„წყლის კანონი“ პირველ პრიორიტეტს სასმელი და სარეკრეაციო წყლით უზრუნველყოფას ანიჭებს, რომლის მიხედვით აუცილებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების წყაროების სანიტარიული ზონების განსაზღვრა და ასევე დადგენილია სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების ობიექტების ხარისხობრივი ნორმები. წყალმომარაგების წყაროების ხარისხობრივი ნორმები უფრო დეტალურად განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ #297/ნ ბრძანებით („გარემოს ხარისხის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, გამოქვეყნებული 16.08.20013). ამ ბრძანების მიხედვით განსაზღვრულია სანიტარიული ზონების დადგენის წესები. „საქართველოს მინერალური რესურსების შესახებ“ კანონის მიხედვით მიწისქვეშა წყლების სასმელად გამოყენება ლიცენზირებას ექვემდებარება. კანონი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ წყლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას სხვადასხვა სამინისტროს შორის ანაწილებს.
ქ. თელავის წყალმომარაგების სისტემა 21600-მდე მომხმარებელს ემსახურება, აქედან 6694 ფიზიკურ პირს და 461 ორგანიზაციას, რაც ქალაქის 92%-ს შეადგენს. სისტემა ასევე მეზობელ სოფელ გულგულას ემსახურება. მოსახლეობას წყალი მიეწოდებოდა დღეგამოშვებით, 2-3-საათიანი გრაფიკით, ასევე მიმდინარეობდა მოსახლეობისთვის წყლის მრიცხველების დაყენება, მაგრამ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ ეს მდგომარეობა არასტაბილურია.
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის #17 დადგენილების (2010 წლის 17 აგვისტო) მიხედვით, წყალმზომების მქონე მომხმარებლის გადასახადი შეადგენს 0,423 ლარს 1მ 3-ზე (წყალარინების მომსახურების ჩათვლით); ხოლო მრიცხველის არმქონე მომხმარებლისთვის გადასახადი შეადგენს 2.03 ლარს ერთ სულ მოსახლეზე. ორგანიზაცია (იურიდიული პირი) მრიცხველის ჩვენებით იხდის: 1მ 3-ს, ღირებულება შეადგენს 3.65 ლარს. საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ქ. თელავის სერვისცენტრის მიხედვით სასმელი წყლის დღეღამური მაქსიმალური ხარჯი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 800 ლიტრს (განსაკუთრებით გვიანი გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე), რომელიც წყალმზომი ხელსაწყოების გარეშეა გამოთვლილი.
ქ. თელავის წყლის მოხმარების ეს დღიური ნორმა უკიდურესად მაღალია ევროპის ქვეყნებში დადგენილ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც მერყეობს 120-150 ლ/დღ.ღ. ერთ სულზე.
2014 წელს ქალაქ თელავში სასმელი წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია და ახალი მრიცხველების დამონტაჟება იყო დაგეგმილი, რის შედეგადაც ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნებოდა. ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა განაცახადა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 4 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.
გუბერნატორის თქმით, თელავის გარდა სასმელი წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო ახმეტაში, ყვარელში, საგარეჯოში, სიღნაღში, ლაგოდეხსა და გურჯაანში, რაზედაც, ჯამურად, 30 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა.
ამ დროისთვის კი ქალაქ თელავში მოსახლეობას სასმელი წყალი ორ დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მიეწოდება.
ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ძლიერი თელავის“ თავმჯდომარე, ნიკოლოზ ვარდოშვილი, ენერგოომბუდსმენსა და სხვა შესაბამის სამსახურებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების“ საქმიანობით დაინტერესებას სთხოვს.
„ქრონიკა+“-ს ნიკოლოზ ვარდოშვილი ესაუბრება:
_ კომპანია დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს. გარდა იმისა, რომ ქალაქის მოსახლეობას წყალი დღეში 2 საათით მიეწოდება, ის სხვა ქალაქებთან და მუნიციპალიტეტებთან შედარებით გაზრდილ გადასახადსაც იხდის. აღნიშნული გრაფიკის გამო სისტემის მილები იჟანგება, ადგილობრივებამდე კი სასმელად უვარგისი წყალი მიდის.
მთავარი საკითხი, რაზედაც ყურადღება უნდა გამახვილდეს, გახლავთ წყლის ტარიფი, რომელიც თელავში მოქმედებს. მაინტერესებს, რატომ არის თბილისში წყლის გადასახადი ერთ კუბურ მეტრზე 27 თეთრი და თელავში _ 50 თეთრი?! თელავის მოსახლეობას უფრო მეტი შემოსავალი აქვს?! თბილისში 24-საათიანი წყალმომარაგებაა და ცოტა გადასახადი აქვთ, თელაველებს კი 2-საათიან გრაფიკში თითქმის ორჯერ მეტს ახდევინებენ.
აქვე ჩნდება კითხვა: რა ხარისხის წყალი მოდის ჩვენს ონკანებში? „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ რატომ გვახდევინებს ტექნიკურ წყალში სასმელი წყლის საფასურს? აღნიშნულ კომპანიაში ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადებენ, რომ წყლის ხარისხი მოწმდება, რაშიც ვეთანხმები, თუმცა მოწმდება მხოლოდ წყლის სათავეზე. როდესაც ონკანიდან წყალი დღეში 2 საათით მოგვეწოდება, სხვა პრობლემები იქმნება. მოგეხსენებათ, ქალაქ თელავის წყალგაყვანილობა გასულ საუკუნეში გაკეთდა. როდესაც წყალი არ მოდის, მილები ჟანგდება, ჭუჭყი და ნაგავი ილექება. როგორ იქნება ეს წყალი სასმელად ვარგისი, რომელიც ამ მილების გავლით მიეწოდება მოსახლეობას?! შესაბამისად, „წყალმომარაგების კომპანია“ ნუ მოიყვანს არგუმენტად იმას, რომ ყოველ დილით წყლის სინჯს იღებენ და მათსავე ლაბორატორიაში ამოწმებენ. ფაქტი ერთია, _ ონკანში მომდინარე წყალი უვარგისია და ჩვენ ამ საწამლავში ვიხდით თანხას.
რამდენიმე დღის წინათ კი „წყალმომარაგების კომპანიამ“ მოქალაქეების დაშინება დაიწყო. ანუ მეოთხე საუკეთესო წელიწადის დასასრულს თელაველებს მთავარ საარსებო საშუალებას _ წყალს ვუკეტავთ.
მოვუწოდებ ენერგოომბუდსმენს, _ დაინტერესდეს ამ ფაქტით!
მოვუწოდებ მარეგულირებელს, _ დაუყოვნებლივ გაეცნოს წყლის ტარიფის საკითხს!
მოვუწოდებ წყალმომარაგების კომპანიას, _ ნუ ემსგავსებით ქართული ხალხური ზღაპრის გმირებს და ნუ ითავსებთ ბაყბაყდევის ფუნქციას!
ამ მუქარის ფონზე ნახევარი თელავი გადათხრილია, უთავბოლოდ დაგეგმილი წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია მეორე დიდი პრობლემაა ქალაქისთვის.
გასაოცარია, წინა ხელისუფლება ასეთ სიბეცეს საარჩევნო წელს მაინც არ აკეთებდა, ესენი კი ყველაფერს უკუღმა აკეთებენ.
,,ქრონიკა+“ ინფორმაციის გადამოწმებას კახეთის წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელთან - გურამ წულუკიძესთან შეეცადა:,,არ ვაკეთებ კომენტარს. დაუკავშირდით პრესსამსახურს!“
,,ქრონიკა+“-ის შემხვედრ კითხვაზე - იქნებ საკონტაქტო პირის კოორდინატები მაინც გადმოეცა, ასევე მოკლე განმარტება მივიღეთ: ,,არ ვიცი, ვინ არის რეგიონული ორგანიზაციის პრესსამსახური და არც მისი ტელეფონის ნომერი მომეპოვება.“
მაკა მოსიაშვილი