ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების დასაწყისში „ქრონიკა+“ მთლიანად მოტივირებული იყო პრობლემის დასკვნაზე, გამოსავლის მონახვასა და ერთობლივი ძალებით მის მოგვარებაზე. სწორედ ამიტომ ვეცადეთ დაგვედო ფაქტები, ცოცხალი ინტერვიუები, რაც მთავარია, ყველაფერი მიმართული იყო იქითკენ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ ერთხელ და საბოლოოდ გახსნილიყო აკრედიტებული ლაბორატორია. იმის მაგივრად, რომ „ყაზტრანსგაზი“ გვერდში დაგვდგომოდა, „ქრონიკა+“-ზე ნამდვილი თავდასხმა მოაწყო და ცილისმწამებლური განცხადება გაავრცელა. განცხადების მოკლე შინაარსს ქვემოთ იხილავთ, მანამდე კი ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში ყაზტრანსგაზსა და „ქრონიკა+“-ს შორის. გამოძიება კი შემდეგი ნომრიდან გაგრძელდება.
„ქრონიკა+“-ში დაწყებული ჟურნალისტური გამოძიების დასაწყისში (რომელიც „ყაზტრანსგაზს“ ეხება) ტემპერატურის ასე აწევას ნამდვილად არ მოველოდით. საუბარია „ყაზტრანსგაზის“ (და სხვა კომპანიების) მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე, უხარისხო და მეორად მილებზე, მწყობრიდან გამოსულ მილსადენებსა და ჰაერში გაფანტულ მილიონებზე. ცუდია, როდესაც ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც „ყაზტრანსგაზია“, ტყუილებს წლების განმავლობაში ისე მიეჩვია, არც ცდილობს, ეს ცოტა ბუნებრივად გამოუვიდეს.
დავიწყოთ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებული განცხადებით, სადაც შემდეგს ვკითხულობთ: „სტატიის ავტორს (თამარ როსტიაშვილი) არც უცდია, კომპანიაში დაეზუსტებინა მის მიერ განხილული თემა და ფაქტები, რომლებსაც თითქოსდა ადგილი ქონდა 3 თვის წინათ“.
„ქრონიკა+“ ლაკონიური იქნება. წარმოგიდგენთ დეტალურ რაპორტს იმისა, თუ როგორ „არ დავუკავშირდით“ და როგორ „არც გვიცდია“ კომპანიაში დაგვეზუსტებინა ჩვენ მიერ განხილული თემა და ფაქტები.
ქრონოლოგიური თანმიმდევრობა ასე გამოიყურება: ვუკავშირდებით „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ პრეს-სამსახურის უფროსს, ეკა სარიას, რომლისგანაც ვიგებთ, რომ იგი დაახლოებით ერთი წელია, აღნიშნულ პოსტზე არ არის. ასევე ვიგებთ, რომ რომ ჩემი ყველა მცდელობა, დავუკავშირდე პიარს, უშედეგო იქნება, ვინაიდან ეკა სარია ერთი წლის წინათ გაათავისუფლეს სწორედ შტატის გაუქმების მიზეზით. სარიას დამშვიდობებამდე რომელიმე პასუხისმგებელი პირის ტელეფონს ვთხოვ, რაზედაც თავაზიან უარს ვიღებ.
ამის შემდეგ ვიწყებ საკონტაქტო პირის მოძიებას და ვიგებ, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი _ ფინანსური მენეჯერი ნინო თურმანაძე, რომლის მარჯვენა ხელი გახლავთ მთავარი ინჟინერი გიორგი ლეფსვერიძე (აღნიშნულ კომპანიაში არსებულ დაჯგუფებას და ფინანსურ მაქინაციებს, რომელსაც თვით „ყაზტრანსგაზის“ დირექტორი გია ბენაშვილი ვერ (ან არ) უწევს წინააღმდეგობას, „ქრონიკა+“ ცალკე სტატიას მიუძღვნის). გიორგი ლეფსვერიძეს მობილურზე ვურეკავ და ვეუბნები, ვინ ვარ, საიდან ვარ და ვთხოვ, დამაკავშიროს პასუხისმგებელ პირთან. გიორგი ლეფსვერიძე ყველაფრის საქმის კურსშია („ქრონიკა+“-ის პირველ სტატიაზე ლამის მთელი ბრიფინგი მოაწყო), ასე რომ, დიდად დაკონკრეტება არ მჭირდება. ლეფსვერიძე მპირდება, რომ გამირკვევს, ვის შეუძლია ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა და ამის შემდეგ გადავდივართ მესიჯების ფორმატში (ჩემ მიერ გაშვებული უპასუხო ზარების მერე).
22 მაისი.
16.36. „ქრონიკა+“: „ბატონო გიორგი, თუ შეიძლება, დამიმესიჯეთ ნომერი. გელოდებით“.
16.45. გიორგი ლეფსვერიძე: „ვერ ვუკავშირდები, რომ გავაფრთხილო. ისე, ნომერს ვერ მოგცემთ ნებართვის გარეშე. როგორც კი დავუკავშირდები, დაგიმესიჯებთ“.
23 მაისი.
11.07. „ქრონიკა+“: „ბატონო გიორგი, ველოდები თქვენს ზარს“.
13.19. „ქრონიკა+“: „ბატონო გიორგი, ნომერი ხვალ გამოდის. თუ დღეს ვერ ხერხდება, შემატყობინეთ“.
ამის შემდეგ გიორგი ლეფსვერიძე ჩემს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს, რის გამოც იძულებული ვხდები, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დავუკავშირდე, კერძოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსს, ირაკლი გაფრინდაშვილს. ირაკლი გაფრინდაშვილი მიბოდიშებს, რომ შეხვედრაზეა და მთხოვს, დავუკავშირდე მის თანაშემწეს, ელენე კერესელიძეს. მის მობილურს მიმესიჯებს. ელენე კერესელიძეს მოკლედ ვუხსნით საქმის არსს, რომ „ყაზტრანსგაზთან“ ჩვენი მრავალჯერადი მცდელობის შემდეგ კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია და ვთხოვთ დახმარებას.
ელენე კერესელიძე:
_ კი ბატონო, გადმოაგზავნეთ კითხვები ჩვენთან და ყველანაირად ვეცდებით, თქვენსა და „ყაზტრანსგაზს“ შორის კომუნიკაცია დავამყაროთ.
ამის შემდეგ კერესელიძე თავის ელექტრონული ფოსტის მისამართს მიმესიჯებს მობილურზე. მაგრამ სანამ კითხვებს გადავუგზავნიდი, „ყაზტრანსგაზის“ მთავარი ინჟინერი, გიორგი ლეფსვერიძე, თავად მირეკავს მობილურზე.
„ქრონიკა+“-ის მკითხველს „ყაზტრანსგაზის“ მთავარ ინჟინერთან საუბრის ჩანაწერის სრულ ტექსტს ვთავაზობთ...
გიორგი ლეფსვერიძე: „ალო, მე გიორგი ვარ, თქვენ დამირეკეთ. მე ხელმძღვანელობას ვესაუბრე და მითხრეს, რომ ჩვენი პოზიცია დაფიქსირდება ხვალ“.
„ქრონიკა+“: „ხვალ როგორ დაფიქსირდება? მე ჩავრთე ჩვენი საუბარი, მაგრამ... როგორ დაფიქსირდება, აბა, მითხარით“.
გიორგი ლეფსვერიძე: „არ ვიცი. მე რაც მითხრა ხელმძღვანელობამ, იმას გადმოგცემთ, რომ ჩვენი პოზიცია ხვალ დაფიქსირდება“.
„ქრონიკა+“: „ბატონო გიორგი, მომისმინეთ, არ არის ახლა ეს პასუხი. მასალა „ქრონიკა+“-ის ხვალინდელ ნომერში გადის, ნომერი ჩაბარებულია და თქვენი პოზიცია არ არის დაფიქსირებული“.
გიორგი ლეფსვერიძე: „ხოდა, ხვალ დაფიქსირდება“.
„ქრონიკა+“: „კი მაგრამ, სად? ანუ „ქრონიკა+“-ში არ დაფიქსირდება?“
გიორგი ლეფსვერიძე: „არ ვიცი. მე ასე მითხრეს“.
„ქრონიკა+“: „თუ იმას გულისხმობთ, რაც მომაწოდეს, ეს ფიქსირდება მესამე პირისგან და თქვენი პოზიცია ის არ არის“.
გიორგი ლეფსვერიძე: „არ ვიცი. ხვალ დაფიქსირდება ჩვენი პოზიცია“.
„ქრონიკა+“: „კარგით. მასალა გრძელდება და „ყაზტრანსგაზის“ პოციზიის დაფიქსირება აუცილებელია. მე ამ სტატიაში არ დავწერე ის, რომ „ყაზტრანსგაზი“ უარზეა კომენტარის მოცემაზე, რაც არ უნდა იყოს, ჩვენ შორის ამდენი დღეა, კომუნიკაციაა. დავწერე, რომ პოზიცია შემდეგ ნომერში დაფიქსირდება! გმადლობთ, რომ დამირეკეთ“.
ახლა კი ისევ დავუბრუნდეთ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას:
„სტატიის ავტორს (თამარ როსტიაშვილი) არც უცდია, კომპანიაში დაეზუსტებინა მის მიერ განხილული თემა და ფაქტები, რომლებსაც თითქოსდა ადგილი ჰქონდა 3 თვის წინათ“.
ანუ არც გიორგი ლეფსვერიძის მესიჯები არსებობს, არც ჩვენი სატელეფონო საუბრები, არც ირაკლი გაფრინდაშვილს უცდია ჩემი დაკავშირება თავის თანაშემწესთან და არც ამ თანაშემწეს მოუცია „ქრონიკა+“-ისთვის პირობა, რომ კომუნიკაციას მოახდენდა გაზეთსა და კომპანიას შორის. მეტიც: შპს „ყაზტრანსგაზმა“ ორშაბათს უკვე იცოდა, რას გამოაქვეყნებდა სამშაბთს თავის ვებგვერდზე. როდესაც მე, თამარ როსტიაშვილი, გიორგი ლეფსვერიძეს ველაპარაკებოდი და ვთხოვდი, რომ კომენტარი მოეცა, „ყაზტრანსგაზს“ უკვე გამზადებული ჰქონდა ტექსტი, რომ: „სტატიის ავტორს (თამარ როსტიაშვილი) არც უცდია კომპანიაში დაეზუსტებინა მის მიერ განხილული თემა“.
თუმცა ეს ჯერ კიდევ ყვავილებია იმასთან შედარებით, რასაც „ყაზტრანსგაზის“ განცხადებაში ვკითხულობთ:
„ამასთან, გულის ტკივილით აღვნიშნავთ, რომ ქართული პრესის ზოგიერთ წარმომადგენელს და სტატიის ავტორს არ გააჩნიათ საკმარისი ცოდნა მათ მიერ განხილულ თემასთან დაკავშირებით. ასევე, არ ხდება საკითხის საფუძვლიანი შესწავლა და დაინტერესებულ მხარეთა პოზიციების წარმოდგენის ნაცვლად, საკითს აშუქებენ ცალმხრივად, ხოლო მკითხველს სთავაზობენ უკვე გამზადებულ „დასკვნას“.
გულის ტკივილი თქვენთვის შეინახეთ, გამოგადგებათ, როდესაც ამ წერილის ავტორები იმ პოსტებს დაკარგავენ, რაც დღეს უჭირავთ. არ გჯერათ? მოდით, ეს წერილი ავიღოთ ათვლის წერტილად. მე, როგორც აქამდე გასული და მომავალი სტატიების ავტორმა, ვიცი, ვინ წაიკითხა ბოლოს ეს განცხადება, ვინ შეასწორა და როგორც გავიდა. ბევრნი არ ხართ, გვარებს, ბუნებრივია, არ დავასახელებ, მაგრამ კიდევ გიმეორებთ: ათვლის წერტილად ეს სტატია აიღეთ. იმასაც გეტყვით, რა განსხვავებაა თქვენსა და ჩვენ შორის. თქვენ დღეს ხართ პოსტზე, ხვალ არ იქნებით. ჩვენ კი, ჟურნალისტებს, არანაირი პოსტი არ გვიჭირავს. სადაც არ უნდა წახვიდეთ, რომელ უწყებაშიც არ გადახვიდეთ, პირადად მე პირობას გაძლევთ და ბოლომდე მოგყვებით (მანდ დიდხანს არ გაგაჩერებთ იმ ცილისწამებისთვის, რაც ჩემი და იმ გამოცემის მისამართით იკადრეთ).
P. S. ორშაბათს, 23 მაისს, „ყაზტრანსგაზის“ მთავარი ინჟინერი თანამდებობრივად ახლად დანიშნულ ტექნიკურ დირექტორს, ზვიად როსტომაშვილს დაუქვემდებარეს და მის მოადგილედ გადაიყვანეს.
თამარ როსტიაშვილი