QronikaPlus
მამუკა ნოზაძე: ,,იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქმეებს ქურდულად არჩევს!“

მამუკა ნოზაძე: ,,იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქმეებს ქურდულად არჩევს!“

2016-06-05 10:17:18

ადვოკატი მამუკა ნოზაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ევა გოცირიძესა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს _ ანა ნაცვლიშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ადამიანები, რომელთაც დღეს მოსამართლეთა შერჩევის ვალდებულება აქვთ, საქმეებს ქურდული წესებით არჩევენ.    მამუკა ნოზაძე: _ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ბოლო დროს, თავხედურ გამოხტომებთან ერთად, ქურდული გარჩევებიც დაიწყეს. ისიც არ აბრკოლებთ, საზოგადოება მათ ქმედებებს მუდმივად რომ კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს. რამდენიმე დღის წინათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ჩატარდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებები განიხილეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ცვლილებები უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობაში, რათა გამოსწორდეს საბჭოს მუშაობა. ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივების პრეზენტაცია, სადაც ასევე ისაუბრეს, რა უნდა გაკეთდეს, უფრო გამჭვირვალე რომ გახდეს მოსამართლეთა დანიშვნები და კონკრეტული დანიშვნა-არდანიშვნა როგორ უნდა დაასაბუთოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. საზოგადოებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ წარიმართება ქვეყანაში სასამართლო რეფორმა და ვინ დაინიშნებიან მოსამართლეებად. ამჟამად კი საზოგადოება დგას დიდი გამოწვევის წინაშე. ხალხს ნაკლებად აინტერესებს, ვინ იქნება ამა თუ იმ დარგის მინისტრი, ან პარლამენტის წევრი. მათ აინტერესებთ, ვინ იქნება მოსამართლე, რადგან უშუალო შეხება აქვთ სასამართლო ხელისუფლებასთან. მინისტრი თუ სხვა თანამდებობის პირი როცა მიიღებს უკანონო გადაწყვეტილებას და ამის გამო დაზარალებული ადამიანი სასამართლოში წავა, მან უნდა იცოდეს, რომ მის საჩივარს იქ კანონიერად განიხილავენ. სამწუხაროდ, დღეს ამის იმედი ხალხს არ აქვს, რადგან საქართველოს სასამართლოებში საქმეებს იხილავენ არა მოსამართლეები, არამედ რობოტები, რომლებსაც გადაწყვეტილებები დაზუთხული აქვთ და ძალიან მიკერძოებულები არიან. რა თქმა უნდა, საუბარი არ მაქვს ყველა მოსამართლეზე, მაგრამ მათი 95% ასე იქცევა. _ მოსამართლეების 95%-ს თუ უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილებები გამოაქვს, სამართლიანობაზე, ალბათ, აღარც კი უნდა ვისაუბროთ, არა? _ გეთანხმებით, რომ ეს არის კატასტროფის მაჩვენებელი, რადგან რამდენიმე კეთილსინდისიერი მოსამართლე სასამართლო სისტემაში ამინდს ვერ ქმნის. თითზე ჩამოსათვლელები არიან, ვისაც ნამდვილად უნდა ეწოდოს მოსამართლე, დანარჩენი კი ჩვეულებრივი რობოტები გახლავან, რომლებიც გადაწყვეტილებებს „აკოპირებენ“, რაც არის ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი. ასეთი სასამართლოს პირობებში ქვეყანაში ინვესტიციას არავინ ჩადებს. ხშირია, როცა ინვესტორებს არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკები პრობლემებს უქმნიან ბიზნესის განვითარების დროს, თუმცა უსამართლო სასამართლოში სამართალს ვერ პოულობენ. საქმის განხილვები წლების მანძილზე იწელება, ბიზნესმენებისთვის კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად დროულად მიიღებს ის შედეგს. გრძელვადიან პერსპექტივაზე ბიზნესი ვერ იქნება ორიენტირებული. 3-4 წელი თუ სასამართლოში მოუწევს სირბილი იმის გამო, რომ დეგრადირებულმა ჩინოვნიკმა მიიღო არა ქვეყნისთვის, არამედ საკუთარი ჯიბისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, ეცდება, რომ საკუთარი თანხები ასეთ ქვეყანაში არ დააბანდოს, სადაც „სამართალი“ მის ბიზნესს დააზარალებს. _ სასამართლოს უსამართლობით განაწყენებული რომელიმე ბიზნესმენის ამბავსაც ხომ ვერ მოგვიყვებით? _ ასეთი რამ არის ქვეყნის ზოგადი პრობლემა და კონკრეტულ გვარ-სახელს მნიშვნელობა არ აქვს. ბევრი ფაქტია, როცა სახელმწიფოს წარმომადგენლები ხელს უშლიან ბიზნესის განვითარებას, მაგრამ ასეთ დროს ისინი სასამართლოშიც ვერ აღწევენ სამართლიანობას. ვთქვათ, ბიზნესმენმა გარკვეული ქონება შეიძინა, რათა იქ თავისი ბიზნესი აწარმოოს, პროექტი განახორციელოს, მაგრამ ამასთან არის დაკავშირებული სხვა გარემოებებიც, მაგალითად, ამ ობიექტთან მისასვლელი გზა, ინფრასტრუქტურა და ა. შ. ამიტომ ბიზნესმენი ამბობს, ეს საქმე რომ წამოვიწყო, სახელმწიფო უნდა დამეხმაროს და ეს ყველაფერი მოაწყოსო. თუ სახელმწიფო ამას ვერ გააკეთებს, მზად ვარ, ჩემი ინვესტიცია აქაც ჩავდოო, მაგრამ ხელისუფლებას ბიუროკრატიული მექანიზმი ისე აქვს მოწყობილი, რომ გადაწყვეტილებას მსგავს საკითხებზე არ იღებს. აბა, წარმოიდგინეთ, თუ ბიზნესმენს ობიექტთან მისასვლელი გზა არ ექნება, ან წყლის, გაზის, ელექტროენერგიის გაყვანას ვერ შეძლებს, რაც უნდა მონდომოს, საქმეს ვერ გააკეთებს და პროექტიც ჩაუვარდება. როცა მისი მოქმედება, ბიზნესი დამოკიდებულია ხელისუფლების მოქმედებაზე და კერძო კომპანია იქ ვერაფერს გააკეთებს მის გარეშე, როცა ადგილობრივი ბიუროკრატები კანონიერების ფარგლებში არ ეხმარებიან ადამიანს და მის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას არ იღებენ, რა უნდა გააკეთოს ბიზნესმენმა? ამიტომაც ინვესტორები ფიქრობენ, რომ აზრი არ აქვს ასეთ სახელმწიფოში ფულის დაბანდებას და ქონების შეძენას. თანაც ხედავენ, რომ სასამართლო ყოველთვის მოქმედებს ჩინოვნიკთა სასარგებლოდ და სამართლიანობის პრინციპებს არ იცავს. თუ, ვთქვათ, მოხდა საოცრება და საქმე ინვესტორის სასარგებლოდ გადაწყდა, მან ყველა ინსტანცია უნდა გაიაროს და მხოლოდ ამის მერე გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რათა კონკრეტული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს და აღსრულდეს. ამას კი სჭირდება 2-3 წელი. ანუ ეს წლები ინვესტორისთვის დაკარგულია და მისი საქმისთვის ზიანის მომტანი. _ იუსტიციის საბჭოს სხდომაზე რა მოხდა, იქნებ, ბოლომდე მოგვიყვეთ? _ საბჭოზე განხილული პროექტის ერთ-ერთი ნორმა არის ასეთი: საბჭომ უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება, თუ რატომ მისცა დადებითი ან უარყოფითი ხმა კონკრეტულ მოსამართლეს. არასამთავრობო სექტორი ითხოვს, რომ საბჭოს წევრები ვალდებულნი იყვნენ, ასე მოიქცნენ და ეს ჩაიწეროს კანონში, რათა საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილებების მიღების დროს არ იმოქმედონ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ნაცვლად იმისა, რომ კანონპროექტი განეხილათ და ეთქვათ, რატომ მიაჩნიათ ეს მოთხოვნა ლოგიკურად ან არალოგიკურად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცრიძემ ქურდული გარჩევა მოუწყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილს. დავიწყებ იმით, რომ ამ საბჭოს წევრი უნდა იცავდეს ეთიკის ნორმებს და არ უნდა მოქმედებდეს შუბლისძარღვგაწყვეტილი ადამიანის ლექსიკით და რიტორიკით. სამწუხაროდ, სწორედ ასე მოქმედებს და მეტყველებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, რომელიც გაბოროტებულია იმით, რომ დაბალი ქულები დაუწერეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა, როცა ის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მოსამართლის კანდიდატის შერჩევაში მონაწილეობდა. მან დაბალი ქულები დაიმსახურა იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რომელსაც ის ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებდა. საბჭოს სხდომაზე, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, მან დაიწყო თავხედური მოქმედება და ნაცვლიშვილს პასუხი მოსთხოვა, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, დაბალი ქულები დაგეწერათო? გოცირიძემ ნაცვლიშვილს ეს უთხრა ღიად და საჯაროდ. სხდომა, რომელზეც სულ სხვა საკითხი იხილებოდა, გოცირიძემ საკუთარი მიზნებისთვის და ქვენა ინტერესებისთვის გამოიყენა. ეს ყველაფერი არის მიუღებელი და არაეთიკური იუსტიციის საბჭოს წევრისთვის, საქმის ქურდული გარჩევაა, აბა, რა არის, როცა ქალბატონი გოცირიძე ნაცვლიშვილს ეუბნება, შენ რომ ითხოვ დავასაბუთოთ, თუ რატომ ვირჩევთ, ან არ ვირჩევთ კონკრეტულ მოსამართლეს, თავად რატომ არ მისაბუთებ, ჩვენს კანდიდატურას რატომ არ დაუჭერე მხარი და რატომ დამიწერე დაბალი ქულაო? _ ანა ნაცვლიშვილმა რა უპასუხა? _ იმ შემთხვევაში, როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, მე კანონი და ნორმატიული აქტი არ მავალდებულებდა დასაბუთებას და ჩემი გადაწყვეტილებაც თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე მივიღეო. გოცირიძემ და თამარ ალანიამ, რომელიც ასევე მწყრალად არის ეთიკასთან, სიცილი დაიწყეს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს ასე განუცხადეს: თუ თქვენ არ გავალდებულებდათ კანონი, არც ჩვენ გვავალდებულებს და ამიტომაც არ ვასაბუთებთო. ეს ხდება იმ დროს, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხვდებოდნენ იმ მიზნით, რომ დასაბუთებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შევიდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროსაბჭოში გასამწესებელი მოსამართლის შერჩევასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით კომისია ერთჯერადად იყო შექმნილი და ის არ წარმოადგენდა მუდმივმოქმედ ორგანოს. იუსტიციის უმაღლესი ორგანოს მუშაობა კი კანონით არის რეგლამენტირებული და ის მუდმივმოქმედია. კომისიასა და საბჭოს შორის განსხვავება დიდია და ეს ცხადია, კარგად უნდა ესმოდეს ამ ადამიანებს. თანაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს საზოგადოება და ეს არ არის ვინმეს ახირება, მაგრამ ეს ადამიანები ხალხის მოთხოვნებს აბუჩად იგდებენ და მათ კიდევაც დასცინიან. იმედია, ევა გოცირიძე და თამარ ალანია ოდესმე გაიგებენ, რა ხდება. არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოება ითხოვს იმას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რადგან ამჟამად არ ევალება კონკრეტული გადაწყვეტილებების დასაბუთება, კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და ამის გაკეთება დაევალოს. არასამთავრობოების მოთხოვნა იყო ისიც, რომ იუსტიციის საბჭოს ყველა სხდომა გახდეს საჯარო. XXI საუკუნეში, როცა საუბარია დემოკრატიაზე და გამჭვირვალობაზე, რატომ უნდა იყოს საჯარო დაწესებულების სხდომა დახურული მედიისთვის და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, თუ ისინი რამეს არ მალავენ? ევა გოცირიძე ნამდვილად არ იყო ღირსი ევროსასამართლოში მოსამართლედ დანიშვნისა და „ქართული ოცნების“ დიდი შეცდომაა ისიც, რომ ის დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. ეს ქალბატონი ცნობილია თავხედური გამოხტომებით და, რატომღაც, სამყაროს ჭიპი ჰგონია თავი. ამ დროს, რეალურად, იურისპრუდენციაში არაფერი გაუკეთებია და ყოველთვის უზენაეს სასამართლოში იყო მოკალათებული იმიტომ, რომ ის მინდია უგრეხელიძის მეუღლე გახლდათ. ამასობაში კი ამბიციაც მოეძალა და ევროპული სასამართლოს მოსამართლედ გახდომაც მოინდომა. არადა, ამ ადამიანს არასდროს უბრძოლია უსამართლო მოსამართლეების წინააღმდეგ და არასდროს დაუფიქსირებია აზრი, სასამართლოებში არსებული უსამართლობების წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობამ ევა გოცირიძე არ წარადგინა მოსამართლედ, რაც, თავის მხრივ, წინგადადგმული ნაბიჯი იყო. _ და ვინც წარადგინა საქართველოს მთავრობამ ევროსასამართლოში მოსამართლის კანდიდატებად, ისინი კი მისაღებები არიან სამოქალაქო საზოგადოებისთვის? _ როგორც მოგეხსენებათ, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იღებს. სამი წარდგენილი კანდიდატიდან კი ორის პროტეჟე თეა წულუკიანია. ესენი არიან: გიორგი ბადაშვილი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს სამდივნოში მუშაობს და ალექსანდრე ბარამიძე _ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე. მხოლოდ მესამე კანდიდატია არასამთავრობოების მიერ წარდგენილი _ ნანა მჭედლიძე. ვფიქრობ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და თეა წულუკიანის, ანუ „ქართული ოცნების“ პროტეჟეებს არ აირჩევს ევროპული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა და არ შეიძლება, რომ იქ დაინტერესებული პირი იქნეს არჩეული. ევროსასამართლოს მოსამართლე აუცილებლად უნდა იყოს ნეიტრალური ადამიანი, რომელიც არ იქნება რომელიმე დაჯგუფების წარმომადგენელი და ინტერესების გამტარებელი. _ გასაგებია, რომ არასამთავრობოების წინადადებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ცვლილებებთან დაკავშირებით მისაღები არ აღმოჩნდა საბჭოს წევრებისთვის, მაგრამ ეს რაიმეს ცვლის? _ იუსტიციის საბჭოს და მოსამართლეების უმეტესობას არ უნდა ქვეყნის განვითარება. მათ ურჩევნიათ, რომ ერთ წრეზე იტრიალონ და ყველა ინსტანციაში თავად იღებდნენ გადაწყვეტილებას. არ უნდათ დამოუკიდებელი და სამართლიანი მოსამართლეების დანიშვნა და ამიტომ ამბობენ უარს განსახორციელებელ რეფორმებზე. მართალია, წინასაარჩევნო კამპანია რამდენიმე დღეში დაიწყება, მაგრამ პოლიტიკური ძალების უმეტესობა უკვე საუბრობს განსახორციელებელ ცვილილებებზე სასამართლო ხელისუფლებასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ერთ-ერთმა პარტიამ, რომელსაც დამოუკიდებლად სურს არჩევნებში მონაწილეობა, ჩემთვის ძალიან საინტერესო ნოვაცია გააჟღერა. ის გამოვიდა ინიციატივით, რომ მეორე და მესამე დონის სასამართლოებში ჩამოვიყვანოთ გერმანელი და ინგლისელი მოსამართლეები და საქმეები მათ განიხილონ. ეს იდეა ძალიან კარგია, რადგან სასამართლო სფეროში ნეიტრალური და მიუკერძოებელი პიროვნებები თუ არ გამოჩნდნენ, სხვანაირად არაფერი გვეშველება. გარდამავალ პერიოდში ასეთი რამ ქართულ სასამართლოს წინ წასწევს. თუმცა როგორ უნდა განხორციელდეს ეს, ამის მექანიზმი შესამუშავებელი იქნება. თუ ამგვარი რამ მართლაც გადაწყდა, ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო საქართველოს კონსტიტუციაშიც, რადგან, ამ ეტაპზე, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს აქვს იმის უფლება, რომ მოსამართლის თანამდებობა დაიკავოს. ინგლისელი და გერმანელი როგორ გაეცნობა საქმეებს, ან როგორ უნდა მოხდეს მისი თარგმნა, ესეც შესათანხმებელი და გადასაწყვეტი გახდება. _ ინგლისელი და გერმანელი მოსამართლეები რატომ ამოარჩიეს? _ ამ ქვეყნების მოსამართლეები მსოფლიოში გამოირჩევიან ყველაზე სამართლიანობით და მიუკერძოებლობით. მათზე ვერავინ ახდენს გავლენას. საქართველოში კი ასეთი მოსამართლეები არ გვყავს. ხელისუფლების მარიონეტობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ისინი ანგარიშს უწევენ ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს და ყველა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამიტომაც გამოდის უამრავი უსამართლო და მიკერძოებული გადაწყვეტილება თუ განაჩენი. უცხოელი მოსამართლეებისთვის კი ასეთი რამ არ არსებობს. მათ ქვეყნებში საუკუნეების მანძილზე უკვე არის ჩამოყალიბებული სამართლებრივი ბაზა და სამართლიანობა. ობიექტურობა და მიუკერძოებლობა სისხლსა და ხორცში აქვთ გამჯდარი. ისინი არასდროს ხელმძღვანელობენ გადაწყვეტილებების დროს ხელისუფლებისადმი სიმპათიებით და სუბიექტურობით. ეს ყველაფერი კი ჩვენ ამჟამად წყალივით გვჭირდება. ბევრ მოსამართლეს უკვე ვადა გასდის, ბევრსაც სამწლიანი, დროებითი ვადაც გაუვიდა, ან უნდა აირჩიონ მუდმივ მოსამართლეებად, ან არა. საქართველოში არ მეგულება ისეთი ყოფილი მოსამართლე, რომელიც მუდმივ მოსამართლედ გამწესებას იმსახურებს. არადა, ხალხისთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ იქნება მოსამართლე, რადგან კანონი რეალობაში სწორედ მან უნდა განახორციელოს. როცა ის თეთრზე შავს გიმტკიცებს, რომელსაც შემდგომ თავისივე კლანის წარმომადგენელი და მეგობარი ძალაში ტოვებს მეორე ინსტანციაში, უზენაესი სასამართლო კი საერთოდ უარს ამბობს საჩივრის განხილვაზე, რომელ სამართლიანობასა და კანონიერებაზეა საუბარი? _ უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანა ერთადერთი გამოსავალია სამართლიანი სასამართლოს დასამკვიდრებლად? _ არ ვიცი, რამდენად შეთანხმდება შემდგომი პარლამენტის პოლიტიკური კონგლომერატი, რომ ასეთი რეფორმა განხორციელდეს, ან რეალურად როგორ მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც ვიცი, არ არის საუბარი ერთი და ორი მოსამართლის ჩამოყვანაზე. საუბარია იმაზე, რომ დროებით მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოები დაკომპლექტდეს გერმანელი და ინგლისელი, ნეიტრალური მოსამართლეებით. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანას სხვაგვარად არაფერი ეშველება. ასეთი მოსამართლეების გვერდით ქართველი მოსამართლეებიც მიიღებენ გამოცდილებას და მიეჩვევიან უცხოელი მოსამართლეების მუშაობის სტილს. ნახავენ, რა ფორმით იღებენ და ასაბუთებენ ისინი გადაწყვეტილებებს და ა. შ. მხოლოდ ამგვარად გაიწმინდება ეს სფერო მიკერძოებული და ამბიციური ადამიანებისგან.  

                                                                                                ნელი ვარდიაშვილი

გაზიარება