QronikaPlus
რატომ არ ანიჭებს დედაქალაქის საკრებულო სკვერს აფხაზეთში დაღუპული მეომრების სახელს?!

რატომ არ ანიჭებს დედაქალაქის საკრებულო სკვერს აფხაზეთში დაღუპული მეომრების სახელს?!

2016-06-11 07:28:44

ვეტერანი მერაბ ქუქჩიშვილი აფხაზეთის ომში გარდაცვლილი შვილის სახელზე, მის მიერ გაკეთებული სკვერისთვის, სახელის მინიჭებას ითხოვს. როგორც ქუქჩიშვილი „ქრონიკა+“-თან აცხადებს, ამ საქმეში მას დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, ლია ჯახველაძე უშლის ხელს, რომელიც მისი მეზობელია და რომელსაც სურს, სკვერს თავისი შვილის სახელი დაარქვას.   „ქრონიკა+“-ს მერაბ ქუქჩიშვილი ესაუბრება: _ ჩემი შვილი, ზურაბ ქუქჩიშვილი, 16 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომში წავიდა, სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, პატრიოტული სულისკვეთებით აღვზარდეთ და, ალბათ, ამიტომაც მოხდა ასე. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, თავის მეგობართან, პაატა ჯანელიძესთან ერთად გაგვეპარა, მეზობელი იყო ის ბიჭი, ერთად გაიზარდნენ. წავედი და ომიდან ჩამოვიყვანე. დედამისი რომ ეჩხუბა, ასეთი პასუხი გასცა: სხვა ქალებისგან რით განსხვავდები, ისინი რომ დადიან შავებშიო. გვერდით ბიჭები რომ დამეხოცნენ, იმათი სისხლის ასაღებად წავედიო. მეორედაც გაიპარნენ. ჩუმად მიდიოდა, აბა, 16 წლის ბიჭს ისე ვინ წაიყვანდა?! გვარდიაში მიაკითხა, არ მიიღეს და „მხედრიონში“ ჩაეწერა. მეორედაც რომ ჩავედი სოხუმში, ძალაუნებურად ჩამითრია ამ ომმა და „ჯარისკაცის მამასავით“ დამემართა. მეორედაც დავაბრუნე, არ დაგიმალავთ, სახლში ბევრს ველაპარაკებოდით, გაყიდული ომიაო, ამას ბევრი დაგიმოწმებთ, ვისაც იმ პროცესებში მონაწილეობა მიუღია. შევთანხმდით, რომ აღარ წავიდოდა. იმავე საღამოს, 1993 წლის 22 სექტემბერს, მაინც წავიდა. ტელევიზიით გავიგე, რომ ის თვითმფრინავი, რომლითაც წავიდა, ჩამოაგდეს. მეორე დღეს გავფრინდით სოხუმში მე და ჯანელიძის მამა. მიცვალებულები უკვე გადასვენებულები დაგვხვდა ბაბუშერის სასაფლაოზე. გვითხრეს, რომ 9 კაცი ცოცხალი გადარჩა და აგუძერის ჰოსპიტალში იწვნენ, ჯერ იქ წავედით, მაგრამ იქ არ დაგვხვდნენ. რატომღაც, ყველა მშობელს ჰგონია, რომ მისი შვილი გადარჩება, მაგრამ უკვე იმედი გადამეწურა. ბაბუშერის სასაფლაოზე მივედით, მიცვალებულები ჩამწკრივებულები იყვნენ, იქ მუშაობდა აფხაზეთის პროკურორი ანზორ ლაცუზბაია და თბილისიდან იყო ლაური ჯანაშია, იქ გავიცანი. ზეწარგადაფარებულები იყვნენ ეს ბიჭები, 3-ჯერ ჩამოვუარე ამ მწკრივს, ძალიან მძიმეა ამის აღწერა, ზოგს თავი არ ჰქონდა, ზოგს ხელი, დამწვრები და გაუბედურებულები იყვნენ, 101 მიცვალებული ესვენა იმ დროს. ვერ ვნახე ჩემი შვილი და ლაური ჯანაშიას რომ ავუწერე როგორი იყო გარეგნობით, მითხრა, გუშინ სწორედ ასეთი ბიჭი დავასვენეთო. ვიჯექი და ვბღაოდი. უცებ დამიძახეს და ჩემი შვილი მანახვეს. შეტრუსული იყო, მარჯვენა ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ვიფიქრე, აფხაზი კიდევ არ შემოვიდეს, ტანკით არ გადაუაროს მთლიან სასაფლაოს-მეთქი, გვერდზე დიდი ბეტონის კედელი იყო და ჩემი შვილი იქ გადმოვიყვანე. იმ კედელთან ამერიკელი კორესპონდენტი დაიღუპა, გვარად ტეტლე, გადასვენებული დამხვდა და ზურა იმ ადგილზე გადავიყვანე. ყველაზე ძალიან სახლში ჩამოსვლის მეშინოდა, რა უნდა მეთქვა ჩემი მეუღლისთვის?.. როგორც იყო, პაატაც ნახა მამამისმა და ისიც იქ გადმოიყვანა, ერთად რომ დაგვესაფლავებინა. მოკლედ, ცელოფნებში შევახვიეთ ჩვენი შვილები და ასე დავასაფლავეთ. ჟიული შარტავას არ ვიცნობდი, პირველად მაშინ ვნახე, იქ მოვიდა. ჩვენი ვინაობა იკითხა და რომ გაიგო, თბილისიდან ვიყავით ჩასულები, პროკურატურის წარმომადგელებს უთხრა, გააცილეთ, ხვალ შეიძლება სოხუმი ჩვენი აღარ იყოსო. წამოსვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ლაური ჯანაშიამ გამომისტუმრა იმ დავალებით, რომ 31-ე ქარხანაში ჩავსულიყავი და უკვე შეკვეთილი კუბოები ზუგდიდში ჩამეტანა. მეორე დილით სოხუმი დაეცა. ერთი წლის შემდეგ, ძალიან დიდი წვალებით გადმოვასვენე. მერე კულუარულად გავიგე, რომ გადმოსვენების ვარიანტი იყო, მაგრამ შევარდნაძეს უთქვამს, ამდენი მიცვალებული ერთდროულად თბილისში რომ ჩამოვასვენოთ, რაღაც მოხდებაო. ფაქტობრივად, აქედან შეგვაფერხეს. ჩვენი შვილები გორგასლის ორდენებით დააჯილდოეს, ამ ფაქტის გამო მშობლები მივედით და შევარდნაძეს ის ორდენები მაგიდაზე დავუწყვეთ. _ სკვერის ისტორია მომიყევით... _ შვილმკვდარი მამა რაღას გავაკეთებდი, ოცხელის ქუჩაზე, კორპუსებს შორის, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, მიტოვებულ, ტყესავით ადგილზე, ზოგს თუნუქი რომ ჰქონდა მიკრული და ბოსტანი გაკეთებული, სკვერის გაკეთება გადავწყვიტე. მეზობლებიც შევიდნენ ჩვენს მდგომარეობაში, ტრაქტორი მივიყვანე, ეს ადგილი გავასწორე და ამ ბიჭების სახელზე ხეების დარგვა დავიწყე. ზღვის სანერგე მეურნეობიდან სხვადასხვა სახის ნაძვისა და კვიპაროსების ნერგები მოვიტანე და დავრგე. მეზობელი ბიჭებიც ძალიან დამეხმარნენ, მაგიდა და სკამები გავაკეთე, წყალი გავიყვანე და შადრევანი გავაკეთე. ყველა ხარჯი მე გავიღე. უბანში ყველამ იცოდა, რომ ეს სკვერი ზურასა და პაატას სახელზე გავაკეთე. ლია ჯახველაძე გახლავთ ჩვენი რაიონის დეპუტატი დედაქალაქის საკრებულოში. შვილი გარდაეცვალა.  უცებ გავიგე, რომ ამ სკვერს მის სახელს არქმევენ. კახას სკვერიო, მეზობლებისგან მესმის. ამას ლია ხმამაღლა არ ამბობს, ამ ბიჭების ენით ლაპარაკობს. ქალბატონი ლია საკრებულოში, ამავდროულად, იმ კომისიის თავმჯდომარეა, რომელიც ქუჩებს და სკვერებს სახელებს არქმევს. „ნაციონალების“ დროს რომელი სახელის დარქმევაზე იყო ლაპარაკი, ბიზნესი იმიტომ წამართვეს, აფხაზეთში არალეგალურად 3-ჯერ გადახვედიო. შვილის გამო დავდიოდი, რომ გადმომესვენებინა, ის ერთი წელი გაჩერებული კი არ ვიყავი... ხელისუფლება რომ შეიცვალა, პირველად ლიასთან მივედი. მინდოდა, ქუჩას და სკვერს ამ ბავშვების სახელი მინიჭებოდა. სიტყვა-სიტყვით გეტყვით, რა მითხრა: ეზოში რომ ბიჭები ცხოვრობენ, რაც უნდათ, ის დაარქვანო. გულში მწარედ გამეცინა. სანამ გავიგებდი, რომ კახას სახელის დარქმევა უნდოდათ, ერთ-ერთი ბიჭი მოვიდა ჩემთან და მითხრა, _ რაღაც ახლის გაკეთება გვინდა და წინააღმდეგი ხომ არ იქნებიო? ვუთხარი, _ რასაც კარგს გააკეთებთ და სანამ გაიხსენებთ, ის ბიჭები ცოცხლები იქნებიან-მეთქი. ღმერთმა დამიფაროს, ლიას შვილზე რამე ვთქვა, ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვი იყო. საკრებულოში რომ მივედი და ლიას ვუთხარი, _ შენ ყოფილხარ მაგ კომისიის თავმჯდომარე-მეთქი, მითხრა, _ მაგ ქუჩებს სახელს ვერ გადავარქმევთო. კარგი, ოცხელებს ვერ გადაარქმევენ, გამოჩენილი ხალხი იყო, ქინძმარაული რაღაა, სოფლისა და ღვინის სახელებია, მეტი ხომ არაფერი. ბოლოს და ბოლოს, ჩოლოყაშვილის ქუჩას გადაარქვეს და გაბრიელ ბერის სახელი დაარქვეს. თუ გინდა, „აფრიკაში“ რომელიმე ქუჩას დავარქმევთ ზურას სახელსო. უარი ვუთხარი, _ თუ ჩემს ნდომაზეა, ეს მინდა და თუ არა, სულ არ მინდა-მეთქი! იქ ვინ იცის, ზურა ქუქჩიშვილი ვინ იყო, ბავშვი აქ გაიზარდა. ხელმოწერები შევაგროვე ორ კორპუსში, სადაც 180 ოჯახი ცხოვრობს, 160 ხელმოწერა მივიტანე, სკვერზეც ვთხოვდი და ქუჩაზეც. ლიასთან არის ახლა ის ხელმოწერები. პაატა ჯანელიძის სახელი „პასიოლკა“ ჰქვია, იქ დაურქმევიათ ქუჩისთვის. ვერც გავამტყუნებ, დედამისი „ნაციონალების“ დროს კოორდინატორებს მოხმარებია და აღწერაზე დადიოდა, ლიას ამაზე გაუგიჟებია თავი. რა „ნაციონალი“, ქალმა მითხრა, თანხა გადამიხადეს, ხომ იცი, რა გაჭირვებაში ვარ და რა მექნაო. პაატას მამას ტარიელს, შვილის სიკვდილზე შაქარი დაემართა, მხედველობა აღარ აქვს, კაცი ვეღარ მუშაობს და ამაზე რომ აწვები... დედამისმა მითხრა, არც გაუგებინებიათ ჩემთვის, პაატას სახელს რომ არქმევდნენ ქუჩასო. მეზობლის ბიჭი ზაზა დავიბარე, ლია თავისთან ამუშავებს. ვუთხარი, _ შვილო, ის ჩემი გაკეთებული მილები რომ ამოყარე და კახას წყაროს არქმევ, ამას რატომ აკეთებ-მეთქი?! ან კახა რა შუაშია ჩემს გაკეთებულ სკვერთან?! თანხას ხომ არ გთხოვთ, ტონობით მილები რომ ამოყარეთ და ჯართში ჩააბარეთ, იმ ფულით ორი პატარა ტრაფარეტი ვერ გამოჭერით და  დააწერეთ, რომ ჯანელიძე და ქუქჩიშვილი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირნენ-მეთქი?! ეს გააკეთა ლიას დავალებით! ლიას შემდეგ მივმართე ვეტერანთა სამსახურს, შიხიაშვილი იყო მაშინ ხელმძღვანელი. კანცელარიაში დამაწერინეს განცხადება და მითხრეს, მოვუვლითო. დიდი ხანი ვუცადე პასუხს, მაგრამ საერთოდ არ მიმიღია. ამ პერიოდში შიხიაშვილიც წავიდა და კობა კობალაძე დაინიშნა. სამგორის რაიონის გამგებელთანაც შევედი, ჩოქური იყო მაშინ. სხვათა შორის, გულთან ახლოს მიიტანა ეს ამბავი. კობალაძემ მიშუამავლა და საკრებულოს წერილით მიმართა. მე რა პასუხიც მომწერა ჯახველაძემ, იგივე გაუგზავნა კობალაძეს. მივედი ვეტერანთა სამსახურში და კობალაძემ მითხრა, _ წავიკითხე წერილი, ამ საკითხის გადაწყვეტა მათ ეკუთვნის და რა ვქნაო? _ ვეტერანთა სამსახურს თქვენ ხელმძღვანელობთ, პატივს გცემთ და ამიტომ მოვედი, თუ თქვენთან ვერ ვიპოვე სამართალი, წავალ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს მივაკითხავ და ვიბრძოლებ, სანამ სული მიდგას, თუ ქუჩებს სხვების სახელი დაარქვით, ჩემსას რატომ არ ეკუთვნის, მითხარით-მეთქი? ამის შემდეგ კობალაძემ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან შეხვედრა მომიწყო. _ რა გითხრათ საკრებულოს თავმჯდომარემ? _ გაოცებული იყო, რატომ უნდა მისულიყო აქამდე ეს საკითხი და რატომ უნდა ეთქვათ ამაზე უარი?! ვინ გააჩერაო? ლიასთან გაჩერდა, ის მცემს პასუხს. ის არის თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარე ისე დაინტერესდა, ლიამ რომ მომწერა, იმ წერილის ასლი გადაიღო და თქვა, დავინტერესდებიო. თვითონ შემომთავაზა, რომელ სკოლაშიც სწავლობდა, იმასაც მივანიჭოთ ზურას სახელიო. მე ეს აზრადაც არ მომსვლია. სკვერისთვის მინდოდა დარქმევა და ქუჩებს რომ არქმევდნენ სახელებს, ისიც ჩავწერე. ერთი თვეა, პასუხს ველოდები და არსად ჩანს. შეიძლება, არ სცალიათ, მაგრამ ეს საკითხი რა გადასაწყვეტია?! იმიტომ მტკივა გული და ვჩქარობ, რომ ახლა აუზს უპირებენ დანგრევას, წყლის გადასახადი ვეღარ გადაიხადეს. მე რომ ვიყავი, ხომ ვიხდიდი, ხომ არ ვაწუხებდი ვინმეს?! უნდა დავანგრიოთო, შენ რომ ააშენებ, ის დაანგრიე, ყველაფერს მიხედვა უნდა! _ ახლა რას აპირებთ? _ რას ვაპირებ და პასუხს ველოდები. პენსიონერი კაცი ვარ, შევარდნაძის დროიდან ვიცი, შიდა სამზარეულოში რა ხდება, კომუნისტებს რომ ჰქონდათ, ამათთანაც ასეა. შეიძლება, კობაც ფიქრობს, მერაბის გულისთვის ლიას რატომ ვაწყენინოო, ასეთი დამოკიდებულებაა. ალიბეგაშვილმა მითხრა, _ ლიას დაველაპარაკები ამ საკითხზეო. _ მე როგორ გავიგო-მეთქი ბატონო გიორგი და კობას პირით შეგატყობინებთო. ვზივარ და ველოდები ამდენი ხანი. გული იმაზე მწყდება, რომ ჩემი გაკეთებულია. ახლა ლია რომ იჩემებს, 20 წელია იქ ხეებია დარგული, ვერ ატყობს?! კარგად გამიგეთ, სახლში ყველა მეჩხუბება, თავი დაანებე, ნუ ნერვიულობო. არ შევეშვები, ახლა თქვენ შეგაწუხეთ, მერე სხვასთან მივალ იმიტომ, რომ მართალი ვარ. ჩემს გაკეთებულზე ვითხოვ, ვისთვისაც გავაკეთე, იმის სახელი მიანიჭონ. ლიამ მომწერა, _ რეკრეაციული ზონა არ არის და როგორ მივანიჭოთ სახელიო? მიპასუხოს ვინმემ, რა შუაშია აქ რეკრეაციული და არარეკრეაციული ზონა?!   „ქრონიკა+“ კომენტარისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს, ლია ჯახველაძეს დაუკავშირდა: _ ყველაფერს რომ კადრულობს ეს ბატონი, ვიცი, მაგრამ თუ ასეთ მტკივნეულ საკითხზე ახსენებდა ჩემი შვილის სახელს, ამას ვერ წარმოვიდგენდი. გარდაცვლილი შვილით სპეკულირება არაფრით არ შეიძლება. არაფრით არ მივცემ თავს უფლებას, რომ ჩემი შვილის სახელი დაერქვას ადგილს, სადაც ბავშვების ატრაქციონებია და თამაშობენ. ჯერ ერთი, იმ ადგილს არ აქვს სტატუსი მიცემული, რის გამოც შესაძლებელია, რომ სკვერად ჩამოყალიბდეს. არც მისი გაკეთებული არ არის და შეცდომაში შეჰყავხართ ამ ბატონს. ჩემი მაჟორიტარობის დროს გამგეობის თანხით არის გაკეთებული და მთლიანად რეაბილიტირებული. გამგეობამ გამოაცხადა ტენდერი და ნახაზიც შედგა. სულ ერთი წლის გაკეთებულია. თუ იმას ამბობს, რომ ადრე გააკეთა, მაშინ ჩემი გაკეთებულიც არის და კორპუსში მცხოვრები ხალხის, იმ პერიოდში ფულს ვაგროვებდით, რომ ხეები გვეყიდა და დაგვერგო, მისი ზედმეტი ლარი არ წასულა ამ საქმისთვის. ახლა კი ჩემი, როგორც მაჟორიტარის ინიციატივით არის ეს სკვერი გაკეთებული. სკვერის სახელდება რომ მოხდეს, ჯერ სტატუსი სჭირდება და ზონალურზე უნდა გავიდეს. მეორეც, ჩვენი ქვეყნის უბედურებაა, რომ ათასობით გარდაცვლილი გვყავს თუნდაც აფხაზეთში, სამაჩაბლოში, 2008 წლის ომში და ა. შ. ძალიან კარგად მესმის ყველა შვილმკვდარი მშობლის ტკივილი, მაგრამ თითოეული გარდაცვლილის სახელზე რომ ვაკეთოთ ქუჩაც და სკვერიც, გამოდის, მთელი თბილისი სასაფლაოდ უნდა ვაქციოთ. ამიტომ ვცდილობთ, როგორც მოსახერხებელია, თუ სკვერია, მას დავარქვათ სახელი, თუ ქუჩაა, ქუჩას დავარქვათ. როგორც კი ქუჩას შევარჩევთ, ვიბარებთ ჭირისუფალს და არჩევანის საშუალებას ვაძლევთ. ჩვენ გვაქვს სახელდებისა და გადარქმევის ჩვენი წესი, ოცხელისა და ქინძმარაულის ქუჩების სახელების გადარქმევა არაფრით არ შეიძლება, როცა შეიძლება უსახელო ქუჩები შევარჩიოთ და დავარქვათ. ეს საკითხი არის ჩვენი კომისიის კომპეტენცია. ის, რომ საკრებულოს თავმჯდომარე სახელდების წინააღმდეგი არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სახელდების წესს გადავცდებით. ბატონი გია თანახმაა, მაგრამ ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ ყველა წესის დაცვით გავაკეთოთ სახელდება. წინააღმდეგი აქ არც საკრებულოა და არც მე, მაგრამ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომლის პასუხისმგებლობა დღეს ჩემს ხელშია. რაც შეეხება ჩემი შვილის სახელდებას, ეს არც კი განიხილება, უბნის ბიჭებმა წყარო გააკეთეს, უნდოდათ წარწერა გაეკეთებინათ და ამის საშუალებაც კი არ მივეცი. ეს ბატონი იმ უბნიდან წასულია, იქ იციან მისი შვილის ამბავიც და ჩემი შვილისაც. სახელდების არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს, ჩვენ ქუჩებზე ვმუშაობთ. როგორც კი იქნება ამის საშუალება, დავიბარებთ, რამდენიმე ვარიანტს შევთავაზებთ და არჩევანის საშუალებას მივცემთ. ზურაბ ქუქჩიშვილთან ერთად დაიღუპა პაატა ჯანელიძე და მისი სახელდება რამდენიმე თვის წინ გავაკეთეთ, საწარმოო დასახლებაში დავარქვით მისი სახელი ერთ-ერთ ქუჩას და, სხვათა შორის, მისი ოჯახი დღეს იქ ცხოვრობს. ორმოცდაათივე დეპუტატი თავმჯდომარიანად თანახმაა, მაგრამ ის, თუ რას შევარჩევთ სახელდების წესთან მორგებით, ამაზე სრული პასუხისმგებლობა მე მენიჭება. რაც შეეხება სკვერს, ხანგრძლივი პროცესია. უნდა იყოს ჩამოყალიბებული სკვერის სტატუსით. ჯერჯერობით, ეს ადგილი შიდა ეზოდ ითვლება.   „ქრონიკა+“ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურს დაუკავშირდა. როგორც თამარ გვაზავამ გვაცნობა, საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდა მოქალაქე მერაბ ქუქჩიშვილს, რომელმაც გიორგი ალიბეგაშვილს ოცხელის ქუჩაზე მდებარე სკვერისთვის აფხაზეთში დაღუპული გმირის სახელის მინიჭების ინიციატივით მიმართა. საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხი შემდგომი განხილვის მიზნით სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას გადასცა.  

                                                                                                            თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება