XX საუკუნის დასაწყისში კატალონია და, კერძოდ, მისი დედაქალაქი ბარსელონა მსოფლიო რევოლუციის დედაქალაქად იწოდებოდა. მას სხვანაირად „ბომბების ქალაქადაც“ მოიხსენიებდნენ. დღეს კი ლეო მესის, ნეომარის, სუარესის, ინიესტას, პიკეს, ბუსკეცისა და სხვა არაჩვეულებრივი ფეხბურთელების წყალობით ეს ქალაქი მსოფლიო ფეხბურთის მთავარ ცენტრად მიიჩნევა. რევოლუციის ქალაქი ფეხბურთის ქალაქიცაა და ხელოვნების ქალაქიც _ გაუდისა და „არტ ნუვოს“ არაჩვეულებრივი არქიტექტურის აგდილსამყოფელი. ბარსელონა თბილისზე ძველი ქალაქია. აქ, ჯერ კიდევ, რომის იმპერატორ ოქტავიანეს აშენებული დარბაზიც არის ქალაქის ცენტრში.
რა საოცარია, რომ მსოფლიო ასეთი პატარაა ახლა და კიდევ უფრო საოცარი ისაა, რომ 1936 წელს, როცა ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო, მსოფლიო ზუსტად ასეთივე პატარა იყო _ ინტერნეტისა და ფეისბუქის, ტვიტერისა და იუთუბის გარეშე _ უბრალოდ, ადამიანების ულამაზესი იდეალიზმით გაჯერებული. თითქმის მთელი მსოფლიოს პროგრესული საზოგადოება ესპანეთის რესპუბლიკის მხარეს საბრძოლველად ჩამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი სიცოცხლის შეწირვა ადამიანების თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის იდეისთვის, პრაქტიკისთვის დიდი პატივი იყო. კატალონია არაჩვეულებრივი მაგალითია კაცობრიობისათვის. თავად ესპანეთის სამოქალაქო ომი _ თავისი ტოლედოთი და გერნიკით _ უდიდესი გაკვეთილია ყველა ჩვენგანისთვის, რომლითაც უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ ვიყოთ უკეთესი ადამიანები. რობერტ კაპამ, ანრი ბერგსონმა და სხვა ფოტოგრაფებმა ბევრი საოცარი ფრაგმენტი დაგვიტოვეს _ იყო კინოგადაღებებიც, შემორჩენილია ფილმები და წიგნები. რაც მთავარია, შემორჩენილია სახალხო მეხსიერება ამ მოვლენების შესახებ. დღეს ბარსელონაში ბევრ ადამიანს ნახავთ, ზოგს უშუალოდ ახსოვს 1936-38 წლები და ზოგსაც ძალიან ახლო გადმოცემით. და ეს ამ ადამიანებისთვის არა მარტო ტრაგედიაა, ეს არის, აგრეთვე, ადამიანის სულის ტრიუმფი. რა საინტერესოა, რომ ცხოვრებაში ეს ორი ხშირად ერთმანეთშია აღრეული და ხანდახან სინთეზირებულიც. ტრიუმფისა და კატასტროფის სინერგია ხომ ცხოვრების მუდმივი მამოძრავებელი ძალაა _ ამას ვერც ერთი ფილოსოფია და სააზროვნო სისტემა ვერ გაექცევა. ტრიუმფს აუცილებლად მოჰყვება კატასტროფა, ისევე როგორც მოსაწყენ დროს მოჰყვება ძალიან საინტერესო და, შეიძლება, საშიში დროც. ჩვენთანაც ასეა _ მთელ მსოფლიოშიც ასეა და ჩემს საყვარელ კატალონიაშიც ასეა.
დღეს ბარსელონა ტურისტების რაოდენობით ევროპაში მარტო პარიზს ჩამოუვარდება. წელიწადში, დაახლოებით, 23 მილიონი ტურისტი ჩამოდის ამ ერთ საშუალო ზომის _ მილიონ ნახევრიან მეტროპოლისში. აქაური ეკონომიკა, ცხადია, მარტო ტურიზმზე არ დგას _ ეს დიდი საპორტო ქალაქია და ტვირთბრუნვაც საკმაო აქვს _ თევზიც საოცარია აქ და ღვინოც. ყველაზე მეტ ადამიანს დღეს საფეხბურთო კლუბ „ბარსას“ სტადიონი „კამპ ნოუ“ იზიდავს. ამის შემდეგ მოდის უკვე „არტ ნუვოს“ არქიტექტურული შედევრები ანტონი გაუდიდან დაწყებული და სხვა არანაკლებ საინტერესო არქიტექტორებით გაგრძელებული. „საგრადა ფამილია“, ჯერ კიდევ, დაუმთავრებელი შედევრია _ ეკლესია, რომელსაც საოცრად მორწმუნე ანტონი გაუდი დიდი ხნის განმავლობაში აშენებდა და რომლის ყურებაშიც იგი ქუჩაში მომავალმა სტრიტკარმა სიცოცხლეს გამოასალმა 1926 წელს. მას მერე კატალონიელ ხალხს არ შეუწყვეტია „საკრალური ოჯახის“ ძეგლის მშენებლობა და როგორც ახლა ბარსელონაში ამბობენ, მისი დამთავრება 2016 წელს იგეგმება _ გაუდის სიკვდილიდან 100 წლის თარიღზე. კატალონიაში გაუდის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია სალვადორ დალის, პაბლო პიკასოსა და ჟოან მიროს მემკვიდრეობა. ეს ტურისტული ატრაქციონია, რომელსაც, მეტ-ნაკლებად, ყველა ჩამოსულს პირველსავე შეხვედრაზე ეუბნებიან. გარდა ამისა, ბარსელონაში დღეს უამრავი მდიდარი უცხოელი ცხოვრობს _ არიან ღარიბებიც.
მაგრამ ესპანეთის სამოქალაქო ომის მოგონებები აქ მაინც ერთ-ერთი მთავარი ღერძია ბარსელონის ახლო წარსულიდან წამოსული აწმყოსი. ბარსელონა იყო მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი ქალაქი, სადაც 1936-37 წლებში ნამდვილად გაქრა კლასობრივი განსხვავებები და ადამიანები გულწრფელად მიმართავდნენ ერთმანეთს თანასწორად; სადაც ქალები და კაცები თანასწორნი იყვნენ და სადაც მდიდრებს პრივილეგიები არ ჰქონდათ. ბარსელონას იცავდნენ ანარქისტებიც, პუმის წევრებიც, სოციალისტებიც, კომუნისტებიც, ლიბერალებიც და, უბრალოდ, ინტერნაციონალისტებიც. ფაშისტების გარდა აქ ყველა იყო. იყო, ცხადია, ადგილობრივი ბურჟუაზიაც, რომელიც გულის სიღრმეში ფრანკოს გამარჯვებაზე ოცნებობდა _ იყვნენ კატალონიელი ნაციონალისტებიც, რომელთათვისაც მთავარი საკითხი მათი იდენტობა იყო. მაგრამ ამ ადამიანების ასეთი საოცარი გაერთიანება _ ადამიანის სულის სილამაზის ასეთი მანიფესტაცია, იშვიათად თუ უნახავს კაცობრიობას. მთელი მსოფლიოდან მოდიოდა დახმარება. ჰემინგუეის, გერტრუდა სტაინის, ემა გოლდმანის, საშა ბერკმანისა და ბევრი სხვა საერთაშორისო „სელებრითის“ აქ ყოფნა ძალიან ნორმალურ ფაქტად მიიჩნეოდა. 1936 წელს ევროპამ იგრძნო ფაშიზმის საშიშროება, ისევე როგორც დღეს იწყება ფაშიზმისა და ქსენოფობიის დროება. და მისი პროგრესული ნაწილი გაერთიანდა. გაერთიანდა კატასტროფის წინ და დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ბარსელონა იყო ადამიანის სულის ზეობის დედაქალაქი. თუმცა ეს მერე რადიკალურად შეიცვალა, _ რა საოცრებაა ცხოვრება! მას მერე, რაც რესპუბლიკელების ჯარმა ნაციონალისტებს სარაგოსა ვერ წაართვა, თვით მემარცხენეთა ბანაკში დაიწყო „კუდიანებზე ნადირობა“. ამაში, რაღა თქმა უნდა, საბჭოთა ბოლშევიკებიც მონაწილეობდნენ. ბოლშევიკებმა დაიწყეს პუმის დემონიზაცია და მათ „ტროცკისტობა“ დააბრალეს, მაშინ როცა პუმი ფრონტის ხაზზე გაბმულად იბრძოდა ანარქისტებთან ერთად. ისევე როგორც 1920 წლის კორნშტატში საბჭოთა ბოლშევიკებმა და მათმა მიმდევრებმა რევოლუციაზე უარი თქვეს და ბურჟუა სახელმწიფოებთან შეთანხმება არჩიეს და, რაც მთავარია, თავადაც გახდნენ ბურჟუა სახელმწიფოები, საბჭოთა კავშირი ბურჟუა სახელმწიფოდ იქცა კრონშტატის მერე, ე. ი. 1920 წელს, ანუ ჯერ კიდევ საბჭოთა სამოქალაქო ომის დამთავრებამდე. იგივე მოხდა კატალონიაშიც. 1937 წელს ბარესლონის ფოსტის აღების ეპიზოდით, სადაც ბოლშევიკურმა „თავდასხმის გვარდიამ“ ანარქისტებისა და პუმის წინააღმდეგ სისხლი დაღვარა, ბარსელონის საკაცობრიო ტრიუმფს ადამიანური განზომილება წაართვა და ის გახდა კიდევ ერთი მონსტრული პოლიტიკური ბრძოლა, სადაც პოლიტიკური პარტიები საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ. რა საინტერესოა, რომ ეს ისევ და ისევ ბოლშევიკებმა დაიწყეს _ და მერე ეს მშვენივრად გამოიყენა ფრანკომ.
ესპანეთის სამოქალაქო ომი იყო არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, რომ ადამიანებს თვითონ შეუძლიათ საკუთარი ბედის საკუთარ ხელში აღება. ნამდვილი ლიბერტარიანელები სწორედ ბარსელონაში იბრძოდნენ რესპუბლიკის მხარეს. ისინი ანარქისტები იყვნენ და ნებისმიერი ტიპის დომინაციას ეწინააღმდეგებოდნენ და მათი სულის სილამაზე მთელ მსოფლიოს ანათებდა.
ერთი დიდი შეცდომა, რომელიც რევოლუციონერებმა და ანარქისტებმა დაუშვეს, იყო სასულიერო პირების რეპრესიები. სამოქალაქო ომის დროს დაწყვიტეს ძალიან ბევრი მღვდელი _ პადრე და დაანგრიეს ბევრი ეკლესია. ამან უდიდესი უკუშედეგი მისცა რევოლუციას, რადგან უბრალო ადამიანების დიდი რაოდენობა კონსერვატიული აღმოჩნდა და ჩუმად მაინც ფრანკოს მხარეს გადავიდა. ფრანკო ჰიტლერისგან და მუსოლინისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მისი პოლიტიკური დოქტრინის ცენტრში ტრადიციული რელიგიური და არისტოკრატიული ინსტიტუტები იდგა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ფრანკომ, სხვა ფაშისტებისგან განსხვავებით, 1970-იანი წლების შუაგულამდე მართა ესპანეთი და მერე მმართველობა მეფე ხუან კარლოსს გადააბარა.
ბარსელონის გამოცდილების კიდევ ერთი მაგალითი კაცობრიობისთვის ის არის, რომ ღარიბი და ღატაკი ადამიანების დიდი რაოდენობა სოციალურად მაინც კონსერვატიულ პლატფორმას არჩევს. მისთვის მიუღებელია ბოჰემური და სექსუალურად აღვირახსნილი ელიტიზმი, რომელსაც მდიდარი ოჯახებიდან გამოსული რევოლუციონერები ამჟღავნებენ.
დღეს მსოფლიოში ისევ დიდი სოციალ-ეკონომიკური კრიზისია, რომელსაც თან ახლავს დევნილებისა და ლტოლვილების უპრეცედენტო რაოდენობა. ევროპის კართან უკვე რამდენიმე მილიონი ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის მოქალაქე დგას. როგორც ჯორჯო აგამბენი ამბობს, _ ეს ადამიანები ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებიც კი არ არიან. მათი სტატუსია, უბრალოდ, „ცოცხალი არსება“. მათ სიცოცხლეს ღირებულება თითქმის მთლიანად დაკარგული აქვს. როგორც წესი, ასეთ რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში იწყება ადამიანების დიდი მასების მოძრაობა და მასიური მიგრაციული პროცესები. რა უნდა გააკეთოს ევროპამ, რომ ამ გამოწვევას უპასუხოს? ძნელი სათქმელია, ამ კითხვაზე სრულფასოვანი პასუხი თუ არსებობს. ფაქტია, რომ ევროპა ომის 60 მილიონი მსხვერპლის მიღებას ვერ შეძლებს. ეს დაახლოებითი ციფრია იმ ადამიანებისა, რომლებიც ცივი ომის დამთავრების შემდგომ ტრანსნაციონალური ნავთობისა და იარაღის კორპორაციების მიერ წამოწყებულ აბსურდულ ომებს შეეწირა, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალია. ეკონომიკურმა იმპერიალიზმმა და კორპორაციულმა სიხარბემ მსოფლიო კატასტროფის წინაშე დააყენა. სწორედ ამის შედეგია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში რესპუბლიკური პარტიის ნომინაცია დონალდ ტრამპმა გაინაღდა, რომელიც ანტიისტებლიშმენტური კანდიდატია. ჰილარი კლინტონმა, რომელსაც ყველაფერი ხელს უწყობდა ქმრიდან დაწყებული და უზარმაზარი დემოკრატიული პარტიის მანქანით დამთავრებული, ბერნი სანდერსთან პრაიმერის არჩევნებში 20 შტატში წააგო. ეს ძალიან სერიოზული სისუსტეა ისტებლიშმენტის კანდიდატის. ისტებლიშმენტი, მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, გასვრილია და ის მხოლოდ სიძულვილს იმსახურებს საკუთარი კორუფციისთვის.
კორპორაციული კორუფცია არის საქართველოშიც, სადაც 300 ათასზე მეტ ადამიანს საკუთრი სახლიდან აგდებენ, ევროპაშიც, აზიაშიც, აფრიკაშიც და ლათინურ ამერიკაშიც. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, _ ე. წ. ლიბერალური დემოკრატია აღარ მუშაობს და კაცობრიობას სჭირდება მისი ალტერნატივა. ლიბერალიზმის მთავარი პრინციპი ხომ ხელოვნური უკმარისობის მოწყობაა, რომ ბევრი უმუშევრის ყოლის შემთხვევაში მმართველმა კლასმა უფრო ეფიციენტურად შეძლოს მოსამსახურეთა კლასის დამონება. მაგრამ დღეს ეს პრინციპი მშვიდობიან გარემოს ვეღარ ქმნის. დღეს ახალი გამოწვევაა კაცობრიობის დიდი ნაწილის დაკმაყოფილება ძირეული ადამიანური მოთხოვნილებების მხრივ.
დიახ, კაცობრიობის _ ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დამშეულია. ეს ფაქტია, მაგრამ ამ ფაქტზე პასუხი არ გააჩნიათ მილტონ ფირდმანის, ჰაიეკისა და სხვა ყავლგასული ეკონომიკური თეორიების მიმდევრებს. არც ქართველ ე. წ. ნეოლიბერალებს („ნაცმოძრაობას“, „ქოცმოძრაობასა“ და სხვა ლიბერალურ ძალებს) აქვთ მასზე პასუხი, რადგან მათ მიერ ადვოკატირებული სისტემა უფრო და უფრო მეტ ადამიანს აღატაკებს და აუბედურებს. ჩვენ კატასტროფისგან პრინციპულად სხვანაირი გარღვევა დაგვიცავს.
ბარსელონა ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს კარგი მაგალითია იმისა, რისი გაკეთებაც არის საჭირო კატასტროფის თავიდან ასაცილებლად – და, ამავე დროს, რისი გაკეთებაც არ შეიძლება. ადამიანების ჰუმანიზაცია და ემფატიკური მდგომარეობის გაღვივება _ შემოქმედებით მიდგომასთან ერთად _ ეს არის ერთადერთი პოზიტიური გზა ამ კრიზისის დასაძლევად. მაგრამ „კუდიანებზე ნადირობა“ და მუდმივად „დამნაშავეების ძიება' პირდაპირი რეცეპტია კატასტროფის.
ბარსელონამ გვაჩვენა, რა შეიძლება გავაკეთოთ და რა არ შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ამ 80 წლის წინათ.
ჩვენ ამაზე დღესაც უნდა ვსწავლობდეთ.
ირაკლი კაკაბაძე