QronikaPlus
მამუკა ნოზაძე: ,,იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არქივიდან ამოღებულ მოსამართლეებს გაუხსნა კარი“

მამუკა ნოზაძე: ,,იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არქივიდან ამოღებულ მოსამართლეებს გაუხსნა კარი“

2016-06-19 10:35:58

„იუსტიციის მიერ გამოცხადებულ მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეთა გვარებს რომ გადავხედე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში სინდის-ნამუსი არ გააჩნია და ზნეობასთანაც მწყრალად არის!“ _ გვითხრა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ, რომელთან ერთადაც „ქრონიკა+“-მა სასამართლო სისტემის მანკიერ მხარეებზე იმდენი მასალა გამოაქვეყნა, სქელტანიანი წიგნი დაიბეჭდება.   მამუკა ნოზაძე: _ ამ სიაში შეყვანილი ბევრი ადამიანი,  განვლილი ცხოვრების მანკიერი მხარეების მიუხედავად, ბედავს და კვლავ გამოთქვამს სურვილს, მოსამართლე გახდეს. ეს ის ხალხია, რომელთაც უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებებით უამრავი ადამიანი გაამწარეს, მაგრამ ამას არად დაგიდევს და ჰგონია, რომ მთელი ცხოვრება მოსამართლე იქნება. ეს სიტუაცია კი იმან გამოიწვია, რომ ამჟამად საქართველოში დაუსჯელობის სინდრომია. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც კანონი უზენაესია, ასეთ ადამიანებს არათუ მოსამართლედ მუშაობის, იურიდიულ სფეროსთან გაკარების უფლებასაც კი არ მისცემდნენ. ისინი განსასჯელის სკამს ვერ ასცდებოდნენ და მათი შემხედვარე, სხვაც ვეღარ გაბედავდა უკანონობის ჩადენას. გაზეთის წინა ნომერში ზოგიერთ ოდიოზურ მოსამართლეზე უკვე გესაუბრეთ, ახლა კი მინდა, რომ ეს სია გავაგრძელო და თითოეული მათგანი დავახასიათო. გორის მოსამართლე ნინო გერგაულს აგვისტოში უფლებამოსილება უწყდება, თუმცა მან უკვე გამოთქვა სურვილი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახდეს. მას წინა კორკურსში მონაწილეობის მიღების დროსაც ჰქონდა ასეთი ამბიცია და სურვილი, რომ ზემდგომ ინსტანციაში მჯდარიყო. ამ ადამიანს თავი კანონმორჩილი კი არ ჰგონია, არამედ _ ქურუმი და სამყაროს ჭიპი, რომელსაც ყველა და ყველაფერი ემორჩილება. არადა, მან სრულყოფილად ისიც კი არ იცის, რა არის კანონი და სამართალი. გერგაულს უცნაური გამოხტომები აქვს და მხარეების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავს. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასეთ ადამიანებს კვლავ ამწესებს მოსამართლეებად. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ვერ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, ასეთი მოსამართლეების დამსახურებაცაა. მარტო იმ ცალკეული დავალებების შესრულება, რომელიც ევროსაბჭომ და ევსოსასამართლომ დაავალა საქართველოს, ცხადია, არასაკმარისია. ქვეყანას ასევე უნდა ჰყავდეს მიუკერძოებელი, ობიექტური მოსამართლეები, მაგრამ ხდება სრულიად საპირისპირო. მოსამართლეები არ ითვალისწინებენ გადაწყვეტილებების მიღებისას კანონს და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს. ისინი, მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლებას ემორჩილებიან და მათ დავალებებს ასრულებენ. _ ფიქრობთ, რომ გერგაული, დიდი ალბათობით, კვლავ გახდება მოსამართლე? _ მას დიდი შანსი აქვს, კვლავ გახდეს მოსამართლე და სასურველი სკამი დაიკავოს. ისიც მურუსიძე-ცერცვაძის დაჯგუფების წევრია და მოსამართლეთა იმ აგრესიულ უმრავლესობას წარმოადგენს, რომელიც მათ ხელის აქნევაზე მოქმედებს. თუმცა ამ დიდ კონკურსში ძველი „ნიანგები“ მონაწილეობენ და მხოლოდ ამიტომ შეიძლება, გერგაული გარეთ დატოვონ. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არქივიდან ამოღებულ, ნაფტალინწაყრილ მოსამართლეებს გაუხსნა კარი სასამართლოებში. ისინი შევარდნაძის დროიდან მოდიოდნენ და ღირსებით, სამართლანობითა და ობიექტურობით არ გამოირჩეოდნენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა მსურველის საბუთებს იღებს, რომელიც მოცემულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებები შევიდა, სადაც წერია, თუ როგორი უნდა იყოს მოსამართლე, მაგრამ კონკურსის პირობებში დაწვრილებით არ არის საუბარი ამაზე და სწორედ ამიტომაც, უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნაა, ჩამოიწეროს ყველა დეტალი, რის საფუძველზეც ხდება მოსამართლედ პიროვნების გამწესება. პარლამენტმა მესამე ტალღის დროსაც სპეციალურად არ მიიღო ეს კანონი. იმიტომ ჩქარობს იუსტიციის საბჭო კონკურსის ჩატარებას, რომ მოასწროს და ის კანდიდატები გაიყვანოს, რომლებიც მას სურს, კვლავ იყვნენ სასამართლო სისტემაში. ყველა კარგად ხედავს, ბიძინა ივანიშვილი როგორ იცავს მურუსიძესა და მის დაჯგუფებას. ამბობს, რომ საზოგადოებამ ხმა არ ამოიღო მაშინ, როცა მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად დანიშნესო. ბევრმა არ იცის, რომ საუბარია სააკაშვილის რეჟიმის პერიოდზე. მაშინ როგორ უნდა ამოეღო ხალხს ხმა, როცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყვნენ და დღესაც არიან ბანდის წევრები?! მაშინ კუბლაშვილმა გააკეთა ეს ყველაფერი და სააკაშვილსაც დიდი ზეგავლენა ჰქონდა სასამართლო სისტემაზე. ამიტომ იმაზე აპელირება, თითქოს მოსამართლეებმა აირჩიეს ეს ადამიანი და ხალხმა ხმა არ ამოიღო, არასამართლიანია. ამიტომაც დაგმო და ხალხმა უარი უთხრა სააკაშვილის ხელისუფლებას, მაგრამ ახლაც, კვლავ რომ მურუსიძე არ მოგვვლინებოდა სასამართლოში, ამიტომაც იყო საჭირო რეალური რეფორმის განხორციელება, რომელიც არ გატარდა. არ უნდა მისცემოდა საშუალება მურუსიძეს და მისნაირ ადამიანებს, კვლავ მიეღოთ მონაწილეობა მოსამართლეთა შერჩევაში და ცხვრის ქურქში გახვეულები, ვითომ დემოკრატიული არჩევნების გზით კვლავ მოვლინებოდნენ სასამართლო სისტემას და ხალხს მოსამართლეებად. _ კიდევ რომელი ოდიოზური ყოფილი მოსამართლის განაცხადია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესული? _ განაცხადი ასევე შეიტანა მურთაზ კაპანაძემ, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლეა. ამ სასამართლოში იყო „ტროიკა“, მოსამართლეების: მურთაზ კაპანაძის, მარინა იმერლიშვილისა და მარინა სირაძის სახით, მაგრამ კაპანაძეს ახლახან შეუწყდა უფლებამოსილება და „ტროიკას“ გამოაკლდა. ესენი იყვნენ ძველი „ტროიკის“ ტიპის მოსამართლეები, რომლებიც სწორედ მათი პრინციპით მოქმედებდნენ. ისინი არ ითვალისწინებდნენ არანაირ კანონს და მხოლოდ დაკვეთებს ასრულებდნენ. თუ რომელიმე მოსამართლეს გაეპარებოდა და გამამართლებენ განაჩენს გამოიტანდა, რომელიც მეოცნებე ხელისუფლებას არ აწყობდა, მერე უკვე ეს ადამიანები იხილავდნენ ამ საქმეებს და განაჩენს აუქმებდნენ. ამ „ტროიკას“ სააკაშვილის დროს არასდროს გამოუტანია პირის გამამართლებელი განაჩენი. მეტიც, განაჩენების შემსუბუქების თვალსაზრისითაც კი არაფერი გაუკეთებია, რომ ადამიანების მდგომარეობა შეემსუბუქებინა მაინც. დღეს ამ ადამიანს კვლავ აქვს მოსამართლეობაზე პრეტენზია. ქვეყანა უნდა განვითარდეს, ჩვენს სახელმწიფოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორია აქვს. ამ მოსამართლეების ხელში კი როგორ შეიძლება ქვეყნის განვითარება?! ასეთ პიროვნებებს განვითარებულ ქვეყანაში იურისკონსულტებადაც კი არ ამუშავებდნენ, არათუ მოსამართლეებად, რადგან ისინი არ არიან თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები. ინტელექტუალურ ადამიანზე ზეგავლენის მოხდენა ყოველთვის ძნელია, ყველაზე მართვადი კი ის ადამიანია, რომელიც დაუმსახურებლად ხვდება მაღალ თანამდებობაზე, გარკვეული პრივილეგიები აქვს და ამის დაკარგვა არ სურს. ის ყველაფერს აკეთებს, რომ დაკვეთები შეასრულოს და საკუთარი ოჯახის წევრსაც დაიჭერს, ოღონდ მოსამართლე გახდეს. ოდიოზურ მოსამართლე ჯემალ კოპალიანს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე 5-ჯერ უთხრა უარი მოსამართლედ არჩევაზე, მაგრამ ის უკან არც ამის შემდგომ იხევს და მანაც კვლავ შეიტანა განცხადება იუსტიციის საბჭოში. კოპალიანმა ბევრი ცნობილი საქმე განიხილა, მაგალითად, ე. წ. მუხროვანის ამბოხის საქმე და სხვა, რომლითაც რეჟიმი „გააპრავა“. მას ვერ წარმოუდგენია ჩვეულებრივი მოკვდავივით ცხოვრება, მაგრამ თუ შესაძლებლობა აქვს და იურისტის საკმარისი უნარი, მაშინ სხვა კუთხით იმუშაოს! სამწუხაროდ, არ გვაქვს კანონი, ამისთანა ადამიანებს რომ ავუკრძალოთ მოსამართლეობა. სხვანაირად, ეს არის ქვეყნის სირცხვილი, რადგან ჩვენ ვერ მოვახერხეთ შესაბამისი რეფორმის განხორციელება და იმის დაწერა, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლეობის მსურველი ადამიანი. კონკურსში სამარცხვინო პიროვნებები მონაწილეობენ და დიდი შანსი აქვთ, რომ კვლავ გახდნენ მოსამართლეები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ხშირად აცხადებენ ხოლმე, ჩვენ სხვა კანდიდატები არ გვყავს და იქიდან ვარჩევთ, რაც გვყავსო. ვფიქრობ, კანონი იმ მხრივაც არის შესაცვლელი, რომ მარტო გამოცდაჩაბარებული, ან იუსტიციის უმაღლეს სკოლაგავლილები არ უნდა ხვდებოდნენ მოსამართლეებად და ამ კუთხითაც ბევრი რამ არის შესაცვლელი. საქართველოში დიდი ინტელექტუალური რესურსია და გვყავს იურისტები, რომლებიც მოსამართლეობის ღირსები არიან. მჯერა, ისინი სამართლიანობისა და არა რომელიმე ხელისუფლების მსახურნი იქნებიან. სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ მართვადი სასამართლო ჰყავდეს. მათ სასამართლო ვერ წარმოუდგენიათ დამოუკიდებელი და ფიქრობენ, რომ ის ხელისუფლებას უნდა ემსახურებოდეს და არა საზოგადოებას. _ სხვა კონკურსანტებზე რას იტყვით? _ კონკურსში მონაწილეობს შევარდნაძის დროინდელი მოსამართლე ნანა კლარჯეიშვილი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. ის ხშრად იხილავდა საარჩევნო დავებს და ყოველთვის შევარნაძის ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებები გამოჰქონდა. უზენაეს სასამართლოში მოღვაწეობის დროს ის არ გამოირჩეოდა სამოსამართლეო სამართალშემოქმედებით, ურნარ-ჩვევებით და არ გამოჰქონდა ისეთი გადაწყვეტილებები, საიდანაც მისი ობიექტურობა და სამართლიანობა ჩანდა. ის იყო ჩვეულებრივი, დაშტამპული გადაწვეტილებების დამწერი მოსამართლე, თუმცა კვლავ აქვს მოსამართლედ გახდომის სურვილი. ასევე შევარდნაძის მოსამართლეობიდან მოდის და ახლახან შეუწყდა უფლებამოსილება დურმიშხან ჟორჟოლიანს. ყველამ კარგად ვიცით, როგორი იყო შევარდნაძის დროინდელი სასამართლო, რა პრეტენზიები ჰქონდა საზოგადოებას მის მიმართ. პრეზიდენტობის დროს მიხეილ სააკაშვილმა ამიტომ გაყარა ისინი სამსახურებიდან, რომ იქ დიდი კორუფცია იყო. თავად მიშას დროინდელ მოსამართლეებზე კი პრეტენზია იყო უკანონობასა და უსამართლობასთან დაკავშირებით და ა. შ. დღეს, როცა ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირისა და ნატოს წვერი ქვეყანა გავხდეთ, ისევ ძველ კადრებზე ვაჩერებთ არჩევანს, რაც ძალიან სამწუხაროა. ჟორჟოლიანსაც დიდი გარანტია აქვს, რომ ის კვლავ დაინიშნება მოსამართლედ, რადგან ადამიანი, რომელიც კარგად ერგება ორ ხელისუფლებას, მესამესაც მოერგება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოც იმ პრინციპიდან გამომდინარე მოქმედებს, ვინ არიან ეს კანდიდატები, _ მათი კლანის წარმომადგენელი და თუ სხვები და როგორ ემსახურება მათ? ამიტომაც, როცა განსხვავებულ აზრს ისმენენ, მოსამართლეები ერთიანად დგებინ ფეხზე და შეტევას ახორციელებენ: იწვევენ რიგგარეშე კონფერენციებს, სადაც მოსამართლის ეთიკისთვის შეუფერებელ განცხადებებს აკეთებენ; მათი საუბრები გამოირჩევა აგრესიული რიტორიკით. ჩვენ ვიხილეთ ისიც, თბილისის საქალაქო სასამართლოში როგორ მოუწყვეს ყოფილ ხელმძღვანელს განკითხვა, როგორი აგრესიულობით გამოდიოდნენ მოსამართლეები იქ და ჩაქოლვისკენ როგორ მოუწოდებდნენ ხელისუფლებასაც და სხვა კოლეგებსაც. სწორედ ამიტომ უნდათ, სასამართლოებში კვლავ ეს პიროვნებები დაინიშნონ. ამ ყველაფერს კი ხელს უწყობს და გვირგვინს ადგამს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რადგან მომავალ წელს ამ საბჭოს არჩევნებია და სურთ, კვლავ იგივე ხალხი, ან თავისი კლანის წარმომადგენლები გაიყვანონ. კონკურსში მონაწილეობს, ასევე, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელსაც ვადა ჯერ არ გასდის, თუმცა 100-%-იანი გარანტია აქვს, რომ კვლავ მოსამართლედ დაინიშნოს. ეს ადამიანი თამარ ალანიასთან და სხვებთან ერთად ხშირად გამოდიოდა ტელევიზიით და ლევან მურუსიძეს იცავდა. ესეც ბანდის სისხლი სიხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანია. კიდევ არიან სოსო ღურწკაია, ვანო წიკლაური, ელისო ტუკვაძე... ეს ის ხალხია, რომელიც საკუთრების უფლებებს ულახავს ადამიანებს! მოსამართლეს, რა თქმა უნდა, საკუთარი აზრი უნდა ჰქონდეს კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, მაგრამ არ შეიძლება, თეთრზე თქვას, რომ შავია. მათ საკუთარი შესაძლებლობები უკვე გამოავლინეს და ვნახეთ, რისი გამკეთებლებიც იყვნენ, ამიტომ აღარ უნდა დაინიშნონ მოსამართლეებად. შორენა წიქარიძე გახლავთ გორის მოსამართლე და ჩვენ მასზე არაერთხელ გვისაუბრია. იგი შეიძლება აღვიქვათ ერთ-ერთ ბოროტ მოსამართლედ, რომელიც პირადი გრძნობების საფუძველზე, ადამიანების გასამწარებლად იღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც კანონისა და სამართლის არანაირ ჩარჩოში არ ჯდებოდა. მას აქვს პრეტენზია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობისა, რადგან თბილისიდან გორში სიარული მოსწყინდა. ის წინა კონკურსშიც მონაწილეობდა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა. ახლა კი ტრაბახობს, რომ მიზანმიმართულად არ იხილავდა საქმეებს. იგი იმის გამო არ იწყებს ახალ საქმეებს, თითქოს გორის სასამართლოდან უნდა წავიდეს. რადგან ასე იქცევა, ალბათ, იუსტიციის საბჭომ გარანტია მისცა, რომ აუცილებლად გაუშვებენ თბილისში მოსამართლედ. _ შეიძლება, მოსამართლემ საქმეები არ განიხილოს და მაინც იღებდეს ხელფასს? ამას არავინ აკონტროლებს? _ მოსამართლეებისგან ასეთი ფაქტები ხშირია. ისინი საქმეებს მიზანმიმართულად აჭიანურებენ, თითქოს ტრენინგზე არიან, ლექციებს კითხულობენ და ა. შ. ასევე ხშირად გადიან ბიულეტენზე და თავს არიდებენ საქმეების განხილვას, რაზედაც არავინ აკონტროლებს. კიდევ ორ მოსამართლეზე მინდა ვისაუბრო _ მაკა ჭედიასა და მაკა გველესიანზე. ამ ადამიანებს იურისტის დიპლომი არ გააჩნიათ, მაგრამ მოსამართლეები იყვნენ რუსთავისა და თბილისის სასამართლოებში. ახლაც უნდათ, რომ ეს საქმიანობა გააგრძელონ. მათი დიპლომები სახელმწიფომ არ აღიარა, რადგან ის ინსტიტუტი, რომელიც დაამთავრეს, ლიცენზირებული არ იყო(!!!). მათ სასამართლოს მიმართეს და ასე დაიმტკიცეს დიპლომები. მოპასუხე მხარე განათლების სამინისტრო იყო, რადგან ატესტაციები მათი პრეროგატივაა, მაგრამ სასამართლომ მათ უთხრა, _ თქვენი გადაწყვეტილება უკანონოა და ის დიპლომები სახელმწიფო დიპლომებიაო. როცა სახელმწიფოს უკვე გაცხადებული აქვს, რა არის მისგან აღიარებული და რა _ არა, სასამართლოს რა უფლება აქვს, ჩაერიოს და აღიაროს ეს დოკუმენტი? არგუმენტად კი დაწერეს: ეს ადამიანები წლებია, მოსამართლეებად მუშაობენ, შესაბამისი კვალიფიკაცია აქვთ და ამიტომ უნდა იყოს აღიარებული მათი დიპლომები იურისტის დიპლომებადო. გაუგონარი, სამარცხვინო ამბავია! ამ ლოგიკით სასამართლოს შეუძლია, ნებისმიერ პირს მისცეს აკადემიკოსობა, პროფესორობა, გახადოს მათემატიკოსი, ქიმიკოსი და ა. შ. ამის უფლება მას არ გააჩნია, მაგრამ ხომ ხედავთ, მაინც ყველაფერს აკეთებენ.  

                                                                                ნელი ვარდიაშვილი

 

გაზიარება