თბილისში მიღებულ ხმებს რომ გადამწყვეტი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის მიერ მიღებულ საერთო შედეგში, პოლიტიკოსები ერთხმად თანხმდებიან, ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ დედაქალაქში წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას და სხვადასხვა უბანში კანდიდატების წარდგენა-დასახელებას სერიოზულ შედეგზე ორიენტირებული ყველა პარტია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.
ცხადია, წინასაარჩევნო კამპანიის დროს იმასაც ითვალისწინებენ, რომ არსებობს თბილისის სპეციფიკური უბნები, სადაც ბევრი ხმის მოპოვება, ერთგვარად, სხვა უბნებზე მიღებულ შედეგზეც ირიბად აისახება ხოლმე. თბილისში სწორედ ასეთ უბნადაა მიჩნეული ვაკეში არსებული საარჩევნო ოლქები.
ოლქი რამდენიმეა და მასში საბურთალოც შედის, მაგრამ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრალური ვაკეა, სადაც მოსახლეობის გულის მოგება არცთუ ადვილი საქმე გახლავთ. ვაკელების განწყობა ხშირად იცვლება და ზოგჯერ, თუ არჩევნებზე მიღებულ შედეგებს ვაკის მაგალითზე ჩავუღრმავდებით, ისეთ სურათს აღმოაჩენ, რომ თავიდან, შესაძლოა, თვალებსაც არ დაუჯერო.
და სანამ 8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ვაკურ ციებ-ცხელებას შევეხებით, გვინდა, სწორედ ვაკის მაგალითზე გიჩვენოთ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების თავისებურებები და უცნაურობანი ამ უბნის მიხედვით.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების „მშვენებამ“, მიხეილ-გელა სალუაშვილმა, რომელიც ორგანიზაციას „უფლის სახელით“ წარმოადგენდა, საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი ამომრჩევლის ნდობა სწორედ ვაკეში დაიმსახურა _ მისი ნომერი ბიულეტენებში 89 ვაკელმა შემოხაზა.
იქნებ, ვაკელ ამომრჩეველს თავისებურად იზიდავს რაღაც ნიშნით გამორჩეული, ქარიზმატული, ექსცენტრიკული ფიგურები? როგორც ჩანს, არც მთლად უმაგისობაა, თუ გავიხსენებთ, რომ ქარიზმით აშკარად გამორჩეული კიდევ ერთი მიხეილი, ამჯერად სააკაშვილი, 2002 წლის არჩევნებზე სწორედ ვაკის ოლქის რჩეული იყო. მართალია, მაშინ სხვა პოლიტიკური ამინდი იდგა და სააკაშვილის შტაბის უფროსად ლევან გაჩეჩილაძე იყო დანიშნული, მაგრამ სააკაშვილის აღზევება რომ სწორედ ვაკიდან დაიწყო, მრავლისმეტყველი ფაქტია.
ასევე არანაკლებ საინტერესოა, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო, ვადამდელ არჩევნებზე სწორედ ვაკეში წააგო მაშინდელმა ხელისუფლებამ არჩევნები დიდი სხვაობით, რის შემდეგაც დავით უსუფაშვილი „გრეჩიხა უფროსს“ სულ „ბატონო პრეზიდენტოთი“ მიმართავდა და მგონი, დღესაც პრეზიდენტი ჰგონია...
მიშას „ხელისუფლების დემონტაჟი“, როგორც „ქართული ოცნების“ მესვეურებს უყვართ ხოლმე თქმა, 2012 წელსაც ვაკიდან დაიწყო, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, შალვა შავგულიძე იყო. იმხელა კოალიცია უმაგრებდა ზურგს, რომ შავგულიძეს გამარჯვება არ გასჭირვებია.
ახლა, როცა „ოცნებისა“ და `თავდემების” გზები გაიყარა, ირაკლი ალასანიას პარტია დილემის წინაშეა _ ვაკეში ისევ შალვა შავგულიძის წარდგენა, ალბათ, არ გამოვა, რადგან ახალ კანდიდატს „ოცნება“ ზურგს არ გაუმაგრებს, სავარაუდოდ, არც ბუკა პეტრიაშვილი იქნება წარდგენილი და რჩება თავად ირაკლი ალასანია, ან ნინო გოგუაძე. სავარაუდოდ, თბილისის ყველაზე მძიმეწონიან ოლქში `თავდემები” სწორედ ნინო გოგუაძის წარდგენას აპირებენ.
„ნაციონალებმა“, რომლებსაც ვაკე კარგად აქვთ დაცდილი, მაჟორიტარების წარდგენა პირდაპირ ვაკიდან დაიწყეს და იქ ელენე ხოშტარია დაასახელეს. ასევე ვაკის ოლქშია წარდგენილი პეტრე ცისკარიშვილიც.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ელენე ხოშტარიას წარდგენა მაჟორიტარად სერიოზული განაცხადია და იმას მიანიშნებს, რომ „ნაციონალები“ გამარჯვებისთვის არიან განწყობილი.
რას აპირებს ვაკეში „ქართული ოცნება“, ყველაზე ძნელი გამოსაცნობია. აქ ჯერ საარჩევნო სიის ათეულიც კი არ არის გამოქვეყნებული და ყველაფერი ისე თავდაყირაა, როდის დალაგდება, ვერავინ ამბობს.
ვაკის ოლქზე პრეტენზია, სავარაუდოდ, „ინტელექტუალ“ რესპუბლიკელებსაც ექნებათ. ამ პარტიაში საკმაოდ დიდი არჩევანია პიროვნებებს შორის იმისთვის, რომ ვაკეში დაასახელონ. სხვადასხვა წყარო მაინც ლევან ბერძენიშვილისკენ იხრება და შესაძლოა, სწორედ მან სცადოს ამჯერად პარტიული კუთხით ბედი ვაკეში.
თქვენ წარმოიდგინეთ, ვაკეში გამარჯვებაზე პრეტენზია „მრეწველებსაც“ აქვთ და თამაზ მეჭიაურის მიერ შექმნილ პარტიასაც. „მრეწველთა“ ლიდერი გოგი თოფაძე ამბობს, რომ შეუძლია, ვაკეშიც იყაროს კენჭი და ეს მისია წარმატებითაც დაასრულოს, მაგრამ ამას არ იზამს, რადგან პარტია იქ კანდიდატად ქალს დაასახელებს. ოღონდ, ვინ იქნება ეს „მრეწველი“ ქალი, გოგი თოფაძე არ ამბობს.
რაც შეეხება მეჭიაურის მიერ ახლახან შექმნილ პარტიას, სავარაუდოდ, ისინი ვაკეში ლალი მოროშკინას წარადგენენ _ სწორედ ეს ქალბატონი იყო რამდენჯერმე მრგვალ ბაღთან ხმაურიანი აქციების ორგანიზატორი და, კაცმა რომ თქვას, მოსახლეობისთვის იმის შეხსენება არ დასჭირდება, როდის რა გაუკეთებია ვაკელებისთვის.
ასევე, არანაკლებ საინტერესო იქნება, რას აპირებს და როგორ იმოქმედებს ვაკეში „პატრიოტთა ალიანსი _ გაერთიანებული ოპოზიცია“. ცნობილია, რომ თავად ირმა ინაშვილი ისევ საგარეჯოში აპირებს კენჭისყრას. სავარაუდოდ, ვაკეში კანდიდატად წარდგენისთვის ალიანსი არჩევანს დავით თარხან-მოურავსა და კონსტანტინე გამსახურდიას შორის გააკეთებს.
უკვე ცნობილია, რომ პარტიულ კანდიდატებს ვაკეში უპარტიო კანდიდატი, მსახიობი ზურაბ შარია დაუპირისპირდება. ასე რომ, ვაკელ ამომრჩეველს საკმაოდ ფართო არჩევანი ექნება, ხოლო შემოდგომა გვიჩვენებს, რა განწყობით ხვდებიან ისინი „ყველაზე კარგი“ წლის მიწურულს?
ლაშა ბერულავა