QronikaPlus
რატომ არის საკადრო ცვლილებები თავდაცვის სუსტი რგოლი?!

რატომ არის საკადრო ცვლილებები თავდაცვის სუსტი რგოლი?!

2016-06-05 10:07:09

ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა ნებისმიერ შემდგარ სახელმწიფოში, ღირსეული მმართველის პირობებში, ყოველთვის პრიორიტეტული იყო და იქნება. რა კეთდება ეროვნული უსაფრთხოების მხრივ საქართველოში? რამდენად დაცულია ჩვენი ქვეყანა დღეს? რა გამოწვევებს უნდა ველოდოთ არსებული რეალობიდან გამომდინარე? რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენგანს მშვიდად ეძინოს? ამ და სხვა თემებზე „ქრონიკა+“ არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო თავდაცვისა და განვითარების ცენტრის დამფუძნებელს, ირაკლი საჯაიას ესაუბრება: _ თავდაპირველად მოგვიყევით თქვენი ორგანიზაციის შექმნისა და მიზნების შესახებ. _ არასამთავრობოს შექმნის იდეა დაახლოებით წელიწადნახევრის წინათ გაჩნდა. მართალია, სამხედრო თემატიკით იქამდეც ვინტერესდებოდი, თუმცა ერთ-ერთი შეკრების შემდეგ, რომელსაც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები და უსაფრთხოების ექსპერტები ესწრებოდნენ, დამებადა იდეა, დამეფუძნებინა ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით ჩატარებული კვლევებით და უსაფრთხოების საკითხების ანალიზით. _ ვინ დგას თქვენ უკან? ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვინმე თუ გაძლევთ რჩევებს? _ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ჩვენ უკან არავინ დგას. ორგანიზაციის შექმნის იდეა ჩემთვის არავის ჩაუწვეთებია. ეს აზრი მე დამებადა, რადგანაც წლების განმავლობაში გამოცდილებას ვღებულობდი ამ მიმართულებით: ვსწავლობდი სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემებს. ვინაიდან სიტყვა ექსპერტი დღეს გაშარჟდა, ჩემს თავს ანალიტიკოსს ვუწოდებ. _ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით თევზაძის სტუდენტი იყავით, ასევე გაქვთ კონტაქტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მოქმედ თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილთან. შესაბამისად გკითხავთ: რა გავლენა მოახდინეს ამ ადამიანებმა თქვენს პროფესიულ განვითარებაზე? _ ბატონი დავითის აზრებსა და მის იდეებს წლების განმავლობაში ვეცნობოდი. ის არ არის ე. წ. წითელი ინტელიგენციის წარმომადგენელი, შესაბამისად, არ მახსენდება, რომ მისგან მკვეთრად განსხვავებული შეხედულებები მქონოდეს იდეოლოგიური თუ სხვა კუთხით. რიგ საკითხებში ჩემეული შეფასებები, ბუნებრივია, მაქვს, თუმცა დღესაც მიმაჩნია, რომ ბატონ დავითთან გატარებული თითოეული დღე ინფორმაციული და საინტერესო იყო. _ მართალია, ახალგაზრდა ხართ, თუმცა დარწმუნებული ვარ, გეცოდინებათ, თუ როგორი მძიმე პირობები იყო ქართულ ჯარში 90-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში, თქვენი პედაგოგის მინისტრობის დროს. თავად თუ უსაუბრია ბატონ დავითს ამ ყველაფერზე? _ ბატონ დავითს აღნიშნულ თემაზე პირადად ჩემთან არაერთხელ უსაუბრია, თუმცა დეტალურად ვერ გადმოგცემთ მის ნაამბობს, ვინაიდან ამაზე ნებართვა არ ამიღია. რაც ზოგადად შეიძლება ითქვას, ისაა, რომ მაშინ ძირითადი პრობლემა იყო ბიუჯეტი. არმიისთვის სასაცილო თანხები გამოიყოფოდა. ყველას გვახსოვს, როგორი პერიოდი იყო _ კორუფცია ყველგან ყვაოდა. რამდენადაც ვიცი, მას ჭიდილი ჰქონდა სამთავრობო უწყებებთან, რათა დაფინანსება გაზრდილიყო, მაგრამ უშედეგოდ. ვფიქრობ, რომ იმ ბიუჯეტის შესაბამისობაში ნამდვილად მაქსიმუმს აკეთებდნენ ჯარისთვის. რაც შეეხება ირაკლი სესიაშვილსა და მის უწყებას, თავად კომიტეტი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული; მათთან სხვადასხვა უწყებიდან შედის ინიციატივები, წინადადებები, დასკვნები: თავდაცვიდან, უშიშროების სამინისტროდან, _ სუსიდან. ამ დოკუმენტებს თუ მიღებულ ინფორმაციებს ზოგჯერ საჯაროდ ამუშავებენ, ზოგჯერ კი დახურულ კარს მიღმა, თემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე. დღეს მკვლევრები ცდილობენ, რომ საქართველოსთვის უსაფრთხო გარემო შექმნან... _ რეალურად რომ შევაფასოთ, როგორ მუშაობს სესიაშვილის უწყება? _ მე შემიძლია, ამა თუ იმ უწყების ეფექტიანობაზე ვისაუბრო პერსონალურ შეფასებებზე მეტად. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ესაჭიროება მეტი პოლიტიკური სახის გადაწყვეტილების მიღება: უკვე თვითონ სამინისტროებიდან გამოსული წინადადებები, რომელიც იქნება თავდაცვისუარიანობისა და უსაფრთხოების მიმართულებით სწორი მიმართულების, საკანონმდებლო დონეზე პოლიტიკურად მოტივირებული უნდა იყოს, მაღალი ეშელონებიდან უნდა იყოს შესაბამისი განწყობა. _ რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, რამდენად ართმევს ქალბატონი ხიდაშელი თავს ნაკისრ ვალდებულებებს? _ სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, თავდაცვის მინისტრის პორტფელი წლების განმავლობაში ისეთ ადამიანებზე რიგდებოდა, რომლებთაც შეხება არ ჰქონიათ ჯართან. ზოგი „ენჯეოდან“ გადმობარგდა, ზოგიც საიდან. არასამთავრობოში მოღვაწეობა აპრიორი არ ნიშნავს, რომ ჯარში ვერ გამოდგები, მაგრამ ეს სფერო სხვა ცოდნას მოითხოვს. მაგალითად, ის მენეჯერული უნარები, რომელიც ბატონ შაშკინს ჰქონდა, არ მგონია, ქართულ არმიას წადგომოდა. თავდაცვის მოქმედ მინისტრსაც ვერ შევაფასებ დადებითად, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ამ პოსტზე დანიშვნის შემდეგ არსებითად არაფერი შეცვლილა. ზოგადად, საკადრო ცვლილებები თავდაცვის სუსტი რგოლია. ყოფილი სამხედროების ერთ ჯგუფს წლების წინათ დაატოვებინეს უწყება. ცნობილია, რომ მათი ნაწილი აღადგინეს, შემდეგ ისევ გაუშვეს, ანუ სამხედრო წრეებში ნიჰილიზმი და უნდობლობაა საკადრო პოლიტიკასთან მიმართებით. _ სულ ახლახან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს. აღნიშნულ პროცესს ბოლო თვეების განმავლობაში დიდი რეზონანსი მიეცა და, შესაბამისად, თქვენც გკითხავთ: რასთან გვაქვს საქმე, _ კანონდარღვევასთან, თუ ვიწრო პარტიულ ანგარიშსწორებასთან? _ „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით ვიცი, რომ ის სამხედრო მოსამსახურეები, ის ოფიცრები, რომლებიც დააკავეს, წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თავის მოვალეობას. ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანები კეთილსინდისიერად ემსახურებნოდნენ ქვეყანას. მართალია, მე პირადად არც ერთ მათგანს არ ვიცნობ, მაგრამ ბევრი მსმენია მათზე სხვადასხვა რანგის სამხედრო პირისგან. _ როგორ ფიქრობთ, ეს საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული? _ მე არ ვარ გარკვეული ამ საქმის იურიდიულ ნიუანსებში, არ გახლავართ პარტიული და არც მევალება პოლიტიკური კომენტარების გაკეთება, მაგრამ რამდენადაც გადმომცეს, ეს შედეგი დადგა იმის გამო, რომ უწყებაში სტრუქტურული აღრევა მოხდა, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ამჟამად დაკავებულ პირებს არ უნდა ჰქონოდათ ასეთი პირდაპირი წვდომა ამ ტიპის ტენდერთან. კაბელების შეძენა სხვა სამსახურის პრეროგატივა უნდა ყოფილიყო. _ ანუ რეპრესიებს მაინც გამორიცხავთ? თუ პირიქით? ვფიქრობთ, ჩვენს მკითხველებს თქვენგან უფრო კონკრეტული პასუხები დააინტრესებთ. _ პოლიტიკურ რეპრესიებს არ გამოვრიცხავ, ისევე როგორც ვერ ვიტყვი დაზუსტებით, რა დგას რეალურად ამ პროცესების უკან. რამდენადაც გავიგე, სხვა პერიოდში, როცა სტრუქტურა, მეტ-ნაკლებად, დალაგებული იყო, სამხედრო პირებს არ ჰქონდათ წვდომა კაბელებისა თუ სხვადასხვა ტიპის აპარატურის შეძენასთან. ეს საქმე ჩემთვის კანონის დარღვევასთან კი არა, სტრუქტურულ მოუწესრიგებლობასთან ასოცირდება. ამ ყველაფერს მძიმე დანაშაულის ფორმულირებას მაინც არ მივცემდი. _ ახლა გადავიდეთ მთავარ თემებზე: რომელია საქართველოს ნომერ პირველი გამოწვევა დღეისთვის? _ ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი გამოწვევა არის რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები და ის ოკუპირებული ტერიტორიები, რომელსაც ამჟამად ვერ ვაკონტროლებთ; რუსეთის ბაზების არსებობა და უკონტროლო მიწებთან დაკავშირებული საფრთხეები შეიძლება განვიხილოთ ჩვენი ქვეყნის მთავარ პრობლემად, ვინაიდან ეს ტერიტორიები, შესაძლოა, სხვადასხვა პროვოკაციისთვის გამოიყენონ. _ მართალია გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ, რუსეთისგან განსხვავებით, სხვა მეზობელი სახელმწიფოები ჩუმად, ომის გარეშე იტაცებენ ჩვენს მიწებს? როგორ ხდება საზღვრის გადმოწევა და, საერთოდაც, შეესაბამება თუ არა ამ ტიპის ცნობები რეალობას? _ დიდწილად ასეთი ინფორმაციები არ შეესაბამება სიმართლეს და ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანია! სამწუხაროდ, ქვეყნის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე პოლიტიკოსების არცთუ მცირე ნაწილი ანგაჟირებულად საუბრობს. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, რომელთანაც საზღვარი დემარკირებულია, ის იცავს თავის საზღვრებს და პატივს სცემს ჩვენი ქვეყნის ტერირტორიულ მთლიანობასაც. XXI საუკუნეში ნატოს წევრი ქვეყნისგან მიწის მიტაცება აბსურდულად ჟღერს. ასევე არარეალურია სომხეთის მისამართით ამ ტიპის ბრალდებების გაჟღერება. ზოგადად, ასეთი ინფორმაციები არ შეესაბამება სიმართლეს. ერთადერთი საკამათო საკითხია აზერბაიჯანთან საზღვრის ერთ მონაკვეთზე, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან არსებული კითხვის ნიშნები. გარეჯის ირგვლივ არსებულ ვითარებას გრძელვადიან პერიოდში შეისწავლიან ისტორიკოსები, არქეოლოგები, დარგის სპეციალისტები, რომლებიც დაადგენენ, არის თუ არა დავით გარეჯი ალბანური წარმოშობის ნაგებობებისგან შემდგარი კომპლექსი, თუ ეს არის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი? საკითხი ბოლომდე მოგვარებული არ არის, რის გამოც პერიოდულად წარმოიშობა ხოლმე უთანხმოება მეორე მხარესთან. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში სიტუაცია ისე არ გამწვავებულა, რომ ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორთან დაძაბულ რეჟიმში საუბარი დაგვჭირდეს. ამჟამად აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობა და საერთო ინტერესები გვაქვს. _ როგორ შეაფასებთ წლევანდელ 26 მაისს? _ ბოლო პერიოდში ახალი ტენდენცია დამკვიდრდა: აღლუმების მაგივრად გამოფენა. ტრადიციისამებრ, წელსაც გამოფინეს სამხედრო ტექნიკა. მოსახლეობა უშუალოდ გაეცნო, რას აკეთებს თავდაცვის სამინისტრო. როგორც ცნობილია, „დელტას“ ტექნიკა ექსპორტზე გადის, „დიდგორის“ მანქანები საუდის არაბეთმა შეისყიდა; თუ არ ვცდები, ყატარიდანაც დაინტერესდნენ; „ლაზიკა“ პირველი ქართული ჯავშანმანქანაა, რომელზედაც მოთხოვნა გაჩნდა. რაც შეეხება სამხედროებს, რომლებიც ქვეყნის მთავარ მოედანზე გამოვიდნენ, მეორე თუ მესამე წელია, თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულები სამშობლოს წინაშე ფიცს დებენ, რაც ნამდვილად საამაყოა შეიარაღებული ძალების ოჯახის სრულუფლებიანი წევრებისთვის. თითოეული სამხედროსთვის აღლუმი არის საამაყო, პატრიოტული და ღირსშესანიშნავი მოვლენა. _ თქვენი ინფორმაციით, ვის მიერ, რა ძალების წახალისებით ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ ნატოში შესვლა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დათმობის საფასურად მოგვიწევს? _ ეს არის სტანდარული, დემოგაგიური ხასიათის სტერეოტიპი. ამ ტიპის ინფორმაციებს ავრცელებენ პრორუსული ძალები და ის ძალები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ფინანსდებიან რუსეთის ფედერაციიდან. ეს არის ერთგვარი საინფორმოციო ომის ნაწილი, რომელსაც კრემლი ახორციელებს ჩრდილოანტლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ არა მარტრო საქართველოში არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, იქნება ეს კავაკასია, აღმოსავლეთ ევროპა თუ ახლო აღმოსავლეთი. _ რა უნდა დაუპირისპიროს ჩრდილო მეზობლის მძლავრ საინფორმაციო პროპაგანდას ჩვენმა ქვეყანამ? _ საქართველომ ამ ნიაღვარს უნდა დაუპირისპიროს უფრო ძლიერი აგიტაცია, ყოველდღიური, მუდმივი შეხსენებაა საჭირო იმისა, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრობა, ასევე ევროკავშირის წევრობა. მოსახლეობისთვის დეტალური ახსნაა საჭირო, თუ რა დივიდენდებს მოგვიტანს დასავლეთისკენ სწრაფვა. ზოგიერთს ჰგონია, ან შეგნებულად ტირაჟირებს ისეთი შინაარსის ტექსტებს, რომ თითქოს ევროპულ ოჯახში სრულუფლებიანი გაწევრიანება ქართული ტრადიციების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი იქნება, რაც, ბუნებრივია, მცდარია. საქართველომ უნდა დაიკავოს ევროპულ ოჯახში ის წანილი, რომლითაც შეინარჩუნებს თვითმყოფადობას და დარჩება განუმეორებელი თავისი კულტურით, ტრადიციებით, ეთნიკური შემადგენლობით თუ რელიგიური მრავალფეროვნებით. _ შეგიძლიათ, ქართული არმიის სუსტ მხარეებზე ისაუბროთ? მესმის, რომ კითხვაზე ერთობ ფრთხილ პასუხს მივიღებ, მაგრამ მაინც... _ ამ კითხვაზე პასუხი სახელმწიფო დონის საიდუმლოების კატეგორიაში გადის, რაღაცნაირად, ცუდად ჟღერს საკითხის ასე დასმა. თან, შესაძლოა, ჯარისკაცებმა არასწორადაც გაიგონ ჩემი პასუხი, შეიძლება არასწორი ინტერპრეტაცია მიეცეს ამ ყველაფერს, ამიტომ სუსტ მხარეებზე აქცენტს არ გავაკეთებ. ჩვენ გვყავს კარგად მომზადებული, ღირსეული სამხედროები. ახლახან საქართველოს მხარდასაჭერი ინტენსიური წვრთნებიც გაიმართა ამერიკელებისა და ბრიტანელების მონაწილეობით. ჩვები ბიჭები ღირსეულად დგანან გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე მსოფლიოს ყველა წერტილში, რითაც საქართველოს სახელსა და უსაფრთხოებას იცავენ. _ როგორ შეაფასებთ ქართული კონტინგენტის მოქმედებას ავღანეთის ტერიტორიაზე ნატოს მისიის ფარგლებში? _ ქართული კონტინგენტის ავღანეთში ყოფნა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიო გლობალურ უსაფრთხოებაში. ისინი იქ, უშუალოდ, ცხელ წერტილებში ებრძვიან ტერორიზმს, იცავენ რა ამით ცივილიზებულ სამყაროს. _ კი ბატონო, მოტივაცია გასაგებია სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით, თუმცა ის რაოდენობა, რაც ავღანეთშია წარგზავნილი ჩვენგან, რამდენად პროპორციულადაა წარმოდგენილი? _ ჩვენ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ავიღეთ მთელი რიგი ვალდებულებები და იმ ვალდებულებებს ვასრულებთ. მგონია, რომ ჩვენი მხრიდან არც მთლად გადაჭარბებული პოლიტიკური კეკლუცობა ვარგა საიმისოდ, რომ საქართველოს თანადგომა და ერთგულება დამტკიცდეს პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ. ვფიქრობ, ავღანეთში არ არის საჭირო დამატებითი ძალების გაგზავნა. ამჟამად იქ, ძირითადად, ამერიკისა და საქართველოს სამხედროები არიან დარჩენილები _ ის კონტინგენტი, რომელიც გაგზავნილია, ვფიქრობ, სასვებით საკმარისია ამ ეტაპზე. _ რა მოტივაცია ამოძრავებთ ტერორისტებს? მათ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში უდანაშაულო მოქალაქეებთან ერთად ქართველი მშვიდობისმყოფელების სიცოცხლეც არაერთხელ იმსხვერპლეს. აქვე გკითხავთ, რამდენად ვართ დაცულები ტერაქტებისგან დღეს საქართველოში?.. _ ტერორიზმისგან ასპროცენტიან დაცვას, ასეთ გარანტიას, ვერც ერთი ქვეყანა ვერ აძლევს თავის მოქალაქეებს. ბოლო პერიოდში ევროპაში განვითარებული მოვლენებიც ამას მოწმობს. ჩვენი ქვეყანა არ არის იმ დონეზე ჩართული პროცესებში, იმ დონის გლობალური მოთამაშეები არ ვართ, რომ ტერორისტებმა რესურსები ჩვენზე დახარჯონ. იყო შემთხვევები, როცა აფრიკასა და სხვადასხვა ქვეყანაში აფეთქებდნენ ამერიკელ და ბრიტანელ ჯარისკაცებს. მაგალითად, ფილიპინებში ერთ-ერთ ღამის კლუბში ამერიკელი ოფიცრები ააფეთქეს და ამას დიდი გამოხმაუარება მოჰყვა მსოფლიო პრესაში. მათ იციან, რა გამოიწვევს ხმაურს. ამიტომ, ძირითადად, ბრიტანელებს და ამერიკელებს ერჩიან. ტერორისტების მიზანია, მათი „საქმიანობის“ შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. მათ აწყობთ, რომ პლანეტაზე შიში და ტერორი დაითესოს, ამიტომაც ჰქვიათ ტერორისტები. _ თავდაცვისა და უსაფრთხოების მხრივ რომელია ყველაზე სამაგალითო და ძლიერ ქვეყანა ჩვენს პლანეტაზე? _ მე ვფიქრობ, ისრაელი. ეს ქვეყანა, სულ რაღაც, ათწლეულების წინათ დაფუძნდა იმ ისტორიულ მიწაზე, რომელზედაც პრეტენზია ჰქონდა ასწლეულების განმავლობაში. ცნობილი ფაქტია, რომ ისრაელი ტერიტორიით და მოსახლეობით არც ისე დიდი ქვეყანაა, მაგრამ საოცარი თავდაცვის მექანიზმები აქვს შემუშავებული. მათი დაზვერვა _ მოსადი კი მსოფლიოში წამყვანი სადაზვერვო სამსახურია. სწორედაც ამიტომ გადარჩნენ ირგვლივ მტრულად განწყობილ მეზობლებს შორის, რომ საოცარი სახელმწიფოებრიობის განცდა აქვთ, იქ ჯარისკაცებს ძალიან აფასებენ. ოფიცერი, რომელიც წინა ხაზზე იბრძვის, დარწმუნებულია რომ, მისი გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს, მის ცოლ-შვილს სახელმწიფო ღირსეულ პირობებს შეუქმნის. _ რისი სწავლა არ გვაწყენდა ქართველებს ჩვენი მეგობარი ებრაელებისგან? _ ქართველ სამხედროს არც პატრიოტიზმი ესწავლება და არც ქვეყნისთვის თავგანწირვა. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისა და ისრაელის ბიუჯეტი სხვადასხვა სიბრტყეში განსახილველი მოცემულობებია, რის გამოც სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილები, ხშირად, სათანადოდ ვერ გვყავს დაფასებული. იქ ჯარისკაცები და მათი ოჯახები ყოველმხრივ არიან დაცულები _ ეკონომიკურად და მორალურად, სახელმწიფოებრივ დონეზე. _ სამხედრო-პატრიოტული სწავლების შესახებ წლების წინათ ინიციატივით გამოვიდა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. მაშინ განათლების მინისტრის რანგში მყოფმა დიმიტრი შაშკინმა კი ამ ინიციატივას სხვა სახელი _ სამოქალაქო თავდაცვა უწოდა. რა შინაარსით და რა სახით ისწავლება სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში ეს საგანი დღეს? _ სასწავლებლებში უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოს სამოქალაქო თავდაცვის, როგორც საგნის ჩამოყალიბებას და სწავლას. სამხედრო კათედრები იყო ძველი კომუნისტური გადმონაშთი და იგი გაუქმდა. ძირეული რეფორმებისთვის კი ახალი კადრები, ახალი თაობა არის გასაზრდელი. უმაღლეს სასწავლებლებში იმის ფუფუნება არ გააჩნიათ, რომ ყოველ მეორეს ოფიცრის წოდება მიანიჭონ. 90-იან წლებში ასეთ კათედრებზე დროის შესაბამის ცოდნას ვერ ღებულობდნენ. ვფიქრობ, არ უნდა გამოიყოს, არ უნდა დავარქვათ ამას სამხედრო კათედრა _ ეს საგანი უნდა გავაერთიანოთ სამოქალაქო თავდაცვაში. _ და ამ ინტერვიუს დასასრულისკენ გკითხავთ: რამდენად მზად ვართ სამოქალაქო თავდაცვის მხრივ? ქვეყანაში, რომელიც აქტიურ სეისმოლოგიურ ზონაში მდებარეობს, არცთუ იშვიათია მისწისძვრები და წყალდიდობები, შარშანდელი 13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წელი გადის... _ 2015 წლის 13 ივნისმა ნათლად დაგვანახვა, თუ როგორი მოუმზადებელია სახელმწიფო ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის. ვერის კატასტროფა მხოლოდ ბუნებრივი კატაკლიზმის კი არა, კონკრეტული მაღალჩინოსნების უპასუხისმგებლობის შედეგიცაა. კალაპოტი არ იყო სათანადოდ გაწმენდილი, რასაც დედაქალაქის ცენტრალური ნაწილის დატბორვა მოჰყვა, შედეგად კი ადამიანები დაიღუპნენ. არახალია ისიც, რომ ამა თუ იმ დარგის პროფესიონალებს ჩვენში არავინ უსმენს. წყნეთი-ახალდაბა-ბაგების ტერიტორია მეწყრული ზონა იყო, არ მიექცა სათანადო ყურადღება აღნიშნულ პრობლემას. წყალდიდობაზე მეტად რთული გადასატანი იქნება შვიდ ბალზე მეტი სიმძლავრის მიწისძვრა, თბილისი ვერ გაუძლებს დიდ დატყმას. 8-ბალიანი მიწისძვრა სერიოზული გამოწვევაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, თუმცა, იგივე იაპონიისგან განსხვავებით, ჩვენს დედაქალაქში ასი და მეტი წლის წინათ აგებული ამორტიზებული სახლებია. მერიის ზედამხედველობის სამსახურები არც ახლად აშენებული კორპუსების მიმართ იჩენენ დიდ ყურადღებას. არქიტექტურის სამსახურებს ყველაფერი თავის ნებაზე აქვს მიშვებული, არავინ ამოწმებს ამა თუ იმ ნაგებობის გამძლეობას. ხელისუფლებამ სათანადო ზომები უნდა გაატაროს მთელი რიგი მიმართულებებით, მაგალითად, ვინმე რომ მოულოდნელად თავს დაგვესხას მილიონნახევრიანი ქალაქი და მთლიანად ქვეყანა აბსოლუტურად მოუმზადებელი დახვდება მტერს, რაც, როგორც წესი, ადამიანის სიცოცხლეზე აისახება.  

                                                                                                           ზაზა სვანაძე

 

გაზიარება