QronikaPlus
პაატა დავითაია: „რომან შამათავას შიშით სეპარატისტები ტყვარჩელში იმალებოდნენ. დღეს კი, ზუგდიდშიც გადმოდიან და ქართველებს კლავენ!“

პაატა დავითაია: „რომან შამათავას შიშით სეპარატისტები ტყვარჩელში იმალებოდნენ. დღეს კი, ზუგდიდშიც გადმოდიან და ქართველებს კლავენ!“

2016-06-10 12:21:41

„ევროპული დემოკრატების“ ლიდერის, პაატა დავითაიას შეფასებით, ბოლოდროინდელმა პროცესებმა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას. ის პროდასავლურ ძალებს საარჩევნოდ გაერთიანებისკენ და „ქუჩაში დაგდებული“ ხელისუფლების აღებისკენ მოუწოდებს. „ქრონიკა+“ პარტია „ევროპული დემოკრატების“ ლიდერს, პაატა დავითაიას ესაუბრება: _ ფარსია, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ვხედავთ. ბოლო სხდომაზე ბატონი გვარამიას დასწრებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს, რათა მას ბრალდებებთან დაკავშირებით პოზიცია დაეფიქსირებინა, რაც ქალბატონ გუჯაბიძეს წაუყენა. ეს ცალსახად ტენდენციაზე მიუთითებს. არხის დირექტორს სიტყვის წარმოთქმის უფლებას არ აძლევენ, ადვოკატებს სასამართლო დარბაზიდან აძევებენ, საზოგადოების წარმომადგენლებს აგდებენ და ა. შ. ეს ცხადყოფს, რომ დაკანონებულ უსამართლობასთან გვაქვს საქმე. მოსამართლე გუჯაბიძემ საკუთარ თავს აცილება არ მისცა და ამით დაადასტურა, რომ სახელმწიფო თანხებს ითვისებდა. იმისთვის იღებდა, რომ დედისგან ბინა ექირავებინა, მაგრამ თქვა, რომ ეს ხელს არ უშლის, მიუკერძოებელი მოსამართლე იყოს. ამ ყველაფრიდან ერთი დასკვნის კეთება შეიძლება: სამართლებრივი პროცესი დასრულდა და პოლიტიკური პროცესი დაიწყო. ჩემთვის ეს პოლიტიკური პროცესი დიდი ხანია, დაწყებულია, მაგრამ დღეს უკვე საზოგადოებისთვის ნათლად გამოჩნდა, რომ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე. სახელმწიფო აპარატი ამ სასამართლო პროცესზე მხარედ გამოდის და მოსამართლეები იქცევიან, როგორც მხარე და არა როგორც მართლმსაჯულების წარმომადგენლები. ამაში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს ყველაფერი ბუმერანგივით უბრუნდება ჩვენ ქვეყანას და სახელმწიფოს. ამასთან დაკავშირებით, ჩემთვის ყველაზე დიდი მესიჯი და გაფრთხილება  „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული სარედაქციო კოლეგიის წერილი იყო, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ის პროცესები, რაც დღეს საქართველოში ხდება, დასავლეთის კარს კეტავს. „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო კოლეგიის წერილი, რეალურად, ღია გაფრთხილებაა. ყოველთვის შემდგომი ნაბიჯი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაა. ერთი სიტყვით, ეს თეთრი სახლის პირდაპირი გზავნილია საქართველოსთვის. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელისუფლების ასეთ შეცდომებს მაქსიმალურად წინ აღვუდგეთ _ დავიცვათ სიტყვის თავისუფლება, რათა ქვეყანა არ დაზიანდეს. ეს ამბავი პირდაპირ მიბმულია საარჩევნო პროცესზე. რატომ არის დღეს ჭიდაობა „რუსთავი 2“-ზე? იმიტომ, რომ ხელისუფლებას რეალური პრობლემები აქვს არჩევნებთან დაკავშირებით. აღარ უნდათ ისეთი ტელეკომპანიის არსებობა, რომელიც თავისუფალ სიტყვას და ქვეყნის რეალობას გააშუქებს. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, „რუსთავი 2“ ერთადერთი ტელეკომპანიაა, რომელიც ჩემს გამონათქვამებს აშუქებს. ტელეკომპანია „იმედზე“, „საზოგადოებრივ არხზე“, სხვა ძირითად არხებზე ჩვენ არ გვაშუქებენ. არ ვსაუბრობ ახალ არხებზე, როგორიცაა „პირველი“ და „იბერია“, რომლებიც აქტუალურ თემებს აშუქებენ. მონიტორინგიც რომ ჩაატაროთ, ნახავთ, რომ ზემოაღნიშნულ ეთერებში („იმედი“, საზმაუწყებელი) მე, მაგალითად, საერთოდ არ ვჩანვარ. ეს სხვებსაც ეხება, რაც მეტყველებს, რომ აღნიშნული ტელეკომპანიები ხელისუფლების კონტროლირებადია. ცდილობენ, ყველაფერი ისე გააკეთონ, რომ ბატონ ივანიშვილს ასიამოვნონ. ყველაფერი ერთმანეთზე გადაჯაჭვულია და ამ ფონზე, მიდის ბრძოლა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. _ სოფელ კორცხელის ინციდენტს რამდენად ადეკვატური რეაგირება მოჰყვა? _ კორცხელის ინციდენტი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის მიყენებული სერიოზული დარტყმაა. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირისკენ მივდივართ და, მეორე მხრივ, ერთმანეთს ვცემთ, ასევე დეპუტატებს ვურტყამთ. ამის შემდეგ ჩამდენების დადგენა დიდხანს გრძელდება. დაბოლოს, არაადეკვატურია სასამართლო გადაწყვეტლება. ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციაზე მსჯელობისას კორცხელის ინციდენტიც განხილვის თემა იყო. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდოდა, რომ ამ მიმართულებით საფრთხეები არ ყოფილიყო, ამ კუთხით მართლმსაჯულებას მკაცრი შეფასება უნდა გაეკეთებინა. კორცხელში ის სურათი მივიღეთ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ოქტომბერში. ამით მწვანე შუქი ავუნთეთ მოძალადეებს, სახელმწიფომ ასეთ ადამიანებს უბიძგა, თავისუფლად მოქმედება შესძლებოდათ, _ დიდი არაფერი დაგემართებათ, თუ ერთმანეთს დაერევით და სცემთო. ეს არის რეალობა, რაც კორცხელის ინციდენტის გარშემო ტრიალებს. ეს პრობლემები ვიზალიბერალიზაციას საფრთხეს უქმნის. ამ პროცესის შეფერხება ხელისუფლებისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება. ჩვენ მართლაც სერიოზულ ზღვარზე ვდგავართ _ თუ უკან, რუსული გავლენის ქვეშ დაბრუნება მოვახერხეთ, ძალიან რთული პერსპექტივა გველის. ვიზების მოხსნა კი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რაც ევროპულ ღირებულებებთან კიდევ უფრო დაგვაახლოვებს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ ყველაფერი სწორად უნდა გააკეთოს. მოითოკონ თავიანთი ამბიციები, ეს შურისძიება, აგრესია და პროცესს გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენონ. _ რამდენად ქმედითი რეაქცია ჰქონდა ხელისუფლებას ხურჩის მკვლელობაზე? _ ხურჩის მკვლელობა ძალიან სერიოზული თემაა. არანაირი რეაქცია ხელისუფლებას არ ჰქონია და არც ექნებოდა! რა უნდა გაეკეთებინათ?! რა უნდა მოემოქმედათ თვითონ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, როცა ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა ნულის ტოლია?! ერთ მაგალითს მოვიყვან რომან შამათავასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში ამ სიტუაციებს კურირებდა და მთელ პერიმეტრს აკონტროლებდა: მინდა პირდაპირ გითხრათ, რომან შამათავას პერიოდში სეპარატისტული გამგეობა, რომელიც გალის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო, რეალურად ტყვარჩელში იყო განლაგებული. ეს გამოწვეული გახლდათ შიშით, რომ მათ რამე არ დამართოდათ. დღეს, როცა რომან შამათავა ციხეში ზის, ვხედავთ, რომ ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენსავე ქართველებს კლავენ. ე. ი. სახელმწიფომ მთელი ეს პოლიტიკური პროცესი ისე წაიყვანა, რომ ადამიანი, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, ციხეში ზის. მისი შიშით სეპარატისტები ტყვარჩელში იმალებოდნენ. დღეს პირიქით, ზუგდიდშიც გადმოდიან გამომდინარე შედეგებით. ეს არის პოლიტიკური პროცესის შედარება. ამიტომ, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, პოლიტიკის არქონა ჰქვია. მე წინა ხელისუფლების პოლიტიკას აფხაზეთთან დაკავშირებით ვაკრიტიკებდი, მათი მოქმედებებიც, გარკვეულწილად, სწორი არ იყო, მაგრამ პერიმეტრში მოსახლეობის დაცვის საკითხები მართლაც კარგად ჰქონდათ მოგვარებული. დღეს ჩვენ სხვადასხვა პრობლემას ვაკვირდებით და ყველაფერი უკვე ღიად წარმოჩინდა. ხურჩის მკვლელობამაც ეს თვალნათლივ აჩვენა. _ მეორე მხარეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აღნიშნულმა მკვლელობამ რა რეაქციები გამოიწვია? _ გამეცინა, როდესაც ქართულმა მხარემ აჟიოტაჟი ატეხა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავესო და რომ თითქოს ქართულმა მხარემ მისი გადმოცემის საკითხი დააყენა. სასაცილოა ეს ყველაფერი. ის მკვლელი ვერავინ დააკავა, ორი საათით გააჩერეს და ისევ გაუშვეს, რადგან ის სეპარატისტული რეჟიმისთვის გმირია. მათი ე. წ. პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ ქართველები, როგორც ძაღლები, ისე უნდა დავხოცოთო. აქედან გამომდინარე, მას თითს ვერავინ დააკარებს. ეს რომ გააკეთონ, მთელი აფხაზეთი ფეხზე დადგება მკვლელის დასაცავად. ამიტომ ვერ დაიჭერენ და ვერც ვერაფერს უზამენ. აქ თბილისში კი საუბრები არ წყდება დაკავებაზე და ა. შ. ვინ გადმოსცემს? არ ცნობენ თბილისთან რაიმე თანამშრომლობას და რომელ გადმოცემაზეა საუბარი? _ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულმა მხარემ პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად? _ ამ ხელისუფლებას ერთ რაღაცაში ვეთანხმები, რაც ხურჩის ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა: განაცხადა, რომ ეს ადამიანი ინტერპოლის ძებნაში უნდა დასვას. მაგრამ ხაზს ვუსვამ, ინტერპოლის ძებნაში მარტო ეს ადამიანი კი არა, სეპარატისტთა ყველა ლიდერი უნდა ჩაისვას. ყველა ის ადამიანი, ვინც ეს ეთნიკური წმენდა ჩაიდინა, ვინც დახოცა, გაასახლა ქართველები, ვინც საქართველოს კონსტიტუციური წყობის რღვევა დაიწყო, _ ეს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებია. ამ ყველაფერზე სისხლის სამართლის საქმეები უნდა იყოს აღძრული და ინტერპოლის ძებნაზე გადაცემული. _ რამდენად მართებულია ე. წ. კაბელების საქმეზე დაკისრებული სასჯელები? _ ეს საქმე, საერთოდ, ნონსენსია! შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ იმაზე, რასაც ტელევიზიით ვხედავ. ცალსახად ჩანდა, რომ „კაბელების საქმე“ პოლიტიკურად შეკვეთილი იყო და, თავის დროზე, ეს ირაკლი ალასანიას მოსაშორებლად გაკეთდა. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ყოვლად მიუღებელი პროცესია. როგორც ყოფილი გამომძიებელი ვსაუბრობ, _ რასაც ვუსმინე, ამ ადამიანებს არ შეეძლოთ ჩაედინათ ის დანაშაული, რაზედაც მათ ბრალი ჰქონდათ წარდგენილი. ისინი ვერ იქნებოდნენ ამ დანაშაულის განმხორციელებლები, რადგან შესაბამისი თანამდებობები არ ეკავათ. _ ქვეყანაში წინასაარჩევნო მდგომარეობა შევაფასოთ, თქვენი დაკვირვება როგორია? _ არჩევნების კონტექსტში ერთ საინტერესო ფაქტორს გავუსვამდი ხაზს, რაც ჩემთვის ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს, _ ეს არის პოლიტიკური პარტიების სრული პოლიტიკური დაქსაქსულობა: ეს იქნება დასავლური პარტიები თუ პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ორგანიზაციები. პირველი შემთხვევაა, როდესაც არანაირ ბლოკებზე საუბარი არ მიდის. ამასთან ყველა გაიძახის, რომ არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვებთო. ეს სრული აბსურდია. ამიტომ შთაბეჭდილება მექმნება, რომ მართვად პროცესთან გვაქვს საქმე. უფრო სწორად, მართვადი ქაოსია, პოლიტიკური ძალების სრული დაქსაქსულობაა, რათა ისევ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს. ამის უკან რაღაცები დგას, რადგან ამ მიმართულებით არანაირი კონსოლიდაცია არ ხდება. სასაცილოა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები, რომ ჩვენ გავიმარჯვებთო. სხვა პოლიტიკური ძალების გამოსვლები, ჩვენ გავიმარჯვებთ და უმრავლესობით მოვალთო, ასევე ძალიან სასაცილოა. ამიტომ ვსვამ კითხვას, _ როდესაც ხელისუფლება ქუჩაში დევს (ეს ნათლად ჩანს), ამ დროს რატომ არავინ ერთიანდება ამ ხელისუფლების ასაღებად? ე. ი. მართვადი პროცესია. ამის უკან ის დგას, ვინც მართვადი ქაოსის მეშვეობით ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს. მაინც ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური სპექტრი გაერთიანებას მოახერხებს. _ არსებული საარჩევნო სისტემა რამდენად განაპირობებს პარლამენტში სამართლიან გადანაწილებას? _ ეს სისტემა ყველასთვის მიუღებელია და ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. არაერთი განცხადება ინტერპარტიული ჯგუფის ფარგლებში გავაკეთეთ. ვენეციის კომისიამ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ვისაც არ ეზარება, ყველამ გააკრიტიკა, გარდა „ქართული ოცნებისა“, რომელიც არც გერმანულ მოდელს და არც სხვა კომპრომისულ ვარიანტს არ იზიარებს. ძალიან კარგად იციან, ეს საარჩევნო სისტემა რომ შეიცვალოს, ისინი ხელისუფლებას კარგავენ, ამიტომ არაფერზე არ მოდიან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2014 წლის რეზოლუციაში პირდაპირ იყო ნათქვამი, _ თუკი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით კონსენსუსი არ შედგა, ამით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმებოდა. „ოცნების“ წინააღმდეგობის გამო ეს კონსენსუსი არ შედგა. ეს პარტია თავისთვის უბერავს და არავინ აინტერესებს. აქედან გამომდინარე, აუცილებლად დადგება საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი, თუ ვითარება ასევე გაგრძელდება. _ „ევროპული დემოკრატები“ საარჩევნოდ რას აპირებთ? _ როგორც აღვნიშნე, ქვეყანაში პროდასავლური ძალების გაერთიანება უნდა შედგეს. კენჭისყრაზე ერთიანი ფრონტით გამოსვლა თუ არ მოხდა, ეს ძალიან ცუდის მომასწავებელი იქნება. მზად ვარ ყველასთან ურთიერთობისთვის, რადგან ჩემთვის მინუსი არ არსებობს. პირდაპირ ვუთხრათ მოსახლეობას, თუ რა უნდა გაკეთდეს ხელისუფლების შეცვლის შემდგომ. როდესაც ასეთი საარჩევნო კოდექსია და არანაირი რესურსები არ არსებობს, როდესაც ხელისუფლება ყველაფერს აკნინებს, საეთერო დროით დაწყებული, ცესკოს კომპლექტაციით დამთავრებული, ამით ღიად ჩანს, რომ ისინი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადებიან. ამ პირობებში, ალბათ, რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ როგორ უნდა ვიმოქმედებთ ამ საარჩევნო პროცესში. თუ დასავლური ძალები არ გაერთიანდა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და ეს ქვეყანას სერიოზულ კრახს მოუტანს. ქვეყანას ისეთი პროცესებისკენ წაიყვანენ, რომლის შემოტრიალება მერე ძალიან ძნელი იქნება. პროდასავლური ძალების გაერთიანება კი, მინიმუმ, იმ შედეგს მოიტანს, რომ „ქართული ოცნება“ მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებს, თუ აღნიშნულ ძალებს არ დაელაპარაკება. მაქსიმუმ, მთლიანად ხელისუფლების ცვლილება მოხერხდება.  

                                                                                                                         გელა მამულაშვილი

გაზიარება