დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკური მდგომარეობა სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება კრიზისს. ამერიკაში ღია ქსენოფობი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი გახდა. ევროპას ახლო აღმოსავლეთიდან და შუა აზიიდან უკვე მილიონობით დევნილი მოაწყდა, რომელთა მიღებაც თვით ძველი კონტინენტის მოსახლეობასაც კი აღარ უნდა და აქაც იმძლავრა ქსენოფობიურმა და უკვე ნეონაცისტურმა განწყობებმა.
პოლიტიკური ისტებლიშმენტი კორუფციაშია ჩართული, პანამის დოკუმენტების წყალობით მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ `ლიბერალური დემოკრატიის~ პლიტიკურ ლიდერთა კლასი საოცარ კორუფციაშია ჩაბმული. ჰილარი კლინტონის ჩანაწერების გამოძიება აჩვენებს, რომ ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნისას აშკარად არღვევდა ეთიკურ წესებს, კანონმდებლობაზე რომ არ ვილაპარაკოთ.
მოკლედ, `ახალი მსოფლიო წესრიგი~ უდიდესი კრიზისის მდგომარეობაშია.
XX საუკუნის მიწურულის ერთ-ერთმა გამოჩენილმა სოციალურმა და პოლიტიკურმა მეცნიერმა, ჯონ ბარტონმა, დაწერა, რომ მეორე ათასწლეულის ბოლოს კაცობრიობა ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. კაპიტალიზმმა და კომუნიზმმა ამოწურეს საკუთარი პოტენციალი და ახალი სისტემის შექმნა გახდა საჭირო, რომელიც ორივეს ნაკლოვანებებს გამოასწორებდა და ორივე სისტემის პოზიტივს შეინარჩუნებდა. კაპიტალიზმში ბარტონი არ გულისხმობდა ანტერპრენიორული ლიბერტარიანობის კრეატიულ ძალას, რომელიც შემოქმედებითი ნიჭით უამრავ ახალ პროდუქტს და შესაძლებლობას ქმნის. არც კომუნიზმში გულისხმობდა ბერნსტაინის სკანდინავიურ მემარცხენე მოდელს, რომელმაც თანამედროვე ევროპული `კეთილდღეობის საზოგადოება~ მოიტანა. რა თქმა უნდა, ბარტონი გულისხმობდა, ერთი მხრივ, სოციალურ დარვინიზმს და დაუნდობელ კონკურენციას, რომელიც ადამიანებს ანადგურებს და, მეორე მხრივ, ბოლშევიკურ პირდაპირ ძალადობას, რომელმაც, აგრეთვე, მილიონობით ადამიანი გაჟლიტა. ამ სისტემებმა არ გაამართლა. და ამ ორივე სისტემას რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიშან-თვისება აერთიანებდა.
1. მათ შორის პირველი იყო ძალადობის დოგმატური აღიარება, როგორც პრობლემის გადაჭრის ერთადერთი და ყველაზე ეფექტიანი გზის. აქ იგულისხმება არა მარტო პირდაპირი, ანუ ფიზიკური ძალადობა _ არამედ სტრუქტურული და კულტურული ძალადობაც. სტრუქტურული ძალადობაა სოციალური და ეკონომიკური ჩაგვრა _ მარქსისტულად რომ ვთქვათ, კლასობრივი დომინაცია, რომელსაც ერთი მუჭა მდიდრები ახორციელებენ მილიარდობით ღარიბი და ღატაკი ადამიანის წინააღმდეგ; კულტურული ძალადობა კი რელიგიური ფუნდამენტალიზმი და ეთნიკური ფაშიზმია, სადაც ადამიანებს იდენტობის მიხედვით გადაარჩევენ და სიცოცხლის შესაძლებლობას განუსაზღვრავენ; ქონებრივი მდგომარეობისა და იდენტობის მიხედვით ადამიანების იერარქიულად მოწყობა არანაკლები ძალადობაა, ვიდრე ადამიანის ცემა, წამება თუ მოკვლა, რადგან ეკონომიკური და სოციალური ჩაგვრის შედეგიც იგივეა. დაჩაგრული ადამიანები, საბოლოო ჯამში, გალახულები, ნაწამები რჩებიან და ამ წამებით კვდებიან. ეს არის ჩვენი დღევანდელი დღის მწარე სიმართლე, რომელსაც აუცილებლად უნდა გავუსწოროთ თვალი. დღეს საქართველოში ღირსეულად 100 ათასზე ნაკლები ადამიანი თუ ცხოვრობს რეალურად _ დანარჩენი არსებობისთვის იბრძვის, ან უკვე სულს ღაფავს. ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, ზოგიერთმა `ეკონომისტმა~ სხვა ფაქტორები და ფიგურები წარმოაჩინოს და თქვას, რომ სხვადასხვა მსოფლიო ბანკისა თუ რეკონსტრუქციის ბიუროს მონაცემებით ასეთი კატასტროფული მდგომარეობა არ გვაქვს, _ მაგრამ სინამდვილე ყველამ კარგად ვიცით. ეს გაჭირვება იმდენად თვალში ხვდება ადამიანს, რომ შეუძლებელია, მისი ასე ხელაღებით უარყოფა. პრობლემის ძირი კი ერთია _ იერარქიული პირამიდის კენწერო _ სოციალურ-ეკონომიკური `თავი~ ზედმეტად პატარაა, ძირი კი ზედმეტად დიდი. არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომაც ამომრჩევლების დიდი უკმაყოფილებაა ყველგან;
2. კაპიტალისტური და კომუნისტური იდეოლოგიების ძირი მატერიალისტური რელიგიაა. უოლტერ ბენიამინს კარგად აქვს აღწერილი კაპიტალიზმის რელიგიის ნიშან-თვისებები. მისგან მცირე ასპექტებით თუ განსხვავდებოდა ბოლშევიკური მატერიალისტური რელიგია. ორივე ამ სისტემაში მთავარი იყო იერარქიულ კიბეზე მიღწეული `წარმატება~, რაც, უმთავრეს შემთხვევაში, `სხვის ხარჯზე~, ანუ `სხვასთან კონკურენციაში~ მიიღწეოდა. მატერიალისტური რელიგიის მთავარი ნაკლოვანება ის აღმოჩნდა, რომ მას გამოეცალა მთავარი ეთიკური პრინციპი _ ადამიანური სიყვარულისა და თანადგომის შესაძლებლობა და პოტენცია. თუკი კაცობრიობამ დღევანდლამდე მოაღწია და გარკვეულ პროგრესსაც მიაღწია, ეს სწორედაც რომ სიყვარულის, ურთიერთთანამშრომლობისა და თანადგომის ხარჯზე ხდებოდა. ლიბერალურ კაპიტალიზმში მატერიალური რესურსების უკმარისობა ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომელიც ადამიანებს ურთიერთთანადგომის საშუალებას არ აძლევს _ მეტიც, უკრძალავს მათ ამას. ბოლშევიკების შემთხვევაში ეს იყო პოლიტბიუროს კიბეებზე მავალი ძალაუფლების უკმარისობა და ამ უკმარისობის შიშით ერთმანეთის ხოცვა. ამაზე ბევრმა მოაზროვნემ და ფილოსოფოსმა დაწერა. გასული საუკუნის ორი წამყვანი სისტემის _ კაპიტალიზმისა და კომუნიზმის _ კრიზისის მთავარი მიზეზი მისი მატერიალისტური ფსევდორელიგიის სულიერებისგან დაცლა იყო. ამ მშრალ დისკურსში ადგილი აღარ დარჩა სიყვარულისთვის და, აქედან გამომდინარე, ადამიანმა ამ სამყაროში საკუთარი რეალიზაციის ყველაზე ღირებული მომენტი დაკარგა. ამას მოჰყვა ის ჰოლოკოსტი და საშინელებები, რომელიც XX საუკუნის კაპიტალიზმმა და კომუნიზმმა მოიტანეს;
3. ეს ორივე სისტემა იყო რასისტული იდენტობის პოლიტიკაზე დაყრდნობილი ფსევდომოძღვრება და ძალიან დაუნდობელი იმპერიალისტური პრაქტიკა. ისევე როგორც ბოლშევიზმის ცისფერთვალება რუსი აპოლოგეტები ქართველებს და სომხებს `შავტრაკებს~ უწოდებდნენ, ასევე ამერიკელი რასისტები შავკანიანებს ლინჩის წესით ასამართლებდნენ. დღესაც, თანამედროვე ლიბერალურ-დემოკრატიულ სამყაროში, რასიული სამართლიანობა ძალიან მცირეა. ძირითადად ძალაუფლება და კორპორაციული ბორდები თეთრკანიანი მამაკაცების ხელშია, რომლებიც მსოფლიო რესურსების დიდ ნაწილს ფლობენ, თუმცა ისინი უმრავლესობას არ წარმოადგენენ. საბჭოთა კავშირი ისეთივე რასისტული ქვეყანა იყო (თუმცა, შეიძლება, ნაკლებად ეთნოცენტრისტული), როგორც წამყვანი ევროპულ-ამერიკული `თეთრკანიანი~ იმპერიები. აქაც კანის ფერი ძალიან ბევრის ბედს წყვეტდა და წყვეტს;
4. კაპიტალიზმიც და კომუნიზმიც ორივე ქალის ჩაგვრაზე იდგა. ორივეგან ქალი მოიაზრებოდა, როგორც მმართველი მამაკაცის შინაური მონა _ მას მხოლოდ მხევლის და რეპროდუქციის როლი ეძლეოდა და იშვიათ შემთხვევაში, Pღ-ის მიზნებისთვის კოსმოსშიც შეიძლებოდა გაეშვათ. მაგრამ, სინამდვილეში, ეს სისტემები საკმაოდ მძაფრად სექსისტური იყო. და ეს სექსიზმი (ანუ ქალების ჩაგვრა) არ გამოიხატებოდა მხოლოდ იმით, რომ `საქმიანი ბიძიკოები~ საკუთარ ცოლებს სამზარეულოს დანამატებად ხდიდნენ, არამედ იმით, რომ ე. წ. ილუმინატორული `ლოგოცენტრისტული აზროვნება~ იყო გამოცხადებული ოპერაციის ერთადერთ ხერხად. ჟაკ დერიდამ ილუმინატ ჟან ჟაკ რუსოს `დიდი მასტურბატორი~ უწოდა და თავის `გრამატოლოგიაში~ კარგად წარმოაჩინა ე. წ. განმანათლებელთა ძალადობა, ისევე როგორც მიშელ ფუკომ თავის სხვადასხვა ნაშრომში. ამ თემაზე ცნობილ კანადელ მწერალსა და მოაზროვნეს, ჯონ როლსტონ სოულს, არაჩვეულებრივი შრომა აქვს დაწერილი ილუმინატების გადახვევების შესახებ, სახელად `ვოლტერის ნაბიჭვრები~. ლოგოცენტრიზმის პირდაპირი შედეგი იყო გერმანული ნაციზმი, იტალიური ფაშიზმი და საბჭოური ბოლშევიზმი. მეცნიერული ნარატივის გაღმერთებამ და ყოველივე ინტუიტურის აპრიორულად უარყოფამ _ რაც თავისთავად არაჩვეულებრივად სექსისტური და პატრიარქალური აქტია _ გამოიწვია მშრალი, დაუნდობელი გონების ბატონობა, რაც, თავისთავად, ჰოლოკოსტის ფორმულაა. ინტუიციას და ჯანმრთელ ემოციას მოკლებული `აზროვნება~ აღარ არის ადამიანური მოღვაწეობის სრულფასოვანი პროდუქტი. ის მხოლოდ `ფალოსზე დამყარებული~ მოქმედების წესია. დღევანდელი დღის გამოჩენილი ფემინისტი მოაზროვნე, ჯუდით ბატლერი, დერიდას მიერ ასე კარგად დეკონსტრუირებულ ლოგოცენტრიზმს `ფა-ლოგო-ცენტრიზმად~ ნათლავს და სამართლიანად ამბობს, რომ `ლოგოსის~, ანუ `უემოციო ლოგიკის~ ასეთი უპირობო გამეფება არის პატრიარქალური ძალადობრივი კულტურის ნაწილი. უცნაურია, მაგრამ ტრადიციულ რელიგიებში და ხელოვნებაში ბევრად მეტია ფემინური და ზოგადადამიანური ელემენტები, ვიდრე მეცნიერულ-მატერიალისტური რელიგიის წიაღში. ჯორჯო აგამბენი თავის `აუშვიცის ნარჩენებში~ ძალიან კარგად წერს, რომ ნაცისტური ჰოლოკოსტის `საბოლოო გადაწყვეტილების~ გეგმა სწორედაც რომ ფსევდომეცნიერული და მატერიალისტური რელიგიის _ ილუმინატორული პროჯექციის ნაწილი იყო.
პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დღევანდელი `ლიბერალურ-დემოკრატიული სისტემაც~ _ ჩვენი `ახალი მსოფლიო წესრიგიც~ დიდ კრიზისშია დღეს. ამერიკაში შექმნილი პოლიტიკური სურათი ამის ძალიან კარგი მაგალითია. ყოვლად წარმოუდგენელი იყო, რომ დონალდ ტრამპის მაგვარი მასხარა კანდიდატი ხმების მნიშვნელოვან რაოდენობას აიღებდა, არათუ ის, რომ აბრაჰამ ლინკოლნის პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდებოდა. ტრამპი ხშირად აშკარად ქსენოფობიურ და ნაცისტურ კომენტარებს აკეთებს და ამას უკვე ყველა შეეჩვია. მაგრამ ზოგიერთ მიმომხილველს უკვე გულწრფელად ეპარება ეჭვი, რომ ტრამპი მთელ ამერიკულ საარჩევნო სისტემას ამასხარავებს _ ის ალბერ კამიუს `კალიგულას~ მსგავსად ცდილობს ნახოს, თუ სად არის ადამიანების ბანალური კონფორმიზმის ლიმიტები. მეორე მხარეს კი კლინტონების კლანის წარმომადგენელი ჰილარი კლინტონია, რომელიც, აგერ უკვე, მეორედ ცდილობს, რომ პრეზიდენტი გახდეს და, აგერ უკვე, მეორედ უჭირს პრაიმერების მოგება. ახლა მას გაცილებით უფრო ადვილად დასაძლევი მეტოქე ჰყავდა, ვიდრე ეს 2008 წელს ბარაკ ობამა იყო. ბერნი სანდერსი ასაკითაც დიდი ხანია, გასცდა საპრეზიდენტო ნიშნულს და ფილოსოფიითაც საკმაოდ მარგინალურ პოზიციაზე იდგა. თუმცა ჰილარი კლინტონის მიმართ ხალხის ანტიპათია იმდენად დიდია, რომ მილიონობით ადამიანმა მის სრულიად არაშესაბამის კონკურენტს მისცა ხმა. დღეისთვის ვერმონტის შტატის სოციალისტმა სენატორმა (სიტყვა `სოციალისტი~ ამერიკაში აქამდე სალანძღავი იყო) არჩევნები 20 შტატში მოიგო და ფულიც არანაკლები შეაგროვა უბრალო ამომრჩევლისგან. ჰილარი მისი ქმრის პოლიტიკური მანქანის დახმარებით მაინც იმარჯვებს, მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას, _ უკვე ბევრი ეჭვობს, რომ ნოემბრის არჩევნებზე ქალბატონ კლინტონს ბევრი დაუჭერს მხარს. ამას კიდევ ზურგს უმაგრებს ის, რომ ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი რამდენიმე სკანდალშია გარეული. სულ ახლახან გამოქვეყნდა ახალი მასალები მისი არასწორი ქმედებების შესახებ სახელმწიფო სამდივნოში.
არც ევროპის პოლიტიკური ლიდერები გამოირჩევიან დიდი სისპეტაკით. ბერლუსკონიზე და სარკოზიზე ბევრს არაფერს ვილაპარაკებთ, მაგრამ კორუფცია შეპარულია როგორც მემარჯვენე (სახალხო პარტიები), ასევე მემარცხენე ცენტრისტულ ძალებში. `ლიბერალურ დემოკრატიული სისტემა~ საფრთხეშია. ამას ემატება ის ფაქტი, რომ ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში ნავთობის ინტერესებისთვის გაჩაღებული ომების შედეგად აზიიდან და აფრიკიდან ევროპისაკენ ფეხით დაიძრა 60 მილიონი ადამიანი, რომელიც ომებს, სიღატაკესა და გაუსაძლის პირობებს გაურბის. ევროპას ამდენის მიღება არ შეუძლია. აქედან გამომდინარეც იქმნება დიდი კრიზისი.
ეს ყველაფერი დიდი ძალადობის შედეგია. არა მხოლოდ პირდაპირი ძალადობის, რომელიც `ვოლტერის ნაბიჭვრებმა~, ანუ დღევანდელმა ილუმინატებმა მთელ მსოფლიოს დაატეხეს, არამედ იმ სტრუქტურული და კულტურული ძალადობისა, რომელიც არანაკლებ საშიშია მთელი კაცობრიობისთვის.
რატომ უნდა გადავაჭარბო, თუკი ვიტყვი, რომ კაცობრიობა ახალი ბირთვული ომის კარიბჭესთან დგას?.. თუმცა ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს მალევე მოხდეს. ცხადია, ეს არავის უნდა _ თვით ყველაზე გადარეულ `ვოლტერის ნაბიჭვრებსაც~ კი. მაგრამ ერთი რამ კი ცხადია _ თუ ჩვენ არ მოვიფიქრებთ ძალადობის ალტერნატიულ პოლიტიკურ გზას, არ შევქმნით ახალ პოლიტიკურ ფილოსოფიას, რომელიც არაძალადობას დაეყრდნობა _ არაფერი გამოვა.
არაძალადობა, როგორც პოლიტიკური ფილოსოფია, არ ნიშნავს მხოლოდ პირდაპირ ძალადობაზე, ანუ ადამიანის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ან მკვლელობაზე უარის თქმას _ ეს ნიშნავს ბევრი ტიპის დომინაციისა და ჩაგვრის გაუქმებას. თავისუფლება და თანასწორობა არის წამალი ბევრი სოციალური დაავადების.
და, ამავე დროს, უოლტერ ბენიამინს რომ დავესესხო ისევ, კაპიტალიზმისა და კომუნიზმის რელიგიები, მოკლედ ილუმინატორული ზმანებები, ნამდვილმა სულიერმა მრწამსმა უნდა შეცვალოს. მე არ ვამბობ, რომ ნამდვილი მრწამსი არ არსებობს _ ის არსებობს მილიონობით ადამიანში, შეიძლება მეტშიც, მაგრამ ის არ არსებობს ელიტებში და ეს ელიტები დღეს კაცობრიობას თავს ახვევენ მატერიალიზმის მონობას. მატერიალიზმმა კი დღეს კატასტროფის პირას მიიყვანა კაცობრიობა. თვით რელიგიურ-ფუნდამენტალისტური ექსტრემიზმიც მატერიალისტური რელიგიის უკუჩვენებაა.
თანამედროვე პოლიტიკური ელიტები პიერ პაოლო პაზოლონის გენიალური სურათის `სალო, ანუ სოდომის ორმოცი დღე~ პერსონაჟებს ჰგვანან _ ისინი მუდმივად ძალადობენ ერთმანეთზეც და სხვებზეც და ისინი დაღუპვის პირას არიან. ეს ელიტები გადაშენების პირას დგანან.
`ვოლტერის ნაბიჭვრების~ საბანკო აფერების წყალობით უსაზღვროდ არიან უკვე გამდიდრებული _ მათ ხელში ტრილიონობით ქონებაა. მაგრამ იმის მაგივრად, რომ ამ ქონებით ახალი შესაძლებლობები შექმნან, ისინი ერთმანეთს აუპატიურებენ, აწამებენ, კლავენ _ და არა მარტო ერთმანეთს _ პირველ რიგში, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის ღარიბ და ღატაკ უმრავლესობას.
მაგრამ ხალხის მოტყუება უსასრულოდ შეუძლებელია. ჯონ როლსტონ სოულისა არ იყოს, `ვოლტერის ნაბიჭვრების~ ტყუილებს ყავლი გაუვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად გაზეთილი მანქანა ემსახურება.
ხალხი მალე ქუჩაში გამოვა მთელ მსოფლიოში.
ჩვენი ვალი კი ის არის, რომ შეიქმნას სიყვარულის ნამდვილი დოქტრინა _ ხედვა, რომელიც კაცობრიობას გადაარჩენს `ვოლტერის ნაბიჭვრების~ მიერ დატრიალებული `სალოსგან~.
გენიალური რეჟისორი იყო პიერ პაოლო პაზოლინი. მას არც ირონია აკლდა და არც საკუთარ თავს აღმერთებდა.
პაზოლინის უკანასკნელი სურათი სწორედ `სალო~ იყო. მისი დამთავრებიდან სულ ცოტა ხანში ის სწორედ იმ ელიტების წარმომადგენლებმა და გულშემატკივრებმა მოკლეს, რომელთაც ის ასე მწარედ აკრიტიკებდა თავის გენიალურ სურათში.
პაზოლინიმ პირდაპირ და ყოველგვარი შელამაზების გარეშე დაგვანახვა დღევანდელი მსოფლიოს საოცარი კორუფცია. ოღონდ ეს მან 40 წლით ადრე განჭვრიტა.
ირაკლი კაკაბაძე