ პრეზიდენტი მოაწერს ხელს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
თამარ როსტიაშვილი