ფაქტობრივად, უკვე დაწყებულ წინასაარჩევნო სეზონზე, არსებული პარტიული ბატალიების მიღმა, სადაც პოლიტიკურ ამინდს ერთეულები ქმნიან, რეალური ამინდის შემოქმედი _ ბუნება, მის მიერვე ნაკარნახევ წესებს მკაცრად გვიდგენს. წლევანდელი გაზაფხული წვიმიანი გამოდგა, სეტყვამ საქართველოს არაერთ რეგიონში ნათესები გაანადგურა, რითაც გლეხები დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა. შესაძლებელია თუ არა XXI საუკუნეში ამინდის ზუსტი პროგნოზი? იცვლება თუ არა კლიმატი საქართველოში და მსოფლიოში? რას ვსუნთქავთ და როგორი ნიადაგი გვაქვს? რამდენად გვიცავს სახელმწიფო ნეგატიური ბუნებრივი მოვლენებისგან და რამდენადაა დაცული თავად ბუნება ადამიანის უხეში ჩარევისგან?
„ქრონიკა+“ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს, თამარ ბაგრატიას ესაუბრება:
_ პირველ რიგში ინტერვიუ დავიწყოთ ატმოსფერულ ჰაერზე საუბრით: არაერთი დასკვნისა თუ კვლევის მიხედვით, ჩვენს დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების დონე ძალიან მაღალია. რა კვლევებს აწარმოებს ამ მიმართულებით თქვენი უწყება?
_ დღეს სააგენტო ჰაერის რამდენიმე ტიპის მონიტორინგს აწარმოებს: ერთი არის ავტომატური სადგური, რომელიც ვაშლიჯვარშია განთავსებული, ასევე გვაქვს სპეციალური ჯიხურები თბილისსა და საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში: რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში. ავტომატური სადგურიდან 24 საათის განმავლობაში, ონლაინ რეჟიმში ხდება დაკვირვება, სხვა სადგურები არ არის ავტომატიზებული, დამკვირვებლები სინჯებს იღებენ. ეს სინჯები შემდგომ ანალიზდება. ვაშლიჯვარში უახლესი აპარატურა გვაქვს დამონტაჟებული, დანარჩენ წერტილებში შედარებით მოძველებული დანადგარებია, თუმცა ივნისში თბილისში, დაახლოებით, მილიონ ორასი ათასი დოლარის ღირებულების სამი სადგურის დამონტაჟება დაიწყება, ხოლო მონიტორინგის თანამედროვე სისტემა უკვე სექტემბრიდან ამუშავდება. ეს პროექტი იაპონიის მთავრობის დახმარებით ხორციელდება.
_ ყველა კატეგორიის მკითხველისთვის რომ გასაგებ ენაზე ავხსნათ, რისთვის გამოდგება ის აპარატურა, რომელსაც იაპონელები გადმოგვცემენ?
_ ამ აპარატურით ჰაერის ბევრ დამაბინძურებელს გავზომავთ; გვექნება კარგად გამართული სისტემა, თუმცა ეს ძვირადღირებული აპარატურაა, რომელსაც, სამწუხაროდ, ყველა წერტილში ვერ დავდგამთ, მაგრამ ბოლო პერიოდში დავიწყეთ ინდიკატორების გამოყენება, ეს არის შედარებით მცირებიუჯეტიანი ტექნოლოგია. სპეციალური ინდიკატორები სხვადასხვა ქალაქსა და დასახლებაში განვათავსეთ და ანალიზებს ინგლისში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ვატარებთ.
_ რომელი ადგილებია დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის მხრივ ყველაზე უფრო დაბინძურებული და საქართველოს რომელ ქალაქებში სუნთქავენ შედარებით სუფთა ჰაერს?
_ ჰაერი ბევრი ელემენტისგან შედგება. სხვადასხვა კომპონენტის მხრივ სხვადასხვა მდგომარეობაა. თუ დღეს თბილისში აზოტის დიოქსიდის საშუალოზე მაღალი დაბინძურება არ ფიქსირდება, მტვრის შემცველობა ჰაერში თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება და აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. თბილისი სატრასპორტო კვანძია, ჰაერის უმთავრესი დამაბინძურებელი კი, დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, ავტოტრანსპორტია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სწორედ სატრანსპორტო კვანძებში. ჩვენ კვლევა ჩავატარეთ, რომელმაც აჩვენა, რომ ყველაზე მეტად დაბინძურებულია რუსთაველის გამზირი, კონკრეტულად, პარლამენტის შენობის, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია, საბურთალოს რაიონში _ ტაშკენტის ქუჩა, ასევე „ისნის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორია; არასახარბიელო მდგომარეობაა ვაჟა-ფშაველასა და თამარაშვილის კვეთაზე; დაბინძურების კუთხით შედარებით დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ახალციხეში, ზუგდიდში, მცხეთაში, თელავში, ანუ ამ დასახლებულ პუნქტებში შედარებით სუფთა ჰაერს სუნთქავს მოსახლეობა.
_ რამდენად არის ნიადაგი დაბინძურებული და რა პრევენციულ ზომებს ღებულობთ ამ მხრივ?
_ 90-იანი წლებიდან 2013 წლამდე ნიადაგის სისტემური მონიტორინგი შეწყვეტილი იყო, დღეს კი წერტილების რაოდენობა 40-ს აღწევს, გვაქვს გარემოს დაბინძურების ლაბორატორია, სადაც ეს სინჯები ანალიზდება. მეტიც, ნიადაგის კვლევებზე ISO სერტიფიკატებიც კი ავიღეთ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ ნიადაგის შესწავლის შედეგად დადებული დასკვნები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. სულ მალე სააგენტოს გარემოს დაბინძურების ახალი ლაბორატორიული შენობა ექნება, რაც განვითარების ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს.
_ მძიმე მრეწველობის ქალაქებში, ზესტაფონსა და ჭიათურაში, იქ არსებული გარემო, ზიანს აყენებს არა მხოლოდ ბუნებას, არამედ ადამიანებსაც. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
_ ინდუსტრიულ ზონებში კარგი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს, ჰაერის, ნიადაგის, ზედაპირული წყლების დაბინძურება საკმაოდ პრობლემური და აქტუალურია. ზესტაფონში 2015 წელს ჰაერში მტვრის მაქსიმალურმა კონცენტრაციამ მიაღწია დასაშვებ ნორმაზე 4,4-ჯერ მეტს: 2.2 მგ/მანგანუმის დიოქსიდმა ნორმას 1.2-ჯერ გადააჭარბა, ნიადაგში აღინიშნება ტყვიის, თუთიის, სპილენძისა და მანგანუმის გადაჭარბებები, ნიადაგის დაბინძურება ფიქსირდება ჭიათურის მუნიციპალიტეტშიც, ხოლო მდ. ყვირილას წყალზე 2015 წელს აღებულ იქნა 48 სინჯი. მანგანუმის კონცენტრაციები უმეტეს სინჯებში ზღვრულად დასაშვებ ნორმებს აღემატებოდა. საშუალოწლიური კონცენტრაცია 3-ჯერ აღემატებოდა ნორმას, აპრილში ჭიათურის ქვედა კვეთში _ 13,3-ჯერაც კი.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით მდ. მაშავერაში, კაზრეთულასა და ფოლადაურში პერიოდულად აღინიშნება ზოგიერთი მძიმე ლითონის, კერძოდ, მანგანუმის, სპილენძის, რკინის, კადმიუმის, თუთიის, მოლიბდენისა და კობალტის ზღვრულად დასაშვებზე მეტი კონცენტრაციები; ისევე როგორც აღინიშნება ნიადაგის დაბინძურებაც. გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველთვე აქვეყნებს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ბიულეტენს. სააგენტოში უამრავი მოქალაქე რეკავს გარემოს დაბინძურების თემაზე, რომლებიც არ გვაძლევენ მოდუნების საშუალებას, ისინი ყოველდღიურ რეჟიმში მიგვითითებენ არსებულ პრობლემებზე.
_ საქართველო წყალუხვი ქვეყანაა, შესაბამისად გკითხავთ, _ რას ვსვამთ და რამდენადაა დაბინძურებული ჩვენი წყლები?
_ ვარგისია თუ არა სასმელად წყალი, ამის დადგენა ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, ჩვენ მხოლოდ მდინარეებისა და ტბების მონიტორინგს ვახორციელებთ. ასევე ვაკვირდებით საქართველოს შავი ზღვის წყალს. დაავადებების კუთხით წყლის ხარისხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სხვა ინსტიტუციები სწავლობენ. შარშან მახსოვს, რომ ლისის ტბაზე E.ცოლი-ს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა, რაც შეეხება კუს ტბასა და თბილისის ზღვას, ორივეგან ნორმალური ვითარებაა. ზოგადად ამ ტიპის ინფორმაციებს მუდმივად ვაწვდით სახელმწიფო უწყებებს. ზოგჯერ რეკომენდაციებსაც ვიძლევით. ყოველთვიური მონიტორინგის შედეგებს კი სისტემატურად ვაქვეყნებთ უწყების ვებგვერდზე.
_ რატომ ასოცირდება თქვენი სამსახური დიდიწილად მხოლოდ სინოპტიკასთან და რამდენად ზუსტი პროგნოზები გაქვთ? სოციალურ ქსელებში თქვენი მისამართით ყველაზე პოპულარული კითხვები იმის შესახებაა, თუ როგორი ამინდი იქნება ხვალ?
_ თუ თანამედროვე ტექნოლოგიები ზუსტად მოგვცემდა იმის თქმის საშუალებას, როგორი ამინდი იქნება ხვალ, მაშინ ტერმინი „პროგნოზი“ აღარ იქნებოდა გამოყენებული. საერთო ნაცნობ-მეგობრების წრეში მხოლოდ ამ კითხვით მომმართავენ; ზოგი ქორწილს გეგმავს, ზოგი _ ტურისტულ ლაშქრობაში გამგზავრებას, უმეტესობას ერთი ან ორი თვით ადრე აინტერესებს, თუ როგორი ამინდი იქნება ამა თუ იმ კონკრეტულ დღეს. ჩვენი მეტეოროლოგიური ინფრასტრუქტურა დღეს არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა, შევიძინეთ რადარის ლიცენზია, ვაპირებთ შევიძინოთ კიდევ ერთი ლიცენზია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-ს მთავრობასთან ახალი რადარის გადმოცემაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, ქუთაისის ტერიტორიაზე განვათავსებთ. ზოგადად, საქართველოში ამინდი ძნელი საპროგნოზოა რთული რელიეფის გამო. თუმცა იმედი მაქვს, თანდათან თანამედროვე ინფრასტრუქტურას შევქმნით და პროგნოზის ალბათობას გავაუმჯობესებთ,
_ წლევანდელ გაზაფხულს მთელ რიგ რეგიონებში უხვი ნალექი მოვიდა, ზაფხულიც საკმაოდ გრილია, _ რა ხდება?
_ წლევანდელ გაზაფხულზე საგრძნობლად იმატა წვიმებმა, ეს ბუნებრივი მოვლენაა, ხდება ჰაერის მასების შემოდინება, ძირითადად, შავი ზღვისპირეთიდან.
_ კლიმატი იცვლება?
_ ბუნებრივია, კლიმატი იცვლება, კლიმატის ცვლილება მხოლოდ დათბობას არ ნიშნავს, როგორც ეს ხშირად ჰგონიათ, კლიმატის ცვლილებების შედეგად შეიძლება ბევრი ექსტრემალური მოვლენა განვითარდეს. ჩვენ თუ 2015 წელს გავაანალიზებთ, რამდენიმე ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენა დაფიქსირდა:
• 2015 წლის 20 აგვისტოს სეტყვა კახეთში (ყვარლის, ლაგოდეხის, ახმეტის მუნიციპალიტეტები);
• 2015 წლის 4 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღინიშნებოდა სითბური ტალღის მოქმედება;
• 2015 წლის დეკემბერი და 2016 წლის 24-25 იანვარი _ დიდთოვლობა აჭარა-გურიაში;
• 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მდ. ვერეზე განითარებული კატასტროფული მოვლენა.
_ 13 ივნისის ავბედითი დღიდან, სულ მალე, ერთი წლისთავი გახდება. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, პირადად თქვენ იმ დროისთვის ორი კვირის მისული იყავით უწყებაში. რა მოხდა მაშინ თბილისში?
_ 13 ივნისს თბილისში ექსტრემალური ნალექების რაოდენობა დაფიქსირდა. ამ ტრაგედიას ასეთი მასშტაბები არ ექნებოდა, მეწყრული პროცესები რომ არ განვითარებულიყო. ძლიერმა წვიმამ თბილისში მეწყრის ჩამოწოლა გამოიწვია წყნეთი-ბეთანიის გზაზე, რასაც მოჰყვა ღვარცოფული ნაკადის ფორმირება. ერთდროულად მოხდა რამდენიმე სტიქიური პროცესის განვითარება: მეწყერი, ღვარცოფი, წყალმოვარდა, ნაპირების ეროზია, ქვათაცვენა და სეტყვა. მდ. ვერეზე გაზომილმა წყლის ხარჯმა 468 მ3/წმ შეადგინა. წყლის დონე 18-20 მეტრით მაღალი იყო საშუალო მრავალწლიურ დონესთან შედარებით. მდ. ვერის მარცხენა ფერდობზე წარმოშობილ მეწყერში მიწის მოცულობამ დაახლოებით 1 მლნ. კუბმეტრი შეადგინა.
ანალოგიურ მოვლენებს ადგილი ჰქონდა 1940 წლის 10 მაისს, როცა ქ. თბილისში დღე-ღამის განმავლობაში მოვიდა 109 მმ ნალექი, წყლის დონემ 2 მეტრით აიწია და დაანგრია ზოოპარკის ქვედა იარუსის ნაწილი; 1960 წლის 4 ივლისს ნალექი თბილისის ობსერვატორიის მონაცემებით იყო 36.9 მმ. ვაკე-საბურთალოს გზის მონაკვეთზე გვირაბი ჩაიხერგა, შემდგომ კი შეტბორვა გაირღვა, რამაც ზოოპარკის ქვედა ნაწილი დაანგრია. მდ. ვერეზე გაზომილმა წყლის ხარჯმა 259 მ3/წმ შეადგინა.
_ წინასწარ თუ ივარაუდეთ, რომ ავბედით 13 ივნისს ამინდი ამ დონეზე გაუარესდებოდა?
_ სააგენტოს პროგნოზირებული ჰქონდა, რომ უხვი ნალექი მოვიდოდა, რასაც შესაძლოა, ცალკეული მდინარეების ადიდება გამოეწვია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: უშუალოდ იმის თქმა, რომელ მდინარეზე, რომელ მონაკვეთზე იქნებოდა წყლის დონის მატება და რა რაოდენობით, შეუძლებელი იყო, ვინაიდან ასეთი ტიპის მეწყრული მოვლენების პროგნოზირება და მეწყრით გამოწვეული სტიქიური უბედურებების წინასწარ, სიზუსტით გათვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თუმცა არსებობს გარკვეული პრაქტიკა, როცა კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილში წლების განმავლობაში აკვირდებიან აქტივიზებულ მეწყერებს. ვთქვათ, ხუთი-ექვსი წელი სწავლობენ და მეტ-ნაკლებად აკონტროლებენ იმ მონაკვეთებს. აქვე გავავლებ პარალელს, რომელიც შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს თქვენს მკითხველებს, მაგრამ მაინც: მაგალითად, საქართველოში, ამ ეტაპზე, ონკოლოგიურ დაავადებებს იმდენად ეფექტიანად ვერ ებრძვიან, როგორც წამყვანი სახელმწიფოების კლინიკებში, ვინაიდან ეს მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც ინტელექტევადი და ფინანსურადტევადი დარგებია. იგივეა სტიქიასთან ბრძოლის თვალსაზრისით: დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ ადრეული შეტყობინების ტექნოლოგიებზე. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ისეთი სპეციალისტები, რომლებმაც ადრეული შეტყობინების სისტემების პროექტირება იციან, არ გვყავს. თუმცა ვდგამთ ნაბიჯებს, ახალგაზრდა პროფესიონალებს ხელი შევუწყოთ, ახალ ტექნოლოგიებს დაეუფლონ.
_ რა ვერ გათვალა სახელმწიფომ ამ სტიქიამდე? რა შეცდომები იქნა დაშვებული? და აქვე გკითხავთ: როგორია მოსახლეობის ზოგადი განათლება სამოქალაქო თავდაცვის მხრივ? იქამდე, სანამ სახელმწიფო დაგვეხმარება, რა უნდა ვიცოდეთ მოქალაქეებმა ასეთ დროს?
_ ამ თემას ერთიან სისტემაში მიმოვიხილავ: სამოქალაქო თავდაცვითი სწავლების მხრივ ჩვენთან საშუალო სკოლების დონეზეც ნაკლებად ინფორმირებულია ახალი თაობა. მაგალითად, ხანძრის დროს ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის, როგორ უნდა მოიქცეს? ვიღებთ ამის შესახებ განათლებას? არის სტიქიური პროცესები, რომლებსაც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ შევაჩერებთ. ასეთ შემთხვევაში რა არის მთავარი პასუხი ამგვარ მოვლენაზე? _ დროული, სათანადო, ადეკვატური რეაგირება. ჩვენი სააგენტო ჩართულია იმ დოკუმენტის შემუშავებაში, რომელიც მთლიანად გააანალიზებს არსებულ საფრთხეებს და რეაგირების მექანიზმები შემუშავდება. ვერის ხეობაში, ტრაგედიის ღამეს, შეიძლებოდა უფრო ეფექტიანად ემოქმედა სახელმწიფო სტრუქტურებს. ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე საერთაშორისო ექსპერტს შევხდი და მათაც თქვეს, რომ არა სახელმწიფო ინსტიტუციების ეფექტიანი მუშაობა, 13 ივნისს უფრო დიდი მსხვერპლიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
_ რამდენად წარმატებით თანამშრომლობს თქვენი უწყება საერთაშორისო ფონდებთან?
_ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ძალიან ბევრი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს: „გაეროს განვითარების პროგრამა“, ევროკავშირი, ასევე შვეიცარიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომლებთან ერთადაც ჩვენ მესტიის გეოლოგიური და ჰიდროლოგიური საფრთხეები შევისწავლეთ; პოლონეთის მთავრობა, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოები და სხვა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და ვმონაწილეობთ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელიც ჩვენი მთავარი პარტნიორია.
_ ექმნება თუ არა საფრთხე ჩვენი ქვეყნის ბუნებას, თუნდაც, მცირე ზომის ჰესების აგებით?
_ ეს დღეს ძალიან აქტუალური თემაა, ცალსახად დადებითი ან უარყოფითი პასუხი არ არსებობს. გააჩნია, ჰესს, ლოკაციას, რა ტექნოლოგიებით იქნება აგებული. იმის თქმა, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, არ შეიძლება, მაგრამ ვიმეორებ: გააჩნია, რამდენად კარგად იქნება ის რისკები შეფასებული, რომელიც შეიძლება კონკრეტულ არეალში განვითარდეს. ჰესის მშენებლობა რისკებს შეიცავს არასწორი დაგეგმვისა და ექსპლუატაციის პირობებში, თუმცა, ჩემი აზრით, მოქალაქეების აზრი დიდი დოზით უნდა იყოს გათვალისწინებული და რაც მთავარია, ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი გარემოსა და ეკონომიკურ სარგებელს შორის. ეს ის საკითხია, სადაც პატარა შეცდომამაც კი დიდი საფრთხე შეიძლება შექმნას.
_ გადავიდეთ მშენებლობების თემაზე. დედაქალაქის მერია თუ არის თქვენს სამსახურებთან კოორდინაციაში, როცა ამა თუ იმ ადგილას დიდი შენობის აგებას აპირებენ?
_ ჩვენ ამა თუ იმ შენობის აგებაზე დასკვნებს არ ვიძლევით და ძალიან სამწუხაროა, რომ არ არის სავალდებულო საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნები. ამას წინათ ავსტრიელი გეოლოგები გვყავდა ჩამოყვანილი და ნახეს, რომ ერთ-ერთი შენობის მშენებლობა, ფაქტობრივად, მეწყრის ქვეშ მიმდინარეობდა შეშელიძის ქუჩაზე. ასეთი არაადეკვატური მშენებლობების შედეგად, ბუნებრივია, საფრთხეები მაღალია. აუცილებელია, კვალიფიციური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების მომზადება, რათა რისკის ზონები შევამციროთ.
_ გავაგრძელოთ ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების თემა. ინტერვიუს დაწყებამდე მესაუბრებოდით, რომ სხვადასხვა ტიპის მინერალსაც იკვლევთ და სასარგებლო წიაღისეულის შესწავლასა და/ან მოპოვებაზე გასცემთ ნებართვებს. რა შეგიძლიათ გვითხრათ საყდრისში ოქროს საბადოზე? საინტერესოა თქვენი, როგორც პროფესიონალისა და მოქალაქის პოზიცია, უნდა მოიპოვებდნენ თუ არა ოქროს საყდრისის ტერიტორიაზე?
_ საკითხის ასე დასმა განსჯის ცალკე თემაა. მე შემიძლია, გითხრათ, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზია კანონის სრული დაცვით გასცა. ზოგადად, სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზირება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ბიზნესს არანაირ უხილავ ბარიერებს არ ვუქმნით. ჩემი აზრით, ბევრი მეწარმე დაადასტურებს, რომ ლიცენზირების პროცესი უფრო გამჭვირვალე და გახსნილია. სააგენტოს პოლიტიკა ამ კუთხით გულისხმობს საზოგადოებასთან ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე კომუნიკაციას და სიახლეებსაც ვგეგმავთ, როგორ გავამარტივოთ კომუნიკაცია მეწარმესა და სააგენტოს შორის.
_ სანამ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველი პირი გახდებოდით, მანამდე გენდერული თანასწორობის საკითხებზეც მუშაობდით. ამ მიმართულებით აქტიურობთ? და კიდევ: ხომ არ გაქვთ პოლიტიკური გეგმები უახლოეს მომავალში? შესაძლებელია, რომ თამარ ბაგრატია პოლიტიკურ თანამდებობაზე ვიხილოთ?
_ მე ვიყავი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მე თვითონ ვმონაწილეობდი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში, რომლის მიზანიც იყო არჩევით ორგანოებში ქალთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა, თუმცა ამ მიმართულებით იმიტომ არ ვაქტიურობდი, რომ თავად მქონდა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი. დღეს შორიდან ვგულშემატკივრობ ჩემს მეგობრებს. პოლიტიკაში გააქტიურებას, ამ ეტაპზე, არ ვგეგმავ, ვფიქრობ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეს ვაკეთებ, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. თუმცა ვისურვებდი, საქართველოს მომავალ პარლამენტში მეტი ქალი და მეტი გარემოსდამცველი მოხვდეს.
ზაზა სვანაძე