QronikaPlus
გია ჟორჟოლიანი: „ქართულ ოცნებასთან“ ერთიანი საარჩევნო სია გვექნება

გია ჟორჟოლიანი: „ქართულ ოცნებასთან“ ერთიანი საარჩევნო სია გვექნება

2016-06-19 10:15:37

„სოციალ-დემოკრატიული პარტია“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გადის. პარტიის ლიდერის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, შემდეგ მთავრობას მათი უმრავლესობა დააკომპლექტებს და ამას კოალიციური რეჟიმი არ დასჭირდება. „ქრონიკა+“ „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, გია ჟორჟოლიანს ესაუბრება: _ ბატონო გია, „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო კოლეგიის გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ? _ სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩვენი ხელისუფლება არ ერევა. მეც არ ვერევი და საჭიროდ არ მიმაჩნია ამის კომენტირება. იმედი მაქვს, რომ სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს. _ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თუ ტელეკომპანიის მფლობელების ცვლილება მოხდება, ამან შეიძლება არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის პრობლემა წარმოშვას. თქვენი პოზიცია როგორია? _ არ მესმის, ეს როგორ შეიძლება მოხდეს? როგორ შეიძლება, სასამართლო გადაწყვეტილებამ დღის წესრიგში არჩევნების ლეგიტიმურობის პრობლემა დააყენოს? მე აქ ვერავითარ კავშირს ვერ ვხედავ. ეს არის დავა მესაკუთრეებს შორის. რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას, სიმართლე გითხრათ, ამ მოდავე მხარეებიდან არც ერთის მფლობელობის დროს სარედაქციო პოლიტიკა არ მომწონდა. მაგრამ მიმაჩნია, რომ სადღეისოდ „რუსთავი 2“-მა ის სარედაქციო პოლიტიკა უნდა წარმართოს, რომელიც მის დღევანდელ ხელმძღვანელობას მართებულად მიაჩნია. და ეს არაობიექტურად კრიტიკული მაუწყებლობა და სარედაქციო პოლიტიკა მაინც უნდა შენარჩუნდეს. _ როგორ ფიქრობთ, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გარკვეული შეფერხებები რას უკავშირდება? _ ძალიან მკაფიო და აშკარაა, რომ ეს დაკავშირებულია იმ მიგრაციულ კრიზისთან, რომელიც ევროპაში უკვე კარგა ხანია, მიმდინარეობს, მაგრამ დღეისთვის უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. მით უმეტეს, ურთიერთობა დაიძაბა თურქეთთან და ეს ხანგრძლივი პროცესია, რაც გარკვეული მექანიზმების შემოღებისკენ უბიძგებს ევროკავშირს. მაგრამ ეს არ შეეხება ვიზალიბერალიზაციას, კერძოდ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის მოხსნას. მაგრამ ამას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, რომ ყველაფერი საერთო კონტექსტში მოექცეს. _ ევროკავშირის მხრიდან სავიზო რეჟიმის მოხსნა შემოდგომისთვის განხორციელდება? _ პროცესს დიდი დრო არ დასჭირდება, დაზუსტებით ვერ გეტყვით. დეტალურ პროცედურებზე ვერაფერს ვამბობ, საერთო-პოლიტიკური კონტექსტი მოგახსენეთ და მთავარი მიზეზი ეს არის. დანარჩენი, ყველა შემთხვევაში, ეს პროცესი წარმატებით დასრულდება და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ.  ასევე ვფიქრობ, რომ თქვენ მიერ დასახელებული დრო შესაძლოა, რეალური იყოს. _ ბიძინა ივანიშვილის ბოლო წერილი რამდენად ასახავს ქვეყნის ამჟამინდელ რეალობას? _ წერილის პათოსს მთლიანად ვიზიარებ. ამ წერილში განსაკუთრებით ორ მომენტს გამოვყოფდი, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. ერთი, ეს არის დემოკრატიული წესრიგისა და ეკონომიკური განვითარების ურთიერთმიმართება, რაზედაც ბატონი ბიძინა საუბრობს. რასაკვირველია, ვიზიარებ იმას, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგი, ასევე სიტყვის თავისუფლება დამკვიდრდა. რეპრესიები, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, აღარ ფუნქციონირებს. საპატიმროებში წამება არ ხდება, რეჟიმი ავტორიტარული აღარ არის და ა. შ. მაგრამ ყველაფერ ამას საფრთხე დაემუქრება, თუ არ შეიცვალა ის სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება. სწორედ ეს არის კავშირი დემოკრატიულ პროცესსა და ეკონომიკურ განვითარებას შორის. ასევე ვიზირებ იმას, რომ ჩვენ ეს უნდა შევაფასოთ, გავაანალიზოთ და დავსახოთ გეგმები, რეგიონული და გლობალური განზომილებების გათვალისწინებით. ჩვენ არ ვართ იზოლირებული ქვეყანა, დღეს სამყარო გლობალურია, ინტეგრირებულია და ყველა ეს პროცესი ჩვენზე ზეგავლენას ახდენს. 2008 წლის კრიზისიდან მოყოლებული, ჯერ ამერიკაში იყო მძიმე მდგომარეობა. დღეისთვის ეს ვითარება აშშ-ში გამოსწორებულია. ევროპაში იყო და ახლაც შენარჩუნებულია სირთულეები, პრაქტიკულად, ევროპული ეკონომიკის ზრდა არ არის. რაც შეეხება რეგიონში ჩვენს მეზობლებს, აქ ეკონომიკის დაცემას ვხედავთ. ამ ვითარებაში საქართველო მცირე და ძალიან უმნიშვნელო ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ინარჩუნებს სტაბილურ და მშვიდობიან მდგომარეობას რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში. ასეთ რეალობაში მგონია, რომ ჩვენ სწორი ორიენტირები უნდა ავარჩიოთ. ეს ორიენტირები, მეტ-ნაკლებად, ამ წერილშიც წარმოდგენილი იყო. მგონი, საკმაოდ კარგად გახლდათ ჩამოყალიბებული პრემიერის ოთხ პრიორიტეტში და ასევე ბიძინას ინტერვიუში ჟურნალისტებთან საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ წარმოება და განსაკუთრებით მაღალი ტექნოლოგიები განვითარების ერთადერთი გზაა. რასაკვირველია, უარი არ უნდა ვთქვათ არც აგრარულ სექტორზე და არც ტურიზმზე, მაგრამ ეს არის მთავარი გზა.მეორე, რასაც ეკონომიკის გარდა ხაზს გავუსვამდი, _ ჩვენი ძალიან მკაფიო და ნათელი, დასავლური, პროევროპული ორიენტაციის პირობებში, განვითარების უმთავრესი რესურსი ჩვენი კულტურა და ხალხია. სწორედ ამ კულტურასა და ტრადიციებზე დაყრდნობით, ადამიანურ რესურსზე დაყრდნობით შევძლებთ ქვეყნის განვითარებას. _ ივანიშვილის ხელმძღვანელობით სათავეში მოსულმა კოალიციამ რისი განხორციელება ვერ მოახერხა? _ სისტემის დემონტაჟის თანდათანობითი გზა ავირჩიეთ. მაგალითად, სამართალდამცველ სფეროში პროცესი თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ, მათ შორის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, შსს-ში, უშიშროებაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. ასევე პროცესი დაიწყო და, ალბათ, კიდევ უნდა გაგრძელდეს სასამართლო სისტემაში. სოციალური საკითხების გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი წარმატება იყო ჯანდაცვის სისტემაში. რაც შეეხება განათლების სისტემას, ამას მეტი ენერგია, ფინანსური რესურსი სჭირდება. ჩვენი ეკონომიკის განვითარება სწორედ ამ პროცესზე არის დამოკიდებული. ჯერჯერობით, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ მოვახერხეთ საჭირო რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით უმაღლეს განათლებასა და კვლევებში. თუმცა აქ უკვე დაიწყო ორი პროექტი, რომელიც ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება. ცხადია, ეს არასაკმარისია, მარგამ მნიშვნელოვანი ორიენტირები შეიძლება იყოს. _ ივანიშვილის კიდევ ერთხელ აქტიური ჩართვა საარჩევნო პროცესში „ქართულ ოცნებას“ რას მოუტანს? _ ივანიშვილის აქტიურად ჩართვა, მგონია, რომ პროცესს ნორმალური მიმართულებით წაიყვანს და არა კინკლაობის გზით. ბატონ ბიძინას მაღალი საზოგადოებრივი ავტორიტეტი და ნდობა აქვს. მგონი, ეს „ქართული ოცნების“ წარმატებას მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს. _ ისიც ვთქვათ, კოალიციის შიგნით გზები რატომ გაიყო და თქვენი პარტიის პოზიცია სად არის ამ ყველაფერში? _ სოციალ-დემოკრატები დაახლოებით იმავე პლატფორმაზე ვართ, რაზეც „ქართული ოცნებაა“. ჩვენ მემორანდუმიც გვაქვს გაფომებული „ქართულ ოცნებასთან“ მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. მათთან ერთად მივიღებთ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება კოალიციაში გზების გაყოფას, მაშინ სხვა ამოცანები იდგა _ ეს არას თქმაზე აგებული; ანუ `არა~ იმ რეჟიმს, რომლიც ქვეყანაში მძვინვარებდა. მაშინ ყველა დემოკრატიული ჯგუფი აღნიშნულ კოალიციაში გაერთიანდა. არა მხოლოდ კოალიცია, ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი ამ პოზიციას იზიარებდა. დღეისთვის არ დგას საკითხი „არა“, არამედ „კი“. ალბათ, ამიტომაც, პროცესი ამ გზით წარიმართება. _ თქვენთან ერთად არჩევნებზე კიდევ რა ძალები გამოვლენ? _ ჩვენ ეს მემორანდუმი გვაქვს, მაგრამ ამას კოალიციის ფორმა არ ექნება, ერთიანი საარჩევნო სია გვექნება და კანდიდატებს ერთობლივად დავასახელებთ. ჩვენთან შეიძლება კიდევ სხვაც იყოს, ამის თაობაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. _ რა შედეგებს იმედოვნებთ არჩევნებზე? _ „ოცნება“ სერიოზულ უმრავლესობას მიიღებს. _ მთავრობის დაკომპლექტების პროგნოზი როგორია? _ მთავრობას საპარლამენტო უმრავლესობა დააკომპლექტებს და ეს მაჩვენებელი საკმარისზე მეტი იქნება. ამას კოალიციური რეჟიმი არ დასჭირდება.

                                                                                                       გელა მამულაშვილი

 

გაზიარება