ექსპერტი, „ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარე რომან გოცირეიძე „ქრონიკა+”თან ბიძინა ივანიშვილის წერილზე, თავმოუბმელ მთავრობაზე, შეუსრულებელ საარჩევნო პროგრამასა და დასამარებულ ოცნებებზე დეტალურად საუბრობს
_ ბატონო რომან, გასულ კვირას მთავარი განხილვის საგანი გახდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი, რომელშიც მიმოხილულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ოთხნახევარწლიანი პერიოდი და მისი შედეგები. როგორ შეაფასებდით ზოგადად ამ დოკუმენტს?
_ თავისთავად, ამ წერილის პათოსი და შინაარსი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა არაკონსტიტუციურად იმართება. ეს იყო ქვეყნის არაფორმალური, თუმცა დე ფაქტო მმართველის ანგარიში.
ასე რომ არ იყოს, წმინდა ფორმალურად, მას შეეძლო მიმოეხილა ის პერიოდი, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო. სინამდვილეში, წერილში აღიარებს, რომ პასუხისმგებლობას „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მთელ პერიოდზე გრძნობს.
ეს წერილი გახდა არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა და საექსპერტო წრეების განხილვის საგანი, არამედ მთავრობა და პარლამენტი მას, როგორც ოფიციალურ დოკუმენტს, მიუდგა.
ამიტომ ძალზე დამამცირებლად ჩანდა ოფიციალური პირების _ მინისტრების, დეპუტატებისა თუ „ოცნების“ სიით დეპუტატობაზე მეოცნებე ადამიანების კომენტარები, რომლებიც ერთხმად და ბუნებრივია, უკრიტიკოდ იწონებდნენ ყველაფერს: ზოროასტრიზმს, ქართული სუფრის ფენომენს, ეკონომიკურ საოცარ შედეგებს და ასე შემდეგ. ამ დროს ბევრს კომენტარებზე ეტყობოდა, რომ წაკითხულიც კი არ ჰქონდა.
_ რა კრიტერიუმით შეფასდა განვლილი პერიოდი?
_ არ იყო რაიმე კრიტერიუმი გამოყენებული. უბრალოდ, იყო მცდელობა, მოეძებნათ რაიმე ისეთი წარმატებული მაგალითი, რომელიც უკეთესი იქნებოდა, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს.
მაგალითად, კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 87-ე ადგილზე ვიყავით, ხოლო ახლა 66-ზე ვართო. თუმცა არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ბიზნესის კეთების რეიტინგში მე-8 ადგილზე ვიყავით და ახლა 24-ემდე დავქვეითდით.
არის მრავალი არასწორი სტატისტიკური ინფორმაცია და რიცხვების მცდარი ინტერპრეტაცია, იგივე საგარეო ვალზე, ინვესტიციებზე, კრედიტებზე ხელმისაწვდომობაზე, უმუშევრობაზე, სიღარიბეზე და ასე შემდეგ. მაგალითად, ნათქვამია, რომ სავალუტო ფონდის კვლევის თანახმად, საქართველოში 2016 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი პირველად გადააჭარბებს 10 ათას აშშ დოლარს მსყიდველობით უნარიანობის პარიტეტის მიხედვით, რაც 25 პროცენტით აღემატება 2012 წლის დონესო. არადა, სინამდვილეში, ლარის გაუფასურების გამო ჩვენი მშპ 2011 წლის დონემდე დაეცა.
წერილში მოყვანილი რიცხვი კი გამოყვანილია იქიდან, რომ ახალი აღწერით საქართველოში მოსახლეობა შემცირდა 761 ათასი კაცით (16.9 პროცენტი). ამიტომ ამ მონაცემებით გაანგარიშებული მაჩვენებელი იწვევს მშპ-ს სიდიდის ზრდას ერთ სულზე და ეს წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან შესადარებელი არ არის.
_ განსაკუთრებით ხაზგასმულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზარდის ფაქტი. ამას ხომ არ უარყოფთ?
_ არა, რა თქმა უნდა, ოღონდ გააჩნია, რასთან მიმართებით გაიზარდა _ მშპ-სთან მიმართებით, თუ წინა პერიოდთან შედარებით? თანაც დროის შუალედებიც არასწორადაა შერჩეული. მშრალი რიცხვები არაფერს იძლევა. გარდა ამისა, შარშან და წელს ინვესტიციები ახალი მეთოდიკით არის დათვლილი, რაც მას ზრდის და ის ვერ იქნება შესადარებელი წინა წლებთან.
_ საუბარი იყო საგარეო ვალის ზრდის ტემპის შენელებაზეც...
_ აქაც მანიპულაციაა. ზრდის ტემპი ერთია და მისი რეალური ტვირთი _ მეორე. ჯერ ერთი, საგარეო ვალი ყოველთვის უნდა განიხილო მშპ-სთან მიმართებით. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. შედარებით ნაკლებად სახელმწიფო სექტორისა და ძალიან _ კერძო ბიზნესის. ლარებში გადაყვანილი ვალის მოცულობა უკვე გაუტოლდა ქვეყნის ერთი წლის მთლიან შიდა პროდუქტს.
ამის მიზეზი არის როგორც მისი ფაქტობრივი ზრდა, ასევე ლარის გაუფასურება. ეს იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყნის სავალო ტვირთი და შექმნილი დოვლათის სულ უფრო მეტი ნაწილი უნდა მოხმარდეს ვალების გასტუმრებას.
ასევე თვალთმაქცობასთან გვაქვს საქმე, როცა საერთოდ არ არის ნახსენები შიდა ვალის ზრდა. საგარეო სახელმწიფო ვალის ნაწილი საშინაოთი ჩანაცვლდა. 2016 წლის ბოლოს, ქართული კომერციული ბანკებიდან მხოლოდ სახაზინო ვალდებულებების განთავსებით აღებული სესხი 1,8 მილიარდს მიაღწევს. მაშინ როცა 2012 წელს მხოლოდ 580 მილიონი ლარი იყო. შიდა ვალის მხოლოდ საპროცენტო მომსახურებაზე ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება ყოველწლიურად და იგი კიდევ უფრო გაიზრდება.
რომ შევაჯამოთ, ხელისუფლების განვლილი პერიოდის მუშაობის შეფასება უნდა მომხდარიყო მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის შესრულების მიხედვით და არა სასურველი სტატისტიკის მოძიებით და სასურველი ინტერპრეტაციით.
_ რატომ მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით და არა „ოცნების“ საარჩევნო დაპირებების შესაბამისად? ხალხმა ხომ საარჩევნო პროგრამას მისცა ხმა? ის დაპირებები გახდა „ოცნების“ გამარჯვების საფუძველი...
_ იმ საარჩევნო პროგრამაზე საუბარი არასერიოზულია. ის იყო ზღაპრების გუდა. სამთავრობო პროგრამა უფრო რეალისტური იყო, თუმცა მისი პუნქტების უდიდესი ნაწილი არ შესრულდა.
_ კერძოდ?
_ რომელი ერთი ჩამოვთვალო? სამთავრობო პროგრამაში, რომელსაც „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ ერქვა, რომლის საფუძველზეც პარლამენტმა დაამტკიცა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად, მრავალი ვალდებულება იქნა აღებული, რომელიც დღემდე არ შესრულებულა.
დავასახელებ ზოგიერთს:
1. მთავრობა „განსაზღვრავს ქვეყნის უახლოესი, საშუალო და გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკას“. ეს დოკუმენტი, სტრატეგია 2020-ის სახელითაა ცნობილი. მართლაც მიიღეს და მერე იგი არავის გახსენებია. თაროზე შემოდეს. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ამ პროგრამის საპირისპიროდ წარიმართა;
2. „მთავრობა დაძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს“, _ კომენტარი ზედმეტია;
3. „საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრ ბაზაში გამოქვითვების სისტემის დანერგვა“, _ არ დანერგილა;
4. „ყოველწლიურად დაადგენს საშემოსავლო გადასახადის დაუბეგრავ მინიმუმს, რომელიც არ იქნება საარსებო მინიმუმზე ნაკლები“, _ შეიქმნა და გაირკვა, რომ არ შესწევთ ამ სქემის მართვის უნარი და ორი წლის შემდეგ გააუქმეს;
5. „ხელი შეეწყობა ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაზრდას და უზრუნველყოფილი იქნება დოლარიზაციის მასშტაბების შემცირება“, _ რა მოუვიდა ლარს, ყველამ ვნახეთ;
6. „საარსებო მინიმუმს გაუტოლდება სახელმწიფო შრომითი (ასაკით) პენსია“, _ არ მომხდარა;
7. „უმოკლეს ვადებში განხორციელდება ტარიფების ხელახალი და სამართლიანი გადაანგარიშება, ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით“, _ მხოლოდ ელექტროენერგიაზე მოხდა და მერე ისევ გაიზარდა;
8. „ჩამოყალიბდება დაგროვებითი საპენსიო სისტემა“, _ მხოლოდ დისკუსიის დონეზეა!
9. „შემცირდება მოსახლეობის მასობრივი გასვლა საზღვარგარეთ“, _ პირიქით, იმატა;
10. „შეიქმნება „სოფლის მეურნეობის განვითარების“ ერთმილიარდიანი ფონდი“, _ თავიდანვე ბლეფი იყო;
11. „დარეგულირდება მიწათსარგებლობის საკითხები“, _ არც დაწყებულა;
12. „შეიქმნება საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი“, _ არ შექმნილა.
საკითხების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ათი ამდენია არაეკონომიკური ხასითის შეუსრულებელი დაპირებები. სასამართლო რა დღეშია, მხოლოდ ეს მაგალითი კმარა მძიმე მდგომარეობის დასანახად. თუნდაც „რუსთავი 2-ის“ საქმე ავიღოთ. ეს არის თემა, რომელსაც ხელისუფლება გადაჰყვება, თუ დროზე გონს არ მოეგება. როდესაც ვამბობთ, რომ „რუსთავი 2-ის“ გარეშე არჩევნების ჩატარება არ იქნება ლეგიტიმური, პირდაპირ ვიტყოდი, რომ „რუსთავი 2“-ის გარეშე არჩევნები არ ჩატარდება. მის გადასარჩენად დადგება მთელი საქართველო.
ნურავის შეეშლება, რომ სასამართლო პროცესის მსვლელობისას არ ჩანს მრავალრიცხოვანი ხალხი. სინამდვილეში იქ არის ყველა პარტია, ყველა გარდა „ქართული ოცნებისა“. ამ პარტიების უკან მილიონზე მეტი ადამიანი დგას. იქ არის არასამთავრობო სექტორი, საზოგადოების ყველაზე გავლენიანი ადამიანები.
ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება, მაგრამ ამას ვერ ხედავს. ეს იმიტომ, რომ კოალიციის დაშლის შემდეგ რეალურად მმართველობაში დარჩნენ ადამიანები, რომელთაც არ აქვთ მოვლენების საღად შეფასების უნარი. ძალიან დაბალი გახდა ხელისუფლების ინტელექტუალური პოტენციალი.
რაც ჩამოვთვალეთ, ეს არ იყო საარჩევნო დაპირებების ნუსხა, ეს მთავრობის პროგრამაა, სავალდებულო ხასიათის დოკუმენტი, რომელიც ფარატინა ქაღალდად იქცა.
_ ხელისუფლების რომელ დაშვებულ შეცდომებს გამოჰყოფდით?
_ დაშვებული შეცდომების ნუსხაც არანაკლები ოდენობის იქნება, საბანკო ზედამხედველობის საკითხით დაწყებული, მარეგულირებელი ნორმებისა და უწყებების აღდგენით დამთავრებული.
იგივე ტურისტულ (სავიზო) სფეროში დაშვებულმა შეცდომებმა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დააკარგვინა ქვეყანას. თავისი როლი ითამაშა ლარის გაუფასურებაშიც და ახლა ცდილობენ მის გამოსწორებას.
_ რადგან ტურიზმი ახსენეთ, წერილში ცალკეა აღნიშნული წარმატება ტურიზმის სფეროში, რომ „ოცნების“ მმართველობის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოვიდა 4,5 მილიარდი დოლარი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს.
_ ასეც უნდა იყოს. ეს სწორედ იმის მომკაა, რაც წინა პერიოდში დაითესა. რომ არ აშენებულიყო ბათუმი თუ სხვა ქალაქები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურა, არ მომხდარიყო სავიზო ლიბერალიზაცია, არ აღმოფხვრილიყო კრიმინალი, არ გახსნილიყო აეროპორტები, აქ ვინ შემოვიდოდა?!
შევარდნაძის პერიოდში ქვეყანაში 300 ათასი ვიზიტორი შემოდიოდა, ახლა კი 20-ჯერ მეტი. ამ ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვნად დაეცა ტურისტების შემოსვლის ზრდის ტემპი. მხოლოდ ერთნიშნა იყო და წელს მოსალოდნელია ორნიშნა ზრდა. მაშინ როცა მანამდე 50-პროცენტიანი მატებაც კი იყო წელიწადში. ამიტომ იმის მტკიცება, რომ ახლა მეტი ტურისტია, ვიდრე წინათ, არაფერს ნიშნავს. ასევე სიამაყით არის ნახსენები ენერგეტიკული და სხვა სახის პროექტები, რომელიც წინა პერიოდში დაიწყო და ინერციით დღესაც გრძელდება (გარდაბნის თბოსადგური, ნენსკრაჰესი და სხვ.).
ისე დამთავრდება ეს ოთხი წელიწადი, რომ ანაკლიის პორტში ბარი არც კი დაიკვრება. ესეც თავმოუბმელობის შედეგია. შემოვლითი რკინიგზა და უამრავი სხვა გაჩერებული პროექტი ელოდება სტარტს მომავალში. შეიძლება ვთქვათ, რომ „ოცნებამ“ ხალხს იმედები გაუცრუა.
გოგა ხაინდრავამ ამ ოციოდე წლის წინათ საკმაოდ კარგი ფილმი გადაიღო სახელწოდებით „ოცნებების სასაფლაო“. ახლაც რაღაცას იღებს. დარწმუნებული ვარ, დასაცინი გახდება. მისი წინა ფილმის სათაური კი ყველაზე ნათლად გამოხატავს ამ ხელისუფლების საქმიანობას. ესაა ოცნებების სასაფლაო, მეტი არაფერი.
გიორგი მეფარიძე