13-14 ივნისის ცნობილი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. წყნეთი-ბეთანიის მონაკვეთზე ჩამოწოლილმა მეწყერმა მდინარე ვერის ადიდება გამოიწვია და დედაქალაქის ცენტრალური ნაწილი წალეკა. განადგურებული ინფრასტრუქტურა, დანგრეული ზოოპარკი, პანიკა, გლოვა... აუნაზღაურებელი მორალური ზარალი... ეს შარშანდელი სტიქიური უბედურების, ალბათ, ყველაზე მოკლე აღწერაა.
კოკისპირული წვიმებისა და მეწყრის შედეგად აბობოქრებულმა ვერემ პირველი დიდი დარტყმა სვანიძის ქუჩას მიაყენა. მაშველები სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ამ ზონიდან ხალხის გადარჩენას, თუმცა იყო მსხვერპლი. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მეცნიერთა ნაწილი დღემდე კამათობს, თუ რომელმა სამსახურებმა ვერ იმუშავეს სათანადოდ და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?
„ქრონიკა+“ გთავაზობთ რეპორტაჟს სვანიძის ქუჩიდან, _ რას ამბობენ იქ დარჩენილი ადამიანები სტიქიური უბედურებიდან ერთი წლის თავზე? რა გააკეთა და რა _ ვერა სახელმწიფომ? როგორია ცხოვრება ძლიერი წვიმის შიშით?
სანამ უშუალოდ ვერის ნაპირებს და იქ მცხოვრებლებს მოვინახულებდით, იქამდე ინტერნეტში შევიხედეთ, საიდანაც მომენტალურად შევიტყვეთ ჰიდროლოგიის ენციკლოპედიური განმარტების შესახებ (ბერძ. ჰყდორ _ წყალი და ლოგოს _ მოძღვრება) _ მეცნიერება ჰიდროსფეროს შესახებ, რომელიც შეისწავლის ბუნებრივი წყლების დინამიკას. იმავე ინტერნეტში სიტყვათა წყობის _ ქართველი ჰიდროლოგის _ საძიებო სისტემაში ჩაწერისას რეზულტატები, პირველ რიგში, გივი გედეონის ძე სვანიძის ფოტოს გვიჩვენებს (დ. 20 სექტემბერი, 1921 სოფელი ცხუკუშერი, _ გ. 10 აგვისტო, 1999, თბილისი, საქართველო) _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისმა გამოკვლევებმა ჰიდროლოგიური პროცესების მოდელირების დარგში დასაბამი მისცა ახალ სამეცნიერო მიმართულებას მდინარეული ჩამონადენის რეგულირების თეორიაში. ბედის ირონიით სწორედ ამ მეცნიერის გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ მისივე სახელობის ქუჩა ყველაზე მეტად დაიტბორა. ბიბლიური მასშტაბების წყალდიდობამ სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, შემდეგ კი აბობოქრებული მდინარის კალაპოტმა დედაქალაქის რამდენიმე უბანი მოიცვა და, საერთო ჯამში, 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ მოვლენებიდან ერთი წლის თავზე „ქრონიკა+“ ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების მოსასმენად გავიდა. თამარაშვილის ქუჩიდან სვანიძის ქუჩის ვიწრო შესახვევში მკვეთრი დაღმართი იწყება. თავიდან, რამდენიმე შენობის შეთვალიერებისას, შეიძლება უცხო თვალმა ვერც კი აღიქვას, რომ შარშან ამ დროს აქ სტიქიური უბედურების ცენტრი იყო. ერთგან, თანამედროვე ფასადისა და დიზაინის მქონე სასტუმროს გვერდზე, მრავალბინიანი სახლის მშენებლობაც შევნიშნეთ, სადაც ხუთამდე მუშა ისვენებდა.
დაახლოებით 100-150 მეტრის შემდეგ გზა სწორდება, ჭიშკრები კი მხოლოდ ცალ მხარესაა, მეორე მხარეს, დაახლოებით ნახევარი კილომეტრის სიგრძეზე, მოტიალებული სივრცე მდინარე ვერის ხეობისკენ იხსნება. ჩვენ ფოტოების გადაღება რამდენიმე წუთით გადავდეთ, ვინაიდან ქუჩაზე ადგილობრივებს მოვკარით თვალი. პირველი კომენტარი შუა ხნის მამაკაცს ვთხოვეთ...
ზაალ ჯანაშია:
_ ზემოთ რომ კორპუსია, იქ ვცხოვრობ, ამ სახლში კი აგერ, ბიჭი რომ დგას, ის ცხოვრობს, უფრო სწორად, ცხოვრობდა... აი, წინ რომ ტიალ მინდორს ხედავთ, იქაც სახლები იდგა. ის შენობა როა დარჩენილი, საცხოვრებლად უკვე აღარ ვარგა. რაც შეეხება ათ ნომერს, შეპირებულები არიან, რომ ამათაც გაუშვებენ. დანარჩენს რაღაც გადაუხადეს, ნაწილი გაისტუმრეს.
_ თუ იცით რამდენი ოჯახი დარჩა ამ ქუჩაზე?
_ აი, ესენი არიან დარჩენილები, აქ ოთხი ოჯახი იყო, იქით კიდევ არის ბოლოსკენ 19 ნომერი დარჩენილი. ინვესტორი მოსვლას აპირებს და ესენიც ელოდებიან. გარემოს დაცვამ დასკვნა დადო, რომ აქაურობა საშიშ ზონაში არ არის. ამბობენ, დამცავ ჯებირებს გავაკეთებთო. ზევით, სადაც უშუალოდ იყო მეწყერი, საიდანაც წამოვიდა ყველაფერი, იქაც გავაკეთებთ დამბებსო, გვპირდებიან. ყოველ შემთხვევაში, ასეთია პროექტი და სხვა დეტალები არც მე ვიცი.
_ შეგიძლიათ გაიხსენოთ 13 ივნისის ღამე?
_ საშინელება ხდებოდა! წყალი მოულოდნელად შემოვარდა. ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ, რომ სამაშველო სამსახურში ზარები საათით ადრე შესულა, იქამდე, სანამ ადიდებული მდინარე ჩვენ მოგვადგებოდა. ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო მაშველი, რომელიც ზემოთ დაიღუპა. კონკრეტულმა სამსახურებმა იცოდნენ, რაც ხდებოდა, მაგრამ დრულად არავინ არაფერი შეგვატყობინა. აქ, ჩვენ თვალწინ, ხუთი კაცი მოკვდა.
ალექსანდრე ბრელიძე:
_ კომპენსაციის მხრივ ყველაფერი აგვინაზღაურეს, უბრალოდ, პასუხს ველოდებით მერიიდან ფართებთან დაკავშირებით, რომ საცხოვრებლით დაგვაკმაყოფილონ.
_ სვანიძის 10 ნომრიდან თქვენ კი აპირებთ გასვლას, თუმცა რამდენად უსაფრთხოა ამ ადგილას ცხოვრება? დაინტერესდებიან ინვესტორები აქაურობით?
_ ამის დასკვნა გვაქვს, გარემოს დაცვის სამინისტრომ დადო. მთავრობის დახმარებით ჯებირების აშენებას გვპირდებიან და ყოვლად უსაფრთხო იქნება. იმედია, დროულად გავალთ აქედან.
_ რა ვერ გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაში სვანიძის ქუჩაზე?
_ ბევრი რამ დროში გაიწელა. წლისთავია გასული და ფართებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიდის მოლაპარაკებები მერიასთან. მართალია, თითქმის ყველა დაკმაყოფილდა, მაგრამ ერთი ეზო ვართ, ვინც ამ მხარეს დავრჩით. ამჟამად ქირით გავედით და მერიიდან დადებით პასუხს ველოდებით ინვესტორთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მოვაწერთ ხელს გასვლაზე.
ალექსანდრე ბრელიძესთან გასაუბრების შემდეგ სვანიძის 10 ნომერს გავცდით და გზა აღმართისკენ გავაგრძელეთ. იქვე, რამდენიმე მეტრში მოძრავმა ავტომობილმა სვლა შეანელა. მძღოლი და მისი თანმხლები პირი ადგილობრივები აღმოჩდნენ, ისინი უყოყმანოდ დაგვთანხმდნენ ინტერვიუს ჩაწერაზე...
რევაზ ყამარაული:
_ 13 ივნისის ღამეს უბანში ახალი მოსული ვიყავი, სამსახურიდან გამოვედი თუ არა, ვნახე, რომ ჩვენს თავს ასეთი უბედურება ტრიალებდა. წეღან სადაც იდექით 10 ნომერთან, მანდ მეყენა მანქანა, უცბად ცოლ-შვილი ჩავსვი და ზევით ავედით. მერე უკან გამოვიქეცი ხალხის საშველად, მაგრამ ვეღარ ჩამოვედი, ნაკადმა გზა მომიჭრა, ავტომობილი კი წყალმა წაიღო, ერთი წუთიც არ იქნებოდა გასული, ყველაფერი წამებში ხდებოდა. ამ ადგილას სახლი იდგა (საუბრის პარალელურად რესპონდენტი კონკრეტული ადგილებისკენ ჟესტიკულაციით მიგვანიშნებს) და წყალმა ორი ოჯახი შეიწირა, ბიძაშვილები გარდაიცვალნენ.
_ თქვენ დაგაკმაყოფილეს საცხოვრებელი ფართით?
_ თანხა გადამიხადეს. აქ ვინც ცხოვრობდა: ვარდიაშვილებს, ზანგურაშვილებს სხვა ოჯახებს თითქმის ყველას გადაუხადეს, თუმცა ჩემ გვერდზე რომ კაცია, პრობლემა აქვს...
კარენ კარაპეტიანი:
_ იმ ღამეს რაც ხდებოდა, ყველამ იცით, ძალიან ძლიერმა წვიმამ გადაგვიარა. წვიმის მერე ეს მდინარე ხშირად ადიდებულა, მაგრამ ასეთ რამეს ვინ იფიქრებდა? წვიმამ ცოტა რომ გადაიღო, უკან გავედი, იქ უნივერსიტეტის მეტეოროლოგიური ლაბორატორია იყო, ვიფიქრე, იქიდან გადავიხედავ-მეთქი, მაინტერესებდა, რა ხდებოდა. შევედი თუ არა ნაპირისკენ, ისეთი ხმა მოდიოდა, უკვე მივხვდი, რომ კაი ამბავი არ იყო. ლაბორატორიის ეზო მთლიანად დაიფარა, წყალმა მალევე გამოანგრია კედელი და სახლებისკენ გამოვიდა. მაგ დროს ძლივს გამოვასწარით. მეზობლები უცებ, ყვირილით გავაფრთხილე და ვინც შევძელი, გამოვიყვანე. მერე კი 10 ნომრის დაბლა ვეღარ ჩამოვედი.
_ თქვენ რა პრობლემა გაქვთ ამჟამად?
_ ჩემი სახლი, სადღაც, 40 კვადრატული იყო, მე აქ დაბადებული, გაზრდილი ვარ და ეს ყველამ იცის.
ამჟამად კერძო კომპანიამ მომცა საკუთრებაში ბინა. სამი სულისთვის ერთი საძინებელი და ერთი პატარა სამზარეულოა, ასე თუ ისე, გარეთ არ ვართ, მაგრამ გეტყვით, რაც ხდება: ჩემები 1962 წლიდან ცხოვრობდნენ აქ. ეს ამბავი რომ მოხდა, საკრებულოს მიღებული კანონი, რატომღაც, არ შემეხო, „ატსტუპნიკის“ სტატუსით ვიყავი და არჩევანი არ მომცეს; სულადობით გვინდოდა გასვლა თუ ფართით, არავინ გვკითხა. გადაწყვეტილება მესაკუთრემ მიიღო, რომელსაც ჩემი კუთვნილი თანხა გადასცეს. ემა ოგანეზოვა უარზეა, რომ თანხა გადმომცეს. საბუთებიც მაქვს, რომ ნახევარი საუკუნე ნამდვილად აქ ვცხოვრობდით. მაგის მეუღლის ბაბუასთან გვქონდა „ატსტუპნიკის“ ხელშეკრულება, სადაც წერია: მე თუ მოვინდომებდი, იმ შემთხვევაში, რაც მეკუთვნოდა, უნდა მოეცა. ახლა სასამართლოშია საქმე, 36 400 ლარი მეკუთვნის და არ მიბრუნებს. სვანიძის 9 ნომრის საქმე დღემდე სასამართლოშია. მე არავინ მომცა არჩევანის უფლება...
გზას ვაგრძელებთ, ქუჩის სიღრმეში რელიეფი მოკლე დისტანციაზეც მკვეთრად იცვლება, _ ერთ მხარეზე სალი კლდე ჩანს, მეორე მხარეს კი საწარმოს ტიპის დანგრეულ შენობას მოვკარით თვალი. როგორც გავარკვიეთ, აქ ვაკის ხორცკობინატის ქარხანა ყოფილა. რამდენიმე წუთით იქაც ვჩერდებით ფოტოების გადასაღებად, ეზოში არავინაა. მარშრუტი განვაგრძეთ, მორიგი დაღმართის ჩავლის შემდეგ პატარა ხიდზე გავედით, საიდანაც თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს მივადექით. ვინაიდან ძაღლები ღია ეზოში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, ხიდთან შევჩერდით იქამდე, სანამ თავშესაფრის თანამშრომლები არ მოგვიახლოვდნენ. მდინარე ვერე ჩვენ ქვემოთ მოექცა. მღვრიე, მოყავისფრო დინება უფრო ღელეს თუ მოგაგონებთ. ქალაქის ურბანულ გარემოს გამოცდენილები, მასპინძლების გამოჩენამდე, უკვე გადაღების რეჟიმზე ჩართული ფოტოაპარატით ვაფიქსირებთ ხეობას. ამასობაში კი ძაღლების თავშესაფრის თანამშრომელი ახალგაზრდა ქალბატონი მოგვიახლოვდა:
_ რა ხდებოდა 13 ივნისის ღამეს აქ და როგორ გაგრძელდა 14 ივნისის შემდეგ ცხოვრება თქვენს თავშესაფარში?
ქეთევან ჭალისური:
_ 13 ივნისის შემდეგ ჩვენი თავშესაფარი სრულიად განადგურდა, საერთოდ აღარაფერი დარჩა. მაშინაც აქ ვმუშაობდი და იმ საშინელებას პირადად ვადევნებდი თვალს. გადარჩენილი ძაღლები სტიქიის შემდეგ ისევ ამ ტერიტორიებზე დაგვიბრუნდნენ და შეშინებული თვალებით იყურებოდნენ, ეს ქუჩა არ მიატოვეს. აქ სამუდამოდ დარჩენა გარკვეულ რისკებს შეიცავს, ამიტომ ცხოველებს, დროებით, პატარა სახლები დავუდგით, რომ წვიმის დროს მაინც შეაფარონ თავი. მერია საერთოდ არაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, შესაბამისად, ისევ ბატონმა თამაზმა იკისრა ამათი მოვლა-პატრონობა, ჩვენ მათ ვკვებავთ, რომ შიმშილით არ მოკვდნენ.
_ მართალია, თავშესაფარში მუდმივად არ ცხოვრობთ, მაგრამ მაინც გკითხავთ, თქვენი აქ მუშაობა სარისკო არ არის?
_ ჩვენი აქ ყოფნა გარკვეულ რისკებს ნამდვილად შეიცავს, ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როდესაც გახსოვს შარშან განვითარებული მოვლენები, სვანიძის ქუჩაზე ხარ და ისევ წვიმს. ბატონმა თამაზმა, შეძლებისდაგვარად, ეს ტერიტორია სტიქიის შემდეგ შეისწავლა და ვიცით, რომ კიდევ არის მთის რამდენიმე მონაკვეთი მეწყრულად საშიში. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე მთაა გამზადებული მოსაწყვეტად. რომ ახვიდეთ, თავადაც ნახავთ, რა ხდება... სტიქიის განმეორების გვეშინია. სამწუხაროდ, მაგის ალბათობა არის. ამჟამად აქ შვიდი თანამშრომელი დროებით ვიმყოფებით, სანამ კაიროს ქუჩაზე, ახალ თავშესაფარში რემონტი დასრულდება.
_ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ვერ გაკეთდა სათანადოდ სახელმწიფოს მხრიდან?
_ სახელმწიფოს დიდად არ შეუწუხებია თავი ჩვენი თავშესაფრისთვის. პირველ რიგში, ვითხოვთ, რომ დამცავი ჯებირები გაკეთდეს, რადგან არ ვიცით, როდის მოგვადგება სტიქია კარს, ჩვენ კი გადავალთ, მაგრამ აქ ხალხი რჩება.
სვანიძის 19 ნომერში მდებარე სახლში, ჩაძირული გემის მსგავსად, თითქოს დრო გაჩერებულია... ჯერ პირველ სართულს ვათვალიერებთ, სადაც კედლები ტალახითაა მოთხვრილი, ინტერიერი მეორე სართულზეც ყავისფერია. აყირავებული ავეჯისა და ტალახში ამოთხვრილი პიანინოს შემდეგ მზერას ჭერს ვაპყრობთ, დიდი ზომის მინის ჭაღი გვიან შევნიშნეთ, რომ მინის იყო, ვინაიდან ღვარცოფს იქამდეც მიუღწევია. ვფიქრობ, საიდან დავიწყო საუბარი, ჯერ ვუთაგარძნო რესპონდენტს და შემდეგ დავსვა კითხვა, თუ პირიქით?..
_ ალბათ, რთულია იმის გახსენება, თუ რა გამოიარეთ...
_ სტიქია რომ მოხდა, სამი სართულიდან მთელი ორი სართული წყლით დაიტბორა, საშინელი სურათი იყო...
_ თქვენ როგორ გადარჩით, მესამე სართულზე ახვედით?
_ უკან საფეხმავლო ბილიკია, ჯერ, ფაქტობრივად, კედელზე გადავძვერით და შემდეგ ავუყევით ბილიკს. როგორ გავედით, აღარც მახსოვს. იმ საღამოს სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ. კი ხედავთ, ჩემი სახლი მდინარის პირასაა, არ დამავიწყდეს იმის თქმაც, რომ 13 რიცხვამდე, 4 ივნისსაც ადიდდა ვერე და წყალი ეზოში შემოვიდა.
_ თქვენს ბავშვობაში თუ გახსოვთ ასეთი რამ?
_ 90-იანი წლების ბოლოს მახსოვს, მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ამხელაზე ნამდვილად არ ამოსულა წყალი.
ეპილოგის მაგიერ: ზემოთქმულიდან გამომდინარე არაერთი კითხვა ჩნდება, თუმცა ამჯერად მოკრძალებულ აქცენტებს ორი მიმართულებით გავაკეთებთ: პირველი, _ სპეცსახსრებიდან გამოყოფილი მილიონობით ლარი, საქველმოქმედო ღონისძიებებიდან და სხვადასხვა ტიპის შემოწირულობიდან შემოსული თანხები, რატომ არ მოხმარდა სრულყოფილად 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქუჩის მცხოვრებლებს?! და მეორე, _ რატომ არ დაიწყო დამცავი ჯებირების აგება სტიქიურად საშიშ ზონაში ერთი წლის განმავლობაში?!
ზაზა სვანაძე