ქალბატონი მანანა ჭელიძე მართლმსაჯულებას უჩივის. მისი თქმით, ინვესტორთან სასამართლო დავისას ადვოკატი მეორე მხარეს გადასახდელ თანხაზე ისე მოურიგდა, რომ ამის შესახებ ბოლო გადაწყვეტილება მარწმუნებელს არ შეატყობინა. მისივე შეფასებით, შედეგი მოსამართლეების არაკვალიფიციურობითაც არის გამოწვეული.
„ქრონიკა+“ ქალბატონ მანანა ჭელიძეს ესაუბრება:
_ თბილისში, კიბალჩიჩის ხევი 23-ში (ბარათაშვილის ძეგლთან), ორსართულიან სახლში ვცხოვრობდით. მიწის ფართი 790 კვ.მ. იყო. პირველ სართულზე სხვა ოჯახები ცხოვრობდნენ, რომლებსაც პრივატიზაცია არ ჰქონდათ გაკეთებული, სამი ოჯახი ერთმანეთს ქონებაზე ედავებოდა. 2008 წელს ჩვენი ტერიტორიით ინვესტორები ინტერესდებოდნენ. ნებისმიერი ინვესტორი ითხოვდა, რომ რეესტრი ერთ ოჯახზე გაფორმებულიყო და ამით მათთან მოლაპარაკება უფრო ადვილი გამხდარიყო. გადავწყვიტეთ, იპოთეკაში ჩემი ფართი ჩამედო და ამ გზით პირველი სართულის პრობლემა მომეგვარებინა. მსურველები ბევრნი იყვნენ და იპოთეკის არ შეგვშინებია. ინვესტორები _ ბაცრი სასონი და დანი ნახუმი მოვიდნენ. გავაფორმეთ ნოტარიული ხელშეკრულება, წინასწარ ბეც დატოვეს. ჩადებული, ჩვენი მეორე სართულის თანხა გადაგვიხადეს, მაგრამ ეს თანხა პირველ სართულს მოვახმარეთ, რომ ადგილზე მცხოვრებნი გასულიყვნენ. ოჯახების გაყვანა ძალიან რთულია, ზოგი ალთას არის, ზოგი _ ბალთას, ამიტომ არ უნდათ ინვესტორებს რამდენიმესთან ურთიერთობა. ეჭვიც არ გაგვჩენია, რომ ინვესტორები არაფერს გააკეთებდნენ.
არც მშენებლობის ნებართვა აუღიათ და არც უფიქრიათ აშენება. მათ სხვა რამ ამოძრავებდათ, როგორც ეს მოახერხეს ჩვენი ადვოკატის, ნიკა გულუასა და უზენაესი მოსამართლეების დახმარებით, _ მათ ნახევარ ფასად ჩაიგდეს ქონება.
ინვესტორს შეეძლო, ფართი გაესხვისებინა და ამიტომ სასამართლოში ვიჩივლეთ. ჩვენ სახლის აშენებას ველოდებოდით და არა თანხას.
_ სასამართლოში რა შედეგი მიიღეთ?
_ პირველი ინსტანციის სასამართლო მოვიგეთ და ქონება დავიბრუნეთ; მეორე სააპელაციო სასამართლო ასევე მოვიგეთ და ქონება დავიბრუნეთ; უზენაესში მოხდა გაუგებრობა, _ მორიგება ისე გაკეთდა, ჩვენთვის არც უკითხავთ. მარწმუნებელი (ჩემი მეუღლე) სხდომას არ ესწრებოდა, რადგან იცოდა, მორიგება რა თანხაზე უნდა ყოფილიყო. ვესწრებოდი მე და არასწორ საუბარს რომ შევამჩნევდი და ხმას ამოვიღებდი, მოსამართლე მეუბნებოდა, _ თქვენ მხარე არ ხართო.
მე თუ მხარე არ ვიყავი, მარწმუნებელი რატომ არ გამოიძახა გულუამ, ან ტელეფონით რატომ არ დაუკავშირდა, როგორც მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი, ლევან ჯანაშია იქცეოდა?! შეიძლება, მორიგებაზე დათანხმებულიყო, როდესაც ფირმის ხელშეკრულებაში „მორიგება დათანხმების შემთხვევაში“ ეწერა, ხოლო ნოტარიულ ხელშეკრულებაში: გააგებინოს მარწმუნებელს საქმის მიმდინარეობის შესახებ.
აგრეთვე მორიგების აქტი ისე შეადგინეს, მხარეს არც გააგებინეს. არც ვიცოდით მისი არსებობის შესახებ. სასამართლოდან მორიგების აქტი გამოვითხოვე, სადაც წერია: ერთმანეთის მიერ გადახდილ თანხაზე უარს ვამბობთო. პირველ სასამართლოში 3000 ლარის ბაჟი გადავიხადე, ამაზე უარს რატომ ვიტყოდი? ჩვენი ნების გარეშე რა უფლება ჰქონდა ადვოკატს?
მოკლედ, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მეორე მხარის სასარგებლოდ მინიმალურ თანხაზე მიიღო და აქედან ადვოკატებმა 25% წაიღეს. სასამართლოში ამაზე გვიჩივლეს, არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. თუ თვითონ გააკეთეს მორიგება, ჩვენც ხომ შეგვეძლო, ერთმანეთში მოვრიგებულიყავით? მაგრამ ყაჩაღები იყვნენ, ჩვენ შორის არანაირი საუბარი, არანაირი შეთავაზება არ მომხდარა.
გულუას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ევარაუდა, რომ ქაცარავა (მარწმუნებელი) მოიწონებდა გადახვევას, მისთვის საზიანო მორიგების პირობას. მას შეეძლო, მცირე ხნით ეთხოვა შესვენება ქაცარავასთან დასაკავშირებლად, ახალი პირობის შესათანხმებლად, როგორც იქცეოდა პროცესზე მისი მოწინააღმდეგე ადვოკატი ლევან ჯანაშია. გულუამ და მისმა წარმომადგენელმა აღნიშნეს, რომ არც იყვნენ ვალდებულნი, ეს გაეკეთებინათ. მათი განმარტებით, თავად ქაცარავას უნდა მიემართა მათთვის განცხადებით და მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდებოდნენ მას. ამრიგად, ნიკა გულუამ სასამართლო სხდომაზე აღიარა, რომ ისინი ქაცარავასთან მორიგების შეცვლილ პირობებზე არ შეთანხმებულან. ჩემი სარჩელის ფასი იყო 400 000 ლარი _ მე რატომ ვიყავი იძულებული, რომ მოვრიგებულიყავი? მათი სარჩელის ფასი იყო 33.490 ლარი, არანაირ მორიგებაზე არ წამოსულან.
ჩვენ სატყუარა გაგვიკეთეს. ინვესტორს ხომ შეეძლო, თანხა ერთიანად დაედო, თუნდაც აგვისტოში, რომელიც მორიგების აქტში დაწერა? დანარჩენს აგვისტოში დადებდა. ივნისში დადო 15 000, აი, ეს სატყუარა გაგვიკეთეს. მოწინააღმდეგის ადვოკატმა ჯანაშიამ დამირეკა და მითხრა, _ ბაცრი სასონი ისრაელში მიემგზავრება და დიდხანს არ ჩამოვა, გახსენით ანგარიშიო; რის გამოც ჩვენც გავხსენით ანგარიში და სატყუარა, $15 000 დადეს. იცოდნენ, რომ თანხას აუცილებლად ავიღებდით და რადგანაც თანხას ხელი მოვკიდეთ, თურმე, ამით თანახმა ვყოფილვართ მორიგებაზე.
აი, ასეთი აფერისტების ხელში ჩავვარდით. ეს იყო ფირმის ინტერესი, რომ სასწრაფოდ თავისი თანხა აეღო. სათავისოდ ყველაფერი გააკეთეს. ამიტომ არ ვამართლებ გულუას, მას უნდა ებძოლა ჩვენთვის და არა ფირმის კეთილდღეობისთვის.
მოკლედ, ადვოკატის პასუხისმგებლობა ერთია და მოსამართლის ქმედება _ მეორე.
მოსამართლეები სამნი იყვნენ. ნუთუ, სამი მოსამართლიდან არც ერთს არ გაუჩნდა ინტერესი, რომ მორიგების აქტი მარწმუნებლის მიერ გამყარებული ყოფილიყო? გულუას სხვისი ქონების განკარგვის არანაირი უფლება არ გააჩნდა. ამაში ვადანაშაულებ სამივე მოსამართლეს. მათი განათლებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ვისაც სამართლიანობის საკითხი ეხება, მაინტერესებს, რატომ სძინავთ?! როდის გამოიღვიძებენ?! მანამდე დაიქცა ქვეყანა! როგორ სამართალს ვუტოვებთ მომავალ თაობას?!
საპასუხო კომენტარისთვის „ქრონიკა+“ ადვოკატ ნიკოლოზ გულუას დაუკავშირდა:
_ მანანა ჭელიძე პროცესს უშუალოდ ესწრებოდა და სასამართლოს სამივე ინსტანციამ ჩვენ შორის დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილა. მთელი ის ჩანაწერები წარვადგინეთ, სადაც ქალბატონი მანანა მორიგების პროცესზე აქტიურობს, მიკროფონში კონკრეტულ პირობებზე საუბრობს და მოსამართლეები სწორედ მას ესაუბრებიან. თვითონ შეუთანხმდა და შემდგომში თუ გადაიფიქრა, უკვე ჩემი თემა არ არის. ეს საქმე პროკურატურამაც განიხილა, დასკვნა დადო და აღნიშნული გამოძიება შეწყდა. მეორედ ეს საკითხი არც სამოქალაქო სასამართლოში განახლდება, სისხლის სამართლის წესითაც არ განიხილება.
ამას პლუს ადვოკატმა, ასოციაციამაც გამამართლა. ახლა კიდევ რა უნდა, ვერ ვხვდები, ისეთ ამორალურ ქმედებასთან გვაქვს საქმე!
არსებობს უზენაესი სასამართლოს პროცესის ჩანაწერი, სადაც მოსამართლესა და მანანა ჭელიძეს შორის საუბარია. მაქვს ეს ჩანაწერი და სასასამართლოში ყველგან წარვადგინე. პირველი ინსტანციიდან დავიწყეთ და უზენაესამდე ავედით, საქმე მოვიგეთ.
მას იურიდიული მომსახურების საფასური დაეკისრა. ხელშეკრულების ბათილობას, ვერაფერს მიაღწია. ზუსტად რა არგუმენტებიც მითხარით, ეს ამაზე დაყრდნობით მოხდა. გამოძიებამაც ვერ დაადგინა, რომ არასწორი რამ ჩავიდინე. საქმე იმის გამო შეწყდა, რომ დანაშაულის ნიშნები არ არსებობს.
ვიმეორებ, ამის მერე ადგა და პროკურატურასა და ადვოკატთა ასოციაციაში მივიდა. იქაც დასკვნა დაიდო, რომ არანაირი უარყოფითი როლი არ მიმიძღვის. არ ვიცი, სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს ამბავი? თუ მაინც ჩემს მაკომპრომეტირებელ ამბავს ვნახავ, პატივისა და ღირსების შელახვისთვის ვუჩივლებ. კანონიერი გზით ვერაფერს მიაღწია და ახლა სხვა გზით ცდილობს.
ეთიკის კომისიამ არსებითად განიხილა და თქვა, რომ მე არაფერი დამირღვევია. მას შეეძლო უზენაესში გაესაჩივრებინა, ეს გააკეთა თუ არა, არ ვიცი, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? ეთიკის კომისიამ თავიდან ბოლომდე, მათ შორის, არსებითადაც განიხილა და თქვა, რომ მე არაფერი დამირღვევია. რაც შეეხება მინდობილობას, უფლებამოსილება მქონდა, რომ მორიგებაზე ხელი მომეწერა, მაგრამ ამაზეც არ ვაპელირებ, მე შინაარსზე ვამახვილებ ყურადღებას და ვამბობ, რომ მანანა ჭელიძესთან შინაარსი სრულად გავიარეთ. ყველა მითითება, პირობა წაიკითხა და გაიარა, კიდევ რა უნდა ვქნა, რომ შეწყდეს ჩემ მიმართ ეს ცილისწამება? ეს უკვე პატივისა და ღირსების შელახვაა, რადგან სინამდვილეს არ შეესაბამება. ამაზე სამი მტკიცებულება მაქვს, მეტი რა გავაკეთო?!
გელა მამულაშვილი