დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის მოსახლეობა შემოდგომით ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით იმუქრება. საქმე ეხება სოფლის მიწების უცხოელებისთვის გადაცემას, რომელთაც მიწა საქართველოს ხელისუფლების თანამონაწილეობით მოხნეს, მაგრამ თანხების უქონლობის გამო არაფერი დათესეს. გომარეთელები ადგილობრივ ხელისუფლებასაც უნდობლობას უცხადებენ. მათი თქმით, ქვემო ქართლის გუბერნატორი და დმანისის გამგებელი გომარეთიდან არიან, ისინი თავიდან მოსახლეობის მხარეს იდგნენ, შემდგომ კი პოზიცია შეიცვალეს და ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია დაიკავეს.
„ქრონიკა+“ გომარეთელების პრობლემებით დაინტერესდა.
გიორგი ხიზანაშვილი _ გომარეთის მკვიდრი:
_ პირველ რიგში მადლობას გიხდით გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქციას, რადგან კიდევ ერთხელ გვეძლევა საშუალება, რომ ჩვენი მდგომარეობა გავაშუქოთ. იქნებ, ვინმეს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და გავაგებინოთ, რა ხდება დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში?! კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სოფელი გომარეთი ერთ-ერთი უძველესი ისტორიული სოფელია, რომლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქრისტიანობამდელი სტელები! არადა, დღეს ეს სოფელი ძალიან დაკნინებულია. 1991 წლის მონაცემებით, სოფელში 700-მდე მოსწავლე სწავლობდა, 2015-2016 სასწავლო წლისთვის კი ბავშვი არ მოიძებნა, რომ პირველი კლასი გახსნილიყო. ყველას კარგად მოეხსენება, ამის მიზეზია დასაქმება და შემოსავალი. ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალი მეცხოველეობისა და მემინდვრეობის განვითარებაზეა დამოკიდებული. ამ დროს, ყველა პირობა არსებობს, რომ სოფელი ძლიერი იყოს და მოსახლეობას შემოსავალი ჰქონდეს. როგორც აღვნიშნე, მიგრაციაზე დიდ როლს შემოსავალი თამაშობს, ეს კი სასოფლო-სამეურნეო მიწებს უკავშირდება. ჩვენს სოფელში მიწები წარმოადგენს გადაუჭრელ პრობლემას როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, რაც გამოიხატება სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყენებაში და მოსახლეობისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაში. 2012 წელს მთელმა სოფელმა „ქართულ ოცნებას“ დავუჭირეთ მხარი, რომ ხელისუფლება შეცვლილიყო, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ! 2015 წლის გაზაფხულზე ჩვენ მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ ჩვენი სოფლის მიწები ისე გამოიტანა აუქციონზე, რომ სოფლის მოსახლეობას არაფერი ჰკითხა და უცხოელებს, კერძოდ, უკრაინელებს გადასცა, რამაც მოსახლეობის აღელვება გამოიწვია. ამ ყველაფერს მოსახლეობის მხრიდან მშვიდობიანი აქციები მოჰყვა. თავდაპირველად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის მხარე დაიჭირა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უცხოელებს ცენტრალურ ხელისუფლებაში გამოუჩნდათ მფარველები, დაიწყო ზეწოლა, აქტივისტების დაშინება, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეებიც კი აღძრეს. საბოლოოდ, ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა და 120 პოლიციელის დახმარებით (ამის ვიდეოკადრები გვაქვს) დაშალა მშვიდობიანი აქცია, რომ მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი ჩაექრო. მერე პოლიციელებმა პროვოკაციების მოწყობა დაიწყეს და ამ ფაქტებს იქით იყენებდნენ. ამ აქციის დაშლის დროს პოლიცია უკვე ხალხის დაჭერას იწყებდა, რომ ამ ამბავს შეესწრო მამა ხარიტონი, რომელმაც ხალხს უდიდესი დახმარება გაუწია. ის რომ არ ყოფილიყო, გაცილებით რთულად დამთავრდებოდა ეს ამბავი. ბოლოს ეს ფართომასშტაბიანი აქცია დაიშალა. რადგან საპტოტესტო მუხტი ჩაკვდა, ისევ ხელისუფლებას მივადექით, მაგრამ თუ ადგილობრივი ხელისუფლება ადრე ჩვენ გვეხმარებოდა, მერე უკვე ცენტრალური ხელისუფლების მხარე დაიჭირა და ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაზე გადავიდა. ჩვენ ვფიქრობთ, სწორედ მათი დახმარებით მოხდა, რომ აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიცია გამოიყენეს.
_ გამგებელზე და გუბერნატორზე ამბობთ?
_ დიახ! თან წარმოიდგინეთ, დმანისის გამგებელიც ჩვენი სოფლიდან არის და ქვემო ქართლის გუბერნატორიც. ცუდ მდგომარეობაში ვიყავით, გუბერნატორი ჩემი ბიძაშვილია, გამგებელიც ახლობელია და ერთი სოფლიდან ვართ. ვინაიდან ეს ადამიანები ჩვენი სოფლიდან არიან, ამიტომ ჩაკვდა ხალხში საპროტესტო მუხტი, თუმცა დროებით შევაჩერეთ აქციები და შემოდგომიდან განახლებას ვგეგმავთ. უცხოელები ჩვენს მიწებს დაეპატრონნენ, ჩვენი სახელმწიფოს თანადაფინანსებით დაამუშავეს, აი, ასეთი ინვესტორები გვყავს, მაგრამ ეს მიწები დაუთესავი დარჩათ, რადგან მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვთ. მიწა მოხნულია, მაგრამ არაფერი დაუთესავთ. 250 000 ლარი აიღეს თანადაფინანსება სახელმწიფოდან, ეს დახარჯეს და შემდეგ დამუშავება ვეღარ შეძლეს.
_ უფულო ინვესტორი რაში აწყობდათ?
_ საკითხავი სწორედ ეს არის! მართალია გუბერნატორი და გამგებელი ჩვენი სოფლელები არიან, მაგრამ სოფლის აქტივისტები ვერ შეგვაშინეს, სახელმწიფო ძალით, დროებით მოგვერია. აქტივისტები მუდმივად ვიკრიბებით როგორც ჩვენი სოფლიდან, ასევე მიმდებარე ტერიტორიებიდან, რომ შემოდგომაზე ხელახალი საპროტესტო აქციები დავიწყოთ. საპარლამენტო არჩევნები მოდის, ხელისუფლების ცვლილებისკენ მივდივართ და ეს სახელმწიფო თავის დაცვას ვეღარ შეძლებს! სამოქმედო გეგმები გვაქვს, მიმდებარე სოფლის მოსახლეობაც გვიცხადებს მხარდაჭერას, რადგან დღეს თუ ჩვენ ამ დღეში ჩავვარდით, ხვალ მათ მოელით იგივე!
_ ადრე თქვენ ჩასაბარებელი რძის ფასს უჩიოდით. გასული წლის აგვისტოში რძის პროდუქტებზე რეგულაციები დაწესდა, რაც ერთგვარი იმედის საფუძველი იყო, რომ ნატურალურ პროდუქციაზე ფასი მოიმატებდა და ფერმერიც ისარგებლებდა. ახლა რა ხდება?
_ საინტერესო რამე ხდება: ჩვენთან „სანტე“ მუშაობს, რომელიც რძეს იბარებს და სამარცხვინო ფასად მიაქვს. წყლის ფასსაც არ გვიხდიან _ 45 თეთრი რა არის?! როცა ამ საკითხზე სახელმწიფოს წარმომადგენლებს მივმართავთ, გვპასუხობენ, ბიზნესში არ ვერევითო. 2012 წლის შემდეგ რძის ფასი რომ 45 თეთრი გამხდარიყო, ასეთი შემთხევვა არ ყოფილა. არანაირმა რეგულაციამ არ უშველა, პირიქით, გაიაფდა და უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. შემოტანილი რძის ფხვნილზე მუშაობენ, იაფი უჯდებათ, არ იბეგრება და ნატურალური პროდუქტი არავის აინტერესებს. 2012 წელს რძის უმაღლესი ფასი იყო 65 თეთრი, გასულ წელს გადაგვიხადეს 55 თეთრი და ახლა 45-ზე ჩამოვიდნენ. 2012 წლიდან დღემდე, რძის ფასი დღითი დღე იკლებს. შემოდგომამდე ვითმენთ და საპროტესტო აქციებს რომ დავიწყებთ, ვერაფრი შეგვაჩერებს! ვიბრძოლებთ მანამდე, სანამ ჩვენს მიწებს არ დავიბრუნებთ! ჩვენს მიწებს არ დავთმობთ!
_ სოფლის წინასაარჩევნო განწყობა როგორია?
_ მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩემი ახლობლები არიან, მე პირადად, მათ მხარს არ დავუჭერ! მარტო მე არ ვფიქრობ ასე, მთელი სოფელი ამ აზრზეა. მათ მხოლოდ სახელისუფლებო რესურსი აქვთ, რადგან ხალხის ცხოვრების დონე წინ კი არა, უკან წავიდა. ფაქტია! რომ ჰკითხო, ტელევიზიით საუბრობენ, ყველაფერი კარგად არისო, სტატისტიკა მოჰყავთ, მაგრამ რად გვინდა სატატისტიკა?! ვერ ვატყობთ, ჯიბეში რა გვაქვს?! უკან რომ წავედით და მაცივრები ცარიელია, ვერ ვხედავთ?! ივანიშვილი რომ აცხადებდა, პირველი, მეორე, მესამე წელი და თანდათან ჩვენს ჯიბეს შეემჩნევაო, მართლა მაგრად შეეტყო, სამმაგად გავღარიბდით! როგორც კი ხმას ამოიღებ, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, „ნაციონალები“ არიანო. არა ხალხო, ამ ხელისუფლებას მივეცით ხმა, მართლები ვართ, ეს ცხოვრება უკან წავიდა და ვის დავაბრალოთ?! თვითონ გაკეთდნენ, კარგ ადგილებზე მუშაობენ, კარგი ხელფასები აქვთ და ხალხზე საერთოდ არ ფიქრობენ! სოფელში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ისეთ ხალხს შეუჩერეს დახმარებები, რომ ნახოთ, გაოცდებით. უბდურება ის არის, სამართალს ვერ პოულობენ. რა გააკეთონ, არ იციან და ცხოვრებაზე უკვე ხელი ჩაიქნიეს. 2012 წელს ხალხს იმედი გვქონდა, ცხოვრება წინ წავიდოდა, ახლა ამის იმედიც აღარ დაგვიტოვეს.
_ ხელისუფლებამ მთის კანონი მიიღო, თქვენი სოფელიც მაღალმთიანია, მოსახლეობამ შეღავათი ვერ იგრძნო?
_ მთის კანონი ძალიან კარგია პენსიონერებისთვის, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის და სახელისუფლებო ორგანოების მუშაკებისთვის, საშემოსავლო შეღავათი აქვთ. დანარჩენი მოსახლეობისთვის არაფერია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. სახელმწიფომ საამისოდ შემოიღო პროგრამები და პროექტები, მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“, მაგრამ ეს პროგრამები ხალხისთვის მიუწვდომელია. კი ბატონო, გავაკეთოთ კოოპერატივი, მაგრამ სახელმწიფო მიწას არ გვაძლევს და რა აზრი აქვს ასეთი კოოპერატივის შექმნას, თუ მიწას არ მოგცემენ?! კოოპერატივზე გეუბნებიან, რომ 30% თანადაფინანსება უნდა გქონდესო, სოფლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმაა და რომელ 30%-ზეა ლაპარაკი?! ეს პროექტები როგორ გაამართლებს?! რაღაც უნდა შეცვალონ, რადგან ეს პროგრამები თითქმის არ მუშაობს! დმანისის რაიონში გამგეობაში იყო ვაკანსიები, რადგან მეცხოველეობისგან მიღებულ შემოსავალს წაგების მეტი არაფერი მოაქვს, გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობა. უარი მივიღე იმ მიზეზით, რომ ბევრი ლაპარაკი ვიცი. ხელისუფლებას არ მოეწონა, რომ საპროტესტო აქციების აქტივისტი ვიყავი, უარით გამომისტუმრეს. მარტო თავიანთი მომხრეები სჭირდებათ! კი ბატონო, მე მათთვის ტაში რომ დამეკრა, საინტერესოა, დანარჩენ ხალხს რა უნდა დაეკრა?!
იღუმენი ხარიტონი _ ქცია-ხრამის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის წინამძღვარი:
_ გუშინ სოფლის დღეობა იყო, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩამობრძანდნენ, მე და მამა დიონისემ იქ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. სოფელი შეავიწროვეს, უცხოელები ისე შემოიყვანეს, სოფელს არც შეეკითხნენ. სანამ ჩვენს სოფელში შემოხვალთ, მანამდე უამრავი მიწაა, ისინიც შეიძინეს, როცა შეიძლებოდა, მოსახლეობა საქმის კურსში ჩაეყენებინათ და მათ დაემუშავებინათ. გომარეთშიც ანალოგიური მოხდა, გიორგი ხიზანაშვილს ჰქონდა იჯარით აღებული, ვადა რომ გავიდა, მივიდა და ვადის გაგრძელება ითხოვა, თუ გაყიდიდნენ, ამაზეც თანახმა იყო, სპეციალურად გააჭიანურეს, უცბად შემოიყვანეს თანამედროვე ტექნიკა და მოხვნა დაიწყეს. ამაში ხელი შევუშალეთ, აქციები მოეწყო, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩამოვიდნენ. თან სოფელში ასეთი მდგომარეობაა: ცივილიზაცია საერთოდ არ არსებობს, საავადმყოფო, ხელოვნების რაღაც დარგი, სპორტი, ამ მხრივ სოფელი მკვდარია, გზაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. წლებია, გაკეთებას გვპირდებიან, მაგრამ საშველი არ დაადგა. ირგვლივ სულ აზერბაიჯანული მოსახლეობა ცხოვრობს, მიწები მათაც აქვთ, მაგრამ იქ არ შედიან და ვერც ბედავენ. მიჩნდება ასეთი აზრი და პრობლემა არ მაქვს, ამას პირადადაც ვეტყვი ხელისუფლების წარმომადგენლებს: იმათ არ ეხებიან იმიტომ, რომ თითქოს მეტი ზურგი აქვთ, ვიდრე ჩვენ. ეს ერთი ძირძველი სოფელია, რომელიც შენარჩუნებულია და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბოლომდე შევინარჩუნოთ. თაობები თბილისში მიდის, ერთადერთი, რის გამოც რჩებიან, ეს არის მიწა, რომლისგანაც შემოსავალი აქვთ და, ფაქტობრივად, ამის გარეშე რჩებიან. ჯერ ერთი, ხელისუფლებამ სოფლის თხოვნა უნდა შეისმინოს, გაიაზრონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. ინვესტორის შემოსავლაზე მე პირადად არანაირი პრობლემა არ გამაჩნია, თუ ის ადამიანები ამ სოფლისთვის რამეს გააკეთებენ და დასაქმებას შეუწყობენ ხელს. აქ რა ხდება _ უკრაინელებს მუშახელი თვითონ ჩამოჰყავთ. ასეთი აზრი მიჩნდება, რომ შეგნებულად ცდილობენ, სოფელი დააცარიელონ, სხვა ფაქტორი აქ არ არის!
_ გომარეთელებმა მითხრეს, რომ ღნიშნულს ხელისუფლების ის წარმომადგენლები უწყობენ ხელს, რომლებიც ამ სოფლიდან არიან...
_ ეს ყველაზე მტკივნეულია, ვინც ჩვენს წინააღმდეგ გამოვიდა, ეს ხალხი ჩვენი სოფლიდან არის. მე მხოლოდ ერთადერთი სურვილი მაქვს, მოსახლეობა შენარჩუნდეს. უკრაინელებს რომ ვეუბნებით, ეს მიწა სოფლის არის და სხვა მიწას მოჰკიდეთ ხელიო, გვპასუხობენ, _ არა, ეს კარგი მიწააო. მათ არჩევანის უფლებასაც კი აძლევენ და ჩვენ რაც გვაქვს, იმასაც გვართმევენ. წელიწადში ათჯერ შეიძლება შეიცვალოს მიწასთან დაკავშირებული წესები, მოსახლეობა საქმის კურსში მაინც ჩააყენონ. მეც ვეღარ ვხვდები, რის გაკეთებას ცდილობენ! საუბარია კიდევ პოლონელების შემოყვანაზე და 300 ჰა მიწის გადაცემაზე, როგორც ამბობენ, მეფრინველეობის საწარმოს გაკეთებას აპირებენ, მაგრამ ხალხს არაფერს ეკითხებიან. მაგალითად, ასეთ საუბარს შევესწარი: გუბერნატორი გლეხს ეუბნებოდა, _ შენ რომ მოგცე 100 ჰა მიწა, დაამუშავებთო? მე ვუთხარი, _ ბატონო პაატა, ამ კაცს რომ ეუბნები, 100 ჰა მიწა მოგცე, თვითონაც ხომ იცი, რომ ვერ დაამუშავებს, მაგრამ ამ ადამიანს რომ ხელი შეუწყო, პირობა შეუქმნა, თანამედროვე ტექნიკის გამოყენება ასწავლო და 100-ის ნაცვლად 10 ჰა მისცე, მიწას დაამუშავებს, პროდუქციის რეალიზაციაში შეუწყვეთ ხელი, დამიჯერეთ, ისე წამოვა წინ სოფელი, ვერც კი წარმოიდგენთ. მეც კი ვაღიარებ, რომ ჩვენში სიზარმაცე მძლავრობს, მაგრამ ხელის შეწყობა გვჭირდება. გუშინ პირადადაც ვუთხარი, მარტო სიტყვა არ არის, ამას სჭირდება საქმის კეთება. სავალალო მდგომარეობაა, დმანისის ტერიტორიები სულ აზერბაიჯანულ მოსახლეობას ეკუთვნის, რადგან შეძლებული ხალხია და ორმაგ თანხას იხდიან, ეს კი უარეს მდგომარეობას გამოიწვევს, საბოლოოდ დაიცლება სოფელი და თბილისში გადავლენ. უკრაინელებმა ჯერ გვითხრეს, რომ მიწა იჯარით 10 წლით გვაქვს აღებულიო, მერე თქვეს, 49 წლითო. 10 კი არა, 5 წლის შემდეგაც აღარ იქნება სოფელში არავინ. 12 წელია, მონასტრის ტერიტორია მინდა, რომ საპატრიარქოს დავუმტკიცო და სოფელში 1 ჰა მიწას ვითხოვ, უარს მეუბნებიან. მონასტერს ხომ უნდა ჰქონდეს თავისი ტერიტორია, რომ მიწა დავამუშავო, რომ საარსებო წყარო გამიჩნდეს?! 12 წელი წელავენ... ისინი ტექნიკურად რომ შემოვიდნენ, თუ ქვერაღაცებს არ აქვს ადგილი და მართალი ხარ, მოდი და კაცურად თქვი. სხვათა შორის, გუბერნატორმა ხალხის წინაშე თქვა, _ შევცდი, სანამ ესენი შემოვიდოდნენ, ჯერ მე უნდა ჩამოვსულიყავიო. არ გამოუვიდა კარგად, თან ხალხს პოლიციით დაუპირისპირდნენ. შესაძლებელია, სპეცრაზმიც ჰყავდათ ჩამოყვანილი, ამაზე თვითონვე საუბრობდნენ. უკრაინელები კი მანქანაში ისხდნენ და ირონიული სიცილით იქიდან აკვირდებოდნენ მოვლენებს. მე კი მეუბნებოდნენ, _ შეგვიძლია მონასტერს ხელი შევავლოთო. უარი ვუთხარი. 4 წლის წინათაც იგივე თქვეს, მაგრამ არ გააკეთეს. დგანან და იცინიან. გაუგონარია, ქართველი კაცი თავის მიწა-წყალს ითხოვდეს! დღეს თუ ძველებურად არ მუშავდება მიწები, ამის მიზეზებიც ხომ არსებობს?! ხალხი საუბრობს, დავთესავთ, მაგრამ სად წავიღოთო? რეალიზაციაში უნდათ დახმარება. რამდენიმე ადამიანს ვიცნობ, ბანკიდან იღებენ სესხს და ისე თესენ, სოფელი უყვართ. თან ხომ გითხარით, სოფელში ცივილიზაცია არ არის, თითი რომ გაიჭრა, იოდს ვერ იშოვი, თბილისიდან უნდა ჩამოიტანო. ხელისუფლებას კი თავი ისე მოაქვს, თითქოს ყველაფერი მწყობრშია. გავაკეთებთ ერთია, მაგრამ საშველი ვერ დაადგა აქამდე. საავადმყოფოს შენობა იყო, გაიყიდა და თავლად იქცა. რაც აშენებულია, ისიც ინგრევა. მოსახლეობა საქონელს რომ რეკავს, თუ იმათ ტერიტორიაზე გადავიდა, ჯარიმას ახდევინებენ, თუ არადა, პასუხისგებაში აძლევენ, ამ მხრივაც შებოჭილები არიან. მთავრობას პრეტენზია აქვს, რომ არ ამუშავებენ მიწას და თივის სახით ყიდიანო. თივის სახით უფრო მოგება რჩება, შე დალოცვილო, ოჯახები ჰყავთ და რჩენა ხომ უნდა?! ხომ უნდა მიხვდნენ და გააანალიზონ?! 45 თეთრს უხდიან 1 ლ რძეში, ეს ხომ შეგნებულად ხდება?! ხომ შეიძლება, მოზარდებმა ნატურალური პროდუქტი მიიღონ, როცა ამის საშუალება გვაქვს?! ესენი ფიქრობენ, რომ ეს ტერიტორიები მთლიანად აითვისონ და მოსახლეობას რა?! მამა-პაპის მიწები მიაქვთ და აქეთ მონებად ვყავართ, ეს რა არის?! ეს არის ჩემი ძალიან დიდი გულის ტკივილი, მით უმეტეს, მოგეხსენებათ, ქვემო ქართლი ძალიან რთული რეგიონია და ყურადღება სჭირდება.
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის ქვემო ქართლის გუბერნატორს, პაატა ხიზანაშვილს დაუკავშირდა:
_ სოფლის მიწებთან პრობლემა იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა გაასხვისა, ჯერ აუქციონზე გაიტანა 780 ჰა, ხოლო შემდეგ აუქციონი მოსყიდვის მიზნით ჩაშალა და იმ ადამიანს მიჰყიდა, რომელსაც დიდი ზეგავლენის მოხდენა შეეძლო 2012 წლის არჩევნებზე. 1400 ჰა გამოვიდა 1400 ლარად, აუქციონი ჩაშალა, შემდეგ 400 ლარად მიჰყიდა იმ აუქციონის ჩამშლელს პირდაპირი მიყიდვის წესით. ეს იყო ნამდვილი დანაშაული, სახელმწიფომ იზარალა, მინიმუმ, 800 ლარით.
_ უკრაინელებს რომ გადაეცათ იჯარით, მე იმ მიწებზე გეკითხებით.
_ მე გითხარით გომარეთის მიწებზე, რომელიც გასხვისებულია. უკრაინელებმა მიწა იჯარით აიღეს და იქ მოსავალი მოჰყავთ.
_ ჩემი ინფორმაციით, მიწა მოხნულია, მაგრამ არაფერია დათესილი.
_ უკრაინელებმა კანონის დაცვით კი აიღეს ის მიწები, მაგრამ მოსახლეობის გარკვეული ინტერესები დაზარალდა იმის გამო, რომ მიწები გააერთიანეს და ისე გაიტანა სახელმწიფომ აუქციონზე. ეს ისეთი დანაშაული არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ამაზე მაინც მივწერეთ პროკურატურას.
_ თქვენ და დმანისის გამგებელი გომარეთის მკვიდრი ყოფილხართ. ამ სოფლის მკვიდრებს და სასულიერო პირს ვესაუბრე. როგორც მითხრეს, თქვენ და გამგებელი თავიდან ამ ხალხის პოზიციებს იცავდით, თუმცა ბოლოს ცენტრალური ხელისუფლების ინტერესები დაიცავით. რა მოხდა?
_ თქვენ, ალბათ, ჩემს მოგვარეს ესაუბრეთ. „ნაციონალების“ მხარდამჭერებს ნუ დაეყრდნობით.
_ მაგალითად, იღუმენი ხარიტონი „ნაციონალების“ მხარდამჭერია?
_ მამა ხარიტონზე არ მითქვამს. აბსოლუტურ ჭეშმარიტ ინფორმაციას გაძლევთ. ჭეშმარიტება ყველაზე მნიშვნელოვანია და მას უნდა ემსახუროთ.
_ მე ამ პრობლემის შესახებ გასულ წელსაც გავაკეთე მასალა და გომარეთელები მაშინ თქვენ და დმანისის გამგებელს მადლობას გიცხადებდნენ დახმარებისთვის. რატომ დაიპირისპირეთ ეს ხალხი?
_ მე ისევ იმ პოზიციაზე ვარ, რომელზედაც ვიყავი. პირველ რიგში, ჩვენ ვიცავთ მოსახლეობის ინტერესებს. სახელმწიფოსგან პირველი ეს დავალება გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციაც, მიწა გაცემულია იჯარით. ძალიან მინდა ნახოთ, ისინი რა დონის პროდუქციას ქმნიან.
_ იმ მიწაზე რა არის დათესილი იცით?
_ ეს მიწები ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის და ჩვენ აქ, ადგილობრივ ხელისუფლებას ხელი არ მიგვიწვდება. ცეტრალურ ხელისუფლებას როცა უნდა, მაშინ შეუძლია გაიტანოს აუქციონზე.
_ ეს გასაგებია, მაგრამ უფულო ინვესტორებს რატომ აძლევენ, ეს არ მესმის?..
_ ხალხს დაელაპარაკეთ. ახლა გომარეთში კოოპერატივი იქმნება, 500 ჰა მიწა გადაეცემა მოსახლეობას, დაამუშავებენ, ეს იქნება ახალი ტექნოლოგიები და ყველანაირად დავეხმარებით. ის ადამიანები, რომლებიც თქვენთან ხალხის სახელით ლაპარაკობენ, ათეული წლების განმავლობაში სახელმწიფო მიწებს უკანონოდ ამუშავებდნენ და არ იხდიდნენ გადასახადებს. ეს პარაზიტული მიდგომა უნდა დამთავრდეს.
_ გასაგებია თქვენი პოზიცია, ერთხელ კიდევ მინდა დააფიქსიროთ: უკრაინელებს გომარეთში რა აქვთ დათესილი?
_ გუშინ მე თვითონ ვიყავი ჩასული გომარეთობაზე და ისეთი ყანა ვნახე, ქვემო ქართლში ასეთი არ არის.
_ გუშინ გომარეთში რომ იყავით, რატომ თქვით, შევცდი, სანამ ეს მიწები უკრაინელებს გადაეცემოდა, უნდა ჩამოვსულიყავიო?
_ შეცდომებს თუ ვუშვებ, ვაღიარებ კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში გადავამოწმეთ და კანონის დარღვევა არ ყოფილა. უბრალოდ, სახელმწიფომ გაიადვილა საქმე, ეს მიწები გააერთიანა. მე სიტყვა შეცდომა არ მიხსენებია.
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გოგი ბარბაქაძეს დაუკავშირდა:
_ არავის ზეგავლენას არ განვიცდი. დღესაც მადლობას მიხდიან გომარეთელები. მანდ არის გივი ხიზანაშვილი, რომელიც ცდილობს, ეს ყველაფერი ააგოროს, როგორც თვითონ უნდა. მე და გუბერნატორი ჩართულები ვიყავით გასხვისებული მიწების საქმეში, რომელიც, თავის დროზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაყიდა. ეს გაასაჩივრა მოსახლეობამ, გვერდით დავუდექით და მიწა სოფელს დაუბრუნდა. იქ პროტესტს არავინ აპირებს, არც ახლა და არც შემოდგომით, მარტო გივის დაუდგნენ ხათრით მეზობლები. მამა ხარიტონიც შეიყვანეს შეცდომაში, მაგრამ მას დღეს სხვა პოზიცია აქვს.
_ არ აქვს სხვა პოზიცია, 4 საათის წინ ვესაუბრე...
_ მამა ხარიტონს დავუძახებ, ჩემთან მოვა და ერთად გავარკვევთ. მიწები ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს, თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს, გამოვითხოვეთ სამინისტროდან 700 ჰა-მდე და უნდა გადავცეთ მოსახლეობას კოოპერატივის შექმნის ფორმით. თუ მოსახლეობა აიღებს ვალდებულებას და ამ მიწას დაამუშავებს, პირობის შესრულების შემთხვევაში, მიწები სოფელს დარჩება. კოოპერატივები უკვე შექმნილია და პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს. მეორე ვარიანტიც არის: ეს სახნავ-სათესი მიწა წლების მანძილზე არ მუშავდებოდა, მოსახლეობა თიბავდა და ამ სახით ყიდდა. სახელმწიფოს უამრავი პროგრამა აქვს, არსებობს გრანტებიც.
_ თქვენ თუ იცით, უკრაინელებს იმ მიწაზე რა მოჰყავთ?
_ კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ თუ მიწა მოიხნა და არაფერი დაითესა, 10-წლიანი ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, გაუქმდება და ჩამოერთმევათ.
თამარ ბატიაშვილი