„ქრონიკა+“-ის #18-ში დაიბეჭდა წერილი სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში მცხოვრები სამი სოციალურად შეჭირვებული მოქალაქის შესახებ, რომელთაც, როგორც თავად განგვიცხადეს, სახელმწიფოსგან დანიშნული სოციალური დახმარება, გაურკვეველი მიზეზების გამო, მოუხსნეს. „ქრონიკა+“ კახეთში, მათ ოჯახებში, თავად იმყოფებოდა. ეს ადამიანები გვესაუბრნენ სოციალური აგენტების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე - რომ მათ მონაცემები გაუყალბეს, რათა დახმარება ვეღარ მიეღოთ.
ამჯერად კვლავ ერთ-ერთ მათგანზე, ქიტესა ხუციშვილზე უნდა ვისაუბროთ, რომელსაც ერთი ფეხი ბავშვობიდან არ გააჩნია, კომუნისტების დროინდელი ხის პროთეზი კი დაემტვრა და გადაადგილება თითქმის აღარ შეუძლია. როგორც მან გვითხრა, საშუალება არ აქვს ექიმთან მივიდეს, ამიტომ ხის „ფეხი“ საკუთარი სახსრებით „გაარემონტა“ და მავთულებით გადააბა. მისი ერთადერთი იმედი ცხენია, რადგან გადაადგილებას მხოლოდ მარხილით ახერხებს, მაგრამ ფიქრობს, რომ, ამჯერად, მისი დამღუპველიც სწორედ ეს ცხენი აღმოჩნდა, რადგან სოცაგენტმა იმის გამო დაუწერა მაღალი შეფასებები, რომ მის ფარეხში ცხენი დაინახა, სახლის დაბზარულ კედლებს, გამოცარიელებულ მაცივარსა და საპურეს კი ყურადღება არ მიაქცია.
ვაქირელი გაჭირვებულების ისტორიების მოსმენის შემდგომ, ცხადია, სოციალური მომსახურების სააგენტოს დავუკავშირდით და თითოეული მათგანის ამბავი გადავეცით. პრესსამსხურის ხელმძღვანელმა მათი მონაცემები გადაამოწმა, რის შემდგომაც ქიტესა ხუციშვილზე გვითხრა, რომ მონაცემებში შრომისუნარიანი ეწერა. შეგვპირდა, თუ ქიტესა სააგენტოს დაუკავშირდებოდა, პროთეზის გამოცვლაში აუცილებლად დაეხმარებოდნენ, რადგან ასეთი დახმარების პროგრამა არსებობს და მთლიანად თუ ვერა, თანადაფინანსებით მაინც შეძლებს ახალი პროთეზის გაკეთებას.
„ქრონიკა+“-ში დაბეჭდილი წერილი, თავისი კომენტარით, ცხადია, ხუციშვილებმაც წაიკითხეს, რის შემდეგაც ქიტესას მეუღლე, სიტუაციის უკეთ გასარკვევად, ქალაქ წნორში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოში ჩავიდა და მეუღლისთვის დაპირებული და კუთვნილი დახმარების მიღება მოითხოვა.
ლენა ხუციშვილი, ქიტესა ხუციშვილის მეუღლე:
_ სააგენტოში სპეციალისტი მარიკა ოთარაშვილი დამხვდა, რომელსაც მისვლის მიზეზი ავუხსენი და ისიც ვუთხარი, რომ ჩემი ოჯახის პრობლემის შესახებ გაზეთ „ქრონიკა+“-ში სტატია გამოქვეყნდა. მან მიპასუხა, რომ განცხადების დაწერა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შემეძლო. ამის მერე სიღნაღის რაიონის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელს _ ზურაბ ზურაბაშვილსაც შევხვდი. მისი თქმით, ჩვენ ჟურნალისტის საქმე გავაკეთეთ, _ წერა მათი ვალიაო. მანაც ყველაფერზე უარი განგვიცხადა, მათ შორის, პროთეზის გამოცვლაზეც, რის შემდეგაც ვუთხარი, _ ე. ი. თქვენ ჟურნალისტი მოატყუეთ, აბა, რატომ წერს, პროთეზის აღდგენაში სახელმწიფო თანადაფინანსებით დაგეხმარებათ და `სობესს” განცხადებით მიმართეთო? გაბრაზებულმა ვერ მოვითმინე და ისიც ვკითხე, _ სხვას თუ ვერაფერს აკეთებთ, არაპროფესიონალი აგენტი მაინც გაათავისუფლეთ, ჩემსავით გაჭირვებული კიდევ არ გააუბედუროს-მეთქი. ზურაბაშვილი არც გაზეთ „ქრონიკა+“-ით დაინტერესდა, რომელიც თან მქონდა და არც ჩემი ოჯახის უბედურებით. კარამდე გამომაცილა იმის მტკიცებით, რომ ჩვენ, თურმე, დახმარება არ გვეკუთვნის და სხვები უფრო გაჭირვებულები არიან. დავპირდი, რომ ამას ასე არ დავტოვებდი, _ მინისტრამდე ჩავიდოდი და აუცილებლად გავაგებინებდი ყველას, რას წარმოადგენს ეს ხალხი!
ამის შემდეგ „ქრონიკა+“ კვლავ დაუკავშირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსხურის ხელმღვანელს, ტატა გამყრელიძეს და წერილის კომენტარი შეახსენა, რომელიც რამდენიმე კვირის წინათ მისცა:
_ ტატა, ჩვენ დაგვიკავშირდა ქიტესა ხუციშვილის მეუღლე, რომელიც წნორში, სიღნაღს სოციალური მომსახურების სააგენტოში თქვენი კომენტარის საფუძველზე ჩავიდა და ის დახმარება მოითხოვა, რომელზედაც თავად გვითხარით, რომ ქიტესას სახელმწიფოსგან ეკუთვნოდა. ვგულისხმობ ფეხის ახალი პროთეზის დამზადებას სახელმწიფო სახსრებით. როგორც თავად გვითხრა, სოციალური სააგენტოს მუშაკებმა და უშუალოდ მისმა ხელმძღვანელმა მას თავდასხმა მოუწყვეს და უთხრეს, რომ ამ ინტერვიუს მეშვეობით მან ჟურნალისტის საქმე გააკეთა, ვერც პროთეზის დამზადებაში დაეხმარებოდნენ და არც ხელახლა გადაამოწმებდნენ მის ოჯახს სოციალური დახმარების კუთხით. რა ხდება, იქნებ, ისევ თქვენ გამარკვიოთ?
_ დიახ, მახსოვს ჩვენი საუბარი და წერილიც წავიკითხე. არ ვიცი, რა უთხრეს ხუციშვილის მეუღლეს, ცოტა ხანში გავარკვევ და თავად დაგიკავშირდებით.
ტატა გამყრელიძემ 10 წუთში მართლაც დაგვირეკა და ასეთი რამ გვითხრა:
_ ნელი, ველაპარაკე სიღნაღის სოციალური სააგენტოს უფროსს და მითხრა, რომ, სამწუხაროდ, ეს სტატია არ მინახავს და, შესაბამისად, არ ვიცი, შიგნით რა ეწერა. ერთი ქალბატონი ბრძანდებოდა ჩვენთან და, ალბათ, ეგ იქნება. მისი ქმარი შშმ წევრი იყო და ოჯახს პროთეზისა და სოციალური დახმარების შეწყვეტის პრობლემა ჰქონდა. მას მხოლოდ ის ვუთხარი, წარმოადგინეთ დამატებითი ცნობა, რომ საფუძველი მქონდეს, კიდევ გადაგამოწმოთ-მეთქი. რაც შეეხება პროთეზს, ჩავაწერინე, რა საბუთებიც უნდა მოეტანა და ავუხსენი, თუ ამას მოიტანდა, მერე გადავაგზავნიდი თბილისში, კომისია განიხილავდა და რიგი რომ მოუწევდა, პროთეზს გაუკეთებდნენ. არაფერი საქმის გარჩევა მისთვის არ დამიწყია, რადგან ის სტატია თვალით არ მინახავსო.
_ ე. ი. ქიტესას მეუღლემ მოიტყუა? რადგან მე პირადად ამ შეხვედრის მოწმე არ ვყოფილვარ, ამიტომ ორივე მხარის პოზიციას დავწერ და ყველამ საკუთარი სინდისის წინაშე აგოს პასუხი. ანუ ქიტესა ხუციშვილმა რა საბუთები უნდა წარმოადგინოს, პროთეზის გაკეთებაში რომ დაეხმაროთ?
_ მან უნდა წარმოადგინოს ფორმა 50. ამ ცნობას მისცემს რაიონის, ან სოფლის ექიმი. ასევე აიღებს ფორმა 100-ს, ორივეს მიიტანს სოციალური მომსახურების რაიონის განყოფილებაში, ისინი საბუთებს გადმოაგზავნიან თბილისში შესაბამის დეპარტამენტში და როცა რიგი მოუწევს, პროთეზს დაუმზადებენ.
_ მინდა დამიკონკრეტოთ, ხუციშვილი როცა ამ საბუთებს სოციალური მომსახურების სააგენტოში მიიტანს, ისინი უარს ვერ ეტყვიან მის ჩაბარებაზე?
_ ცხადია, ისინი უარს ვერ ეტყვიან ამ საბუთების ჩაბარებაზე და თბილისში გადმოგზავნიან. თუმცა დიდი რიგია და როცა მოუწევს, გამოიძახებენ და დაუმზადებენ.
_ გასაგებია. სოციალური დახმარება რომ შეუწყდა ოჯახს, მონაცემების ხელახალი გადამოწმება როგორ უნდა მოხდეს?
_ თუ რაიმე ახალი გარემოება გამოჩნდა, მხოლოდ მაშინ ხდება გადამოწმება.
_ როცა ქიტესა ხუციშვილს ექიმი ფორმა 50-ს მისცემს, სადაც, ალბათ, ეწერება, რომ მას ფეხი არ აქვს და, შესაბამისად, შრომისუუნარო, ეს ხომ უკვე იქნება ახალი გარემოება, რადგან თქვენ ამას წინათ მითხარით, რომ მას მონაცემებში შრომისუნარიანი უწერია?
_ მესმის ადამიანური თვალსაზრისით თქვენი პოზიცია, როცა ვიზუალურად უყურებ ასეთ ადამიანს, მაგრამ ზოგს არც ერთი ფეხი არ გააჩნია, თუმცა მუშაობს და შრომობს. ის, რომ ეს ადამიანი მეორე ჯგუფის ინვალიდია, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად შრომისუუნაროა.
_ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოება უფეხო ადამიანისთვის, მგონი, ადვილი არ არის... ვინ უნდა დაადგინოს, ქიტესა ხუციშვილი არის თუ არა შრომისუუნარო?
_ შრომისუუნარობაში რას გულისხმობთ?
_ იმას, რომ მას შრომის უნარი არ გააჩნია, სხვას რას უნდა ვგულისხმობდე? რომ ავად არის და ვერ დადის. ასეთი ადამიანი შრომისუნარიანი როგორ იქნება? ვინ უნდა დაადგინოს ეს?
_ ექიმი რომ დაუწერს ფორმა 100-ს, ალბათ, იქ იქნება ეგ ყველაფერი მიწერილი, ანუ არის თუ არა შრომისუნარიანი.
_ და თუ აღმოჩნდა, რომ ის შრომისუნარიანი არ არის, უნდა გადამოწმდეს თუ არა მისი მონაცემები სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით?
_ დიახ, თუ ახლად აღმოჩენილი გარემოება გამოჩნდება, მისი მონაცემები გადამოწმდება.
ნელი ვარდიაშვილი