დღეს ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, რომ კაპიტალს არ უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი გავლენა, რომელიც რიგით მოქალაქეებს აქვთ, რადგან კაპიტალის დაგროვებისა და შეძენის გარემოებები, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ სუფთა და უმწიკვლოა, ხშირ შემთხვევაში კი დღევანდელი კაპიტალისტები და ოლიგარქები, პირდაპირი მნიშვნელობით, ქურდები არიან.
,,კანონიერი ქურდები” ჩაანაცვლეს ,,უკანონო ქურდებმა”, ანუ კაპიტალისტებმა. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ სახელმწიფო მართვაში ამ ტიპის ადამიანებს დიდი გავლენა ჰქონდეთ. პირდაპირ ვთქვათ, საქართველოში არსებული ,,კაპიტალისტების” 80% მაინც ქურდია და მას მისი მდგომარეობა ,,პატიოსანი შრომით” არ შეუქმნია. ამ შემთხვევაში სწორედაც რომ კაპიტალის მართული სახელმწიფო ემსგავსება ახალი ტიპის ქურდების მართულ ტერიტორიას. ეს არის ნეოლიბერალიზმის ძირითადი პრინციპი.
მე ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქართული ოცნების” გულშემატკივარი ვიყავი და დღესაც ვარ. ცხადია, `ნაციონალური მოძრაობის~ ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლა მათზე ადრე დავიწყე და ბუნებრივია, მათ გვერდზე დავდექი, როდესაც მიშას არჩევნებში დაუპირისპირდნენ და შემდეგ 2012 წელს დაამარცხეს. მაგრამ, ამავე დროს, არის პრობლემები, რომლებიც სტრუქტურულია და რომელზედაც ახალგაზრდები ხშირად ლაპარაკობენ. ,,სისტემა უნდა დაინგრეს!” _ არ ნიშნავდა მარტო ნეოლიბერალი ავტოკრატი მიშას ქვეყნიდან გაგდებას. ,,სისტემა” კიდევ ბევრ ელემენტს შეიცავს, რომელიც უბრალო ადამიანებს ქვეყანაში წესიერად არ აცხოვრებს. უფრო სწორად, საქართველოს საშუალო მოქალაქე ღირსების გარეშეა დარჩენილი.
,,ქართული ოცნების” უკვე, თითქმის, 4-წლიანი მმართველობის პერიოდში ბევრი კარგი რამე გაკეთდა. პირველ რიგში, ეს არის ჯანმრთელობის რეფორმა. ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. პოლიცია გაუპატიურებებს, ასე თუ ისე, შეეშვა _ და ესეც პოზიტიურია. ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ დიდი უცხოური ინვესტიციები მოიზიდა _ ინდური, ამერიკული და სხვა კაპიტალი და ამასაც პლუსად უთვლიან მათ.
მაგრამ დარჩა საკმაოდ სერიოზული პრობლემები. ვეცდები, ჩამოვთვალო ეს პრობლემები:
1. ნეოლიბერალური ეკონომიკური სტრუქტურა, რომელიც მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სიღატაკისკენ უბიძგებს. ეს არა მარტო ქართული პრობლემაა _ დღეს მსოფლიო პრობლემაა. თუმცა არსებობს სხვადასხვა პოზიტიური მაგალითი, რომლისგანაც სწავლა შეგვიძლია. ბევრს ლაპარაკობენ ახალ ზელანდიურ სოციალურ მოდელზე, ან, თუნდაც, კანადურ ექსპირიენსზე, სკანდინავიასა და დასავლეთ ევროპას რომ თავი დავანებოთ. მთავარი პრობლემა, რომელზედაც ,,ქართულმა ოცნებამ” ყურადღება უნდა გაამახვილოს არის ის, რომ ,,ჰომო ეკონომიკუსი”, _ ანუ თანამედროვე ოლიგარქი, არ უნდა იყოს მისაბაძი და ყველაზე ძლიერი ფიგურა დღევანდელ დისკურსში. ის უნდა იყოს თანასწორთა შორის თანასწორი, რადგან ხშირ შემთხვევაში ოლიგარქებს საკმაოდ დაბალი პროფილი უჭირავთ. ოლიგარქებისა და მდიდარი ადამიანების გაღმერთება ჩვენი საზოგადოებრივი დისკურსის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომლისგანაც რაც შეიძლება მალე უნდა განვიკურნოთ. ჩვენ გვავიწყდება, რომ უბრალო მასწავლებელი, ან ექიმი ხშირად ბევრად უფრო დასაფასებელი წევრია ჩვენი საზოგადოების, ვიდრე რომელიმე ოლიგარქი. ზოგიერთი მდიდარი ანტერპრენიორი, მართალია, პატიოსანი და შრომისმოყვარე გზით არის გამდიდრებული, მაგრამ ბევრი მათგანი, პირდაპირი მნიშვნელობით, ქურდობით და მამაძაღლობით არის ასეთ მდგომარეობაში და დიდი შანსია, მისი ,,პანამის დოკუმენტებიც” მალე გამოქვეყნდეს. ასე რომ, ეს ჯანმრთელი და მემარცხენე მიდგომა დღეს წამალივით სჭირდება ჩვენს საზოგადოებას. ,,ნაციონალების” დროს და ახლაც მიმდინარეობს მემარჯვენე კაპიტალიზმის ზედმეტი და გადაჭარბებული პროპაგანდა და ,,ჰომო ეკონომიკუსის” ცაში აყვანა, რომ ის არის ,,სამუშაო ადგილების” შემქმნელი, მეცენატი და ასე შემდეგ. ეს, მხოლოდ და მხოლოდ, პროპაგანდაა _ სინამდვილეში, ბევრი ეს ,,ჰომო ეკონომიკუსი” უბრალო ქურდი, ან კარიერისტია, რომელმაც საჭირო დროს მოხერხებულად მოიპარა ხალხის ფული. და ეს ყველამ უნდა იცოდეს;
2. საყდრისის საბადოების ,,ჰომო ეკონომიკუსის” სასარგებლოდ აფეთქება, ,,ხუდონჰესის” მშენებლობაზე ამხელა მცდელობები და სხვა ეკოლოგიურად მავნე პროექტების წინ წამოწევა სწორედაც რომ ამ პრობლემის ნაწილია. ჩვენს პოსტსაბჭოთა ოლიგარქიით გაჟღენთილ გონებაში ყველაფერი ის, რასაც მდიდარი ,,კაპიტალისტი” მოიფიქრებს, ჭკვიანურია და ყველაფერი, რაც მისი საწინააღმდეგოა ან პერვერსიულ-კომუნისტური (ძველმოდური), ანდაც სრულიად შიზოფრენიული. სინამდვილეში, ჩვენს საზოგადოებას არ გააჩნია იმუნიტეტი ,,მდიდარი ადამიანის” ნების წინააღმდეგ წასვლისა. უფულობა იმხელა პრობლემაა, რომ საზოგადოების სულ უფრო და უფრო მეტი წევრი იძულებული ხდება, გროშებზე გაიყიდოს და გაყიდოს არა მარტო პრინციპები, არამედ როგორც საყდრისისა და ხუდონჰესის შემთხვევებში ხდება, ეროვნული საგანძურიც. აქაც მნიშვნელოვანია ცნობიერი ცვლილება. ჩვენ არ უნდა დავაყენოთ ,,ჰომო ეკონომიკუსის” სტატუსი დანარჩენ ადამიანებზე ზემოთ. მას თუ ფული აქვს, ეს მის უპირატესობაზე არ მიანიშნებს. პირიქით, სპეციალისტებისა და პროფესიონალების აზრი კონკრეტულ თემაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია _ თანაც მაშინ, როდესაც მათი დაფინანსების წყარო არ არის მიკერძოებული, ანუ არ არის დაინტერესებული რომელიმე კაპიტალისტური პროექტით;
3. პოლიციური სახელმწიფოს პრობლემას ისევ და ისევ ვაწყდებით. თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ძალიან კარგი მაგალითები მისცეს მთელ საქართველოს, რომ არც ერთ დაწესებულებაში არ არის საჭირო უშიშროების ოფიცრების ასეთი უპირობო ბატონობა _ ,,ოდეერები” არიან ჩვენი საზოგადოების ჭირის მთავარი მაჩვენებლები. ნეოლიბერალური სისტემა მათ კიდევ უფრო მოხერხებულად იყენებს, ვიდრე ამას საბჭოთა სისტემა აკეთებდა. ,,ოდეერები” კაპიტალის დამცველები და გადამანაწილებლები არიან. ყველა სამინისტროში, პრაქტიკულად, მათ წამყვანი პოზიციები უჭირავთ _ ყველა ხარჯვით ნაწილში მათი და ოლიგარქების ერთდროული გადაწყვეტილებით ხდება ნებისმიერი ქმედება. ,,ოდეერების” პრობლემა ძალიან ბევრ რეფორმას აფერხებს _ პირველ რიგში, განათლების რეფორმას. ბოლო 4 წლის მანძილზე საქართველოში განათლებაში, პრაქტიკულად, არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთლით გია დვალის მიერ პირადად ჩამოტანილ ცერნის ლაბორატორიას. განათლების სამინისტროს არ გააჩნია პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდებს დაიცავს განსგტერული ძალადობისგან, ძალადობის პროპაგანდისგან და ექსუალური ძალადობისგან. ეს ყველაფერი კი ,,ოდეერის” ინსტიტუტის დამსახურებაა. ,,ოდეერული” სისტემა დგას ძალადობის სისტემის დამცველად და ეს სისტემა ძალადობრივია ჯერ კიდევ. მართალია, მანიაკი მიშა სააკაშვილი სადომაზოხისტურ რიტუალებს ციხეებსა თუ საკუთარ კაბინეტში აღარ ატარებს, მაგრამ პოლიციური სისტემა ბევრ ადამიანს აწამებს ჯერ კიდევ. და რაც მთავარია, ეს ძალადობა _ სახელმწიფო ძალადობის მონოპოლია _ ნეოლიბერალური სისტემის მთავარი ქვაკუთხედი _ ყველას აშინებს, ვინც გაბედავს, რომ ,,კაპიტალზე” ხელი ასწიოს. აქ არ ვირჩევ მარქსისტულ მიდგომას _ მე, ისევე როგორც თვითონ მარქსი _ მარქსისტი არ გახლავართ. აქ, უბრალოდ, ლაპარაკია ყველასათვის დასანახ კატეგორიებზე _ იმაზე, რომ ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტი (რა ტყუილებსაც არ უნდა გვამცნობდნენ მსოფლიოს ბანკის, ან სავალუტო ფონდების ხელფასზე მჯდარი სოციოლოგები) არის საშინელ სიღატაკეში. და ყველას, ვინც ამ სიღატაკეს დაუპირისპირდება, ვინც კაპიტალის არათანაზომიერ გადანაწილების პრინციპს დაუპირისპირდება _ ელის წამება, ან სიკვდილი. აი, ამას ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს მანქანა დღეს. ეს პირდაპირ უნდა ვაღიაროთ.
სალომე ასათიანის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან საინტერესო იყო ჩემთვის და მე ნამდვილად მომეწონა ახალგაზრდა პუბლიცისტის (სალომე თავისი მოღვაწეობით უფრო პუბლიცისტია, ვიდრე ჟურნალისტი) დამოკიდებულება თავისი რესპონდენტის მიმართ. ეს იყო თანასწორი დამოკიდებულება ,,ყველაფრის მფლობელ კაპიტალისტსა” და რიგით მოქალაქეს შორის, რომელსაც ბევრი მტკივნეული კითხვა დაუგროვდა. დიახ, იმ კითხვების უმრავლესობა, რომელიც სალომემ დასვა, სამართლიანია. განა, სამართლიანი არაა იმ ფაქტზე შეკითხვის დასმა, რომ თამაზაშვილის კლანი ძარცვავდა საქართველოს ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში და შემთხვევით ნიკუშა შენგელაიას რომ არ აღმოეჩინა ,,ზედელასა” და ,,ჯანყარას” (სხვათა შორის, ესენიც ,,ოდეერების” კლასის წარმომადგენლები არიან) მიერ ბატონი თემურ უგულავას რეკეტის ფაქტი, ეს ძარცვა გაგრძელდებოდა?! ან იმ ფაქტზე, რომ ,,ოცნების” მთავრობამ ტყიბულელი მაღაროელები მათი ,,მფლობელების” სასარგებლოდ ლამისაა მიატოვა და ბეჟუაშვილს მისცა განუსაზღვრელი უფლებები მუშების ხარჯზე? ან კახა კალაძის ენერგეტიკის სამინისტრო ,,ხუდონჰესის” პროექტს დღესაც ისე ქაჩავს, როგორც, თავის დროზე, ამას ჯუმბერ პატიაშვილის ცენტრალური კომიტეტი აკეთებდა? რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის ნეოლიბერალური კურსის შედეგად სრულიად გაღატაკებულია და ისევ გარბის საქართველოდან მონობაში სამუშაოდ? ამ პრობლემებს ,,ქოცები” და ,,ნაცები” ვერ ხედავენ იმიტომ, რომ ისინი ორივენი ნეოლიბერალური სისტემის ნაწილები არიან. ,,ნაციონალები” და ,,ქოციონალები” ამ საერთაშორისო უსამართლობისა და დაუნდობლობის სისტემის ნაწილები არიან, მაგრამ გვინდა ჩვენ ეს?! გვინდა, რომ ასე დაუნდობლად ვჟლიტოთ საკუთარი მოქალაქეები ,,თავისუფალი ბაზრის” სახელით?
მე მგონი, არა. სწორედ ამიტომაც ბიძინა ივანიშვილი უნდა დაფიქრდეს ამ საკითხზე. ეს პირველი შემთხვევაა, რომ მისი კრიტიკა მარცხნიდან წამოვიდა და ეს ბევრად უფრო საფუძვლიანი კრიტიკაა, ვიდრე ,,ნაციონალური მოძრაობის”, ან სხვა ლიბერალური პარტიის ,,ჩივილები”. ამ პრობლემებს ნამდვილად მიხედვა სჭირდება.
თავის ,,ბიოპოლიტიკის დაბადებაში” დიდი ფრანგი ფილოსოფოსი, მიშელ ფუკო ამბობს, რომ როდესაც საზოგადოებას ,,ჰომო ეკონომიკუსი” მართავს, ეს საზოგადოების დაღუპვის მომასწავებელია. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენ ამ დღეში არ ვართ.
ირაკლი კაკაბაძე