ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი პირველი მერცხალი იყო ღარიბაშვილის გუნდიდან, რომელმაც თანამდებობა დატოვა. მის ადგილას „ქართუს“ ყოფილი დირექტორი, ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა. იმთავითვე გაჩნდა იმის მოლოდინი, რომ ჯავახიშვილი წინამორბედის დროს ჩატარებულ ტენდერებში დარღვევებს აღმოაჩენდა და, მინიმუმ, რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი მაინც დადგებოდა. მოლოდინი მოლოდინად დარჩა _ მიუხედავად საჯარო განცხადებებისა, რომლებიც ბოლოს ჟურნალისტის ინტერპრეტაციას დაბრალდა და არა ჯავახიშვილს, პროკურატურას ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მასალები არ მიუღია, არც გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანია „სერპანტინის“ მრავალმილიონიანი ტენდერები მოუკითხავს ვინმეს და არც ჯანყარაშვილის გარემოცვის „ატკატები“; ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრი შავლიაშვილი უკვე საჯარო მუქარებზე გადავიდა, _ თუ დაკითხვაზე დამიბარებენ, აუცილებლად მოვყვები, ვის ვაძლევდი ფულსო. ასევე მშვიდად, ყოველგვარი ზედმეტი პრობლემების გარეშე წავიდა თანამდებობიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი. თანამდებობიდან მისი წასვლის ოფიციალურ მიზეზად ცოლ-შვილის მონატრება დასახელდა, არაოფიციალური ინფორმაციით კი სწორედ ხოკრიშვილმა დააბინავა ღარიბაშვილის საძმოს „ობშიაკი“ გერმანიაში და ის დაეხმარა ყოფილ პრემიერს მიუნხენში ძვირადღირებული სახლის შეძენაში.
რა სქემა მოქმედებს დღესაც და კეთდება თუ არა ფული ნოდარ ჯავახიშვილის ზურგსუკან?
„ქრონიკა+“-ის კონფიდენციალური წყარო კახელების კლანის აქამდე დაფარულ სქემას შიფრავს. სქემა ისეა აწყობილი, რომ ყველა რგოლში კახელების კლანის წარმომადგენლები მუშაობენ, რაც, საბოლოო ჯამში, იმას ნიშნავს, რომ, რეალურად, ჯავახიშვილი ვერასოდეს მოიპოვებს დოკუმენტურ მტკიცებულებებს იმისათვის, რომ რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.
ამ სქემის პირველი რგოლი, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაა“, რომელიც, ჯერ კიდევ, დავით ნარმანიას ინფრასტრუქტურის მინისტრობის დროს შეიქმნა და მის დირექტორად ზვიად ჯანყარაშვილის მეგობარი, იოსებ ოზაშვილი დაინიშნა. ოზაშვილმა განათლება მოსკოვში მიიღო, მან მოსკოვის სამართლისა და ეკონომიკის აკადემია დაამთავრა. სანამ კომპანიის დირექტორი გახდებოდა, ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზების განყოფილების უფროსი იყო; უფრო ადრე, 2004-2005 წლებში, თბილისის მერიის მუნიციპალური კეთილმოწყობის დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი. იოსებ ოზაშვილის ერთი მოადგილე, უჩა მამუჩაშვილი, პროფესიით სტომატოლოგია, მაგრამ მის ბიოგრაფიაში ერთი საინტერესო შტრიხია: 2011 წელს კომპანია „ზიმოს“ სამუშაოთა მწარმოებელი იყო. მკითხველისთვის უფრო ცხადი რომ გახდეს, შევახსენებთ, რომ ეს ის კომპანიაა, რომელმაც ტიტის ხე ივანიშვილის რეზიდენციაში გადარგო, 2011 წელს კი „ზიმო“ ვანო მერაბიშვილის პირადი პატრონაჟის ქვეშ მუშაობდა. ოზაშვილის კიდევ ერთი მოადგილე, ირაკლი კუპრავა, 2013 წლის ზაფხულში ზვიად ჯანყარაშვილთან მუშაობდა გენერალური ინსპექციაში, ხოლო 2004-2005 წლებში თავდაცვის სამინისტროში მუშაობის გამოცდილებაც კი აქვს.
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ ბოლო წლებში ყოველგვარი ტენდერების გარეშე შესრულებული სამუშაოების არასრული ნუსხა ასე გამოიყურება: წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია; სტადიონი წყალტუბოში; კოხტას მთასთან მისასვლელი გზის გაფართოება; მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაცია; მდინარე თერგის ნაპირგამაგრებითი სამუშაოები; დაბა წავკისთან მისასვლელი გზის აღდგენა; თბილისის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია დარიალსა და გურიაში; გუდაური-კობის გზის რეაბილიტაცია; სასაზღვრო პოლიციის შენობების მშენებლობა (სასაზღვრო პოლიციაში თამაზაშვილის კადრი ზურაბ გამეზარდაშვილია დანიშნული და როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, „ატკატების“ თემა მარტივად გვარდებოდა); წყალსადენი სისტემების რეაბილიტაცია გორში; საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დევნილებისათვის; ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის რეაბილიტაცია; საცხოვრებელი სახლების წყალმომარაგება ფოთში; სარფის საბაჟოს სამშენებლო სამუშაოები. ასე გამოიყურება იმ სამუშაოთა არასრული ნუსხა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ამ კომპანიამ შეასრულა და რომელთა ღირებულება რამდენიმე ასეული მილიონია.
ე. წ. კახელების კლანის სქემის მეორე რგოლი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფროსი, ლევან რაზმაძეა, რომელიც ასევე ირაკლი ღარიბაშვილის კადრია. შესყიდვების სააგენტოს ტენდერების კონტროლი ევალება. სწორედ ამიტომ იყო საჭირო ამ პოსტზე სანდო კადრი, რომელიც განსაკუთრებულ დისკომფორტს არ შექმნიდა.
სახელმწიფო შესყიდვების კომპანიას შეკვეთები არც ინფრასტრუქტურის მინისტრის შეცვლის შემდეგ მოჰკლებია. მიმდინარე პროექტების არასრული ნუსხა ასე გამოიყურება: აგლაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება; ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაცია ზემო ფონიჭალაში; სპეცნაგებობის მოწყობა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე; დედოფლისწყაროს ახალი საავადმყოფოს მშენებლობა; თეთნულდის სათხილამურო ტრასის მოწყობა; რუხის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობა; სარფის სანაპიროს გამაგრებითი ღონისძიებები; ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.
შესრულებული სამუშაოების მიღება ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნის გარეშე არ ხდება. ზვიად ჯანყარაშვილმა და მისმა გარემოცვამ აქაც ადრიანად დაიჭირა თადარიგი და ზვიად ჯანყარაშვილმა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის პოსტზე გენერალურ ინსპექციაში საკუთარი მოადგილე, გიორგი თვაური დანიშნა. გიორგი თვაურის ბიოგრაფია არანაკლებ საინტერესოდ გამოიყურება: მოგეხსენებათ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენისა და ციხის კადრების ხარჯზე მოვიდა. მუდმივად ისმოდა აპელირება, რომ ციხეებში პატიმრებს სასტიკად სცემდნენ და აუპატიურებდნენ. გიორგი თვაური სწორედ იმ წლებში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა, ანუ უფრო მარტივად გასაგებად, _ იგი იყო პირი, რომელსაც პატიმრებზე მოძალადე პირების გამოვლენა და დასჯა ევალებოდა. იმის მაგიერ, რომ გიორგი თვაურს, მინიმუმ, სამსახურებრივი გულგრილობისთვის ეგო პასუხი, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დააწინაურეს და ჯანყარაშვილმა გენერალურ ინსპექციაში საკუთარ მოადგილედ გადაიყვანა. თვაური დღემდე სამხარაულის ეროვნული ბიუროს დირექტორის სავარძელს ინარჩუნებს და სწორედ მისი პერსონაა გარანტი იმ სასურველი დასკვნებისა, რასაც ეს უწყება იძლევა, მათ შორის, უტენდეროდ, ან ტენდერის პირობებით შესრულებული სამუშაოების შესახებ.
უტენდეროდ კი, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მათთვის სასურველ კომპანიებს რამდენიმე ათეული მილიონი გადაურიცხეს, მათ შორის, „ჯენერალ ბილდინგს“ ჯერ 4, შემდეგ 8 მილიონი ლარი. „ჯენერალ ბილდინგის“ 10%-იანი წილის მფლობელი ს/ს ჰიდროსაინჟინრო კომპანიაა, რომლის დირექტორიც ივანე თაბაგარია, ხოლო 90%-იანი წილის მფლობელი ამერიკის მოქალაქე ზვიად წიკლაურია. კომპანიის დირექტორი ლევან ჭაბუკიანია. მეორე კომპანია, რომელიც ასევე ჯანყარაშვილთან ასოცირდება და მან უტენდეროდ 4 მილიონი ლარი მიიღო, „ნიუ როუდსია“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ლაშა ვასაძეა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ამ 16 მილიონიდან თანხის მესამედი მაინც „ატკატებით“ უკან დაუბრუნდა ჯანყარაშვილს, ხოლო სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის ბიუროს დასკვნების მიხედვით, ეს თანხა ისე „გაპრავდება“, რომ კვალის მოძებნა ძნელი იქნება.
უტენდეროდ თანხა მხოლოდ იურიდიულ პირებს არ მიუღიათ. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ასეთ ფეშქაშებს კერძო პირებსაც უკეთებდნენ. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პიარს, მაკა ბიგვავას მამას, კვლევების ჩასატარებლად უტენდეროდ 100 000 ლარი გამოუყო, ხოლო რაც შეეხება კვლევის შედეგებს, ის საჯაროდ თვალით არავის უნახავს.
ჯანყარაშვილის კიდევ ერთი კადრი და მისი მეჯვარე, დათო ხუციშვილი, მინისტრის მოადგილე და საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის კურატორი იყო. ღარიბაშვილ-ჯანყარაშვილის თანამდებობებიდან ჩამოშორების შემდეგ ყველა ელოდებოდა, რომ ხუციშვილს შსს შესყიდვებში ბევრ დარღვევას აღმოუჩენდა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა, მაგრამ, ყველასათვის მოულოდნელად, იგი ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის მოადგილედ გადაიყვანეს.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ეს ფაქტები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ბიძინა ივანიშვილს მაგიდაზე უდევს სამინისტროების მიხედვით, მაგრამ ივანიშვილი, ჯერჯერობით, რეაგირებას არ ახდენს. ჩვენი წყარო ვარაუდობს, რომ ყოფილი პრემიერი მის ხელთ არსებულ კომპრომატებს თანამდებობის პირების სამართავად იყენებს და ის, ჯერჯერობით, არავის დასჯას არ აპირებს.
ელისო კილაძე