QronikaPlus
რატომ არის აუცილებელი საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია?

რატომ არის აუცილებელი საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია?

2016-06-12 08:11:46

სად არის მთავარი კრიზისი? რატომ გვაქვს სახელმწიფო, რომელსაც არ გააჩნია ეკონომიკა, არ უვარგა განათლება? რა გვაქვს რეალურად _ სახელმწიფო, რომელიც მუყაოს ცარიელ ყუთს ჰგავს, თუ ქვეყანა, რომლის მხოლოდ საძირკველია ჩაყრილი? რას ფიქრობენ სპეციალისტები და რას მიიჩნევენ ქვეყნის მთავარ გამოწვევად?   „ქრონიკა+“ ესაუბრება გიორგი მეგრელიშვილს: _ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ეკონომიკაზე და ისეთ სამ ძირითად სეგმენტზე, რომელიც დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარებაზე და ერთობლიობაში ქმნის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ფონს. ესენია სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და ენერგეტიკა. არასაკმარისი კაპიტალის, მწირი ფინანსური რესურსების პირობებში სწრაფი ეკონომიკური ზრდა ისეთი დონის პატარა, განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ერთადერთი გამოსავალია. _ უკანასკნელი 26 წლის მანძილზე ყველა ხელისუფლისგან გვესმის რეფორმები, რეფორმები, რეფორმები... კმაყოფილი მოსახლეობა კი არ არსებობს, რადგან რეფორმები ადამიანთა ჯიბეზე არ აისახება. _ ეკონომიკაში გასატარებელია რეფორმები და შემოსაღებია რეგულაციები, რომლებიც დაეფუძნება გრძელვადიან, ერთიან ეკონომიკურ ხედვას და აღარ იქნება სპონტანურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული. უცხოური საინვესტიციო ნაკადების გასააქტიურებლად განსაკუთრებული აქცენტები უნდა გაკეთდეს კომერციული დიპლომატიის ინსტიტუტზე. გასააქტიურებელია კომერციული ატაშეს ინსტიტუტი. დღეს ცენტრალური მთავრობა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი აქტიურად საუბრობენ უცხოურ ეკონომიკურ, მკვეთრად გამოხატულ მიმართულებებზე; ნაწილი _ დასავლეთზე, ნაწილი _ ჩრდილოეთზე, თუმცა არის მძლავრი ეკონომიკური განვითარების ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ ან არ ვმუშაობთ, ან ძალიან მცირეა ის ეკონომიკური კავშირები იმ პოტენციალთან შედარებით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. _ მაგალითად? _ მაგალითად მოგიყვანთ ორ მიმართულებას, რომელსაც ჩვენ ნაკლებად ვიყენებთ: ეს არის წინა აზიაში ისრაელის სახელმწიფო, რომელთანაც ჩვენ ნაკლებად ვპარტნიორობთ და ამ ქვეყანასთან, წესით, არა მხოლოდ ეკონომიკური კავშირებით, არამედ სხვა ბევრი მიმართულებით უნდა ვთანამშრომლობდეთ, როგორიც არის თავდაცვა, სამოქალაქო თავდაცვა (რომელიც, სხვათა შორის, ჩვენთან საერთოდ აღარ არსებობს და მოშლილია), მედიცინა, განათლება და ასე შემდეგ; უდიდესი ეკონომიკური პოტენციალია ასევე ცენტრალურ აზიაში, კერძოდ ირანში, რომელიც ისლამური სამყაროს ერთ-ერთი მძლავრად განვითარებული ქვეყანაა. იმ მიმართულებებზეც კი, სადაც ვამბობთ, რომ გარკვეული ეკონომიკური  პოზიციები გვაქვს, სერიოზულად არ ვმუშაობთ. _ თუმცა ჩვენ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ. _ გეთანხმებით! დიახ, მივაღწიეთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DჩFთA), მაგრამ, რეალურად, რას იღებს ამისგან ქართველი მეწარმე?! ფაქტობრივად, არაფერს, რადგანაც არ ხდება ქვეყნის შიგნით ამ პროექტის შემდგომი მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და საკანონმდებლო, საგანმანათლებლო თუ ინფრასტრუქტურული ბაზის მომზადება. კერძო მაგალითზე გეტყვით: თუ ქართველი მეწარმე აწარმოებს ისეთ საკვებ პროდუქტს, როგორიც არის, მაგალითად, ყველი, მას ევროპულ ბაზარზე შესატანად სჭირდება რიგი სერტიფიკატებისა თითოეულ პარტიაზე, რომელსაც საქართველოში ვერ აიღებს, იმიტომ რომ ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი სტანდარტების ლაბორატორიები და ორგანოები, რომლებიც ამ სერტიფიკატს გასცემენ. ასე რომ, შეთანხმების მიუხედავად, ამ მიმართულებით ხელის შემშლელი ფაქტორების კასკადი არსებობს, რომელიც გადაჭრას საჭიროებს. _ რას ვაპირებთ რუსეთთან, რომლის ბაზარიც სრულად პოლარიზებულია დღეს? _ მეორე მიმართულებაა რუსეთი, რომელზედაც მთავრობის ცალკეული განშტოებები აპელირებენ, რომ რუსეთთან უნდა გვქონდეს სავაჭრო ურთიერთობები. კი ბატონო! მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზარი მთლიანად პოლიტიზებულია და არ არის სტაბილური, მეც მიმაჩნია, რომ ეს ბაზარი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, თანაც იმ პირობებში, როდესაც რუსეთს დასავლეთთან მთელი რიგი ეკონომიკური პრობლემები აქვს და რუსეთის ბაზარი „შიმშილობს“. ჩვენ ეს რეალობა აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ამ ბაზრის ჩვენი აგროპროდუქციით შესავსებად. მაგრამ ეს უნდა ეფუძნებოდეს თანაბარი პარტნიორობის პრინციპებს და არა იმას, რომ ჩვენ ბაზრის გამო დავთმოთ ჩვენი ტერიტორიები და ეროვნული ინტერესები. _ ეს საგარეო მიმართულებები როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყნის შიგნით ეკონომიკის განსავითარებლად? _ უნდა წავახალისოთ ბიზნესსექტორი და გავაუმჯობესოთ საგადასახადო გარემო. მაგალითად, შესაძლებელია საშემოსავლო და მოგების გადასახადები, კერძოდ. 20%-ის ნაცვლად განვსაზღვროთ 15%-ით, ხოლო რეინვესტირებული მოგება გავათავისუფლოთ დაბეგვრისგან. შედეგად ქართული საგადასახადო გარემო უფრო კონკურენტული გახდება ჩვენი შესადარი ქვეყნების საგადასახადო პოლიტიკასთან. ეს ეროვნულ წარმოებას უფრო მეტ რესურსსა და მოტივაციას გაუჩენს უფრო მეტი ინვესტიციისთვის, რაც გაზრდის როგორც ეკონომიკას, ასევე გადაჭრის დასაქმებისა და უმუშევრობის პრობლემებს. გაზრდილი ეკონომიკა ხომ უფრო მეტი სამუშაო ადგილია. _ რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, რომელიც ჩვენნაირი აგრგარული ქვეყნისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს? _ თქვენთან ინტერვიუში ადრეც ვსაუბრობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ დღეს არსებული, ერთჯერად მოკლევადიან სარგებელზე მიმართული სუბსიდიები ვერ უზრუნველყოფს დარგის კონკურენტუნარიანობის ზრდას. სუბსიდირების მიზანი უნდა იყოს, ის რომ კერძო ბიზნესმა გარკვეულ დროში თავად შეძლოს სახელმწიფოს დახმარების გარეშე განვითარება. სოფლის მეურნეობის დაფინანსება უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული გრძელვადიან განვითარებაზე; აქცენტი უნდა გაკეთდეს განათლებაზე, ახალ ტექნოლოგიებსა და ინფრასტრუქტურაზე; ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ენერგეტიკა და ქვეყნის ერთ-ერთი ეკონომიკური სიძლიერისა და სტაბილურობის განმსაზღველი ფაქტორი სწორედ რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და სიძლიერეა. ენერგოსექტორში ინვესტორების მოსაზიდად მთავარი აქცენტი საგადასახადო ლიბერალიზაციაზე უნდა გაკეთდეს. ინვესტიციების მოსაზიდად გაცემული გარანტიები ელექტროენერგიის შესყიდვაზე საფრთხეს უქმნის ფისკალური პოლიტიკის გრძელვადიან მდგრადობას და ხელს უშლის კონკურენტული ბაზრის ფორმირებას. შესაბამისად, მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს მსგავსი გარანტიების ვადიანობა და მოცულობა; ასათვისებელია და გამოსაყენებელია ის სუფთა ეკოლოგიური, ბუნებრივი რესურსები და პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ღვთის წყალობით, მრავლად აქვს; უნდა დაინერგოს და სახელმწიფომ აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი მოსახლეობისა თუ წარმოების მხრიდან ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას და სუფთა, ბუნებრივი ენერგიის მოპოვება-გამოყენებას. _ ჯანდაცვა? _ ამ თემაზე შემიძლია, დაუსრულებლად ვისაუბრო. და რატომ, მაინცდამაინც, ჯანდაცვა?.. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რა შემხებლობა აქვს ამ სფეროს ეკონომიკასთან? არადა, ძალიან დიდი საბიუჯეტო რესურსი იხარჯება არაეფექტიანად სახელმწიფო ჯანდაცვაში არასწორი რეფორმის შედეგად გაჩენილი „შავი ხვრელების“ საშუალებით. რადიკალურად განსხვავებული აზრი მაქვს იმ სტერეოტიპულ შეხედულებასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში ხელისუფლების ხელშეწყობით მუსირებს, რომ თითქოს ჯანდაცვის რეფორმა ყველაზე წარმატებული რეფორმაა და მთავარი მიღწევაა ამ ხელისუფლების. სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის ხარისხიან, მაღალი სტანდარტების მქონე ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც შეუძლებელია კერძო სადაზღვევო სისტემის ჩართულობის გარეშე. მე პირადად კერძო სადაზღვევო სექტორში ვმუშაობდი და მომსწრე ვარ მთელი რიგი პროცესებისა, რომელიც არასწორად განვითარდა, კერძოდ: სახელმწიფო ჯანდაცვის რეფორმის შედეგად სახელმწიფომ სამედიცინო დაზღვევის ბაზარი თითქმის სრულად გამოაცალა კერძო სადაზღვევო კომპანიებს, რითიც ხელი შეუშალა ამ სეგმენტის განვითარებას. _ ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მკითხველს კითხვა გაუჩნდება: რა დროს კერძო სადაზღვევო კომპანიების განვითარებაა, როდესაც მოსახლეობას საშუალება მიეცა, სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს სამედიცინო მომსახურება? _ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფინანსური ინსტიტუტები ქვეყანაში ეკონომიკის წარმმართველი ძალაა და ამ ინსტიტუტების დაკნინებით ძალიან ცუდ ეკონომიკურ შედეგებს მივიღებთ, რაც კარგად არ აისახება საერთო ეკონომიკურ ფონზე. აქ არის მეორე ფაქტორიც: ჯანდაცვაში სახელმწიფო ფულს უხდის ყველა მოქალაქეს მიუხედავად იმისა, ამ მოქალაქეს სჭირდება სახელმწიფოს ჩართულობა თუ არა. იმის გამო, რომ ხარისხიანი და მაღალი სტანდარტებით მომსახურებაზე სახელმწიფო ბიუჯეტი ყველა მოქალაქეს არ ჰყოფნის, შედეგად ვიღებთ იმას, რომ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს შეგვიძლია ვისარგებლოთ სახელმწიფო ჯანდაცვით, მაგრამ დაბალი და არასანდო ხარისხით. როდესაც შესაძლებელია, რომ მოხდეს დიფერენცირება, მაგალითად, დავაფინანსოთ პენსიონერები, პედაგოგები, 6 წლამდე ბავშვები, ვეტერანები, სოციალურად დაუცველები, ორსულები და მშობიარეები, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა, რომელსაც მაღალი შემოსავლები და სოციალური ფონი აქვს, დავუტოვოთ კერძო სადაზღვევო სეგმენტს. შედეგად მივიღებთ იმას, რომ რიგ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას, რომელსაც საშუალება არ გააჩნია, საკუთარი სახსრებით შეიძინოს კერძო სადაზღვევო პოლისი, უფრო ხარისხიანი სახელმწიფო ჯანდაცვის მომსახურება ექნება; ხოლო მაღალი შემოსავლების მქონე მოსახლეობა კერძო სადაზღვევო კომპანიებში შეიძენს უკეთეს სადაზღვევო პოლისებს მაღალი დაფარვებით, რადგანაც კერძო სადაზღვევო კომპანიებსაც გაუჩნდებათ რესურსი, სამედიცინო სადაზღვევო ბაზრის ზრდის ფონზე უკეთესი სადაზღვევო პოლისები შესთავაზონ საკუთარ მომხმარებელს. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია აუცილებელია. მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ განათლებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.  

                                                                                                                 მაკა მოსიაშვილი

 

გაზიარება