QronikaPlus
1937 წლის სისხლიანი ქრონიკები - დაკარგული ისტორია!

1937 წლის სისხლიანი ქრონიკები - დაკარგული ისტორია!

2016-06-11 08:03:04

დასასრული. დასაწყისი იხ. ,,ქრონიკა+“ ##11-19.   1953 წლის 9 მარტს საბჭოთა კავშირის ერთპიროვნული მმართველი, იოსებ სტალინი, გარდაიცვალა და კრემლში ძალაუფლებისთვის დაუნდობელი ბრძოლა დაიწყო. ბელადის სიკვდილის შემდეგ ქვეყანას, ფაქტობრივად, გიორგი მალენკოვისა (საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე) და ლავრენტი ბერიას (შინაგან საქმეთა მინისტრი) ტანდემი მართავდა. თუმცა მალენკოვს ლიდერისთვის აუცილებელი თვისებები არ გააჩნდა და ყველასთვის გასაგები გახდა, რომ უზარმაზარი საბჭოთა იმპერიის სათავეში, სულ მალე, კიდევ ერთი ქართველი, ლავრენტი ბერია მოვიდოდა. ბერიას ქვეყნის პირველი პირი სურდა გამხდარიყო და შესაბამისადაც იქცეოდა. სტალინის სიკვდილის შემდეგ მან რამდენიმე რეფორმა წამოიწყო, რომელიც საბჭოთა კავშირის ტრანსფორმაციას ისახავდა მიზნად. პირველ რიგში, მან რამდენიმე ისეთ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყვიტა ძიება, რომელიც სტალინის სიცოცხლის ბოლო წლებში მიმდინარეობდა. საუბარია ,,მეგრელთა საქმეზე“ და ,,ექიმების საქმეზე“. ცვლილებები შევიდა საგამოძიებო პრაქტიკაში. 1953 წლის 4 აპრილს გამოიცა მინისტრის ბრძანება გამოძიების პროცესში პატიმრების წინააღმდეგ ფიზიკური ზემოქმედების მეთოდების გამოყენების აკრძალვის თაობაზე. განხორციელდა პატიმართა შერჩევითი ამნისტია. თუმცა ბერიას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკმაყოფილებდა და იგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქრობდა ცვლილებებს. მაგალითად, მან საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრებს კომუნისტური პარტიის კონტროლის გაუქმება შესთავაზა ქვეყნის სამეურნეო სფეროში; მოკავშირე რესპუბლიკების ხელმძღვანელებად ადგილობრივი ეროვნების პირთა დანიშვნა; წითელი არმიის რიგებში ნაციონალური ქვედანაყოფების შექმნა; ტოტალური საპასპორტო რეჟიმის გაუქმება; ბერია იქამდე მივიდა, რომ ითხოვდა, საზეიმო დემონსტრაციების დროს დემონსტრანტებს არ ეტარებინათ პარტიის ხელმძღვანელთა და მთავრობის წევრების პორტრეტები. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში ბერია ისედაც არ უყვარდათ და მისი ეშინოდათ. თუ სტალინის სიცოცხლეში მის წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვას აზრი არ ჰქონდა, ბელადის გარდაცვალების შემდეგ ცეკას წევრებმა მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. 1953 წლის 26 ივნისს ცეკას პრეზიდიუმი მორიგ სხდომაზე სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგნატიევის საკითხის განხილვას გეგმავდა. იგნატიევი სხდომის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა. სამაგიეროდ, პრეზიდიუმზე უეცრად ბერიას საკითხი დადგა. როგორც შემდგომ გაირკვა, ეს ყველაფერი წინასწარ დადგმული სცენარის მიხედვით ხდებოდა და ცეკას წევრები ბერიას მოსაშორებლად დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. როგორც შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი მოლოტოვი იხსენებდა, ბერიას საკითხის განხილვამ ორ საათზე მეტ ხანს გასტანა. ლავრენტი პავლეს ძე უმოწყალო კრიტიკისა და დაუფარავი სიძულვილის ობიექტი გახდა. სხდომის დამთავრებისთანავე, ერთ დროს ძლევამოსილი ჩეკისტი, რომელიც ყველას შიშის ზარს სცემდა, პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს. ბერია თავად საბჭოთა კავშირის მარშალმა ჟუკოვმა და მასთან ერთად მყოფმა ოთხმა სამხედრომ დააკავა, რომლებიც კრემლის კომენდანტმა, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, პრეზიდიუმში იარაღით დაუბრკოლებლად გაატარა. შემდეგ ბერია მოსკოვის გარნიზონის ჰაუპტვახტაზე, `ალიოშას ყაზარმებში~ გადაიყვანეს. ბერიას დაპატიმრებისთვის წინასწარ მთელი სამხედრო სცენარი დაიწერა. რაიმე გართულების თავიდან ასაცილებლად მოსკოვში კანტემიროვისა და ტამანის დივიზიები შეიყვანეს. სამხედროებმა შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს პერიმეტრები დაიკავეს. 27 ივნისს ბერია უკვე მოსკოვის სამხედრო ოლქის სპეციალურ ბუნკერში მიიყვანეს, სადაც იგი სასამართლომდე იმყოფებოდა კიდეც. შინაგან საქმეთა მინისტრის დაპატიმრებას ოპერატიულად გამოეხმაურნენ საბჭოთა კავშირის ცენტრალური გაზეთები. 1953 წლის 26 ივლისს გაზეთებში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანება დაიბეჭდა, სადაც ბერია მოღალატედ იყო გამოცხადებული. ბრძანებას ვოროშილოვი აწერდა ხელს. ბერიას ბრალად ედებოდა ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება, რომელიც საბჭოთა ქვეყნის საფუძვლებს ძირს უთხრიდა კაპიტალისტური სამყაროს სასარგებლოდ. ლავრენტი პავლეს ძეს შეუჩერეს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატი, მოხსნეს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან. გარდა ამისა, მას ჩამოერთვა ყველა ჯილდო და წოდება. ბრძანების ბოლო პუნქტი იუწყებოდა, რომ ბერიას საქმე დაუყოვნებლივ გადაეცემოდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს სასამართლოს. 2 ივლისს ბერიას განადგურება საბოლოოდ დასრულდა. მართალია, დაპატიმრების შემდეგ ეს ერთგვარი ფორმალობა იყო, მაგრამ იგი გამოიყვანეს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის რიგებიდან და პარტიიდანაც გარიცხეს. ერთი დღის შემდეგ საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის, რუდენკოს დადგენილება გამოქვეყნდა, სადაც ბერიას დაკავების საფუძველი იყო განმარტებული. შინაგან საქმეთა უკვე ყოფილ მინისტრს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა შეთქმულების მოწყობის მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავდა ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ნათქვამი იყო ისიც, რომ ბერიამ შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტიასა და მთავრობაზე მაღლა დააყენა და ამ სტრუქტურის დახმარებით საბჭოთა წყობის ლიკვიდაციას და კაპიტალიზმის რესტავრაციას გეგმავდა. ბერიას ბრალი წაუყენეს რუსეთის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-1 და 58-11 მუხლით, რაც იმ დროს უეჭველ დახვრეტას გულისხმობდა. ბედის ირონიით, ბერიას სწორედ ის ბრალდება წაუყენეს, რომელსაც თავად საკმაოდ ხშირად იყენებდა უამრავი უდანაშაულო ადამიანის მიმართ. 1953 წლის 7 ივლისს ბერიას ანტიპარტიული და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედების შესახებ საბჭოთა კავშირის მოსახლეობას გაზეთმა ,,პრავდამ“ დაწვრილებით აუწყა. ყველა სახელმწიფო უწყებაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ქარხნებსა და ფაბრიკებში, ბერიას პორტრეტები ჩამოხსნეს და გაანადგურეს. დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მე-2 ტომის 22-ე და 23-ე გვერდები, რომელიც ბერიას ეძღვნებოდა, ამოიღეს, მის ნაცვლად კი თურქი პოეტის, ილჰან ბერკეს შესახებ განათავსეს ინფორმაცია. ბერიასთან ერთად დააპატიმრეს მისი გუნდის თითქმის ყველა წევრი. აიყვანეს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო კონტროლის მინისტრი მერკულოვი, ბერიას პირველი მოადგილე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოგდან ქობულოვი, სამხედრო კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი სერგო გოგლიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი დეკანოზოვი, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი მეშიკი, განსაკუთრებულ საქმეთა საგამოძიებო ნაწილის უფროსი ვლოდიმირსკი. თუმცა ბერიას მხოლოდ ეს არ აკმარეს და დააპატიმრეს მისი მეუღლე ნინა გეგეჭკორი და შვილი სერგო. ყველა დაკავებულს ბრალი 58-ე მუხლის მიხედვით წაუყენეს. ბერიას წინააღმდეგ სწორედ მის მიერ შემუშავებული და აპრობირებული მეთოდებით მოქმედებდნენ. საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში უამრავი თანამშრომელი დაითხოვეს და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს. ბერიას საქმეს თავად საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორი რუდენკო იძიებდა. უამრავი ბრალდების ფონზე ჩვენთვის ყველაზე მეტად საინტერესო საქართველოში ბერიას მოღვაწეობის პერიოდს და კერძოდ 1937 წელს მის მიერ შექმნილ რეპრესიულ სისტემას ეხება. ამ თემაზე დაკითხვების მიმდინარეობისას საკმაოდ ვრცლად საუბრობდნენ იმ პერიოდის საქართველოს შინსახკომის წამყვანი ფიგურები სერგო გოგლიძე (იმ პერიოდის საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი), ბოგდან ქობულოვი (საქართველოს შინსახკომის მე-6 საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების უფროსი და ბერიას მარჯვენა ხელი რეპრესიების დროს), წამყვანი გამომძიებლები ხაზანი და სავიცკი. დავიწყოთ რიგითობის მიხედვით. ჩვენს წინაშეა 1953 წლის 10 ოქტომბრით დათარიღებული სერგო გოგლიძის დაკითხვის ოქმი, სადაც იგი დეტალურად ყვება 1937 წლის რეპრესიების სისტემაზე: კითხვა: `წინა დაკითხვების დროს თქვენ აჩვენეთ, რომ 1936-1938 წწ.-ებში უამრავი ადამიანის დაპატიმრებას ბერიას პირდაპირი მითითებით ახორციელებდით. ეს განცხადება სიმართლეს შეესაბამება? პასუხი: აბსოლუტური სიმართლეა. 1936-1938 წლებში ბერია ყოველდღე მიძახებდა ცეკაში და საგამოძიებო საქმეებთან დაკავშირებით მე მას ანგარიშს ვაბარებდი. თუ მე არ მეცალა, მაშინ ასეთ მოხსენებებს ქობულოვი, ან რაფავა აკეთებდნენ. ამ შეხვედრების დროს ბერია პირადად იძლეოდა სხვადასხვა პირთა დაკავების ბრძანებებს. მათ შორის იყო ისეთი პარტიული ხელმძღვანელი პირების დაპატიმრების მოთხოვნებიც, რომელთა შესახებაც შინსახკომს მაკომპრომეტირებელი მასალები საერთოდ არ გააჩნდა. იმ შემთხვევაში, თუ შინსახკომს ვინმეს დაკავების საფუძველი ჰქონდა, ჩვენ ვადგენდით შესაბამის მოხსენებით წერილს, მას თან ვურთავდით დაკითხვის ოქმებს და ბერიას ვაწვდიდით. ბერია ამ მასალებს ეცნობოდა და გვეუბნებოდა, ვინ უნდა დაგვეპატიმრებინა. მხოლოდ ამის შემდეგ ვაპატიმრებდით. კითხვა: როდესაც ბერია ისეთი პირების დაპატიმრებას მოითხოვდა, რომელთა შესახებაც თქვენ არ გქონდათ შესაბამისი მასალა, ამას იგი წერილობით აკეთებდა, თუ სიტყვიერი ბრძანებით? პასუხი: მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ სანამ ბერია საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელი გახდებოდა, იგი საქართველოს შინსახკომს ხელმძღვანელობდა და ამიტომ იცნობდა ხალხს, მიმდინარე საქმეებს და, საერთოდ, იგი თავს საქართველოს მეპატრონედ მიიჩნევდა. ბერია საქართველოში არავის უწევდა ანგარიშს და საერთოდ ვერ იტანდა განსხვავებულ აზრს. როდესაც იგი სიტყვიერ ბრძანებას გასცემდა, შინსახკომის აპარატს დაუყოვნებლივ უნდა შეესრულებინა. კითხვა: დაკითხვაზე ბერიამ განაცხადა, რომ დაპატიმრების ბრძანებას იგი მხოლოდ თქვენი მოხსენების მიხედვით და თქვენი მოთხოვნის შესაბამისად იძლეოდა და არა საკუთარი ინიციატივით. პასუხი: ბერია უსინდისოდ იტყუება, როდესაც ამას აცხადებს. თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ იმ პერიოდის საარქივო საქმეებს და თავად დარწმუნდებით მის სიცრუეში. ყოველი დაკითხვის ოქმზე მისი ხელით არის მინაწერი: ,,დააპატიმრეთ“, ,,დააპატიმრეთ და ძლიერად დაკითხეთ“. ეს იმას ნიშნავდა, რომ პატიმარი უმოწყალოდ უნდა გვეცემა. ასეთი ტიპის ბრძანებებს ჩვენ ბერიასგან ყოველდღე ვიღებდით. იმ შემთხვევაში, როდესაც ბერია ისეთი ადამიანის დაპატიმრებას ითხოვდა, რომლის შესახებაც შინსახკომს მაკომპრომეტირებელი მასალები არ გააჩნდა, იგი კონკრეტულ მოთხოვნას აყენებდა. მაგალითად: დააპატიმრეთ როგორც შეთქმული, ან დააპატიმრეთ როგორც ტროცკისტი, როგორც ტერორისტი და ა. შ. ბერიასგან ასეთი ბრძანების მიღების შემდეგ მე საქმეს ქობულოვს გადავცემდი, ქობულოვი კი უკვე კონკრეტულ გამომძიებელს ავალებდა პატიმრის დამუშავებას. ყველაზე ხშირად ასეთ დავალებებს ქობულოვის განყოფილების თანამშრომლები: სავიცკი, ხაზანი, კრიმიანი, ურუშაძე და კიდევ სხვები ასრულებდნენ. თუ გავითვალისწინებთ გამოძიების იმ მეთოდებს, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა 1937-1938 წლებში, უამრავი პატიმარი ცემისა და წამების შედეგად თავს დამნაშავედ ცნობდა და სხვა პირებსაც ასახელებდა. ახლა ჩემთვის რთულია იმის თქმა, რომელი პატიმარი იყო დამნაშავე და რომელი, უბრალოდ, იბრალებდა დანაშაულს, რათა წამებისგან თავი დაეღწია. საქმეებს, რომელსაც საქართველოს სპეცსამეული, ან საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგია იხილავდა, ბრალდებულები საერთოდ არ ესწრებოდნენ. ასეთი მდგომარეობა იმიტომ შეიქმნა, რომ საბჭოთა კავშირის შინსახკომის ცენტრალური უწყებიდან მივიღეთ პირდაპირი ბრძანება _ ამ ბრძანებით, დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, სამხედრო კოლეგიას არ შეეძლო რეგულარულად თბილისში ჩამოსვლა სასამართლო სხდომებისთვის და მათ დასახმარებად საქმეები სამეულებს გადაეცემოდა. კითხვა: დაკითხვაზე ბერიამ შემდეგი განაცხადა: ,,მე ვცდილობდი, შემეკავებინა და რაღაცნაირად შემეჩერებინა გოგლიძე და ქობულოვი, რადგან ისინი ითხოვდნენ მოქალაქეთა დიდი რაოდენობის დაპატიმრებას. 1937-1938 წლებში საქართველოში ადგილი ჰქონდა უამრავ გადაცდენას და გამოძიების პროცესში თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. მაგრამ ეს გადაცდენები კიდევ უფრო მასშტაბური იქნებოდა, მე რომ არ შემეკავებინა ქობულოვი, გოგლიძე და შინსახკომის სხვა თანამშრომლები“. რას იტყვით ამ განცხადებაზე? პასუხი: ვიმეორებ, ბერია უსინდისოდ იტყუება. იგი ყოველდღიურად ხელმძღვანელობდა საქართველოში შინსახკომის მუშაობას და პირდაპირ იძლეოდა დაპატიმრების ბრძანებებს. ამ პროცესში ინიციატივა მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ბერია ყოველდღე მიძახებდა მოხსენებისთვის, რომელიც საათობით გრძელდებოდა _ ეს შეუძლიათ დაადასტურონ ბერიას ყოფილმა ტექნიკურმა მდივნებმა: თევაძემ და ვარდო მაქსიმელიშვილმა. იგი იძლეოდა ასევე ინსტრუქციას აგენტურული საქმიანობის შესახებ და ასახელებდა კონკრეტულ პირებს, რომელთა აგენტებად გადაბირება იყო საჭირო. მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ მიერ კონკრეტული პირის დაპატიმრების მოთხოვნაზე ბერიას უარი ეთქვას. მე არ ვიხსნი პასუხისმგებლობას გადაცდენების თაობაზე, რომელიც ჩემი მუშაობის პერიოდში ხდებოდა საქართველოში, მაგრამ მე ვამბობ იმას, რაც სინამდვილეში იყო. ბერია კი, როგორც მის მიერ გაკეთებული ჩვენებებიდან ირკვევა, ცრუობს და ცდილობს, თავისი პასუხისმგებლობა სხვებს გადააბრალოს. ერთხელ უკვე ვთქვი და ვიმეორებ, რომ მთლიანად ვენდობოდი ბერიას და ვასრულებდი ყველა მის ბრძანებას, მაგრამ არ შემიძლია ვაღიარო ის, რაც სინამდვილეში არ იყო“. ეს გოგლიძის დაკითხვის მხოლოდ მცირე ფრაგმენტია, მაგრამ ამ მცირე ფრაგმენტიდანაც ჩანს, თუ რა სისტემა მოქმედებდა 1937 წლის დროს საქართველოში და ვინ იყო რეპრესიების რეალური ხელმძღვანელი. თუმცა დაკითხვების დროს ბერია პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობდა და თავის გადასარჩენად ყველაფერს ყოფილ თანამებრძოლებს აბრალებდა. მაგრამ მის წინააღმდეგ ჩვენებებს ყველა იძლეოდა. ამის მორიგი მაგალითი ბოგდან ქობულოვია, რომელიც ბერიას უკანონო ბრძანებების პირდაპირი შემსრულებელი იყო.   1953 წლის 26 აგვისტოთი დათარიღებული ქობულოვის დაკითხვის ოქმის ფრაგმენტი: კითხვა: ,,გაგაცნობთ მოქალაქე კარანაძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან ამონარიდს: ,,1937-38 წლებში ქობულოვმა ისარგებლა იმით, რომ პარტია ანადგურებდა მტრულად განწყობილ ტროცკისტულ ელემენტებს და ამის ფონზე დაიწყო ყველა მისთვის არასასურველი პირის დაპატიმრება. ამასთან, ქობულოვმა, პრაქტიკულად, ყველა იმ პირის პარალიზება მოახდინა, რომლებიც მისი და მისი შეფის, ბერიას კარიერისტულ ზრახვებს ხელს უშლიდა. ამ მიზნით, ქობულოვმა შემოიკრიბა ერთგული გამომძიებლები, რომლებიც ნებისმიერ ბინძურ საქმეს აკეთებდნენ. ესენი იყვნენ: კრიმიანი, ხაზანი, ურუშაძე“. თქვენ ადასტურებთ კარანაძის ამ ინფორმაციას? პასუხი: არ ვადასტურებ. კითხვა: გამომძიბელი სავიცკი მუშაობდა თქვენს განყოფილებაში 1937-38 წლებში? პასუხი: დიახ, იგი ჩემი ხელქვეითი იყო. კითხვა: გაგაცნობთ სავიცკის ჩვენების ფრაგმენტს: ,,ბერიას მიერ 1937 წელს შექმნილი სისტემა საშუალებას აძლევდა მას, ქობულოვს და გოგლიძეს ნებისმიერი მათთვის არასასურველი ადამიანი დაეპატიმრებინათ და მათგან წამების საშუალებით ნებისმიერი ჩვენება მიეღოთ“. შეესაბამება თუ არა სავიცკის ეს განცხადება სიმართლეს? პასუხი: არ ვიცი, კონკრეტულად რა აქვს მხედველობაში სავიცკის. მაგრამ ვამტკიცებ, რომ საქართველოს შინსახკომი იმ პერიოდში თავის სამუშაოს საბჭოთა შინსახკომისა და საქართველოს ცეკას მითითებების საფუძველზე აწარმოებდა, რომლის პირველი მდივანიც გახლდათ სწორედ ლავრენტი ბერია. სწორედ ამ მითითებების საფუძველზე ხდებოდა პატიმრების ფიზიკური ზემოქმედების მეთოდები. ეს ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო. კერძოდ იმ პატიმრებზე, რომლებიც ირიცხებოდნენ საიდუმლო-პოლიტიკურ განყოფილებაში, ასეთი მეთოდების გამოყენებაზე სანქციებს ყოველთვის უშუალოდ გოგლიძისგან ვიღებდით. გოგლიძე კი აცხადებდა, რომ ეს ბრძანება მან ბერიასგან მიიღო. ასეთი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავდა გამოძიების პროცესში გადაცდომებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩემთვის ცნობილი ხდებოდა მსგავსი გადაცდენების შესახებ, მე ყოველთვის შესაბამის ზომებს ვიღებდი მათ აღმოსაფხვრელად. კითხვა: თქვენ ცრუობთ! თქვენ არათუ რაიმე ზომებს იღებდით გამოძიების არაკანონიერი მეთოდების შესაჩერებლად, არამედ პირიქით, თავად ბრძანდებოდით პატიმრების სასტიკი ცემისა და წამების ინიციატორი. აღიარებთ ამას? პასუხი: ვაღიარებ, რომ შესაბამისი მითითებების მიღების შემდეგ მე ვავალებდი ჩემს თანამშრომლებს, პატიმრების წინააღმდეგ ფიზიკური ზემოქმედების მეთოდები გამოეყენებინათ, მაგრამ მე არასოდეს გამიცია ბრძანება საქმეების ფალსიფიცირების თაობაზე. კითხვა: წაგიკითხავთ ნადარაიას ჩვენების ამონარიდს, რომელიც მან გამოძიებას მისცა 1953 წლის 14 აგვისტოს: ,,სამი წლის მანძილზე შინსახკომის შიდა ციხის უფროსად ვმუშაობდი და თავად ვიყავი პატიმრების ცემისა და წამების ფაქტების მოწმე. ჩემთვის ცნობილია, რომ დაპატიმრებულებს სცემდნენ სასტიკად და სისტემატურად. ეს ცემა ხდებოდა გოგლიძისა და ქობულოვის სანქციით. ამის შესახებ ბერიამაც იცოდა, რომელიც მაშინ საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი იყო. ბერია სისტემატურად მოდიოდა ციხეში, თავად მონაწილეობდა დაკითხვებში, რომელიც ქობულოვის ოთახში მიმდინარეობდა. პატიმართა რაღაც ნაწილი მასთან ცეკაშიც კი მიჰყავდათ დასაკითხად. ციხეში პატიმრებს სცემდნენ ქამრებით, თოკებით და ჯოხებით. ცემის დროს პატიმრებს აბუჩად იგდებდნენ. კუთხეში აყენებდნენ რამდენიმე დღის განმავლობში და აიძულებდნენ, გაშლილი ხელებით სიმძიმეები დაეჭირათ. ასეთი წამება პატიმრის გულის წასვლამდე გრძელდებოდა. ბევრ პატიმარს ცივ, ნესტიან საკანში ათავსებდნენ და აშიმშილებდნენ. ხშირად გამომძიებლები იმ დონეზე სცემდნენ დაკავებულებს, რომ ისინი კვდებოდნენ. ამ წამებისა და ცემის ორგანიზატორები იყვნენ: ბოგდან ქობულოვი, კონსტანტინე სავიცკი, ნიკიტა კრიმიანი და ხაზანი, ამ უკანასკნელის სახელი არ მახსოვს“. ადასტურებთ ამ ჩვენებას? პასუხი: ამ ჩვენებას ნაწილობრივ ვადასტურებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პატიმრებზე ფიზიკური ზემოქმედება დაშვებული იყო ზემდგომი ორგანოების მიერ. რაც შეეხება იმას, რომ მე ვიყავი ამ წამების ორგანიზატორი, ეს ასე არ არის. მე მხოლოდ გოგლიძის ბრძანებებს გადავცემდი გამომძიებლებს. მახსოვს ცემის შემდეგ სიკვდილის ორი შემთხვევა. მაგრამ ვცდილობდი, არ დამეშვა პატიმრების სასტიკი წამება. მაგალითად, როდესაც გავიგე, რომ გამომძიებლები ტუსაღებს სიმძიმეებით დგომას აიძულებდნენ, მე და გოგლიძემ ეს მეთოდი ავკრძალეთ. კითხვა: თქვენ ისევ ცრუობთ. წაგიკითხვათ იმავე ნადარაიას ჩვენებას, საიდანაც ირკვევა, რომ თქვენ და გოგლიძე ბრძანებას იძლეოდით ასეთი მეთოდების გამოყენებაზე. საქმე ეხება საქართველოს ცეკას ყოფილ ხელმძღვანელს, მამულიას: `ძიების დროს მამულიას სასტიკად სცემდნენ. მახსოვს, რომ 7-8 დღის განმავლობაში იგი მაგიდაზე იყო დაბმული და სიმძიმეების დაჭერას აიძულებდნენ. როდესაც იგი ვარდებდა, წამოაყენებდნენ და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ამ წამებას ყოველდღე ესწრებოდნენ გოგლიძე და ქობულოვი“. პასუხი: არ ვიცი, რაზე საუბრობს ნადარაია. რა თქმა უნდა, დაკითხვებს ვესწრებოდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ასეთ შემთხვევებს ვაწყდებოდი, გამომძიებლებს ამ მეთოდების გამოყენებას ვუკრძალავდი“. 1937 წლის რეპრესიების დროს სისასტიკით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამომძიებელი ალექსანდრე ხაზანი იყო. როგორც მისი დაკითხვის ოქმებიდან ჩანს, იგი პატიმრების წამებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავდა და ტუსაღთა სიკვდილიც ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდა. ყოველ შემთხვევაში, გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებებში იგი ყოველგვარი სინანულის გარეშე საუბრობს წამების შედეგად გარდაცვლილ პატიმრებზე და მიაჩნია, რომ ეს ძიების თანმდევი ბუნებრივი ამბავი იყო. ხაზანი 1953 წლის ზაფხულში სხვებთან ერთად დააპატიმრეს. 9 ნოემბრით დათარიღებულ დაკითხვის ოქმში იგი აუღელვებლად ყვება, თუ როგორ შემოაკვდათ პატიმარი შინსახკომის შიდა ციხეში. კითხვა: ,,გამოძიება ფლობს ინფორმაციას, რომ თქვენ დაკითხვის დროს ისე სცემეთ პატიმარი გიორგი არუთინოვი, რომ როდესაც გამომძიებელი თვალჭრელიძე დაკითხვის გასაგრძელებლად მოვიდა, არუთინიანს აღარ შეეძლო ჩვენების მიცემა და იგი მალე გარდაიცვალა. რატომ მალავთ ამ ფაქტს და როგორ აყალბებდით სამედიცინო ცნობას პატიმრის გარდაცვალების შესახებ? პასუხი: მე არ ვაპირებ იმის უარყოფას, რომ არუთინოვი ვცემე. მახსოვს, რომ თვალჭრელიძემ მომახსენა პატიმრის შესახებ, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საბოლოოდ გარდაიცვალა. არუთინოვის სიკვდილის მიზეზის დასკვნა, რომელიც მისი საქმიდან არის ამოღებული, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან სიკვდილის მიზეზის დასადგენად საჭირო იყო გვამის გაკვეთა, რაც არ გაკეთებულა. მახსოვს, რომ თვალჭრელიძე მოელაპარაკა სანიტარიული ნაწილის მუშაკებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეედგინათ მათ ეს აქტი. ყოველ შემთხვევაში მახსოვს, რომ თვალჭრელიძემ მომახსენა, რომ სიკვდილის აქტი კარგად არის შედგენილი. შემიძლია ვივარაუდო, რომ თვალჭრელიძე აქტის გაყალბების მიზნით სანიტარიული ნაწილის ხელმძღვანელს, ოვანესიანს შეუთანხმდა. კითხვა: როგორი მითითება გეძლეოდათ შინსახკომის ხელმძღვანელობის მხრიდან დაკითხვების დროს წამებით გარდაცვლილი პატიმრების სამედიცინო დასკვნების შედგენის თაობაზე? პასუხი: სიკვდილის შემთხვევებს ხელმძღვანელობას არ ვუმალავდით. ამის დამალვა შეუძლებელი იყო. საერთო მითითება კი ასეთი იყო: ჩვენ უნდა შეგვედგინა ფიქტიური აქტები, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ პატიმარი გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით. როდის, რა გარემოებაში და კონკრეტულად ვის მიერ გაიცა ეს მითითება, არ მახსოვს, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ქობულოვისთვის ეს ცნობილი იყო და შესაძლოა, თავადაც მოელაპარაკა ამაზე სანიტარიულ ნაწილს. რაც მახსენდება უკვე მოგახსენეთ. დაკითხვებზე მოკვდა პატიმარი ძიგრაშვილი, რომელიც მე თავად ვნახე გამომძიებელ კოვალჩუკის კაბინეტში. თავი ჩამოიხრჩო საკანში პატიმარმა პედანმა. მოკვდა გამომძიებელ თვალჭრელიძის პატიმარი ქალი. ის ორსულად იყო და თვალჭრელიძე დაკითხვებისას სასტიკად სცემდა. შემდეგ კი ამ ქალმა ვერ გაუძლო წამებას და საკანში გარდაიცვალა. ამ ქალის გვარი აღარ მახსოვს. შესაძლოა, იგი ნესტორ ლაკობას ნათესავი გახლდათ. როგორც მახსოვს, არუთინოვისა და ამ ქალის გარდა, პირვველი განყოფილების არც ერთი პატიმარი არ მომკვდარა. თუმცა კატეგორიულად ამის მტკიცება არ შემიძლია“. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საშინელი ისტორიებისა, რომელიც 1937-38 წლებში ხდებოდა თბილისის შინსახკომის შიდა ციხეში. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ციხის თანამშრომლები იხსენებენ 1953 წლის დაკითხვების დროს: ევტიხი სურმავა (თბილისის შინსახკომის შიდა ციხის ზედამხედველი 1937-1938 წლებში): ,,1937 წელს შინსახკომის შიდა ციხეში პატიმრები საკნებში ძლივს ეტეოდნენ. სიმჭიდროვის გამო საკნებში ფეხზე იდგნენ. ისეთი მძიმე ჰაერი იყო და ისეთი საშინელი სუნი იდგა, რომ ზედამხედველები ცვლის ბოლოს მთვრალებივით დავდიოდით და მუდმივად თავი გვტკიოდა. უამრავი სამუშაო გვქონდა. თითოეულ ზედამხედველს ერთ ღამეს საკნებიდან დაკითხვაზე 300-ზე მეტი პატიმრის გაყვანა უხდებოდა“. სტეპან კოვშოვი (თბილისის შინსახკომის შიდა ციხის ზედამხედველი 1937-1938 წლებში): ,,გამომძიებლები პატიმრებს დაკითხვისთვის საღამოს იძახებდნენ და დილის 5-6 საათზე აბრუნებდნენ საკნებში. ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. მახსოვს, ჩვენთან ერთი აჭარელი იჯდა, მეზობელ საკანში კი მისი ცოლი იყო, რომელსაც პატარა ბავშვი ჰყავდა. ეს ბავშვი ძუძუს საჭმელად მოჰყავდათ საკანში. შემდეგ ცოლ-ქმარი ციხეში მოკვდა. ევტიხი სურმავა (თბილისის შინსახკომის შიდა ციხის ზედამხედველი 1937-1938 წლებში): ,,იყო შემთხვევები, როდესაც დაკითხვაზე პატიმარი წამებისგან კვდებოდა. მახსოვს, გამომძიებელმა აივაზოვმა ცემით მოკლა პატიმარი კიკიბერია. მე თვითონ გავიტანე ცხედარი მისი კაბინეტიდან. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ ხაზანი, კრიმიანი, სავიცკი, ძმები აივაზოვები. ბევრი იყო ისეთი პატიმარი, რომლებსაც ცემის შემდეგ საკნებში ცოცხალ-მკვდარს ვაბრუნებდით. მე ვიხსენებ, რომ დაკითხვის შემდეგ ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, პეტრე აღნიაშვილი, რომელსაც გამომძიებელი კრიმიანი და სავიცკი ჰკითხავდნენ, უგონო მდგომარეობაში გაგვყავდა. თამარა ტესტოვა (თბილისის შინსახკომის შიდა ციხის ექთანი): ,,მე პირადად ვიყავი მოწმე, თუ როგორ ეპყრობოდნენ გამომძიებლები პატიმრებს. როგორც წესი, მათი კაბინეტიდან პატიმრები სასტიკად ნაცემები ბრუნდებოდნენ, ზოგიერთი მათგანი საკანში უგონო მდგომარეობაში მოჰყავდათ. პატიმრებს მოტეხილი თითები, ცემისგან ტანზე საშინელი წყლულები და სისხლჩაქცევები ჰქონდათ. რეზინის ხელკეტებისგან ფეხის გულებზე კანი აღარ ჰქონდათ და ამის გამო სიარული აღარ შეეძლოთ. ძალიან ხშირად დავდიოდი გამომძიებლების კაბინეტებში გამოძახებაზე, რათა გონზე მომეყვანა წამებისგან გულწასული პატიმრები. ასეთ საშინელებებს ვეღარ გაუძელი და 1940 წელს სამსახური დავტოვე“. სერგო დავლიანიძე (შინსახკომის ოპერრწმუნებული 1937-1938 წლებში): ,,ბერია ცეკადან მოიდოდა ციხეში თავის პირად მცველთან, მიხეილ გვიშიანთან ერთად. გოგლიძისა და ქობულოვის კაბინეტში ჩერდებოდა და პირადად იღებდა მონაწილეობას პატიმრების ცემაში. ძირითადად დაპატიმრებულ ცეკას მდივნების, სახალხო კომისრებისა და მაღალი თანამდებობის პირთა დაკითხვებსა და ცემას ესწრებოდა“. იმ პატიმრებისთვის, რომლებზეც ჩვეულებრივი დაშინება ან წამება არ მოქმედებდა, ბერიას მითითებით ციხეში სპეციალური კარცერი იყო მოწყობილი. კარცერი სარდაფში მდებარეობდა და მისი ფართობი სულ 2 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. კედელზე რამდენიმე რიგად რკინის მილები გადიოდა, რომელიც საქვაბესთან იყო დაკავშირებული. მილებს ცხელი ორთქლი მიეწოდებოდა. როდესაც სისტემას ჩართავდნენ, საკანში ტემპერატურა 60 გრადუსს აჭარბებდა. ორი მეტრის სიმაღლეზე ცხელი ორთქლის ბუღი იდგა, რომელიც კანს სწვავდა. ცხელ საკანში პატიმარი თბილ, ზამთრის ტანსაცმელში იყო გაკოჭილი და დღე-ღამეში მხოლოდ ერთ ჭიქა წყალს და 300 გრამ პურს აძლევდნენ. ზამთრის პერიოდში ამ კარცერს, როგორც მაცივარს, ისე იყენებდნენ. საკანში ფანჯარას აღებდნენ, იატაკზე წყალს ასხამდნენ, ან თოვლი შეჰქონდათ და პატიმარს ამ საყინულეში შიშვლად კეტავდნენ. ევტიხი სურმავა (თბილისის შინსახკომის შიდა ციხის ზედამხედველი 1937-1938 წლებში): ,,ერთხელ ,,ცხელ“ საკანში შესვლა ვცადე და ერთი წუთითაც ვერ გავჩერდი. როგორც კი კარი გავაღე, სახეში გავარვარებული ჰაერი მომხვდა, რომელმაც კანი დამიწვა. ასეთ საკნებში გამომძიებლების მითითებით პატიმრებს რამდენიმე დღე ამყოფებდნენ. იყო ერთი დაპატიმრებული ბაინდუროვი. იგი ,,ცხელ“ საკანში ორი დღით მოათავსეს, მერე გამომძიებელთან აიყვანეს და დაკითხვის დროს უმოწყალოდ სცემეს. ამის შემდეგ ისევ ,,ცხელ“ საკანში ჩამოიყვანეს. ვეღარ გაუძლო წამებას და მოკვდა. მისი ცხედარი მე თავად ვნახე“. თამარა ტესტოვა (თბილისის შინსახკომის შიდა ციხის ექთანი): `ამ საკნებთან მიახლოვება კატეგორიულად გვეკრძალებოდა. მახსოვს, ჩემთან მოიყვანეს ბუდუ მდივანი, რომელიც რამდენიმე დღე ,,ცხელ“ საკანში ამყოფეს. იგი უგონო მდგომარეობაში იყო. გონზე მოსაყვანად მე მას ნემსი გავუკეთე, რის შემდეგაც იგი დაკითხვაზე წაიყვანეს“. ბერიასა და მის გუნდში შემავალი პირების სასამართლო პროცესი 1953 წლის 23 დეკემბერს გაიმართა. ბრალდებულებს განსაკუთრებული სასამართლო ასამართლებდა. ეს იყო ჯერ კიდე 1934 წელს კიროვის მკვლელობის შემდეგ შემუშავებული სპეცსამეულის სისტემის სასამართლო

გაზიარება